სიახლეები

„შესაძლო გადაცდომასა“ და კორუფციაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში

25.10.2015 • 2251
„შესაძლო გადაცდომასა“ და კორუფციაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს საქმიანობაში შესაძლო რიგ დარღვევებსა და კორუფციულ ფაქტებზე ინფორმაცია აქვთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

 

ამ საკითხზე სამინისტროს პრესცენტრმა „ბათუმელებს“ გასულ კვირას წერილობით შემდეგი განუმარტა:„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში შიდა აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა. ამასთან გაცნობებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, 2015 წლის 29 ივლისიდან წარმოებს აჭარის სამმართველოს რიგი თანამშრომლების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება“.

 

წერილობითი განმარტების მიღების შემდეგ, საკითხში უფრო მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, „ბათუმელებმა“ დამატებითი კითხვების გზით სცადა ინფორმაციის მიღება. სამინისტროს პრესცენტრში თავდაპირველად განმარტეს, რომ იყო მზაობა თანამშრომლობისთვის, მაგრამ მოგვიანებით რედაქციას აცნობეს, რომ მეტი განმარტება არ იქნება.

 

სამინისტროს განმარტებების გარეშე კი, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას. აჭარის სამსახურში კადრებს ნიშნავენ და ათავისუფლებენ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების უკანონო, შესაძლო კორუფციულ სქემასთან (რასაც ახლა აუდიტი სწავლობს) უშუალო კავშირი ჰქონდეთ სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამდებობის პირებსაც. მართალია, „ბათუმელები“ მსგავს ინფორმაციას ფლობს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტი რა დასკვნას დადებს „შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან: დაკავშირებით.

 

სამსახურის ყოფილი და მოქმედი უფროსები

 

უწყების ხელმძღვანელი, რომელზეც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში „შესაძლო გადაცდომაზე“ საუბრობენ, ვახტანგ ღოღობერიძე იყო. ის თანამდებობაზე ორთვიანი გამოსაცდელი ვადით ჰყავდათ დანიშნული. თუმცა, ვახტანგ ღოღობერიძე სამსახურის ხელმძღვანელად აქამდეც მუშაობდა – ის პირველად 2014 წლის ივლისში გადადგა. მაშინ გადადგომის მოტივად ვახტანგ ღოღობერიძემ „დასვენება“ დაასახელა. მეორედ ვახტანგ ღოღობერიძე იმავე თანამდებობაზე 2015 წლის ივლისში დანიშნეს, გამოსაცდელი ვადით, ხოლო სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან გაუშვეს. ბოლო გადადგომის თაობაზე ვახტანგ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იცის გამოსაცდელი ვადა რატომ ვერ გადალახა: „კონკურსი ყველა წესის დაცვით გავიარე, მაგრამ რატომღაც გამოსაცდელი ვადა ვერ გავიარე. როგორც ვიცი, სწავლობენ საკითხს, მაგრამ ჯერ მე თვითონ არ ვიცი რა აქვთ დაწერილი“.

 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს იმ დოკუმენტს, რომლითაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ ინერტული მასალების უკანონო მოპოვებაზე სათანადო აქტი არ გამოწერეს მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრებმა, ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ სამინისტროს უნდა ვკითხოთ. მისივე თქმით, სამინისტროში მისთვის „ამ საკითხზე კითხვები არ დაუსვამთ“.

 

ვახტანგ ღოღობერიძე ამ ეტაპზე არსად მუშაობს. მის პოზიციაზე უწყებაში მოვალეობის შესრულებას შეუდგა დავით დევაძე, რომელიც ვახტანგ ღოღობერიძის მსგავსად ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. როგორც დავით დევაძე აცხადებს, ის აქამდე შს სამინისტროს დასავლეთ საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რატომ ხდება ისე, რომ აჭარაში გარემოსდაცვით თანამდებობაზე პოლიციელებს ანიჭებენ უპირატესობას? – სამინისტროსგან პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

 

როგორია თქვენი გარემოსდაცვითი მგრძნობელობა? – დავით დევაძემ `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ გვიპასუხებს, რაც სამინისტროს პრესსამსახურისგან საუბრის ნებართვას მიიღებს. მისი აზრით, საკითხზე ნებართვა უნდა აიღოს არა თანამდებობის პირმა, არამედ ჟურნალისტმა.

 

მდინარე ჭოროხი, როგორც უკანონო ქვიშახრეშის მოპოვების ადგილი

 

ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, სოფლებს – მახოსა და ახალსოფლის გასწვრივ ტერიტორიაზე, უზარმაზარ გორებად არის დაყრილი მდინარიდან ამოღებული ქვიშა და ხრეში. ამ ტერიტორიას სამრეწველო ზონის დატვირთვა აქვს. არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და არც საქართველოს მთავრობას ამ მონაკვეთში ლიცენზიები არ აქვს გაცემული. მდინარის გასწვრივ, მეორე ნაპირზე მცხოვრებლები კი „ბათუმელებს“ უდასტურებენ, რომ ჭოროხის ამ ზოლში ინერტულ მასალებს ინტენსიურად იღებენ. ექსკავატორები და ტრაქტორები, ძირითადად, ღამის საათებში მუშაობენ მდინარის კალაპოტში.

 

ზოლს თუ აუყვები, მართლაც არის რამდენიმე ისეთი მონაკვეთი ჭოროხზე, სადაც თვალნათლივ ჩანს ტექნიკის მუშაობის კვალი. მდინარის რამდენიმე მონაკვეთზე არსებობს ღრმა და ფართო ორმოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მონაკვეთებიდან დიდი ოდენობით ქვიშა ამოუღიათ.

 

მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების გამოვლენა-აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურს ევალება. ამ სამსახურს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური ჯგუფი ჰყავს, რომლის მოვალეობაც სწრაფი რეაგირებაა. ამ ჯგუფის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი კანონდარღვევის შესახებ საჯაროდ არაფერია ცნობილი.

 

ბაზარზე ერთი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ფასი 30-40 ლარია.

 

დაპირისპირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარის სამსახურში

 

ინფორმირებული პირების თქმით, რომლებიც ამავე დროს დაინტერესებული პირებიც არიან, ზედამხედველობის სამსახურში თანამდებობის პირებს შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის კონფლიქტი ინერტული მასალების ლიცენზიანტების კონტროლის საკითხს უკავშირდება. ამ სამსახურის თანამშრომლები ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მფარველობენ თანამდებობის პირები გარკვეულ ლიცენზიანტ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა უბანზე მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს. იმავე პირების თქმით, საქმე ეხება არალეგალურ შემოსავლებს, რომელიც ნაწილდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი თანამდებობის პირსა და ძალოვანი უწყების თანამდებობის პირებს შორის. ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც ამ ბრალდებას დაადასტურებს, „ბათუმელებს“ არ გააჩნია.

 

ქვიშახრეშის ბიზნესი

 

აჭარაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ლიცენზიებს გასცემს როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ისე საქართველოს მთავრობა. ლიცენზიები, წესით, უნდა გაიცეს იმ პირობით, რომ ინერტული მასალების მოპოვებამ ნაკლებად დააზიანოს გარემო. ლიცენზიანტებს უფლება აქვთ მდინარეებიდან ამოიღონ იმ ოდენობის ქვიშა-ხრეში, რაც მათ ლიცენზიის პირობით აქვთ განსაზღვრული. რამდენად კეთილსინდისიერად საქმიანობენ ლიცენზიანტები, ამას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკვირდება. არც თუ იშვიათად, ლიცენზიანტი კომპანიები იმაზე მეტ მასალას მოიპოვებენ, ვიდრე ლიცენზიით არის განსაზღვრული.

 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა სტიქიის შედეგად ქობულეთის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას უკავშირდება. აუდიტი ამ ზოლის აღსადგენად მოპოვებული ინერტული მასალების კანონიერებაზე წერს:

 

`სამუშაოთა შესრულების შესახებ შპს „გზის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილიდან დამუშავებულია და სანაპირო ზოლში შეტანილია სულ 7075 კუბური მეტრი ქვიშა ხერში, რაც 1946 კუბური მეტრით მეტია შპს „გზისთვის“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის #715 განკარგულებით გამოყოფილ რაოდენობაზე. ამასთან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სხვა ლიცენზია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩატარებული სამუშაოების შესრულება ბუნებრივი რესურსების არაკანონიერი გზით მოპოვების შესაძლო რისკებზე მიუთითებს“.

 

კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნის თანახმად „ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელებულია დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები. აუდიტის ჯგუფის მიერ მიმწოდებელ კომპანიებს გაეგზავნათ წერილები სამუშაოს შესრულების მიზნით გამოყენებული ქვიშახრეშოვანი მასალის მოპოვების დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი ინფორმაციით, ეს კომპანიები ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით მესამე პირებს უკვეთავდნენ სამუშაოების შესრულებას ან მესამე პირებისგან ყიდულობდნენ ქვიშახრეშოვან მასალას. დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების მიწოდების დოკუმენტაციის აუდიტით დგინდება, რომ მიმწოდებელი კომპანიების ნაწილს არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ან მათ ვერ წარმოადგინეს ბუნებრივი რესურსების შესყიდვის დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულის გამო არსებობს რისკები, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას“.

 

სტიქიური მოვლენები

 

გონიოს ხიდის ქვეშ თუ გაძვრები და მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროს აუყვები, საერთაშორისო გზატკეცილიდან რამდენიმე კილომეტრში, განსაკუთრებით იმ მონაკვეთში, სადაც ქვიშა-ხრეშს ამუშავებენ, გროვებად დაყრილი საწარმოო ნარჩენები ბევრგან შეგხვდება. ყოველი გაწვიმების შემდეგ ეს ნარჩენები უპრობლემოდ ხვდება ჭოროხში, რადგან ნარჩენები ზედ მდინარის ნაპირზე აქვთ დაყრილი. ზედამხედველობითი დეპარტამენტის აჭარის სამმართველო ვალდებულია მსგავსი დარღვევები გამოავლინოს და რეაგირება იქონიოს, რადგან ეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით აკრძალულია. მით უფრო, როცა დარღვევის გამოვლენას არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება.

 

გარდა ამისა, სხვადასხვა გარემოსდაცვითი კვლევებით, მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალების ამოღება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ბათუმის სანაპირო ზოლს – ზღვა, რომელიც მდინარიდან ინერტულ მასალებს ვეღარ იღებს, ანუ ვერ „იკვებება“, უფრო მეტ მიწას იტაცებს სანაპირო ზოლიდან. ზღვის მსგავსი „თავდასხმების“ გამო მოსახლეობასა და სახელმწიფოს არაერთხელ მიადგა ზიანი.

 

ინერტული მასალების მოპოვებას მოსახლეობა ასევე გამუდმებით აპროტესტებს აჭარის სოფლებშიც, თითქმის ყველგან, სადაც ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სახელმწიფოს ლიცენზია აქვს გაცემული. მოსახლეობას მიაჩნია, რომ მსგავსი ჩარევის შედეგად გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის უსაფრთხო აღარ არის. თუმცა, ყოველი სტიქიის შემდეგ მთავრობა და ლიცენზიანტი კომპანიები სიტყვიერად განმარტავენ, რომ სტიქიური მოვლენების განვითარებასთან ინერტული მასალების მოპოვებას კავშირი არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: