კვირის ამბები

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

22.11.2015 • 1836
რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბის წევრები ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან
ლიტერატურული კლუბის წევრები ბათუმის მე-10 საჯარო სკოლიდან

ლიტერატურულ კლუბში არიან ბიჭებიც, თუმცა შეხვედრა მხოლოდ გოგონებთან მოვახერხეთ. ისინი მე-11 კალასელები არიან.

 

ნინო ჭაღალიძე კლუბის წევრი 2012 წელს გახდა. ლექსებს წერდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ კლუბის წევრი გამხდარიყო. „კლუბში მასტერკლასები გვიტარდება წერის ტექნიკაზე. ეს მეხმარება, უკეთესი ლექსები დავწერო“, – ამბობს ნინო.

კლუბის წევრი გოგონებიდან თითქმის ყველა წერს, ზოგიერთი ლექსს, ზოგიც – პროზას.

 

ქრისტინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კლუბში მოსვლის შემდეგ მიხვდა, მის ლექსებს ბევრი რამ რომ აკლდა: „ჩვენ ცნობილ პოეტებსა და მწერლებს ვხვდებით, მათთან საუბარი გვეხმარება, გავიზარდოთ ჯერ როგორც მკითხველები, შემდეგ კი პოეტები. გვქონდა შეხვედრა დავით წერედიანთან, ზაალ ებანოიძესთან, გურამ დოჩანაშვილთან, დათო ტურაშვილთან და კიდევ ბევრთან. მომწონს გიორგი ზანგურის ლექსებიც’.

 

მოზარდები ამბობენ, რომ წერის ტექნიკის დასახვეწად სხვადასხვა თამაშს იგონებენ. „ერთ-ერთი თამაში ჩვენი კლუბის წევრმა მირიან გორგილაძემ მოიგონა, რომელსაც რითმების თამაშს ვეძახით. სტრიქონებს შორის ვეძებთ არეულ სიტყვებს და იქედან ვაწყობთ ახალ ლექსს. ამბის გადაცემის თამაშებსაც ვაკეთებთ, რომელიც გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში“, – ამბობს ქრისტინა.

 

ლიტერატურულ კლუბში მოსწავლეები ყოველ შაბათს იკრიბებიან. „ამის გამო ძალიან მიყვარს შაბათი“, – გვეუბნება მაკა ვაშაკიძე. 

 

მაკას თქმით, „ქართულ პოეზიაში ჭარბობს პატრიოტული თემატიკა და ხშირად პათეტიკურია. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მიჯდება გონებაში, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა ვწერო“.

 

„ჩვენც ვექცევით ხოლმე ქართველი პოეტების გავლენის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვპოულობთ საკუთარ სტილსა და ადგილს“, – ეს ქრისტინას მოსაზრებაა. 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ ლიტკლუბი მათ ახალი მწერლების აღმოჩენაშიც ეხმარება. მეგი ქამაშიძე: „კლუბმა აღმომაჩენინა მზია სალვარიძე, რომელმაც კრიტიკულად განმაწყო კოელიოს მიმართ. მივხვდი, რომ კოელიო ბანალურ თემებზე წერს“. მეგის საყვარელი ნაწარმოები კენ კიზის რომანია „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. „მიყვარს ო, ჰენრი და გოდერძი ჩოხელი. ო, ჰენრი იმიტომ მიყვარს, რომ მარტივია, ლაკონური და მაგარი დასასრული აქვს მის ნაწარმოებებს, დიდ ემოციას გიტოვებს. ჩოხელიც სულში გწვდება. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ რაღაც იცვლება ჩემში და აზროვნებას ვიწყებ“.

 

„ლიტკლუბმა აღმომაჩენინა მწერალი ჯემალ ქარჩხაძე, მაგარია მისი „ზებულონი“. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძეც“, – ამბობს თამთა ჯაიანი. 

 

ო, ჰენრის ნაწარმოებები მოსწონს მარი ბალაძესაც. როგორც მარი ამბობს,  წაკითხვის შემდეგ ხშირად არჩევენ ხოლმე ნაწარმოებებს, რისი შესაძლებლობაც ლიტერატურის გაკვეთილებზე არ აქვთ. „კლასში ყველას არ აინტერესებს ლიტერატურა. რთულია სერიოზულად რაღაც განიხილო, როცა სიტყვაზე „ჩამომალაბორანტეს“ ერთი საათი შეუძლიათ იცინონ“.

 

მოსწავლეების აზრით, „ლიტკლუბი არის ერთგვარი კიდობანი, რომელიც სავსეა მუზებით“. 

 

კლუბის წევრები კითხვაზე – რატომ კითხულობთ ლიტერატურას, რას გაძლევთ ის? პასუხობენ: „ინტელექტს“. როგორ აისახება ლიტერატურა ჩვენს თანამედროვეობაში და რას გაძლევთ ის ყოველდღიურობაში? – ისევ ვეკითხებით მათ. 

 

ისინი იხსენებენ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“ ერთ-ერთ თავს – „დიდი ინკვიზიტორი“, სადაც რელიგიური საკითხებია განხილული. „რელიგიური თემები გვაინტერესებს, მაგრამ ამ თემაზე მასწავლებლები არ გვესაუბრებიან“, – ამბობენ მოზარდები და პარალელებს ავლებენ.

 

„ჩემი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაც საკმაოდ არამიმტევებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეგვიძლია „დავწვათ კოცონზე“, თუ ის ჩვენთვის მიუღებელია. დღეს ძნელად იღებენ ადამიანები განსხვავებულებს“, – ამბობს ქრისტინა.

 

„ამის გამოვლინებაა ბულინგი სკოლებში, თანატოლების ჩაგვრა და დაცინვა, თუნდაც ჩაცმულობის გამო“, – მიაჩნია მეგის.

 

მოსწავლეები ქალის ჩაგვრის საკითხსაც განიხილავენ. ამ კონტექსტში ნინო ჭაღალიძე საყვარელ ნაწარმოებად ჯონ მაქსველ კიტზეეს „სირცხვილს“ ასახელებს. „ის მოგვითხობს ქალზე, რომელიც გააუპატიურეს. თუმცა ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად ის ნებდება. დღესაც ბევრი ქალი განიცდის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის ქმრების მხრიდან. თუმცა ბევრი ეგუება ამ მდგომარეობას და ცოტა თუ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის“, – გვეუბნება ნინო.

 

კლუბის წევრები ამბობენ, რომ დისკუსიის თემას იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რა ნაწარმოებს კითხულობენ.

 

მომავალ შაბათს პოეზიას უთმობენ, ოთარ ფალიანის შემოქმედებაზე ვიდეოპრეზენტაციას გეგმავენ.

 

სკოლის ლიტკლუბს ამ დროისთვის 20-ზე მეტი წევრი ჰყავს, მათ შორის სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: