მთიანი აჭარა

გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა

23.11.2015
გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა

 

რატომ დარჩა ვაკანტური გამგებლის მოადგილის თანამდებობა ქედის მუნიციპალიტეტში? – ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით დუმბაძეს მივმართეთ. ის აცხადებს, რომ ვაკანტურ პოზიციაზე მის მოადგილედ ეკონომიკური განათლების მქონე კადრის დანიშვნა უნდოდა. შესაბამისი კადრის ძიებამ კი გამგებლის მოადგილის დანიშვნის პროცესი დააყოვნა.

 

„განათლებით ინჟინერი ვარ, მეორე სპეციალობით კი – იურისტი. იქედან გამომდინარე, რომ ერთი მოადგილე განათლების კუთხით მუშაობს და მეორე – ჯანდაცვის, მინდოდა მოადგილე განათლებით ეკონომისტი ყოფილიყო და ფინანსური კუთხით ემუშავა. ეს იყო მიზეზი, რამაც დააყოვნა პროცესი. კარგ ფინანსისტს ვეძებდი“, – ამბობს გამგებელი.

 

კითხვაზე, არის თუ არა საჭიროება ვაკანტური თანამდებობის დროულად შევსება და ხომ არ აფერხებს შტატით გათვალისწინებული კადრის არარსებობა სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტში, დავით დუმბაძე პასუხობს: 

 

„ამ ეტაპზე სამუშაოს თავს ვართმევთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ან შეიცვლება სტრუქტურა, ან ვნახავთ კარგ ფინანსისტს. საჭიროება ნამდვილად არის. ვფიქრობთ, მალე გამოინახება შესაბამისი კადრი“.

 

მუნიციპალიტეტებში გამგებლებს კანონმდებლობით პირველი მოადგილე და მოადგილეები ჰყავთ. ქედაში სწორედ პირველი მოადგილის პოზიციაა ვაკანტური. მოადგილეების თანამდებობას აქ მამუკა ფარტენაძე და გურამ ბერიძე იკავებენ. რაც შეეხება პირველი მოადგილის თანამდებობას – მას შემდეგ, რაც ქედაში გამგებლის პოზიციაზე დავით დუმბაძე აირჩიეს, მის მოადგილედ გურამ ლომინაძე დანიშნა. ლომინაძე ამ თანამდებაზე ქედის გამგეობაში რვა თვის განმავლობაში  მუშაობდა, დაკავებული თანამდებობიდან კი ის გამგებლისვე განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: