სიახლეები

2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა შუახევის საკრებულოში

20.11.2015 • 1470
2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა შუახევის საკრებულოში

 

2016 წლის ბიუჯეტის განხილვა შუახევის საკრებულოში
2016 წლის ბიუჯეტის განხილვა შუახევის საკრებულოში

2016 წლის შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმა 7 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს, აქედან 3 მილიონ 140 ლარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, 1 მილიონ 811 400 ლარი – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობას,  77 900 – სამოქალაქო თავდაცვას, 577 200 – სკოლამდელ განათლებას, 110 000 ლარი კი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებას მოხმარდება.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვისას განსაკუთრებით ხმაური სოფელ დარჩიძეებში სოფლის სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს მოჰყვა, რომლის მოსაწყობად წინასწარ გაწერილი თანხის მიხედვით, 105 000 ლარი დაიხარჯება.

 

საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით გამგეობამ პრიორიტეტები არასწორად განსაზღვრა, ისინი შიდა სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად თანხის გამოყოფას და ბიუჯეტის გეგმაში შესწორების შეტანას მოითხოვდა.

 

„ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სოსლან ზოიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა,  რომ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება , შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დროულად ვერ ასრულებს.

 

„სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ბიუჯეტის საჯარო განხილვას დაემალა, ბიუჯეტში ვხედავ ციფრებს, მაგრამ ციფრები გასულ წელსაც იყო ნაჩვენები, თუმცა თანხა გამგეობამ ვერ აითვისა. ფურტიოს წყალსადენზე გამოყოფილი 700 000 ლარიდან ერთი თეთრიც არ არის ათვისებული, ბაგა-ბაღების მოწყობაზე გამოყოფილი 450 000 ლარით ვერც ერთი საბავშვო ბაღი ვერ დასრულდა, ფურტიოს რაგბის სტადიონი, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, წელსაც არ დასრულებულა“ – განაცხადა სოსლან ზოიძემ.

 

ოპოზიციის შენიშვნებს უსაფუძლოდ მიიჩნევს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ის ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი და  გამგეობა მხოლოდ რიგ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

 

„2016 წლის შუახევის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის, საკრებულოს დეპუტატებისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დროს დაიგეგმა, ამდენად პროექტი ობიექტურად შედგა და ოპოზიციას ვერ დავეთანხმები.  ბიუჯეტის საჯარო განხილვა იმიტომ მოეწყო, რომ ჩვენ მოვუსმინოთ მოსახლეობას, ოპოზიციას, სამსახურის უფროსებს, ყველა საღი აზრი გათვალისწინებული იქნება,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას თვითმმართველი ორგანოს საჯარო დარბაზში, დეპუტატებთან ერთად,  გამგეობის სამსახურის უფროსები, აიპების, შეპესეების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე არ დასწრებია.

გადაბეჭდვის წესი