კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

03.02.2016 • 2491
ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით  სამედიცინო  მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა.

ქალბატონო მანანა, რატომ გახდა საჭირო ახალი პროგრამის შემუშავება?

გავითვალისწინეთ წინა წლების ონკოლოგიური პაციენტების მომართვიანობა, მათი მძიმე მდგომარეობა, მათი სოციალური მდგომარეობა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად დაფინანსდეს მათი სამედიცინო მომსახურება, ცალკე პროგრამა გამოიყო. ჩვენ ეს მიმართულება გასულ წელს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამაში გვქონდა, მაგრამ მაშინ ერთი სირთულე იყო – სხდომა, რომელზეც წყდებოდა ადამიანების მხარდაჭერის საკითხი, კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ანუ ადამიანებს უწევდათ ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ახლა გავაადვილეთ ეს პროცესი და უფრო მეტი მომსახურებაც ჩავდეთ პროგრამაში.

პროგრამისთვის გამოყოფილია 700 ათასი ლარი. ეს თანხა ითვალისწინებს იმ კომპონენტების დაფინანსებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა და არც სხვა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს. ცოტა დეტალურად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს, პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტების მიწოდებასაც?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა აფინანსებს ონკოლოგიურ პაციენტთა სხივურ თერაპიას, ქიმიო და ჰორმონოთერაპიას 80%-ით, 12 ათასი ლარის ფარგლებში. ფინანსდება გეგმიური ოპერაციული მკურნალობაც, თუკი რამე ოპერაცია არის საჭირო, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქე ვერ ხვდება ამ პროგრამაში, მაგალითად იმიტომ, რომ პირი შეიძლება არის მინიმალური სადაზღვევო პაკეტის მფლობელი – იყო დაზღვეული, დაზღვევა გაუუქმდა და ვეღარ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. აქვს კორპორაციული თუ ინდივიდუალური დაზღვევა, მაგრამ ამოეწურა დაზღვევის ლიმიტი, ვერც საყოველთაოში ხვდება და ვერც ონკოლოგიური პაციენტისთვის საჭირო მხარდაჭერას იღებს.

ონკოლოგიური მომსახურება ძვირადღირებულია, შესაბამისად მინიმალური პაკეტი ვისაც გაუთავდა, ის რჩება დაფინანსების გარეშე. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ პროგრამის შექმნა, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი სამედიცინო მომსახურება ონკოლოგიური ავადმყოფობის, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს, მაგალითად, მთელი რიგი გამოკვლევები – ცისტოლოგიური გამოკვლევები, ბიოფსიები და სხვა. საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს მხოლოდ ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სხივურ თერაპიას, დანარჩენი მომსახურება რაც არის – გამოკვლევები, მას საყოველთაო ვერ აფინანსებს. შესაბამისად, ახალი პროგრამა ამ მიმართულებას დააფინანსებს.

გარდა ამისა, რაც მთავარია, დაფინანსდება ტარგენტული მედიკამენტებით მომსახურება, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით მომსახურება. სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გაიცემა ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა. წლიური ლიმიტი  იქნება 10 000 ლარი.

ეს რას ნიშნავს?  – არასამედიცინო ენაზე რომ გვითხრათ…

ეს არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მეორე, მესამე, მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებთან. ეს მედიკამენტები ქიმიოთერაპიასთან ერთად იხმარება და ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

2-3 დღის წინ დააანონსეს, რომ თბილისის მერიამ ჰერცეპტინით მკურნალობის  დაფინანსება დაიწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჰერცეპტინს ჩვენ ვაფინანსებდით გასულ წელსაც და კიდევ მთელ რიგ წამლებისას, რომლებიც ასევე ძვირადღირებულია.

ეს პროგრამა თანადაფინანსებას მოითხოვს პაციენტისგან?

თუ მკურნალობისთვის საჭიროა 1000 ლარი, დაფინანსდება 100%-ით,  1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით; 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით; 3000 ლარზე მეტი – 70%-ით.

პროგრამაში ჩართვის პროცედურა როგორი იქნება?

არაფერია საჭირო გარდა იმის, რომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აჭარაში და დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, ანუ დიაგნოზი დადასტურებულია. არ აქვს მნიშვნელობა კატეგორიას და სიმძიმეს, ყველას ვეხმარებით. ყველა ონკოლოგიური ავადმყოფი ჩვენ ავადმყოფია.

ხშირად არის, რომ პაციენტები კვლევების ჩატარებას უცხოეთში ითხოვენ. ხომ არ ითვალისწინებს ეს პროგრამა ამას?

არა. ჩვენი არც ერთი პროგრამა უცხოეთში მკურნალობას არ აფინანსებს.

სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ. “მედცენტრში” „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ონკოდაავადებულთა რიცხვი გაიზარდა…

ჯობია ამის შესახებ თავად ონკოლოგებს მიმართოთ. კლინიკები აწარმოებენ სტატისტიკას. შეიძლება ვიღაცამ ჩვენ არ მოგვმართა და მიმართა თბილისის კლინიკას. ზოგადად კი, გასული წლის სრული სტატისტიკა საზოგადოებრივ ჯანდაცვას ექნება, მაგრამ მგონი, ჯერჯერობით, ამის დათვლა არ არის დასრულებული.

“მედცენტრში” „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მომატებულია ფილტვის კიბოს შემთხვევები. ხომ არ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ კამპანია წამოიწყოს მოწევის წინააღმდეგ?

ეგეთ კამპანიებს უფრო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს.

1500 ონკოპაციენტი დააფინანსა გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ…

არა, გასულ წელს ჩვენ 1500 მომსახურება დავაფინანსეთ. ერთმა კაცმა შეიძლება 3-5-ჯერ მოგვმართა. შარშან დაახლოებით 700-მა ადამიანმა მოგვმართა. წელს, ჯერჯერობით, 158 ვაუჩერი გვაქვს გაცემული.

როგორ ფიქრობთ, ეს 700 ათასი ლარი საკმარისი იქნება?

თუკი არ იქნება საკმარისი, დაემატება ბიუჯეტს, ანუ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ.

 

გადაბეჭდვის წესი