კვირის ამბები,კვირის ამბები

ენერგო-პრო და აბონენტები

25.02.2016
ენერგო-პრო და აბონენტები

საყოფაცხოვრებო პრობლემებზე წუწუნი დიდად არ მჩვევია, მაგრამ ის, რაზეც ამჯერად მინდა გიამბოთ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ათიათასობით იმ ადამიანის პრობლემაა ან შეიძლება გახდეს, რომლებიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები არიან.

გასულ შაბათს ჩემთან, სახლში, შუქი ჩაქრა. თავიდან ჩავთვალე, რომ ქალაქში მორიგი დაზიანება იყო და შუქი მალე მოვიდოდა, მაგრამ როცა დაბინდდა და მეზობელ სახლებში ნათურები აანთეს, მივხვდი, რომ დაზიანება მხოლოდ ჩემთან იყო. შევამოწმე დამცველები სახლში, ყველაფერი რიგზე იყო, ანუ რჩებოდა შესაძლებლობა, რომ დამცველი გათიშული ყოფილიყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რკინის ყუთში, სადაც მრიცხველებია განთავსებული. ეს ყუთი ბოქლომით იკეტება, გასაღები კი მხოლოდ ენერგოკომპანიას აქვს.

გამიმართლა, რომ ერთ-ერთ მეზობელს აღმოაჩნდა ჩვენი უბნის ელექტრიკოსის პირადი ნომერი. თუმცა, სიტყვა „გამიმართლა~, ცოტა არ იყოს უადგილოა, რადგან ტელეფონზე კი მიპასუხეს, მაგრამ ენერგოკომპანიის თანამშრომელმა ამიხსნა, რომ შაბათი დასვენების დღეა, ამიტომ მოსვლას და ამომრთველის შემოწმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ მანქანით ჩავაკითხავდი ხელვაჩაურში, სადაც ის ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო დღეს შეძლებდა მოსვლას.

ამის შემდეგ უკვე ენერგოკომპანიის დისპეტჩერს დავუკავშირდი. სანუგეშო იქაც ვერაფერი მითხრეს, მომცეს კიდევ ერთი ნომერი და იქნებ იქ აგიხსნან, როგორ უნდა მოიქცეო – დამაიმედეს. ავკრიფე ახალი ნომერი, თუმცა ამაოდ – ნომერს არ პასუხობდნენ. დავრეკე ისევ სადისპეტჩეროში და ვუთხარი, რომ მრიცხველების ყუთის გატეხვას ვაპირებდი, რადგან ენერგოკომპანია ვერ ახერხებდა დახმარებას ისეთ მარტივ საკითხში, როგორიცაა ყუთის გახსნა. ამჯერად კიდევ ერთი ნომერი მომცეს, ამიხსნეს, რომ ესაა კომპანიის ინჟინერი, ბატონი გოჩა.

დავურეკე ბატონ გოჩას და თავიდან გავიმეორე მთელი ტექსტი: რომ მათი აბონენტი ვარ, ვერ ვახერხებ ყუთის გახსნას და არც მანქანა მაქვს, რომ მათ თანამშრომელს მივაკითხო. პასუხად მივიღე, რომ საკითხს გაარკვევდნენ და მართლაც, ამჯერად უკვე ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი _ ერთ საათში ენერგოკომპანიის თანმშრომლები მოვიდნენ და შუქი ჩართეს.
პირადად მე ბატონ გოჩასთან [რომლის გვარიც არ ვიცი] და სახლში მოსულ ენერგოკომპანიის თანამშრომლებთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ არ მინდა მარტივად შევხედოთ საკითხს. ყველა აბონენტი შეძლებს იპოვოს ინჟინრის ნომერი? ყველას შეხვდება ისეთი „ბატონი გოჩა~, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება?

კომპანიას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ყოველთვიურად უხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, შაბათ-კვირას, ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად მობილური ჯგუფი არ უნდა ჰყავდეს? როცა აბონენტი ელექტროენერგიის საფასურს დროულად არ იხდის, უწევს მას ვინმე ანგარიშს? თუ კი კომპანია ითხოვს გადასახადის დაუყოვნებლივ დაფარვას, აბონენტებსაც აქვთ სამართლიანი უფლება, მოითხოვონ სწრაფი მომსახურება.

თუ ეს არ შეიცვლება, მოგვიწევს ვიყოთ ენერგოკომპანიის რამდენიმე კეთილსინდისიერი თანამშრომლის იმედად. სხვათა შორის, იმ ენერგოკომპანიაზე ვსაუბრობთ, რომლის აქტივების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 650 მილიონი ევროა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: