მთავარი,სიახლეები

კორუფციაზე ეჭვები – არასამთავრობოები ბათუმიდან ძეგლების ნგრევაზე პრემიერს მიმართავენ

10.03.2016 • 1999
კორუფციაზე ეჭვები – არასამთავრობოები ბათუმიდან ძეგლების ნგრევაზე პრემიერს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს სთხოვენ, დაინტერესდეს ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას ბათუმში. საქმე იმაშია, რომ ვაჟა-ფშაველას 13-ში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კომპანია „სლავა 2015“-მა ჯერ დაანგრია, ახლა კი იქ უკანონო მშენებლობას ეწევა. ძეგლის ტერიტორიაზე საძირკველი კომპანიამ 8 მარტს ჩამოასხა, თუმცა ამ პროცესის შეჩერება ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ „მოახერხა“. არასამთავრობოების პრემიერმინისტრისადმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს  ქალაქ ბათუმში კულტურული მემკიდრეობის, ურბანული განვითარების პოლიტიკა სრულად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

კერძოდ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ში,  კომპანია „სლავა 2015“ შვიდი თვის მანძილზე ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო დემონტაჟს. ამ ხნის განმავლობაში პროცესი ვერ აღკვეთა ვერც ერთმა სახელმწიფო ინსტიტუტმა.

მიმდინარე წლის 8 მარტს კომპანიამ ძეგლის ადგილას უკანონოდ დაიწყო მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის პროცესი, რაზეც მოქალაქეთა მიერ უკანონო  მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის  განყოფილებაში არაერთი შეტყობინება შევიდა. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა ვერ „მოახერხეს“  უკანონო მშენებლობის აღკვეთა.

ეს არ არის კანონის უგულვებელყოფის ერთადერთი ფაქტი: ძველი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევამ სისტემური ხასიათი მიიღო. უნებართვო მშენებლობებია მაზნიაშვილის 35/37-ში, ვახტანგ გორგასლის 17-ში, მაზნიაშვილის 31-ში, ზუბალაშვილის 9-ში. შესაბამისი სამსახურები ამ დარღვევების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებენ. საეჭვო ვითარებაში გაიცა დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვა ბარათაშვილის N 24-ში. არსებული ვითარება კორუფციის ეჭვს ბადებს.

ბოლო წლებში ძველი ბათუმის იერსახე მკვეთრად შეიცვალა. ქალაქი კარგავს ისტორიულ ღირებულებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ე.წ. ინვესტორების ინტერესებს ეწირება, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიერაა წახალისებული.

ბატონო პრემიერო, ბათუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ისტორიის შენარჩუნება და გადარჩენა. ძეგლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება  უპირისპირდება სახელმწიფოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვალდებულებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და შენარჩუნების შესახებ.

ვთვლით, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან მსგავსი უმოქმედობა აუცილებლად მიგვიყვანს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლამდე და საზოგადოების მხრიდან კანონისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებამდე, გამომდინარე აქედან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები;
  • აღკვეთონ  მენაშენეების  მიერ წარმოებული უკანონო ქმედებები.

არსამთავრობო ორგანიზაციები:

ბათომი,

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი,

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

გადაბეჭდვის წესი