მთავარი,სიახლეები

ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

13.03.2016 • 2681
ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს ის.

მთავრობამ ცვლილება „რეპრესიული ნარკოტიკული პოლიტიკის“ შეცვლის სახელით განახორციელა. მოთხოვნას წლების განმავლობაში აჟღერებდა „ზიანის შემცირების ქსელი“, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. არასამთავრობოებს მიაჩნდათ, რომ სწორედ იმის გამო, რომ საავადმყოფოდან ინფორმაცია პოლციას მიეწოდებოდა, ახლობლები ზედოზირებული პაციენტის საავდმყოფოში გადაყვანას ერიდებოდნენ.

დღეს ამ ორგანიზაციის წევრები იმ მიზეზებს ხსნიან, რის გამოც ცვლილებამ ვერ იმუშავა. „მთავარი ფაქტორი არის 112, საიდანაც აქვს წვდომა პოლიციას“, – ამბობს დალი უშარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ ხელმძღვანელი:

„ზედოზირების დროს ნარკოტიკის მომხმარებელი ძირითადად უგონო მდგომარეობაშია. მის გვერდით მყოფი ან შემხვედრი პირი რეკავს 112-ში და იძახებს სასწრაფო დახმარებას, ოპერატორი აუცილებლად სვამს კითხვას: სად არის პაციენტი. თუ ნარკოტიკის მომხმარებელი ამ დროს ქუჩაშია ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურის პარალელურად ეგზავნება პოლიციასაც, იმის მიუხედავად ზედოზირებით თუ სხვა მიზეზით არის ადამიანი უგონო მდგომარეობაში. თუ 112-ში შევა ინფორმაცია, რომ კომაშია ნარკოტიკის მომხმარებელი, მით უმეტეს გადაეცემა ინფორმაცია პოლიციას“.

იმავეს გვიყვება ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე: „თუ თავად პაციენტმა ან მისმა ახლობელმა არ დააფიქსირა 112-თან დაკავშირების დროს ნარკოტიკოს შესახებ, ჩვენ არაფერს ვამბობთ. თვეში დაახლოებით 2-3 გამოძახება გვაქვს ზედოზირებაზე, წლების წინაც ასე იყო“.

მიმართვიანობის მაჩვენებელი ვერც გაიზრდებოდა, რადგან ინფორმაციას ნარკოტიკის მომხმარებელ პირზე სამედიცინო დაწესებულებებიც გასცემენ. კლინიკაში მისვლის შემთხვევას, მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მისაღებში, თავად პოლიციელი დააფიქსირებს, რომელიც იქ მუდმივად იმყოფება. ინტოქსიკაციის დროს, პაციენტების დიდი ნაწილი სწორედ ამ კლინიკაში მიჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს.

„როდესაც ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, ვატყობინებთ პოლიციას. მაგ დროს გაურკვეველია, რისგანაა ინტოქსიკაცია. ვიძახებთ ნარკოლოგს, ასევე ტოქსიკოლოგს. ნარკოლოგმა უნდა დაადგინოს, არის თუ არა ინტოქსიკაცია ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული. შეიძლება სხვა შემთხვევა იყოს“, – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.

ნარკოლოგს ან ტოქსიკოლოგს არ აქვთ უფლება მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცველებს პაციენტის შესახებ. „არც ვაწვდი“, – ამბობს ნარკოლოგი მაია კონცელიძე. ტოქსიკოლოგმა ეკა სანიკიძემ კი, რომელიც გამოძახებით რამდენიმე სამედიცინო კლინიკას ემსახურება, გვითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატყობინებს პოლიციას, თუკი ნარკოტიკის მოხმარების ზედოზირების შემთხვევაში თვითმკვლელობის მცდელობა ფიქსირდება.

რატომ არ მიმართავენ კლინიკებს ნარკოტიკის მომხმარებლები, თუკი პოლიცია ამის შესახებ ვერ იგებს? – ექიმებს არ აქვთ ვერსია. მაია კონცელიძე, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთადერთი ნარკოლოგია, ამბობს, რომ გასულ წელს ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით ინტოქსიკაციის მხოლოდ 16, ხოლო წელს – ერთი შემთხვევა დაფიქსირდა:

„მქონია შემთხვევა, როცა რეანიმაციულ განყოფილებასთან მოსულა პოლიციელი და უცდია ინფორმაციის მიღება პაციენტის დიაგნოზის შესახებ. ვუხსნი, რომ ამის უფლება არ მაქვს. მახსენდება პაციენტიც, ვისაც უთქვამს, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასთან უბნის ინსპექტორი მივიდა და გამოძიება დაიწყო. პაციენტის დიაგნოზის შესახებ ჩანაწერს ვაკეთებ პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც არ ვიცი შემდეგ ვისთვისაა ხელმისაწვდომი“.

„ხელმისაწვდომია პროკურატურისთვის, თუკი გამოძიება ამას მოითხოვს“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. გამოდის, რომ ექიმის მხრიდან პაციენტის პირადი ინფორმაციის დაფარვა აზრს კარგავს. ეწინააღმდეგება თუ არა კლინიკის ეს მიდგომა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს?- ამ კითხვით ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართეთ, მაგრამ აქ გვითხრეს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვთ და პასუხს რამდენიმე დღეში მოგვწერენ. კონკრეტული პოზიცია ამ თემაზე ჩამოყალიბებული არ აქვს არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ .

პაციენტის დიაგნოზის შესახებ პოლიციას წვდომა რომ აქვს, დაგვიდასტურა სამედიცინო კლინიკა „მედინას“ დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემაც: „ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევა იშვიათია ჩვენთან. ინტოქსიკაციის დროს, ზუსტი დიაგნოზისთვის პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. სამხარაული აწვდის მერე ინფორმაციას პოლიციას“.

კიდევ ერთი კლინიკა, სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს მიჰყავს ზედოზირებით პაციენტი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოა. აქ „ბათუმელების“ კითხვებს საერთოდ არ უპასუხეს.

სამედიცინო კლინიკებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ძირითადად ნარკოტიკის იმ მომხმარებელს სჭირდება, რომელიც ნარკოტიკს პირველად იღებს, ტურისტია, ან ინფორმაცია არ აქვს იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მათ ანონიმურად დაეხმარება. ეს ორგანიზაციები (აჭარაში ასეთი ორგანიზაციაა კავშირი „იმედი“) პრეპარატ „ნალოქსონს“ ნარკოტიკის მომხმარებელს უფასოდ აძლევენ – „გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. „სამედიცინო პერსონალის გარეშე ნალოქსონის გამოყენება ბოლომდე უსაფრთხო არ არის, მაგრამ საუბარია ადამიანის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენაზე. ეს მედიკამენტი არის ტოქსიკური შოკიდან გამომყვანი. ნარკოტიკის ზედოზირება სწორედ ტოქსიკურ შოკს იწვევს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ პრეპარატი არ გვაქვს საკმარისი, ყველა მომხმარებელს რომ მივცეთ“, – გვითხრა „ახალი გზის“ ხელმძღვანელმა დალი უშარიძემ.

არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს სტატისტიკას ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების, ამ მიზეზით გარდაცვალების მაჩვენებლებზე. შეჯერებული ინფორმაცია ასევე არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური მზად იყო, „ბათუმელებისთვის“ ელექტრონული ფოსტით გადმოეგზავნა ინფორმაცია ზოგადი და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის (აქ ერთიანდება ნარკოტიკული ზედოზირება) შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც უწყების პრესსამსახურმა ჩვენი თემის შესახებ შეიტყო, ინფორმაციის დაუყონებლივ მოწოდებაზე, რაც კანონის მოთხოვნაა, უარი გვითხრეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: