კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან

14.03.2016 • 2634
რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან

პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელიც ახლა უკვე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ არსებობდა. რატომ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედებული პარტიული ოფისი პარტიის განვითარებას ემსახურება და არა მოახლოვებული არჩევნების მოგებას? – კითხვებზე პასუხის გასაცემად ირაკლი ჭეიშვილი მზად არ არის. პარტიის აქტივისტების მოლოდინი კი, წინააღმდეგობრივია.

ირაკლი ჭეიშვილი პარტიულ კონფერენციაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. „მისი ცნობადობა იძლევა ამის საშუალებას, რომ 200-დან 200-ვეს მხარი დაეჭირა. ვიცი, შიგნიდან რა ხდება და დამერწმუნეთ, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო. ირაკლი ჭეიშვილი იყო ერთადერთი, ვისაც პოლიტსაბჭოც და დელეგატებიც უყურებდნენ, როგორც ნათელ წერტილს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, როცა გასული წლის ნოემბერში მოულოდენელად თამაზ თურმანიძე ფრაქციის ლიდერობიდან გადააყენეს. „მოლოდინი იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც ერთხმად აირჩიეს ირაკლი ჭეიშვილი. ჩემი ხედვები რომ არ ემთხვეოდა ჭეიშვილისა და ხაბაძის ხედვებს, ამიტომაც გამათავისუფლეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ თურმანიძემ, რომელიც ახლა პარტიის რიგითი წევრია და ბათუმის პარტიულ კონფერენციაში მონაწილეობა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო ვეღარ შეძლო.

„კანდიდატების სიმრავლე პარტიის შიგნით ჯანსაღ კონკურენციაზე მიუთითებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია: „პარტიას უნდა ჰყავდეს რამდენიმე კანდიდატი და ლიდერი. ეს აჩვენებს იმას, რომ პარტიის შიგნით არის დემოკრატია და კონკურენცია, რაც აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქარული ოცნება“ მმართველი პოლიტიკური პარტიაა, ფაქტია, რომ ის არ არის ჩამოყალიბებული, როგორც ხედვით, ისე – სტრუქტურით და რეგიონული ორგანიზაციები განსაკუთრებით სუსტია“.

პარტიას განახლება რომ სჭირდება, ამაზე პარტიის ლიდერებიც ღიად საუბრობენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაცია ისევ გახსნის ოფისს – ორწლიანი პაუზის შემდეგ. „ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან. პარტია იმუშავებს არჩევნების შემდეგაც,“ – ირწმუნება ლაშა სირაბიძე, ჭეიშვილის წინამორბედი. ის ახლა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ბიუროს წევრია.

ლაშა სირაბიძე ცდილობს ახსნას, რა განაპირობებდა პარტიის უმოქმედობას მისი თავმჯდომარეობის დროს: „პრაქტიკულად ბოლო სამი წლის განმავლობაში პარტია არ არსებობდა. პარტია ცენტრალიზებულად იმართება, ცენტრიდან კი არ მოდიოდა დაკვეთა და ბათუმი ვერ იქნებოდა მოწინავე ამ კუთხით. რაც შეეხება პარტიულ კონფერენციას, მიდგომა იყო ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო ერთი კანდიდატურა და დაპირისპირებას ასე სჯობდა. ირაკლის კანდიდატურა უფრო მოიწონეს, რადგან მისი პოლიტიკური შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, როცა იგი შტაბს ხელმძღვანელობდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა სირაბიძემ.

პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ დაჯგუფებები პარტიის შიგნით დასრულდება. „ამ კონფერენციამ ეს დაადასტურა,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე. პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს – ჯუმბერ კობალაძეს კი, ძველი აქტივისტების გააქტიურების იმედი აქვს: „ხალხისა და ჩემი უკმაყოფილებაც უკავშირდებოდა იმას, რომ პარტია პორტირებული ნაციონალებით ივსებოდა და ისინი საქმდებოდნენ სხვადასხვა უწყებაში. ვინც იგებს არჩევნებს, ის უნდა მოსულიყო. ამის ნება აქამდე არ იყო. პარტიის თავმჯდომარის არჩევით ცვლილება ვერ მოხდება, მაგრამ ველოდები, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხალხში გავა“.

დასაქმებისა და დაწინაურების ამბიციამ პარტიაში ქაოსი რომ შექმნა, ადასტურებს ირაკლი მიქელაძეც: „მართვის პრობლემა იყო და ირაკლი ჭეიშვილი ამას მოაგვარებს, დაალაგებს ქაოტურ სიტუაციას“.

პარტიის პრობლემებში ირაკლი ჭეიშვილის პასუხისმგებლობასაც ხედავს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი კოორდინატორი, თამაზ თურმანიძე: „პარტიის თავმჯდომარე გავხდი და ახლა გავაკეთებ, ეს მიდგომა არასწორია. ირაკლი ჭეიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სიით იყო წარდგენილი და, შესაბამისად, მეტი ვალდებულება ჰქონდა ხალხის წინაშე, როგორც მე, ლაშა სირაბიძეს, ან ავთანდილ ბერიძეს.“

აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად, თურმანიძე პარტიის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ დაელოდება, იქნება თუ არა პარტია არჩევნების შემდეგაც აქტიური.

ცვლილებების მოლოდინი, ოღონდ არჩევნებამდე, აქვთ პარტიის სხვა აქტივისტებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა იცვლება პარტიაში წინასაარჩევნო სამზადისისა და სიაში მოხვედრის ორთაბრძოლის გარდა.

ამ ვითარებაში რამდენად შეიძლება დამაჯერებელი იყოს საზოგადოებისთვის პარტიის გააქტიურება? „მაგ კითხვას პასუხს გასცემს აჭარის ამომრჩეველი. აქამდეც უნდა გამოჩენილიყო, რომ ხალხი პარტიისთვის იყო მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას ისევ მარტივად წარმოუდგენია ნდობის მოპოვება. როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახსენდება ამომრჩეველი, ეს ჩრდილქვეშ აყენებს პარტიის რეპუტაციას, გაუცხოვებას იწვევს და აუცილებლად აისახება არჩევნებზეც. უკვე ჩანს სოციოლოგიურ კვლევებშიც, რომ ამომრჩევლის 60 პროცენტი, და ეს ძალიან დიდი ციფრია, ამბობს, რომ საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამ ნიჰილიზმში მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პოლიტოლოგმა, კორნელი კაკაჩიამ.

IMG14576

„ოცნების“ ოფისი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: