მთავარი

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

03.02.2016 • 1810
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი კანდიდატურის წარდგენა უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლებაც თანაბრად გამოუცხადებდნენ ნდობას და კანდიდატურად არა ადგილობრივი  წარადგინა.

რა იგულისხმება არაადგილობრივ კადრში
როცა გავაკეთე მედიასთან კომენტარები და ვთქვი, რომ ამ თანამდებობაზე არაადგილობრივი კადრის წარდგენა იყო ხელისუფლების დიდი შეცდომა, მრავალი ინტერპრეტაცია მოჰყვა.  კიდევ ერთხელ ღიად და ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე, ზუსტადაც ადგილობრივი კადრი უნდა ინიშნებოდეს და აი რატომ: უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს აჭარის უმაღლესის საბჭოს არჩევნებს და უმაღლესი საბჭო თავის მხრივ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი დატვირთვა რეგიონში (სხვა საკითხია როგორია იგი დღეს) არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, მისი არჩევნები არ მიეკუთვნება მეორადი მნიშვნელობის საკითხებს და მოსახლეობა მას ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდება მთელი აჭარისა და ქვეყნის მასშტაბით.

არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია

ყველა ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა შექმნას საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობა. ამგვარი ინსტიტუტების ავტორიტეტს, მის მიმართ დამოკიდებულებას ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც დროში გამოცდილი დემოკრატიული ტრადიცია პრაქტიკულად არ გააჩნია და ახლა ცდილობს დემოკრატიულ სისტემაში რეალურად გარკვევას, ყოველთვის განსაზღვრავენ პიროვნებები. გამომდინარე იქედან, რომ აჭარის საარჩევნო კომისია, აჭარის წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნებს ატარებს, მის მიმართ ნდობა, პირველ რიგში, ადგილობრივ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს. ნდობა, ანბანური ჭეშმარიტებაა, ვერ გექნება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არ იცნობ პირადად, ან არ არსებობდა შესაძლებლობა მისი განვლილი ცხოვრებისთვის თვალი ედევნებინა ამომრჩეველს. თუ არჩევნების ჩამტარებელი პირველი პირის მიმართ არ არის ნდობა (იმიტომ რომ არ იცნობენ), ლოგიკურია ჩნდება კითხვები არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვაზე. ანუ რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის ნება, არჩევნების შემაჯამებელ ოქმში აისახოს ის შედეგი, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს არჩევნების დღეს.

თავისუფალი მანდატის პრინციპი

ეს არის მსოფლიოში აღიარებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ყველა დეპუტატი, რომელიც არის მოსახლეობის მიერ არჩეული, იმ ვადის მანძილზე, სანამ ის მოსახლეობის მანდატს ფლობს, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და შინაგანი რწმენის მიხედვით. არ შეიძლება მისი გამოწვევა არჩეული ორგანოდან და მის გადაწყვეტილებებზე ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ბუნებრივია, პოლიტიკური მდგენელი, ზოგადად, გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც დიდია და იგი პარტიათა ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ესეც ლეგიტიმურია, რადგან ზუსტად ესა თუ ის პარტია არის არჩეული მოსახლეობის მიერ და მისი ამომრჩევლის ნებას გამოხატავს. თუმცა არსებობს პოლიტიკური საკითხები, რომელიც ვერ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო პროგრამაში და ასეთ დროს დეპუტაცია იღებს გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის ან ელექტორატის  განწყობების მიხედვით. თუ ეს ორივე გარემოება ემთხვევა ერთმანეთს ეს იდეალური შემთხვევაა, მაგრამ თუ არ ემთხვევა ამას უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი ჰქვია, რომელიც ყველა დეპუტატის არჩევანია. თუმცა ეს არჩევანიც თავისუფალი ნებით უნდა იყოს მიღებული და არა ძალდატანებით. იმედს ვიტოვებ, ხვალინდელ სხდომაზე შინაგანი რწმენა და საზოგადოებრივი ინტერესი იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი და არა პოლიტიკური კონიუნქტურა.

ჩემი თავისუფალი არჩევანი

პირადად მე, არ ვუჭერ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს. არ განვიხილავ მის პროფესიონალიზმს და პიროვნულ თვისებებს, იქნებ პროფესიონალიც არის და სამართლიანიც. ჩემი არგუმენტი მარტივია, მას არ იცნობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა, მას არ იცნობს სამოქალაქო საზოგადოება და მას არ იცნობენ არც ადგილობრივ მედიაში. არ ვიცნობთ მის დამოკიდებულებებს და ღიად განცხადებულ პოზიციებს იმ ძირეულ საკითხზე, რომელსაც არჩევნების სამართლიანობა და ობიექტურობა ჰქვია. არ გვქონდა შესაძლებლობა გვედევნებინა თვალი მისი სამოქალაქო აქტიურობისთვის და ამით წარმოდგენა შეგვექმნა მასზე, როგორც სამოქალაქო პრინციპების დამცველ მოქალაქეზე. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და ვფიქრობ ამით ჩემი შინაგანი რწმენა და მოსახლეობის მოთხოვნა ზუსტადაც რომ თანხვედრაშია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის მართებული, რომელიც არ შეიცვლება!

მთავრობის თავმჯდომარის „არჩევანი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ იგიც არ იცნობს ამ კანდიდატს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მის გუნდს. ამით იგულისხმა, რომ კანდიდატი თითქოს თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ამ დროს ექსკლუზიური უფლება უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი აქვს მხოლოდ მას კანონმდებლობის მიხედვით. გამოდის, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა  არის ყველასთვის უცნობი მოქალაქე, რომელმაც უნდა მართოს უმაღლესი საარჩევნო კომისია შემდეგი ხუთი წლის ვადით და არავინ იცის მისი ხედვა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისია და მისი ფუნქცია

დღეს პირდაპირ მინდა ვთქვა, უმაღლესი საარჩევნო კომისია, ოთხი წლის მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. მისი რეფორმირება და ერთგვარ საარჩევნო სკოლად ქცევა არის მთავარი მიზანი. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც მოღვაწე ადამიანები იზრუნებენ რეგიონში განავითარონ საარჩევნო კულტურა და აჭარის მაღალმთიანეთიდან დაწყებული, ბარით დამთავრებული გადაამზადონ ასობით და ათასობით აპოლიტიკურ სამოქალაქო აქტივისტს იმისათვის, რომ განსწავლული და ინფორმირებული კადრებით თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი სქემა. მისი თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და აქტიურად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან არსებულ ფინანსურ და მატერიალურ ბაზას შესძინოს რეალური ფუნქცია და აქციოს ეფექტურ ინსტიტუტად. ეს არის ის მოდელი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ინოვაციასაც და რეფორმებსაც, მხოლოდ მსგავსი მოდელის შემქმნელი და მსგავსი ხედვების მატარებელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი ჩემი და ჩემი გუნდის მიერ და სხვა ნებისმიერი კანდიდატი იქნება აღქმული იმ უძრავი სტილის გამგრძელებლად, რომელიც წლების მანძილზე დამკვიდრდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

და ბოლოს, რჩევა ხელისუფლებას! როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებთ, უნდა ითვალისწინებდეთ მთავარს და განმსაზღვრელს – საზოგადოებრივ აზრს. კანდიდატურა უნდა იყოს რეგიონისთვის ცნობადი და მისაღები, ის უნდა მოქმედებდეს საჯარო სივრცეში და უნდა არსებობდეს პრეცენდენტები მის მიერ აღებული პასუხისმგებლობებისა. ზემოაღნიშნული გარემოებები აყალიბებენ ნდობას პიროვნებისა და პროცესის მიმართ. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ეს საზოგადოებრივ საჭიროებებს წაადგება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი, თავისუფალი დემოკრატები ხვალ კენჭისყრაში არ ვღებულობთ მონაწილეობას და ველოდებით კანდიდატს, რომელზეც საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია; კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საარჩევნო კომისიას ეფექტურს გახდის.

სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: