კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

27.02.2016 • 5169
თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ  მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა.

maia chxobadze

მაია ჩხობაძე

ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას?

აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“ მოქმედებს, სადაც განსაზღვრულია თევზჭერის წესები, რა უნდა გაითვალისწინონ თევზის ჭერის დროს, როდისაა დაშვებული თევზჭერა, სად და ა.შ. ამ რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, წლის ნებისმიერ დროს, აკრძალულია სარეწაო მიზნით თევზჭერა, მხოლოდ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერაა დაშვებული.

რას ნიშნავს საორაგულე და საზუთხე მდინარეები და რას გულისხმობს სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა?

საორაგულე და საზუთხე ის მდინარეა, რომელიც შავ ზღვას უერთდება, ამ სახის მდინარე ბევრი გვაქვს, მათ შორისაა მდინარე აჭარის წყალიც თავისი შენაკადებითა და განშტოებებით. ამ ტიპის მდინარეებში დაშვებულია მხოლოდ სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა ხორციელდება ანკესით, სპირინგით ხორხი-ბადით, ჩოგან-ბადითა და სასროლი ბადით. მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგლამენტით განსაზღვრულია აღნიშნული ბადე-იაღარების პარამეტრები.

მაგალითად, შიდა წყლებზე თვით სატყუარათი ექვსზე მეტი და სატყუარათი სამზე მეტი ნემსკავის გამოყენება აკრძალულია, მდინარე აჭარისწყალზე და ყველა მის შესართავთან 300 მეტრის მანძილზე დაშვებულია #8 ნემსკავის გამოყენება, ასევე ჩოგან-ბადე და ხოლხი ბადის გამოყენება არ შეიძლება თუ მისი დიამეტრი – სიგრძე ან სიგანე 1,2 მეტრს აღემატება და ბადის თვლების ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლებია; დაუშვებელია სასროლი ბადის გამოყენება, თუ მისი დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია და თვლის ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლებია. არ შეიძლება ერთმა მოყვარულმა მეთევზემ თევზაობისას ერთდროულად ერთზე მეტი სათევზაო იარაღი გამოიყენოს.

ამ პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში რა საჯარიმო სანქცია ტარდება?

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“  დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებთან ერთად დგება გარემოზე მიყენებული ზიანის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული თევზჭერით გამოწვეული ზიანი 2000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. სისხლის სამართლის საკითხი იმ შემთხვევაშიც დგება, თუ ადამიანი ელექტროშოკური აპარატით აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილზე თევზაობს. მაქსიმალურად უნდა შეიკავოს მოსახლეობამ თავი თევზჭერის წესების დარღვევისგან. თუ ვინმე შეამჩნევს სამართალდარღვევის ფაქტს, ვთხოვთ გვაცნობონ დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერზე – 153. ზარი ყველა მობილური ოპერატორისთვის უფასოა.

ვინ ამოწმებს რამდენად კანონიერად ხდება მდინარეებზე თევზის მოპოვება? 

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. მას ჰყავს ტერიტორიული ორგანოები და აკონტროლებენ ქვეყნის მთელ ტერიტორიას.

კონტროლი ხორციელდება რისკების შეფასებითაც, სად რა ცხელი წერტილები გვაქვს. თუ არის ფაქტები დაფიქსირებული, მაგალითად, კონკრეტულ მდინარეზე, შესართავთან ან კონკრეტულ ადგილზე, დეპარტამენტის მობილური ჯგუფები პატრულირებენ. შეიძლება დეპარტამენტში შემოვიდეს შეტყობინება, როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო. ნებისმიერი შეტყობინება, მათ შორის სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მოწმდება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ჩართულობას, დროულად რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია.

სად არის ცხელი წერტილები მთიან აჭარაში მდინარე აჭარის წყალზე?

ცხელი წერტილი ცვალებადია, შესაბამისად, კონკრეტული ადგილის თქმა შეუძლებელია. ცხელი წერტილი შესაძლოა იყოს ზღვასთან საორაგულე ან საზუთხე რომელიმე მდინარის შესართავი, ან მდინარის რომელიმე ადგილი, სადაც უკანონო თევზაობის რამდენიმე ფაქტია გამოვლენილი.

სოფლის პატარა მდინარეებზე ვრცელდება თუ არა „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნები?

რა თქმა უნდა, შიდა წყალსატევებში თევზჭერაზე დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები არამხოლოდ წყლის ობიექტის, არამედ ამ მდინარეებში არსებული თევზების დაცვის მიზნითაც. როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეები, ორაგულისებრნი და ზუთხისებრნი დაცულნი არიან არა მხოლოდ საქართველოს წითელი ნუსხით, არამედ არაერთი საერთაშორისო კონვენციით. რაც შეეხება სხვა მდინარეებს, შიდა წყალსატევებში აკრძალვები იმის მიხედვით შემოდის, თუ რა ტიპის თევზია გავრცელებული და როდის არის მისი ქვირითობა. მაგალითად, მტკვარში და მდინარეთა დიდ ნაწილში პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია თევზჭერა, ფარავანში – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ა.შ.

რას ურჩევდით  მოყვარულ მეთევზეებს?

მაქსიმალურად დაიცვან თევზჭერის წესები, ეს არ არის რთული. წესების დაცვით თუ ითევზავებენ, არ შემცირდება თევზის მარაგი. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიზანი მხოლოდ დაჯარიმება არ არის, ჩვენი მიზანია მოსახლეობას ინფორმირება, გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რომ არ დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ფაქტი.

12576098_946190358810004_984736336_n

მდინარე აჭარისწყალი / ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: