კვირის ამბები

მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

23.10.2015 • • 1451
მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

 

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ასამართლებენ, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობას.

სასამართლო პროცესზე დარბაზი ხალხით შეივსო, პროცესზე დასასწრებად ხულოდან დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრები და ნათესავები მივიდნენ. მოსამართლემ ამ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა, თავის გადაწყვეტილებას მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს.

დაცვის მხარე სადავოდ მხოლოდ ბრალდებულის საპყრობილეში შესახლების ოქმსა და ადვოკატების ორდერს არ ხდის. სხვა მტკიცებულებები მას სადავოდ მიაჩნია და მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი საქმეს არ უნდა დაერთოს – ადვოკატმა მიუთითა ექსპერტიზის დასკვნებზე; ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნებს არ გააჩნია ნომერი, რაც შესაძლოა შეცვლილი იყოს.

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატის მოსაზრება არგუმენტს მოკლებული და “მოგონილია”. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებსაც ნომრები მინიჭებული ჰქონდა.

ადვოკატმა თქვა, რომ ნომრები არ აქვს მის ხელთ არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს. “შეგიძლიათ მაჩვენოთ?” – ჰკითხა მოსამართლემ ადვოკატს, რომელმაც განმარტა, რომ მას თან არ ჰქონდა საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები.
მეორე ხარვეზი, ადვოკატის შეფასებით, არის მკვლელობის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, რომლებსაც არ აწერია დრო და რიცხვი, თუ როდისაა გადაღებული ეს მასალა გამოძიების მიერ.

პროკურორმა თქვა, რომ ადვოკატს მტკიცებულებები დისკზე ჩაწერილი გადასცეს და ფოტოებს ამიტომ არ ეწერა დრო და რიცხვი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს ჰოლში ბრალდებულის რძალს სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. როგორც ბრალდებულის ნათესავებმა “ბათუმელებთან” განაცხადეს, სხდომის დასრულების შემდეგ მოკლულის ნათესავმა სასამართლოს ჰოლში თავში ჩაარტყა ბრალდებულის ოჯახის წევრს – რძალს.

ბრალდებულიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მერე მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა.

 

ფოტო გადაღებულია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: