მთავარი,სიახლეები

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

04.02.2016 • 2023
ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში?

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარე ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ იმაზეც არის დამოკიდებული, რას გააკეთებს ჩვენი მთავრობა. არაფერი ისეთი კატასტროფული არ ხდება, რომ ეს პროცესი ვერ შევაჩეროთ.
 

რა არის მთავრობაზე დამოკიდებული და რა გარე ფაქტორებზე?

მეზობელ ქვეყნებში უფასურდება რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და თურქული ლირა – ეს ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვა მეტი იაფი იმპორტირებული პროდუქცია და ჩვენგან ექსპორტს კიდევ უფრო გაუჭირდება გასვლა.

ბევრი დოლარი გავა და ნაკლები შემოვა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით საგარეო ფაქტორებს. შიდა ფაქტორს რაც შეეხება – მთავრობას შეუძლია სწრაფად შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები. გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმაც, რომ უკვე დავიწყეთ მსჯელობა და ფიქრი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზეო. ახლა ალბათ დააკვირდებიან პროცესებს, როგორც წინა წელს, თუ ცოტა დასტაბილურდა ლარი, შეაჩერებენ ამ პირობას, შემდეგ როცა ისევ გაექცევათ, ისევ შეიკრიბებიან და ა.შ.

მთავრობის მიერ დღეს დაწყებული ფიქრი ხარჯების შემცირებაზე დაგვიანებული ხომ არ არის?

დაგვიანებულია, ბუნებრივია. ბოლო ერთი კვირა რომ ავიღოთ, ლარის გაუფასურების საკითხი პირდაპირ მიბმულია საბიუჯეტო ხარჯებზე. ხარჯავ ბევრ ფულს, ლარი უფასურდება. გუშინ და გუშინწინ შედარებით ნაკლები დახარჯეს და 50-იდან 47-ზე ჩამოვიდა კურსი.

დაახლოებით რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები, ლარის ინფლაცია რომ აღარ გაგრძელდეს?

მარტო ხარჯების შემცირებაც არ არის მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ხარჯავ. ბიუჯეტს აქვს ყოველდღიური შემოსავალი და ხარჯიც, მაგალითად, გასულ პარასკევს 59 მილიონი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავალი, დახარჯა 11 მილიონი ლარი. ეს კურსისთვის იყო კარგი. 48 მილიონი დაზოგა. მაგრამ ერთი კვირის წინ, 22 იანვარს, პირიქით გააკეთა: 49 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე ჰქონდა შემოსავალი, ანუ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ამ ყველაფერს დიდი გავლენა აქვს კურსზე, შესაბამისად, მცირე უზუსტობაც აისახება ლარზე.

ეს უზუსტობები არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ სხვა მიზეზები არსებობს კიდევ?

ორი რამეა, როცა წლიური დეფიციტი გაქვს 800 მილიონი ლარი, ის სადღაც იჩენს თავს. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გექნება პერიოდები, როცა დეფიციტურად უნდა ხარჯო. ამიტომ ერთი გამოსავალია – წლიური დეფიციტი შევამციროთ 300 მილიონამდე მაინც, დარჩენილი 500 მილიონი კი მაქსიმალურად თანაბრად უნდა გადავანაწილოთ ყოველდღიურ ხარჯზე.

ითქვა, რომ თუ ვინმე ავტორიტეტული პირი ხელისუფლებიდან განაცხადებს, რომ ლარს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, კურსის ასეთი ვარდნა აღარ დაფიქსირდება. ვინ არის ასეთი პირი დღეს ხელისუფლებაში?

ამ საკითხზე იმდენჯერ შერცხვა ხელისუფლება და იმდენჯერ თქვეს, რომ ლარის კურსი არ იყო საგანგაშო… ივანიშვილიც აკეთებდა ამაზე განცხადებას – მას უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს ალბათ. არ ვიცი, თუმცა ამ საკითხზე ხალხი არავის აღარ ენდობა.

 ეროვნულ ბანკზე რამდენად არის ეს დამოკიდებული?
ეროვნულ ბანკს შეიძლება აკრიტიკებენ იმისათვის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს ზრდის და კერძო ბანკებიც აძვირებენ საპროცენტო განაკვეთს. ეროვნულ ბანკს მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტები აქვს, მას არ შეუძლია ეკონომიკა განავითაროს და ინვესტიციები მოიზიდოს. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობა მოდის მთავრობაზე.

უნდა ველოდეთ ლარის გაუფასურებას – 1 დოლარის ფასი გახდება 3 ლარი?

ბუნებრივ პირობებში ამის საშიშროება არ არის. მაგრამ თუ მაინც მოხდება, ეს იქნება ჩვენი შეცდომების გამო. პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ამ დონის შეცდომები დაუშვან.

რა სეგმენტში უნდა შემცირდეს ხარჯები უფრო მეტად?

სწორია, რომ მიმდინარე ხარჯები შეამცირონ, ადმინისტრაციულ ხარჯებს რასაც ვეძახით, სახელმწიფო შესყიდვები – ნაკლები საწვავი მოიხმარო, პრემია-დანამატები დროებით შეაჩერო და ა.შ. ანუ გარკვეული კომფორტი უნდა მოიკლოს ხელისუფლებამ. შეიძლება რაღაც გადაათამაშონ და ისევ მიადგებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მოქალაქეებს აწუხებთ საპროცენტო განაკვეთის ზრდა სესხებზე. მსმენია, რომ ვისაც ლარში აქვს სესხი აღებული, აპირებს დოლარში გადაიტანოს. ეს რას გამოიწვევს?

ეს პროცესი ცუდია ლარისთვის, რადგან ის გამოიწვევს კურსის ვარდნას. დეპოზიტების გადატანა თუ მოხდა ლარიდან დოლარში, მაშინ ერთი დოლარი სამი ლარი კი არა, ათი ლარიც გახდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: