რეკლამა

საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს

28.02.2016 •
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს

მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში!

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის მზარდი ინტერესი ბუნებრივად ზრდის საქართველოში განვითარებული მოვლენებით უცხოელი ჟურნალისტების დაინტერესებას.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ალიანსში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს მოიცავს. არსებითი პაკეტი საქართველოს 2014 წელს, ნატოს უელსის სამიტზე მიენიჭა. ნატოს არხის კორესპონდენტის, ჯეიკ ტაპმანის საქართველოში ვიზიტის მიზანიც, სწორედ SNGP-ის განხორციელების პროცესის გაშუქება იყო.

გადაღებები ბათუმის პორტით დაიწყო, სადაც 12-15 თებერვალს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ოთხმა ხომალდმა ერთობლივი სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამ ხომალდთან ერთად გამართა. ქართული და ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების წვრთნა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა.

არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნის დაწყებამდე, ბათუმს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი ეწვია. კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძეს შეხვდა.

`ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს’’, _ განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

მეტი ნატო საქართველოში –  გრძელდება. შესაბამისად, ეს აისახება ბათუმის პორტში სამხედრო გემების შემოსვლაზეც. ,,მსგავსი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია. ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება და გაიზრდება ნატოს გემების რიცხვი ჩვენს პორტებში’’, _ აღნიშნა დავით ებრალიძემ.

ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა კონტრ-ადმირალმა ჯორჯო ლაციომ ქართულ მხარეს ნატო-საქართველოს 24-წლიანი თანამშრომლობისა და სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს არხის კორესპონდენტის მიერ ასევე გაშუქდა არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, ლოგისტიკური შესაძლებლობები,  კიბერუსაფრთხოება.

უცხოელი ჟურნალისტი  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში მიმდინარე სიმულაციური სწავლებებით განსაკუთრებით დაინტერესდა.

არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით განცდილ პროგრესზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ასევე არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილე იაშ ჰოლბრუკმა ისაუბრეს.

უცხოელმა ჟურნალისტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცოდნის კვირეულზე მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა.  თინათინ ხიდაშელმა ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდული ომის მნიშვნელობასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესზე.

ჯეიკ ტაპმანი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. შარშან ზაფხულში მან  სიუჟეტი სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015-ის შესახებ მოამზადა, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ასევე იმყოფებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურვალეთში, სადაც დღემდე რუსეთის ფედერაციის მხრიდან „მცოცავი ოკუპაცია“ ხორციელდება. ზოგადად, მისი ინტერესის სფერო  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათი მოსახლეობა და მოსახლეობაში არსებული განწყობებია.

ჯეიკ ტაპმანის ამჟამინდელი ვიზიტის დაგეგმვისა და გადაღებების ლოკაციების შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი. ვიზიტის დასასრულს ჯეიკ ტაპმანმა აღნიშნა, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა ალიანსისთვის და ის ნატოს გეგმების ნაწილია. რეპორტიორის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რომლის გადაღებაც მოახერხა, მეტყველებს, რომ მეტი ნატო საქართველოში _ ფაქტია.

ჯეიკ ტაპმანს მომზადებული აქვს  რეპორტაჟები მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. 2012-2014 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში და  ნატოს ტელევიზიისთვის იღებდა ვიდეომასალებს პოლიტიკურ და სამხედრო თემებზე.

ამჟამად საქართველოში მისი ვიზიტის მიზანია, აჩვენოს უცხოურ აუდიტორიას, თუ რას გულისხმობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და რა სარგებლობა მოაქვს მას საქართველოსთვის. მის მიერ გადაღებული რეპორტაჟი  ნატოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება და, პარალელურად,  სხვადასხვა საერთშორისო მედიასაშუალებებს, მათ შორის BBC-ისა და CNN-ს დაეგზავნებათ.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ შავ ზღვას, როგორც სტრატეგიულ ზღვას არასერიოზულად უყურებდნენ. დღეს, კი ვითარება შეიცვალა.

,,თუკი, რამდენიმე წლის წინ არასერიოზულად უყურებდნენ შავ ზღვას, როგორც სტრატეგიულ ზღვას, დღეს იმავე ტონალობით, მნიშვნელობით, ხარისხით საუბრობენ შავ ზღვაზე, როგორც, მაგალითად, ბალტიის ზღვაზე… ან ხმელთაშუა ზღვაზე… შესაბამისად, შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელზეც დღეს ნატოში მიმდინარეობს შეთანხმება, ჩვენი ამოცანაა, ამ კონცეფციის, შეთანხმების, უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი გახდეს საქართველო. არა პარტნიორი, არამედ სრულფასოვანი მონაწილე’’,  –  აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა

meti sakartvelo natoshi da meti nato sakartveloshi

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
 კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი