რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას.

არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.

კომისიის თავმჯდომარეა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი  მოადგილე იონა წითელაძე, ხოლო წევრები არიან: არჩილ კახიძე – ბულვარის დირექტორი [რომელსაც, მისივე თქმით, დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობის დატოვებაზე], ასევე პარმენ ჯალაღონია – მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გელა ცინცაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

არჩილ ხაბაძის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს: ირაკლი ახალაძეს – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსს; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალებს; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალს; „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“; საინიციატივო ჯგუფის წევრებს – რაულ ფატლაძეს და დავით თოფურიძეს.

„ბათუმელები“ ზემოაღნიშნულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ არიან გარკვეული დეტალებში, კომისიის შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს და შესაბამისად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ, მიიღებენ თუ არა  მონაწილეობას მის მუშაობაში.

დღესვე ბულვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქალაქ ბათუმის მერმაც. გიორგი ერმაკოვის თქმით, ბულვარის მერიისთვის გადაცემა დამოკიდებულია კაპიტალური პროექტების დასრულებაზე: „დასრულდეს ეს პროცესი და შემდეგ ბათუმის ბულვარი გადმოეცეს მართვისათვის მთლინად ბათუმის მუნიციპალიტეტს… ჩვენ მთლიანად შევისწავლით მენეჯმენტს, ბულვარის საჭიროებებს და გავაფორმებთ მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, არაუგვიანეს 2016 წლის დეკემბრისა“.

ბულვარის ბათუმის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის 2 თებერვალს განაცხადა. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში, მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რაც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

ბრძანება N25 / 3.02.2016
ბრძანება N25 / 3.02.2016

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე.

„მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, ბათუმის ბულვარს მართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი, ადმინისტრაციის ცვლილება ამ პროცესში მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, იქედან გამომდინარე რომ აღნიშნული კაპიტალური პროექტები არის შეთანხმებული. ვსაუბრობ ფილების შეცვლაზე, სანიღვრე სისტემის შეცვლაზე, ბორდიურების მოწყობაზე, რომელიც შეთანხმებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან, გამოცხადებულია ტენდერები და მიმდინარეობს კაპიტალური სამუშაოები. ეს სამუშაოები აუცილებლად უნდა დასრულდეს არსებული მენეჯმენტის პირობებში.
დღესაც რომ შევქმნათ ჩვენ ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით შპს თუ აიპი, ის გამოიწვევს გარკვეულ სამართლებრივ სირთულეებს. ამიტომ დაწყებული პროცესები, ხაზგასმით ვამბობ, რაც მერიასთან არის შეთანხმებული: საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, ფილების მოწყობა, ბორდიურები, სხვა, კომუნალური სისტემების რეაბლიტაცია, უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე იმ მენეჯმენტის პირობებში.

იმ კონტრაქტორებთან, ვინც ჰყავს ეკონომიკის სამინსიტროს სსიპს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ შპს-ს თუ აიპის პირობებში სამართლებრივ ურთიერთობას. ეს ნიშნავს, რომ ფილების დაგება უნდა შეწყდეს, გამოცხადდეს ახალი ტენდერები, 5 თვეა დარჩენილი საზაფხულო სეზონამდე და ეს გამოიწვევს ტურისტულ სეზონზე შეფერხებას.

საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მერია შევა წინადადებით სკარებულოში, მიიღოს ნებართვა, ეს იქნება შპს თუ აიპი ბათუმის ბულვარის დაფუძნების თაობაზე, კაპიტალური პროექტების დასრულების შემდეგ ეს განკარგულება შევა ძალაში და ჩვენ მთლიანად შევისწავლით მენეჯმენტს, ბულვარის საჭიროებებს და გავაფორმებთ მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროსთან, არაუგვიანეს 2016 წლის დეკემბრისა, კაპიტალური პროექტების დასრულებაზეა ეს დამოკიდებული. დასრულდეს ეს პროცესი და შემდეგ ბათუმის ბულვარი გადმოეცეს მართვისათვის მთლიანად ბათუმის მუნიციპალტეტს“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე განიხილა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რომელიც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

H1N1 – აჭარაში სტაციონარში მოთავსების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა ამბულატორიებში მიმართვა გაიზარდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, იკლო პაციენტთა სტაციონარში მოთავსების შემთხვევებმა, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაიზარდა ამბულატორიებში მიმართვის რიცხვი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში მიმართა 321-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 128 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის, 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. დადასტურებული შემთხვევებიდან 7 რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში, 1– თბილისში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 30 გამოჯანმრთელდა.

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა.

კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა” – თემურ კახიძემ და სულხან ღლონტმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ [8 დეპუტატი].

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ.

დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა.

არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა.

არჩილ ხაბაძემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად, უმაღლეს საბჭოში კვაჭაძის კანდიდატურას ხელახლა უყრიან კენჭს. თუ კვლავ ვერ აირჩა – მესამედაც. საბოლოოდ, თუ დავით კვაჭაძე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია, არჩილ ხაბაძე კანონმდებლობის თანახმად „უმაღლეს საბჭოს
3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს“. თუ უსკოს თავმჯდომარე მაინც არ იქნება არჩეული, მთავრობის თავმჯდომარე ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.

ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

„მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის ბიუჯეტებში. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საკრებულოს სხდომის ჩატარება, მოვიწვიოთ ქალაქის მერი და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და გავიაროთ ბულვარის ქალაქზე გადმოცემის საკითხი,” – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მერიაში განაცხადეს, რომ ელოდებიან აჭარის მთავრობისგან შესაბამისი დოკუმენტების მიღებას.

რაც შეეხება ბულვარის ადმინისტრაციას, დირექტორმა, არჩილ კახიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებაზე მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

აჭარის მთავრობამ განცხადება ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნებაზე, 2016 წლის 2 თებერვალს გააკეთა.

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში?

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარე ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ იმაზეც არის დამოკიდებული, რას გააკეთებს ჩვენი მთავრობა. არაფერი ისეთი კატასტროფული არ ხდება, რომ ეს პროცესი ვერ შევაჩეროთ.
 

რა არის მთავრობაზე დამოკიდებული და რა გარე ფაქტორებზე?

მეზობელ ქვეყნებში უფასურდება რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და თურქული ლირა – ეს ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვა მეტი იაფი იმპორტირებული პროდუქცია და ჩვენგან ექსპორტს კიდევ უფრო გაუჭირდება გასვლა.

ბევრი დოლარი გავა და ნაკლები შემოვა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით საგარეო ფაქტორებს. შიდა ფაქტორს რაც შეეხება – მთავრობას შეუძლია სწრაფად შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები. გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმაც, რომ უკვე დავიწყეთ მსჯელობა და ფიქრი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზეო. ახლა ალბათ დააკვირდებიან პროცესებს, როგორც წინა წელს, თუ ცოტა დასტაბილურდა ლარი, შეაჩერებენ ამ პირობას, შემდეგ როცა ისევ გაექცევათ, ისევ შეიკრიბებიან და ა.შ.

მთავრობის მიერ დღეს დაწყებული ფიქრი ხარჯების შემცირებაზე დაგვიანებული ხომ არ არის?

დაგვიანებულია, ბუნებრივია. ბოლო ერთი კვირა რომ ავიღოთ, ლარის გაუფასურების საკითხი პირდაპირ მიბმულია საბიუჯეტო ხარჯებზე. ხარჯავ ბევრ ფულს, ლარი უფასურდება. გუშინ და გუშინწინ შედარებით ნაკლები დახარჯეს და 50-იდან 47-ზე ჩამოვიდა კურსი.

დაახლოებით რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები, ლარის ინფლაცია რომ აღარ გაგრძელდეს?

მარტო ხარჯების შემცირებაც არ არის მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ხარჯავ. ბიუჯეტს აქვს ყოველდღიური შემოსავალი და ხარჯიც, მაგალითად, გასულ პარასკევს 59 მილიონი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავალი, დახარჯა 11 მილიონი ლარი. ეს კურსისთვის იყო კარგი. 48 მილიონი დაზოგა. მაგრამ ერთი კვირის წინ, 22 იანვარს, პირიქით გააკეთა: 49 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე ჰქონდა შემოსავალი, ანუ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ამ ყველაფერს დიდი გავლენა აქვს კურსზე, შესაბამისად, მცირე უზუსტობაც აისახება ლარზე.

ეს უზუსტობები არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ სხვა მიზეზები არსებობს კიდევ?

ორი რამეა, როცა წლიური დეფიციტი გაქვს 800 მილიონი ლარი, ის სადღაც იჩენს თავს. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გექნება პერიოდები, როცა დეფიციტურად უნდა ხარჯო. ამიტომ ერთი გამოსავალია – წლიური დეფიციტი შევამციროთ 300 მილიონამდე მაინც, დარჩენილი 500 მილიონი კი მაქსიმალურად თანაბრად უნდა გადავანაწილოთ ყოველდღიურ ხარჯზე.

ითქვა, რომ თუ ვინმე ავტორიტეტული პირი ხელისუფლებიდან განაცხადებს, რომ ლარს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, კურსის ასეთი ვარდნა აღარ დაფიქსირდება. ვინ არის ასეთი პირი დღეს ხელისუფლებაში?

ამ საკითხზე იმდენჯერ შერცხვა ხელისუფლება და იმდენჯერ თქვეს, რომ ლარის კურსი არ იყო საგანგაშო… ივანიშვილიც აკეთებდა ამაზე განცხადებას – მას უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს ალბათ. არ ვიცი, თუმცა ამ საკითხზე ხალხი არავის აღარ ენდობა.

 ეროვნულ ბანკზე რამდენად არის ეს დამოკიდებული?
ეროვნულ ბანკს შეიძლება აკრიტიკებენ იმისათვის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს ზრდის და კერძო ბანკებიც აძვირებენ საპროცენტო განაკვეთს. ეროვნულ ბანკს მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტები აქვს, მას არ შეუძლია ეკონომიკა განავითაროს და ინვესტიციები მოიზიდოს. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობა მოდის მთავრობაზე.

უნდა ველოდეთ ლარის გაუფასურებას – 1 დოლარის ფასი გახდება 3 ლარი?

ბუნებრივ პირობებში ამის საშიშროება არ არის. მაგრამ თუ მაინც მოხდება, ეს იქნება ჩვენი შეცდომების გამო. პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ამ დონის შეცდომები დაუშვან.

რა სეგმენტში უნდა შემცირდეს ხარჯები უფრო მეტად?

სწორია, რომ მიმდინარე ხარჯები შეამცირონ, ადმინისტრაციულ ხარჯებს რასაც ვეძახით, სახელმწიფო შესყიდვები – ნაკლები საწვავი მოიხმარო, პრემია-დანამატები დროებით შეაჩერო და ა.შ. ანუ გარკვეული კომფორტი უნდა მოიკლოს ხელისუფლებამ. შეიძლება რაღაც გადაათამაშონ და ისევ მიადგებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მოქალაქეებს აწუხებთ საპროცენტო განაკვეთის ზრდა სესხებზე. მსმენია, რომ ვისაც ლარში აქვს სესხი აღებული, აპირებს დოლარში გადაიტანოს. ეს რას გამოიწვევს?

ეს პროცესი ცუდია ლარისთვის, რადგან ის გამოიწვევს კურსის ვარდნას. დეპოზიტების გადატანა თუ მოხდა ლარიდან დოლარში, მაშინ ერთი დოლარი სამი ლარი კი არა, ათი ლარიც გახდება.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც.

აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რომელიც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებდა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, ბათუმის საკრებულოსთან შეთანხმებით, შეეძლება დანიშნოს ახალი ხელმძღვანელები.

3 თებერვალს საგანგებო განცხადება გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი”. „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ.

“ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ორ წელს ითხოვს.

TAM GEO ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, N30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ (TAM GEO) მშენებლობის ვადა არაერთხელ დაარღვია, რაც “შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია აჭარის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარის, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარის ჯარიმისაგან გაათავისუფლა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო.

გაუგრძელებს თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას მთავრობა კომპანიას? – ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ვიცით, რომ წილების გადანაწილებაზე კომპანიაში აუდიტი მუშაობს. გადაწყვეტილება ვადის გაგრძელებაზე ჯერ არ მიგვიღია”, – განმარტა “ბათუმელებთან” სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა გელა ცინცაძემ.

TAM GEO-ს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ: “ვირუსი მაქვს და ვერ დაგელაპარაკებით. არც კომპანიაშია ახლა ვინმე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც შეუძლია პასუხი გაგცეთ”, – უთხრა “ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა.

მინისტრის ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გასულ წელს კომპანია პირგასამტეხლოსგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების (#150 20/05/2015) საფუძველზე გაათავისუფლა. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს ვერ ასრულებს, არჩილ ხაბაძემ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან კ2 კოეფიციენტის 15,50-მდე ანუ მიმდინარე სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდაზე უშუამდგომლა. სარეკომენდაციო წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ „კომპანიას შენობის სიმაღლის 171 მეტრამდე გაზრდა აქვს განზრახული“.

2015 წლის თებერვალში ბათუმის საკრებულომ ის კომპანიები, რომლებიც ბათუმში 30 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ბუნდოვანი არგუმენტებით, ფასიან ზონაში კ2 მოსაკრებლის ანუ სიმაღლის გადახდისგან გაათავისუფლა. 2014 წელს ამ მოსაკრებლისგან ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა. საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ინვესტორს – „ბაბილონის“ მშენებელ კომპანიას დაუკავშირა. ამ თემაზე „ბათუმელების“ სტატიას ინვესტორი გამოეხმაურა და მან საკრებულოს გადაწყვეტილება¬მდე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა უარყო.

რაც შეეხება წილების გადანაწილების საკითხს, კომპანია TAM GEO 2012 წლის მარტში დაფუძნდა. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“ – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2% და ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.

კომპანიის პარტნიორები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება 2015 წლის მაისში განახორციელეს. დღეის მონაცემებით კომპანიის წილები ასე ნაწილდება: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.

უკავშირდება თუ არა ამჯერად წილების ხელახალი გადანაწილება პროექტის შესაძლო გაყიდვას, ეს მომავალში გამოჩნდება. ამ დროისათვის კი “მეტრო ატლას ჯორჯიას” წარმომადგენელი რაულ კახაძე აცხადებს, რომ მისი კომპანია “ბაბილონ თაუერს” არ ყიდულობს.

8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს

25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი ფეხით მივიდა კომპანია „ევექსის” კლინიკაში, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. იმ დროს გარდაცვლილის ახლობლების მსგავსად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ კლინიკა „ევექსმა” სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების შესრულება – სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ შეძლო: საავადმყოფოში არ იმყოფებოდნენ ქირურგები, ანესთეზიოლოგი, ასევე არ იყო რეანომობილის ჯგუფი.

დაჭრილი დათო დავითაძის სიკვდილის მიზეზად სისხლნაკლებობა დაასახელა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა. ამის მიუხედავად, ბოლო სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ დაჭრილს „ევექსის“ კლინიკაში ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.

კომპანია „ევექსის~ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს გარდაცვლილის მამა – დავით დავითაძე: „აუცილებლად უნდა დადგეს შუახევის საავადმყოფოს პასუხისმგებლობის საკითხი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქამდე ეს ვერ გავაკეთე, მაგრამ აუცილებლად მივმართავ ადვოკატს დახმარებისთვის”.

მსჯავრდებული ზურაბ საჯაია ყოფილი პატიმარია. ის ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გაათავისუფლა. ზურაბ საჯაია პოლიტიკური პატიმრების სიაში უშუალოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო შეყვანილი. ზურაბ საჯაიამ ბათუმში, სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეს განუცხადა, რომ პირველ შემთხვევაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის გამო იხდიდა სასჯელს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ზურაბ საჯაია შუახევში, ჰესების მშენებარე კომპანია – “აჭარისწყალ ჯორჯიაში” დასაქმდა. ურთიერთშელაპარაკება გარდაცვლილ დათო დავითაძესა და ზურაბ საჯაიას შორის შუახევში, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. გამოძიების მასალებით, საჯაიამ დავითაძე დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია.

„ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს:

„ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმის ცენტრში მოქმედი ისტორიული მეჩეთის „ორთა ჯამეს“ სივრცე არ იტევს ბათუმში მცხოვრებ და სტუმრად ჩამოსულ მუსლიმ მლოცველებს. ამის გამო, რეგულარულად რამდენიმე ასეულ მლოცველს ლოცვა არასათანადო პირობებში, წვიმასა და თოვლში, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში უწევს. სივრცის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ პარასკევის ლოცვისა და სადღესასწაულო (ბაირამების) ლოცვების დროს დგება. ისლამის დოგმატიკური სწავლების თანახმად ლოცვა მხოლოდ მეჩეთში უნდა შესრულდეს. თუმცა უადგილობის გამო ასეულობით მლოცველ მამაკაცს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში გამოტანილ ხალიჩებზე უწევს ლოცვა. ლოცვაში მონაწილეობის მიღება თითქმის სრულად ეზღუდებათ მუსლიმ ქალებს, რომელთა რიცხვი ასევე ძალიან მაღალია. მსგავს პირობებში ლოცვის ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის ისლამში დადგენილ რელიგიურ ეტიკეტთან და ეს არის შეურაცხმყოფელი.

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმ თემს არაერთხელ მოგვცა დაპირება ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მეჩეთის ასაშენებლად შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე. მსგავსი დაპირება ხელისუფლებისგან თემმა უკანასკნელად 2013 წელს მიიღო, თუმცა, აღნიშნული პერიოდის შემდეგ საკითხს პროგრესი არ განუცდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორი თვის წინ შეიქმნა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, რომელშიც გაწევრიანებული არიან როგორც სასულიერო ისე, საერო პირები. საინიციატივო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით მუსლიმი თემის ხელმოწერების შეგროვებას. 12 ათასზე მეტი ხელწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს, ასევე დიპლომატიურ კორპუსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია ის, რომ ხელწერის გზით მოთხოვნას ასევე უერთდებიან ის სასულიერო პირებიც, რომლებმაც 2014 წელს ხელი მოაწერეს მეჩეთის ალტერნატივად სხვა შენობა ნაგებობების მიღების მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად არ შეესაბამებოდა მუსლიმი თემის მოთხოვნას მეჩეთის მშენებლობის შესახებ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით საინიციატივო ჯგუფი გეგმავს აქტიური ადვოკატირების პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის მოლაპარაკებების, მიწის ნაკვეთის გადმოცემისა და მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გზით“.

ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით  სამედიცინო  მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა.

ქალბატონო მანანა, რატომ გახდა საჭირო ახალი პროგრამის შემუშავება?

გავითვალისწინეთ წინა წლების ონკოლოგიური პაციენტების მომართვიანობა, მათი მძიმე მდგომარეობა, მათი სოციალური მდგომარეობა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად დაფინანსდეს მათი სამედიცინო მომსახურება, ცალკე პროგრამა გამოიყო. ჩვენ ეს მიმართულება გასულ წელს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამაში გვქონდა, მაგრამ მაშინ ერთი სირთულე იყო – სხდომა, რომელზეც წყდებოდა ადამიანების მხარდაჭერის საკითხი, კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ანუ ადამიანებს უწევდათ ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ახლა გავაადვილეთ ეს პროცესი და უფრო მეტი მომსახურებაც ჩავდეთ პროგრამაში.

პროგრამისთვის გამოყოფილია 700 ათასი ლარი. ეს თანხა ითვალისწინებს იმ კომპონენტების დაფინანსებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა და არც სხვა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს. ცოტა დეტალურად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს, პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტების მიწოდებასაც?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა აფინანსებს ონკოლოგიურ პაციენტთა სხივურ თერაპიას, ქიმიო და ჰორმონოთერაპიას 80%-ით, 12 ათასი ლარის ფარგლებში. ფინანსდება გეგმიური ოპერაციული მკურნალობაც, თუკი რამე ოპერაცია არის საჭირო, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქე ვერ ხვდება ამ პროგრამაში, მაგალითად იმიტომ, რომ პირი შეიძლება არის მინიმალური სადაზღვევო პაკეტის მფლობელი – იყო დაზღვეული, დაზღვევა გაუუქმდა და ვეღარ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. აქვს კორპორაციული თუ ინდივიდუალური დაზღვევა, მაგრამ ამოეწურა დაზღვევის ლიმიტი, ვერც საყოველთაოში ხვდება და ვერც ონკოლოგიური პაციენტისთვის საჭირო მხარდაჭერას იღებს.

ონკოლოგიური მომსახურება ძვირადღირებულია, შესაბამისად მინიმალური პაკეტი ვისაც გაუთავდა, ის რჩება დაფინანსების გარეშე. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ პროგრამის შექმნა, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი სამედიცინო მომსახურება ონკოლოგიური ავადმყოფობის, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს, მაგალითად, მთელი რიგი გამოკვლევები – ცისტოლოგიური გამოკვლევები, ბიოფსიები და სხვა. საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს მხოლოდ ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სხივურ თერაპიას, დანარჩენი მომსახურება რაც არის – გამოკვლევები, მას საყოველთაო ვერ აფინანსებს. შესაბამისად, ახალი პროგრამა ამ მიმართულებას დააფინანსებს.

გარდა ამისა, რაც მთავარია, დაფინანსდება ტარგენტული მედიკამენტებით მომსახურება, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით მომსახურება. სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გაიცემა ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა. წლიური ლიმიტი  იქნება 10 000 ლარი.

ეს რას ნიშნავს?  – არასამედიცინო ენაზე რომ გვითხრათ…

ეს არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მეორე, მესამე, მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებთან. ეს მედიკამენტები ქიმიოთერაპიასთან ერთად იხმარება და ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

2-3 დღის წინ დააანონსეს, რომ თბილისის მერიამ ჰერცეპტინით მკურნალობის  დაფინანსება დაიწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჰერცეპტინს ჩვენ ვაფინანსებდით გასულ წელსაც და კიდევ მთელ რიგ წამლებისას, რომლებიც ასევე ძვირადღირებულია.

ეს პროგრამა თანადაფინანსებას მოითხოვს პაციენტისგან?

თუ მკურნალობისთვის საჭიროა 1000 ლარი, დაფინანსდება 100%-ით,  1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით; 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით; 3000 ლარზე მეტი – 70%-ით.

პროგრამაში ჩართვის პროცედურა როგორი იქნება?

არაფერია საჭირო გარდა იმის, რომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აჭარაში და დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, ანუ დიაგნოზი დადასტურებულია. არ აქვს მნიშვნელობა კატეგორიას და სიმძიმეს, ყველას ვეხმარებით. ყველა ონკოლოგიური ავადმყოფი ჩვენ ავადმყოფია.

ხშირად არის, რომ პაციენტები კვლევების ჩატარებას უცხოეთში ითხოვენ. ხომ არ ითვალისწინებს ეს პროგრამა ამას?

არა. ჩვენი არც ერთი პროგრამა უცხოეთში მკურნალობას არ აფინანსებს.

სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ. “მედცენტრში” „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ონკოდაავადებულთა რიცხვი გაიზარდა…

ჯობია ამის შესახებ თავად ონკოლოგებს მიმართოთ. კლინიკები აწარმოებენ სტატისტიკას. შეიძლება ვიღაცამ ჩვენ არ მოგვმართა და მიმართა თბილისის კლინიკას. ზოგადად კი, გასული წლის სრული სტატისტიკა საზოგადოებრივ ჯანდაცვას ექნება, მაგრამ მგონი, ჯერჯერობით, ამის დათვლა არ არის დასრულებული.

“მედცენტრში” „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მომატებულია ფილტვის კიბოს შემთხვევები. ხომ არ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ კამპანია წამოიწყოს მოწევის წინააღმდეგ?

ეგეთ კამპანიებს უფრო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს.

1500 ონკოპაციენტი დააფინანსა გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ…

არა, გასულ წელს ჩვენ 1500 მომსახურება დავაფინანსეთ. ერთმა კაცმა შეიძლება 3-5-ჯერ მოგვმართა. შარშან დაახლოებით 700-მა ადამიანმა მოგვმართა. წელს, ჯერჯერობით, 158 ვაუჩერი გვაქვს გაცემული.

როგორ ფიქრობთ, ეს 700 ათასი ლარი საკმარისი იქნება?

თუკი არ იქნება საკმარისი, დაემატება ბიუჯეტს, ანუ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ.

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი კანდიდატურის წარდგენა უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლებაც თანაბრად გამოუცხადებდნენ ნდობას და კანდიდატურად არა ადგილობრივი  წარადგინა.

რა იგულისხმება არაადგილობრივ კადრში
როცა გავაკეთე მედიასთან კომენტარები და ვთქვი, რომ ამ თანამდებობაზე არაადგილობრივი კადრის წარდგენა იყო ხელისუფლების დიდი შეცდომა, მრავალი ინტერპრეტაცია მოჰყვა.  კიდევ ერთხელ ღიად და ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე, ზუსტადაც ადგილობრივი კადრი უნდა ინიშნებოდეს და აი რატომ: უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს აჭარის უმაღლესის საბჭოს არჩევნებს და უმაღლესი საბჭო თავის მხრივ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი დატვირთვა რეგიონში (სხვა საკითხია როგორია იგი დღეს) არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, მისი არჩევნები არ მიეკუთვნება მეორადი მნიშვნელობის საკითხებს და მოსახლეობა მას ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდება მთელი აჭარისა და ქვეყნის მასშტაბით.

არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია

ყველა ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა შექმნას საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობა. ამგვარი ინსტიტუტების ავტორიტეტს, მის მიმართ დამოკიდებულებას ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც დროში გამოცდილი დემოკრატიული ტრადიცია პრაქტიკულად არ გააჩნია და ახლა ცდილობს დემოკრატიულ სისტემაში რეალურად გარკვევას, ყოველთვის განსაზღვრავენ პიროვნებები. გამომდინარე იქედან, რომ აჭარის საარჩევნო კომისია, აჭარის წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნებს ატარებს, მის მიმართ ნდობა, პირველ რიგში, ადგილობრივ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს. ნდობა, ანბანური ჭეშმარიტებაა, ვერ გექნება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არ იცნობ პირადად, ან არ არსებობდა შესაძლებლობა მისი განვლილი ცხოვრებისთვის თვალი ედევნებინა ამომრჩეველს. თუ არჩევნების ჩამტარებელი პირველი პირის მიმართ არ არის ნდობა (იმიტომ რომ არ იცნობენ), ლოგიკურია ჩნდება კითხვები არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვაზე. ანუ რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის ნება, არჩევნების შემაჯამებელ ოქმში აისახოს ის შედეგი, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს არჩევნების დღეს.

თავისუფალი მანდატის პრინციპი

ეს არის მსოფლიოში აღიარებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ყველა დეპუტატი, რომელიც არის მოსახლეობის მიერ არჩეული, იმ ვადის მანძილზე, სანამ ის მოსახლეობის მანდატს ფლობს, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და შინაგანი რწმენის მიხედვით. არ შეიძლება მისი გამოწვევა არჩეული ორგანოდან და მის გადაწყვეტილებებზე ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ბუნებრივია, პოლიტიკური მდგენელი, ზოგადად, გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც დიდია და იგი პარტიათა ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ესეც ლეგიტიმურია, რადგან ზუსტად ესა თუ ის პარტია არის არჩეული მოსახლეობის მიერ და მისი ამომრჩევლის ნებას გამოხატავს. თუმცა არსებობს პოლიტიკური საკითხები, რომელიც ვერ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო პროგრამაში და ასეთ დროს დეპუტაცია იღებს გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის ან ელექტორატის  განწყობების მიხედვით. თუ ეს ორივე გარემოება ემთხვევა ერთმანეთს ეს იდეალური შემთხვევაა, მაგრამ თუ არ ემთხვევა ამას უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი ჰქვია, რომელიც ყველა დეპუტატის არჩევანია. თუმცა ეს არჩევანიც თავისუფალი ნებით უნდა იყოს მიღებული და არა ძალდატანებით. იმედს ვიტოვებ, ხვალინდელ სხდომაზე შინაგანი რწმენა და საზოგადოებრივი ინტერესი იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი და არა პოლიტიკური კონიუნქტურა.

ჩემი თავისუფალი არჩევანი

პირადად მე, არ ვუჭერ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს. არ განვიხილავ მის პროფესიონალიზმს და პიროვნულ თვისებებს, იქნებ პროფესიონალიც არის და სამართლიანიც. ჩემი არგუმენტი მარტივია, მას არ იცნობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა, მას არ იცნობს სამოქალაქო საზოგადოება და მას არ იცნობენ არც ადგილობრივ მედიაში. არ ვიცნობთ მის დამოკიდებულებებს და ღიად განცხადებულ პოზიციებს იმ ძირეულ საკითხზე, რომელსაც არჩევნების სამართლიანობა და ობიექტურობა ჰქვია. არ გვქონდა შესაძლებლობა გვედევნებინა თვალი მისი სამოქალაქო აქტიურობისთვის და ამით წარმოდგენა შეგვექმნა მასზე, როგორც სამოქალაქო პრინციპების დამცველ მოქალაქეზე. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და ვფიქრობ ამით ჩემი შინაგანი რწმენა და მოსახლეობის მოთხოვნა ზუსტადაც რომ თანხვედრაშია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის მართებული, რომელიც არ შეიცვლება!

მთავრობის თავმჯდომარის „არჩევანი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ იგიც არ იცნობს ამ კანდიდატს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მის გუნდს. ამით იგულისხმა, რომ კანდიდატი თითქოს თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ამ დროს ექსკლუზიური უფლება უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი აქვს მხოლოდ მას კანონმდებლობის მიხედვით. გამოდის, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა  არის ყველასთვის უცნობი მოქალაქე, რომელმაც უნდა მართოს უმაღლესი საარჩევნო კომისია შემდეგი ხუთი წლის ვადით და არავინ იცის მისი ხედვა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისია და მისი ფუნქცია

დღეს პირდაპირ მინდა ვთქვა, უმაღლესი საარჩევნო კომისია, ოთხი წლის მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. მისი რეფორმირება და ერთგვარ საარჩევნო სკოლად ქცევა არის მთავარი მიზანი. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც მოღვაწე ადამიანები იზრუნებენ რეგიონში განავითარონ საარჩევნო კულტურა და აჭარის მაღალმთიანეთიდან დაწყებული, ბარით დამთავრებული გადაამზადონ ასობით და ათასობით აპოლიტიკურ სამოქალაქო აქტივისტს იმისათვის, რომ განსწავლული და ინფორმირებული კადრებით თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი სქემა. მისი თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და აქტიურად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან არსებულ ფინანსურ და მატერიალურ ბაზას შესძინოს რეალური ფუნქცია და აქციოს ეფექტურ ინსტიტუტად. ეს არის ის მოდელი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ინოვაციასაც და რეფორმებსაც, მხოლოდ მსგავსი მოდელის შემქმნელი და მსგავსი ხედვების მატარებელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი ჩემი და ჩემი გუნდის მიერ და სხვა ნებისმიერი კანდიდატი იქნება აღქმული იმ უძრავი სტილის გამგრძელებლად, რომელიც წლების მანძილზე დამკვიდრდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

და ბოლოს, რჩევა ხელისუფლებას! როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებთ, უნდა ითვალისწინებდეთ მთავარს და განმსაზღვრელს – საზოგადოებრივ აზრს. კანდიდატურა უნდა იყოს რეგიონისთვის ცნობადი და მისაღები, ის უნდა მოქმედებდეს საჯარო სივრცეში და უნდა არსებობდეს პრეცენდენტები მის მიერ აღებული პასუხისმგებლობებისა. ზემოაღნიშნული გარემოებები აყალიბებენ ნდობას პიროვნებისა და პროცესის მიმართ. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ეს საზოგადოებრივ საჭიროებებს წაადგება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი, თავისუფალი დემოკრატები ხვალ კენჭისყრაში არ ვღებულობთ მონაწილეობას და ველოდებით კანდიდატს, რომელზეც საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია; კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საარჩევნო კომისიას ეფექტურს გახდის.

სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით:

„აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა.

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბულვარი“ პეტიციით მიმართავს აჭარის მთავრობას ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. პეტიციას ხელს ამ დროისთვის 4 839 ადამიანი აწერს.

ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს.

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

12665738_1125879960770215_360139998_n

ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ

12650338_1125879910770220_797014309_n
ფოტო და ვიდეო მოგვაწოდა რეზო ხარაზმა

4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ბათუმში ონკოლოგიურმა კლინიკა „მედცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ხვალ მოქალაქეებს, ონკო პაციენეტებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს. რა შედის უფასო კონსულტაციაში? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობს.

მზია ხალვაში
მზია ხალვაში

ქალბატონო მზია, რატომ გადაწყვიტეთ ხვალისთვის პაციენტების უფასოდ მიღება?

ონკოლოგებმა გადავწყვიტეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გავერთიანდეთ და მოვემსახუროთ ონკოპაციენტებს, ასევე მათ, ვისაც ამ მიმართულებით აქვს გარკვეული ჩივილები. ჩვენ მათ აუცილებლად მოვემსახურებით უფასოდ.

თქვენი კლინიკის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ონკოპაციენტების მატება არის?

იცით, რომ სახელმწიფო პროგრამები არსებობს და ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტებთან ურთიერთობა. ზოგად მიმოხილვას თუ ავიღებთ, მატების ტენდენცია აღინიშნება – ზუსტი ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ, მაგალითად, საშვილისნოს ყელის სკრინინგის პროგრამა აჩვენებს, რომ არის მატება. შარშანდელთა შედარებით არის ფილტვის სიმსივნეების მატება.

ფილტვის კიბოს შემთხვევაში სიგარეტის როლი როგორია?

რა თქმა უნდა, მაღალია თამბაქოს მოხმარების როლი და ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესების გავლენა. ეს ყველაფერი განაპირობებს სიმსივნის ჩამოყალიბებას.

გარდაცვალების სტატისტიკა როგორია?

წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ ცვლილებები არ არის.

რამდენ ადამიანს ელოდებით? – ხვალ ბევრი ხალხი რომ მოვიდეს კლინიკაში, ყველასთვის მომსახურების გაწევას შეძლებთ?

ონკოლოგები ყველა ამ პროცესში ვიქნებით ხვალ ჩართული და ვფიქრობთ, რომ ამას შევძლებთ. ხვალისთვის მხოლოდ უფასო კონსულტაციები გვაქვს ჩანიშნული.

პ.ს. მედცენტრის ინფორმაციით 2015 წელში აჭარა-გურიის რეგიონში გამოვლენილია 936 ონკოპაციენტი.

მედცენტრი ბათუმში, პუშკინის ქუჩის #118-ში მდებარეობს.

მედცენტრის სტატისტიკა აჭარის რეგიონში
მედცენტრის სტატისტიკა აჭარის რეგიონში

დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის

დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის  შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს.  დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ.

„სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. რაც შეეხება დაქირავებული სპეცტექნიკის მფლობელებისთვის ანაზღაურების გაცემას, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების დაზუსტება/შედარების პროცესი და პარალელურად, ხორციელდება თანხის გადახდაც.

დამატებით დაიქირავა ტექნიკა შპს „ბათუმის წყალმაც“. „2016 წლის 25-29 იანვრის განმავლობაში ქ. ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი, თოვლის სახით, რამაც რეალური საფრთხე შეუქმნა ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებას. ორგანიზაციის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო გახდა 6 195 ლარის ღირებულების სხვადასხვა სპეცტექნიკის [ექსკავატორები და თვითმცლელები] დაქირავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ბათუმის წყალი“ ტექნიკის დაქირავებისთვის საჭირო თანხას გამარტივებული  ტენდერის წესით გადაიხდის, რასაც შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს:  „ვითარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული, რადგანაც ამინდის ასეთი უეცარი ცვლილებისა და უხვი ნალექის [დიდთოვლიანობა] წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო… ქუჩების თოვლისა და სხვადასხვა ნარჩენებისაგან გასაწმენდად საჭიროა ექსკავატორების დაქირავება 42,5 საათის განმავლობაში; ავტოთვითმცლელების დაქირავება 125 კუბური მეტრი თოვლისა და სხვადასხვა ნარჩენების გასატანად. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა 3 დღე, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება გზების თოვლის მასისა და სხვადასხვა ნარჩენებისაგან გაწმენდა“.

მერის წერილი

ბათუმი, 26 იანვარი, 2016 ფოტო „ბათუმელები“
ბათუმი, 26 იანვარი, 2016 / ფოტო „ბათუმელები“

არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის შერჩევაზე

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ:

„ სულ სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ, სულ მარჩიელობდნენ. პარმენ ჯალაღონია რომ ამერჩია, იტყოდნენ, მისი კაციაო. ქარცივაძეც ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა, რადგან ის პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს პიროვნება არის გამოცდილი და ამევე დროს ჩემთვის უცხო პიროვნებაა. ვერავინ იტყვის, რომ გადაწყვეტილება პირადი სიმპათიის საფუძველზე მივიღე“, – განმარტა არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

არჩილ ხაბაძემ არჩევანი კომისიის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის გააკეთა. მათ შორის ერთი, მისი აპარატის თანამშრომელი პარმენ ჯალაღონია, მეორე დავით ქარცივაძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდან“ საჯარო საქტორში მუშაობის გამოცდილებით დავით კვაჭაძე იყო, რომელზეც ასევე ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. არჩილ ხაბაძემ არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს უმაღლეს საბჭოში ხვალ, 4 თებერვალს განიხილავენ. დავით კვაჭაძეს დღეს უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” ფრაქცია ხვდება, თუმცა 9-წევრიანი ფრაქციის მხარდაჭერა არ არის საკმარისი – დავით კვაჭაძეს უსკოს თავმჯდომარედ დანიშვნისთვის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. „თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია მხარს არ უჭერს დავით კვაჭაძის კანდიდატურას. შესაბამისად, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაც სჭირდება.

ამ საკითხზე კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს.

აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა[ა]იპ-ებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე [408 საშტატო ერთეულით] გაიზარდა,“ – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ააიპ-ებში განხორციელებულ ცვლილებებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში საშტატო ერთეულების გაზრდის გამო ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი წლიურად 2,4 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მეტად, 122 შტატით, დასაქმებულთა რაოდენობა ააიპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ გაიზარდა.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემების  მიხედვით, ა[ა]იპ-ებში გამოცხადებული რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად, იზრდება.

ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა გათავისუფლება ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საერთო ჯამში 15 მუნიციპალური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის [ა(ა)იპ-ის] დირექტორი გათავისუფლდა.

„მას შემდეგ, რაც მერებს/გამგებლებს უფლებამოსილება მიენიჭათ ერთპიროვნულად დაენიშნათ ან გაეთავისუფლებინათ ააიპ-ების დირექტორები, სხვადასხვა დროს დანიშნული დირექტორების მასობრივი გათავისუფლება ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მოხდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ა[ა]იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას და კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია ასევე ეჭვქვეშ დგას.

 

 

 

ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის მთავრობა წელს პირველად განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის შესრულების წესის დახვეწაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ წარადგინა.

პროგრამით ისარგებლებენ აჭარის მთავრობის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას მთავრობა, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ეკომიგრანტ ოჯახს უძრავი ქონების დარეგისტრირებისთანავე აუნაზღაურებს.

დადგენილების პროექტი, რომელიც მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სხდომაზე წარადგინა, პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილ, შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის, ბენეფიციართა შერჩევის, მათი პროგრამაში ჩართვისა და უსაფრთხო საცხოვრისის შესყიდვის პროცედურების წესს განსაზღვრავს. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

ამ ჩანაწერმა მთავრობის სხდომაზე კითხვები გააჩინა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სახლების ღირებულებასთან დაკავშირებით: „ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბენეფიციარმა მოინდომოს 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვა და ჩვენ გვთხოვოს თანამონაწილეობა.“

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაურ ფუტკარაძეს გაუჩნდა კითხვა: „რატომ უნდა დაეხმაროს მთავრობა ბენეფიციარს, თუ მას 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვის შესაძლებლობა აქვს? – მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა სამთავრობო კომისიასვე მოეძიებინა შესასყიდი სახლები, რასაც დავით ბალაძე შეეწინააღმდეგა:

„მერე დადგება ჩვენი კომისია მუდმივად ეჭვის ქვეშ. გაჩნდება კითხვები, რატომ შეირჩა ესა თუ ის სახლი, ვის გააყიდინეს და ვის არ გააყიდინეს და ასე შემდეგ. ამიტომ ბენეფიციარებმა თავად მოძებნონ თავიანთი სახლები.“

მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ განმარტა, რომ პროგრამით ისარგებლებს ის პირი, რომელმაც სახლი სტიქიის გამო დაკარგა და რომელსაც ალტერნატიული საცხოვრისი არ გააჩნია. ალტერნატიულ საცხოვრისად კი ვერ ჩაითვლება სახლი, სადაც მისი მშობლები და სხვა ახლობლები ცხოვრობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის მდებარეობის მიხედვით.
ბენეფიციარი 2010 წლის პირველი იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აჭარის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბოლო 3 წლის მონაცემებით უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა დაახლოებით 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ ოჯახს ესაჭიროება.

ეს მონაცემები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვირვებით, სტიქიური კატაკლიზმების გახშირების გამო ინტენსიურად იზრდება. შედეგად ასობით ოჯახს, მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარებიდან გამომდინარე, უსაფრთხო საცხოვრებლის შესაძენად ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ცხოვრებას სტიქიური კატასტროფების ზონაში განაგრძობს, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რომლებიც 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

პროგრამის მიხედვით ბენეფიციართა შერჩევას უზრუნველყოფს უფლებამოსილი კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბენეფიციართა შერჩევის წესი და კრიტერიუმები აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

პროგრამაში ჩართვის საფუძველია საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის თაობაზე მოქალაქის განაცხადი და შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტების დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

პროგრამაში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის ფარგლებში, ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა; ბენეფიციარები, რომელთა საცხოვრებელი ფართობის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდება, მიეცემათ არაუმეტეს 30 კალენდარული დღე საცხოვრებელი ფართობის შერჩევისათვის. თუ ბენეფიციარი ამ ვადაში ვერ შეარჩევს შესასყიდ საცხოვრებელ ფართობს, კომისია პრიორიტეტის გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ბენეფიციარს შესთავაზებს საცხოვრებელი ფართობის მოძიებას.

ბენეფიციარის მიერ შესასყიდად შერჩეულ საცხოვრებელ სახლს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, უფლებამოსილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ შესასყიდად შერჩეული ფართობი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი ფართობი რეგისტრირდება დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.

ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ მხარესა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მომსახურების ტარიფების შესაბამისად. ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს სამინისტრო.

ბენეფიციარს უფლება აქვს, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სამინისტროში სხვა საცხოვრებელი ფართობი, თუ:

ბენეფიციარი ვერ ფარავს ჩატარებული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის მიერ დაწესებულ ფასს შორის არსებულ სხვაობას;

დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა შერჩეული ფართობის ტექნიკურ მდგომარეობაზე;

წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე საცხოვრებელი ფართობის ექსპერტიზაზე გადაგზავნა ჩაითვალა არამიზანშეწონილად;

ზემოთ მითითებულ შემთხვევებში, ბენეფიციარის მიერ შესყიდვის მიზნით მეორე მცდელობაზე წარმოდგენილი ფართობის ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს სამინისტრო.

სხვა შემთხვევებში კი, მაგალითად, თუ გახდება საჭირო ბენეფიციარსა და გამყიდველს შორის შეთანხმების გაუქმება, ან სხვა მსგავს შემთხვევებში ხელახალი ექსპერტიზის ხარჯი უნდა გაიღოს ბენეფიციარმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ

ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას.

„სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევისაკენ“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

როგორც ცნობილია, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით მიწის რეფორმა აჭარაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, მიწის ფაქტობრივი მესაკუთრეების აბსოლუტურ უმრავლესობას მიწა კერძო საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული. ახალი კანონპროექტის თანახმად, რომლის განხილვასაც პარლამენტი მალე დაიწყებს, ნებისმიერი კერძო პირის მიწა, რომელიც რეესტრში არ იქნება დარეგისტრირებული, სახელმწიფოს გადაეცემა.

„მოვლენების ამ გზით განვითარება კატეგორიულად დაუშვებელია აჭარაში, რადგან აქ მიწის რეფორმა პრაქტიკულად არ ჩატარებულა. მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში თავის ფაქტიურ სარგებლობაში არსებული   მიწის ნაკვეთების უდიდეს ნაწილს ვერა და ვერ ირეგისტრირებს საკუთრების აღიარების წესში არსებული ხარვეზების გამო. ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ მიწების ფაქტობრივი ექსპროპრიაცია. მოსახლეობა არ შეეგუება მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწების დაკარგვას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მოვლენათა არასასურველი მიმართულებით განვითარება“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

„თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლების რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი: „ვაფრთხილებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს, რომ მიწის საკუთრების პრობლემის უსამართლოდ გადაწყვეტის მცდელობა ყოველთვის დიდ წინააღმდეგობებს წარმოშობდა. ამიტომ  თავი უნდა გაანებოს ცეცხლთან თამაშს და ნაბიჯები  გადადგას სწორი მიმართულებით. კერძოდ, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის  გასაჯაროვება, ამიტომაც  ტელევიზიითა და მასმედიის სხვა საშუალებებით უნდა დაიწყოს საჯარო მსჯელობა  ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ზემო აჭარის მცხოვრებთა მონაწილეობით. პარალელურად, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისიები, რომლებიც შეისწავლიან როგორც არსებულ რეალობას, ისე საკითხის ისტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს,  რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება პრობლემის არა მარტო კანონიერი, არამედ ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი გზით გადაწყვეტა“.

ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს

გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

„ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, ან 4444 სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება, ან სამი მრავალბინიანი სოციალური სახლის აშენება“ – უთხრა „ბათუმელებს“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

200-წლიანი სამი გიგანტური ხის გადატანის შესახებ ბრძანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასული წლის 31 დეკემბერს გასცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. 21 იანვარს „ბათუმელებთან“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ თქვა, რომ „ოზურგეთის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება და ბრძანება არ მიუღია“

ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ
ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს საჯარო რეესტრს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უძრავ ნივთზე საკუთრების, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის რეგისტრაციას ერთობლივად განახორციელებს. ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ კი სახელმწიფოს ექნება უფლება, მოითხოვოს აღნიშნული აკრძალვის შეწყვეტა და მის საკუთრებაში არსებული ქონება გაასხვისოს კიდეც.

მთავრობაში აცხადებენ, რომ „აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სახელმწიფო მიწის აქტივების სისტემური აზომვითი სამუშაოები და დაარეგისტრიროს ისინი ვალდებულების აღებით, რომ არ გაასხვისებს ან არ გასცემს სარგებლობის უფლებით ერთი წლის განმავლობაში“.

თუმცა, კანონპროექტი ამ „ერთწლიან ვადას“ სახელმწიფოს არ ავალდებულებს. პროექტში უბრალოდ აღნიშნულია, რომ ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. ანუ, უფლებამოსილია და არა ვალდებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ  სახელმწიფოს ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ეძლევა უფლება უაპელაციოდ დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

იურისტების განმარტებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ირეგისტრირებს მიწებს, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრი უფლებამოსილი რჩება დაურეგისტრიროს საკუთრებაში ქონება პირს, თუ ის წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს. ერთი წლის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, ვინაიდან რეესტრი აღარ იქნება უფლებამოსილი ორგანო. თუ სააგენტო წინააღმდეგი იქნება ქონების გადაცემის, მაშინ რჩება ერთადერთი გზა – სასამართლო, სადაც მოპასუხე მხარე იქნება სახელმწიფო.

„კანონპროექტის „კეთილშობილური“ მიზნები განმარტებითი ბარათიდან გასაგებია, მაგრამ თუ სახელმწიფოს მცდელობას წარმოადგენს საბოლოოდ დაასრულოს 1993 წელს დაწყებული მიწის რეფორმა საქართველოში, აღნიშნული კანონპროექტი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის თვალსაჩნოებისთვის საკმარისია აჭარის რეგიონის მდგომარეობა, სადაც მიწის რეფორმა არც ერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ ჩატარებულა. ვერც 2007 წლის 11 ივლისს მიღებულმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა უზრუნველყო მიწის რეფორმის დასრულება, რადგან 2009-2010 წელს საკუთრების აღიარების კომისიამ მასობრივად გააუქმა საკუთრების უფლების მოწმობები და მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ დარჩა საკუთრების გარეშე, მაგრამ ფაქტობრივი სარგებლობა მიწის ნაკვეთზე დღემდე შენარჩნულებული აქვთ, ეს, თავის მხრივ, წარმოშობს „ტიტულოვანი მესაკუთრის“ განცდას და დამოკიდებულებას მიწის ნაკვეთის მიმართ,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოში დღემდე არ დასრულებულა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი: „შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და განკერძოებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობების დადგენა.“

აღსანიშნავია, ისიც, რომ მთავრობა გეგმავს მიმდინარე წელს დანერგოს საამზომველო საქმიანობის ლიცენზირება, „რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს მიეცემა გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი“.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ „პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის სპეციალური წესი და ვადა, აგრეთვე, განაპირობებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის უძრავი ქონების ეფექტური ადმინისტრირების საფუძველს“.

„2009 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი შეიცვალა. ამ ცვლილებებით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული აჭარის რეგიონის გეოგრაფიული განშლადობა. შესაბამისად, მიწის საკითხი დღემდე რჩება აჭარის რეგიონისთვის „აქილევსის ქუსლად“. გამომდინარე აქედან, კანონპროექტი არათუ გადაჭრის პრობლემას, არამედ ხელს შეუწყობს მოქალაქეთა კონფრონტაციას სახელმწიფოსთან. ამიტომ, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ არამხოლოდ მოახდინოს მიწის ნაკვეთების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, არამედ მოამზადოს საკანონმდებლო პაკეტები, რითაც ხელი შეეწყობა მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის,“ –  აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომზადების პროცესში კონსულტაცია მიღებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. თუმცა, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის [დაწესებულების] ან/და ექსპერტის შეფასება არ არსებობს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.

„კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის დარეგისტრირება არის ჩვენი პრიორიტეტი. იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილ ტექბიუროს არქივებში ან სხსვაგან, რომ ჩვენ დავეხმაროთ პროაქტიულად ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება,“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სიახლე, გარდა მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადებისა, ამ ეტაპზე არაფერია.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 19 თებერვალია, თუმცა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განუცხადეს, რომ კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არც ერთ კომიტეტში არ დაწყებულა. სავარაუდოდ, განხილვები მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი მოვალეთა რეესტრშია და ვერ მოახერხებს ნაკვეთის რეგისტრაციას, რადგან ზოგჯერ გადასახდელი თანხა მიწის ღირებულებას ბევრად აჭარბებს.

დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

ეკა გოგიბერიძე

ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და არა მარტო მე.

ეკა გოგიბერიძე
ეკა გოგიბერიძე
განცდა, რომ ყველაზე პრობლემურ, რთულ სიტუაციაში სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა ვერ მიცავს მე, როგორც ერთ, სრულიად აპოლიტიკურ მოქალაქეს, არასდროს მტოვებს და ამ დიდთოვლობისას კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

გათოვდა და ქალაქი სრულიად პარალიზებული გახდა: მოყინული გზები, ტრანსპორტის არარსებობა, დღეების მანძილზე გაუტანელი ნაგავი ქალაქის ქუჩებში, დამტრეული ხეები ბათუმის ბულვარში, სახურავებიდან მოწყვეტილი გაყინული თოვლის ზვავები, მაღაზიასთან გაჩენილი პურის რიგები, რაც უკვე 10-15 წელია არ მინახავს… ჩამონათვალი გრძელია და თითქმის ყველა ამ პრობლემას ეშველებოდა, ქალაქის მერიას რომ მოეგვარებინა ერთი მთავარი საკითხი – გაეწმინდა გზა. ამით ქალაქი აირიდებდა პრობლემათა გრძელ ჯაჭვს.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ არ ვცხოვრობთ ისეთ ზონაში, სადაც ხშირად თოვს და ამისთვის საჭირო ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე ასე მოხდება და მოქალაქეების უკმაყოფილებაც გარდაუვალია.

რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდი შვეიცარიაში, ისეთ ადგილას, სადაც მაისში ამაზე დიდი თოვლი მოდიოდა. იქ, სადაც ხელისუფლება მობილიზებულია, თოვლი ნაკლებ პრობლემებს ქმნის. დიდთოვლობის დროს შეგეძლო ჩვეულებრივი ბოტასით გასულიყავი ქუჩაში ისე, რომ თოვლი არ შეგაწუხებდა. გაწმენდილი იყო ტროტუარები, გზები, თავისუფლად შეიძლებოდა ფეხით და მანქანით გადაადგილება, ნებისმიერი სერვისით სარგებლობა ისე, რომ თოვლიანი პეიზაჟებით დამტკბარიყავი. როცა თოვდა, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში მოძრაობდა ტექნიკა, რომელიც ქალაქს თოვლისგან წმენდდა და კორპუსთანაც კი გაკვალული მხვდებოდა გზა დილით.

ვიცი პასუხი ამ მაგალითზე, რომ ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ საქართველო არ არის ასეთი განვითარებული ქვეყანა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ევროპული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, სწორედ მაღალი სტანდარტი უნდა ავიღოთ მაგალითად და ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, სადაც თოვლი მივარდნილ, ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელშიც არ ქმნის ასეთ პრობლემებს. არ მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია.

ჩემი აზრით, მთავარი დასკვნა, რაც მერიამ უნდა გამოიტანოს ამ გაკვეთილიდან, არის ის, რომ აუცილებელია საჭირო ტექნიკის შეძენა, რომ გზის გაწმენდა დროულად იქნეს შესაძლებელი. როცა ასეთი დიდი თოვლი მოდის, მისი გატანაა საჭირო, რადგან თოვლის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყრა, როცა ასეთი ვიწრო გზებია ჩვენთან, არ არის გამოსავალი. ვიცი, რომ ძვირია მსგავსი ტექნიკა, მაგრამ ევროპაში იყიდება მეორადი ტექნიკა, რომლის შეძენაც შეიძლება. თოვლი რომ მოვა, გზის გაწმენდა უნდა დაიწყოს ღამით და არა დილით, როცა გზა უკვე მოყინულია და თოვლიც დევს. ამინდის პროგნოზის ბიურო იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა, მოსახლეობა მოემზადოს ამინდისთვის. გზის გაწმენდა ხსნის ყველანაირ პრობლემას, გზა რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ბულვარში ხეების თოვლისგან დასაფერთხად სამჯერ მეტი ხალხი მივიდოდა, დარწმუნებული ვარ. ამისთვის გვაქვს ფეხსაცმელი, საბედნიეროდ.

მე, პირადად, იმიტომ ვერ მოვახერხე ბულვარში ხეების დასაფერთხად წასვლა, რომ ბარცხანიდან, სადაც ვცხოვრობ, ბულვარში რომ ჩამოვსულიყავი ფეხით, თუ მოვაღწევდი, მეეჭვება ხის დაბერტყვის ფიზიკური ძალა შემრჩენოდა.

ძალიან მახარებს მოხალისეების აქტიურობა, მაგრამ კარგი იქნებოდა მთავრობას დროზე, დიდთოვლობის პირველივე დღესვე ეთხოვა მოსახლეობისთვის დახმარება, თუნდაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებისთვის. არ არის სირცხვილი მოსახლეობას სთხოვო დახმარება, როცა არასაკმარისია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, მოხალისეობის პრაქტიკას ევროპაშიც ხშირად იყენებენ და მოსახლეობა ასეთ დროს მზად არის დასახმარებლად.

და ბოლოს, კლიმატი იცვლება, ეს ფაქტია და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს. გაწვიმდება და თოვლი გადნება – ამის იმედზე ყოფნა ბათუმში აღარ შეიძლება.

დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე
ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, რაც ვიცით, რომ უსკომ არჩევნების ჩარატება უნდა უზრუნველყოს?

ბოლო პერიოდში დავინტერესდი და შევისწავლე უსკოს საქმიანობა. მაქვს პროექტი, რომელიც ალბათ განსახილველი იქნება უსკოს სხვა წევრებთან ერთად. ვიმსჯელებთ და შევჯერდებით. მთავარია, რაც შეიძლება გამარტივდეს და გამჭვირვალე გახდეს უსკოს მუშაობა. ეს იქნება ჩემი მიზანი. როცა უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მე მექნება უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, ამის შემდეგ ვისაუბრებ ამ პროექტზე.

არჩევნები, რომლის ჩატარებაც უსკოს მთავარი მოვალეობაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. სხვა დროს უსკოს ან მის თავმჯდომარეს რა საქმე უნდა ჰქონდეს?

აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მაგალითი გვაქვს. ვფიქრობ, სხვა აქტივობებშიც უნდა ჩაერთონ უსკოს თანამშრომლები, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ.

იზრუნებთ თუ არა იმ პირების გადამზადებაზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიებში?

განვითარება და ახალი გამოცდილება ადამიანს ყოველთვის სჭირდება. მითუმეტეს, რომ კანონმდებლობაში შედის ცვლილებები და ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება. იცვლება ასევე მიდგომები და სამუშაოს ტემპი. ადამიანი ყოველთვის უნდა სწავლობდეს, მითუმეტეს, თუ მას აქვს პასუხისმგებლობა.

იმ წევრებს შორის, რომლებსაც ოლქი არჩევს, უმეტესწილად ერთი და იგივე სახეებია, მათ შორის ბევრს არჩევნებზე დარღვევების გამო დისციპლინარული გადაცდომაც ჰქონდა. კითხვაზე, რატომ ხვდებიან ეს ადამიანები ისევ კომისიებში, გვპასუხობდნენ, რომ მცოდნე კადრების ნაკლებობაა. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ამ მხვრივ კადრების მომზადებაზე?

თქვენ მგონი ჩემი პროექტი ან ჩემი გამოსვლა გაქვთ ნანახი. მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ საქმეში. მოვამზადოთ ისინი და გავზარდოთ პროფესიონალებად. ბევრს აქვს იურიდიული განათლება, მათი რესურსი უნდა გამოვიყენოთ. კადრი არ გვეყოლება, თუ არ მოვამზადეთ. მომავალზე ყველა სამსახურმა უნდა იფიქროს. ხშირად ვაწყდებით თემას, რომ მოჰყავთ ნათესავები და მერე ისინი ზიან წლობით. მე ამის წინააღმდეგი ვარ.

კომისიებში იმ ადამიანების დაბრუნებას რა ხერხით შეეწინააღმდეგებით, რომლებსაც გადაცდომების გამო დისციპლინარული სასჯელი ჰქონდათ დაკისრებული?

მე არასდროს არ გამიწევია იმ ადამიანისთვის რეკომენდაცია, რომელსაც გადაცდომები ჰქონია და არც მათ კომისიებში მოხვედრას დავუჭერ მხარს. თუ ადამიანს ორჯერ და სამჯერ შეეშალა, ამ ადამიანმა სხვა საქმე უნდა მოძებნოს.

მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, ემხრობით თუ არა?

ვემხრობი ან არ ვემხრობი ასეც არ არის, ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. როდესაც მივიღებ უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებას შემდეგ დავაფიქსირებ.

თქვენ სახელისუფლებო გუნდის “ქართული ოცნების” კანდიდატად მოგიხსენიებენ. ითქვა, რომ იყავით “ქართული ოცნების” ერთ-ერთი შტაბის წევრი და ასევე შეხვედრებზეც ჩნდებოდით “ქართული ოცნების” სახელით…

“ქართულ ოცნებასთან” კავშირი მქონია ისეთივე, როგორიც მაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ბევრი ნაცნობი მყავს როგორც პარტიებში, ასევე პოლიტიკოსებში და ბევრს ვუწევდი კონსულტაციას. “ქართული ოცნების” სახელით შეხვედრაზე არასდროს ვყოფილვარ.

ფიქრობთ, რომ უმაღლესი საბჭო დაგიჭერთ მხარს? ხომ არ გეგმავთ შეხვდეთ მათ კენჭისყრამდე?

თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები. ერთი ქალბატონი გამოვიდა ტელევიზიით, უმაღლესი საბჭოს წევრი და თქვა, რომ სასურველი კანდიდატი არ ვიქნები, რადგან `ქართული ოცნების~ კანიდიდატი ვარ. გული დამწყდა. არ უნდა თქვან ის, რაც არ იციან.

P.s. დავით კვაჭაძის კონკურენტები უსკოს თავმჯდომარის პოზიციაზე იყვნენ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარცივაძე. უსკოს თავმჯდომარე ირჩევა 5 წლის ვადით. უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 2390 ლარია.

H1N1 ვირუსი – ბოლო მონაცემებით აჭარაში 3 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლის 10:30 საათის მდგომარეობით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p.

11 პაციენტი რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 26 გამოჯანმრთელდა.

 

სულხან სალაძე: „თუ პროცესი გართულდება, აჭარის მთავრობა იტყვის, რომ მხარე ბათუმის თვითმმართველობაა“

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის მერიას უბრუნებს და მისი მართვის პროცესში აღარ ჩაერევა. მანამდე კი ბულვართან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კონცეფციის შეცვლას და მესამე ალიას შენარჩუნებას შეჰპირდა. მანვე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ბულვარში სამუშაოებს აწარმოებს, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე თანახმაა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჯერი ამ ყველაფრის დოკუმენტურად გაფორმებაზე მიდგება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას უკვე წამოწყებულ სამუშაოებზე, თუ პროცესი გაჭიანურდება ან აღმოჩნდება, რომ კონცეფციას, რომელშიც სახელმწიფო სახსრები დაიხარჯა, კომისია უვარგისად მიიჩნევს და ახლის მომზადებას მოინდომებს? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ საიას იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა.

სულხან, რა გვითხრა მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებით?

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ერთი რამ არის – მთავრობა საუბრობს, რომ სამივე ალია უნდა დარჩეს. ხელშეკრულებაში შეიძლება შევიდეს ცვლილება, თუ არის წინასწარი თანხმობა ამაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება მოუწევს უკვე ბათუმის თვითმმართველობას და არა მთავრობას, რომელმაც თავის დროზე ხელშეკრულება გააფორმა. ასე რომ, თუ იქ დამატებით ხარჯებზე იქნება საუბარი, ვთქვათ, კომპანია თუ მოითხოვს ფინანსურ უზრუნვეყოფას ან თუ პროექტი აღარ არის გამოსადეგი და ახალი უნდა შევქმნათ, ამ შემთხვევაში რატომ იყო გაწეული ეს ხარჯები, ამაზე ვინ გასცემს პასუხებს? ეს კითხვები ჩემთვის აქტუალურია.

გარდა ამისა, რაც მათ [მთავრობის]კომენტარებში ვნახე, საუბარია ასევე იმ თანხის შენარჩუნებაზე, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდა აჭარის მთავრობას ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის და ეს თანხა იმავე მიზნებისთვის დარჩება ბათუმის მერიას. ასევე მოვისმინე კომენტარი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ პროცესში აჭარის მთავრობაც მიიღებს რაღაცა ფორმით მონაწილეობას. როგორ მოხდება ამ პროცესის მართვა, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ის გართულდება, აჭარის მთავრობა გაცილებით იოლად იტყვის, რომ მე არ ვარ მხარე და მხარე არის ბათუმის თვითმმართველობა.

ანუ მთავრობამ პასუხისმგებლობა აიცილა?

თუ სიტუაცია გართულდება, ვერ შეთანხმდებიან და კომპანიას ექნება გარკვეული ტიპის მოთხოვნები, მათ შორის ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც შესაძლოა კანონისმიერი საფუძველი ჰქონდეს, თუ მართვაზე პასუხისმგებელი იქნება არა აჭარის მთავრობა, მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეული, არამედ ბათუმის თვითმმართველობა, პრეტენზიები უნდა დადგეს უკვე ამ ქონების მეპატრონესთან.

ასეთი პათოსი ჰქონდა კიდეც დღეს აჭარის მთავრობას, აბა ვნახოთ რას იზამს მერია და საკრებულოო. თანაც უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლითაც საკრებულომ წლების წინ ბულვარი მთავრობას გადასცა მართვაში, არ უქმდება.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით, მე მქონდა გარკვეული ეჭვები, რომ ეს ყველაფერი ცხადი არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა ცხადი, როცა ეს ყველაფერი დოკუმენტურად გაფორმდებოდა. დღეს კიდევ სულ სხვა სიახლეზე ვსაუბრობთ: არამხოლოდ მესამე ალიას  და სასეირნო ბილიკის შენარჩუნებაზე, არამედ ქონების ბათუმის თვითთმმართველობისთვის დაბრუნებაზე. ასე რომ, ბევრ სიახლეს ვიგებ ამ პროცესში და როცა ეს დოკუმენტურად გაიწერება, როცა ნათელი იქნება თითოეულ მხარეს რა ვალდებულება აქვს, რა უფლებამოსილებები დარჩება აჭარის ხელისუფლებას, რა – ბათუმის მერიას, კომპანიის ვალდებულებების ნაწილში რა დარჩება, შემდგომ გაცილებით იოლი იქნება საუბარი. ჩემთვის, პირადად, ეს პროცერსი შეწყდა.

დღეს მთავრობამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2016 წელი გარდამავალი იქნება. ამით რაზე მიანიშნეს – მთავრობამ უკან დასახევი გზა დაიტოვა, თუ წლის ბოლოს ისევ გაჩნდება კითხვები ბულვარის, როგორც ძეგლის მართვის ეფექტიანობაზე?

არ ვიცი რას ნიშნავს გარდამავალი პერიოდი. ეს იქნება გადათხრილი სასეირნო ბილიკები, აყრილი ქვაფენილი, თუ ყველაფერი დალაგდება და რაღაც პერიოდი იმუშავებენ ამ დოკუმენტაციაზე, კონცეფციაზე… რაზეც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება იმუშაონ და ამიტომ ჰქვია ამას გარდამავალი, თუ ჩვენ გვექნება ბულვარი იმ ფრომით, რაც ამ წუთას გვაქვს – ვგულისხმობ გარკვეულ სამუშაოებს, რომლებიც იქ მიმდინარეობს და ეს პროცესი მოიცავს გარდამავალ პერიოდს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება ცხადი, მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი გარკვეული ტიპის რისკებზე, სცენარებსა და განვითარებაზე, როცა ეს დაიწერება ქაღალდზე.

თქვეს კომისიაში არასამთავრობოებისა და საინიციატივო ჯგუფის ჩართვაზე – გადაწყვეტილებას 50+ 1-ის პრინციპით მივიღებთო…

მთავარია, რა ფუნქცია ექნება ამ კომისიას, რისთვის იქმნება ის… ეს არის მნიშვნელოვანი, რა გვინდა, რომ მივიღოთ ამ კომისიის საქმიანობისგან… გადაწყვეტილების მიღებისთვის ორი მესამედი იქნება უკეთესი თუ 50+1, ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა. მთავარია, რა გვინდა ამ კონცეფციით, რისი შეცვლა გვინდა, რა მიზანს მოემსახურება ეს კონცეფცია, ეს იქნება დაკავშირებული ბულვარის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა-განვითარებასთან და აქედან ფინანსური ინვესტიციების მოზიდვასთან, თუ ეს იქნება ძეგლის დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ბევრი საკითხია, რაზეც უფრო მკაფიო ხედვა უნდა არსებობდეს.

ახლა რა უნდა გააკეთოს მთავრობამ,  პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში რომ მოაქციოს?

იმისათვის, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც საჭიროა და კანონის არც ერთი მოთხოვნა არ დაირღვეს, ეს იქნება ბათუმის თვითმმართველობა თუ აჭარის მთავრობა, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბათუმის ბულვარის სტატუსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია, რომლის უმრავლესობა იუსუფელის რაიონშია, დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. პირადად გუბერნატორი თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს ამ პროცესს. საქართველოს პატრიარქი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და რელიგიის საკითხთა სამმართველოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ ართვინში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ართვინის გუბერნატორის მოადგილემ, მემედ ალიოს თურქიმ.

ის დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, თურქი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა.

იშხანის მონასტრის რესტავრაცია, ართვინის გუბერნიაში

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით,  გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს.  მემედ ალიოს თურქის თქმით, ის შენიშვნები, რაც ქართული მხარის მიერ იყო გამოთქმული, გაზიარებულია.

„შენიშვნები, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს ძეგლების რეაბილიტაციის დროს.  7-8 თვის წინ საქართველოს დიასპორის საკითხების მინისტრიც ჩამოვიდა ართვინში და ამ ვიზიტის დროსაც დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ თუკი ბათუმშიც არიან სპეციალისტები, ვისაც შეუძლია რჩევების მოწოდება თურქული მხარისთვის, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ და ვითანამშრომლოთ, რადგან ეს ძეგლები ჩვენი საერთო ღირებულებაა“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“

ავტორი: გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

ნანატრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების 25-ე ახალ წელს საქართველო კვლავ ივერიის გაბრწყინებისა და დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციადქცეული სურვილებით შეხვდა. ნორმალურ ქვეყნებად ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია იგულისხმება. უკიდურეს შემთხვევაში სინგაპური, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენში ნაციონალების ხელისუფლების მმართველობის დროს.

ცნებამ „სინგაპური“ დიდი ხანია დაკარგა თავისი გეოგრაფიული მნიშვნელობა და ცივილური სამყაროსთვის საკუთარი თავის რწმენისა და ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვრობის, უთავმოყვარეობაზე ღირსების გამარჯვების („მსოფლიო არაა ვალდებული გვარჩინოს,  ჩვენ მოწყალებით არ უნდა ვიკვებოთ“), ცოდნისა და განათლების დაფასების, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, წესრიგისა და დისციპლინის, პატიოსნებისა და თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოდ იქცა.

ნამდვილად მისაბაძი მაგალითია, როცა საკვები პროდუქტების, ენერგომატარებლების, სასმელი წყლისა და სასარგებლო წიაღისეულის არმქონე  უპერსპექტივო კუნძული ორ ათეულ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მოწინავე და საცხოვრებლად მშვენიერი ქვეყანა ხდება.

მთავარი და ძირითადი მიზეზი სინგაპურელების წარმატებისა და ჩვენი წარუმატებლობისა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირდაპირ და არაპირდაპირ გამოყენებაში იმალება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქტატის) ოფიციალური მონაცემებით 2005–2015 წლებში, საქართველოში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს – 449,8 მლნ. დოლარი; 2006წ. – 1190,4 მლნ.; 2007წ. – 2014,8 მლნ.; 2008წ. – 1564,0 მლნ.; 2009წ. – 658,4 მლნ.; 2010წ. – 814,5 მლნ.; 2011წ. – 1117,2 მლნ.; 2012წ. – 911,6 მლნ.; 2013წ. – 941,9 მლნ.; 2014წ. – 1758,4მლნ.; 2015წ (წინასწარი მონაცემი)1580 მლნ.; სულ 13 მილიარდი დოლარი. აღარაფერს ვამბობთ დაახლოებით ამდენივე თანხაზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, ძირითადად ამერიკელებისაგან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა არხებით. ამდენი ფულით საქართველოზე ორჯერ დიდი ქვეყნის ეკონომიკის ამოქაჩვა შეიძლებოდა.

ვნახოთ როგორაა განმარტებული პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკურ ლექსიკონში: „კაპიტალის დაბანდება საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში, საკუთარი საწარმოებისა და წარმოების შესაქმნელად. უშუალოდ წარმოებაში და გარკვეული სახის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე დახარჯული თანხები“. ე.ი. უცხოელ ინვესტორებს ზემოდასახელებული 13 მილიარდი დოლარით საქართველოში საწარმოები უნდა აეშენებინათ!

ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციის ცნებაში, უპირველესად, პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური საწარმოების მშენებლობა მოიაზრება, რომელსაც ინვესტიციების ზრდის პროპორციულად სამუშაო ადგილების ზრდა უნდა ახლდეს თან.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25 ათასი დოლარის ინვესტიცია. ვნახოთ რამდენი ადამიანი დასაქმდა ქვეყანაში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შედეგად და რა კავშირია ჩადებულ ინვესტიციებსა და უშუალოდ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას შორის, რადგან ინვესტიციები, როგორც წესი, ბიზნესში იდება.

2005 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388 946-დან 600 000 კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 211 054 კაცით, მაშინ, როცა 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად ის უნდა გაზრდილიყო 516 800 კაცით. სად გაქრა ის 305 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ზემოაღნიშნული პირდაპირი ინვესტიციების შედეგად უნდა შექმნილიყო? 211 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უკეთეს შემთხვევაში 5275 მილიონი (ხუთი მილიარდ ორასსამოცდათხუთმეტი მილიონი) დოლარი დასჭირდა. რა იქნა დანარჩენი 7645 მილიონი (შვიდი მილიარდ ექვსას ორმოცდახუთი მილიონი) დოლარი, რომელიც, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების სახით ჩაიდო საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ნაჩვენები პირდაპირი ინვესტიციებისა და, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხოვნების შედარება ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს მართლა შემოვიდა თუ არა დასახელებული თანხის ინვესტიცია ქვეყანაში. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იყო არა პირდაპირი ინვესტიცია, რაშიც სურთ რომ დაგვარწმუნონ, არამედ სპეკულაციური ინვესტიციები. (სპეკულაციურია ინვესტიციები, როცა ხდება აქტივების ყიდვა და ერთი-ორი-სამი წლის შიგნით მათი გადაყიდვა).

მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირდაპირი ინვესტირების დროს უნდა შენდებოდეს ახალი საწარმოო სიმძლავრეები ან ძველის სრული რეაბილიტაცია და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ჩადებული ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად, როგორც ეს სინგაპურში მოხდა, სადაც ინვესტიციები გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ, ქიმიურ,  მეტალურგიულ, კომპიუტერულ, ნავთობგადამამუშავებელ და სხვა დარგებში ახალი სამრეწველო საწარმოების აშენების გზით დაბანდდა. ახალი საწარმოების მშენებლობამ კი უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და მთლიანად დაასაქმა  ქვეყნის მოსახლეობა. გაჩნდა ხელფასი, ფული და კეთილდღეობა.

სპეკულაციური ინვესტირებისას კი ადგილი აქვს ღირებული აქტივების ყიდვა–გადაყიდვას და მხოლოდ მფლობელების შეცვლას შემდგომში კაპიტალის მნიშვნელოვანი დაბანდებებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარეშე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სადაც ე.წ. პირდაპირი ინვესტიციები ახალი სამრეწველო საწარმოების ასაშენებლად კი არ იქნა გამოყენებული, არამედ უკვე აშენებული, მანამდე არსებული, მოქმედი საწარმოების ყიდვისა და შემდგომ მათი სპეკულაციური გადაყიდვისთვის. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებების შედეგად მუშა მდგომარეობაში მყოფი ობიექტები, როგორც წესი, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით იყიდებოდა, ხოლო მათი გადაყიდვა საბაზრო (კომერციული) ღირებულებით ხდებოდა, რაშიც შინაურმა და გარეულმა „ინვესტორებმა“ უზარმაზარი ფული „მოხსნეს“, ქვეყანა კი, პრაქტიკულად, მრეწველობისა და ეროვნული სიმდიდრეების გარეშე დარჩა.

გადაყიდული ობიექტების კაპიტალიზაცია ახლა ისეთი ოდენობის თანხას შეადგენს, საეჭვოა ჩვენმა შთამომავლობამ ოდესმე მოახერხოს მათი უკან გამოსყიდვა. სპეკულაციური ინვესტიციების ტიპური მაგალითებია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, ზესტაფონის ფეროს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ფოთისა და ბათუმის პორტებისა და ტერმინალების, „თელასის“, „ბორჯომისა“ და სხვ. საწარმოების შესაძენად ჩადებული ინვესტიციები.

ასე, სიტყვების თამაშით და სტატისტიკური ჟონგლიორობით (როცა „პირდაპირი“ სულაც არ ნიშნავდა პირდაპირს), იქმნებოდა ილუზია, რომ ივსებოდა ქვეყანა უცხოური ინვესტიციებით და საწარმოებით, ხოლო რეალურად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ხიბლის საფარქვეშ, ხდებოდა ქვეყნის სამრეწველო თუ წიაღისეული სიმდიდრეების მიტაცება შინაური თუ გარეული „ინვესტორების“ მიერ, რომლის შედეგად ქვეყნის შიგნით ეროვნული ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკა შეიქმნა უცხოური ფირმების მონაწილეობით, რომელიც თავისი მასშტაბებით აჭარბებს ეროვნულ ეკონომიკას.

მართალია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ ჯერ-ერთი, ის უნდა იყოს ნამდვილად პირდაპირი ინვესტიციები, ჩადებული ახალ სამრეწველო საწარმოებში და მეორეც, რაღაც საზღვრები უნდა იქნას დაცული. ქვეყანამ, რომლის ლამის მთავარი ეკონომიკური ფუნქცია სატრანსპორტო დერეფანია, ამ დერეფნის საკვანძო ობიექტები – ბათუმისა და ფოთის პორტები თავის ტერმინალებიანად გაასხვისა!

ასევე, „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების“ შედეგად გასხვისდა ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის „ფერო“, მადნეული, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის „აზოტი“, „ელმავალმშენებელი“, ელექტროვაგონშემკეთებელი, ელექტრომექანიკოსი, ლიტოფონი, „თელასი“, თბილსრესი, საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანია (ახლანდელი „ენერგო-პრო ჯორჯია“), თითქმის მთელი ქართული ჰიდრო და თბოგენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის განაწილების კომპანიები, საბანკო სექტორი, გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, „ელექტროკავშირი“, თბილისის წყალი, ნავთობტერმინალები და ნავთობმომარაგება და ასე შემდეგ საქართველოს ეკონომიკის 250-მდე უმსხვილესი ობიექტი. ყველა ზემოჩამოთვლილი ობიექტის საყიდლად შემოსული ინვესტიციები მთავრობისა და საქსტატის მიერ პირდაპირ ინვესტიციებად ჩაითვალა, როდესაც ისინი ნამდვილად არ წარმოადგენდნენ ასეთებს.

ამიტომ არ მოიტანა საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაპირებული სიკეთე. ამიტომ არ გაბრწყინდა ივერია და გაბრწყინდა სინგაპური, სადაც პირდაპირი ინვესტიციები პირდაპირი დანიშნულებით იქნა გამოყენებული და არა სპეკულაციური გამდიდრებისთვის. ამიტომ აქვს ჩვენზე ტერიტორიით 70-ჯერ პატარა ქვეყანას 308 მილიარდი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი (საქართველოს მხოლოდ 16 მილიარდის, 19-ჯერ ნაკლები), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 53 220 დოლარი (მეექვსე ადგილი მსოფლიოში), მაშინ, როცა ქართველებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 3720 დოლარია (14-ჯერ ნაკლები, 116-ე ადგილი).

13 მილიარდი დოლარი რომ მართლა პირდაპირი ინვესტიციების სახით მოხმარებოდა ქართულ ეკონომიკას, მისი ზრდის ტემპი ხუთიდან სამ პროცენტამდე კი არ შემცირდებოდა, სულ ცოტა სამჯერ ხუთი პროცენტი მაინც იქნებოდა და ლარსაც ასე არ გაუჭირდებოდა. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა იმ ქვეყანაშია მყარი, სადაც რეალურად პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება, სადაც ეკონომიკა დივერსიფიცირებულია,  სადაც ეკონომიკის საფუძველი – მსხვილი ფაბრიკა-ქარხნები შენდება და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქცია იწარმოება, სადაც ექსპორტი იმპორტზე მეტია, სადაც ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს და ასე შემდეგ.

მართალია, ლარის დაგლახებაში ეროვნულ (ნაციონალურ) ბანკსაც მიუძღვის წვლილი და გარე შოკების გავლენასაც არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლოს დევალვაციის მიზეზები უპირველესად ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში, პირდაპირი ინვესტიციების არაპირდაპირ გამოყენებაში დევს. ამის დანახვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება.

ავტორი: გიორგი თავაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თურქი მხატვრის ქემალ ჩელიქის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ცოტა ხნის წინ ბათუმმა კიდევ ერთი თურქი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ თურქი და ქართველი ოფიციალური პირები. სტუმრებს  ნაციონალური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა:

„ჩვენი ახლო მეზობლობა ართვინთან მეგობრობაში და შემოქმედებითი ურთიერთობების გაზიარებაში გამოიხატება. პეიზაჟი ერთ-ერთი პოპულარული ჟანრია მხატვრობაში და მას ყოველთვის მოეძებნება დამთვალიერებელი. ვფიქრობ, გამოფენა წარმატებული იქნება“.

ნინო ნიჟარაძე

მხატვარ ქემალ ჩელიქის თქმით, ეს მისი პირველი გამოფენაა საზღვრებს გარეთ:

„ხელოვნება არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მხარდაჭერისთვის.  ასევე მადლობა მინდა გითხრათ სტუმრებს, ცივი ამინდის მიუხედავად გამოფენაზე  მოსვლისთვის“.

ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზქანის თქმით, მხატვარი ქემალ ჩელიქი წარმოშობით შავშეთიდაა, სწორედ ამიტომ შეჩერდა მასზე არჩევანი:

„მის შემოქმედებაშიც  ამიტომ სჭარბობს ართვინის პეიზაჟი.  ჩვენ პეიზაჟს ვანიჭებთ უპირატესობას“-თქვა მან.

გამოფენის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი, გიორგი თავამაიშვილიც ესწრებოდნენ.

ქემალ ჩელიქის პერსონალირი გამოფენა

ქემალ ჩელიქის გამოფენა

 

 

საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე

საახალწლო კონცერტი, რომელიც წელს ბათუმში მაყურებლის ნაკლებობით გამოირჩეოდა, ბიუჯეტს 491 228 ლარი დაუჯდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონცერტის მოსაწყობად ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „მიმოდრამის თეატრთან“ 2015 წლის 4 დეკემბერს.

„პირდაპირი შესყიდვა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ტენდერს ვერ მოვასწრებდით. საახალწლო კონცერტისთვის თანხა წლის დასაწყისში არ იყო გათვალისწინებული. ტენდერების ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლდა ფული და ეს გამოჩნდა სექტემბრის ბოლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ იყო პრობლემა ჩატარებულიყო ტენდერი ოქტომბერში და ამ გზით შესაძლოა, დაზოგილიყო ბიუჯეტიდან თანხა,  ლადო მგალობლიშვილმა გვიპასუხა: „კონცერტის ჩატარება ტენდერის გზით რთულია, შეიძლება გაგიმართლოს, შეიძლება – არა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი, მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ ეს შესყიდვა მინიმუმ სახელმწიფო უწყების დაუგეგმავად მუშაობას აჩვენებს: „ახალი წელი არაა მოულოდნელობა და ყველამ ვიცით, რომ იგი უნდა აღინიშნოს რაღაც ფორმით. ახალი წლის კონცერტისთვის თანხა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი წლის დასაწყისში. შესაბამისად, „დრო არ იყო საკმარისი“ – ვერ იქნება არგუმენტი. თუნდაც ოქტომბერში რომ გამოჩენილიყო ეს თანხა, საკმარისი დრო ისევ არსებობდა ტენდერის ჩასატარებლად. ასეთი მიდგომა აზარალებს ბიუჯეტს და ვერ ვიღებთ ასევე იმ შედეგს, რაც იყო ჩაფიქრებული. ცნობილია, რომ ეს კონცერტი ფორსმაჟორულად დაიგეგმა.“

აჭარის განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი საახალწლო კონცერტისთვის გამოიყენა პირდაპირი შესყიდვა – ბათუმის სხვადასხვა უბანში საახალწლო კონცერტების მოსაწყობად 15 800 ლარზე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება სამინისტრომ „ჰეფი თაიმსთან“ გააფორმა.

„აქ იაფად რომ გამოვსულიყავით, იმიტომ აღარ გამოვაცხადეთ ტენდერი. შევარჩიეთ კომპანია, რომელსაც მოგების და სხვა გადასახადები არ ექნებოდა გადასახდელი და ასე უფრო დავზოგეთ თანხა“- განაცხადა „ბათუმელებთან“ ლადო მგალობლიშვილმა.

ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტებზე მაყურებლის აშკარა სიმცირე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძემ ჟურნალისტებთან დიდთოვლობას დაუკავშირა: „ძალიან ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვს იმისთვის, რომ თოვლ-ჭყაპში გამოვიდეს გარეთ და მითუმეტეს ყინვაში.“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი საახალწლო კონცერტებისთვის თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, კონცერტებს მერია გამართავს, ხოლო სამინისტრო იმ შემთხვევაში დააფინანსებს კონცერტს, თუკი ბიუჯეტში ეკონომიის ხარჯზე თანხა გაჩნდება. ლადო მგალობლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კვლავ ტენდერის გარეშე ჩატარდეს კონცერტი. მისი შეფასებით, „ეს უფრო მარტივია და ეფექტური“.

უფასო კონსულტაციები კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 10:00 საათიდან 17:00-საათამდე კლინიკა მედცენტრის (ონკოლოგიური საავადმყოფო) ყველა ონკოლოგი ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს.

ონკოლოგიური საავადმყოფო მდებარეობს პუშკინის ქუჩის 118 ნომერში.

საკონტაქტო ნომერი – (0422) 22 60 60 / 596 22 60 60

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი H1N1 ვირუსია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი ანალიზით ჯერ არ არის დადასტურებული. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სინჯი აღებულია და გადაგზავნილია თბილისში შემოწმებაზე. პასუხი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ H1N1 ვირუსით ბათუმში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 57 ნიმუში, მათ შორის 16 შემთხვევაში დადასტურდა A h1. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში, 13 გამოჯანმრთელდა.

არჩილ ხაბაძე: თურმე ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას (ვიდეო)

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა.

უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ბულვარში მაღალბიუჯეტიანი პროექტები განახორციელოს“, – განმარტეს სხდომაზე.

აჭარის მთავრობის განცხადებით, გადაიხედება კომისიის შემადგენლობაც, რომელმაც ბულვარის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით იმუშავა. კომისიაში გაწევრიანებას შესთავაზებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებს. არჩილ ხაბაძის განმარტებით, კომისიას გადაწყვეტილების მიღება 50+1 პრინციპით უნდა შეეძლოს.

ასევე გადაიხედება კომპანია „ლიტომთან“,  რომელიც ბათუმის ბულვარის რებილიტაციაზე უკვე მუშაობს,  გაფორმებული ხეშეკრულების პირობები. მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ კომპანია თანახმაა ბულვარის მესამე ალიას შენარჩუნებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო:

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 4 აპრილს მიიღო. თუმცა, მერია საქმის წარმოების პროცესს ამ დრომდე აჭიანურებდა და აცხადებდა, რომ ამისთვის მზად არ იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე კი აცხადებდა, რომ ბულვარს მერიის მართვაში არ დააბრუნებდა. ამჯერად მან განმარტა, რომ მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა. ახლა კი გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნით მიიღეს.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ბულვარის მართვაში დაბრუნების საკითხი ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეთანხმებულია:

„ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცილებთ პასუხისმგებლობას“.

დღეს მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ 2016 წელი გარდამავალი პერიოდი იქნება მერიისთვის ბულვარის სამართავად. კითხვაზე – რა მოხდება, თუ წლის ბოლოს ბულვარის მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ისევ გაჩნდება, დავით ბალაძემ უპასუხა: „ამაზე წლის ბოლოს ვისაუბროთ.“

დავით ბალაძე / ბულვარის მერიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით

ვინ გადაწყვეტს ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხს

აჭარის მთავრობის 2 სექტემბრის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ბულვარი, თავის ბიუჯეტიანად, სამართავად გადაეცემა მესაკუთრეს – ბათუმის მუნიციპალიტეტს.

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარისთვის – „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“ – 10 მილიონ 368 ათას 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადმინისტრაციისთვის კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი.

ამ თანხის ათვისება ბულვარის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა. ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, კვლავ აქტუალური რჩება ძველ ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხი, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აუცილებელი იქნება  მოლაპარაკების გამართვა და პროექტსა და ხელშეკრულებაში შესაბამისი  ცვლილებების შეტანა [რასაც უპირობოდ ითხოვს „ბულვარის დამცველები“]. სავარაუდოდ, ამ მისიის შესრულება ბათუმის მუნიციპალიტეტს და ბულვარის ახალ ადმინისტრაციას მოუწევს.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა. მერიაში განაცხადეს, რომ ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, ბათუმის საკრებულოსთან შეთანხმებით, შეეძლება დანიშნოს ახალი ხელმძღვანელები.

ბათუმის ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინა ხელისუფლების პირობებში გადაეცა სამართავად. მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის დამცველები მერიისთვის მისი ქონების ანუ ბათუმის ბულვარის გადაცემას ბოლო სამი წლის განმავლობაშიც მუდმივად ითხოვდნენ, დღემდე ამის მიღწევა შეუძლებელი იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარს განიხილავდა როგორც საინვესტიციო ტერიტორიას.

სხდომა აჭარის მთავრობაში ჯერ კიდევ გრძელდება.

 

Exit mobile version