სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება ტელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

22.10.2015 • 1932
დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება ტელეკომპანია”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

 

„2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საჯარო განცხადებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეომასალის გავრცელების მუქარით, რომელიც გვარამიასვე განცხადებით უკავშირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მის აქტიურობას.

 

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლო დავა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სიმძაფრითა და შინაარსით უკვე გასცდა ჩვეულებრივი სამოქალაქო დავის ფარგლებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნაწილად იქცა, რაც უპირველეს ყოვლისა აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ნიკა გვარამიას განცხადება წარმოადგენს შემაშფოთებელ ინფორმაციას, რაც საჭიროებს უმოკლეს ვადებში გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინფორმაცია და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენები და პროცესები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიული განვითარების პროცესს. ამ ფონზე, აღნიშნული დავის სამოქალაქო ხასიათი და კერძო ბიზნეს ინტერესები უკვე კარგავს ყოველგვარ ღირებულებას.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აღნიშნული სამოქალაქო დავის დისტანცირება ვერც საკუთარი თავისგან და შესაბამისად ვერც პოლიტიკური პროცესებისაგან, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, განსაკუთრებით ტელეკომპანიის წილების კანონიერი მფლობელისათვის უკან დაბრუნების თაობაზე გაკეთებულმა შეფასებებმა.

 

დაუშვებელია სასამართლო დავის დაწყებამდე და ახლაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ ხელისუფლების, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სცილდება სამოქალაქო დავის ფარგლებს და გადაიზარდა პოლიტიკურ პროცესებში.

 

დაუშვებელია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ წამოწყებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. მოსამართლის, ზოგადად სასამართლოსამდი ამგვარი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს სასამართლო ინსტიტუტის ნდობის ხარისხზე.
მიგვაჩნია, რომ უმოკლეს დროში უნდა მოხდეს რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების დროული შესწავლა, ეფექტური გამოძიება და ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი, სამართლიანი და ადექვატური რეაგირება.

 

დემოკრატიის ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია ,,რუსთავის-2“-ს სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობისათვის ბრძოლაში და გვჯერა, რომ მათი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა და არა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების გამოხატვა“ – აღნიშნულია განცხადებაში. 


გადაბეჭდვის წესი