კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

28.02.2016
ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას  გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს კომპანია „ვესტინვესტმა“ მერიას წერილით მიმართა და საინვესტიციო წინადადების დაზუსტება მოითხოვა. კომპანია მზად იყო  ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაერიცხა 525 000 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარი. გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კი შეთანხმებულ ვადაში უზრუნველყოფდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების აშენებას.

ინვესტორი იღებდა არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის, გასართობი ცენტრის, პარკინგისა და სარეკრეაციო ზოლის მოწყობის  ვალდებულებას. ამ ყველაფერში ინვესტორს არანაკლებ 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. რა ბედი ეწია პროექტს? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ შეკითხვის ადრესატი მერიაა. მერიაში კი განმარტეს, რომ ქონება მთავრობას გადაეცა და პასუხიც მთავრობამ უნდა გაგვცეს.

კომპანია „ვესტინვესტი“ 2011 წელს საქართველოს ორმა მოქალაქემ – ვლადიმერ წულაძემ და სლავა ჟღენტმა და რუსეთის მოქალაქემ, ლუდმილა ბელიაევამ დააფუძნეს. 2015 წელს რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა, რის შემდეგაც კომპანიის სამივე დამფუძნებელი მონაცემებიდან გაქრა. ამ დროიდან კომპანიის წილებს გიორგი გველესიანი – 33,34%, თემურ უსტიაშვილი – 33,33% და გიორგი თავდიშვილი – 33,33% ინაწილებენ. კომპანიის დირექტორად თემურ უსტიაშვილი ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: