მთიანი აჭარა

„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ

23.11.2015 • 3693
„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ მახუნცეთთან, საჯარო სკოლის მიმდებარედ, იქ, სადაც სკოლის მოსწავლეები  ცენტრალურ საავტომობილო გზას ყოველდღიურად კვეთენ, გზაზე მოწყობილი საავტომობილო სიჩქარის შემზღუდველი ხელოვნური ბარიერები, ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“ რამდენიმე კვირის წინ აიღეს. მახუნცეთის გარდა, საგზაო დეპარტამენტის მიერ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოწყობილი ხელოვნური ბარიერები სხვა ადგილებშიც აყრილია.

 

არადა, მოსახლეობამ ამ მონაკვეთებზე საავტომობილო სვლის შემანელებელი ხელოვნური ბარიერის მოწყობა ადგილობრივ გამგეობას გასულ წელს სთხოვა. გამგეობამ, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დასახლებულ პუნქტებთან და საჯარო სკოლების მიმდებარედ, სიჩქარის შემანელებელი ბარიერების მოწყობის თხოვნით საატომობილო გზების აჭარის დირექციას მიმართა. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტმა ქედის მონაკვეთზე 13, ხოლო ბათუმი-ახალციხის სრულ მონაკვეთზე 36 შემანელებელი მოაწყო.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების ადმინისტრაციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ სვლის შემანელებელს საგზაო დეპარტამენტი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად აკეთებს. ის აღნიშნავს, რომ რიგ ადგილებზე მოწყობილი „მწოლიარე პოლიციელები“ მოსახლეობამ თვითნებურად აყარა, ზოგან კი საგზაო დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აიღო.

 

 

„მას შემდეგ, რაც სვლის შემანელებლები მოვაწყეთ, ავარიების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა მოეწყოს შემანელებლები, აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

 

შემცირებული ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, ქედის გამგებელი „მწოლიარე პოლიციელებს“ უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ ხელოვნური ბარიერები საავტომობილო მიმოსვლას აფერხებს, განსაკუთრებით კი რეანომობილისთვის, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები გადაჰყავს ბათუმში მაღალმთიანი აჭარიდან.

 

წელს ქედის გამგეობას ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე „მწოლიარე პოლიციელების“ ნაცვლად სიჩქარის განმსაზღვრელი მოწყობილობები და ვიდეოთვალები უნდა დაემონტაჟებინა. როგორც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, გამგეობა წელს რადარების მონტაჟს ვერ შეძლებს:

 

„ერგეში მოსახლეობამ მოითხოვა „ბუგორის“ აღება. რაც შეეხება ქედის მონაკვეთს, არ ვიცით ვინ აიღო, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა და საქართველოს საავტომობილო გზების შესახებ კანონით, რაიმე სახის ხელოვნური ბარიერების მოწყობა  იკრძალება. ჩვენ ვფიქრობდით ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სიჩაქარის მზომი ორი რადარი და ვიდეოთვალები მოგვეწყო. გასული წლის გათვლებით, რადარების მოსაწყობად 60 000 ლარი გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ მას შემდეგ ისეთი თანამედროვე ტექნიკა შემოვიდა, რის ყიდვასაც ვაპირებდით, აღარ ვიყიდით. ის ტექნიკა სრულყოფილად ვერ არკვევდა მანქანის ნომერს, რაც ახალ ტექნიკას შეუძლია. თანამედროვე ტექნიკისთვის კი 60 000 ლარი საკმარისი არ არის. ვფიქრობდი, ერთი რადარი დოლოგანში მოგვეწყო, იქ, სადაც, ერთი კვირის განმავლობაში სამი ავარია მოხდა. გამოსავალს რადარებისა და ვიდეოთვალების მოწყობაში ვხედავ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: