სიახლეები

რა სიახლეს გეგმავს „ბათუმიველო“ მომხმარებლისთვის?

26.10.2015
რა სიახლეს გეგმავს „ბათუმიველო“ მომხმარებლისთვის?

 

 

„ბათუმიველო“, ისევე როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, მერიის ორგანიზაციაა და ერთი ადმინისტრაციის მიერ იმართება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე ამბობს, „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“ განსხვავებით, „ბათუმიველოს“ საბიუჯეტო სუბსიდია არ სჭირდება და საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოფს ხარჯების დაფარვას. დირექტორის თქმით, ველოპარკს ამ დროისთვის 370 ველოსიპედი აქვს საკუთრებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ველოსიპედი დაიკარგა, ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, თუმცა დაკარგული ველოსიპედები ჯერ არ უპოვიათ.

 

პაატა დუმბაძის თქმით, ველოსიპედების გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 133 ათასი ლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი – 96 ათასი ლარი. „ყველაზე შემოსავლიანი წელი იყო 2013, ამ წელს 187 ათასი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში. წელს ასეთი მაღალი შემოსავალი არ დაფიქსირებულა. აქტიური ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.“

 

 

დაზიანებული ველოსიპედების შესახებ დაზუსტებული მონაცემები „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში არ აქვთ. პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესწავლის პროცესი ახლა მიმდინარეობს: „ბუნებრივია, ველოსიპედები ზიანდება, რადგან ბევრი მომხმარებელი გვყავს. სარემონტო ხარჯსაც ეტაპობრივად გამოვყოფთ, იმის მიხედვით, თუ რამდენი ველოსიპედი საჭიროებს შეკეთებას. ძირითადად საკვანძო დეტალები –  სახელურები, სიგნალები, მაშუქები და სავარძელი ზიანდება. ამ ნაწილებს ვიძენთ და ვაახლებთ ველოსიპედებს“.

 

პაატა დუმბაძის ინფორმაციით, 2013 წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯა, გასულ წელს კი – სამი ათასი.
„იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ველოსიპედს დაკარგავს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება და ზარალის ანაზღაურება მოუწევს. საჯარიმო თანხა ფიქსირებული არ არის, დაზიანებული ნივთის ექსპლუატაციის ვადის მიხედვით განისაზღვრება. ამის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებულია, რადგან ველობარათის გაცემის დროს მასთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ. თუ ველოსიპედით მომხმარებელი დაზიანდა, დაეხაჯა რაიმეს და ტრავმა მიიღო, პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ. თანხას სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს, სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი ტერმინალის შკალაზეა განთავსებული“.

 

პაატა დუმბაძის თქმით, დაზღვევის პრაქტიკა შარშან ზაფხულში დაინერგა და მხოლოდ ტურისტულ სეზონზე იყო გათვლილი, თუმცა შემდეგ ყოველწლიური გახდა.

 

 

დირექტორის თქმით, ველოსიპედით დაზიანების გამო სადაზღვევოსთვის ჯერ არც ერთ აბონენტს არ მიუმართავს.
ველოსიპედით სარგებლობის ტარიფები არ შეცვლილა – ერთი საათი ორი ლარი ღირს. მომხმარებელს ველობარათით სარგებლობა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. უცხოელი ტურისტებისთვის დამზადებულია როგორც ერთდღიანი, ასევე ათდღიანი ბარათები. პაატა დუმბაძის თქმით, ტურისტები ძირითადად ათდღიანი ველობარათებით სარგებლობენ. ბარათების შეძენა მომხმარებელს „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში შეუძლია. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, მომავალი წლიდან როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ აბონენტებს ველობარათებით სარგებლობა სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეეძლებათ. „ფრანგულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და სწრაფი გადახდის აპარატებში ახალი სისტემის დასანერგად აპლიკაციას ვაკეთებთ“.

 

დირექტორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ველოპარკების განთავსება არ იგეგმება. „წლის განმავლობაში ტერმინალი გამორთული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რადგან დენის მიწოდების პრობლემა იყო. ეს პრობლემა მოგვარებულია და ტერმინალიც მალე ჩაირთვება. ქალაქის ცენტრალური უბნების გარდა ველოპარკი მხოლოდ ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბოტანიკურ ბაღშია დამატებული“.

 

რაც შეეხება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებს, პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ამ ტერიტორიებზე ველოპარკი ვერ განთავსდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: