ერთ-ერთი პირი, რომელიც საქართველოს ISIS-ის სახელით ემუქრება ხვიჩა გობაძეა

”ნეტგაზეთის” მოპოვებული ინფორმაციით, ხვიჩა გობაძე რადიკალი ისლამის მიმდევარია, რომელმაც დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა საქართველოს ტერიტორია. მანამდე იგი ბათუმში იმყოფებოდა.

 

გობაძე სასკოლო ასაკში, წალკაში ყოფნის დროს სკოლამ შეარჩია როგორც ნიჭიერი ბავშვი. იგი ერთი წელი სწავლობდა კომაროვის გამაძლიერებელ მათემატიკურ სკოლაში.  ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ ერთი წელი რელიგიურ სკოლაში ისწავლა, ორი წელი კი – კაიროში. იცის სრულყოფილად არაბული და ასევე ზეპირად იცის ყურანი.

 

დღეს, 23 ნოემბერს, ვებგვერდზე ”ხალიფატი – ისლამური სახელმწიფო” გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სისხლისღვრით ემუქრებიან.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.

 

”ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიმართა თუ არა სასამართლოს სუს-მა ამ შუამდგომლობით, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ასე უპასუხეს:
 
 
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თუმცა იმავე ინტერვიუში ლევან იზორიამ განმარტა, რომ ამ პროცედურისთვის დრო იყო საჭირო”.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე  გამოძიება დაიწყო წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების ფაქტზე. 

 

გამოძიება ჯერ კიდევ იანვრიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდეგაც, რომელმაც ფეისბუქით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ხვიჩა გობაძე
ხვიჩა გობაძე

სარაგბო კლუბი „ბათუმი“

პირველი ნაკრების ზედიზედ მესამე მსოფლიო ალაფაზე მონაწილეობა, იქ მოგებული თამაშები, უკანასკნელის შემდეგ მიღწეული შედეგით პირდაპირ მსოფლიო ალაფაზე გასვლა, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, არცთუ მცირე რაოდენობა უცხოეთში მოთამაშე ქართველი მოთამაშეებისა, რომლებიც წამყვანი სარაგბო ქვეყნების ტოპგუნდებში თამაშობენ, მათი როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური აღიარება და წარმატებები – არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რომლებიც ამ საუკუნეში ქართული რაგბის უახლეს ისტორიას უკავშირდება.

რა ასაკიდან შეიძლება მივიყვანოთ ბავშვი რაგბიზე

როგორც ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე ამბობს: ისინი უარს არავის ეუბნებიან, ვისაც სურს ითამაშოს რაგბი, თუმცა რაც უფრო პატარა ასაკში მოხვდება ბავშვი რაგბის სკოლაში, მით უფრო დიდი შანსია იმისა, რომ ის მომავალში დიდ რაგბის ითამაშებს, რადგან მოზარდი ადრეული ასაკიდანვე ეფლება პროფესიულ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებს ნებისყოფას და სათამაშო დისციპლინას. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია,  პროფესიონალი ტრენერის ხელში ხდება მისი ფიზიკურად სწორად განვითარება“.

ამჟამად სარაგბო კლუბის ბაზაზე არსებულ სარაგბო სკოლებში 8 ლიცენზირებულ მწვრთნელთან 2002 წლიდან 2008 წლამდე დაბადებული ბავშვები ეუფლებიან სპორტის ამ სახეობას.

სად შეიძლება ვატაროთ ბავშვი რაგბიზე ბათუმში

რაგბის სკოლები ბათუმში ტერიტორიულად 8 სხვადასხვა ადგილზეა განაწილებული და ნებისმიერმა შეიძლება შეარჩიოს მისთვის სასურველი ადგილმდებარეობა. ყველა ჯგუფი სხვადასხვა დროს ვარჯიშობს, ამიტომ თქვენთვის ხელსაყრელი დროს შერჩევაც არის შესაძლებელი.

კლუბი მუნიციპალურ ბალანსზეა, მას ბათუმის საკრებულო აფინანსებს. შესაბამისად, სრულიად უფასოა: ვარჯიში, ფორმა, შეჯიბრებებზე გამგზავრება და კვება.

რაგბის სკოლებში გაწევრიანების ან სხვა ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ კლუბებსა და მწვრთნელებს შემდეგ მისამართებზე:

• თამარის დასახლება, ყინულის სასახლე, სასულიერო გიმნაზია, მწვრთნელი რამაზ სანებლიძე, მობ.: 593 64 92 62, თამაშობენ 2003/2004,2005/2006,2007/2008 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• მე-14 საჯარო სკოლა, მწვრთნელი გიორგი კალანდაძე, მობ.: 593 64 92 62, თამაშობენ, 2005/2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• მე-14 საჯარო სკოლა, მწვრთნელი დიმიტრი დუმბაძე, მობ.: 514 89 24 24, თამაშობენ, 2003/2004 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• მე-14 საჯარო სკოლა, მწვრთნელი გიგა სერგია, მობ.: 593 92 39 92, თამაშობენ, 2005/2006/2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• მე-9 საჯარო სკოლა, მწვრთნელი ნიკა ნინიძე, მობ.: 593 90 67 90, თამაშობენ, 2004/2005/2006/2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• 28-ე საჯარო სკოლა, მწვრთნელი თედო დუმბაძე, მობ.: 599 27 87 54, თამაშობენ, 2002/2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• მახინჯაური, მწვრთნელი მინდია ბოლქვაძე, მობ.: 571 14 56 28, თამაშობენ, 2002/2003 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

• ხელვაჩაური, მწვრთნელი გურამ ქერქაძე, მობ.: 568 60 63 63, თამაშობენ 2003/2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

სარაგბო კლუბი ბათუმის „ბათუმი“

www.rcbatumi.ge

მის.: ქალაქი ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N12

ტელ.: 27 28 87

რაგბი ჩვენი თამაშია!

პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

 

ირმა დავითაძე ZFA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარზე გერმანიაში

 

უკვე რამდენიმე წელია სკოლა ,,ევრო 2000’’ აქცენტს სწორედ გერმანულ ენაზე აკეთებს და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა დაუღალავი შრომა და მუდმივი ზრუნვა პროფესიული სრულყოფისათვის. წლების განმავლობაში პერიოდულად მიემგზავრებიან გერმანული ენის პედაგოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამჯერად გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საერთაშორისო კომუნიკაციის ინსტიტუტისა და გერმანიის პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდა მასწავლებელი ირმა დავითაძე. სემინარის ინიციატორი იყო სკოლა „ევრო 2000“’ – ის პარტნიორი ორგანიზაციის „გერმანიის სასკოლო სამსახური უცხოეთში (ZFA)“. სემინარი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო;

 

მეთოდურ-დიდაქტიკური კურსის დღის წესრიგში შედიოდა შემდეგი საკითხები:

 

• „გერმანული ენის _ როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა გერმანული ენის დიპლომის სკოლებში;

 

• გაკვეთილის კონცეფციების შექმნა;

 

• გერმანიის სკოლების საგაკვეთილო პროცესის დაკვირვება. სემინარის განმავლობაში დამუშავდა ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა:

 

• გერმანიის სასკოლო განათლება და მასწავლებელთა პედაგოგიური განათლება ნორდრაინ-ვესტფალენში;

 

• უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

 

• თანამედროვე მედიასაშუალებების გამოყენების ტექნიკა გერმანული ენის გაკვეთილზე და მოსწავლეთა მოტივირება;

 

• პრეზენტაციის ტექნიკის მიწოდება;

 

• გერმანიის ქვეყანათმცოდნეობა და მისი დიდაქტიზირება;

 

• კოოპერატიული სწავლება და ჯგუფური მუშაობა გერმანული ენის გაკვეთილზე;

 

• გერმანულენოვანი საგაკვეთილო მასალების საძიებო სისტემა; მაღალხარისხიანი გერმანულენოვანი ვებგვერდები და მუშაობის ტექნიკა.

 

სემინარი ორ კვირას გაგრძელდა; ირმა დავითაძე, დანარჩენ 17 მონაწილესთან ერთად, მუშაობდა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, ასევე ესწრებოდა გერმანიის სკოლებში საგაკვეთილო პროცესებს და განიხილავდა მათ მონაწილეებთან ერთად.

 

სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ნორდრაინ-ვესტფალენის კულტურასა და ყოველდღიურობას, ქალაქ დიუსელდორფის, კიოლნისა და ბონის ღირშესანიშნაობებსა და ისტორიას.

 

გერმანიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება ჩვენს პედაგოგებს, კიდევ უფრო ნაყოფიერი და მიზანმიმართული გახდეს სკოლაში გერმანული ენის სწავლება.

 

ილია გოგიტიძე ჩემპიონია

საზეიმო დახვედრა ილია გოგიტიძეს

ილიასათვის ეს ტურნირი პირველი არ ყოფილა. ის ოთხი წლის ასაკიდან დადის ფიგურულ სრიალზე. 2013 წლიდან  უკვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში  და ბევრ წარმატებას მიაღწია.   2013-2014  წლებში  ზედიზედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი  და პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ამავე წელს უნგრეთში,  ბუდაპეშტში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – 25 Sportland Trophy  მესამე ადგილი მოიპოვა. მოიგო ასევე  „აჭარის თასი’“ (I ადგილი); 2015 წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა: მე-4 ადგილის მფლობელი გახდა  ტურნირში – Mellmut Seibt Memorial 2015 (ავსტრია, ქ. ვენა), ხოლო მე-6 ადგილით დაგვიბრუნდა ტურნირიდან – Rooster cup  ( საფრანგეთი, ქ.პარიზი).

2015 წელი წარმატებული აღმოჩნდა ილიასათვის. რეიტინგული ტურნირის გარდა  პირველი ადგილი დაიკავა აგრეთვე საქართველოს ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში.

ილია ასეთივე წარმატებულია ყოვედღიურ ცხოვრებაში, გულითადი მეგობარი, თბილი, ტოლერანტული, ბეჯითი მოსწავლეა. უყვართ მეგობრებსა და მასწავლებლებს და ამაყობენ მისით. განსაკუთრებით ამაყობს მისი დამრიგებელი თინათინ მეფარიშვილი, რომლის ინიციატივითაც მოეწყო ეს გულთბილი და საზეიმო დახვედრა.

,,ევრო-2000’’ -ის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ულოცავს ილიას ამ დიდ გამარჯვებას  და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

P.S. სტატია უკვე მომზადებული იყო,  როცა სკოლის დირექტორმა საზეიმოდ გაგვაცნო ილია გოგიტიძის სწავლის საფასურის გადასახადისაგან  გათავისუფლების ბრძანება!

გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა

 

რატომ დარჩა ვაკანტური გამგებლის მოადგილის თანამდებობა ქედის მუნიციპალიტეტში? – ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით დუმბაძეს მივმართეთ. ის აცხადებს, რომ ვაკანტურ პოზიციაზე მის მოადგილედ ეკონომიკური განათლების მქონე კადრის დანიშვნა უნდოდა. შესაბამისი კადრის ძიებამ კი გამგებლის მოადგილის დანიშვნის პროცესი დააყოვნა.

 

„განათლებით ინჟინერი ვარ, მეორე სპეციალობით კი – იურისტი. იქედან გამომდინარე, რომ ერთი მოადგილე განათლების კუთხით მუშაობს და მეორე – ჯანდაცვის, მინდოდა მოადგილე განათლებით ეკონომისტი ყოფილიყო და ფინანსური კუთხით ემუშავა. ეს იყო მიზეზი, რამაც დააყოვნა პროცესი. კარგ ფინანსისტს ვეძებდი“, – ამბობს გამგებელი.

 

კითხვაზე, არის თუ არა საჭიროება ვაკანტური თანამდებობის დროულად შევსება და ხომ არ აფერხებს შტატით გათვალისწინებული კადრის არარსებობა სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტში, დავით დუმბაძე პასუხობს: 

 

„ამ ეტაპზე სამუშაოს თავს ვართმევთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ან შეიცვლება სტრუქტურა, ან ვნახავთ კარგ ფინანსისტს. საჭიროება ნამდვილად არის. ვფიქრობთ, მალე გამოინახება შესაბამისი კადრი“.

 

მუნიციპალიტეტებში გამგებლებს კანონმდებლობით პირველი მოადგილე და მოადგილეები ჰყავთ. ქედაში სწორედ პირველი მოადგილის პოზიციაა ვაკანტური. მოადგილეების თანამდებობას აქ მამუკა ფარტენაძე და გურამ ბერიძე იკავებენ. რაც შეეხება პირველი მოადგილის თანამდებობას – მას შემდეგ, რაც ქედაში გამგებლის პოზიციაზე დავით დუმბაძე აირჩიეს, მის მოადგილედ გურამ ლომინაძე დანიშნა. ლომინაძე ამ თანამდებაზე ქედის გამგეობაში რვა თვის განმავლობაში  მუშაობდა, დაკავებული თანამდებობიდან კი ის გამგებლისვე განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

 

ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში

 

სტიქია ქობულეთში
სტიქია ქობულეთში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, რომელიც სტიქიური მოვლენების დროს აჭარის მთავრობის საგანგებო შტაბს არაერთხელ ხელმძღვანელობდა, სტიქიური მოვლენების განვითარებისას პრიორიტეტი სიცოცხლის დაცვას ენიჭება.

 

„გააჩნია სტიქიის მასშტაბებს. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას საქართველოს მთავრობას. თუკი ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი, მაშინ შეიძლება საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა გამოვიყენოთ ან სხვა რეგიონების სამაშველო სამსახურები დაგვეხმარნონ. ზიანის შესამცირებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და შემდეგ მათი ქონება, ასევე მუნიციპალური ქონება. იქმნება საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გადის რეაგირების ჯგუფი, საფრთხის შემცველი ადგილებიდან მოსახლეობა გამოგვყავს:.

 

რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც გეოლოგების დასკვნებით უფრო მეტი მეწყერსაშიში ზონაა და (ეს ზონები უმეტეს შემთხვევებში დასახლებულია)  მცირემასშტაბიანი სტიქიის დროსაც კი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება, გამგებლები სიტუაციას ადგილობრივი წარმომადგენლების დახმარებით აკონტროლებენ.

 

„ყველა უბანში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დროულად გვატყობინებს ვითარებას სოფელში – მეწყერმა გზა ხომ არ ჩაკეტა და ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. თუ ადგილობრივი რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ დახმარებას მთავრობას ვთხოვთ“, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე.

 

გასულ კვირას სტიქიური მოვლენების გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ორი ოჯახის ევეკუაცია გახდა საჭირო. გამგებლის ინფორმაციით, ისინი მათივე თხოვნით დროებით საცხოვრებლად ნათესავებთან გადაიყვანეს.

 

კითხვაზე, თუ ამ ადამიანებს ნათესავებთან წასვლის საშუალება არ ექნებოდათ? – გამგებელი პასუხობს: „მათ ჩემთან წავიყვანდი“. ნადიმ ვარშანიძის თქმით, მთავრობას ამ დრომდე არ აქვს საბინაო ფონდი, სადაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფდა.

 

რამდენად შეუძლია სოფლის რწმუნებულს განსაზღვროს საფრთხეები? – გამგებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტი სპეციალისტებს შესასწავლილი აქვთ და იმ ზონებზე ფლობენ ინფორმაციას, რომლებზეც ასეთ დროს ყურადღება უნდა გაამახვილონ.

 

სტიქიის გამო მოქალაქეები დაზარალდნენ სხვა რაიონებშიც.

 

როგორ იქცევიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, თუ საჭირო დროს საჭირო ტექნიკა საკმარისი არ არის და ვითარება სწრაფ რეაგირებას საჭიროებს? – ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე განმარტავს, რომ მას შეუძლია ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ტექნიკა რამდენიმე დღით კერძო პირისგან იქირაოს.

სტიქიური მოვლენების სამართავად, 2015 წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2 მილიონ 100 000 ლარი, ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში კი 400 000 ლარი გაითვალისწინეს. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ამ თანხას რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს – მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი განკარგავს.

 

„სტიქიური მოვლენების დროს ხშირ შემთხვევაში იქმნება სამთავრობო შტაბი, მაგრამ თუ ვთვლი, რომ რაღაც გასაკეთებელია ქალაქისთვის, ვიყენებ ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. თუ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბიუჯეტის ცვლილების დროს შეიძლება ისევ მოვითხოვოთ თანხის დამატება. ეს ფონდი, ძირითადად, დახმარებებს და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ ღონისძიებებს ხმარდება“, – განმარტავს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

 

2015 წლის საქართველოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში  სარეზერვო ფონდში 70 მილიონი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

კიდევ ერთი დეტალი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და თვითმმართველმა ერთეულებმა 2015 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ თანხა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის გადასაცემად. ეს თანხა არ უნდა იყოს 2014 წელს აჭარის ბიუჯეტსა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები. 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა აჭარამ და თვითმმართველმა ერთეულებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნდა გადაურიცხონ ეტაპობრივად, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ქვეყანაში საფრთხეებზე დროული რეაგირება და რისკის შემცველ ზონებში მოსახლეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეროგატივაა. ეს სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში 2015 წლის დასაწყისში გადავიდა. რეგიონებში მოქმედი სამაშველო სამსახურების ცენტრალიზებულ მართვაზე გადასვლას უფრო ეფექტური სისტემის შექმნით ხსნიან.

 

გასულ კვირას სტიქიური მოვლენები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განვითარდა. რიგი უბნებიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ.

„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ მახუნცეთთან, საჯარო სკოლის მიმდებარედ, იქ, სადაც სკოლის მოსწავლეები  ცენტრალურ საავტომობილო გზას ყოველდღიურად კვეთენ, გზაზე მოწყობილი საავტომობილო სიჩქარის შემზღუდველი ხელოვნური ბარიერები, ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“ რამდენიმე კვირის წინ აიღეს. მახუნცეთის გარდა, საგზაო დეპარტამენტის მიერ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოწყობილი ხელოვნური ბარიერები სხვა ადგილებშიც აყრილია.

 

არადა, მოსახლეობამ ამ მონაკვეთებზე საავტომობილო სვლის შემანელებელი ხელოვნური ბარიერის მოწყობა ადგილობრივ გამგეობას გასულ წელს სთხოვა. გამგეობამ, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დასახლებულ პუნქტებთან და საჯარო სკოლების მიმდებარედ, სიჩქარის შემანელებელი ბარიერების მოწყობის თხოვნით საატომობილო გზების აჭარის დირექციას მიმართა. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტმა ქედის მონაკვეთზე 13, ხოლო ბათუმი-ახალციხის სრულ მონაკვეთზე 36 შემანელებელი მოაწყო.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების ადმინისტრაციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ სვლის შემანელებელს საგზაო დეპარტამენტი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად აკეთებს. ის აღნიშნავს, რომ რიგ ადგილებზე მოწყობილი „მწოლიარე პოლიციელები“ მოსახლეობამ თვითნებურად აყარა, ზოგან კი საგზაო დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აიღო.

 

 

„მას შემდეგ, რაც სვლის შემანელებლები მოვაწყეთ, ავარიების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა მოეწყოს შემანელებლები, აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

 

შემცირებული ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, ქედის გამგებელი „მწოლიარე პოლიციელებს“ უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ ხელოვნური ბარიერები საავტომობილო მიმოსვლას აფერხებს, განსაკუთრებით კი რეანომობილისთვის, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები გადაჰყავს ბათუმში მაღალმთიანი აჭარიდან.

 

წელს ქედის გამგეობას ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე „მწოლიარე პოლიციელების“ ნაცვლად სიჩქარის განმსაზღვრელი მოწყობილობები და ვიდეოთვალები უნდა დაემონტაჟებინა. როგორც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, გამგეობა წელს რადარების მონტაჟს ვერ შეძლებს:

 

„ერგეში მოსახლეობამ მოითხოვა „ბუგორის“ აღება. რაც შეეხება ქედის მონაკვეთს, არ ვიცით ვინ აიღო, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა და საქართველოს საავტომობილო გზების შესახებ კანონით, რაიმე სახის ხელოვნური ბარიერების მოწყობა  იკრძალება. ჩვენ ვფიქრობდით ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სიჩაქარის მზომი ორი რადარი და ვიდეოთვალები მოგვეწყო. გასული წლის გათვლებით, რადარების მოსაწყობად 60 000 ლარი გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ მას შემდეგ ისეთი თანამედროვე ტექნიკა შემოვიდა, რის ყიდვასაც ვაპირებდით, აღარ ვიყიდით. ის ტექნიკა სრულყოფილად ვერ არკვევდა მანქანის ნომერს, რაც ახალ ტექნიკას შეუძლია. თანამედროვე ტექნიკისთვის კი 60 000 ლარი საკმარისი არ არის. ვფიქრობდი, ერთი რადარი დოლოგანში მოგვეწყო, იქ, სადაც, ერთი კვირის განმავლობაში სამი ავარია მოხდა. გამოსავალს რადარებისა და ვიდეოთვალების მოწყობაში ვხედავ“.

ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში

 

ყოველდღიური ნარჩენები ქედის სოფლებში მოუგვარებელ პრობლემად რჩება, რადგან სოფლებში არ არის ურნები, სადაც მოსახლეობა ნარჩენების შეგროვებას, ხოლო ხელისუფლება მის გატანას და გადამუშავებას შეძლებს. რადგან სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურება ხელმიუწვდომელია, ისინი საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. თითქმის ყველა სოფელში მდინარეების სანაპიროები და ხევები პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებითა და სხვა სპეციალურად გადასამუშავებელი ნარჩენებითაა სავსე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნარჩენების მართვაზე ყოველწლიურად 25 000 ლარს ხარჯავს. ეს თანხა მხოლოდ დაბის ქუჩებისა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ურნებიდან ნარჩენების გატანას ხმარდება.

 

სოფლებში ნარჩენების პრობლემის გადასჭრელად ქედის გამგეობამ წელს ტენდერის გზით 90 ურნა შისყიდა, რაზეც გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა ელექტრონული ტენდერით შეძენილმა ურნებმა პრობლემა ვერ მოხსნა – რამდენიმე კვირის წინ შეძენილი ურნები გამგეობას სოფლებში ჯერ კიდევ არ გაუტანია.

 

დავით დუმბაძის თქმით, სოფლებში ნარჩენების პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი. გეგმა სპეცტექნიკის შეძენასა და ბუნკერის მოწყობას ითვალისწინებს. გამგებელი აქვე იმასაც დასძენს, რომ ურნები სოფლებში რომც გაიტანოს, ნარჩენების გამოტანა ვერ მოხერხდება, რადგან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ნარჩენების მართვაზე ვალდებულება მხოლოდ იმ სოფლებში აქვს აღებული, სადაც გზის საფარი ასფალტით ან ბეტონით არის დაფარული, ასეთი სოფელი კი ქედაში რამდენიმეა:

 

„ვფიქრობდით 90-მდე ტენდერით შეძენილი ურნა სოფლებში გადაგვენაწილებინა, დაგვეწყო იქ, სადაც სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თუმცა, პრობლემა იმან შექმნა, რომ ნარჩენების გამოსატანად სპეცტექნიკაა საჭირო, რაც ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, სოფლებში რომ გაგვეტანა ურნები, გაივსებოდა და ვეღარ გამოვიტანდით, რის გამოც აღარ გავიტანეთ… მოასფალტებული ან მობეტონებული გზა სოფელ უჩხითსა და მერისში გვქონდა, წელს მოასფალტდა სოფელ ოქტომბრისა და გეგელიძეების გზაც, მაგრამ როდესაც ხულოდან დატვირთული მაღალი გამავლობის მანქანა მოდის, ის ვერ შეძლებს მთის სოფლებში ასვლას. სამომავლოდ სპეცტექნიკის შეძენას ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვპირდება, დიდი მანქანების სოფლებში მოძრაობას ჯობია 3-5-ტონიანი, მცირე ტექნიკა შევიდეს, რომლითაც ნაგავს ჩამოვიტანთ. ასევე ვფიქრობთ ბუნკერის მოწყობას, სადაც შეგროვდება ნარჩენები. ქედის მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე შპს „ბათუმის სანდასუფთავება“ მუშაობს“.

 

დაბისთვის ქედის გამგეობა დამატებით სპეციალური პატარა ურნების შეძენას გეგმავს, რომელშიც მხოლოდ ქაღალდის ნარჩენების ჩაყრა იქნება ნებადართული. „ვფიქრობ, ამ პრობლემას მალე გადავჭრით“, – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

სოფლებში მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ თავადაც არის გარემოს დაბინძურების მონაწილე. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ გარემოს დანაგვიანებას სოფლებში სანაგვე ურნების არარსებობა იწვევს, ზოგიერთს კი ამის მიზეზად დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება მიჩნია.

 

სოფელ ხარაულაში მცხოვრები აიშე ჯაბნიძე ამბობს, რომ გარემოს დასაცავად აუცილებელია სოფლებში ურნების განთავსება. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ის ხერხი, რასაც თვითონ იყენებს ნარჩენების გადასამუშავებლად, გარემოს არანაკლებ აბინძურებს, ვიდრე ბუნებაში დაყრილი ნაგავი.

 

„საკვები პროდუქტების ნარჩენებს სოფლებში თითქმის არავინ ყრის, ყველა საქონლის საკვებად იყენებს, როგორც მე. მაგრამ პრობლემად რჩება პოლიეთილენის პარკები, ბოთლები თუ სხვა სამშენებლო მასალები, დაძველებული სამოსი, ნაგავი მე არასდროს გადამიყრია მდინარეში, ვაგროვებ და ბაღჩაში ყველაფერს ერთად ვწვავ. მართალია, არ ვყრი მდინარეშე, მაგრამ ბუნება, ჰაერი ხომ მაინც ბინძურდება. არ მინდა ჩემი ნაგავით ვინმე შეწუხდეს. გამოსავალი მხოლოდ სოფლებში ურნების შემოტანა იქნება. ნაგავს სოფლებში, ძირითადად, ხევებსა და მდინარეებში ყრიან, მდინარეებში ჩაყრილი ნაგავი აჭარისწყალში ხვდება, აჭარისწყალს კი ზღვაში გააქვს“, – ამბობს აიშე.

 

სოფელ წონიარისში მცხოვრები ისმაილ ბერიძეც არ იშურებს ძალისხმევას, თავის ოჯახში დაგროვილი ნარჩენებით ბუნება არ დააბინძუროს. ამბობს, რომ მას ნაგავი სოფლის ცენტრში ჩააქვს და იქ არსებულ ურნაში ყრის: „მოვაგროვებ ნაგავს და როცა მანქანით წავალ ცენტრში, ურნაში ვყრი. მაგრამ ყველას არც მანქანა აქვს და არც ჩემსავით იქცევა, ზოგი ისეთია, თავის ნაგავს მოიშორებს და სადაც მოესურვება გადააგდებს, მერე ამ ნაგავს ხან ძაღლი გაათრევს და ხან კიდევ ძროხები ჭამენ. სხვას უხდის პრობლემას. ამიტომ ვართ ყველა ერთად ამ დღეში“.

25 748 ლარი შვიდი სალონური საღამოსთვის ბათუმში

 

თუ რატომ ატარებს თითოეული ეს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს – მუსიკალურ ცენტრს შესყიდვების ვებგვერდზე არანაირი არგუმენტი არ აქვს მოყვანილი, გარდა იმისა, რომ  „აღნიშნული ღონისძიება ატარებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ხასიათს“.

 

ის, თუ რამ გამოიწვია ცალკეული ამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი? – მუსიკალური ცენტრი განმარტავს: „ღონისძიების ჩატარების იდეა წარმოიშვა მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. გამარტივებული ელტენდერის ან ელტენდერის საშუალებით ვერ მოხერხდება აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მიმდინარე წელს. წინასწარ შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა, რადგან დაკავშირებულია მთელ რიგ სპეციფიკურ მომენტებთან, მონაწილესთან შეთანხმება და დაგეგმვა“.

 

ამჯერად საუბარია 7 საღამოზე, რისთვისაც ჯამში 25 748 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება ღონისძიებების ჩატარების გრაფიკს:

 

2015 წლის 27 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება მუსიკალური საღამო „სალონური შეხვედრები“, საღამოს სტუმარია მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე. ღონისძიების ჩატარების მიზნით ზვიად ბოლქვაძესთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 250 ლარზე.

 

2015 წლის პირველ დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება მუსიკალური საღამო „სალონური შეხვედრები“, საღამოს სტუმარია მუსიკოსი რევაზ კიკნაძე. ღონისძიების ჩატარების მიზნით რევაზ კიკნაძესთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 250 ლარზე.

 

2015 წლის 4 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება სალონური საღამო „ყავა ქვიშაზე ნანა მესხთან“, საღამოს სტუმარია კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი. ღონისძიების ჩატარების მიზნით ნანა მესხთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 250 ლარზე.

 

2015 წლის 8 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება სალონური საღამო „სტუმრად ლაშა ღლონტთან“, საღამოს სტუმარია სპორტული ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ღონისძიების ჩატარების მიზნით ლაშა ღლონტთან გაფორმდება ხელშეკრულება 5 000 ლარზე.

 

მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორის ჯაბა სალუქვაძის მოხსენებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც იმართება მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში და „სალონური საღამო“-ების სახელით ხორციელდება. ჩვენი პროექტი შედგება ხუთი სხვადასხვა სახელწოდების საღამოებისაგან. კერძოდ: „ყავა ქვიშაზე ნანა მესხთან“, „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, „სტუმრად ლაშა ღლონტთან“, „სტუმრად ზაზა მარჯანიშვილთან“ და „სალონური შეხვედრები“. ყველა საღამოს მასპინძელს სტუმრად ჰყავს ცნობილი ადამიანები – მუსიკოსები, რეჟისორები, სპორტული ჟურნალისტები და სხვა.

 

ერთ-ერთი საღამო „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, რომელიც დაგეგმილია ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოიცავს 3 საღამოს, თითოეულ საღამოს ეყოლება თავისი სტუმარი“.

 

ამ სამი საღამოს სტუმრები იქნებიან მხატვარი ნინო ნიჟარაძე, მწერალი სანდრო ბერიძე და ახალგაზრდა პოეტები. საღამოების გამართვა დაგეგმილია 2015 წლის 28 ნოემბერს, 9 და 24 დეკემბერს.

 

თითოეული ამ საღამოსთვის გამოყოფილია 2 666 ლარი. შესაბამისად, ამ სამი ღონისძიების გამართვისთვის ვახტანგ ღლონტთან ხელშეკრულება ჯამში 7 998 ლარზე გაფორმდება.

 

ბათუმის მუსიკალურ ცენტრს აჭარის მთავრობისგან ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე აქვს, თუმცა ეს, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებასაც საჭიროებს.

 

სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე წელს ცენტრის ბიუჯეტი 3 938 391 ლარია, საიდანაც 2 575 296 ლარი შრომის ანაზღაურებას [ხელფასებს] ხმარდება. ცენტრში 338 ადამიანია დასაქმებული.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

 

 

ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმრო ქობულეთში

 

„შიმშილობა დაიწყო სამმა ადამიანმა, ჩემი შვილის ზაზა ართმელაძის მეუღლემ და ზაზას და-ძმამ.  ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ვითხოვთ, დაისაჯოს ნამდვილი დამნაშავე, ის პირები, რომლებმაც ბავშვები ჩაკეტეს სასტუმრო ოთახში და მარტო დატოვეს,“- ამბობს ბრალდებულის დედა თალიკო ართმელაძე.

 

ბრალდებულის ოჯახის წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შიმშილობენ.

 

სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

 
  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • სოციოლოგია და სოციალური
  • ანთროპოლოგია
 

დარეგისტრირდით ლინკზე https://bit. ly/1OX5LbQ  და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან ერთად არაუგვიანეს  2016 წლის 4 თებერვლისა.

 

ვინც აბარებს MUNDUS MAPP პროგრამაზე  და სურს ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის მოპოვება, განაცხადი უნდა გაგზავნოს 2016 წლის 11 იანვრამდე, ხოლო თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის და მათთვის, ვინც აბარებს ATILDA – ს პროგრამაზე და ისტორიისა და გარემოსდაცვისა და პოლიტიკის ფაკულტეტებზე და სურს სწავლის საფასურისათვის დაფინანსების მოპოვება [master’s tuition awards], განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 მაისი. ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა.

 

სასწავლო პროგრამებსა და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

 

თბილისი, ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615,  ელფოსტა: cie@osgf.ge; კონსულტაციის დღე – ორშაბათი, 15:00 ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის პირველი სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817 კონსულტაციის დღე – სამშაბათი, 15:00 უნივერსიტეტისა და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთსაერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდზე: www.cie.ge  და ფეისბუქში: Access CEU – Georgia Page და Center for International Education – Tbilisi

გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 

კურორტი გოდერძი/ფოტო: აჭარის გიდების ასოციაციის ვებ-გვერდიდან

 

მეწყერული პროცესების განვითარების შედეგად მოძრაობა შეფერხებული იყო ხულო-ადიგენის მიმართულებითაც, თუმცა როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილამდე მოძრაობა აღდგენილია.  

 

გამგებლის თქმით, „გზა ჩაკეტილია მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე, რადგან თოვლის საფარი დიდია.“ 

გამგებელი არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის გაიხსენება  გოდერძის უხელტეხილზე საავტომობილო და კურორტთან მისასვლელი გზა.

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი AUBG ბულგარეთში

 ბიზნესადმინისტრაცია

 ეკონომიკა

 კომპიუტერული მეცნიერებები

 ევროპათმცოდნეობა

 ისტორია და ცივილიზაცია

 ინფორმაციული სისტემები

 ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციები

 პოლიტიკური მეცნიერება/საერთაშორისო ურთიერთობები

 მათემატიკა

 ამერიკათმცოდნეობა

 ლიტერატურა და პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით

 

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. აპლიკანტები კონკურსის ფარგლებში ჩააბარებენ ინგლისური ენის ტესტს PBT  TOEFL და გაივლიან ინტერვიუს.

 

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას როგორც სტიპენდიების  [merit based and need based scholarships] , ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional fi – nancial aid) და საბანკო სესხის სახით.

 

AUBG -ის ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.aubg.edu/finance-your-education კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ  საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ ასევე პირველი კურსის სტუდენტებსაც. განაცხადის ფორმის შევსება შეგიძლიათ ვებგვერდზე: https://www.aubg.bg/how-to-apply-first-year

 

საშემოდგომო სემესტრი ვისაც სურს სწავლის 2016 წლის შემოდგომაზე  დაწყება და კონკურსის ფარგლებში უფასო PBT TOEFL  -ის ტესტის ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნოს და ტესტზე დარეგისტრირდეს  2016 წლის პირველი იანვრამდე.

 

საშემოდგომო სემესტრისათვის ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმისა და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის პირველი მარტი.

 

განაცხადის გაგზავნის სტანდარტული ვადაა 2016 წლის პირველი ივნისი. საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა პირველი ოქტომბერი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

 

საერთაშორისო განათლების ცენტრი ბათუმი, ბსუ, ნინოშვილის ქ.#35, ოთახი #26 ტელ.: 2 25 26 15; ელფოსტა: cie@osgf.ge

 

ასევე იხილეთ ჩვენი ცენტრის ვებგვერდი: www. cie.ge და გვერდი ფეისბუქზე: Center for International Education – Tbilisi – თბილისი ჯგუფური კონსულტაციები  ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 15:00 საათზე

ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია

ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომებერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).

მეხუთეჯერ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). ტუტული დათმო ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5).

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

 

 

ახალშენში ხანძარია

 

„იწვის ტყე-ბარდი, ამჟამად ადგილზე ერთი სახანძრო მანქანაა გასული, მეტის საჭიროება არ არის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხუსეინ სირაბიძემ. მისი თქმით მოსახლეობას ხანძრისგან საფრთხე არ ემუქრება. 



რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბის წევრები ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან
ლიტერატურული კლუბის წევრები ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან

ლიტერატურულ კლუბში არიან ბიჭებიც, თუმცა შეხვედრა მხოლოდ გოგონებთან მოვახერხეთ. ისინი მე-11 კალასელები არიან.

 

ნინო ჭაღალიძე კლუბის წევრი 2012 წელს გახდა. ლექსებს წერდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ კლუბის წევრი გამხდარიყო. „კლუბში მასტერკლასები გვიტარდება წერის ტექნიკაზე. ეს მეხმარება, უკეთესი ლექსები დავწერო“, – ამბობს ნინო.

კლუბის წევრი გოგონებიდან თითქმის ყველა წერს, ზოგიერთი ლექსს, ზოგიც – პროზას.

 

ქრისტინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კლუბში მოსვლის შემდეგ მიხვდა, მის ლექსებს ბევრი რამ რომ აკლდა: „ჩვენ ცნობილ პოეტებსა და მწერლებს ვხვდებით, მათთან საუბარი გვეხმარება, გავიზარდოთ ჯერ როგორც მკითხველები, შემდეგ კი პოეტები. გვქონდა შეხვედრა დავით წერედიანთან, ზაალ ებანოიძესთან, გურამ დოჩანაშვილთან, დათო ტურაშვილთან და კიდევ ბევრთან. მომწონს გიორგი ზანგურის ლექსებიც’.

 

მოზარდები ამბობენ, რომ წერის ტექნიკის დასახვეწად სხვადასხვა თამაშს იგონებენ. „ერთ-ერთი თამაში ჩვენი კლუბის წევრმა მირიან გორგილაძემ მოიგონა, რომელსაც რითმების თამაშს ვეძახით. სტრიქონებს შორის ვეძებთ არეულ სიტყვებს და იქედან ვაწყობთ ახალ ლექსს. ამბის გადაცემის თამაშებსაც ვაკეთებთ, რომელიც გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში“, – ამბობს ქრისტინა.

 

ლიტერატურულ კლუბში მოსწავლეები ყოველ შაბათს იკრიბებიან. „ამის გამო ძალიან მიყვარს შაბათი“, – გვეუბნება მაკა ვაშაკიძე. 

 

მაკას თქმით, „ქართულ პოეზიაში ჭარბობს პატრიოტული თემატიკა და ხშირად პათეტიკურია. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მიჯდება გონებაში, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა ვწერო“.

 

„ჩვენც ვექცევით ხოლმე ქართველი პოეტების გავლენის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვპოულობთ საკუთარ სტილსა და ადგილს“, – ეს ქრისტინას მოსაზრებაა. 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ ლიტკლუბი მათ ახალი მწერლების აღმოჩენაშიც ეხმარება. მეგი ქამაშიძე: „კლუბმა აღმომაჩენინა მზია სალვარიძე, რომელმაც კრიტიკულად განმაწყო კოელიოს მიმართ. მივხვდი, რომ კოელიო ბანალურ თემებზე წერს“. მეგის საყვარელი ნაწარმოები კენ კიზის რომანია „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. „მიყვარს ო, ჰენრი და გოდერძი ჩოხელი. ო, ჰენრი იმიტომ მიყვარს, რომ მარტივია, ლაკონური და მაგარი დასასრული აქვს მის ნაწარმოებებს, დიდ ემოციას გიტოვებს. ჩოხელიც სულში გწვდება. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ რაღაც იცვლება ჩემში და აზროვნებას ვიწყებ“.

 

„ლიტკლუბმა აღმომაჩენინა მწერალი ჯემალ ქარჩხაძე, მაგარია მისი „ზებულონი“. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძეც“, – ამბობს თამთა ჯაიანი. 

 

ო, ჰენრის ნაწარმოებები მოსწონს მარი ბალაძესაც. როგორც მარი ამბობს,  წაკითხვის შემდეგ ხშირად არჩევენ ხოლმე ნაწარმოებებს, რისი შესაძლებლობაც ლიტერატურის გაკვეთილებზე არ აქვთ. „კლასში ყველას არ აინტერესებს ლიტერატურა. რთულია სერიოზულად რაღაც განიხილო, როცა სიტყვაზე „ჩამომალაბორანტეს“ ერთი საათი შეუძლიათ იცინონ“.

 

მოსწავლეების აზრით, „ლიტკლუბი არის ერთგვარი კიდობანი, რომელიც სავსეა მუზებით“. 

 

კლუბის წევრები კითხვაზე – რატომ კითხულობთ ლიტერატურას, რას გაძლევთ ის? პასუხობენ: „ინტელექტს“. როგორ აისახება ლიტერატურა ჩვენს თანამედროვეობაში და რას გაძლევთ ის ყოველდღიურობაში? – ისევ ვეკითხებით მათ. 

 

ისინი იხსენებენ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“ ერთ-ერთ თავს – „დიდი ინკვიზიტორი“, სადაც რელიგიური საკითხებია განხილული. „რელიგიური თემები გვაინტერესებს, მაგრამ ამ თემაზე მასწავლებლები არ გვესაუბრებიან“, – ამბობენ მოზარდები და პარალელებს ავლებენ.

 

„ჩემი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაც საკმაოდ არამიმტევებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეგვიძლია „დავწვათ კოცონზე“, თუ ის ჩვენთვის მიუღებელია. დღეს ძნელად იღებენ ადამიანები განსხვავებულებს“, – ამბობს ქრისტინა.

 

„ამის გამოვლინებაა ბულინგი სკოლებში, თანატოლების ჩაგვრა და დაცინვა, თუნდაც ჩაცმულობის გამო“, – მიაჩნია მეგის.

 

მოსწავლეები ქალის ჩაგვრის საკითხსაც განიხილავენ. ამ კონტექსტში ნინო ჭაღალიძე საყვარელ ნაწარმოებად ჯონ მაქსველ კიტზეეს „სირცხვილს“ ასახელებს. „ის მოგვითხობს ქალზე, რომელიც გააუპატიურეს. თუმცა ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად ის ნებდება. დღესაც ბევრი ქალი განიცდის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის ქმრების მხრიდან. თუმცა ბევრი ეგუება ამ მდგომარეობას და ცოტა თუ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის“, – გვეუბნება ნინო.

 

კლუბის წევრები ამბობენ, რომ დისკუსიის თემას იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რა ნაწარმოებს კითხულობენ.

 

მომავალ შაბათს პოეზიას უთმობენ, ოთარ ფალიანის შემოქმედებაზე ვიდეოპრეზენტაციას გეგმავენ.

 

სკოლის ლიტკლუბს ამ დროისთვის 20-ზე მეტი წევრი ჰყავს, მათ შორის სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან.

აქცია ”ნუ გაათხოვებ” ბათუმსა და ქობულეთშიც გაიმართება

 

 

აქცია, ქალთა მოძრაობის ინიციატივით იმართება, რომელმაც აქცია facebook-ღონისძიებაზე დააანონსა, სადაც წერია: “16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს! ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! 

 

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით”.

 

“მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!” – ამ ლოზუნგით, აქციები საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 14 საათზე დაიწყება შემდეგ მისამართებზე:

 

ქუთაისში – ოპერის თეატრის წინ; 

გორში – თეატრის ბაღში;

ახალციხეში – ახალციხის ცენტრალურ პარკში;

ახალქალაქში -ახალქალაქის ცენტრალური პარკში; 

გარდაბანში – კულტურის სახლის წინ; 

ზუგდიდში – ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში; 

თელავში – თეატრის წინ; 

მარნეულში – კულტურის სახლის წინ; 

ოზურგეთში – თეატრის წინ; 

ქობულეთში – გამგეობის წინ;

დუისში, პანკისის ხეობაში – საზოგადოებრივ ცენტრში (კლუბი).

 

20:00 საათზე აქციას თბილისი შეურთდება. აქციის გამართვის ადგილი – საქართველოს კანცელარია.

 

 

დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო”

საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო „ინტურისტი“ შპს „სასტუმრო ინტურისტ პალასის“ საკუთრებაშია. საკუთრივ „ინტურისტ პალასის“ მფლობელი კი შპს „ბათუმი ინტურისტია“, რომლის წილის 50%-ს ფლობს ლევან თურმანიძე, ხოლო დანარჩენ 50%-ს თურქული კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია“. ამ კომპანიის დირექტორები არიან – მეჰმეთ აიაღი, ონურ თანრივერდი და რაულ კახაძე.

2015 წლის ივლისში „ინტურისტ პალასი“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად საფირმო სახელით – „მეტრო ინტურისტი ბათუმი“, რა დროსაც მისი დირექტორები იყვნენ ლევან თურმანიძე და მეჰმედ აიაღი.

ლევან თურმანიძემ და „მეტრო ავრასია ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გადაწყვიტეს „ბათუმი ინტურისტს“ შერწყმოდა მისი შვილობილი „მეტრო ინტურისტი ბათუმი“, კომპანია გარდაქმნილიყო სააქციო საზოგადოებად და სახელწოდება ყოფილიყო „მეტრო ბათუმი ინტურისტ“ [სხვათა შორის, სასტუმრო „ინტურისტმა“ სექტემბერში 70-მდე თანამშრომელიც დაითხოვა. მაშინ სასტუმროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა].

ზემოაღნიშნული კომპანიების შერწყმასა და ახალი სააქციო საზოგადოების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა.

„2015 წლის 9 ივლისის შეთანხმების შესაბამისად, „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ შეეზღუდა წილის გასხვისება და რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა… შესაბამისად, რეორგანიზაციის [გარდაქმნის] განხორციელებისთვის საჭიროა, კრედიტორის ხვიჩა მაქაცარიას თანხმობა ან ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“, – აღნიშნულია რეესტრის გადაწყვეტილებაში.

რეესტრმა „ინტურისტის“ პარტნიორებს მაქაცარიას თანხმობის წარსადგენად ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცა ასეთი დოკუმენტი რეესტრში არ შესულა. შესაბამისად რეესტრმა რეორგანიზაციის წარმოება შეწყვიტა.

ბათუმი ინტურისტის“ 50 პროცენტი 5 მილიონ დოლარად

ხვიჩა მაქაცარიამ 2015 წლის 9 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე „ბათუმი ინტურისტის“ 50% წილი 5 მილიონ აშშ დოლარად „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ იმ პირობით მიჰყიდა, რომ თანხის სრულად გადახდამდე კომპანიას არ ექნებოდა უფლება წილი გაესხვისებინა ან უფლებრივად სხვაგვარად დაეტვირთა. ამასთან, ხვიჩა მაქაცარია წილის გასხვისებასა და „ბათუმი ინტურისტის“ დირექტორობიდან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ დარჩენილი 50% წილის მფლობელი ლევან თურმანიძე აიღებდა ვალდებულებას, რომ სასტუმრო „ინტურისტი“ ნებისმიერ დროს მოემსახურებოდა ხვიჩა მაქაცარიას 4 სტანდარტული და 1 საპრეზიდენტო ნომრით. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორთა კრებაზე ლევან თურმანიძე დაეთანხმა ზემოაღნიშნულ პირობას. გადაწყდა გაფორმებულიყო შეთანხმება, რომ „ლევან თურმანიძე კისრულობს ვალდებულებას, ნებისმიერ დროს, მანამდე, სანამ ლევან თურმანიძის ან მასთან აფილირებული პირების საკუთრებაში იქნება სასტუმრო „ინტურისტი“, ხვიჩა მაქაცარიას ან მისი ოჯახის წევრის/ების მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად და უსასყიდლოდ, სრული პაკეტით მოემსახურება გამყიდველს ან მის მიერ მითითებულ ნებისმიერ პირს/ებს სასტუმროს ნომრებით, კერძოდ: ერთი საპრეზიდენტო და ოთხი ჩვეულებრივი ნომერი სრული პაკეტით შეუზღუდავად და უსასყიდლოდ იქნება ხვიჩა მაქაცარიას, მისი ოჯახის წევრების ან მათ მიერ მითითებული ნებისმიერი პირის სარგებლობაში“.

ხვიჩა მაქაცარიას თავისი წილი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ ჰქონდა დაგირავებული. შესაბამისად, ორივე ბანკმა თანხმობა განაცხადა, ეს წილები გასხვისებულიყო „მეტრო ავრასია ჯორჯიაზე“, ამ ბანკის სასარგებლოდ არსებული გირავნობების სრულად შენარჩუნების პირობით. შპს „ბათუმი ინტურისტი“ ლევან თურმანიძემ და ხვიჩა მაქაცარიამ 2012 წლის იანვარში დაარეგისტრირეს. მაქაცარია წილებს სხვადასხვა კომპანიში ფლობს: „თბილისი მოლიში“ 8%-ს, „ჯეო ტაოში“ – 16%-ს, „თბილისურში“ – 20%-ს, „მელისა ჯგუფში“ – 75%-ს.

“იშ ბანკში” დაგირავებულიინტურისტი

სასტუმრო „ინტურისტის“ მესაკუთრემ ლევან თურმანიძემ შპს „CASINO INTURIST“-ი 2012 წლის მარტში დააფუძნა. სამი დღის დარეგისტრირებულ კომპანიას კი სახელი შეეცვალა და დარეგისტრირდა, როგორც შპს „GRAND INTURIST“-ი. 2015 წლის 17 ივნისს ლევან თურმანიძემ „გრანდ ინტურისტის“ 100% წილიდან ნახევარი გაასხვისა ონურ თანრივერდიზე [რომელიც „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ ერთ-ერთი დირექტორია]. კრების ოქმის მიხედვით გასხვისების საფასური 200 ათასი ლარი იყო. სამეწარმეო რეესტრმა აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციაზე უარი განაცხადა, ვინაიდან რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ „გრანდ ინტურისტის“ მესაკუთრესა და სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალს“ შორის დადებული იყო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გირავნობის უფლებით კომპანიის 100% იყო დატვირთული. რეესტრმა მოითხოვა ქონების განკარგვაზე ბანკის თანხმობა, რაც არ იყო წარდგენილი რეესტრში. ამის შემდეგ, 2015 წლის 29 სექტემბერს, რეესტრში შევიდა განცხადება კომპანიაში პარტნიორის ცვლილებაზე. ლევან თურმანიძეს ამჯერად, კრების ოქმის მიხედვით, 50% წილი 2 მილიონ ლარად ჰქონდა გაყიდული იმავე ონურ თანრივერდიზე.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლევან თურმანიძის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: 100%-წილი შპს GRAND INTURIST-ში დაგირავებულია თურქეთის „იშ ბანკის“ ბათუმის ფილიალის სასარგებლოდ, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება ბანკის თანხმობა აღნიშნული წილის გასხვისებასთან დაკავშირებით“. შესაბამისად, რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო მოგვიანებით ბანკის თანხმობის არარსებობის გამო მთლიანად შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან სასტუმრო „ინტურისტის“ იპოთეკარი უკვე სააქციო საზოგადოება „იშბანკი საქართველოა“, რომელიც თურქმა პარტნიორებმა თბილისში 2015 წლის ივნისში დაარეგისტრირეს. სწორედ ეს ახალი საზოგადოებაა თურქული „იშ ბანკის“ ბათუმის ფილიალის სამართალმემკვიდრე. ფილიალი კი ლიკვიდაციის რეჟიმშია.

გალიფ ოზთურქი დამეტრო ჰოლდინგი

თურქულ „მეტრო ჰოლდინგს“ არაერთი შვილობილი კომპანია და სააქციო საზოგადოება უკავშირდება საქართველოში, ბათუმში. მათ შორისაა „მეტრო ატლას ჯორჯია“, რომლის დირექტორთა საბჭოში შედიან მეჰმეთ აიაღი, ონურ თანრივერდი, რაულ კახაძე და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გალიფ ოზთურქი.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა. „ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ინვესტორთან, ან რომელიმე დირექტორთან აუდიენცია ვერ შედგა. ინვესტორს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ხშირადაა ბათუმში და, ძირითადად, სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს. „მეტროსითის“ ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმა ამ ბოლოს ბათუმში მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.

პროექტს – „მეტროსითი“ „მეტრო ატლას ჯორჯია“ ახორციელებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ჰოლდინგმა ბათუმში ახალი სააქციო საზოგადოება „მეტრო ქონსტრაქშენ მათერიალს“ დააფუძნა, რომლის მიმართულებაც სამშენებლო საქმიანობაა. ჩვენი ინფორმაციით, მეტრო ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ სხვა ახალ პროექტში აპირებს სერიოზული ინვესტიციების ჩადებას, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში. ჩვენივე ინფორმაციით, ამ კუთხით ინვესტორი გარკვეულ მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებს ბათუმში სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლებთან თუ მესაკუთრეებთან.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ ვებსაიტის მიხედვით, „მეტრო ჰოლდინგი“, რომელიც თურქეთში, სტამბულის საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვან წილს ფლობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 70-ზე მეტ კომპანიაში 35 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ამავე საიტის ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი გეგმავს ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას საქართველოში და 3000 ადამიანის დასაქმებას 3 წლის განმავლობაში.

ქობულეთში არტ-ფესტივალი გაიხსნა

 

 

 

 

 

ფესტივალი 23 ნოემბერს, ბათუმში, გალა კონცერტით დასრულდება.

 კულტურული ღონისძიება საერთაშორისო კულტურის დღეების ფარგლებში ახალგაზრდულ ცენტრ „არტ-ფესტის“ ორგანიზებით იმართება.

 

 

ბათუმის მერია შადრევნებს არემონტებს

შადრევანი აჭარის ხელოვნების მუზეუმთან

სამუშაოებს შპს „მონოლითი-2005“, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ასრულებს.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ბათუმის მერიასა და „მონოლითი-2015“-ს შორის 24 ოქტომბერს გაფორმდა, კომპანიამ სამუშაოები 187 787 ლარად, 25 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.

შპს „მონოლითი-2005“-ს 2011 წლიდან დღემდე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ 52 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან 26 ტენდერი – მოგებული. საერთო ჯამში კი, ოთხი წლის მანძილზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 8,400,790 ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული.  

2015 წელს ეს მესამე ტენდერია, რომელშიც „მონოლითი-2005“-მა გაიმარჯვა.

პარალელურად კომპანიას აქვს ვალდებულება აღებული შეასრულოს ჯავახიშვილის #70, 72, 74 მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის დამატებითი სამუშაოები 42,455 ლარად და დემეტრე თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მდებარე სტადიონის გადატანა და მის ადგილას სკვერის მოწყობა 125,403 ლარად.

ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად „მონოლითი-2005“-მა ჯავახიშვილზე სკვერის მოწყობის სამუშაოები 25 დეკემბრამდე, ხოლო სტადიონის ადგილას სკვერის გაკეთება 30 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.


შადრევანი აჭარის ხელოვნების მუზეუმთან

 

აჭარის ხელოვნების მუზეუმთან მდებარე შადრევნების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გეგმა

ხილის გამოფენა ღია ცის ქვეშ

 

ხილის გამოფენა 2014 | ბათუმის ბოტანიკური ბაღი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი 30-მდე სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვნები.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.

ხილის გამოფენა გასულ წელსაც მოეწყო. წლევანდელი გამოფენა 14 საათზე გაიხნსება.



ქობულეთის ”შუქურას” ვალები

ქობულეთის ”შუქურა” ვარჯიშისას | ფოტო: ”ბათუმელების” არქივიდან

შუქურასბიუჯეტი

ქობულეთის საფეხბურთო „შუქურასგან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კლუბის ბიუჯეტი მიმდინარე სეზონში 1,733,010 ლარს შეადგენს, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან იღებს. თანხა ნაწილდება შრომის ანაზღაურებაზე, მივლინებებზე, საოფისე და სამედიცინო და სხვა ხარჯებზე. ხელფასებზე გათვალისწინებულია 1 440 850 ლარი. „შუქურას“ დირექტორი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ეს თანხა არ ჰყოფნის კლუბს და წლიდან წლამდე 2,300,000 ლარი მაინც სჭირდებათ.

ვალები

2015 წლის თებერვალში „შუქარამ“ ბრაზილიურ საფებურთო კლუბ „კურიტიბასთან“ გააფორმა ხელშეკრულება და სამი ფეხბურთელი სამი თვით ქობულეთში ჩამოიყვანა. ესენი იყვნენ: პაულო ვიტორ ნუნიესი, ლუის დორნელესი და ფელიპე ბეზერა. „შუქურამ“ მათ მხოლოდ პრემიები ჩაურიცხა, ხელფასები კი დღემდე არ გაუცია.

„ჩვენ ვაღიარეთ ვალი. ხელშეკრულების დროს მოვილაპარაკეთ, რომ თითო ფეხბურთელს ექნებოდა 2000 დოლარის ექვივალენტი ლარში ხელფასი, 6000 დოლარი ერთ კაცზე სამ თვეში, ეს გამოდის – 18000 დოლარი. და კიდევ მწვრთნელის ხელფასი 1000 დოლარი. სულ 21 000 დოლარს გვედავებიან. ამ ფეხბურთელებმა ჩვენ გადაგვარჩინეს არა მარტო უმაღლესი ლიგიდან გავარდნას, არამედ სეზონის ბოლოს, მეშვიდე ადგილზე გავიდა გუნდი“, – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ ჩელებაძემ და დაამატა, რომ ამ დავალიანების დაფარვას სახელმწიფოსგან არ ითხოვს. „რადგან ჩემი კაპრიზი იყო ამ ფეხბურთელებით გუნდის გაძლიერება, სახელმწიფოს არ შევეხები და ჩემით თუ ჩემი მეგობრების დახმარებით ვისესხებ, ვივალებ და ამ თანხას 30 დეკემბრამდე დავფარავ“, – ამბობს რევაზ ჩელებაძე.

სწორედ უცხოელი ფეხბურთელების გამო აქვს „შუქურას“ სხვა ვალიც – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან: რადგან „შუქურაში“ სამზე მეტი (სულ ექვსი) უცხოელი თამაშობდა, კლუბს 45 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა. „შუქურას“ ფედერაციისთვის ასევე გადასახდელი აქვს უმაღლესი ლიგის საწევრო თანხა – 60 000 ლარი.

„შუქურას“ საშეკრებო ვალიც – 31 000 დოლარი მოსდევს თურქეთის მიმართ: გუნდი 2015 წლის ზაფხულში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა ერზრუმში. კლუბის ხარჯები მასპინძელ მხარეს დაუფარავს. ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე „შუქურას“ ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. ინტერნეტმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის გამო ფეხბურთელებმა თამაშის გაყიდვა გადაწყვიტეს. რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გაიგო და ფეხბურთელებს დაელაპარაკა. ამის შემდეგ მათ ხელფასები ჩაერიცხათ. ფეხბურთელებზე საერთო ჯამში გაიცა ხუთი თვის დავალიანება – 443 408 ლარი, ხოლო პრემია – 30 700 ლარი.

რატომ დაედო ვალებიშუქურას

1,733,010 ლარი „შუქურას“ მუნიციპალიტეტისგან სამ ნაწილად გადაეცა. კლუბში განმარტავენ, რომ დაფინანსების ასეთი სისტემა ხელს უშლის ხარჯების დაგეგმვას. „გვინდა ისე მოხდეს, რომ კლუბს დაფინანსება არა ნაწილ-ნაწილ, არამედ იანვრიდან იანვრამდე ეძლეოდეს. ბათუმის „დინამო“ ჩვენთან შედარებით ღმერთივითაა: მას ბიუჯეტი ყოველთვის ერთწლიანი აქვს, იმიტომ, რომ დიდი პატრონი ჰყავს მერიის სახით. ჩვენი მუნიციპალიტეტი თავისი გაჭირვებიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებს“.

გასულ სეზონში „შუქურას“ 28 ფეხბურთელი ჰყავდა. ივნისიდან კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობა განაახლა. კლუბში დარჩა 12 ფეხბურთელი, 16 წავიდა, შესაბამისად, კლუბმა 17 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. „შუქურაში“ ამჟამად 29 ფეხბურთელი ირიცხება. იანვრიდან მაისამდე გაცემულ ხელფასებთან შედარებით, დარჩენილ 12 ფეხბურთელს ივნისიდან ხელფასი შეუმცირდა. ვალების თაობაზე კლუბში კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ – თანხა იხარჯება „ჩელე-არენას“ კომპლექსის მოვლა-შენახვაზეც. ბათუმის „დინამოს“ საკუთარი არც ბაზა და არც სტადიონი აქვს, ამიტომ „დინამოს“ ძირითადი გუნდი, დუბლშემადგნელობა და ბავშვთა გუნდები სწორედ „ჩელე-არენაზე“ ატარებენ ვარჯიშებსა და თამაშებს. „ბათუმის „დინამოს“ რა ხარჯიც არა აქვს, ის ხარჯი გვაქვს ჩვენ. ამ მინდორს მოვლა უნდა, განათება, წყალი, გაზი, – ყველაფერი ჩვენს კისერზეა. თანაც ჩვენ, მათთან შედარებით, ბევრად ნაკლები გვაქვს ბიუჯეტი“, – ამბობენ „შუქურაში“.

ხელფასები

ფეხბურთელებს გაუცემელი ხელფასები და პრემიები ოქტომბერში დაერიცხათ. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი თორნიკე თარხნიშვილს აქვს. ის ივნისში მოიყვანეს გუნდში. ოქტომბერში მას ხუთი თვის ხელფასი, საერთო ჯამში 27,000 ლარი ჩაერიცხა (თითოეულ თვეში 5 400 ლარი). რატომ ყველაზე მაღალი ხელფასი? – იმიტომ, რომ მეომარია, მოედანზე გადაკეტილი აქვს ბიჭს ყველაფერი, სულსა და გულს დებს“, – განმარტავს კლუბის დირექტორი.  ყველაზე მაღალი პრემია – 2000-2000 ლარი დარიცხულია ოთხ ფეხბურთელზე: გიორგი ჩელებაძეზე, ლაშა ჩალაძეზე, აზამატ ჯიოევსა და თენგიზ წიქარიძეზე. ჩელებაძეს, ჯიოევსა და ჩალაძეს ორჯერ მეტი პრემია აქვთ მიღებული იანვარ-მაისში, თენგიზ წიქარიძე კი ახალი ფეხბურთელია და „შუქურაში“ პრემია პირველად მიიღო. გიორგი ჩელებაძე კლუბის დირექტორის შვილია. მისი ხელფასი 4500 ლარია, ამდენივე ხელფასი კიდევ რვა ფეხბურთელს აქვს. „ჩემს შვილზე ლაპარაკობენ ხშირად, რომ მაღალი აქვს ხელფასი. გიორგი ჩელებაძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ღირსეულია და იმიტომ აქვს კაი ხელფასი“, – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ ჩელებაძემ და დასძინა: „სულითა და გულით მინდა ხალხის გამო გიორგი მოვაცილო ქობულეთს“.

როგორც კლუბში გვითხრეს, პრემიებს მწვრთნელი გასცემს შედეგის მიხედვით – სახლში მოგებაზე კლუბს 10 000 ლარი, ხოლო გასვლით თამაშზე 20 000 ლარი ერიცხება, რომელიც შემდეგ იმ ფეხბურთელებზე ნაწილდება, ვინც შედეგზე გავლენა მოახდინა. გარდა ფეხბურთელებისა, პრემიები გაიცა კიდევ 10 მომსახურე პირზე – მაქსიმუმი1500 ლარი, მინიმუმი – 400 ლარი. რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელს, მისი ხელფასი ამჟამად 750 ლარია (550 ლარი ერიცხებოდა იანვრიდან მაისის ჩათვლით), პრემია კი წელს არ მიუღია.

რუსი ოლიგარქი და დაფინანსების სხვა წყაროები

გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელს სურს „შუქურას“ დაფინანსება ორმილიონზე მეტი ლარი გახდეს, რევაზ ჩელებაძის გეგმებში შედის ევროასპარეზობაზე გასვლა. ამ შემთხვევაში ჩელებაძეს იმედი აქვს, რომ კლუბი კიდევ ერთ დაფინანსების წყაროს მოიპოვებს რუსი მილიარდერის, ანდრეი რაპაპორტისგან. „ორჯერ დამეხმარა რაპაპორტი: ერთხელ პირადად ჩემს ანგარიშზე 100 000 ევრო გადმორიცხა, მეორე წელს – 100 000 დოლარი და მითხრა, თუ ევროპის თასზე გავიყვანდი გუნდს, მხარს დამიჭერდა და ჩემთან დიდხნიან კონტრაქტს გააფორმებდა, მაგრამ შარშან ეს ვერ შევძელით, წელს კი გვითხრა, რომ ჩვენი თავისთვის თავად მიგვეხედა. თუმცა კიდევ არის შანსი რაპაპორტი მოგვიბრუნდეს, თუ წელს გავედით ევროპაზე“, – ამბობს რევაზ ჩელებაძე. თუ რა ურთიერთობა აქვს მას რუს მილიარდერთან, რევაზ ჩელებაძე ამაზე არ საუბრობს.

გარდა ამისა, რევაზ ჩელებაძე საფეხბურთო აგენტია, მისი ტრანსფერია სოლომონ ვირკველია, რომელიც ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. როგორც რევაზ ჩელებაძე გვეუბნება, სოლომონ კვირკველიას ხელფასისგან, რომელიც 60 000 ევროა, 10 პროცენტი მას ერიცხება.

ქობულეთში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

 

ბიუჯეტის დაგეგმვისას კიდევ ერთ პრიორიტეტად საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ადგილობრივი ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა დასახელდა. კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან – 5 045 279 ლარი გათვალეს.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის 13,6% გარემოს დაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად დაიხარჯება, ხოლო 43,4% – საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროს მოხმარდება.  ადგილობრივი გადასახადების ნაწილში საპროგნოზო თანხა 2 900 000 ლარს შეადგენს, სხვა შემოსავლები 2 052 900 ლარს, ხოლო ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახადების წლიური გეგმა 290 000 ლარით განისაზღვრა.


ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და  განხილვის დროს მიღებული შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ ბიუჯეტის პროექტიის საბოლოო ვარიანტში, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.



2015-11-21 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

 მათ შორის,  127 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 8 – ნიშანში დგომისთვის, 2 ტროტუარზე დგომისთვის, 2 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

Jpeg

 

 

პაატა შამუგია: დღეს მხოლოდ სკეპტიკოსი შეიძლება იყოს მართალი

 

პაატა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის პროტესტს აქვს ადგილი საქართველოში. თქვენი აზრით, რაზეა დამყარებული ეს აღშფოთება? 


პაატა შამუგია
პაატა შამუგია

მე მგონია, რომ, პირველ რიგში, ეს მოდის არა ხალხიდან, არამედ კონკრეტული ინსტიტუტებიდან. აღშფოთების მიზეზი კი გაუგებრობაა მათ არ ესმით ის კულტურული კოდები, რაც მხატვრულ ტექსტებშია მოცემული (ნახატიც ტექსტია, თუ ცნობილ თეზას დავეყრდნობით). დღეს ნახატი აღარ არის (მხოლოდ) ესთეტიკური ფაქტი, ის კონცეფციების ადგილია. ხელოვნება ტექნიკურად განვითარდა და დღეს ნებისმიერ საშუალო დონის მხატვარს შეუძლია, მაგალითად, სრულყოფილი ადამიანური სხეულების დახატვა. ამ მოსაწყენი რუტინის გასაგდებად ნახატმა უნდა შეძლოს, იყოს უფრო მეტი, ვიდრე ნახატი. რა არის უფრო მეტი, ვიდრე ნახატი? ესაა ნახატის იდეა. იდეების წვდომა რთულია და მოითხოვს დისციპლინურ ცოდნას, აზროვნებას და ინტერპრეტაციების ველის განვრცობას. ამიტომაც ჭირს ზოგჯერ თანამედროვე ნახატის (იმიჯის) ათვისება და მიღება. გაცილებით იოლია, ის, რაც არ გესმის, უბრალოდ, სატანიზმად გამოაცხადო და ამით საკუთარი დაცემული თვითშეფასება და განათლების ნაკლი „მაღალი მორალის“ ილუზიით გააწონასწორო.

 

ლიას ნახატის შესახებ საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემაც ისაუბრა, რომელმაც „ქვეყნის და სარწმუნოების შეურაცხყოფა“ უწოდა ამ ნახატს. ეს რელიგური ცენზურის მცდელობად შეგვიძლია განვიხილოთ?


 ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პატრიარქი ან საპატრიარქო ერევა მხატვრულ სფეროში. მე მგონია, რომ ლიასთან დაკავშირებითაც ზუსტად ის მოხდა, რაზეც წინა კითხვაში გიპასუხეთ – მათ, უბრალოდ, ვერ გაიგეს, რაზეა საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის ჰუმანური გზავნილის მატარებელი ნახატი, მაგრამ ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი. ნახატი თავისუფლად შეიძლება იყოს არაჰუმანური გზავნილის მატარებელი და ამის მიუხედავად, მხატვრის შემოქმედებით ავტონომიაში ჩარევის უფლება არც ერთ ინსტიტუციას არ აქვს.
საბოლოოდ კი, ხელოვნება არც მორალურია, არც ამორალური, ის არის იმორალური, ეთიკისა და მსგავსი სოციალური კონვენციების მიღმა არსებული წარმოსახვითი ადგილი. რელიგიური მორალით თუ გავზომავთ, ედვარდ მუნკის უკვე კლასიკად ქცეული „მადონა“ ცეცხლს უნდა მივცეთ – იქ ხომ თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული ღვთისმშობელია გამოსახული. კიპენბერგერი კი, „ჯვარცმული ბაყაყის“ სერიის გამო, ალბათ თავად უნდა ვაცვათ ჯვარს. აი, აქამდე მივდივართ ამ პრიმიტიული მიდგომით.

 

საუბარი იმაზე, რომ „ასეთი შეურაცხყოფა ჯერ საქართველოს არ გადაუტანია“, უბრალოდ სასაცილოა. ბოლოსდაბოლოს, ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებს მაინც არ კითხულობს ეს ხალხი? მისი პერსონაჟები ბიბლიას „ებრაელთა იწილ-ბიწილოს“ რომ უწოდებენ და თავად ქრისტეს „ებრაელ ნაბიჭვრად“ მოიხსენიებენ, ეს გაცილებით დიდი „შეურაცხყოფა“ უნდა იყოს, ამ ლოგიკით.

 

 თუმცა ამ შემთხვევაში ჯერ იყო სტუდენტების, საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი და შემდეგ მოვისმინეთ პატრიარქის განცხადებები…


 ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი. მეც ვმონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, სადაც ლიას ეს ნახატი გამოიფინა და არა მგონია, რომ შეურაცხყოფილი სახეები ჰქონოდათ სტუდენტებს. როგორც მე მითხრეს, ამ ნახატის გამო პროტესტი სოციალურ ქსელში გამოუთქვამს სტუდკავშირის რომელიღაც წევრს. როგორც წესი, ჩვენი სტუდკავშირები, ძირითადად, არის საბჭოთა იდეაზე დაფუძნებელი ბიუროკრატია და ამ იდეის გამტარებელი ნეოსოვოკებით დაკომპლექტებული. არ მესმის, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს მოგინდეს ცენზურის გატარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკიდურესად სამარცხვინო ფაქტი. 

 

 ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „ილიაუნის“ უკავშირდება მსგავსი ტიპის პროტესტი, პირველი იყო ერეკლე დეისაძის კრებულთან – „საიდუმლო სირობასთან“ დაკავშირებული საპროტესტო აქცია. თქვენი აზრით, რატომ ხდება ეს, რატომ აპროტესტებენ სწორედ ახალგაზრდები?

 

ჯავახიშვილს უწერია, „კომკავშირლები ჯერ არ დაბადებულიყვნენ, რომ უკვე დაბერდნენო“. არ მინდა ეიჯისტური აზრი გამოვიყენო, მაგრამ ადამიანი, ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ცენზურის სურვილი, უბრალოდ, აზროვნების პენსიაზეა გასული.

 

თქვენი აზრით, რითი აიხსნება ეს მოთხოვნა – არ შეეხონ საზოგადოების ერთი ჯგუფისათვის მნიშვნელოვან ღირებულებებს?

 

იცით რამდენი რამეა ჩემთვის მნიშვნელოვანი და რამდენ რამეს ეხებიან ადამიანები?! მაგრამ მე არ მივდივარ და არ ვცდილობ, მათი გამოხატვის თავისუფლება აღვკვეთო. თუ ვიღაც რაიმე კანონს არღვევს, მაშინ მიმართონ სასამართლოს, მაგრამ სამართლის ნორმებით ნაწარმოებზე მსჯელობა მთლად უსაშველო აბსურდამდე მიგვიყვანს.

 

 საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი არ ეხება მხოლოდ რელიგიურ თემებს ხელოვნებაში. იგივე მოხდა „ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით თქვენს შემთხვევაში, როცა თქვენი „ანტიტყაოსანი“ გამოვიდა, იგივე ლევან ბერძენიშვილის შემთხვევა რომ გავიხსენოთ, როცა მან ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი გააკრიტიკა და ამას საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა…

 

საბოლოო ჯამში, საუბარია რელიგიის რანგში აყვანილ იდეაზე. „ვეფხისტყაოსანიც“ განიხილებოდა როგორც ქართული ბიბლია და შესაბამისად, მისი ინტერპრეტაციაც ცოდვად მოინათლა. კიდევ კარგი, რომ არ არის ცნობილი რუსთაველის ბიოგრაფია, თორემ მას, რა თქმა უნდა, წმინდანად შერაცხავდნენ და შესაბამისად, მასზე საუბარი კიდევ უფრო გართულდებოდა ზოგ წრეებში. რელიგიურ ინსტიტუტებს უნდათ თავიანთ სფერში შემოიტყუონ ავტორიტეტული პერსონები (პოეტები, მწერლები და ა.შ.), რითაც იმიჯს იმყარებენ და მეორე მხრივ, ამ ავტორიტეტებზე საუბარს კრძალავენ. აი, როგორც ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში. დღეს არავინ ახსენებს მის წერილს, სადაც ის მღვდლებისადმი ძალიან კრიტიკულია. თავად ილიას კრიტიკაც აღიქმება, როგორც წმინდანის შეურაცხყოფა. არადა, მწერლის გარშემო აუცილებლად უნდა არსებობდეს კრიტიკა, ცოცხალი დისკუსიები, აზრების დუღილი და ა.შ. სხვანაირად, ვიღებთ დაკონსერვებულ მდგომარეობას. ქართულმა ეკლესიამ ილიას კანონიზაციით, ის, ფაქტობრივად, გაყინა, როგორც მწერალი.


კრიტიკა ახსენეთ და არსებობს გაკრიტიკების ცენზურის მცდელობაც. ბოლო დროს ეს მოხდა დავით დარჩიაშვილის ფეისბუქის სტატუსთან დაკავშირებით, როცა მან გააკრიტიკა ნოდარ დუმბაძე, ეს შეიქმნა დიდი განხილვის საგანი და ფეისბუქზე ფაქტობრივად ყველა ახალი ამბავი გადაფარა რაღაც დროის მანძილზე ამ თემამ. ასეთ დროს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?


პირველ რიგში, მე არ ვეთანხმები დარჩიაშვილის კრიტიკას, ვფიქრობ, რომ ნოდარ დუმბაძე არის კარგი მწერალი, რომელმაც ბევრ ჩვენგანს შინაარსიანი ბავშვობა აჩუქა. პერსონაჟების გამო ავტორის გამოცხადება კრიმინალის მოქადაგედ ცოტა უხერხული მგონია. მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის კრიტიკაც მისაღებია და ამის გამო შეურაცხყოფა არავის უნდა მივაყენოთ.

 

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, მან ილია ჭავჭავაძის უამრავ დადებით როლზე ისაუბრა იმ „ავადსახსენებელ“ კრიტიკასთან ერთად. ვის ვის და, მას ვიღაც ყვითელი პრესის უნიჭო ჟურნალისტები ვერ ასწავლიან ლიტერატურას. უბრალოდ თქვა, როგორც პოეტი არ მომწონსო და რა არის ამაში შეურაცხმყოფელი, ვერ ვხვდები. აუცილებელია, ყველას ერთნაირი გემოვნება გვქონდეს, ერთნაირი ავტორები მოგვწონდეს და ერთნაირი კბილის ჯაგრისით ვიხეხავდეთ კბილებს?! ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, ცენზორები არიან ყველაზე მოსაწყენი ადამიანები. ადამიანთა ერთ ჯგუფს ეზიზღება ყველა, ვინც მისნაირად არ ფიქრობს, ეს არის კატასტროფა. აი, ეს ხალხი რომ მიუშვა ხელისუფლებაში, ერთ დღეში დაამყარებს ფაშიზმს.

 

 ზოგადად რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ხელოვანი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი თავის გამოხატვაში და არ გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი?


 ისტორიას უნდა გადავხედოთ, რა მოიტანა გამოხატვის შეზღუდვამ? კარგი არაფერი. შეხედულებები იცვლება, თავდაყირა დგება და ისინი, ვინც ადრე რაღაც აზრის გამო დაისაჯნენ, მერე მართლები აღმოჩნდნენ. არც ისაა საიდუმლო, რომ ძალაუფლების მსახურებმა უამრავი პროგრესული მეცნიერი და მწერალი „ააშიშხინეს“ კოცონზე. ისტორიამ ჭკვიან საზოგადოებებს ასწავლა, რომ მხოლოდ საკუთარი აზრის სისწორიდან არ უნდა ამოხვიდე და განსხვავებული აზრი არ უნდა გაანადგურო. დღეს რაც ჭეშმარიტებაა, ხვალ შეიძლება ამოყირავდეს და თავზე დაგვემხოს ყველაფერი. ამიტომ არის კრიტიკა მნიშვნელოვანი – ძალაუფლებასა და ინდივიდს შორის დისპროპორცია ძალიან რომ არ გაიზარდოს, გაბატონებულმა იდეამ რომ არ ჩაახშოს ინდივიდუალური აზრები და ა.შ. განვითარებისთვის უკეთესია, ერთ კონკრეტულ ადამიანზე მივმართოთ ძალისხმევა და არა რაღაც აბსტრაქტულ „ხალხზე“. თან, ისე ამბობენ ამ ხალხს, გეგონება რაღაც მონოლითური რობოტების ჯგუფზე იყოს საუბარი, რომელთაც უეჭველად ერთი სწორხაზოვანი აზრი აქვთ.
ალბათ ყველა საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ გარშემო მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი აზრები არსებობდეს. საბოლოოდ, ეს ყველასთვის წამგებიანია.

 

რაც შეეხება ხელოვნებას, აქ კიდევ უფრო რთულად არის საქმე: ხელოვნება არაა თვლადი კატეგორია და მის ობიექტურ მოხელთებას ესეც ართულებს. აქ დისციპლინის ცოდნასთან ერთად, გჭირდება ე.წ. „სუბიექტური ობიექტურობა“. უიტმენმა როდესაც დაწერა „ბალახის ფოთლები“, გენიოსმა კნუტ ჰამსუნმა ბრიყვად და წერა-კითხვის არმცოდნედ მონათლა, მეორე გენიოსმა ემერსონმა კი – შედევრების პატრონად. ვერც ჰამსუნს დავწამებთ ლიტერატურის უცოდინრობას და ვერც ემერსონს. ნურავინ ნუ დაიჩემებს, რომ მას აქვს კრიტერიუმების რაღაც ბაზა, რომელიც არის ჭეშმარიტი. დღეს მხოლოდ სკეპტიკოსი შეიძლება იყოს მართალი.

 

 

 

სპორტის ახალი სახეობა საქართველოში

 

საქართველოს ფუტნეტის ასოციაცია 2014 წლის 14 ივნისს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებლები არიან: ირაკლი ღლონტი, ნიკოლოზ მეგრელიშვილი, ჯაბა ჭანტურია, ირაკლი აბულაძე, ლევან გიორგაძე

 

ბატონო ირაკლი, რა არის ფუტნეტი, როგორია მისი თამაშის წესები?

– სათამაშო მოედანი ტენისის კორტებს ჰგავს, არის სპეციალური ბურთი, ფეხბურთის ბურთის მსგავსი, რომელიც უნდა ითამაშო ფეხით, მკერდით და თავით, ხელის გარეშე. თამაში არის ერთიერთზე, ორი-ორზე და სამი-სამზე. ბათუმის ღია პირველობა ორიორზე და სამი-სამზე ჩავატარეთ. შარშან ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ახალგაზრდებს შორის. საქართველოდანაც იყვნენ წასული ახალგაზრდები გამოცდილების მისაღებად. კონსულტაციები გვქონდა ევროპის ფედერაციასთან.

 

საიდან გაჩნდა ამ სპორტის სახეობის შექმნის სურვილი საქართველოში, არიან ფუტნეტის მიმდევრები?

– ზოგადად, სპორტის ახალი სახეობაა მსოფლიოში. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეტანა სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც. ახლა კი ვცდილობთ გავუკეთოთ პოპულარიზაცია. ვგეგმავთ სასკოლო ტურნირების ჩატარებას, აჭარის რეგიონული ფედერაციის გახსნას. შემდეგ იმერეთის ტურნირის ჩატარებას და იმერეთის რეგიონალური ფედერაციის გახსნას. ფედერაციების ბაზაზე რეგიონებში განვითარდება ეს სახეობა. ამის შემდეგ ვგეგმავთ საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებასაც. ეს არის საწყისი ეტაპები ფუტნეტის პოპულარიზაციისთვის საქართველოში. დეკემბერში თუ მოვასწრებთ, შეიძლება თბილისშიც გავმართოთ ტურნირი. მომდევნო წლიდან ყველა რეგიონში ჩავატარებთ.

 

ასოციაციას რა ფინანსები გაქვთ, სახელმწიფოსგან იღებთ თანხას?

– სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ გვაქვს. თუმცა, ამჯერად ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, თასების, სიგელებისა და საჩუქრებისთვის. კერძო სექტორიდან, მეგობრების დახმარებით, ჩვენი რესურსიდან ვაფინანსებთ ასოციაციას.

 

მწვრთნელი ვინ არის?

– ჯერჯერობით მწვრთნელი არ გვყავს, გვყავდა კოორდინატორები, ვისაც ნათამაშევი ჰქონდა ფუტნეტი და ტურნირებზეც იყო ნამყოფი. ტურნირის ჩატარებამდე კოორდინატორებმა დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს აუხსნეს თამაშის წესები.

 

  

 

გადარჩენილი შველი მტირალას პარკში გაუშვეს

 

გადარჩენილი შველი

 

შველი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, რეაბილიტაციის მიზნით ვეტერინართან გადაიყვანეს, მას გარეგანი დაზიანებები ჰქონდა. მოგვიანებით კი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

 

შველი შპს „მაჭახელაჰესის“ ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი. ეს ინფორმაცია დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა. 

 

 

სოციალურად დაუცველ ოჯახს ოთხი თვეა დახმარება არ მიუღია

ლიკა სანიკიძე

როინ გუნდაძე და თამაზ ბაკურიძე

„2015 წლის 20 აგვისტოდან აღარ ვიღებთ სოციალურ დახმარებას. მითხრეს, არის მასიური გადამოწმებაო. დახმარებისთვის ორჯერ მივაკითხე [სოციალურ სააგენტოს], ბევრი განაცხადია და ამიტომ დაგიგვიანდათ და ყველაფერი ერთად აგინაზღაურდებათო. ამას დაემატა ბავშვის მდგომარეობაც… როცა გარდაცვალების ცნობა მივიტანე, მითხრეს, სანამ ქულები დაითვლება და ჩამოვა პასუხი, დაწერე განცხადება, რომ ერთი ადამიანი გამოაკლდეს თქვენს სოციალურ დახმარებას, მერე კიდევ მოვა აგენტი და გადაგამოწმებთო. ოთხი თვე დასჭირდა ჩემთან აგენტის მოსვლას, ამის მერე კიდევ რამდენი დასჭირდება, არ ვიცი“ – განაცხადა ლიკა სანიკიძემ ბრიფინგზე.

ცოლ-ქმარს 3 ნოემბერს 9 წლის შვილი გარდაეცალა.  ისინი ოცნების ქალაქში 2014 წლის ოქტომბერში დასახლდნენ. ოჯახს არ აქვს საცხოვრებელი პირობები, რასაც დედა გარდაცვლილი შვილის ჯანმრთელობის შერყევის მიზეზად მიიჩნევს.

„ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დაგვეხმარნენ მეზობლები, ნათესავები, მერიამაც ერთჯერადი დახმარება – 500 ლარი გადმოგვცა,“ – ამბობს ლიკა სანიკიძე და სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

ბრიფინგზე ასევე იმყოფებოდა ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“  თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე, ის აცხადებს, რომ ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მიმართავს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, გარდა სოციალური დახმარების აღდგენისა „შეშითა და ელემენტარული პირობებით დააკმაყოფილონ ოჯახი“. 

ე.წ ”ოცნების ქალაქი” | ბარაკი #97

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა შუახევის საკრებულოში

 

2016 წლის ბიუჯეტის განხილვა შუახევის საკრებულოში
2016 წლის ბიუჯეტის განხილვა შუახევის საკრებულოში

2016 წლის შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმა 7 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს, აქედან 3 მილიონ 140 ლარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, 1 მილიონ 811 400 ლარი – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობას,  77 900 – სამოქალაქო თავდაცვას, 577 200 – სკოლამდელ განათლებას, 110 000 ლარი კი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებას მოხმარდება.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვისას განსაკუთრებით ხმაური სოფელ დარჩიძეებში სოფლის სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს მოჰყვა, რომლის მოსაწყობად წინასწარ გაწერილი თანხის მიხედვით, 105 000 ლარი დაიხარჯება.

 

საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით გამგეობამ პრიორიტეტები არასწორად განსაზღვრა, ისინი შიდა სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად თანხის გამოყოფას და ბიუჯეტის გეგმაში შესწორების შეტანას მოითხოვდა.

 

„ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სოსლან ზოიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა,  რომ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება , შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დროულად ვერ ასრულებს.

 

„სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიუჯეტის საჯარო განხილვას დაემალა, ბიუჯეტში ვხედავ ციფრებს, მაგრამ ციფრები გასულ წელსაც იყო ნაჩვენები, თუმცა თანხა გამგეობამ ვერ აითვისა. ფურტიოს წყალსადენზე გამოყოფილი 700 000 ლარიდან ერთი თეთრიც არ არის ათვისებული, ბაგა-ბაღების მოწყობაზე გამოყოფილი 450 000 ლარით ვერც ერთი საბავშვო ბაღი ვერ დასრულდა, ფურტიოს რაგბის სტადიონი, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, წელსაც არ დასრულებულა“ – განაცხადა სოსლან ზოიძემ.

 

ოპოზიციის შენიშვნებს უსაფუძლოდ მიიჩნევს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ის ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი და  გამგეობა მხოლოდ რიგ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

 

„2016 წლის შუახევის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის, საკრებულოს დეპუტატებისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დროს დაიგეგმა, ამდენად პროექტი ობიექტურად შედგა და ოპოზიციას ვერ დავეთანხმები.  ბიუჯეტის საჯარო განხილვა იმიტომ მოეწყო, რომ ჩვენ მოვუსმინოთ მოსახლეობას, ოპოზიციას, სამსახურის უფროსებს, ყველა საღი აზრი გათვალისწინებული იქნება,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას თვითმმართველი ორგანოს საჯარო დარბაზში, დეპუტატებთან ერთად,  გამგეობის სამსახურის უფროსები, აიპების, შეპესეების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე არ დასწრებია.

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

ლიტკლუბის წევრები

ლიტერატურულ კლუბში არიან ბიჭებიც, თუმცა შეხვედრა მხოლოდ გოგონებთან მოვახერხეთ. ისინი მე-11 კალასელები არიან.

ნინო ჭაღალიძე კლუბის წევრი 2012 წელს გახდა. ლექსებს წერდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ კლუბის წევრი გამხდარიყო. „კლუბში მასტერკლასები გვიტარდება წერის ტექნიკაზე. ეს მეხმარება, უკეთესი ლექსები დავწერო,“ – ამბობს ნინო.

კლუბის წევრი გოგონებიდან თითქმის ყველა წერს, ზოგიერთი ლექსს, ზოგიც – პროზას.

ქრისტინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კლუბში მოსვლის შემდეგ მიხვდა, მის ლექსებს ბევრი რამ რომ აკლდა: „ჩვენ ცნობილ პოეტებსა და მწერლებს ვხვდებით, მათთან საუბარი გვეხმარება, გავიზარდოთ ჯერ როგორც მკითხველები, შემდეგ კი პოეტები. გვქონდა შეხვედრა დავით წერედიანთან, ზაალ ებანოიძესთან, გურამ დოჩანაშვილთან, დათო ტურაშვილთან და კიდევ ბევრთან. მომწონს გიორგი ზანგურის ლექსებიც.“

მოზარდები ამბობენ, რომ წერის ტექნიკის დასახვეწად სხვადასხვა თამაშს იგონებენ. „ერთ-ერთი თამაში ჩვენი კლუბის წევრმა მირიან გორგილაძემ მოიგონა, რომელსაც რითმების თამაშს ვეძახით. სტრიქონებს შორის ვეძებთ არეულ სიტყვებს და იქედან ვაწყობთ ახალ ლექსს. ამბის გადაცემის თამაშებსაც ვაკეთებთ, რომელიც გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში,“-  ამბობს ქრისტინა.

ლიტერატურულ კლუბში მოსწავლეები ყოველ შაბათს იკრიბებიან. „ამის გამო ძალიან მიყვარს შაბათი,“-  გვეუბნება მაკა ვაშაკიძე.
მაკას თქმით, „ქართულ პოეზიაში ჭარბობს პატრიოტული თემატიკა და ხშირად პათეტიკურია. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მიჯდება გონებაში, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა ვწერო.“

„ჩვენც ვექცევით ხოლმე ქართველი პოეტების გავლენის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვპოულობთ საკუთარ სტილსა და ადგილს,“ – ეს ქრისტინას მოსაზრებაა.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ლიტკლუბი მათ ახალი მწერლების აღმოჩენაშიც ეხმარება. მეგი ქამაშიძე: „კლუბმა აღმომაჩენინა მზია სალვარიძე, რომელმაც კრიტიკულად განმაწყო კოელიოს მიმართ. მივხვდი, რომ კოელიო ბანალურ თემებზე წერს“. მეგის საყვარელი ნაწარმოები კენ კიზის რომანია „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. მიყვარს ო, ჰენრი და გოდერძი ჩოხელი. ო, ჰენრი იმიტომ მიყვარს, რომ მარტივია, ლაკონური და მაგარი დასასრული აქვს მის ნაწარმოებებს, დიდ ემოციას გიტოვებს. ჩოხელიც სულში გწვდება. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ რაღაც იცვლება ჩემში და აზროვნებას ვიწყებ“.

„ლიტკლუბმა აღმომაჩენინა მწერალი ჯემალ ქარჩხაძე, მაგარია მისი „ზებულონი“. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძეც“, – ამბობს თამთა ჯაიანი.
ო, ჰენრის ნაწარმოებები მოსწონს მარი ბალაძესაც. როგორც მარი ამბობს, წაკითხვის შემდეგ ხშირად არჩევენ ხოლმე ნაწარმოებებს, რისი შესაძლებლობაც ლიტერატურის გაკვეთილებზე არ აქვთ. „კლასში ყველას არ აინტერესებს ლიტერატურა. რთულია სერიოზულად რაღაც განიხილო, როცა სიტყვაზე „ჩამომალაბორანტეს“ ერთი საათი შეუძლიათ იცინონ“.

მოსწავლეების აზრით, „ლიტკლუბი არის ერთგვარი კიდობანი, რომელიც სავსეა მუზებით“.

კლუბის წევრები კითხვაზე – რატომ კითხულობთ ლიტერატურას, რას გაძლევთ ის? პასუხობენ: „ინტელექტს“. როგორ აისახება ლიტერატურა ჩვენს თანამედროვეობაში და რას გაძლევთ ის ყოველდღიურობაში? – ისევ ვეკითხებით მათ.

ისინი იხსენებენ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“ ერთ-ერთ თავს – „დიდი ინკვიზიტორი“, სადაც რელიგიური საკითხებია განხილული. „რელიგიური თემები გვაინტერესებს, მაგრამ ამ თემაზე მასწავლებლები არ გვესაუბრებიან,“ – ამბობენ მოზარდები და პარალელებს ავლებენ.

„ჩემი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაც საკმაოდ არამიმტევებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეგვიძლია „დავწვათ კოცონზე“, თუ ის ჩვენთვის მიუღებელია. დღეს ძნელად იღებენ ადამიანები განსხვავებულებს,“ – ამბობს ქრისტინა.

„ამის გამოვლინებაა ბულინგი სკოლებში, თანატოლების ჩაგვრა და დაცინვა, თუნდაც ჩაცმულობის გამო,“ – მიაჩნია მეგის.

მოსწავლეები ქალის ჩაგვრის საკითხსაც განიხილავენ. ამ კონტექსტში ნინო ჭაღალიძე საყვარელ ნაწარმოებად ჯონ მაქსველ კიტზეეს „სირცხვილს“ ასახელებს. „ის მოგვითხობს ქალზე, რომელიც გააუპატიურეს. თუმცა ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად ის ნებდება. დღესაც ბევრი ქალი განიცდის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის ქმრების მხრიდან. თუმცა ბევრი ეგუება ამ მდგომარეობას და ცოტა თუ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის,“ – გვეუბნება ნინო.

კლუბის წევრები ამბობენ, რომ დისკუსიის თემას იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რა ნაწარმოებს კითხულობენ.

მომავალ შაბათს პოეზიას უთმობენ, ოთარ ფალიანის შემოქმედებაზე ვიდეოპრეზენტაციას გეგმავენ.

სკოლის ლიტკლუბს ამ დროისთვის 20-ზე მეტი წევრი ჰყავს, მათ შორის სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

 

მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი
მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი

„პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ტექნიკური პირობა – თუ რა ტიპის ავტობუსი არის საჭირო ბათუმისთვის. მთავარი, რაც ამ ეტაპზე არის გადასაწყვეტი, ისაა, როგორი ავტობუსები შევიძინოთ – ელექტროჰიბრიდული, გაზზე მომუშავე, თუ ჩვეულებრივი – დიზელზე. იბიარდი გაგვიწევს შესაბამის კონსულტაციას და ამის მიხედვით მივყვებით პროცედურებს,“ – განაცხადა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონსულტანტს თავად იბიარდი ტენდერის საშუალებით შეარჩევს [პირველად ტექნიკურ დავალებას ორგანიზაციას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში მიაწვდის]. კონსულტანტის შერჩევასა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას კი, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ავტობუსების პარკის განახლებასთან დაკავშირებით სწორედ სამი თვის შემდეგ, ანუ მომავალი წლის თებერვალში უფრო ჩამოყალიბებული იქნებიან.

 

„ფაქტობრივად ვართ ჩამოყალიბებული რა გვინდა, მაგრამ ვინაიდან იბიარდი სესხს გვაძლევს, შესაბამისად, მათ კონსულტაციას ველოდებით. ძირითადად, ალბათ იქნება სიგრძით 9-9,5-მეტრიანი ავტობუსები. სესხის მოცულობაც იმის მიხედვით იქნება, თუ რა ტიპის ავტობუსებზე შევჯერდებით. თუ ენერგოეფექტურობას გავითვალისწინებთ, სესხის თანხაც მეტი იქნება. ელექტრო და დიზელზე მომუშავე ავტობუსების ფასში თითქმის სამჯერაა სხვაობა,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

კონსულტაციის შემდეგ, როცა საბოლოო ტექნიკური და ფინანსური დავალება მომზადდება, ბათუმის მერია ან ბათუმის ავტოტრანსპორტი გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს ახალი ავტობუსების შესაძენად.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში 15 სამარშრუტო ხაზია, რომლებზეც ყოველდღიურად 104-106 ავტობუსი მოძრაობს [არის 3-4 ავტობუსი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, თუმცა, საწარმოს დირექტორის თქმით, მათი აღდგენა ძვირი დაჯდება].

 

მოსახლეობა გარკვეულ უბნებში ახალი ხაზების გახსნას ითხოვს [მაგალითად, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვერ უკავშირდებიან გორგილაძის ქუჩას], ასევე ჩივიან ავტობუსებს შორის ინტერვალზეც, განსაკუთრებით არასამუშაო დღეებში [მაგალითად, N11 მარშრუტი].

 

„ნორმალური გრაფიკითა და ნორმალური ინტერვალებით ქალაქს უპრობლემოდ ვემსახურებით, თუმცა წერილობით შემოდის მოთხოვნა მოსახლეობისგანაც ხაზის დამატებაზე. განვიხილავთ, მაგრამ არსებული პარკი არ იძლევა ახალი ხაზის შემოღების საშუალებას. ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში კი, ეს მუნიციპალური ტრანსპორტია და, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს გავითვალისწინებთ. როცა ავტობუსების რაოდენობა გვეცოდინება, იმის მიხედვით გადაწყდება ხაზებისა თუ ავტობუსების დამატების საკითხიც,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

 

ქალაქის მერია „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 2016 წელშიც დააფინანსებს. შესაბამისი პროგრამის პროექტის მიხედვით კი, მომავალი წლიდან ქალაქში 15-ის ნაცვლად 17 სამარშრუტო ხაზი იქნება. ამავე პროექტის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებული მგზავრების რაოდენობა მილიონზე მეტია; ხოლო მერია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას [საოპერაციო დეფიციტის დაფარვას] 5,9 მილიონი ლარით გეგმავს.

 

მომავალი წლისთვის „თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური და ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას, ისარგებლოს შეღავათიანი მგზავრობის საფასურით. არსებული ფინანსური გაანგარიშებით, საწარმოს შემოსავლები [3,6 მილიონი ლარი] არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

 

„მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიზნით“ 2016-2019 წლებში ბათუმის ბიუჯეტიდან, პროექტის მიხედვით, ჯამში 23,6 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.


 

3 კვარტალის მონაცემებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 94%-ით შესრულდა

სამინისტროს 9 თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის ჯანდაცვის  მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ 18 ნოემბერს,  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომისიის სხდომაზე წარადგინა.

მიმდინარე წლის სამი კვარტალის მონაცემებით:

– ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 1989 ვაუჩერი;

– გულის ქირურგიის პროგრამით გაიცა 345 ვაუჩერი;

– მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამით გაიცა 1646 ვაუჩერი;

– სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით გაიცა 80 ვაუჩერი;

– 106 სოფლის ექიმის დამატებითი შრომის ანაზღაურებისათვის გაიხარჯა 196 063 ლარი, სოფლის ექიმის მომსახურებით ისარგებლა 106 371-მა სოფლის მცხოვრებმა;

– სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ექიმამდელი სამედიცინო სერვისები მიეწოდა 169 221 სოფლის მცხოვრებს;

– თსპ 228 ექთანზე გაიცა 562 841 ლარი შრომის ანაზღაურების სახით, გადაეცათ 56242 ლარის მედიკამენტები, 5638 ლარის ღირებულების გლუკომეტრები და ტესტ-ჩხირები;

– ახალშობილი ტყუპების 53 ოჯახზე გაიცა 108 000 ლარი;

– 100 წელს გადაცილებულ 45 მოქალაქეზე გაიცა  45 ლარი;

– ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახზე, დედებსა და მეუღლეებზე გაიცა 79 000 ლარი;

– სადღეღამისო თავშესაფარში მოთავსდა 20 ბენეფიციარი (მარტოხელა დედები შვილებთან ერთად);

– ჩატარდა გადამდებ დაავადებათა  1243  კერის ეპიდკვლევა;

– მალარიის საწინააღმდეგოდ გამოკვლეულ იქნა– 432 620კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი,ინსექტიციდით დამუშავდა 180 000 კვ.მ., დაგამბუზირდა– 514,1 ჰა ფართობის წყალსატევი;

– ჯანმრთელობის გაკვეთილების ფარგლებში საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განხორციელდა 114 ვიზიტი, 189 შეხვედრა,  დაესწრო 4865  მსმენელი;

– მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯფუფში ხორციელდება ქედის, შუახევისა  და  ხულოს მუნიციპალიტეტებში, ისარგებლა  23 604–მა ბენეფიციარმა: 17 223 მოსწავლემ, 6381 ბაღის აღსაზრდელმა. გამოკვლეულ ბავშვთა 58%–ში გამოვლინდა სხვადასხვა სახის პათოლოგია, რომელთა 28% სიცოცხლეში პირველად იქნა დიაგნოსტირებული;

– ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში, ისარგებლა 1294-მა 0–200 000–მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულმა;

– c  ჰეპატიტით დაავადებულ პირთა   დიაგნოსტიკა, ცენტრის მიერ გაცემული ვაუჩერის რაოდენობა, მ.შ: მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი გამოკვლევების თანადაფინანსებისათვის: I ეტაპი – 417, II ეტაპი – 299,  III ეტაპი –73, IV ეტაპი –95. მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო გამოკვლევები – 35;

– C ჰეპატიტის სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტირებით ჩატარდა 2551 გამოკვლევა , მ.შ. 533 დადებითი;

– კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში, განხორციელდა 17 ვიზიტი, გამოიკვლია  719 ბენეფიციარი, მათ შორის შუახევში–10 ვიზიტი,  ბენეფიციარი – 430, ხულოში–7ვიზიტი,  ბენეფიციარი – 289.

– სმენის სკრინინგი ახალშობილებში – სმენის   პირველადი სკრინინგი ჩაუტარდა 434 ახალშობილს;

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 84 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 427 509 ლარის ოდენობით, მათ შორის:

– სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით – 163 794 ლარი;

– მიწისძვრა, ქირა 26 ოჯახი – 70 200 ლარი;

– ხანძარი 26 ოჯახი – 163 515 ლარი;

– ტრანსპორტირება 20 ოჯახი – 30 000 ლარი.

საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდა 16 ეკომიგრანტი ოჯახი

ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სოციალური დახმარების და სამედიცინო მომსახურებისთვის – 470 797 ლარი გამოიყო, საიდანაც დაიხარჯა – 429 393 ლარი, აქედან:

– 62 პაციენტის მკურნალობისთვის – 309 704 ლარი;

– 2 პაციენტის მედიკამენტების შესაძენად – 16 000 ლარი;

– 8 ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის – 70 395 ლარი.

– ქობულეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის – 570 ლარი.

– საზღვარგარეთიდან 2 ცხედრის გადმოსვენებისთვის – 19 724 ლარი.

– ქ. თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვების რეაბილიტაციისათვის – 13 000 ლარი.

ბელორუსიაში ბიზნესფორუმი „მინსკი-ბათუმი“ ტარდება

 

ბიზნესფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. დელეგაცია ბელარუსის რესპუბლიკას 21 ნოემბერს დატოვებს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს მართავენ.

 

მინსკში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ.

 

 

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღეს და გაეცნენ აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეორგოლსაც. პრეზენტაციები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტები

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებია:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“.

14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

15. სს  „თელასი“.

16. სს  „საქართველოს რკინიგზა“.

17. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.

18. შპს „ენგურჰესი“.

19. შპს  „საქაერონავიგაცია“.

20. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

21. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

22. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი.

23. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

24. ქალაქ ბათუმის პორტი.

25. ქალაქ ფოთის პორტი.

 

ბათუმი /არჩილ კახაძის ფოტო/

2015-11-20 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ბათუმში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა კომისიამ განიხილა

Jpeg

შეხვედრაზე შპს სანდასუფთავების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ძველი ბათუმის უბანში, ვიწრო ქუჩების გამო, მანქანებს გაურთულდება გადააგილება, ამიტომ უკეთესი იქნებოდა საპილოტედ სხვა უბნის არჩევა, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა განმარტა, ძველი ბათუმის უბანი სტრატეგიულად შეირჩა, რადგან ეს უფრო ტრანსპარანტული ადგილია და ქალაქის სხვა ნაწილებთან შედარებით, აქ ყოველთვის მეტი ტურისტი მოდის. გარდა ამისა, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ უბანში ურნების დამატება, ახლა მოხდება ეს თუ ერთი წლის შემდეგ არ აქვს აზრი. ამას მაინც ვერ ავცდებით,” – თქვა მან.

გეგმა ითვალისწინებს უბნის რუკის შექმნას (საზღვრების, სკოლების, მაღაზიების და არსებული სანაგვე ურნების განლაგება), ასევე პილოტური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის განსაზღვრას (სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნების ზუსტი რაოდენობის, განლაგებისა და შეგროვების მარშრუტის განსაზღვრას).

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა ერთობლივად შემუშავდა ბათუმისა და გოლდენის (აშშ) მუნიციპალიტეტების მიერ.

შეხვედრაზე ინოვაციური მოწყობილობის “Smart Bin”-ის (“გონიერი ურნის”) პრეზენტაციაც გაიმართა. ამ მოწყობილობისთვის გამოიყენება უკაბელო სენსორი, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება სავსეა თუ არა სანაგვე ურნა. მერიის ინფორმაციით, ასეთი ურნების გამოყენებით შესაძლებელია ხარჯების 50%-ით დაზოგვა. “Smart Bin”-ის მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ დაფიქსირდება სიგნალი შევსებულ ურნებზე და აღარ იქნება საჭირო დროისა და საწვავის ზედმეტად ხარჯვა დანარჩენი ურნების გადასამოწმებლად.

Exit mobile version