მთავარი,სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაციენტთა შესახებ ინფორმაციის გამხელაზე

14.03.2016
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაციენტთა შესახებ ინფორმაციის გამხელაზე

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები დაცულია გამხელისგან და ის არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავად მოქალაქის თანხმობის გარეშე,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში. ინსპექტორს ვთხოვეთ განემარტა, აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების შესახებ არსებული ინფორმაციის, სამართალდამცველებისთვის მიწოდების უფლება.

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა კანონი შეიცვლა და ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებზე პოლიციას აცნობონ. ბათუმის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ კანონს არაფერი შეუცვლია. მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მისაღებში პოლიცია მუდმივად მორიგეობს, პაციენტის ისტორიას კი, სადაც კონკრეტული დიაგნოზი იწერება, პოლიციელებს კლინიკის ხელმძღვანელობა აწვდის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განმარტავს: „ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების (მათ შორის გაცემის) დროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ინფორმაციის გაცემამდე სამედიცინო დაწესებულება უნდა დარწმუნდეს, რომ ამისთვის არსებობს სასამართლოს შესაბამისი დადგენილება, პროკურორის განჩინება, ან მონაცემების გამჟღავნებისთვის სხვა, კანონით გათვალისწინებული საფუძველი. სწორედ სამედიცინო დაწესებულებას, როგორც მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას, აქვს მონაცემების უკანონო გამჟღავნებისგან დაცვის ვალდებულება.

საკითხის დეტალურად შესწავლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ცალსახად შევაფასოთ აქვს თუ არა სამართალდარღვევას ადგილი. თუმცა მოგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახით ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს გაფრთხილება ან ჯარიმა. დარღვევის ხასიათიდან და ჩადენის სიხშირიდან გამომდინარე, ჯარიმების ოდენობა განსხვავებულია.

მონაცემთა საფუძვლის გარეშე გამჟღავნებისთვის კი, ჯარიმა  მერყეობს 500-2000 ლარის ფარგლებში. თუ მონაცემების მოპოვება, ან გამჟღავნება განხორციელდა დანაშაულებრივი გზით, შესაძლოა, დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: