სიახლეები

ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

23.10.2015
ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

 

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები და მიმდინარე წელს განსახორციელებელი საქმიანობებისა და აქტივობების მოკლე მიმოხილვა. 

 

“კონფერენციაზე ხდება ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შეჯამება. მეორე ნაწილი კი გულისხმობს ჩვენი 2016 წლის პროგრამისა და მიზნების გაცნობას დონორებისთვის. ანუ მათი 2016 წლის რესურსები, რომლებიც გამოყოფილი იქნება გრანტის სახით, თანხვედრაში იქნება თუ არა რომელიმე პროგრამასთან. მეორე ეტაპზე გაიმართება შეხვედრები შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, სადაც კონკრეტულ პროგრამებზე იქნება საუბარი. კონფერენცია ოქტომბერში ტარდება სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი თვე დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოებს სჭირდებათ მათი 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის,” – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. 

 

“კონფერენციაზე ჩვენ დავაყენეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, არის თანამშრომლობა იმ მიმართულებით, რომ შევქმნათ ჩვენი თანამშრომლების გადამზადების გეგმა და ასევე, ვიზრუნოთ სტუდენტების მომზადებაზე მომდევნო სამუშაო ადგილებისთვის,” – განაცხადა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ.

 

“დონორ ორგანიზაციებთან ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. პირველ რიგში ეს არის ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოლაპარაკება გვაქვს თურქეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მათ შეგვპირდნენ, რომ დაიწყებდნენ ამ სამუშაოებს A კორპუსის რეაბილიტაციით. ამ ეტაპისთვის დოკუმენტაცია გადაგზავნილია საპროექტო კომიტეტის სათავო ოფისში, მიმდინარეობს მისი განხილვა და უკვე მოკლე პერიოდში ისინი, შეპირებისამებრ, დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ექიმების გადამზადებას პოლონეთში, სადაც უკვე მოვამზადეთ კარდიოქირურგები და რევმატოლოგები. ახლა მათთან მოლაპარაკების შედეგად, განვიხილავთ კიდევ რა სპეციალობების ექიმებს გადავამზადებთ.  ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ თურქეთის კლინიკებთანაც. გვაქვს შეპირება, რომ ისინი გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაგვიმზადებენ. 2016 წლის აპრილი-მაისიდან უკვე დავიწყებთ ქმედებების განხორციელებას და იმ მცირე ჯგუფების გაგზავნას, რომლებიც ჩამოყალიბდება,“ – თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.