მთავარი,სიახლეები

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

16.03.2016 • 3022
რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, ყველი და რძის სხვა პროდუქტები დროებით, ხილის სექციაში გაიყიდება. მიზეზი ყველის სექციის განახლებაა, რომელიც იზოლირებული იქნება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში ამ ლიფტით მოხვდება და ისინი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული.

რძის პროდუქტების უვნებლობაზე, რომლებიც სავაჭრო ცენტრში იყიდება, პასუხისმგებელი, კანონით, არის როგორც ბიზნესოპერატორი, ასევე, ცენტრის ადმინისტრაციაც. საქართველოს კანონმდებლობით რძე და რძის ნაწარმი, რომელიც ქსელში იყიდება, უვნებლობასთან ერთად მიკვლევადიც უნდა იყოს. ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან ამ ეტაპზე პროდუქტზე მხოლოდ „ფორმა-2“-ს ითხოვს, რომელსაც ვეტერინარი გასცემს. ყველი ბაზარზე, როგორც აჭარის, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ხვდება. საჭიროების შემთხვევაში კი, პროდუქტის ლაბორატორიულად გამოკვლევაც ხდება აუცილებელი.

თუ კანონი დღეს ბიზნესოპერატორების გაკონტროლებას ითვალისწინებს, ფერმერს, რომელიც ოჯახის პირობებში აწარმოებს რძის პროდუქტებს, სახელმწიფო 2020 წლამდე ვერ გააკონტროლებს. რა პირობებში მზადდება ყველი და დაცულია თუ არა რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები?

ალექსანდრე ივანაძეს, რომელიც შუახევში ცხოვრობს და რძის ნაწარმს საოჯახო პირობებში ამზადებს, პროდუქტები ბაზარზე, მართალია, არ გააქვს, მაგრამ დაბაში მეზობლები რძესა და რძის ნაწარმს მისგან ყიდულობენ.

„იციან, რომ სუფთად და ნატურალური რძისგან ვამზადებთ ყველს, მაწონს, ნადუღს და ვისაც რა უნდა, მიაქვს. ერთი მეწველი ფურით დავიწყე საქმიანობა და ახლა ცხრა სული მყავს. მინდოდა გაფართოვება და სახელმწიფოს მიერ შემოყვანილი პირუტყვის მოყვანა, მაგრამ მოვიდნენ, შეამოწმეს სადგომი და მითხრეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებსო. მეურნეობის გაფართოებას მაინც ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ახალი სადგომი და მინისაწარმო ავაშენო, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, ხალხს გამოადგეს და მეც ერთი ორი კაპიკი გავაკეთო“, – ამბობს ალექსანდრე ივანაძე.

რძის პროდუქტების უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამბულ აბულაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „ევროპასთან დაახლოება გულისხმობს იმ ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ევროპულ ოჯახშია. კონკრეტულად რძის წარმოების [თუმცა არა მხოლოდ რძის] კუთხით კი, ევროპაში მოქმედებს ჰასპის სისტემა, რაც განსაკუთრებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას გულისხმობს, უვნებელი პროდუქციის წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში“.

ჯამბულ აბულაძის განცხადებით, რეგიონში რძის წარმოების განვითარების კუთხით მთელი რიგი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს, მათ შორის საკვებწარმოება, დაბალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი და სხვა.

სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში 90 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვიდან 44 ათასზე მეტი ფურია, თუმცა მათ მაღალპროდუქტიული ჯიშებით ჩანაცვლებას სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს და პროგრამები, რასაც სამინისტრო ახორციელებს, სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს – ფერმერთა ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

„9-10 სული პირუტყვით მუშაობის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა ძალიან მცირეა. იმდენად, რომ ამას რენტაბელურ წარმოებად ვერც კი განვიხილავთ. უბრალოდ, აქ არის თვითდასაქმების მომენტი. თუმცა პერსპექტივა აქვს დარგს, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ცალკეულ ფერმერთა ინდივიდუალური საქმიანობა ნამდვილად არარენტაბელურია, არ არის შესაბამისი ცოდნაც, სადგომები არ შეესაბამება სტანდარტებს, ზოგადად, რესურსები არის მწირი და აჭარის რეგიონი სწორედ ამ რესურსების გაერთიანებით, ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით უნდა განვითარდეს“, – აცხადებს ეკონომიკის სპეციალისტი დავით არძენაძე.

აჭარაში 72 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, რომლის ნახევარზე მეტი, 37 ათასი ჰექტარი, საძოვრებია, უმეტესად ალპურ ზონაში. „დგას საკითხი ამ საძოვრების გაკულტურების, მათი პროდუქტიულობის გაზრდის. სამინისტრო უკვე ამუშავებს შესაბამის პროგრამას და მოხდება საძოვრების [მცენარეული საფარის] განახლება მონაცვლეობითი ძოვებით, შეთესვისა თუ სხვა გზით. ესეც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის“ – ამბობს როინ აბულაძე.

ფერმერებისგან განსხვავებით, რძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებსაც 2017 წლის პირველი იანვრისთვის არ ექნებათ ჰასპის სტდანარტები დანერგილი, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.

ბათუმელი ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთია, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს მალე აამუშავებს. ის ეტაპობრივად ჰასპის სისტემის დანერგვასაც გეგმავს. საწარმო რძეს აჭარაში მოქმედი რძის შემკრები პუნქტებისგან მიიღებს. შესაბამისად, სტანდარტების დაცვას კანონმდებლობა ამ პუნქტებსაც მოსთხოვს.

„ჰასპის სისტემის დანერგვამდე აუცილებელია წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა, რაც უამრავ კომპონენტს მოიცავს – შენობის ინტერიერიდან დაწყებული, პერსონალის ქცევის წესების ჩათვლით. უმთავრესია მეწარმეებმა გაითავისონ ამ სისტემების დანერგვის აუცილებლობა. დღეს კი მხოლოდ იძულებითი მოტივაცია გვაქვს, ჯარიმებისა და საქმიანობის დროებით შეჩერების სახით… ჰასპის სისტემას ნერგავენ კონკრეტრული საკონსულტაციო კომპანიები. სისტემის დანერგვას კი 6 თვე სჭირდება. აქედან ძირითადი დრო მეწარმეების ფსიქოლოგიის შეცვლას ეხება“, – ამბობს დავით არძენაძე.

ევროპული ბაზარი ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის შესაძლოა შორეული პერსპექტივა იყოს. თუმცა, ევროსტანდარტები რძის წარმოებაში ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: