საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შედარებითი კონფლიქტების კვლევაზე

სინგინუმის უნივერსიტეტის [სერბეთი, ბელგრადი] შედარებითი კონფლიქტების კვლევის ცენტრი [CFCCS] აცხადებს მიღებას შედარებითი კონფლიქტების კვლევის მეშვიდე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა მოიცავს ხუთ კურსს. მონაწილეს საშუალება ექნება აირჩიოს მხოლოდ ერთი.

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, ბაკალავრებს, საჯარო თუ კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებს.

საზაფხულო სკოლა გაიმართება სინგინუმის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, ბელგრადში, მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 25 მარტი.

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და ბავშვთა აკადემია“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის

15 მარტიდან 15 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, 15 აპრილიდან 31 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კი – 10%-იანი ფასდაკლება.

რატომ უნდა აირჩიოთ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი?

  • სკოლის ნათელი და სუფთა შენობა, მოსწავლეთა კვება, მრავალფეროვანი მენიუ, ბავშვთა ექიმი, გამოცდილი, დისციპლინირებული ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, 24-საათიან რეჟიმში ჩართული 60 ვიდეოკამერა – თქვენი შვილების ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზრდის საწინდარია.
  • პირველი კლასიდან მოსწავლეებს უტარდებათ ინგლისური ენის, კომპიუტერის, მუსიკის, ცეკვის, ჭადრაკისა და ტანვარჯიშის გაკვეთილები, მესამე კლასიდან თურქული, მეხუთე კლასიდან კი რუსული ენის გაკვეთილები.
  • სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში სარგებლობენ 50%-იანი შეღავათით/ფასდაკლებით.
  • სკოლა უწევს ორგანიზებას მოსწავლეთა გამგზავრებას ამერიკისა და ინგლისის საზაფხულო სკოლებში.
  • ტარდება საერთაშორისო დონის – KET, PET, FCE, CAE, SAT  და YOS – უფასო კურსები.
  • სკოლა-ლიცეუმში სწავლება მიმდინარეობს 9:00 საათიდან 15:30 საათამდე, დაწყებით კლასებში 18:00 საათამდე ფუნქციონირებს ფასიანი გახანგრძლივებული ჯგუფი.

შაჰინის ბავშვთა აკადემია

  • სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში მეცადინეობა ითვალისწინებს ბავშვების პირველი კლასისათვის მომზადებას, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ისწავლება ინგლისური ენა, ჭადრაკი, ხატვა, მუსიკა.
  • ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 20015 წლის 4 სექტემბრის #38 გადაწყვეტილების საფუძველზე, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
  • ბავშვთა აკადემიაში ბავშვები მიიღებიან 3 წლის ასაკიდან.

1დაგვიკავშირდით დღესვე!

„შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“
ტელ.: 24 81 09; მობ.:  555 10 97 41
მის:  ბათუმი, ბაგრატიონის 117

 

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-2-infobatumi

sashin-skola-liceumi-batumi-8-INFOBATUMI

sashin-skola-liceumi-batumi-5-INFOBATUMI

sashin-skola-liceumi-batumi-1-INFOBATUMI

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-26-infobatumi

12596158_502844036589971_795859595_n

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-9-infobatumi

12596158_502844039923304_1501710899_n

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-7-infobatumi

 

“უთხარი არა გადაწერას” – ღონისძიება საავტორი უფლებების დასაცავად

19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება “Artიდეა” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, შაბათს, 10:00-დან 20:00 საათამდე, უნივერსიტეტის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე პროექტში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველ ადგილას განთავსდებიან და დაიწყებენ მიცემული დავალების შესრულებას. დავალება კი მარტივია, – მონაწილეებმა უნდა დაწერონ ჟიურის მიერ შერჩეულ აქტუალურ ან მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკითხზე ნაშრომი – სტატია, იდეა, ბიზნესგეგმა და სხვა.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ნიკოლოზ ბაძაღუა ამბობს, პროექტს ეყოლება ჟიური, მაგრამ მას არ ექნება კონკურსის სახე, რადგან ჟიური თანხმდება იმაზე, რომ ყოველი ნაშრომი ეკუთვნის ინდივიდს, რომლის აზრი ყველა შემთხვევაში საინტერესო და პატივსაცემია.

ღონისძიების მიზანია საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაცვა. ასევე, გამყარება თვითრწმენის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას თვითონ და არ იყოს პლაგიატორი. უმთავრესი მიზანი კი არის იდეის დაფინანსება.

საორგანიზაციო ჯგუფის სურვილია მოიძიონ ინვესტორები, რათა საჭიროების შესაბამისად რეალობაში განხორციელდეს მონაწილის იდეა.

 

 

 

შსს-მ სარფში 83 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ელნურ ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 83 აბი და აბის 3 ნატეხი „ექსტაზი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, ყველი და რძის სხვა პროდუქტები დროებით, ხილის სექციაში გაიყიდება. მიზეზი ყველის სექციის განახლებაა, რომელიც იზოლირებული იქნება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში ამ ლიფტით მოხვდება და ისინი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული.

რძის პროდუქტების უვნებლობაზე, რომლებიც სავაჭრო ცენტრში იყიდება, პასუხისმგებელი, კანონით, არის როგორც ბიზნესოპერატორი, ასევე, ცენტრის ადმინისტრაციაც. საქართველოს კანონმდებლობით რძე და რძის ნაწარმი, რომელიც ქსელში იყიდება, უვნებლობასთან ერთად მიკვლევადიც უნდა იყოს. ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან ამ ეტაპზე პროდუქტზე მხოლოდ „ფორმა-2“-ს ითხოვს, რომელსაც ვეტერინარი გასცემს. ყველი ბაზარზე, როგორც აჭარის, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ხვდება. საჭიროების შემთხვევაში კი, პროდუქტის ლაბორატორიულად გამოკვლევაც ხდება აუცილებელი.

თუ კანონი დღეს ბიზნესოპერატორების გაკონტროლებას ითვალისწინებს, ფერმერს, რომელიც ოჯახის პირობებში აწარმოებს რძის პროდუქტებს, სახელმწიფო 2020 წლამდე ვერ გააკონტროლებს. რა პირობებში მზადდება ყველი და დაცულია თუ არა რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები?

ალექსანდრე ივანაძეს, რომელიც შუახევში ცხოვრობს და რძის ნაწარმს საოჯახო პირობებში ამზადებს, პროდუქტები ბაზარზე, მართალია, არ გააქვს, მაგრამ დაბაში მეზობლები რძესა და რძის ნაწარმს მისგან ყიდულობენ.

„იციან, რომ სუფთად და ნატურალური რძისგან ვამზადებთ ყველს, მაწონს, ნადუღს და ვისაც რა უნდა, მიაქვს. ერთი მეწველი ფურით დავიწყე საქმიანობა და ახლა ცხრა სული მყავს. მინდოდა გაფართოვება და სახელმწიფოს მიერ შემოყვანილი პირუტყვის მოყვანა, მაგრამ მოვიდნენ, შეამოწმეს სადგომი და მითხრეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებსო. მეურნეობის გაფართოებას მაინც ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ახალი სადგომი და მინისაწარმო ავაშენო, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, ხალხს გამოადგეს და მეც ერთი ორი კაპიკი გავაკეთო“, – ამბობს ალექსანდრე ივანაძე.

რძის პროდუქტების უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამბულ აბულაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „ევროპასთან დაახლოება გულისხმობს იმ ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ევროპულ ოჯახშია. კონკრეტულად რძის წარმოების [თუმცა არა მხოლოდ რძის] კუთხით კი, ევროპაში მოქმედებს ჰასპის სისტემა, რაც განსაკუთრებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას გულისხმობს, უვნებელი პროდუქციის წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში“.

ჯამბულ აბულაძის განცხადებით, რეგიონში რძის წარმოების განვითარების კუთხით მთელი რიგი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს, მათ შორის საკვებწარმოება, დაბალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი და სხვა.

სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში 90 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვიდან 44 ათასზე მეტი ფურია, თუმცა მათ მაღალპროდუქტიული ჯიშებით ჩანაცვლებას სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს და პროგრამები, რასაც სამინისტრო ახორციელებს, სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს – ფერმერთა ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

„9-10 სული პირუტყვით მუშაობის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა ძალიან მცირეა. იმდენად, რომ ამას რენტაბელურ წარმოებად ვერც კი განვიხილავთ. უბრალოდ, აქ არის თვითდასაქმების მომენტი. თუმცა პერსპექტივა აქვს დარგს, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ცალკეულ ფერმერთა ინდივიდუალური საქმიანობა ნამდვილად არარენტაბელურია, არ არის შესაბამისი ცოდნაც, სადგომები არ შეესაბამება სტანდარტებს, ზოგადად, რესურსები არის მწირი და აჭარის რეგიონი სწორედ ამ რესურსების გაერთიანებით, ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით უნდა განვითარდეს“, – აცხადებს ეკონომიკის სპეციალისტი დავით არძენაძე.

აჭარაში 72 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, რომლის ნახევარზე მეტი, 37 ათასი ჰექტარი, საძოვრებია, უმეტესად ალპურ ზონაში. „დგას საკითხი ამ საძოვრების გაკულტურების, მათი პროდუქტიულობის გაზრდის. სამინისტრო უკვე ამუშავებს შესაბამის პროგრამას და მოხდება საძოვრების [მცენარეული საფარის] განახლება მონაცვლეობითი ძოვებით, შეთესვისა თუ სხვა გზით. ესეც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის“ – ამბობს როინ აბულაძე.

ფერმერებისგან განსხვავებით, რძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებსაც 2017 წლის პირველი იანვრისთვის არ ექნებათ ჰასპის სტდანარტები დანერგილი, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.

ბათუმელი ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთია, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს მალე აამუშავებს. ის ეტაპობრივად ჰასპის სისტემის დანერგვასაც გეგმავს. საწარმო რძეს აჭარაში მოქმედი რძის შემკრები პუნქტებისგან მიიღებს. შესაბამისად, სტანდარტების დაცვას კანონმდებლობა ამ პუნქტებსაც მოსთხოვს.

„ჰასპის სისტემის დანერგვამდე აუცილებელია წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა, რაც უამრავ კომპონენტს მოიცავს – შენობის ინტერიერიდან დაწყებული, პერსონალის ქცევის წესების ჩათვლით. უმთავრესია მეწარმეებმა გაითავისონ ამ სისტემების დანერგვის აუცილებლობა. დღეს კი მხოლოდ იძულებითი მოტივაცია გვაქვს, ჯარიმებისა და საქმიანობის დროებით შეჩერების სახით… ჰასპის სისტემას ნერგავენ კონკრეტრული საკონსულტაციო კომპანიები. სისტემის დანერგვას კი 6 თვე სჭირდება. აქედან ძირითადი დრო მეწარმეების ფსიქოლოგიის შეცვლას ეხება“, – ამბობს დავით არძენაძე.

ევროპული ბაზარი ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის შესაძლოა შორეული პერსპექტივა იყოს. თუმცა, ევროსტანდარტები რძის წარმოებაში ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

 

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში.

ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, რაც არ მომხდარა და მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გადავადება მოითხოვა.

„ხელისუფლება ასწრებს ამ ორგანიზაციის წევრობამდე ისეთ მშენებლობებზე გასცეს ნებართვები, რაც შემდეგ უკანონო იქნება და ვეღარ გააკეთებს,“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგებელი.

დისკუსია ამ თემაზე ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

„ახლა საუკეთესო გარემოა ელიტური კორუფციისთვის. მაგალითად, დარიალიჰესის მშენებლობა დაცულ ტერიტორიაზე დაიწყო ნებართვის გარეშე, შუახევის შემთხვევაში, ასევე არ არსებობდა ნებართვა და არსებობდა გეოლოგის კონკრეტული დასკვნა, რომ იმ კონკრეტულ ზონაში ჰესის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია. დარიალის შემთხვევას დღემდე პროკურატურა იძიებს, დაგვკითხეს ბევრჯერ, მაგრამ შედეგი არ ჩანს,“ – განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

როგორც მომხსენებლებმა განმარტეს, თუ საქართველო ამ გაერთიანების წევრობას თავს აარიდებს, მას მაინც მოუწევს ვალდებულებების შესრულება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია.

გადაიხედება თუ არა ამ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ ის ხელშეკრულებები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მანამდე დაიდება? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ენერგეტიკის საკითხის მკვლევარმა გიორგი მუხიგულაშვილმა გვითხრა: „გადაიხედება მხოლოდ მემორანდუმები, რაც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან არ იქნება თანხვედრაში“.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი აქცენტს ასევე აკეთებს ენერგეტიკის სფეროში დაურეგულირებელ სატარიფო პოლიტიკაზე. მან დისკუსიის მონაწილეებს ის ხელშეკრულება აჩვენა, რომელიც „ხუდონჰესსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორისაა გაფორმებული: „ხელშეკრულება თავიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულ ექსპორტს ითვალისწინებდა, თუმცა მასში 2015 წლის 9 სექტემბერს შევიდა ცვლილება და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ ჰესისგან ენერგიას თავად შეიძენს 10,5 ცენტად, ეს ძალიან მაღალი ფასია“.

2 მილიონამდე ლარი ფონდს, პლაჟები – სამინისტროს – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს სხდომაზე თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის პლაჟების საზაფხულო სეზონისთვის მომზადებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზებას,“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების  გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე არასწორია.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე.

საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმოარე  გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება წარმოადგენდა თხოვნას / რეკომენდაციას, რომელიც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა პირდაპირ ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი წარადგინა.

გაზეთი „აჭარა“ 95 წლისაა

გაზეთი „აჭარა“ 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის აჭარის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი. გაზეთის პირველი ნომერი რუსულ ენაზე გამოიცა – 1921 წლის 18 მარტს. მეორე დღესვე ქართულენოვანი ვერსია დაიბეჭდა. გაზეთს მაშინ „ფუხარა“ ერქვა, შემდეგ „საბჭოთა აჭარა“… გაზეთი „აჭარა“ დღეს კვირაში სამჯერ გამოდის, ხოლო რუსულენოვანი ჩანართი კვირაში ერთხელ გამოიცემა.

გაზეთის ისტორიაში იყო ბევრი კარგი და ცუდი დღეები – არსებობის 95 წლის მიუხედავად, გაზეთს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სტატუსი უნდა ჰქონდეს . გაზეთის დირექტორი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მისი გათავისუფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეუძლია. თითქმის მთელი საუკუნე გაზეთი სხვადასხვა მთავრობას ექვემდებარება. 2004 წლიდან გაზეთი შპს გახდა  [„გაზეთი აჭარა და ადჟარია“], სადაც 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. გამოცემის ბიუჯეტი წელს  230 ათასი ლარია. ეს ის თანხაა, რომელსაც რედაქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ,  ყოველწლიურად იღებს.

„ჩვენ არ გვიშლის ხელს ეს სტატუსი, რადგან საზოგადოებაზე ვართ ორიენტირებული. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჩახედოს გაზეთს და ნახავს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ბერიძემ, „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ დირექტორმა.

ასე არ ფიქრობს გაზეთის მთავარი რედაქტორი: „არ შეიძლება გაზეთი იყოს მთავრობის, ან რომელიმე სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში. არ შეიძლება გაზეთის დირექტორს ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს აჭარის ეკონომიკის მინისტრი“, – ამბობს მარინა მითაიშვილი. ის წლების განმავლობაში და ახლაც გაზეთისთვის საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭების მომხრეა: „ეს გაზეთი რეგიონში მატეანის ფუნქციას ასრულებს. ამ გაზეთს აქვს თავისი, გამორჩეული ნიშა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. საუკეთესო გამოსავალია, თუკი ეს გამოცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში მოექცევა“.

რატომ არ მოითხოვს სტატუსის შეცლას გაზეთი ოფიციალურად? – კითხვაზე მთავარმა რედაქტორმა გვიპასუხა, რომ ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.

გაზეთის დირექტორი, ვინც რედაქციაში პირდაპირ მთავრობაზეა დამოკიდებული, პრობლემას ვერ ხედავს. „შესაძლებელია, რაიმე ფორმა მოვიფიქროთ და შემდეგ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებს პირებს“, – გვითხრა მამუკა ბერიძემ.

გაზეთი „აჭარა“ რედაქციის ძველი შენობის დაბრუნებას აღარ ელოდება. წლების წინ, გაზეთი პროკურატურას იმ შენობის უკანონო გასხვისების გამოძიებას თხოვდა, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარებს და იქ გაზეთი „აჭარა“ ათეული წლების განმავლობაში გამოიცემოდა. გაზეთმა ისტორიული შენობა 2009 წელს დატოვა. დღეს გაზეთის დირექტორი ამბობს, რომ საუბარი შენობის ირგვლივ დასრულებულია.

გაზეთ “აჭარას” წინაშე დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, ამ გამოცემას საზოგადოების განვითარებაში თავისი პოზიტიური როლიც აქვს შესრულებული.

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს.

გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ხაბაძე
ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდიდან

„საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამედიცინო მეცნიერების განვითარებასა და ახალი კადრების შექმნას რეგიონში,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება  22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღესვე გამარჯვებულად დაასახელა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. მშენებლობა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.

 

პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე

„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება.

ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს 2016 წლის 10 მარტს მიმართა. მაგალითად, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N13-ში მდებარე შენობის უკანონო დემონტაჟს ხელისუფლებამ 7 თვის განმავლობაში ხელი ვერ შეუშალა, ხოლო 8 მარტს, განადგურებული ძეგლის ადგილას, ახლის შენება ასევე უკანონოდ გააგრძელა კომპანიამ „სლავა 2015“-მა, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე ვერ შეუშალა ხელი.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს  მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მან ასევე მოინახულა Porta Tower-ის მშენებლობა და ბათუმის დრამატული თეატრის სარებილიტაციო სამუშაოები. გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნას.

პრემიერ-მინისტრი ბათუმშია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს რამდენიმე ობიექტს მოინახულებს. ამჟამად პრემიერი სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს Porta Toewer-ის მიმდინარე სამუშაობს ეცნობა. ამ კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულდეს.

13 საათსა და 20 წუთზე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, რის შემდეგაც იგი ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

14 საათზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე საუნივერსიტეტო, სამედიცინო კლინიკას  გახსნის.

ნათია ფანჯიკიძის მოხსენება – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

13 მარტს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: თაობათა ურთიერთობა.
მოხსენება ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან  აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

 

დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს.

შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სტუდენტურ თვითმმართველობასა და თავად მერაბ ხალვაშთან.

მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ორშაბათს, 21 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს კითხვები, შენიშვნები ან შეთავაზებები უნივერსიტეტის საქმიანობასთან თუ მის აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მერაბ ხალვაშმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას, ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, არ სმენია პრეტენზია/საჩივარი უნივერსიტეტის აკედემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისგან რაიმე ტიპის ზეწოლაზე ან ზეწოლის მცდელობაზე გარე ძალების (მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების) მხრიდან.

„მოვუწოდებთ ყველას, ლექტორებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველას, ვისაც გქონიათ შეხება, ვისთვისაც მოუთხოვიათ ძალოვან სტრუქტურებს ინფორმაციის გადაცემა, ვისაც გინახავთ იარაღით შემოსული ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ეზოში, ვისაც გაწუხებთ უნივერსიტეტის პრობლემები, ის რომ უამრავი საჭიროების ფონზე ფულები იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ის რომ სტუდენტებს შორის არიან პრივილიგირებულები, – მოდით შეხვედრაზე, საჯაროდ ხმამაღლა თქვით ამაზე, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი დავიცვათ უკეთესი, უფრო უსაფრთხო და თავისუფალი უნივერსიტეტისთვის”, – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი თამარ ბაუჟაძე.

 

გარემოს დაცვის სამმართველოს „დილემა“ უფროსის უკანონო ბრძანების გამო

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ განმარტებისთვის უზენაეს სასამართლოს მიმართა. საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უწყებამ უკანონოდ გათავისუფლებული ორსული ქალი სამსახურში უნდა დააბრუნოს. სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება ყველა ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო.

„სამმართველო დილემის წინაშე დადგა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა რაულ აბუსერიძემ: „საქმე იმაშია, რომ თანამდებობა, რომელზეც ეს პირი მუშაობდა, გაუქმებულია და არც ახალი საშტატო ერთეული გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი სამსახურში აღდგენა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული მექანიზმი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი. ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, რომ გვეხელმძღვანელა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია არ არის და ვერ ეტყვის ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორ აღასრულოს მან გადაწყვეტილება.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული პირი უკანონოდ გაათავისუფლეს და ის უნდა აღდგეს სამსახურში. გარემოს დაცვის სამმართველოს თავად უნდა შეეტანა ცვლილება წესდებაში, ან დებულებაში და დაეშვა შტატი, ან უკანონოდ გათავისუფლებული პირი დაესაქმებია ტოლფას თანამდებობაზე,“ – ამბობს საიას იურისტი, ანა მდინარაძე.

როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა გვითხრა, ისინი მინიმუმ ერთ თვეს დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს განმარტებას. შესაბამისად, იზრდება განაცდურის თანხა, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა უნდა მიიღოს. ამ დროისთვის ვახტან წულაძის უკანონო ბრძანების გამო ბიუჯეტიდან უკვე 20 ათასზე მეტი ლარია გადასახდელი.

სამსახურიდან გათავისუფლებამდე ფეხმძიმე ქალმა სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, 2014 წლის იანვარში მიმართა წერილით და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. უფროსის რეაგირება ორსულის გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს

აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს.

TataraSvili_cr
დავით თამარაშვილი

შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო.

„მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის დაყენების ტრადიციული წესი. ძირითად პრობლემას აჭარაში ვაზის ჰიბრიდული ჯიშები ქმნიან. ჰიბრიდული ჯიშების ნაცვლად კულტურული ჯიშები უნდა გაშენდეს, რომ გვქონდეს ღვინის მაღალხარისხოვანი წარმოება აჭარაში და მან კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ღვინოს,“ – აღნიშნა დავით თამარაშვილმა.

დავით თამარაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შხამ-ქიმიკატების გამოყენებაზეც. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატები მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის ფერმერებისთვის ღვინის წარმოებაში.

12837141_976012409161132_579313193_o
შეხვედრა ქედაში / ფოტოები: ეკა ბარამიძე

12528634_976012542494452_260289600_o

გიორგი ერმაკოვი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ეხმაურება წერილს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი  ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს.

„ბოლო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნით, რომელსაც დართული აქვს 12 000-მდე ხელმოწერა.
ჩვენი ვალდებულებაა, მიღებული გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს საზოგადოებრივ ინტერესს.
საკითხის შესწავლის პროცესში ჩვენ გვექნება კონსულტაციები ავტონომიის ხელისუფლებასთან, ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.
მხოლოდ საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, გონივრულ ვადებში, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობება როგორც საინიციატივო ჯგუფს, ასევე, ფართო საზოგადოებას,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ბათუმის მერიამ გაავრცელა.

„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ 2016 წლის რვა თებერვალს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიასა და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა.  ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით კი, 4 მარტს აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ქირავდება ბინა დღიურად

ბათუმში, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩაზე ქირავდება ბინა (დღიურად), უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ტექნიკით, ავეჯით. ფასი:200 აშშ დოლარი.

samaklero.ge

5

ქედაში 2015 წლის შესყიდვების ანგარიში განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს 5 მილიონ 192 ათასი ლარის შესყიდვა განახორციელა – გამოცხადდა 117 ელექტრონული ტენდერი, ხოლოა 55 შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული წესით. ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, გივი დევაძის თქმით, მიმდინარე წლის ქედის გამგეობის შესყიდვების გეგმა 3 მილიონ 354 ათას 540 ლარია.

2015 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 15 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილა. სხდომაზე წარმოდგენილ შესყიდვების ანგარიშს დამსწრე 20 დეპუტატიდან მხარი ოთხმა არ დაუჭირა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, ტენდერები ქედაში არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების გამო ვარდება, მაგალითად კი სოფელ პირველ მაისში ჩავარდნილი ელექტრონული ტენდერი მოიყვანა: „ტენდერი, რომლითაც სოფელ პირველ მაისში წყლის ავზი უნდა მოწყობილიყო, ჩავარდა, მოსახლეობა კი წყლის გარეშე დარჩა“.

დეპუტატის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და განაცხადა, რომ „იქ სადაც ბევრი რამე კეთდება, გადაცდომაც შეიძლება იყოს“.

2015 წლის შესყიდვების ანგარიშთან ერთად საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალისიწნებულ მეორე საკითხს, რომლითაც მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღება და განაკვეთების განსაზღვრა დაწესდა.

დღეს გამართულ სხდომას ქედაში საკრებულოს 24 წევრიდან 20 დეპუტატი ესწრებოდა.

12842419_975991662496540_237160304_o
ქედის საკრებულოს სხდომა

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანაგვიანონ ქუჩები

ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმში არაერთხელ დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრის ფაქტი მაშინ, როცა სანაგვე ურნებს შორის მანძილი მხოლოდ 50-100 მეტრია. ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია ურნების გაცლის პროცესი შეფერხდეს, თუმცა, გრაფიკით გათვალისწინებული შემოვლები ჩავარდნის გარეშე ხორციელდება. ქალაქის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დაცლა დღეში სამჯერ, დილის 5-დან 7 სთ-მდე, 12-დან 14სთ-მდე და 18-დან 23 სთ-მდე ხორციელდება.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, არ დაანაგვიანონ ქუჩები და თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა ქალაქის შენარჩუნების საქმეში“.

 

IMG14677
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 17.03.2016 / ფოტო: „ბათუმელები“

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით არჩევა შესაძლებლად მიიჩნია.

დავით კვაჭაძე, რომლის კანდიდატურაც პირველ კონკურსზე უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ჩააგდო, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისევ დარეგისტრირდა. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დარეგისტრირდა დავით ქარცივაძეც, ის ერთ-ერთი იყო პირველ კონკურსზე სამ კონკურსანტს შორის, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. და საარჩევნო გამოცდილებაც აქვს.

2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.
ამჯერად კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს კომისიის მიერ პირველ კონკურსზე კიდევ ერთი შერჩეული – მთავრობის აპარატის წევრი პარმენ ჯალაღონია.
უსკოს თავმჯდომარეობის მსურველთა შორის ამჯერად ხულოს ყოფილი გამგებელი (2010-2011წწ) რამაზ ბოლქვაძეცაა. გამგებლობამდე ის ხულოს საარჩევნო ოლქს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ხულოში არჩევნები არ ყალბდებოდა და ამის დასადასტურებლად მაგალითიც მოჰყავს: „გაუქმდა გადასატანი ყუთის შედეგები, რის შედეგადაც გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა. თუმცა, ყალბდებოდა თუ არა არჩევნები, ეს ყოველთვის სამსჯელო თემა იყო და ისევ სამსჯელო თემა იქნება.“
ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ის პარტიული არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა და არც ახლაა, თუ აირჩევენ, ობიექტური და მიუკერძოებელი თავმჯდომარე იქნება.
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოფიო დიასამიძე, რომელსაც საარჩევნო ოლქში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, „რესპუბლიკელია“. ბათუმის საარჩევნო ოლქში დროებით წევრადაც „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. კითხვაზე, პარტიულობა ხომ არ შეგიშლით ხელს? – სოფიოს პასუხი არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ თუ უსკოს თავმჯდომარე გახდება, ხმებს „რესპუბლიკელების“ სასარგებლოდ არ დათვლის.

კანდიდატი ზებურ იაკობაძე პროფესიით იურისტია. მისი თქმით, ის 2003-2004 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. საკუთარი საარჩევნო გამოცდილების შესახებ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – ჯუმბერ კახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო- „პირველად რომ კენჭს იყრიდა, მაშინ“. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციაში დახურული საარჩევნო უბნის კომისიას ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, პარტიული ხომ არ ხართ ან ხომ არ ყოფილხართ? _ პასუხობს: „ერთხელ კენჭი ვიყარე რესპუბლიკური პარტიის ეგიდით, წევრი არ ვიყავი.“
სოფიო კახაძე თეატრმცოდნეა, ამ დროისთვის ის ბათუმის კულტურის ცენტრში მუშაობს. 2008 წლის არჩევნებზე „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქობულეთის საარჩევნო ოლქში წევრად წარადგინა. „2012 წელს კოალიციის წარდგენით გადამამზადა NDI-მ ტრენერად და შემდეგ უკვე ტრენინგებს ვატარებდი. ამჟამად პარტიის წევრი არ ვარ.
2013 წლამდე უმაღლეს საბჭოში საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვლადიმერ მამულაძე. ის პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე დავით კვაჭაძე გახდება, „რადგან ოცნებას ის უნდა“. მას მიაჩნია, რომ დიდი გამოცდილება აქვს: „მაგენი რას ეძახიან საარჩევნო გამოცდილებას, მე ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი, ხუთი წელი აღმასკომის თავმჯდომარე ვიყავი, ერთი წელი _ პირველი მდივანი. 12 წელი მინისტრის პირველი მოადგილე, ეს იყო სოციალური დასაქმებისა და ჯანმრთელობის სამინისტრო. ორჯერ ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი. 2006 წელს კენჭს ვიყრიდი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად…“

„ათუმელებმა“ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან – მიხეილ კიკაბიძესთან, დავით ფარტენაძესთან და ნარგიზ ძირკვაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
უსკოს წევრობის კანდიდატია უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილი – მამუკა ჯაშიც. სწორედ ირაკლი ჯაშს ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოდან კანდიდატს მხარს 7 დეპუტატი დაუჭერს (მოქმედი კანონით 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო). მამუკა ჯაში ამ დროისთვის კერძო კომპანიაში მუშაობს. მიიჩნევს, რომ მამის ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს: „მამას თავისი გზა აქვს, მე – ჩემი. მამაჩემი არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მე უსკოს წევრად ვმუშაობდი.“
უსკოს წევრის ერთ ვაკანსიაზე 19 განაცხადია შესული, მათ შორის რვას ან თავმჯდომარეობა სურს, ან წევრობა. უსკოს წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: თემურ ბერიძე, ირაკლი გვარამია, ნერიმან დიასამიძე, სოფიო დიასამიძე, ზაალ ზაალიშვილი, ზებურ იაკობაძე, სოფიო კახაძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, რუსუდან მიქელაძე, ემმა ნაკაშიძე, დავით ფარტენაძე, დავით ქარცივაძე, ნინო შაქარაძე, ნარგიზ ძირკვაძე, თამარ ხოზრევანიძე, კახაბერ ჯაიანი, მამუკა ჯაში და ქეთევან ჯიქია.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს.

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი

BIAFF კინოჩვენებებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“.

„ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში.

ბევრ ქვეყნაში ეს საკითხი მოგვარებულია მუნიციპალური კინოთეატრების არსებობით. ამ ეტაპზე გასაგებია, რომ მუნიციპალური კინოთეატრის პროექტი ბათუმში დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული და შესაბამისად ნაკლებად რეალურია. ამის სანაცვლოდ შესაძლებელია ალტერნატიული სივრცეების მოწყობა კინოჩვენებებისთვის შემდეგი ფორმით:

_ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის  გათვლილი მობილური კომპლექსის (ეკრანი, პროექტორი, აუდიო სისტემა) შეძენა – დაფინანსების წყარო/მოთხოვნის ადრესატი: ქ. ბათუმის მერია

_  თოჯინების თეატრისთვის კინოეკრანის და ციფრული პროექტორის შეძენა – დაფინანსების პოტენციური წყარო/მოთხოვნის ადრესატი: აჭარის არ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ორივე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე დაანონსდება მათი რეალიზაციისთვის საჭირო პეტიციაზე ხელმოწერების (ფიზიკური და ონლაინვერსია) შეგროვების კამპანიის დაწყება.

BIAFFკინოფესტივალის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს ბათუმისთვის ძალიან მნიშნველოვანი პროექტია და მისი რეალიზაცია იქნება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს,  საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას.

დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში გათოვდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კი, გარკვეულ სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საღამოს, 18 საათამდე, მთლიანად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა, რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია ამ დროსთვის, ვერ დაგვისახელეს.

უამინდობა და შტორმი ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის შტორმის სიძლიერე 5 ბალს აღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შტორმი და უამინდობა მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ხვალ, 16 მარტს კი, ამინდის გაუარესების გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ხოლო სანაპირო ზოლში ნალექი წვიმის, ან შესაძლოა თოვლჭყაპის სახით მოვიდეს.

IMG14692
ბათუმი / ფოტო: „ბათუმელები“

წერილი ბათუმის ციხის „ანტივანდალური საკნიდან“

„ჩვენს საკანში  საერთოდ არ არსებობს  ფანჯარა, საიდანაც შემოვა ელემენტარული, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰაერი. საკანში არის საშინელი უჰაერობა, რასაც ხშირად მოჰყვება ჩვენი გონების დაბინდვა, თავბრუს ხვევა, ცუდად გახდომა“, – ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც სამმა პატიმარმა ბათუმის მე-3 საპყრობილედან „ბათუმელებს“, ასევე უფლებადამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

პატიმრები ე.წ. „ვანდალური საკნის“ პირობებს აღწერენ, სადაც დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაჰყავთ  ის პატმრები, ვინც თვითდაზიანებას იყენებს:  „საკანში საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება, ასევე სერთოდ არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს სრულიად ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით.. . საკანი არის მთლიანად სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქდოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – წერენ პატიმრები.

პრობლემებს ე.წ. „ვანდალური საკნებში“ რამდენიმე წელია აფიქსირებს სახალხო დამცველი. თეიმურაზ ქორიძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ამ კუთხით არ სრულდება. „ჩვენი წარმომადგენლები მოინახულებენ ამ პატიმრებს და გვეტყვიან, რამდენად შეესაბამება მათ მერ აღწერილი პირობები რეალობას. არამხოლოდ ბათუმის, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებელებების „ანტივანდანდალურ საკნებში“ ინფრასტრუქტურის სერიოზული პრობლემებია. მართალია, საწოლი და სხვა ისეთი ნივთები ამ ტიპის საკნებში ვერ იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რაც პატიმრის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. თუ პატიმრებს იატაკზე იმიტომ სძინავთ, რომ საწოლით შესაძლოა თვითდაზიანება მიიღონ, კედელიც რისკია. ევროპული სტანდარტით, სხვაგვარად არის განსაზღვრლი პატიმრის უსაფრთხოება და ამ ტიპის საკნების კედლებიც რბილი მასალითაა დამზადებული“, – ამბობს თემურ ქორიძე.

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას წესები) მიხედვით: „ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკურებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ჰაერის კუბურ მოცულობას, მინიმალურ ფართობს, განათებას, გათბობას, ვენტილაციას.

ამავე წესების მიხედვით, ფანჯარა უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისთვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე და უნდა იყოს ისე კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა“.

რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან

პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელიც ახლა უკვე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ არსებობდა. რატომ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედებული პარტიული ოფისი პარტიის განვითარებას ემსახურება და არა მოახლოვებული არჩევნების მოგებას? – კითხვებზე პასუხის გასაცემად ირაკლი ჭეიშვილი მზად არ არის. პარტიის აქტივისტების მოლოდინი კი, წინააღმდეგობრივია.

ირაკლი ჭეიშვილი პარტიულ კონფერენციაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. „მისი ცნობადობა იძლევა ამის საშუალებას, რომ 200-დან 200-ვეს მხარი დაეჭირა. ვიცი, შიგნიდან რა ხდება და დამერწმუნეთ, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო. ირაკლი ჭეიშვილი იყო ერთადერთი, ვისაც პოლიტსაბჭოც და დელეგატებიც უყურებდნენ, როგორც ნათელ წერტილს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, როცა გასული წლის ნოემბერში მოულოდენელად თამაზ თურმანიძე ფრაქციის ლიდერობიდან გადააყენეს. „მოლოდინი იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც ერთხმად აირჩიეს ირაკლი ჭეიშვილი. ჩემი ხედვები რომ არ ემთხვეოდა ჭეიშვილისა და ხაბაძის ხედვებს, ამიტომაც გამათავისუფლეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ თურმანიძემ, რომელიც ახლა პარტიის რიგითი წევრია და ბათუმის პარტიულ კონფერენციაში მონაწილეობა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო ვეღარ შეძლო.

„კანდიდატების სიმრავლე პარტიის შიგნით ჯანსაღ კონკურენციაზე მიუთითებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია: „პარტიას უნდა ჰყავდეს რამდენიმე კანდიდატი და ლიდერი. ეს აჩვენებს იმას, რომ პარტიის შიგნით არის დემოკრატია და კონკურენცია, რაც აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქარული ოცნება“ მმართველი პოლიტიკური პარტიაა, ფაქტია, რომ ის არ არის ჩამოყალიბებული, როგორც ხედვით, ისე – სტრუქტურით და რეგიონული ორგანიზაციები განსაკუთრებით სუსტია“.

პარტიას განახლება რომ სჭირდება, ამაზე პარტიის ლიდერებიც ღიად საუბრობენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაცია ისევ გახსნის ოფისს – ორწლიანი პაუზის შემდეგ. „ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან. პარტია იმუშავებს არჩევნების შემდეგაც,“ – ირწმუნება ლაშა სირაბიძე, ჭეიშვილის წინამორბედი. ის ახლა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ბიუროს წევრია.

ლაშა სირაბიძე ცდილობს ახსნას, რა განაპირობებდა პარტიის უმოქმედობას მისი თავმჯდომარეობის დროს: „პრაქტიკულად ბოლო სამი წლის განმავლობაში პარტია არ არსებობდა. პარტია ცენტრალიზებულად იმართება, ცენტრიდან კი არ მოდიოდა დაკვეთა და ბათუმი ვერ იქნებოდა მოწინავე ამ კუთხით. რაც შეეხება პარტიულ კონფერენციას, მიდგომა იყო ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო ერთი კანდიდატურა და დაპირისპირებას ასე სჯობდა. ირაკლის კანდიდატურა უფრო მოიწონეს, რადგან მისი პოლიტიკური შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, როცა იგი შტაბს ხელმძღვანელობდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა სირაბიძემ.

პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ დაჯგუფებები პარტიის შიგნით დასრულდება. „ამ კონფერენციამ ეს დაადასტურა,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე. პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს – ჯუმბერ კობალაძეს კი, ძველი აქტივისტების გააქტიურების იმედი აქვს: „ხალხისა და ჩემი უკმაყოფილებაც უკავშირდებოდა იმას, რომ პარტია პორტირებული ნაციონალებით ივსებოდა და ისინი საქმდებოდნენ სხვადასხვა უწყებაში. ვინც იგებს არჩევნებს, ის უნდა მოსულიყო. ამის ნება აქამდე არ იყო. პარტიის თავმჯდომარის არჩევით ცვლილება ვერ მოხდება, მაგრამ ველოდები, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხალხში გავა“.

დასაქმებისა და დაწინაურების ამბიციამ პარტიაში ქაოსი რომ შექმნა, ადასტურებს ირაკლი მიქელაძეც: „მართვის პრობლემა იყო და ირაკლი ჭეიშვილი ამას მოაგვარებს, დაალაგებს ქაოტურ სიტუაციას“.

პარტიის პრობლემებში ირაკლი ჭეიშვილის პასუხისმგებლობასაც ხედავს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი კოორდინატორი, თამაზ თურმანიძე: „პარტიის თავმჯდომარე გავხდი და ახლა გავაკეთებ, ეს მიდგომა არასწორია. ირაკლი ჭეიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სიით იყო წარდგენილი და, შესაბამისად, მეტი ვალდებულება ჰქონდა ხალხის წინაშე, როგორც მე, ლაშა სირაბიძეს, ან ავთანდილ ბერიძეს.“

აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად, თურმანიძე პარტიის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ დაელოდება, იქნება თუ არა პარტია არჩევნების შემდეგაც აქტიური.

ცვლილებების მოლოდინი, ოღონდ არჩევნებამდე, აქვთ პარტიის სხვა აქტივისტებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა იცვლება პარტიაში წინასაარჩევნო სამზადისისა და სიაში მოხვედრის ორთაბრძოლის გარდა.

ამ ვითარებაში რამდენად შეიძლება დამაჯერებელი იყოს საზოგადოებისთვის პარტიის გააქტიურება? „მაგ კითხვას პასუხს გასცემს აჭარის ამომრჩეველი. აქამდეც უნდა გამოჩენილიყო, რომ ხალხი პარტიისთვის იყო მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას ისევ მარტივად წარმოუდგენია ნდობის მოპოვება. როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახსენდება ამომრჩეველი, ეს ჩრდილქვეშ აყენებს პარტიის რეპუტაციას, გაუცხოვებას იწვევს და აუცილებლად აისახება არჩევნებზეც. უკვე ჩანს სოციოლოგიურ კვლევებშიც, რომ ამომრჩევლის 60 პროცენტი, და ეს ძალიან დიდი ციფრია, ამბობს, რომ საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამ ნიჰილიზმში მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პოლიტოლოგმა, კორნელი კაკაჩიამ.

IMG14576
„ოცნების“ ოფისი ბათუმში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაციენტთა შესახებ ინფორმაციის გამხელაზე

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები დაცულია გამხელისგან და ის არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავად მოქალაქის თანხმობის გარეშე,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში. ინსპექტორს ვთხოვეთ განემარტა, აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების შესახებ არსებული ინფორმაციის, სამართალდამცველებისთვის მიწოდების უფლება.

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა კანონი შეიცვლა და ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებზე პოლიციას აცნობონ. ბათუმის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ კანონს არაფერი შეუცვლია. მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მისაღებში პოლიცია მუდმივად მორიგეობს, პაციენტის ისტორიას კი, სადაც კონკრეტული დიაგნოზი იწერება, პოლიციელებს კლინიკის ხელმძღვანელობა აწვდის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განმარტავს: „ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების (მათ შორის გაცემის) დროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ინფორმაციის გაცემამდე სამედიცინო დაწესებულება უნდა დარწმუნდეს, რომ ამისთვის არსებობს სასამართლოს შესაბამისი დადგენილება, პროკურორის განჩინება, ან მონაცემების გამჟღავნებისთვის სხვა, კანონით გათვალისწინებული საფუძველი. სწორედ სამედიცინო დაწესებულებას, როგორც მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას, აქვს მონაცემების უკანონო გამჟღავნებისგან დაცვის ვალდებულება.

საკითხის დეტალურად შესწავლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ცალსახად შევაფასოთ აქვს თუ არა სამართალდარღვევას ადგილი. თუმცა მოგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახით ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს გაფრთხილება ან ჯარიმა. დარღვევის ხასიათიდან და ჩადენის სიხშირიდან გამომდინარე, ჯარიმების ოდენობა განსხვავებულია.

მონაცემთა საფუძვლის გარეშე გამჟღავნებისთვის კი, ჯარიმა  მერყეობს 500-2000 ლარის ფარგლებში. თუ მონაცემების მოპოვება, ან გამჟღავნება განხორციელდა დანაშაულებრივი გზით, შესაძლოა, დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

სტუდენტების საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში [ვიდეო]

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და მოითხოვენ, ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს. აქციაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადდგენლები და სტუდენტების მშობლებიც მონაწილეობენ.

„ჩვენ, სტუდენტები, ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც დგას თითქმის ყველა უნივერსიტეტში. ეს არის ავტონომიურობის პრობლემა და გარე ძალების მიერ საუნივერსიტეტო პროცესების მართვა.  ჩვენ მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტები გათავისუფლდნენ პოლიტიკური პარტიების გავლენისგან და უშიშროებისგან,“- აცხადებს უნივერსიტეტის სტუდენტი დიანა ბაუჟაძე.

 

12498485_975827159174326_1749062311_n

 

აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტის თვითმმართველობაზეც, რომელიც მათი აზრით, დღეს სტუდენტთა უფლებებს არ იცავს:

„თვითმმართველობა ძალიან დიდ თანხა ხარჯავს არამიზნობრივად და არ არის ორიენტირებული განათლების ხარისხის ამაღლებაზე. მთელი საგანმანათლებლო სისტემა დღეს არის კრიზისში და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას ერთობლივად,“-ამბობენ სტუდენტები.

უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას ავტონომიურობასთან დაკავშირებით  პრობლემები არ ჰქონია.

„რაც შეეხება ოდეერებს, ისინი ჩვენ არ გვყავს. ენრიკო დევაძეს როცა ასახელებენ, ის ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტია და ოდეერი არ არის. რაც შეეხება თვითმმართველობას, მეც მიმაჩნია რომ ცვლილებები საჭიროა, თუმცა ამას საკანონმდებლო დონეზე სჭირდება გადაწყვეტა,“-აცხადებს მერაბ ხალვაში.

 

12834542_975829742507401_1324935913_n

 

სტუდენტების საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ შეუერთდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას თქმით, უნივერსიტეტი და ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე უშიშროების წარმომადგენლებისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ერთ-ერთი პირველი ჩვენი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მოკვლევა დაიწყო უშიშროების მიერ  ჩანერგილ თანამშრომლებზე. ჩვენ ვუერთდებით სტუდენტების ბრძოლას ამ ნაწილში.  ბათუმის უნივერსიტეტში ოდეერის არსებობაზე არ გვიმუშავია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ჩანერგილ ოდეერებზე და მათი სახელები გამოქვეყნებულია,“-ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ახალი ნარგავები ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ბულვარს ახალი  წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები შეემატა.

„ფიჭვის, სოჭის, ნეკერჩხლის, მუხის, მაგნოლიას, კიპარისისა და სხვადასხვა ჯიშის 2 100-მდე ახალი ნერგები ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრზე ეტაპობრივად დაირგვება, ამასთანავე დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდება. გამწვანების სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება“-ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

ბათუმის ცენტრში, ახალაშენებულ კორპუსში იყიდება ბინა

ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგასლის  ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში  იყიდება 55 კვ. მ ბინა. ფასი: 46 750  აშშ დოლარი.

samaklero.ge

4

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას აკონტროლებს.

მალხაზ ნაკაშიძე ჯერჯერობით ერთადერთი აკადემიური თანამდებობის პირია ბათუმის უნივერსიტეტიდან, ვინც სტუდენტების მსგავსად აცხადებს, რომ ბსუ-ში არიან ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва). მალხაზ ნაკაშიძე ასევე იზიარებს სტუდენტების შეხედულებას, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ბსუ-ში არის ვინმე ენრიკო დევაძე.

იმავეს ადასტურებს ათეულობით სტუდენტი, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა და ასევე რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. სტუდენტები ამას ღიად ამბობენ, ხოლო უნივერსიტეტის თანამშრომლებს არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა.

ენრიკო დევაძე
ენრიკო დევაძე

თავის მხრივ, „ბათუმელებმა“ ენრიკო დევაძესთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მოძიება მოახერხა: ის არის 32 წლის, დაიბადა და ცხოვრობს ბათუმში. დაამთავრა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით 2006 წელს. ამ დროისთვის არის ბათუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით.

ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, იცის ენრიკო დევაძის შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ ვერ დაადასტურებს ოდეერთან ამ პირის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას. `მე პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ამ სამსახურში.

მაგრამ მე ზუსტად ერთი რამის თქმა შემიძლია – ბათუმის უნივერსიტეტში ოდეერის შტატი არ არსებობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერაბ ხალვაშმა.

იგივე დაუდასტურეს „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა – რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტიდან ანაზღაურებას არ იღებს, შესაბამისად, არ არის ამ დაწესებულების თანამშრომელი. არც მათ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს პირი წარმოადგენს ძალოვან უწყებას, შესაბამისად, არ შეუძლიათ თქვან, რომ ის ოდეერი, ანუ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია.

„ბათუმელებმა“ სცადა თავად ენრიკო დევაძესთან გადაემოწმებინა არაერთი სტუდენტური ჯგუფისა და პროფესორ-მასწავლებლის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სმს-ს შეტყობინებებს.

studentebis aqcia (2)სტუდენტების თქმით, ენრიკო დევაძე დაახლოებით 2013 წლიდან არის მივლენილი ბათუმის უნივერსიტეტში. ის, ძირითადად, ახლო ურთიერთობაშია სტუდენტურ თვითმმართველობასთან და მათთან ერთად მუშაობს სტუდენტების მობილიზაციაზე, როცა ამის საჭიროება აქვს სახელისუფლო პოლიტიკურ ძალას. არაერთი სტუდენტი ასევე ერთხმად ადასტურებს, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მრავალგზის შეუნიშნავთ ცეცხლსასროლი იარაღით.

ცხადია, ენრიკო დევაძე არ არის ერთადერთი პირი, რომელიც შეიძლება ძალოვან უწყებას წარმოადგენდეს საუნივერსიტეტო დაწესებულებაში. წესით, ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს გუნდი, რომლის წევრებზეც ასევე საუბრობენ ბსუ-ს სტუდენტები. თუმცა, ამ გუნდთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არის ურთიერთგამომრიცხავი, შესაბამისად, „ბათუმელები“ მათ ვინაობას არ დაასახელებს.Set featured image

ბსუ-სგან განსხვავებით ძალოვანების წარმომადგენლების არსებობა დაადასტურა თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ, მას შემდეგ, რაც თსუ-ს სტუდენტებმა გააპროტესტეს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის შესაძლებლობა. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გაფრინდაშვილს თსუ-ს ოდეერი ივა კავსაძე ლობირებს. სტუდენტები 7 მარტიდან მართავენ საპროტესტო აქციებს და სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული უნივერსიტეტში, კანცლერი არასათანადო საათებში რომ არ აირჩიოს თსუ-ს სენატმა.

სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტის პირველ ეტაპზე სისტემამ პროტესტულად განწყობილი ჯგუფების გახლეჩასთან ერთად სცადა სტუდენტების ოჯახების დაშინება. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ერთ-ერთმა ბათუმელმა სტუდენტმა – ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ირაკლი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ს სტუდენტებს შორის.

ირაკლის თქმით, 20 წლის განმავლობაში არც ერთხელ მომხდარა, რომ მასთან სახლში ძალოვანები მისულიყვნენ. „გასულ კვირას კი, რაც საპროტესტო მოძრაობაში ვარ, ერთ დღეში ორჯერ მივიდნენ სახლში. წარმოიდგინეთ, როგორი სისტემური მობილიზაცია გამოაცხადეს – მე ოთხი წელია ბათუმში არ ვცხოვრობ, ამის მიუხედავად, იპოვეს ჩემი ოჯახი და მოახერხეს დედაჩემის შეშინება“.

ირაკლი კუპრაძის 41 წლის დედა დღემდე შიშობს, რომ სუს-ის თანამშრომლები მისი შვილის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. „ამით მათ იმას მიაღწიეს, რომ დედამ მთხოვა შემეწყვიტა პროტესტი“, – ამბობს ირაკლი.

თუმცა, ირაკლი კუპრაძის დედასთან სუს-ს თანამშრომლების მისვლა „ბათუმელებს“ სუს-ში არ დაუდასტურეს.

სტუდენტებისა და ოდეერის ინსტიტუტის დაპირისპირებას 11 მარტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა სთხოვა გიორგი გაფრინდაშვილს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა თსუ-ს კანცლერის პოსტიდან.

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა ოდეერს საჯაროდ მოუწოდა `წაიყვანოს თავისი კადრი“, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან.

გიორგი გაფრინდაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას დღეს, 14 მარტს, მიიღებს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, შესაბამისად, პატივს ვცემ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეგულაციების დაცვით. აუცილებელია, მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

თბილისში სტუდენტების ერთკვირიანი პროტესტი კვირის ბოლოს ცოტა ხნით ჩრდილში მოექცა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. არსებობს მოსაზრება, რომ კადრები სწორედ უნივერსიტეტის მოვლენების გადასაფარად გავრცელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ბოლო კომენტარში „რუსთავი 2“-თან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არ იმართებიან და სწორედ მათ გაავრცელეს ეს კადრები:

„ეს არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ასევე შეიძლება, მისი ცოდნის, მისი ყურადღების მიღმა არაფორმალური დავალება სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ, მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი არც ყოფილიყო საქმის კურსში და არც შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ ვამბობ, რომ მოვალეობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა მოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის, რომ არა მარტო სერიოზული სახით გააკეთონ განცხადებები და მკაცრი ტონით, არამედ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. რომ მოინდომონ, ამ დანაშაულის გამოძიება შესაძლებელია და მე მოვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ.

მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში და მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებში არიან ძალები, რომლებიც არ იმართებიან პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს და დიდი ალბათობით აქედან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადადგმული“.

ოდეერის, ანუ საბჭოთა კგბ-ს დროინდელი ინსტიტუტის გაუქმება საქართველოში ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილისა და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ამის მცდელობა იყო. ოდეერის გაუქმებას კატეგორიულად არ დაეთანხმა შს სამინისტრო.

თავის დროზე ამ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა – ზვიად ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ოფიცრების მივლინების შენარჩუნების პრაქტიკა შსს-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა“.

ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი/ოფიცერი უშიშროების საკითხებში დაწესებულებაში ინიშნება “სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში”.

არაოფიციალურად კი, ეს ინსტიტუტი, უსაფრთხოების დაცვის ეგიდით, ცდილობს ყველგან ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, სიტუაცია ბოლომდე რომ აკონტროლოს და ახერხებს კიდეც ამას. ოდეერს თავისი წარმომადგენლები ჰყავს, მაგალითად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, ბათუმის მერიაში… საქართველოს მთავრობის ბევრ უწყებაში; ოდეერები ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში.

ცხადია, დრო გამოაჩენს, ნიშნავდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილის თხოვნა გიორგი გაფრინდაშვილისადმი ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებაზე მსჯელობის დაწყებას საკანონმდებლო დონეზე. მანამდე კი დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ ბსუ-ს 20-მდე სტუდენტით (და არც მათი ოჯახის წევრებით), რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოუცხადეს თსუ-ს სტუდენტებს, სუს-ი არ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, „ბათუმელებში“ ამის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

გასულ კვირას ბსუ-ს სტუდენტების ნახევარსაათიანი აქციის ძირითადი მესიჯი სწორედ ოდეერისგან თავისუფალი უნივერსიტეტი იყო. სტუდენტები მორიგ აქციას დღეისათვისაც აანონსებენ.

ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, მშენებარე სახლში, სასწრაფოდ იყიდება ბინის თეთრი კარკასი

სასწრაფოდ! ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, მშენებარე სახლში, მე-5 სართულზე იყიდება 35.6 კვ.  მეტრი ბინის თეთრი კარკასი, მშენებლობა დასრულდება ივლისში. ფასი: 23 140 აშშ დოლარი (შესაძლებელია ფასდაკლება).

samaklero.ge

2

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე იყიდება გარემონტებული სახლი

ბათუმში, გორგასლის (ყოფილი  ცხაკაიას) ქუჩაზე იყიდება სახლი (487კვ.მ გარემონტებული, უზრუნველყოფილი ტექნიკით,ბუნებრივი აირითა და ცენტრალური ბოილერით. ფასი: 850 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადება

დღეს, 14 მარტს, 18:00 საათზე, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტებმა ფეისბუქში გაავრცელეს ტექსტი აქციის შესახებ, სადაც ნათქვამია:

„ბათუმელ სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტები დღეს არ არის ავტონომიური, თავისუფალი სივრცე, სადაც მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესები. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ გარე ძალების მიერ პროცესების მართვის მცდელობებს, ჩარევებს, რისთვისაც იყენებენ სტუდენტურ თვითმმართველობას და ადმინისტრაციას როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითმმართველობა როგორც პრივილეგირებული ინსტიტუტი ხარჯავს არამიზნობრივად ძალიან დიდ თანხებს, რომელიც არ ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს, რაც ერთიანობაში ქმნის უთანასწორო და არასამართლიან გარემოს.

იმისთვის, რომ დაიწყოს ჯანსაღი პროცესების წარმოება უნივერსიტეტებში, აუცილებელია საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან და არამხოლოდ, მოხდეს პრობლემური საკითხების დღის წესრიგში შემოტანა. სწორედ ამიტომ ჩვენ ხვალ ვაპირებთ შევუერთდეთ თსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების როგორც კონკრეტულ მოთხოვნებს: გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით , ასევე იმ ზოგად, სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართულ მოთხოვნებს, რომლებიც დგას ყველა სახელმწიფო უნევრსიტეტში, ესენია:

1.დაუყონებლივ მოხდეს უშიშროების გავლენებისგან უნივერსიტეტების გათავისუფლება;

2. თვითმმართველობის პრივილეგიების აღკვეთა, თანასწორი გარემოს შექნა ყველა სტუდენტისათვის;

3. მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მოგიწოდებთ ბსუ-ს სტუდენტებსა და ლექტორებს, რომ შემოურთდეთ აქციას, თსუ -ში არსებული პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა,“-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს ორგანიზაციებს გამოკითხავს

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს საბიუჯეტო პროგრამას „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“.  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ორგანიზებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა.

„ფორუმები ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობის  ფორმატს. კერძოდ, აჭარის რეგიონში მოქმედ კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პირდაპირი შეხვედრები გამართონ სამიზნე ქვეყნების კომპანიებთან.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მოეწყო ბიზნეს ფორუმები: აზერბაიჯანში, უკრაინაში,ყაზახეთში, თურქეთში, ბელორუსსა და პოლონეთში.

სამინისტრო ატარებს გამოკითხვას, რათა განისაზღვროს, თუ რა სახის ინტერესი აქვთ რეგიონში მოქმედ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე“-ნათქვამია, სამინისტროს განცხადებაში.

„ბიზნეს ფორუმების დაგეგმვას და ორგანიზებას   ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს, ფორუმებში მონაწილე კომპანიები კი  მხოლოდ საკუთარი ხარჯებს ფარავენ“.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში

Exit mobile version