კვირის ამბები

ოპერაციები გახდომის მიზნით – ბარიატრიული ქირურგია

24.10.2015 • 18580
ოპერაციები გახდომის მიზნით – ბარიატრიული ქირურგია
  • ბატონო კახაბერ, რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია და როგორ მუშაობს ის?

ეს არის ჭარბი წონის მეტაბოლური ქირურგია, რომელიც არ განეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას. ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ეფექტის მისაღებად არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაცია კეთდება.

რესტრუქციული ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება. წონის კლების ეფექტი მიიღება პატარა კუჭის ხარჯზე – იგი იძულებულია მცირე რაოდენობის საკვები მიიღოს. მალაბსორბციული ტიპის ოპერაციისას კი ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან. ამის შედეგად, წვრილნაწლავის რაღაც მონაკვეთი ითიშება თავისი ფუნქციიდან, კერძოდ კი კარგავს შეწოვის უნარს. ამ დროს ადამიანი საკვებს იღებს ისევ ცოტა რაოდენობით, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ ხდება ამ საკვების ათვისება.

  •  საქართველოში ძირითადად რა ტიპის ოპერაციები კეთდება?

რესტრუქციული ტიპის ოპერაციები, რადგან მალაბსორბციულს უფრო რთული მართვა სჭირდება. მალაბსორბციული ოპერაციის შემდეგ პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება გარკვეული ვიტამინების მიღება, რადგან დამოკლებული ნაწლავის გამო, გარდა ზედმეტი კალორიებისა, არც კალიუმის, ცილებისა და ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ათვისება ხდება. ჩვენ ვაკეთებთ რესტრუქციული ტიპის ორ ძირითად ოპერაციას – ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია, ანუ კუჭის ვერტიკალური გასტრექტომია და ლაპარასკოპიული გასტროპლასტიკა. სლივ-გასტრექტომიის შედეგად კუჭი იღებს ბანანის ფორმას. ასევე, ამ ოპერაციისას იჭრება კუჭის ის ნაწილი, სადაც შიმშილის ჰორმონი – გრილინი გამომუშავდება. გახდომის ეფექტი სწორედ პატარა ზომის კუჭით მიიღწევა, რადგან ადამიანი იღებს ცოტა საკვებს. გასტროპლიკაციის დროს კუჭის ზომის შემცირებისთვის, ნაცლად კუჭის ნაწილის მოჭრისა, ხდება მისი სართულებად ჩაკეცვა შიგნით და მოკერვა.

  • რა სხვაობაა ამ ოპერაციებს შორის ეფექტურობის თვალსაზრისით?

ტექნიკურად უფრო რთული და უფრო ძვირადღირებულია სლივ-გასტრექტომია. მის შედეგად პაციენტები ჭარბი წონის 60-70%ს იკლებენ, გასტროპლიკაციის დროს კი 40-50%-ს. გასტროპლიკაცია მაქსიმუმ საათ-ნახევარს გრძელდება, სლივ-გასტრექტომია კი –  საშუალოდ ორ საათს.

  •  როდის ხდება საჭირო წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა?

ოპერაციის გაკეთება წყდება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა, რომლითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. BMI არის სიმაღლე შეფარდებული ცხიმთან, წონასთან, შესაბამისად იგი ყველას სხვადასხვა აქვს. თუ პაციენტის BMI არის 40-ზე მეტია, ეს უკვე მორბიდული ანუ ე.წ. პათოლოგიური სიმსუქნეა. ასეთ პაციენტებთან დიეტებს ნაკლებად აქვს შედეგი და საჭირო ხდება ორგანიზმზე უფრო აგრესიული, დარტყმითი ეფექტი, რომ დაიკლოს წონა. სწორედ ასეთი ეფექტია ოპერაცია. ეს აუცილებელია, რადგან ჭარბი წონის გამო ამ პაციენტებს უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – სახსრების ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ოპერაციით კი უმჯობესდება და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.

გასტროპლასტიკას ძირითადად ვთავაზობთ ისეთ პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ დიდი ჭარბი წონა. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უფრო მაღალი აქვთ სხეულის მასის ინდექსი, სლივ-გასტრექტომიაა რეკომენდებული.

  • როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის? 

ხშირად პაციენტებს ამ ოპერაციის ჩატარება დაუყოვნებლივ უნდათ, მაგრამ არსად მსოფლიოში მსგავსი ოპერაციები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის პაციენტი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. უპირველეს ყოვლისა, მან ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. დასაკლებ კილოგრამებსა და ვადებს ინდივიდუალურად ვუდგენთ პაციენტს. ამავდროულად პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, პაციენტი არ გაგვყავს ოპერაციაზე.

  • რამდენ ხანში იკლებს ადამიანი წონაში და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

იმის გამო, რომ ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პაციენტს ნაკლები ტკივილი აქვს, უფრო ნაკლებად უჩივის სისუსტეს. უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მესამე დღიდან ვიწყებთ თხიერ კვებას, 4-5 დღეში კი ეწერება სახლში. სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას.

შედეგი ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკურად ჭარბი წონის დაკლება ოპერაციიდან 12-16 თვეში ხდება. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, რადგან კუჭის ელასტიურობის გამო მისი მოცულობა ისევ იზრდება და 3-5 წელიწადში პაციენტები დაკარგული წონის 15%-ს უკან იბრუნებენ. ოპერაციის შემდეგ მათ ეძლევათ რეკომენდაციები, ფიზიკური აქტივობისა და კვების შესახებ. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის მიღება, არ შეიძლება ზოგიერთი ხილის, ჭამის დროს სითხის მიღება და ა.შ. ისინი, ვინც ამ წესებს იცავენ, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.

  • რა ღირს ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია და გასტროპლასტიკა?

სლივ-გასტრექტომიის ფასი საქართველოს კლინიკებში 9500-დან 13 000 ლარამდეა, გასტროპლასტიკა კი გაცილებით უფრო იაფი – 5000 ლარამდე ღირს. ეს ოპერაციები საყოველთაო დაზღვევითაც ფინანსდება, საამისოდ კი პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 50-ზე ზევით უნდა იყოს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს ზღვარი 40-დან იწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: