სიახლეები

25 748 ლარი შვიდი სალონური საღამოსთვის ბათუმში

23.11.2015 • 3202
25 748 ლარი შვიდი სალონური საღამოსთვის ბათუმში

 

თუ რატომ ატარებს თითოეული ეს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს – მუსიკალურ ცენტრს შესყიდვების ვებგვერდზე არანაირი არგუმენტი არ აქვს მოყვანილი, გარდა იმისა, რომ  „აღნიშნული ღონისძიება ატარებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ხასიათს“.

 

ის, თუ რამ გამოიწვია ცალკეული ამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი? – მუსიკალური ცენტრი განმარტავს: „ღონისძიების ჩატარების იდეა წარმოიშვა მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. გამარტივებული ელტენდერის ან ელტენდერის საშუალებით ვერ მოხერხდება აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მიმდინარე წელს. წინასწარ შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა, რადგან დაკავშირებულია მთელ რიგ სპეციფიკურ მომენტებთან, მონაწილესთან შეთანხმება და დაგეგმვა“.

 

ამჯერად საუბარია 7 საღამოზე, რისთვისაც ჯამში 25 748 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება ღონისძიებების ჩატარების გრაფიკს:

 

2015 წლის 27 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება მუსიკალური საღამო „სალონური შეხვედრები“, საღამოს სტუმარია მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე. ღონისძიების ჩატარების მიზნით ზვიად ბოლქვაძესთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 250 ლარზე.

 

2015 წლის პირველ დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება მუსიკალური საღამო „სალონური შეხვედრები“, საღამოს სტუმარია მუსიკოსი რევაზ კიკნაძე. ღონისძიების ჩატარების მიზნით რევაზ კიკნაძესთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 250 ლარზე.

 

2015 წლის 4 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება სალონური საღამო „ყავა ქვიშაზე ნანა მესხთან“, საღამოს სტუმარია კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი. ღონისძიების ჩატარების მიზნით ნანა მესხთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 250 ლარზე.

 

2015 წლის 8 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება სალონური საღამო „სტუმრად ლაშა ღლონტთან“, საღამოს სტუმარია სპორტული ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ღონისძიების ჩატარების მიზნით ლაშა ღლონტთან გაფორმდება ხელშეკრულება 5 000 ლარზე.

 

მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორის ჯაბა სალუქვაძის მოხსენებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც იმართება მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში და „სალონური საღამო“-ების სახელით ხორციელდება. ჩვენი პროექტი შედგება ხუთი სხვადასხვა სახელწოდების საღამოებისაგან. კერძოდ: „ყავა ქვიშაზე ნანა მესხთან“, „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, „სტუმრად ლაშა ღლონტთან“, „სტუმრად ზაზა მარჯანიშვილთან“ და „სალონური შეხვედრები“. ყველა საღამოს მასპინძელს სტუმრად ჰყავს ცნობილი ადამიანები – მუსიკოსები, რეჟისორები, სპორტული ჟურნალისტები და სხვა.

 

ერთ-ერთი საღამო „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, რომელიც დაგეგმილია ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოიცავს 3 საღამოს, თითოეულ საღამოს ეყოლება თავისი სტუმარი“.

 

ამ სამი საღამოს სტუმრები იქნებიან მხატვარი ნინო ნიჟარაძე, მწერალი სანდრო ბერიძე და ახალგაზრდა პოეტები. საღამოების გამართვა დაგეგმილია 2015 წლის 28 ნოემბერს, 9 და 24 დეკემბერს.

 

თითოეული ამ საღამოსთვის გამოყოფილია 2 666 ლარი. შესაბამისად, ამ სამი ღონისძიების გამართვისთვის ვახტანგ ღლონტთან ხელშეკრულება ჯამში 7 998 ლარზე გაფორმდება.

 

ბათუმის მუსიკალურ ცენტრს აჭარის მთავრობისგან ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე აქვს, თუმცა ეს, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებასაც საჭიროებს.

 

სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე წელს ცენტრის ბიუჯეტი 3 938 391 ლარია, საიდანაც 2 575 296 ლარი შრომის ანაზღაურებას [ხელფასებს] ხმარდება. ცენტრში 338 ადამიანია დასაქმებული.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: