მთავარი,სიახლეები

გაზეთი „აჭარა“ 95 წლისაა

16.03.2016
გაზეთი „აჭარა“ 95 წლისაა

გაზეთი „აჭარა“ 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის აჭარის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი. გაზეთის პირველი ნომერი რუსულ ენაზე გამოიცა – 1921 წლის 18 მარტს. მეორე დღესვე ქართულენოვანი ვერსია დაიბეჭდა. გაზეთს მაშინ „ფუხარა“ ერქვა, შემდეგ „საბჭოთა აჭარა“… გაზეთი „აჭარა“ დღეს კვირაში სამჯერ გამოდის, ხოლო რუსულენოვანი ჩანართი კვირაში ერთხელ გამოიცემა.

გაზეთის ისტორიაში იყო ბევრი კარგი და ცუდი დღეები – არსებობის 95 წლის მიუხედავად, გაზეთს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სტატუსი უნდა ჰქონდეს . გაზეთის დირექტორი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მისი გათავისუფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეუძლია. თითქმის მთელი საუკუნე გაზეთი სხვადასხვა მთავრობას ექვემდებარება. 2004 წლიდან გაზეთი შპს გახდა  [„გაზეთი აჭარა და ადჟარია“], სადაც 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. გამოცემის ბიუჯეტი წელს  230 ათასი ლარია. ეს ის თანხაა, რომელსაც რედაქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ,  ყოველწლიურად იღებს.

„ჩვენ არ გვიშლის ხელს ეს სტატუსი, რადგან საზოგადოებაზე ვართ ორიენტირებული. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჩახედოს გაზეთს და ნახავს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ბერიძემ, „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ დირექტორმა.

ასე არ ფიქრობს გაზეთის მთავარი რედაქტორი: „არ შეიძლება გაზეთი იყოს მთავრობის, ან რომელიმე სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში. არ შეიძლება გაზეთის დირექტორს ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს აჭარის ეკონომიკის მინისტრი“, – ამბობს მარინა მითაიშვილი. ის წლების განმავლობაში და ახლაც გაზეთისთვის საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭების მომხრეა: „ეს გაზეთი რეგიონში მატეანის ფუნქციას ასრულებს. ამ გაზეთს აქვს თავისი, გამორჩეული ნიშა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. საუკეთესო გამოსავალია, თუკი ეს გამოცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში მოექცევა“.

რატომ არ მოითხოვს სტატუსის შეცლას გაზეთი ოფიციალურად? – კითხვაზე მთავარმა რედაქტორმა გვიპასუხა, რომ ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.

გაზეთის დირექტორი, ვინც რედაქციაში პირდაპირ მთავრობაზეა დამოკიდებული, პრობლემას ვერ ხედავს. „შესაძლებელია, რაიმე ფორმა მოვიფიქროთ და შემდეგ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებს პირებს“, – გვითხრა მამუკა ბერიძემ.

გაზეთი „აჭარა“ რედაქციის ძველი შენობის დაბრუნებას აღარ ელოდება. წლების წინ, გაზეთი პროკურატურას იმ შენობის უკანონო გასხვისების გამოძიებას თხოვდა, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარებს და იქ გაზეთი „აჭარა“ ათეული წლების განმავლობაში გამოიცემოდა. გაზეთმა ისტორიული შენობა 2009 წელს დატოვა. დღეს გაზეთის დირექტორი ამბობს, რომ საუბარი შენობის ირგვლივ დასრულებულია.

გაზეთ “აჭარას” წინაშე დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, ამ გამოცემას საზოგადოების განვითარებაში თავისი პოზიტიური როლიც აქვს შესრულებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.