ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე არასწორია და მისი განკარგვა ბათუმის მერიის მიერ უნდა მოხდეს.
„ეს პრაქტიკა წინა წლებშიც იყო, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ეკონომიკის სამინისტრო პლაჟებს ექვსთვიანი იჯარით გასცემს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არ არის მომგებიანი. ბარცხანიდან მოყოლებული ჩაქვამდე, ჩემი მაჟორიტარული უბანია, სადაც დიდი წილი პლაჟებზე მოდის. მოსახლეობა დაინტერესებულია იმით რომ პლაჟები მრავალწლიანი იჯარით გაიცეს, რადგან ექვსთვიანი იჯარა ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო არ არის“.
ჯაბა ბერიძის თქმით, პერიფერიულ ზონებში – გონიო, სარფი, კვარიათში, ასევე ჩაქვში, მახინჯაურში პლაჟები მერიამ მრავალწლიანი იჯარით უნდა გასცეს.
„ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის პლაჟების გაქირავებით 800 ათასი ლარი მიიღო მოგება. ვფიქრობ, პლაჟების განკარგვა მერიის მიერ უნდა მოხდეს და შემოსავალიც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა შევიდეს. არ მესმის რატომ იცილებს პლაჟების მართვის პასუხისმგებლობას მერია. მათი გადაწყვეტილება, თვითმმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“-ამბობს საკრებულოს წევრი.
ჯაბა ბერიძის აზრი, ქალაქი ფაქტობრივად არ ემზადება ტურისტული სეზონისთვის:
„რუსეთ-თურქეთ გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ბათუმში შემოვიდეს. ამის მიუხედავად, ამ ქალაქში ვერანაირ ტურისტულ სამზადის ვერ ვხედავ. ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვით და იმითაც, რომ მოქალაქეებმა მომგებიანი ბიზნესი აწარმოონ“.
საკრებულოს წევრის თქმით, პლაჟების გაქირავებასთან ერთად მერიამ უნდა აკონტროლოს გაქირავებულ პლაჟებთან მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებაც, რადგან წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა მოიჯარეები ადამიანებს პლაჟზე გადაადგილების და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ.
ბათუმის საკრებულო, ქალაქის პლაჟების ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემის საკითხის განხილვას, 16 მარტს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე აპირებს.







