Batumelebi | დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო” დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო” – Batumelebi
RU | GE  

დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო”

 

 

  სასტუმრო „ინტურისტში“ რამდენიმე დღის წინ პროექტ „მეტრო სითის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში ახალ ბულვართან ახორციელებს. ამ კომპანიის მფლობელმა – თურქულმა „მეტრო ჰოლდინგმა“ კი, რამდენიმე თვის წინ, „ბათუმი ინტურისტის“ 50% წილი შეიძინა. სასტუმრო „ინტურისტთან“ დაკავშირებული კომპანიები საჯარო რეესტრში ცვლილებებს ვერ არეგისტრირებენ, ვინაიდან მთელი ქონება იპოთეკითაა დატვირთული.

საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო „ინტურისტი“ შპს „სასტუმრო ინტურისტ პალასის“ საკუთრებაშია. საკუთრივ „ინტურისტ პალასის“ მფლობელი კი შპს „ბათუმი ინტურისტია“, რომლის წილის 50%-ს ფლობს ლევან თურმანიძე, ხოლო დანარჩენ 50%-ს თურქული კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია“. ამ კომპანიის დირექტორები არიან – მეჰმეთ აიაღი, ონურ თანრივერდი და რაულ კახაძე.

2015 წლის ივლისში „ინტურისტ პალასი“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად საფირმო სახელით – „მეტრო ინტურისტი ბათუმი“, რა დროსაც მისი დირექტორები იყვნენ ლევან თურმანიძე და მეჰმედ აიაღი.

ლევან თურმანიძემ და „მეტრო ავრასია ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გადაწყვიტეს „ბათუმი ინტურისტს“ შერწყმოდა მისი შვილობილი „მეტრო ინტურისტი ბათუმი“, კომპანია გარდაქმნილიყო სააქციო საზოგადოებად და სახელწოდება ყოფილიყო „მეტრო ბათუმი ინტურისტ“ [სხვათა შორის, სასტუმრო „ინტურისტმა“ სექტემბერში 70-მდე თანამშრომელიც დაითხოვა. მაშინ სასტუმროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა].

ზემოაღნიშნული კომპანიების შერწყმასა და ახალი სააქციო საზოგადოების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა.

„2015 წლის 9 ივლისის შეთანხმების შესაბამისად, „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ შეეზღუდა წილის გასხვისება და რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა… შესაბამისად, რეორგანიზაციის [გარდაქმნის] განხორციელებისთვის საჭიროა, კრედიტორის ხვიჩა მაქაცარიას თანხმობა ან ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“, – აღნიშნულია რეესტრის გადაწყვეტილებაში.

რეესტრმა „ინტურისტის“ პარტნიორებს მაქაცარიას თანხმობის წარსადგენად ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცა ასეთი დოკუმენტი რეესტრში არ შესულა. შესაბამისად რეესტრმა რეორგანიზაციის წარმოება შეწყვიტა.

ბათუმი ინტურისტის“ 50 პროცენტი 5 მილიონ დოლარად

ხვიჩა მაქაცარიამ 2015 წლის 9 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე „ბათუმი ინტურისტის“ 50% წილი 5 მილიონ აშშ დოლარად „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ იმ პირობით მიჰყიდა, რომ თანხის სრულად გადახდამდე კომპანიას არ ექნებოდა უფლება წილი გაესხვისებინა ან უფლებრივად სხვაგვარად დაეტვირთა. ამასთან, ხვიჩა მაქაცარია წილის გასხვისებასა და „ბათუმი ინტურისტის“ დირექტორობიდან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ დარჩენილი 50% წილის მფლობელი ლევან თურმანიძე აიღებდა ვალდებულებას, რომ სასტუმრო „ინტურისტი“ ნებისმიერ დროს მოემსახურებოდა ხვიჩა მაქაცარიას 4 სტანდარტული და 1 საპრეზიდენტო ნომრით. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორთა კრებაზე ლევან თურმანიძე დაეთანხმა ზემოაღნიშნულ პირობას. გადაწყდა გაფორმებულიყო შეთანხმება, რომ „ლევან თურმანიძე კისრულობს ვალდებულებას, ნებისმიერ დროს, მანამდე, სანამ ლევან თურმანიძის ან მასთან აფილირებული პირების საკუთრებაში იქნება სასტუმრო „ინტურისტი“, ხვიჩა მაქაცარიას ან მისი ოჯახის წევრის/ების მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად და უსასყიდლოდ, სრული პაკეტით მოემსახურება გამყიდველს ან მის მიერ მითითებულ ნებისმიერ პირს/ებს სასტუმროს ნომრებით, კერძოდ: ერთი საპრეზიდენტო და ოთხი ჩვეულებრივი ნომერი სრული პაკეტით შეუზღუდავად და უსასყიდლოდ იქნება ხვიჩა მაქაცარიას, მისი ოჯახის წევრების ან მათ მიერ მითითებული ნებისმიერი პირის სარგებლობაში“.

ხვიჩა მაქაცარიას თავისი წილი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ ჰქონდა დაგირავებული. შესაბამისად, ორივე ბანკმა თანხმობა განაცხადა, ეს წილები გასხვისებულიყო „მეტრო ავრასია ჯორჯიაზე“, ამ ბანკის სასარგებლოდ არსებული გირავნობების სრულად შენარჩუნების პირობით. შპს „ბათუმი ინტურისტი“ ლევან თურმანიძემ და ხვიჩა მაქაცარიამ 2012 წლის იანვარში დაარეგისტრირეს. მაქაცარია წილებს სხვადასხვა კომპანიში ფლობს: „თბილისი მოლიში“ 8%-ს, „ჯეო ტაოში“ – 16%-ს, „თბილისურში“ – 20%-ს, „მელისა ჯგუფში“ – 75%-ს.

“იშ ბანკში” დაგირავებულიინტურისტი

სასტუმრო „ინტურისტის“ მესაკუთრემ ლევან თურმანიძემ შპს „CASINO INTURIST“-ი 2012 წლის მარტში დააფუძნა. სამი დღის დარეგისტრირებულ კომპანიას კი სახელი შეეცვალა და დარეგისტრირდა, როგორც შპს „GRAND INTURIST“-ი. 2015 წლის 17 ივნისს ლევან თურმანიძემ „გრანდ ინტურისტის“ 100% წილიდან ნახევარი გაასხვისა ონურ თანრივერდიზე [რომელიც „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ ერთ-ერთი დირექტორია]. კრების ოქმის მიხედვით გასხვისების საფასური 200 ათასი ლარი იყო. სამეწარმეო რეესტრმა აღნიშნული ცვლილების რეგისტრაციაზე უარი განაცხადა, ვინაიდან რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ „გრანდ ინტურისტის“ მესაკუთრესა და სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალს“ შორის დადებული იყო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გირავნობის უფლებით კომპანიის 100% იყო დატვირთული. რეესტრმა მოითხოვა ქონების განკარგვაზე ბანკის თანხმობა, რაც არ იყო წარდგენილი რეესტრში. ამის შემდეგ, 2015 წლის 29 სექტემბერს, რეესტრში შევიდა განცხადება კომპანიაში პარტნიორის ცვლილებაზე. ლევან თურმანიძეს ამჯერად, კრების ოქმის მიხედვით, 50% წილი 2 მილიონ ლარად ჰქონდა გაყიდული იმავე ონურ თანრივერდიზე.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლევან თურმანიძის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: 100%-წილი შპს GRAND INTURIST-ში დაგირავებულია თურქეთის „იშ ბანკის“ ბათუმის ფილიალის სასარგებლოდ, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება ბანკის თანხმობა აღნიშნული წილის გასხვისებასთან დაკავშირებით“. შესაბამისად, რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო მოგვიანებით ბანკის თანხმობის არარსებობის გამო მთლიანად შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან სასტუმრო „ინტურისტის“ იპოთეკარი უკვე სააქციო საზოგადოება „იშბანკი საქართველოა“, რომელიც თურქმა პარტნიორებმა თბილისში 2015 წლის ივნისში დაარეგისტრირეს. სწორედ ეს ახალი საზოგადოებაა თურქული „იშ ბანკის“ ბათუმის ფილიალის სამართალმემკვიდრე. ფილიალი კი ლიკვიდაციის რეჟიმშია.

გალიფ ოზთურქი დამეტრო ჰოლდინგი

თურქულ „მეტრო ჰოლდინგს“ არაერთი შვილობილი კომპანია და სააქციო საზოგადოება უკავშირდება საქართველოში, ბათუმში. მათ შორისაა „მეტრო ატლას ჯორჯია“, რომლის დირექტორთა საბჭოში შედიან მეჰმეთ აიაღი, ონურ თანრივერდი, რაულ კახაძე და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გალიფ ოზთურქი.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა. „ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ინვესტორთან, ან რომელიმე დირექტორთან აუდიენცია ვერ შედგა. ინვესტორს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ხშირადაა ბათუმში და, ძირითადად, სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს. „მეტროსითის“ ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმა ამ ბოლოს ბათუმში მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.

პროექტს – „მეტროსითი“ „მეტრო ატლას ჯორჯია“ ახორციელებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ჰოლდინგმა ბათუმში ახალი სააქციო საზოგადოება „მეტრო ქონსტრაქშენ მათერიალს“ დააფუძნა, რომლის მიმართულებაც სამშენებლო საქმიანობაა. ჩვენი ინფორმაციით, მეტრო ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ სხვა ახალ პროექტში აპირებს სერიოზული ინვესტიციების ჩადებას, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში. ჩვენივე ინფორმაციით, ამ კუთხით ინვესტორი გარკვეულ მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებს ბათუმში სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლებთან თუ მესაკუთრეებთან.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ ვებსაიტის მიხედვით, „მეტრო ჰოლდინგი“, რომელიც თურქეთში, სტამბულის საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვან წილს ფლობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 70-ზე მეტ კომპანიაში 35 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ამავე საიტის ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი გეგმავს ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას საქართველოში და 3000 ადამიანის დასაქმებას 3 წლის განმავლობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე