მთავარი,სიახლეები

წერილი ბათუმის ციხის „ანტივანდალური საკნიდან“

14.03.2016 • 2436
წერილი ბათუმის ციხის „ანტივანდალური საკნიდან“

„ჩვენს საკანში  საერთოდ არ არსებობს  ფანჯარა, საიდანაც შემოვა ელემენტარული, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰაერი. საკანში არის საშინელი უჰაერობა, რასაც ხშირად მოჰყვება ჩვენი გონების დაბინდვა, თავბრუს ხვევა, ცუდად გახდომა“, – ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც სამმა პატიმარმა ბათუმის მე-3 საპყრობილედან „ბათუმელებს“, ასევე უფლებადამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

პატიმრები ე.წ. „ვანდალური საკნის“ პირობებს აღწერენ, სადაც დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაჰყავთ  ის პატმრები, ვინც თვითდაზიანებას იყენებს:  „საკანში საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება, ასევე სერთოდ არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს სრულიად ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით.. . საკანი არის მთლიანად სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქდოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – წერენ პატიმრები.

პრობლემებს ე.წ. „ვანდალური საკნებში“ რამდენიმე წელია აფიქსირებს სახალხო დამცველი. თეიმურაზ ქორიძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ამ კუთხით არ სრულდება. „ჩვენი წარმომადგენლები მოინახულებენ ამ პატიმრებს და გვეტყვიან, რამდენად შეესაბამება მათ მერ აღწერილი პირობები რეალობას. არამხოლოდ ბათუმის, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებელებების „ანტივანდანდალურ საკნებში“ ინფრასტრუქტურის სერიოზული პრობლემებია. მართალია, საწოლი და სხვა ისეთი ნივთები ამ ტიპის საკნებში ვერ იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რაც პატიმრის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. თუ პატიმრებს იატაკზე იმიტომ სძინავთ, რომ საწოლით შესაძლოა თვითდაზიანება მიიღონ, კედელიც რისკია. ევროპული სტანდარტით, სხვაგვარად არის განსაზღვრლი პატიმრის უსაფრთხოება და ამ ტიპის საკნების კედლებიც რბილი მასალითაა დამზადებული“, – ამბობს თემურ ქორიძე.

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას წესები) მიხედვით: „ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკურებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ჰაერის კუბურ მოცულობას, მინიმალურ ფართობს, განათებას, გათბობას, ვენტილაციას.

ამავე წესების მიხედვით, ფანჯარა უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისთვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე და უნდა იყოს ისე კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: