მთიანი აჭარა

ხულოში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირეს

25.10.2015 • 1986
ხულოში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირეს

 

გამგეობის მოთხოვნას სამი სოციალური პროგრამის შემცირების შესახებ ხულოს საკრებულომ 8 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი.

 

საკრებულოს სხდომა ხულოში
საკრებულოს სხდომა ხულოში

„ჩვენმა ფრაქციამ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ამ პროექტით რიგი სოციალური პროგრამები 5 000 ლარით შემცირდა და თანხა გადატანილი იქნა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის მოვლა-შენახვის მუხლში. 54 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყეს, ეს თანხა ნაძვის ხის შეძენასა და, სავარაუდოდ, გამგეობის მუშაკების ქეიფს მოხმარდება. არსებულ ვითარებაში სოციალური პოროგრამების დაფინანსება კი არ უნდა მცირდებოდეს, პირიქით, სოციალური პროგრამები უნდა მუშავდებოდეს“, – ამბობს  ირაკლი ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან“.

 

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით კი, აღნიშნული პროგრამები გასულ წელთან შედარებით მეტი თანხით დაფინანსდა, რაც საჭირო არ იყო. გამგებელი სოციალურ პროგრამებზე თანხის კლებას შემდეგი არგუმენტით ხსნის:

 

„იქედან გამომდინარე, რომ პროგრამა მომართვიანობის, ბენეფიციართა განცხადების საფუძველზე ხორციელდება, ვფიქრობდით მეტი მოგვმართავდა. წლის განმავლობაში რა თანხაც გავეცით, დავთვალეთ. სავარაუდოდ, იმ თანხაზე, რაც მოვაკელით, მოთხოვნა არ იქნება. თანხები ამ პროგრამაში, რაც მომართვიანობის საფუძველზე გაიცემა, არის. როგორც ვიცი, 3-4 000 ლარით მეტით დაფინანსდა პროგრამები წლის დასაწყისში, ვიდრე გასულ წელს იყო. დავთვალეთ რა ეკონომია შეიძლება დარჩენილიყო და ამის საფუძველზე ახალი ღონისძიებები დავგეგმეთ“.

 

ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, 54 000 ლარიდან 30 000 ლარი ნაძვის ხის შეძენას, დარჩენილი თანხა კი საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებასთან ერთად საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და შშპ პირებისთვის საახალწლო ნობათის შეძენას მოხმარდება.

 

მოქალაქეების ერთი ნაწილის, ვისთვისაც ეს პროგრამები მუშავდება, პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ილია ართმელაძე ამბობს, რომ პროგრამების შესახებ არაფერი სმენია და ამის თაობაზე არც არავის არაფერი უთქვამს.

 

„მე რამდენჯერაც ვითხოვე გამგეობაში დახმარება, იმდენჯერ უარი მითხრეს, არასოდეს დამხმარებიან“, – ამბობს ილია.

 

ხულოს გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 100 ლარია გამოყოფილი.

 

არსებული ცხრა პროგრამიდან ყველაზე მეტი დაფინანსება ხუთ და მეტ მცირეწლოვანშვილიანი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზე მოდის. ამ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 60 000 ლარია. 15 ოქტომბრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში 49-მა ოჯახმა 1000-1000 ლარი მიიღო ფინანსური დახმარების სახით, რაზეც 49 000 ლარი დაიხარჯა. დაფინანსებულია „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაც“. პროგრამის 50 000-ლარიანი ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება  64 ოჯახს გაეწია.

 

ყველაზე მეტი ოჯახი კი „ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამამ“ მოიცვა – ხულოს გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 36 000-ლარიანი სოციალური პროგრამით დახმარება 275 ოჯახს გაეწია.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 239 000 ლარი გამოიყო. არსებული ცხრა პროგრამიდან მუნიციპალიტეტში მოსახლეობა, ძირითადად, ოთხი პროგრამით სარგებლობს: ყოველი ახალშობილის შეძენაზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფით, სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი უფასო კვებისა და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებით.

 

ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე აცხადებს, რომ არსებულ პროგრამებს მომავალი წლიდან სამი ახალი პროგრამა დაემატება. მისი თქმით, მიმდინარე წელს 65-მა ახალშობილის ოჯახმა, ხოლო 45-მა გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება; ეპილეფსიის პროგრამით უფასო მედიკამენტებს 60 ბენეფიციარი იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 ადამიანი კი უფასო სასადილოში იკვებება. 5 და მეტ მცირეწლოვანშვილიანმა 13-მა ოჯახმა ერთჯერადად 1000 ლარი მიიღო და დიალეზზე მყოფ დაავადებულ ცხრა ბენეფიციარს თანხმლებ პირთან ერთად მგზავრობა უფინანსდება.

 

„2016 წლისთვის ვაპირებ დამატებით პროგრამების შემუშავებას. კონკრეტული პროგრამების შემუშავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მოსახლეობიდან წამოვიდა მოთხოვნა: სამომავლოდ 18-წლამდე შშმ ბავშვებისთვის, რომლებიც რეაბილიტაციის კურსებს ბათუმში გადიან, პროგრამა შევიმუშავეთ, რეაბილიტაციის კურსს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გადავწყვიტეთ მათ დავუფინანსოთ მგზავრობა თანხმლებ პირთან ერთად. პროგრამის შემუშავება მომართვიანობისა და მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, ასეთი ბავშვი მუნიციპალიტეტში 13-ია. პროგრამის განსახორციელებლად 9 000 ლარი იქნება საჭირო. გარდა ამისა, ვგეგმავთ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამის შემუშავებას, პროგრამა დაახლოებით 40 000 ლარით დაფინანსდება. ასევე ვგეგმავთ პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. ამ პროგრამებს შესაძლოა სხვა პროგრამებიც დაემატოს“, – ამბობს დავით თედორაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს 10 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515 607 ლარია გამოყოფილი, აქედან 272 040 ლარი სოფელ ჩანჩხალოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოხმარდა. აღნიშნული პროგრამის გარდა, შუახევში ყველაზე მეტი თანხა – 59 100 ლარი ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზეა გამოყოფილი: პროგრამით შუახევში ფინანსური დახმარება 136-მა ოჯახმა მიიღო. ვრცელია ეპილეფსიით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტების პროგრამაც – პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს 82 ბენეფიციარი იღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: