სიახლეები

ვიდეოგაკვეთილი – მასწავლებლის ახალი ვალდებულება

25.10.2015 • 4733
ვიდეოგაკვეთილი – მასწავლებლის ახალი ვალდებულება
ბათუმის #1 საჯარო სკოლა

ბათუმის #1 საჯარო სკოლა

მარინა გაბაიძე მე-10 საჯარო სკოლის მეორე კატეგორიის გეოგრაფიის მასწავლებელი და ფასილიტატორია. როგორც მარინა ამბობს, ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა ჯერ არ ჰქონია. მესამე კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი რომ მოიპოვოს, ამისთვის 19 კრედიტი სჭირდება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს. თუმცა, წამყვანი პედაგოგის სტატუსის მიღებამდე, როგორც გამოცდებისა და შეფასების ცენტრში ამბობენ, პედაგოგები ვალდებულნი არიან, არსებული კატეგორია შეინარჩუნონ.

„კრედიტებში შედის სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მაგალითად, კონფერენციებში მონაწილეობა, ღია გაკვეთილების მომზადება, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და ა.შ. მათ შორის იქნება ვიდეოგაკვეთილებიც. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რა კრიტერიუმებით შეგვაფასებენ მასწავლებლებს და რაში მოგვანიჭებენ კატეგორიას“, – ამბობს მარინა გაბაიძე.

პედაგოგი მიიჩვენს, რომ შედეგის თვალსაზრისით ვიდეოგაკვეთილებს შესაძლებელია ნაკლები ეფექტი ჰქონდეს: „მასწავლებლისთვის მთავარია შედეგი. ეს შედეგი კი შეიძლება ჩვეულებრივი გაკვეთილითაც მივიღო, რადგან ის მექანიზმი, რასაც შემფასებელი შეიძლება შედეგის მომტანად მიიჩნევდეს, ჩემთვის არ იყოს ეფექტური. თუმცა, სიახლეების წინააღმდეგი არ ვარ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულნაზ კარანაძეც მეორე კატეგორიის მასწავლებელია. ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა აქამდე არც მას ჰქონია. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ორი ვიდეოგაკვეთილი მასწავლებლის ხარისხს ვერ განსაზღვრავს, თუმცა  მასწავლებლის თვითშეფასებასა და კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს.

„მარტო ვიდეოგაკვეთილი, ბუნებრივია, არ იქნება საკმარისი მასწავლებლის შესაფასებლად, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩავატაროთ ორი სამოდელო გაკვეთილი, რომელსაც შიდა მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს და სხვადასხვა  აქტივობაშიც მივიღოთ მონაწილეობა“.

პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ქეთინო გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ   საკლასო დაკვირვება კარგია, თუმცა შეფასებითი არ უნდა იყოს. „მასწავლებლის შეფასებისთვის კარგი მეთოდია საგნობრივი გამოცდები, სადაც კარგად ჩანს მასწავლებლის ძლიერი მხარეც და სუსტიც. ვიდეოგაკვეთილები, ვფიქრობ, ვალიდური ვერ იქნება. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ამაში კრედიტი უნდა დამეწეროს, რადგან მაინც ძალიან ხელოვნური მგონია“, – ამბობს ის.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკული სავარჯიშო უნდა იყოს და არა შეფასებითი.

„მე ვიყავი ე.წ. შვიდკაცას პილოტირებულ ჯგუფში და ხშირად გვიტარდებოდა ტრენინგები. გვაჩვენეს პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი მასწავლებლების ვიდეოგაკვეთილები.  ფიზიკაში გედენიძეზე საუკეთესო თეორეტიკოსი არ ვიცით, მისი სახელმძღვანელოთი ვასწავლით სკოლაში და მისი ჩატარებული ვიდეოგაკვეთილი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, არ გამოუვიდა. მაშინ დასკვნა გამოვიტანეთ ასეთი, რომ შეიძლება თეორეტიკოსი ვერ ატარებდეს პრაქტიკულად კარგ გაკვეთილს. ამიტომ, საკლასო დაკვირვების ინსტრუმენტით ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კარგი შედეგები პირველ ეტაპზე, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ და მივაღწიოთ მიზანს“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული უნარების ჯგუფის წევრი ირინა ჟვანია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკლასო დაკვირვების მიზანი პედაგოგების პრაქტიკული უნარების შეფასებაა. მისი თქმით, საკლასო დაკვირვების რუბრიკა ამ დროისთვის შემუშავებულია, თუმცა წლის ბოლომდე ინსტრუმენტი დაიტესტება და საბოლოო ვერსია მომავალი წლის მაისის ბოლოს იქნება მზად.

„საკლასო დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი შემუშავებული გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ ეს ინსტრუმენტები დავტესტოთ და გავიგოთ რა ხარვეზებია, რას აფასებს სწორად და რას ვერა. სკოლებს ვთხოვთ მოგვცენ შესაძლებლობა და ტესტირების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. გაკვეთილებს ჩავიწერთ და მეთოდის საბოლოო შეფასებისთვის გამოვიყენებთ“.

ირინა ჟვანიას განცხადებით, საკლასო დაკვირვება იმ აუცილებელი კრედიტების სიაში შედის, რომელიც პედაგოგს არსებული კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„ეს არის სავალდებულო კრედიტი, რომელშიც უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგი 5 კრედიტს მიიღებს“. ირინა ჟვანიას ინფორმაციით, შეფასების ჯგუფში საგნისა და განათლების სპეციალისტები შევლენ.

„ვიდეოგაკვეთილების ჩასატარებლად სკოლები ვიდეოთვალებით უნდა აღჭურვოს განათლების სამინისტრომ, ჩამწერი აპარატურა ერთ კლასში დამონტაჟდება და კლასში მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა სხვა პირი არ იქნება.  რამდენი და  რა ტიპის ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს, ამ საკითხზე პროფესიონალები მსჯელობენ. ტექნიკური საკითხები პედაგოგების საზრუნავი არ იქნება და ამაზე მათ არ უნდა იფიქრონ“, – ამბობს ირინა ჟვანია.

რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ რამდენი ლარი დასჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით თითო საკლასო ოთახის ტექნიკურად აღჭურვას, ამის თაობაზე საქართველოს განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ.

გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 15 ათასზე მეტი უფროსი მასწავლებელია. კითხვაზე რა პერიოდში აღიჭურვება ყველა სკოლა ტექნიკურად და ამ რაოდენობის ვიდეოგაკვეთილების დამზადება, შემდეგ კი საიტზე ატვირთვა ხომ არ გამოიწვევს ქაოსს? ირინა ჟვანია პასუხობს, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრი ამ მექანიზმზეც მუშაობს:

„ზუსტი პასუხის გაცემა ამაზე არ შეგვიძლია, ჯერ შინაარსობრივ ნაწილზე ვმუშაობთ და იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაიწეროს და აიტვირთოს, მუშაობენ სპეციალისტები. არის ასეთი იდეაც, რომ შეიძლება გაკვეთილები ჩაიწეროს CD-ზე და ისე გადმოიგზავნოს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელზეც მსჯელობა ჯერ არ არის დასრულებული“.

ირინა ჟვანიას შეფასებით, ვიდეოგაკვეთილები შესაძლებელია გაკვეთილის ბუნებრიობას ცვლიდეს, „თუმცა, მთავარი მიზანია ის, დავინახოთ შეუძლია თუ არა მასწავლებელს პრაქტიკული გაკვეთილის ჩატარება“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად შესაბამისი კრედიტების დაგროვებაა საჭირო.

პრაქტიკოსი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ამისათვის მას ეძლევა 4 წელი. მან პირველი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა, გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და ტრენინგი. სამივე აქტივობის წარმატებით შესრულება მას მისცემს 19 კრედიქულას, რის შედეგადაც, ის შეძლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, 4 წლის განმავლობაში მან უნდა გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება და განახორციელოს დამატებითი აქტივობები, რის შედეგადაც მას მიენიჭება 13 კრედიტქულა, რაც საკმარისია სტატუსის შესანარჩუნებლად.

იმისათვის, რომ უფროს მასწავლებელს მიენიჭოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, საჭიროა  4 წლის განმავლობაში გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მას მისცემს 19 კრედიტქულას, რაც საკმარისია აღნიშნული სტატუსის მისაღებად.

იმისათვის, რომ წამყვანმა მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი, საჭიროა მან 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები. ეს მას მოუტანს 14 კრედიტქულას.

მენტორის სტატუსის მისაღწევად, საჭიროა წამყვანმა მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 10 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა; განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მისცემს 25 კრედიტქულას;

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, გასწიოს ფასილიტატორობა, განახორციელოს სკოლის საჭიროებების კვლევა, ასევე მასწავლებელთა საჭიროებების შეფასება და პროფესიული განვითარების ღონისძიებები; კონსულტირება გაუწიოს სტუდენტებსა და მასწავლებლებს და განახორციელოს დამატებითი აქტივობები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: