მთავარი,სიახლეები

„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

27.02.2016 • 2216
„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია.

ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სხვა პირების შესახებ ინფორმაციას“ . უწყების დასაბუთებით, ვიდეოჩანაწერი განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას და შესაბამისად, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. „გამომდინარე აქედან, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადმოგცეთ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები“.

მუსლიმი სასულიერო პირი ჯამბულ აბულაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო შეუქმნეს პრობლემა: არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, საათობით ალოდინეს და არც აუხსნეს, რა სურდათ მისგან.

რელიგიური ლიტერატურის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს: „საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, რელიგიური შინაარსის ლიტერატურის შემოტანას განსხვავებული წესით არ არეგულირებს“.

„ბათუმელების“ კიდევ ერთ კითხვაზე, რა შემთხვევაში ერთვებიან შსს-ს წარმომადგენლები საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცესში, შემოსავლების სამსახური გვწერს: „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა ურთიერთთანაშრომლობა შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდარღვევის გამოვლენისას/გამოსავლენად, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას ან/და სხვა ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისას, სახელმწიფო ორგანოთა ურთიერთდახმარების პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: