მთავარი,სიახლეები

„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება

27.02.2016 • 2278
„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება

პირველი მარტიდან ბათუმში მოქალაქეებს ე.წ. მადლიანი მაცივრით [„სოციალური მაცივარი”] სარგებლობის საშუალება ექნებათ. მაცივარი ფარნავაზ მეფის 138-ში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ განთავსდება.

„მოლოდინი მაქვს, რომ მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზრდება და მარტო აქ კი არ დატოვებენ საკვებს, არამედ სხვა მისამართებზეც გაჩნდება სოციალური მაცივარი. “ – ამბობს ბათუმში სოციალური მაცივრის დადგმის ინიციატორი ნინო ბიაძე, კერძო სტუდია „მონ პარნასის“ მენეჯერი. მასთან ერთად  სოციალური დანიშნულების მაცივრებისთვის თამარ ტუღუში მუშაობს, მოძრაობის „მადლიანი – დააპურე საქართველოს“ წევრი: „მაცივარი უკვე ვიშოვეთ. ის ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გადმოგვცა, ვისაც ვინაობის გამხელა არ სურს. ვესაუბრები სხვა მაღაზიების მფლობელებსაც, რომ მოაწყონ მადლიანი კუთხე და ვიდრე საკვებ პროდუქტს ვარგისანობის გასვლამდე სამი დღე დარჩება, ამ კუთხეში განათავსონ“.

მაცივრის ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას მოქალაქე ნინო ბიაძე აპირებს:  „მაღაზიას, სადაც მაცივარი განთავსდება, აქვს ვიდეო თვალი. მაცივარს მეთვალყურეობას გაუწევენ მაღაზიის თანამშრომლებიც. საკმაოდ გაგვიჭირდა მაღაზიის შერჩევაც, ზოგმა მფლობელმა აარიდა თავი მაცივრის განთავსებას. პირველ დღეს მაცივარში საკვებ პროდუქტს სტუდია „მონ პარნასი“ დატოვებს“.

ნინოს ინიაციატივით თავდაპირველად სოციალური ქსელით დავით გაჩეჩილაძისთვის მიუწერია, რომელიც სახალო მოძრაობის „მადლიანი – დააპურე საქართველოს“ ხელმძღვანელია. ორგანიზაცია თავის ფეისბუქ გვერდზე ხელმოწერებს აგროვებს პეტიციისთვის, რომელიც პარლამენტში უნდა შევიდეს.

„მოვითხოვთ, რომ სუპერმარკეტებს აეკრძალოთ საკვები პროდუქტის გადაყრა და გამარტივდეს მისი ჩამოწერის მექანიზმები. საკვებს, რომლის ვარგისიანობის ვადა ერთი წელია, ჩამოიწეროს 10 დღით ადრე. სხვა პროდუქტებზეც პროპორციული მიდგომა დაწესდეს და ეს საკვები მაღაზიებმა ე.წ. მადლიან კუთხეში განათასონ. პეტიციის მიხედვით, სურსათის თითოეულმა მაღაზიამ საკუთარი ფართობის ერთი პროცენტი „მადლიან კუთხეს“ უნდა დაუთმოს. ხელმოწერები ფეისბუქში უკვე მიმდინარეობს“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით გაჩეჩილაძემ.

პეტიციისთვის სულ 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო. დავით გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პეტიციას ამ დროისთვის ხელს 3 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. ორგანიზაციამ „მადლიანი – დააპურე საქართველო“ ასევე წამოიწყო სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ერთი ულუფა საჭმელი რომელიმე მაღაზიაში და თხოვონ მის მფლობელს, ის „მადლიან კუთხეში“ განათავსოს. „აქციის მიზანია: აღარავინ გარდაიცვალოს საქართველოში შიმშილით“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: