სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა

როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ.

სამსახურებრივი გულგრილობის (სსკ, 342-ე მუხლი) ფაქტები 2014 წელთან შედარებით, 40-დან 21-მდე შემცირდა. 2015 წელს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილოებისთვის (სსკ, 337-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2014 წელს ასეთი ერთი საქმე ყოფილა, 2013 წელს – ხუთი. ანალოგიური მაჩვენებელია „კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების“ კუთხით. ამავე მონაცემებით, ქრთამის მიცემისთვის მხოლოდ ერთ საქმეზე დაწყებულა ძიება, თუმცა ქრთამის აღების მაჩვენებელი უცვლელია: 2013 წელს – 75, 2014 წელს – 56, 2015 წელს – 79 შემთხვევა დაფიქსირებულა.

ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში გაზრდილია, მაგალითად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (სსკ, 1920ე მუხლი) 2013 – 38, 2014 – 68, 2015 – 78. ზრდის მაჩვენებელია კრედიტის უკანონოდ მიღების კუთხითაც (სსკ, 208-ე მუხლი) თუკი 2013 წელს ამ მუხლით დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, 2015 წელს ეს ციფრი 67-მდე გაიზარდა. ნივთის დაზიანება ან განადგურება (187-ე მუხლი) გასულ წელს 393 იყო, 2013 წელს – 191. ეკონომიკური დანაშაულებიდან შემცირებულა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის, ფალსიფიცირებული ნივთების უკანონო გადაზიდვისა და გასაღების მაჩვენებლები.

რაც შეეხება ქონების გადამალვას, პროკურატურას ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია. 2013 წელს ამავე მუხლით 37 პირის მიმართ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა.

ავარიის შედეგად ხელვაჩაურში ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია ხელვაჩაურში
ავარია ხელვაჩაურში

გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი.

„სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია და ხვალ დილიდან აღდგება მიწოდება.

ბათუმში 29 მარტიდან გათიშული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება. გაზი ბათუმში დღეს ჩაირთო. კომპანია „სოკარი“ მოუწოდებს ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მომხმარებლებს, „განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები“.

„სოკარის“ ცხელი ხაზის ნომერი: 16 114

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო სულ 576 ადამიანი დაჯარიმდა.
 მათ შორის: 448 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 80 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომისთვის, 20 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 7 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება ხვალიდან 3 კვირით გადაიკეტება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილიდან 3 კვირის განმავლობაში გადაიკეტება თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება – ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ,,ბათუმი ცენტრალამდე“ მონაკვეთი.

ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. მილის განახლება ახალი მეთოდით – მილში შიდა გამოკვრის გზით ხორციელდება.

 

 

რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? – შეხვედრა საკრებულოში

დღეს, ბათუმის თვითმმართველობაში, ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროპარლამენტარმა, რუმინეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა (2004-2007) მონიკა მაკოვეიმ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩიპრიან ჩიუკუმ რუმინეთის მაგალითზე ისაუბრეს, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციით მიღებულ სიკეთეებზე.

“მომავალ წელს უკვე 10 წელი შესრულდება იქედან, რაც რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროის განამავლობაში ძალიან  დიდი დახმარება მიიღო რუმინეთმა ევროკავშირისგან და ეს არ არის მხოლოდ ფინანსები. ეს უპირველეს ყოვლისა არის დახმარება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე დახმარება ინნფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში.

გარდა ამ სიკეთეებისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუმინეთმა ევროკავშირისგან 40 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო . აღსანიშნავია, რომ ის დაფინანსება რაც ევროკავშირიდან მოდის ქვეყნის მიმართ, არ არის მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისკენ მიმართული. ეს ნაწილდება თვითმმართველობებზე, სოფლებზე, თემებზე… რათა ქვეყანაში განხორციელდეს განვითარებისთვის აუცილებელი პროექტები. ახლა რუმინეთი ევროკავშირთან დაფინანსების მეორე ეტაპზე გადადის, რაც ასევე დაახლოებით იგივე თანხას – 40 მილიარდ ევროსმოიცავს” – თქვა ჩიპრიან ჩიუკუმ – “მე კარგად ვიცნობ ქართულ კულტურას და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს რუმინეთსა და საქართევლოს, თუნდაც ევროკავშირზე ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობით, ასევე საზოგადოების იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და სჯერა ევროსისტემის. ასევე მსგავსებაა რელიგიური აღმსარებლობის კუთხითაც. და თუ კი რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვა ის სიკეთეები, რაზეც ვისაუბრე, ფიქრობ რომ საქართველოსთვისაც არის ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  არავითარ შემთხვევაში არ დაგვიკარგავს ჩვენი თვითმყოფადობა,  როგორც აქამდე ვიყავით რუმინელები, ახლაც ისევე რუმინელები ვართ. მინდა გითხრათ რომ ახლა ჩვენ უფრო მეტად ვგრძნობთ თავისუფლებას, უფრო მეტად ორგანიზებული გახდა ჩვენი ქვეყანა და უფრო გახსნილი“.
ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თოთმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეტაპობრივად გაიმართება.

ბათუმში ეპიდზედამხედველობის საკითხებზე მე-4 რეგიონული სამუშაო შეხვედრა ტარდება

ბათუმში, ეპიდზედამხედველობის საკითხებზე, მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრა ტარდება. შეხვედრაზე ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგის დარგში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

შეხვედრაში საქართველოს გარდა, სამი ქვეყანა – აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და უწყებათშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფით, რეგიონული თანამშროლობის გაუმჯებესება ეპიდზედამხედველობის საკითხებში.

მონაწილე ქვეყნების გარდა შეხვედრას ესწრებიან WHO (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის)-ის, FAO-ს, EAIDSNet-ს, BMJ-ს, აშშ ჯანდაცვის დეპარტამენტის და სხვა ექსპერტები. ღონისძიება ტარდება აშშ საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით.

არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

„ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

შოთა გუჯაბიძის სარეკომენდაციო საბჭოთან გათავისუფლების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა საბჭოს განახლების შესახებ განაცხადა. სააგენტოს ხელმძღვანელი პროფესიონალებს სამთავრობო სტრუქტურებში [ბათუმის მერია, თვითმმართველობა, აჭარის ფინანსთა სამინისტრო] და ბათუმში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ეძებს. სააგენტომ უკვე მიმართა ამ ორგანიზაციებს თხოვნით, გაუწიონ რეკომენდაცია არქიტექტორებს, ინჟინრებს, არქეოლოგებს, კონსტრუქტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, გეოლოგებს და ა.შ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა წერილით, სააგენტოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად სარეკომენდაციო საბჭოს წევრის სტატუსი შეუნარჩუნდეს შოთა გუჯაბიძეს.

მომავალ კვირაში სააგენტო აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმავს შეხვედრას კონსულტაციებისთვის.

შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის.

ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს

კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს.

ინდმეწარმე მერაბ ბერაძემ (შემდგომში კოოპერატივი რ.კ ქაქუთი) ხელისუფლებასთან ვალდებულებები 2013 წელს, მას შემდეგ აიღო, როცა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ციტრუსის შემფუთავი საწარმოების აღდგენის ინიციატივის შესახებ. აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამხარისხებელი და ტარის მწარმოებელი საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ლარის ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად და გარკვეული ვალდებულებებით საკუთრებაში კერძო პირებს გადასცეს. მათ შორის იყო ინდმეწარმე მერაბ ბერაძეც.

1300კვ/მდე შენობა-ნაგებობა და 7000 კვ/მ მიწა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში აჭარის მთავრობამ ინდმეწარმე მერაბ ბერაძეს – 1 ლარად, შენობაში ციტრუსის შემფუთავი საწარმოს გახსნის პირობით გადასცა. მთავრობასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის პირველ ნოემბრამდე მას არანაკლებ 1 ტონა/საათში წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო უნდა აემოქმედებინა; 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობაზე სახურავის გამაგრება-შეკეთება, ხოლო 2015 წლის ოქტომბრამდე შენობის კეთილმოწყობითი სამუშაოები უნდა დაესრულებინა. 2013 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს საკუთარებაში უნდა ჰქონდა ელექტროსასწორი, პნევმატური ურიკა და ორი ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ხოლო 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე – სატვირთო ავტომანქანები. მთლიანობაში კი ქონების ახალ მეპატრონეს 114 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება დაეკისრა.

„რ/კ ქაქუთის“ მეპატრონე მერაბ ბერაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და 114 000 ლარის ნაცვლად 130 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის ამბობს, რომ ამას დოკუმენტებითაც დაადასტურებს. თუმცა, აჭარის მთავრობასთან პრობლემები მაინც აქვს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ის მთავრობამ დოკუმენტების წარდგენის დაგვიანების გამო 16 500 ლარით დააჯარიმა და საწარმო ჩამოართვა.

მერაბ ბერაძე
მერაბ ბერაძე
მერაბ ბერაძე მიიჩნევს, რომ მას ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა და არ უნდა დაეჯარიმებინათ. ამიტომ მან პრობლემის შესახებ ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – არჩილ ხაბაძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მისწერა და დახმარება სთხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქმეში გარკვევა ბიზნესომბუდსმენს დაავალა. რომელმაც თავის მხრივ „რ.კ ქაქუთის“ მთავრობასთან პრობლემების გასარკვევად აჭარაში თავისი წარმომადგენელი ოთარ რიკაძე მიავლინა. მერაბ ბერაძის ინფორმაციით, ოთარ რიკაძე მას აიმედებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემები აღარ ექნებოდა.

თავად ოთარ რიკაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.

ამის შემდეგ მერაბ ბერაძე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე მიიწვიეს. იქ მან ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. „პრემიერს ჩემი საქმე შევახსენე. მან არჩილ ხაბაძეს გახედა და ჰკითხა, იცით თუ არა რაშია საქმეო“, – იხსენებს ბერაძე.

„ჰილტონში“ შეხვედრის შემდეგ მერაბ ბერაძეს უთხრეს, რომ აღარ აჯარიმებდნენ, პრობლემები მოგვარებული იყო და მალე მისცემდნენ ვალდებულების შესრულების დადასტურების დოკუმენტს. თუმცა, ასე არ მოხდა. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში დაიბარეს და აუხსნეს, რომ ჯარიმის ათი პროცენტი მაინც უნდა გადაეხადა: „მითხრეს, ასეთი წესია, ეს საურავიაო. მინისტრის პირველ მოადგილესაც შევხვდი. მისგან მივიღე პირობა, რომ თუ ამ თანხას გადავიხდიდი, მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებდი და პრობლემები აღარ მექნებოდა“.

მერაბ ბერაძემ დაკისრებული თანხა 2016 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. რის შემდეგაც მას უნდა მიეღო სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების დოკუმენტი. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში ისევ დაიბარეს:

„დამირეკა სამინისტროს თანამშრომელმა არჩილ ბერიძემ. მე ვუთხარი – ხომ შევასრულე უკვე, რაზეც მინისტრის მოადგილეს შევუთანხმდი-მეთქი. მითხრა, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ გეტყით, შეიძლება ქონება ჩამოგართვათ ან ჯარიმა გაგიცოცხლოთო. სამინისტროში არჩილ ბერიძემ ამომიბეჭდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მე დავარღვიე და მაპატიეს.მე არაფერი დამირღვევია, რა მაპატიეს? – შევშინდი. ეს ხაფანგი ხომ არ არის და ჩემთვის ქონების წართმევა უნდათ-მეთქი. რადგან ვიცი, ამ ქონებით ერთი პირია დაინტერესებული“.

მერაბ ბერაძემ „ბათუმელებს“ აჩვენა მინისტრ დავით ბალაძის სახელზე შედგენილი განცხადება, რომელზე ხელმოწერასაც მას სამინისტროს თანამშრომელი არჩილ ბერიძე სთხოვდა. „…ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისთვის დარიცხული ჯარიმის 10% გადახდილი იქნა 2015 წლის 18 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დარჩენილი ჯარიმებისგან გამათავისუფლოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმ ლოგიკით, რომ ამ განცხადების ხელმოწერა ნაკისრი ვალდებულებების ვერ შესრულების აღიარებას ნიშნავდა, მერაბ ბერაძემ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

კოოპერატივ „კ.მ ქაქუთთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელებთან“ საუბარი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ისურვეს. სამინისტროს პრესსამსახურისგან მივიღეთ მოკლე ანოტაცია, სადაც ნათქვამია, რომ მერაბ ბერაძემ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები დაგვიანებით შეასრულა:

„მყიდველის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაგვიანებით იქნა შესრულებული, რაზეც კოოპერატივ „ქაქუთს“ დაერიცხა ჯარიმა – ჯამში 16 512 ლარი. ხოლო აჭარის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის (N10) ოქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია მყიდველი გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმებისაგან, გარდა დარიცხული ჯარიმის 10%-სა (1651,2 ლარი), რომელიც მყიდველმა გადაიხადა 2016 წლის 18 თებერვალს“.

ეკონომიკურ საბჭოს, რომელიც კონტრაქტორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის დავებს განიხილავს, არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს.

„ბათუმელებთან“ 2013 წლის ნოემბერში კოოპერატივებზე მომზადებულ სტატიაში „რ.კ ქაქუთის“ ბუღალტერი ბესო ცეცხლაძე ამბობდა, რომ კოოპერატივმა 16 000 ლარად ღირებული დანადგარი კომპანიას ვალდებულებების ნაწილში მხოლოდ იმიტომ არ ჩაუთვალა, რომ კომპანიამ ერთი დღის დაგვიანებით შეისყიდა ის. „უკვე მივმართეთ მთავრობის თავმჯდომარეს და მისგან გვაქვს კეთილი ნება, რომ ხელშეკრულების პირობას შეგვიცვლიან“.

კითხვაზე – ჯარიმის 10% გადახდის შემდეგ დასრულდა თუ არა მერაბ ბერაძის ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოსთან? – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში `ბათუმელებს~ უპასუხეს: „დიახ, დასრულდა. მას ახლა დარჩა ვალდებულება, რომ ეს პროფილი ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს და დასაქმებული ჰყავდეს არანაკლებ ხუთი მოქალაქე“.

კიდევ ერთი დეტალი: მერაბ ბერაძემ ჯარიმით გათვალისწინებული თანხა 2015 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. „ბათუმელებმა“ კი საჯარო ინფორმაცია მიიღო 17 მარტს, სადაც წერია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „რ.კ ქაქუთთან“ ხელშეკრულების მოშლის ან საინვესტიციო წინადადების შეცვლის საკითხი უნდა განიხილოს.

2013 წლის აგვისტოში არჩილ ხაბაძემ მერაბ ბერაძესთან ერთად 11 პირს გადასცა ქობულეთსა და ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთები 1 ლარად: პირველ ნოემბრამდე მათ უნდა მოეწყოთ მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. 2013 წლის ნოემბრისთვის რამდენიმე მესაკუთრემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პირობები ვერ შეასრულა.

2013 წლსი 21 ნოემბერს გამოკითხული ექვსი მეწარმიდან „ბათუმელებს“ მხოლოდ ორმა დაუდასტურა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის სრულად შესრულება. ერთ-ერთი მათგანი შპს „გუდგუდის“ მფლობელი მურთაზ მიქელაძეა, ხოლო მეორე -შპს – „მანიაკეთი“.

შპს „მანიაკეთთან“ ამ დროისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში აქვს დავა პირგასამტეხლოს ამოღებაზე, პრობლემები აქვს შპს „გუდგუდსაც“.

ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება

ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება.

ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე საუბრის დროს პოლიტიკოსების კიდევ ერთი არგუმენტი ბიუჯეტის დაზოგვაა. „უმაღლესი საბჭო იმდენ ფულს ხარჯავს საკუთარ კომფორტზე, ეს ძალიან სასაცილოა“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია საერთო პოლიტიკურ თანხმობას ამ საკითხზე.

უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტში უკვე დევს 3 მილიონ 200 ათასი ლარი. ეს ფული სრულად იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუკი უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას პარლამენტთან ერთად არ ავირჩევთ. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მიიღოს, მაგრამ 2008 წლიდან არჩევნები ერთდროულად ტარდება და კანონიც, ორივე საკანონმდებლო ორგანოს, ოთხწლიანი ინტერვალით არჩევას ითვალისწინებს.

„არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში, გამოყოფილი თანხის დაახლოებით 70 პროცენტი დაიზოგება“, – გვითხრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ. ის წინა, 2012 წელს ჩატარებული არჩევნების ციფრებს ეყრდნობა. მაშინ გამოყოფილი 2 მილიონ 800 ათასიდან, დაახლოებით 890 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ასე ერთად ტარდებოდა აქამდეც და არ ყოფილა პრობლემა, ახლა რატომ უნდა იყოს?“ – კითხვითვე გვიპასუხა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მისთვის არჩევნების ერთდროულად ჩატარება სრულიად მისაღებია: „ერთი ხარჯია და უმჯობესია ერთად. ამას გარდა, მოსახლეობას ნაკლებად ვაწუხებთ. ისედაც ბევრი არჩევნებია, ხან საპრეზიდენტო არჩევნებია, ხან – თვითმმართველობის. ჩრდილში რატომ ვექცევით?“

დეპუტატი პრობლემას მხოლოდ იმ კუთხით ხედავს, რომ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი გაერთიანდა, რამაც კანდიდატის შერჩევა გაართულა. „ეს რთული იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რადგან რამდენიმე რაიონიდან უნდა შეარჩიო ერთი ყველასთვის მისაღები კანდიდატი პარლამენტისთვის და ერთიც – უმაღლესი საბჭოსთვის“, – განმარტავს ალექსანდრე ჩიტიშვილი.

ჩიტიშვილის მსგავსად, „ერთ ხარჯზე“ აკეთებს აქცენტს თემურ კახიძეც „თავისუფალი დემოკრატებიდან“: „დამიჯერეთ, არაფერს აზიანებს ეს. პირიქით, ეკონომია ხდება. პარლამენტისა და ცენტრალურის გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებ. ამის გამიჯვნაც ხდება, როცა ორი კანდიდატი ჰყავს პოლიტიკურ ძალას. ორივე საერთო პრობლემაზე ესაუბრება მოსახლეობას“.

დეპუტატი დაეთანხმა „ბათუმელებს“ იმაში, რომ არჩევნების შემდეგ, ხშირად, ამომრჩეველმა საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. „თუმცა, ცალ-ცალკე რომ ჩავატაროთ, მით უმეტეს, აღარ ემახსოვრებათ“, – გვარწმუნებს დეპუტატი.

პრობლემას ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავენ. პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარება ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის დროს დაიწყო. „წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ სირთულეს ერთდროულად ჩატარება არ ქმნის. ის არჩევნები შედგა“, – უთხრა „ბათუმელებს~ ეკა თარგამაძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსები იზოგება და პოლიტიკურ აქტივობას ეს არ აზარალებს, თუკი პოლიტიკური ძალა მობილიზებული იქნება და იგი ამომრჩევლის სათანადოდ ინფორმირებას შეძლებს.

იგივე პოზიცია აქვთ უმაღლეს საბჭოს გარეთ მყოფ „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციაში“. „ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ამდენი არჩევნები ცალ-ცალკე ატაროს“, – გვითხრა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის აქტივისტმა, დიმიტრი ჭეიშვილმა. მას შემდეგ, რაც მას პოლიტიკურად მეტი აქტივობის შესაძლებლობაზე ვკითხეთ, ჭეიშვილმა გვითხრა, რომ მეტი ფინანსების მოძიება უნდა შეძლოს უმაღლესმა საბჭომ, რომ არჩევნების ცალკე ჩასატარებლად თანხის გამოყოფამ კითხვები არ გააჩინოს.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია არ გამორიცხავს ახალი „ავთანდილ ბერიძის“ მოხვედრას უმაღლეს საბჭოში: „პოლიტიკოსები ასე საუბრობენ, რადგან მათ სურთ დაზოგონ პარტიის ფინანსები, ადამიანური რესურსები. ისინი უარს ამბობენ ცალ-ცალკე გაშლილ პოლიტიკურ კამპანიებზე, რადგან რესურსებს რომ თავი დავანებოთ, ამას სულ ცოტა პოლიტიკის სიყვარული სჭირდება. ჩვენთან არავის უნდა თანამდებობა იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესი უყვარს. ჩვენთან უყვართ ის პრივილეგიები, რასაც თანამდებობა აძლევს მათ. როცა პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ მზაობა აქტიური პოლიტიკური კამპანია ჰქონდეთ, არაა გამორიცხული ისევ მივიღოთ „ავთანდილ ბერიძე“, რომელიც ჩემთვის ძალიან კომიკური ფიგურაა. ისევ იგივე მოცემულობა იქნება, როცა ლიდერია გადამწყვეტი. რეგიონში დაელოდებიან, როდის ჩავა მათთან ლიდერი და ასე შემდეგ.

ამ რეალობაში არ უნდა ველოდოთ კითხვების გააქტიურებას და პოლიტიკოსების პასუხებს, რომელიც ანგარიშვალდებულებით იქნება ნაკარნახევი. ისევ იქნება იმის პირობა, რომ შესაძლოა ადამიანის სექსუალური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის, თუ როგორ აპირებს პირი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მიხედოს, მაგალითად, ეკონომიკას. საბოლოო ჯამში დაზარალდება ამომრჩეველი, რომელსაც გაქცევით რაღაცას დაჰპირდებიან“.

„ქვეყანაში პროგრამებით არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. არჩევნები მთელი სისტემაა, ფინანსები სჭირდება ამას“, – ამბობს თემურ კახიძე. რატომ არ არის არჩევნების ცალკე ჩატარება იმის საშუალება, რომ კონკრეტულ პრობლემებზე მეტი აქცენტირება მოახერხოს პოლიტიკურმა ძალამ, გაასაჯაროვოს ფაქტები და აქტიური პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად გახადოს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას კახიძემ ასე უპასუხა: „შალვა ნათელაშვილი 24 საათი ლაპარაკობს, მაგრამ შედეგი? ამომრჩეველი არ არის მზად“.

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ კარგია, როცა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ის პოლიტიკური ძალა მოდის, ვინც ამომრჩევლის ნდობას იმსახურებს.

„პირიქით, ეს ცუდია. სინონიმური არ უნდა იყოს ეს ორი არჩევნები“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რა თქმა უნდა, არის მთლიანი პოლიტიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ ეს არჩევნები არის იმის საშუალება, რომ გაძლიერდეს პოლიტიკური პროცესი. ერთდროულად ჩატარება კიდევ უფრო დუნეს ხდის პოლიტიკურ აქტივობებს რეგიონში. არჩევნების ერთდროულად ჩატარებით აჭარის პოლიტიკური ცხოვრება პირდაპირ სუბორდინირებული ხდება ეროვნულ პარტიულ პოლიტიკასთან, რაც უკვე არასწორია“.

ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება

როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, პირველი აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება აღდგება.

„პირველ აპრილს დილის 8 საათისთვის მთლიანად აღდგება გაზის მიწოდება ქალაქ ბათუმში; ამავე დღის დილის 10 საათისთვის გაზის მიწოდება აღუდგება ქობულეთს, ხოლო ხელვაჩაურის მიმართულებით გაზის მიწოდების აღდგენა დაგეგმილია ასევე პირველ აპრილს, თუმცა შეფერხების შემთხვევაში, მიწოდება 2 აპრილს აღდგება“ – განაცხადეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე.

კომპანია მოუწოდებს ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მომხმარებლებს, „განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები“.

აჭარაში გაზის მიწოდება 29 მარტს შეწყდა.

ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერისტეტში შეიარაღებული პირი დააფიქსირეს [ვიდეო]

30 მარტს, 14:00-15:00 საათამდე შუალედში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში ორი შეიარაღებული პირი დააფიქსირეს.

„უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და როცა „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მანქანიდან ორი პირი ჩამოვიდა, ერთს [ზედატანზე] პოლიცია ეწერა, მეორე პირი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. რომელსაც პოლიცია ეწერა, იმ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ქამარზე. ორივე შენობაში ავიდნენ, რადგანაც იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების საკითხზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და ეს საკითხი ე.წ. უსამხილო ბრალდებად იყო ქცეული, კიბეებზე ვიდეო გადავიღე“, – ამბობს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ზურა მელიქაძე.

სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხზე უნივერსიტეტის პრორექტორს ინგა შამილიშვილს მიმართეს, რომელმაც მათ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ამ დროს უნივერსიტეტში ტარდებოდა „ნატოსთან“ დაკავშირებული ღონისძიება და აღნიშნული პირები შესაძლოა იქ იმყოფებოდნენ, ხოლო შემდეგ დასძინა, რომ უნივერსიტეტში „მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა“.

31 მარტს, სტუდენტებმა უკვე განცხადებით მიმართეს უნივერსიტეტის კანცლერს აღნიშნული ფაქტის მოკვლევისა და რეაგირების მოთხოვნით. განცხადებაში ასევე ითხოვდნენ, აღნიშნული პირების უნივერსიტეტში იარაღით გადაადგილების მიზეზების დასახელებას.

12939563_990845477672494_1257998707_n

„ბათუმელები“ დაუკავშირდა  ბსუ-ს კანცლერს, ჯემალ ანანიძეს. მისი თქმით განცხადება მან იურიდიულ დეპარტამენტს გადააწერა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ჯემალ ანანიძის თქმით, უნივერისტეტის შინაგანაწესის მიხედვით, იარაღით შესვლა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ეკრძალება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის უნივერსიტეტს არ აქვს ამკრძალავი წესი.

„დაცვის თანამშრომლებმა, ზეპირსიტყვიერად დამიდასტურეს, რომ იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, გარკვეულ საქმეზე მოვიდნენ და მალევე დაბრუნდნენ. ამიტომ ვინმე ვინმეს შეხვედროდა, რაიმე ზეწოლა ყოფილიყო, ან შენობაში შესულიყვნენ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბარში ჯემალ ანანიძემ, უნივერსიტეტის კანცლერმა.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დღეს შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიწეროს რეგულაციები: „ჩვენი ტიპის დაწესებულებებში რა როგორ უნდა მოხდეს, ვისი შესვლა შეიძლება და რა შემთხვევაში უნდა შევიდეს, ვინ უნდა გააფრთხილოს [შესვლისას]… ალბათ იმ კვირაში ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯერებული ვარიანტი, ზოგადად სამომავლოდ ასეთი შემთხვევა პრობლემურად უნდა განვიხილოთ თუ არა“, – ამბობს კანცლერი.

ამავე თემაზე:

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში

„ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას ჩათვალა. ამ საქმეზე ადვოკატმა შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, რომლითაც აშკარად გამოჩნდა მოწმე პოლიციელების სიცრუე.

შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკების უკანონო მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. სასამართლოს ჩვენება შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ მისცეს. მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს და მათ დამხმარე ძალა არ დასჭირვებიათ. შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან კი ჩანს, რომ შალვა ქორიძე სპეციალური რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამ პოლიციელების საქმის შესწავლას არ აპირებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს მაშინ მოხდება, თუკი მოსამართლე პოლიციელების ჩვენებას ცრუ ჩვენების კვალიფიკაციის სტატუსს მიანიჭებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატ ედიშერ მახარაძეს მიაჩნია, რომ მოსამართლემ შესაძლოა პირდაპირ გადაწყვეტილებაში არ ჩაწეროს „ცრუ ჩვენება“: „ასეთი კვალიფიკაციის მინიჭება სასამართლოს შეუძლია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, არსებითად პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებელია, სიცრუეა, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და პროკურატურამ უნდა დაიწყოს ძიება. ბუნებრივია, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ.“

უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტების აქცია თვითმმართველობების წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე კვირას გაგრძელდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ თვითმმართველობის პრივილეგიებსა და ითხოვდნენ მათთვის დაფინანსების შეწყვეტას. აქციების დროს ითქვა ისიც, რომ საერთოდ გაუქმდეს თვითმმართველობა. როგორი უნდა იყოს რეალურად თვითმმართველობა და მოაგვარებს თუ არა სტუდენტურ პრობლემებს თვითმმართველობის გაუქმება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

ბატონო სიმონ, თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში დღეს არსებობს, რამდენად უწყობს ხელს სტუდენტის განვითარებას, რეალიზაციას?

სტუდენტური თვითმმართველობა ახალი არ არის საქართველოში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემოვიდა უნივერსიტეტებში, მაგრამ 2005 წლიდან ახალი ეტაპი დაიწყო –  კანონით გახდა სავალდებულო და მათ გარკვეული უფლებებიც მიეცათ უნივერსიტეტის მართვაში.

 რატომ გაჩნდა თვითმმართველობების საჭიროება?

ცვლილება მოხდა მაშინ, როცა უნივერსიტეტებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტი ჯგუფი ჩართულიყო უნივერსიტეტის მართვაში, ეკონტროლებინა ფინანსების ხარჯვა. მეორე პრობლემა იყო ის, რომ საუნივერსიტეტო ელიტა იღებდა გადაწყვეტილებას და სტუდენტებს არ რთავდა ამაში. თვითმმართველობის ფუნქცია საგანმანათლებლოს გარდა ისიც იყო, რომ სტუდენტებს ესწავლათ, როგორ ჩაატარონ არჩევნები, როგორ უნდა მოახერხონ თვითორგანიზება, როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენა და ა.შ.

დღეს სტუდენტები საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობამ მიიღო ბიუროკრატიული სახე და გახდა შემაფერხებელი მათი იდეების განხორციელებისთვის. ამაზე რას ფიქრობთ?

რამდენიმე პრობლემა გაჩნდა ერთდროულად. პირველი პრობლემა იყო ის, რომ წინა სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ჩარეულიყო თვითმმართველობის ფუნქციონირებაში, ვთქვათ, ხელმძღვანელების არჩევაში, დანიშვნაში… თვითმმართველობა გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. თსუ-ს თვითმმართველობა მიბმული იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის შეკვეთებს ასრულებდა. მსგავსი მცდელობები იყო სხვა უნივერსიტეტებშიც, მაგრამ თსუ-ში ეს მძაფრად იგრძნობოდა: რაღაც პერიოდში ადმინისტრაციაც კი უწევდა ანგარიშს თვითმმართველობას, რადგან ისინი ელაპარაკებოდნენ პარტიის და არა სტუდენტების სახელით. ისინი შლიდნენ უნივერსიტეტში არასასურველი პოლიტიკური მიმართულების ღონისძიებებს, მაგალითად, რაღაც საგამოძიებო ფილმის ჩვენება, რომელიც არ მოსწონდა ხელისუფლებას, ჩაშალეს და შუქიც კი გამორთეს შენობაში.

თვითმმართველობის პოლიტიზებაზე საუბარი იყო ბათუმის უნივერსიტეტშიც, მაგალითად, ერთ-ერთი თავმჯდომარე 2007 წლის 8 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტების დარბევის ფაქტსაც კი უარყოფდა, პირველ ეტაპზე. თბილისში აქციების დროს გამოჩნდა პლაკატები – თვითმმართველობა შეადარეს კომკავშირს. თქვენში რა ასოციაციებს იწვევს დღევანდელი თვითმმართველობა?

პრინციპი იგივეა. პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ ჯგუფი, რომელიც მიდრეკილია უკმაყოფილებისკენ, აკონტროლოს. ახლანდელი თვითმმართველობები შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ხელისუფლებასთან და მათ ინტერესს ატარებდნენ, მაგრამ ეს ისე მკაფიოდ აღარ ჩანს, როგორც წინა ხელისუფლების დროს ჩანდა. მაშინ თვითმმართველობის ხელმძღვანელები იკრიბებოდნენ პრეზიდენტთან და იქ მსჯელობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ უნივერსიტეტებში და იღებდნენ პარტიის აქციებში მონაწილეობას. დღეს ასეთი ორგანიზებული ფორმა არ აქვს ამას, რადგან ხელისუფლებაში არის ბევრი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან.

ბათუმის უნივერსიტეტის ბიუჯეტის თითქმის ერთ პროცენტამდე ყოველწლიურად მიდის თვითმმართველობის ბიუჯეტში. უცხოური გამოცდილება როგორია ამ მხრივ. როგორც ვიცით, იქ უფრო კლუბური სისტემა მოქმედებს და კონკრეტულ პროექტებს აფინანსებენ.

სტრუქტურული პრობლემები არ არის ცალკე, მოწყვეტილი იმ კულტურას, რომელშიც სტრუქტურები ინერგება. დასავლეთში შეიძლება ზუსტად იმავე სტრუქტურის მქონე თვითმმართველობა სხვანაირად მუშაობდეს. ამერიკულ უნივერსიტეტებშიც არის გამოცდილება, რომ თვითმმართველობას შეიძლება ჰქონდეს ბიუჯეტი. ზოგადად, სამართლიანია, როცა სტუდენტებს შეუძლიათ გარკვეული თანხის ათვისება, რადგან უნივერსიტეტის ძირითადი დამფინანსებლები სწორედ ისინი არიან.

საპროტესტო აქციების დროს ითქვა, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს თვითმმართველობები უნივერსიტეტებში. რამდენად შესაძლებელია ეს, თუ არსებულის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს?

საუნივერსიტეტო კლუბების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბები ვერ იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სტუდენტების ინტერესს დაიცავს. თუ სტუდენტებს უნდათ, რომ, ვთქვათ, გადასახადი იყოს ნაკლები, ეს უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობამ, გადასახადის დამკლებთა კლუბს ხომ არ გააკეთებ. ზოგჯერ ამბობენ, რომ, რადგან სტუდენტებს აქვთ თანხა, ეს რყვნის მათ, – პრივილეგიასა და საშუალებას აძლევს საკუთარ თავს მოახმარონ ის. არა მგონია, აქ თანხის პრობლემა იყოს, ეს არის გაუმჭვირვალე პროცედურებისა და სტუდენტების ნაკლებად აქტიურობის შედეგი. ეს იმას ჰგავს, რომ, ვთქვათ, მთავრობა ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და მოდი, საერთოდ გავაუქმოთო. თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში.

 როგორ უნდა გახდეს ეს სისტემა უფრო მოქნილი და სტუდენტებზე ორიენტირებული?

შესაძლებელია თვითმმართველობების სიმრავლე ფაკულტეტების მიხედვით, უფრო მცირე ჯგუფებმა რომ განიხილონ. მაგალითად, სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს თუ უნდათ, რომ ჩაატარონ კვლევა, ამაში უნდა ეხმარებოდეს მათ მიერ არჩეული თვითმმართველობა, ხოლო საერთო თვითმმართველობა იქნებოდა უფრო დიდი ფორუმი, საუნივერსიტეტო პრობლემებზე სამსჯელოდ. მკაფიოდ უნდა გაიწეროს, თუ რაში უნდა დახარჯონ ფული და რაში – არა. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის წევრების ხშირი როტაცია. კლუბების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ თვითმმართველობაში, ასევე მაჟორიტარული სისტემაც შეიძლება არსებობდეს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა მოდელი შეიძლება, მაგრამ თვითმმართველობის მოდელზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ იქნება ნაკლები დემოკრატია და არა მეტი.

 ბათუმში რექტორის დონეზე ითქვა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. თქვენ ხედავთ ამ საჭიროებას? – კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს კანონში?

საკანონმდებლო ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ჩათვლის უნივერსიტეტი, რომ მას აღარ უნდა თვითმმართველობა და გადაწყვეტს, რომ ეს სტრუქტურა გააუქმოს. სხვა შემთხვევაში ნაკლები პრობლემაა, რადგან უნივერსიტეტს შეუძლია საკუთარი მოდელი შეიმუშაოს, რომელიც პრობლემების უკეთ გადაჭრას უზრუნველყოფს. სხვა დანარჩენი იქნება მხოლოდ ემოციური საუბარი.

ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ იდაყვის ძვლის მოტეხილობა. თაბაშირი უკვე გაუკეთდა, ჭრილობები დამუშავდა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ.

ნაჯახით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დილით, 08 საათსა და 15 წუთზე მიიყვანეს. დაჭრილმა ექიმებს უთხრა, რომ მას ყოფილი ქმარი სახლში მიუვარდა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი ბათუმში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ასევე დაკავებულია პირი, ვინც სავარაუდოდ ქალს ჭრილობები მიაყენა.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაკავებულია ერთი ბრალდებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული სრულწლოვანია და ის ადრე ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ

პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, მე არც თვითდაზიანება მიმიყენებია და არც დავმუქრებულვარ თვითდაზიანების მიყენებით… 26 მარტს ღამე გავხდი ძალიან ცუდათ, შევწყვიტე შიმშილობა. არ გადამიყვანეს საცხოვრებელ საკანში, ხოლო სიტყვიერად შემომითვალა რეჟიმის უფროსმა დათო შატაკიშვილმა უსაფრთხოების მიზნით არისო… 27 მარტს ბრიტვაც მქონდა და სარკეც, მაგრამ საჩივრების გულისთვის მაწამებს. 28 მარტს ისევ დავიწყე მშრალი შიმშილობა, ძალიან ცუდათ ვარ, მაგრამ ვიშიმშილებ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ,“ – წერს პატიმარი.

პატიმრის შიმშილობის ფაქტი დაგვიდასტურეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. „დროდადრო შიმშილობს, შეწყვეტს, მერე ისევ იწყებს. ამ დროისთვის არ შიმშილობს. „ანტივანდალურ საკანში“ მისივე უსაფრთხოების გამო გადაიყვანეს“ – გვითხრეს უწყების პრესსამსახურში, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, რის საფუძველზე ჩათვალა საჭიროდ ციხის ადმინისტრაციამ, რომ პატიმარი ზიანს მიაყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას.

პატიმარი კახა მეცხვარიშვილი 28 მარტს მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა: „პატიმარი შიმშილობდა და ის იყო მოთავსებული უსაფრთხოების საკანში. როგორც დაწესებულების ადმინისტრაციამ განგვიმარტა, პატიმარი იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებით. ვსწავლობთ ამ საქმეს, მათ შორის, რამდენად კანონიერად მოათავსეს პატიმარი ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“- უთხრა „ბათუმელებს“ ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

კახა მეცხვარიშვილს „ბათუმელებისთვის“ არაერთხელ მოუწერია. რამდენიმე დღის წინ მეცხვარიშვილი გვატყობინებდა, რომ მძიმე დაავადებები აქვს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვიპასუხა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება პაციენტს და მან მადლობის წერილიც კი გაუგზავნა ციხის ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტს.

კახა მეცხვარიშვილის საქმეს სწავლობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ეს ორგანიზაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ელოდება წერილს, საიდანაც უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.

რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ

31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა.

რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით [ქურდობა].

„ქედის ცენტრიდან გატაცებულ იქნა ავტომანქანა, რომელიც შემდგომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში გაძარცვული იპოვეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მოქმედებენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც თავაღებული ძარცვავენ და იტაცებენ სახლებსა და ავტომანქანებს, პოლიცია კი უძლურია, ვერაფერს ვერ აკეთებს და ამ ფაქტებიდან არცერთი არ არის გახსნილი”, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

რაულ თავართქილაძემ შს მინისტრს მიმართა ინიციატივით შეიქმნას ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს და გამოავლენს აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენ პირებს.

რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი

ანგისას დასახლებაში  ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან.

ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ კანონიერად შეძენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ეკლესიამ მიისაკუთრა. გარდა ამისა, მის ოჯახს ეკლესიის მშენებლობის ხელმძღვანელი, მამია კომახიძე ემუქრებოდა, რომელიც ეკლესიის მშენებლობაზე მორჩენილი, ასევე შეწირული მასალის შესყიდვას აიძულებდა.

მშენებარე ტაძარში „ბათუმელებს“ მხოლოდ მეჩუქურთმე დახვდა. გვითხრა, რომ კურთხევა არ აქვს ჟურნალისტებთან ისაუბროს. მშენებარე ტაძრის შენობაზე გამოკრულ ტელეფონის ნომერზე კი, მამუკა კომახიძემ გვიპასუხა. „კვირას გვექნება პარაკლისი, რომელსაც დაესწრება ორივე მხარე და სხვა სასულიერო პირებიც. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ. იქ გაჟღერდება ჩვენი პოზიცია და გაირკვევა ყველაფერი, მანამდე ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა მამუკა კომახიძემ და დასძინა, რომ მისი სტატუსი ასეთია – ეკლესიის აღმშენებელი.

ნარგიზ ბაირამ კიზის ინფორმაციით, ამ შეხვედრის თაობაზე მას არავინ დაკავშირებია.

DSCN8671ეკლესიის მეზობლად მცხოვრებლებმა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი „ბათუმელებთან“ არ გააკეთეს. პირად საუბრებში კი დაგვიდასტურეს, რომ საზიარო კედლები ნამდვილად ეკლესიამ ააგო, მათ შორის, ისიც, რომელიც ეკლესიას არ ესაზღვრება და ამაში ფული ნარგიზა ბაირამ კიზიმ გადაიხადა. ორივე კედელი დანგრეულია. ბაირამ კიზის ოჯახი რეესტრში მიწის ხელახლა დაზუსტებას და შემდეგ სახლის პროექტის შეცვლას აპირებს. სადავო, საზიარო კედელთან დაკავშირებით, „ბათუმელებთან“ ნარგიზა ბაირამ კიზი  ამბობს:

„მიწის ნაკვეთი 2010 წელს შევიძინე დალი დიასამიძისგან. ერთ დღეს მივედით და ჩემს მიწაზე თხილის ნარგავები აღარ დაგვხდა. მოსწორებული იყო ირგვლივ ყველაფერი. მაშინ გავიცანი მამუკა კომახიძე. მითხრა, რომ ეკლესიის მშენებლობა იწყებოდა, თვითონ ხელმძღვანელი იყო და აღარ მითქვამს არაფერი. პირიქით, მამუკას დავუმეგობრდი, მიხაროდა, გვერდით ეკლესია რომ აშენდება, სიწყნარე და წესრიგი იქნება-მეთქი. მერე მამუკამ შეხვედრა მთხოვა და მითხრა, საზიარო ღობე იქნებ ავაშენოთ, ჩვენ-ჩვენი ვიცოდეთო [ბაირამ კიზის და ეკლესიას მხოლოდ ერთი მხარე აქვთ საზიარო]. შემომთავაზა, ჩვენ ავაშენებთ ბეტონის კედლებს თუ ფულს გადაიხდით, ტაძრის მშენებლები მაინც აქ არიანო. იმისთვის, რომ ეკლესიის შესასვლელი ფართო გამოსულიყო, დავთანხმდი, 30 სანტიმეტრი შემოიწიეთ ჩემს მიწაზე-მეთქი. მამუკამ მითხრა სახლის მეორე მხარესაც ჩვენ გაგიკეთებთ ღობესო [საუბარია ქვის კედელზე, რომელიც მშენებარე ეკლესიის ტერიტორიას არ ესაზღვრება. ეს ღობე იყო გამყოფი ბაირამ კიზისა და იქვე მცხოვრები, მერაბ აბაშიძის საკუთრებას შორის]. შევთანხმდით და ამ ორ კედელში ჯამში 6500 ლარი გადავიხადე.“

DSCN8667
ბაირამ კიზიმ დაშალა ის კედელიც, რომელიც ეკლესიასთან საზიარო არ არის.

ნარგიზა ბაირამ კიზის თქმით, პირველი კონფლიქტი მაშინ მოხდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეკლესიას ღობის მშენებლობლობის დროს, 30 სანტიმეტრის ნაცვლად,  დაახლოებით 1,5 მეტრით გაუფართოვებია ტაძრის შესასვლელი. „წავიკამათეთ, მაგრამ მაინც კეთილმეზობლობა ვარჩიე. ჩემი სახლის მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და ის მიწის შევიწროვებულ ნაკვეთში აღარ ეტეოდა.  მოპირდაპირედ ლადო ფუტკარაძის მიწაა, მისგან ვიყიდე დამტებით 30 კვადრატული მეტრი ნაკვეთი.“

ბაირამ კიზის მონაყოლით, ვიდრე სახლის საძირკვლის ჩაყრას დაიწყებდა, მამუკა კომახიძემ სამშენებლო მასალის შეძენა შესთავაზა: „დამირეკა და მითხრა, კარგი მასალა გვაქვს და დაგჭირდება მშენებლობაზეო. ვუთხარი, სად წავიღო ახლა, ჯერ ფუნდამენტი არ ჩამისხამს-მეთქი. მითხრა, მაგაზე არ ინერვიულო, ეკლესიის შენობაში იქნებაო. 7 კუბურ მეტრ ხის მასალაში 3850 ლარი გადავიხადე. მერე მითხრეს, ხის მასალის შეძენას ნებართვა სჭირდებოდაო, მამუკას ვთხოვე, მოეცა. მითხრა, რომ ასეთი დოკუმენტი არ აქვს, შენაწირიაო. მერე ისევ დამირეკა, მივედით ცოლ-ქმარი და გვითხრა, ეს ღობეც ასაშენებელიაო და დაახლოებით 6 ათასი ესეც დაგვიჯდებაო. [საუბარია ღობეზე, რომელიც მშენებარე ეკლესიის ეზოსა და სხვა პირის ნაკვეთს შორის უნდა გაკეთდეს. იგი ბაირამ კიზის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე არ არის] ვუთხარი, სხვისი ღობე რატომ უნდა გავაკეთო-მეთქი. მამუკამ მითხრა, თუ სახლის აშენება გინდა, ასეა საჭიროო. ჩემს უკან მთელი საქართველო დგასო, ზემოდან მითხრეს ასეო, ამას ხშირად იმეორებდა. ღობის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი ვუთხარი. დამემუქრა, მაშინ სახლს ვერ ააშენებთო“.

DSCN8660
საზღვრის დარღვევა ამ კუთხეში დააფიქსირა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა

„დაუყონებლივ შეაჩერეთ სამუშაოები და 10 დღის ვადაში მშენებლობა მოიყვანეთ სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში“, – ეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითება #26-ში წერია. მითითება 2016 წლის 10 მარტითაა დათარიღებული. ბაირამ კიზის თქმით, ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ჩაყრისთანავე მივიდა მათთან: „საძირკველს როცა ვყრიდით, ჩვენს დასანახად დაურეკა მამუკა კომახიძემ მერიას, მოდითო. მართლაც მოვიდნენ და გვითხრეს, 30 სანტიმეტრით გადასულია საძირკვლის ერთი სვეტი მეზობლის ნაკვეთშიო, კიდევ არასასოფლოა თქვენი ნაკვეთი და სასოფლოა ის მიწა, რომელიც დამატებით შეიძინეთ, ესეც უკანონოაო. მაშინ მამა ევდემოზიც მოვიდა და გვითხრა, ჩვენი მამა-პაპური მიწაა, თქვენ ჩამოსული ხართ, ეს იცოდეთო. ეს მოძღვარი ტაძრის მშენებლობას ხშირად ესწრება, მაგრამ მასთან ურთიერთობა მანამდე არ გვქონდა“.

migeba-chabareba
ნარგიზ ბაირამ კიზის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მის მიერ საპატრიარქოში წერილის გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ

20 მარტს ბაირამ კიზიმ წერილით საქართველოს საპატრიარქოს მიმართა დახმარებისთვის. „თქვენი შეწუხება გადავწყვიტე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეზობლური ურთიერთობა, როგორც მამუკას სურს, ისე არ იქნება და ვიმოქმედებთ, როგორც კანონი მოგვიწოდებს და როგორც კადასტრში არის ასახული ჩემი საკუთრებაა და დღეის მდგომარეობით არსებული კედელი უნდა მოვანგრიო და უნდა მოვიყვანო პირვანდელ მდგომაროებაში“,  – აღნიშნულია საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში [წერილი საპატრიარქოს მიმდინარე წლის 23 მარტს ჩაბარდა].

ნარგიზას თქმით, საპატრიარქოში წერილის მიწერამდე, ის ეპისკოპოს დიმიტრისთან მივიდა. „მითხრეს, არ სცალია, ვერ მიგიღებთო, ჩემი ტელეფონი ჩაიწერეს, მაგრამ არ დაურეკავთ. პასუხი ვერც მერიისგან მივიღეთ, რა გამოსავალი არსებობს. მესმის, რომ კედლის დანგრევა გამოსავალი არ არის, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ყურადღება მომაქციონ“,- უთხრა ნარგიზა ბაირამ კიზიმ „ბათუმელებს“. მან ის წერილიც გვაჩვენა, რომლითაც პოლიციას მიმართა და პრობლემის შესწავლა სთხოვა.

წერილი
ნარგიზა ჰასთაოღლუს მიერ გაგზავნილი წერილი ბათუმის მერიაში

გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? – ამ კითხვით ნარგიზა ბაირამ კიზიმ ბათუმის მერიას წერილობით ორჯერ მიმართა. პასუხი, როგორც თავად ამბობს, არ მიუღია.

ანალოგიური კითხვით – გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? –  ბათუმის მერიას „ბათუმელებიც“ დაუკავშირდა. პასუხი ამ დრომდე ვერც “ბათუმელებმა” მიიღო.

“ბათუმელების” ზარებს  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში და არც საპატრიარქოში არ უპასუხეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიაში, ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის სახელზე შევიდა წერილი „აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისგან“, სადაც აღნიშნულია, რომ „…თურქმა მოქალაქემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, აშენებს სახლს და მშენებლობის პროცესში დაანგრია ტაძრის გალავანი… მიუღებელია ჩვენთვის ასეთი საქციელი და გთხოვთ მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოსახლეობასა და მშენებარე სახლის მეპატრონეთა შორის დაპირისპირება ავიცილოთ“. ჩვენივე ინფორმაციით, წერილს ხელს 257 ადამიანი აწერს.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით: „მიმდინარეობს საქმეზე მოკვლევა და საქმე აღიძვრება თუ არა, ვერ გეტყვით“.

DSCN8673
დანგრეული საზირო კედელი [ტაძრის მხრიდან გადაღებული ფოტო]

 

 

 

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა

2 აპრილს, შაბათს 13:00 საათზე „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თემაზე – „2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე“.

 
ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზება.

 
2007 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორი  აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის“ მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და აუტიზმით დაავადებულთა უფლებების რეალიზება.

 

აუტიზმის შემთხვევათა საგრძნობი მატების ფონზე, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა. საქართველო ,„აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს“  2011 წელს შეუერთდა.

“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით

„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს.

28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული ენერგეტიკისა და გარემოს დაცვითი საკითხების კვლევებში. მან მოგზაურობა სკოლის დასრულებისთანავე დაიწყო. პირველი ქვეყანა ავსტრალია იყო, სადაც თავისი მანქანით მოგზაურობდა და თან მუშაობდა. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ინტერნეტტექნოლოგიებს და ბელგიაში თუ მის საზღვრებს გარეთ ამ პროფილით 6 წელი იმუშავა.

ფლორეანი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორგანული საკვების შესახებ ერთი კონფერენციის შემდეგ შეიცვალა. ცნობისმოყვარეობის გამო დაესწრო ამ შეხვედრას, სადაც ორგანიზატორების გაცნობის შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ კიდევ უფრო შორს წაიყვანა და მათ საქმიანობაში ჩაერთო. ამ ქსელში [transition network] მოხალისეები არიან გაწევრიანებულები. ქსელის წევრები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საწარმოებისა და ქარხნების მიერ მოხმარებული საწვავისა თუ სხვა ამოწურვადი ბუნებრივი წიაღისეულით, ტყეების გაჩეხვითა თუ დანაგვიანებით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ეკოსისტემაზე/გარემოზე. ცდილობენ შექმნან ე.წ. „გარდამავალი სტილი“, ხელი შეუწყონ ამოწურვადი წიაღისეულის [ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ.] აღდგენადი ენერგიით ჩანაცვლებას და დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების სტილი; უარს ამბობენ ქიმიურ საკვებ პროდუქტებსა თუ წამლებზე.

ქსელი ახალისებს განახლებად ენერგიაზე [ქარის, მზის, წყლის] მომუშავე ტექნოლოგიების შექმნის ინიციატივებს. ქსელის წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიანთი დაკვირვებებისა და დასკვნების სხვებისთვის გაზიარებაა. სწორედ ამ ქსელში მოხვედრის შემდეგ შეცვალა ფლორეანმა ცხოვრების სტილი:

„ადრე ვამბობდი, რადგან წვიმს, მოდი მანქანით წავალ სამსახურში-მეთქი, ამის შემდეგ მივხვდი, რომ – არა! გადავწყვიტე საბოლოოდ მეთქვა უარი მანქანაზე, რითაც საწვავის გამოყენებას შევამცირებდი. ასევე ნელ-ნელა უარი ვთქვი არაჯანსაღ ე.წ. „სწრაფ კვებაზე“, ნახევარფაბრიკატებზე, გადამუშავებულ საკვებ-პროდუქტებზე, მინიმუმამდე დავიყვანე ალკოჰოლი, ადრე თუ ხშირად ვსვამდი და დიდ წვეულებებს ვაწყობდი, ახლა შეიძლება დავლიო ძალიან იშვიათად. ვიღებ მხოლოდ ორგანულ საკვებს. უარი ვთქვი ხორცზეც – სულაც არ არის რთული ვეგეტარიანული დიეტა“, – ყვება ფლორეანი.

ფლორეან გოფინი
ფლორეან გოფინი

ის იხსენებს, თუ როგორ შეაგროვა ფული მოგზაურობის დასაწყებად: ეს თანხა 8000 ევროს არ აღემატებოდა და გზად ხუთი თვის განმავლობაში 300 ევროზე მეტი არ დაუხარჯავს: „როცა ეს მოგზაურობა დავგეგმე, უამრავი რამ აღმომაჩნდა, რაც სინამდვილეში არ არის საჭირო და მათი გაყიდვა დავიწყე. კოქტეილების აუქციონიც კი მოვაწყვე, მეგობრებიც მეხმარებოდნენ. მინდოდა კარგი ველოსიპედი მეყიდა, რომ მოგზაურობისთვის ბოლომდე გაეძლო. დიდი თანხაც გადავიხადე. ვიყიდე კარავი, ზურგჩანთა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტები. ასე დავიწყე მოგზაურობა“.

ველოსიპედით მოგზაურობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფლორეანი ამბობს, რომ თითქმის არ გამხდარა ავად, მსუბუქ სურდოს თუ არ ჩავთვლით, რასაც წამლების გარეშე უმკლავდება:

„გადავადგილდები ველოსიპედით, ვიცავ ძილის რეჟიმს, ვვარჯიშობ და რაც, მთავარია, ვცდილობ ვიფიქრო პოზიტიურად. ადამიანის გონებას პოზიტიური ფიქრების, ემოციებისა და განწყობების სახით უდიდესი ენერგია გააჩნია, რითაც სხეულსაც აჯანსაღებს, იცავს და შინაგანადაც აძლიერებს. ღიმილითაც შეიძლება ეს ენერგია იგრძნო. დაავადებათა თუ იმუნიტეტის დაქვეითების უმთავრესი მიზეზი სტრესი და ნეგატიური განწყობებია, რომელსაც დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში გვერდს ვერ ავუვლით“.

ფლორეანის აზრით, დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში ადამიანებს გვაქვს ილუზია, რომ თუ მეტს ვიმუშავებთ, მეტი მანქანა გვეყოლება, მეტ კრუიზში წავალთ, მეტ სასტუმროს ავაშენებთ, მეტად გავმდიდრებით და მეტს დავაგროვებთ. სინამდვილეში კი გვავიწყდება, რომ ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ ნავთობს, გაზს, ვჩეხავთ ტყეებს, ვაშრობთ ჭაობებსა თუ მდინარეებს, ვცვლით კლიმატსა და საბოლოო ჯამში ხელს ვუწყობთ ეკოსისტემის ნგრევას: „უნდა გვესმოდეს, რომ შვიდი მილიარდი ადამიანი თუ ასე გავაგრძელებთ, მალე არაფერი დაგვრჩება. უნდა დავიწყოთ საკუთარი თუ ჩვენ გარშემო მყოფი მიკროსაზოგადოებების ცხოვრების სტილის შეცვლა. თუ ჩვენ აღარ გამოვიყენებთ არაფერს ისეთს, რაც გარემოს ზიანს აყენებს, ამით დავეხმარებით საკუთარ თავს და შევქმნით უკეთეს მსოფლიოს“.

ფლორეანის მცდელობა, ბსუ-ში მოაწყოს მცირე კონფერენცია თავისი პროექტის შესახებ, ჯერჯერობით ვერ განხორციელდა. თუმცა იმედს იტოვებს, რომ ეს საქართველოში მასპინძელი ოჯახის პოვნასავით სულ განუხორციელებელი არ დარჩება. „საქართველოში შემექმნა მასპინძელი ოჯახის პოვნის პრობლემა, 15-მდე შეთავაზება გამოვგზავნე და ნაწილის პასუხიც კი არ დამბრუნებია. რაც დამიბრუნდა, ყველა პასუხი უარი იყო“, – იხსენებს ფლორეანი. იგი თითქმის ყოველდღე დადის უნივერსიტეტში, მუშაობს, ესაუბრება ადამიანებს და თან თავისი ვებგვერდის მომხმარებელს აცნობს მოგზაურობის დეტალებს.
ბათუმის შემდეგ მთებით აღმოსავლეთ საქართველოში, იქიდან კი სომხეთში გადასვლას გეგმავს. მანამდე კი სოფელ ჭარნალში, თურქი მეგობრის ხის კოტეჯშია დაბინავებული.

ფლორეანი ორი წლის მანძილზე გეგმავს მოგზაურობას „transition network“-ის მიერ რეკომენდებულ ქვეყნებში, მისი საბოლოო დანიშნულების პუნქტი კი კოსტარიკაა: „ყველას გვაქვს უფლება ავირჩიოთ ადგილი, სადაც გვინდა ვიცხოვროთ. მე კოსტარიკა მისი კლიმატის გამო ავარჩიე, თან მიყვარს ლათინური ამერიკა. იქ მინდა ჩემი დაპროექტებით სახლი ავაშენო, სადაც ყველაფრისთვის მზის ენერგიას გამოვიყენებ. მცირე მეურნეობაც მინდა წამოვიწყო და ირგვლივ ამ იდეების გარშემო ადამიანები შემოვიკრიბო, რომლებთან ერთადაც საზოგადოების იმ მოდელს შევქმნი, რომელიც დედამიწის შენარჩუნებაზე ზრუნავს“.

ფლორეან გოფინი
ფლორეან გოფინი

შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან ბათუმში

პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ მწერალი ლაშა ბუღაძე მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

დასწრება თავისუფალია. მკითხველს შესაძლებლობა ექნება ავტორს დაუსვას კითხვები ლიტერატურასა და მის შემოქმედებაზე.

მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით

გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა იცრუეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ გასული წლის 3 ივლისს გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეციალური ნიღბებით აღჭურვილი სპეცრაზმის თანამშრომლები აკავებენ ორ პირს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი შალვა ქორიძეა. ვიდრე ამ ვიდეოჩანაწერს სასამართლო დარბაზში აჩვენებდნენ, სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ოთხმა მოწმემ მისცა, ოთხივე პოლიციელია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულები სპეციალურმა რაზმმა კი არა, მათ დააკავეს. მოწმე პოლიციელებს შორის ერთ-ერთი შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვიც იყო.

მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ შალვა ქორიძემ წინააღმდეგობის გაწევის დროს მაისური შემოახია. „მაჩვენეთ თქვენი მაისური და გაჩვენებთ, როგორ დახია“, – ასე უპასუხა მიხეილ ბარნოვმა დაცვის მხარის ადვოკატის, რამინ პაპიძის შეკითხვას: „როგორ და რა ხარისხით დააზიანა მაისური ბრალდებულმა?”

გარდა მიხეილ ბარნოვისა, ამ საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლებმა – მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. სასამართლოს მათვე დაუდასტურეს, რომ შალვა ქორიძე თავად დააკავეს და დამხმარე ძალა, ანუ სპეციალური რაზმი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. კადრების ნახვის შემდეგ პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა: „გასაგებია, რომ ეს კადრები გადაღებულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდა. ჩვენს დაკავების ოქმში ეს დაფიქსირებული არ არის. გადაღება რომ მომხდარიყო, ეს აისახებოდა ოქმის ჩანაწერებში“.

პროკურორს ადვოკატმა რამინ პაპიძემ შეახსენა, რომ თუკი კადრები საეჭვოა, მისი გადამოწმების საშუალება პროკურატურას აქვს.

„ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ ჩავატარებდი“, – იმართლა თავი პროკურორმა, რომელმაც ამ ვიდეოკადრების ჩვენებამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, არ დაშვებულიყო კადრები დამატებით მტკიცებულებად. „დაცვის მხარემ მოწმე პოლიციელების დაკითხვამდეც იცოდა ამ კადრების არსებობის შესახებ და იგი დროულად უნდა წარმოედგინა“, – ამბობდა რამაზ შავაძე. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კადრების ნახვიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა და შალვა ქორიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში გაამართლა. მას მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„გაუგებარია, რატომ დამალა ბრალდების მხარემ ის, რომ ეს პირები სპეცრაზმელებმა დააკავეს“, – იკითხა მოსამართლემ ჩაქუჩის ჩამოკვრის შემდეგ, ანუ განმარტებების დროს. „ეს დასჭირდათ იმიტომ, რომ შალვა ქორიძეს სპეცრაზმელებმა მანქანაში მუშტებით სცემეს სახეში, როცა ის სიტუაციის გარკვევას ცდილობდა“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

გასული წლის 3 ივლისს სპეცრაზმელებმა, შალვა ქორიძესთან ერთად, ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით გ.მ.-ც დააკავეს. გ.მ.-ს საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ამ საქმესაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. აქაც მოწმეებად უკვე დაკითხულნი არიან პოლიციელები, ვისი ჩვენებაც მოსამართლისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

 ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან
ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან

„საგანგაშოა, როცა პოლიციელის ჩვენება სასამართლოსთვის უტყუარი არ არის“, – ასე აფასებენ ამ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. „გამოდის, რომ საქმე გვაქვს ან გამოძიების არაეფექტურობასთან, ან უფრო უარესთან – პოლიციელთა მიერ „შეკერილ“ საქმესთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე დაველოდოთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო განმარტავს, თუ რა გარემოებებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, აუცილებელია შსს-ში დაიწყოს შიდა უწყებრივი მოკვლევა, რათა ამან არ მიიღოს განგრძობადი ხასიათი. ამის რისკები ყოველთვის არსებობს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ხშირად წამახალისებელი ხდება ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, ვის ხელშიც ძალაუფლების ბერკეტებია თავმოყრილი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პოლიციელების მიმართ საქმის მოკვლევას? – შსს-მ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე სასამართლომ 127 პირის საქმე განიხილა, ვისაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლითაც პოლიციელების ტყუილი დადასტურდა, ასევე ჩანს გიგლა მოსიძე, რომელიც შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც საია-ს აჭარის ფილიალის ოფისმა იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა (საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიას და საია-ს თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები სწორედ გიგლა მოსიძემ ამოიღო).

რაც შეეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს, მიხეილ ბარნოვს, იგი გასული წლის აგვისტოშიც მოხვდა „ბათუმელების“ ფურცლებზე. მაშინ ერთ-ერთი ადვოკატი მას დაკავებულისთვის იძულებით წყლის დალევაში ადანაშაულებდა, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. ხმაურიან სასამართლო პროცესზე
დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათი დაკავების მიზეზი ე.წ. კანონიერი ქურდის, „ლავას-ოღლის“ ახლობლობაა. უბნის ინსპექტორების სამმართველოს 29 წლის უფროსი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და ამჟამად უკვე შს მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის წევრია.

მოწმეზე ძალადობის სხვა საქმე სასამართლოში

მოწმეზე ძალადობას ედავებიან ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს – ირაკლი შაქარიშვილსაც. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძემ თქვა, რომ იგი პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა – ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. „შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – ამბობდა რეზო ტაკიძე, ვის საქმესაც ახლა მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ამ საქმეშიც მოწმე პოლიციელები არიან: ექვსივე პოლიციელი ყვება, რომ რეზო ტაკიძე საღამოს ათის ნახევარზე მოწმის სახით დაიბარეს (ეს უწყისში მითითებული ოფიციალური დროა), გვარაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის გამო. „თავისი ფეხით მოვიდა პოლიციაში, ვაწარმოებდი ზეპირ გასაუბრებას და ამ დროს ის გახდა აგრესიული, აიღო ჩემი მაგიდიდან კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა, ხელებს იქნევდა, ფეხი ჩაარტყა პროცესორს. მერე სხვა პოლიციელებსაც აგინა, ვინც იქ შემოვიდა. წაიქცა გასვლის დროს და დავაკავეთ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა პოლიციელმა ბესიკ კაკალაძემ პოლიციის შენობაში რეზო ტაკიძესთან შეხვედრა.

პოლიციელს დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც დაუსვა: „რეზო ტაკიძე მოვიდა პოლიციაში 21 საათსა და 30 წუთზე, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ორსაათნახევარი რატომ დასჭირდა გასაუბრებას? თან თქვენ აღნიშნეთ, რომ ზეპირ გასაუბრებას ახდენდით“.

ბესიკ კაკალაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ კითხვები ბევრი იყო, რადგან პოლიციას სურდა დროულად გამოეძიებია ყაჩაღობის ფაქტი და ლოგიკური ეჭვები არსებობდა რევაზ ტაკიძის მისამართით.

სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელებმა – ირაკლი დავითაძემ და ჯუმბერ თხილაიშვილმაც. „გვერდით ოთახიდან შემოგვესმა გინებისა და მტვრევის ხმა და შევედით“, – ყვებიან დეტექტივ-გამომძიებლები. „რატომ ვერ აღკვეთეთ დროულად რეზო ტაკიძის აგრესია ამდენმა გამოცდილმა პოლიციელმა?“ – დაცვის მხარის ადვოკატის ამ შეკითხვას პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ისინი ბრალდებულს თავდაპირველად დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ. „პერანგიდან სამხრე და ჯიბე რომ ჩამომახია, მაშინ იძულებული გავხდით, დაგვეკავებია,“ – აღნიშნა ჯუმბერ თხილაიშვილმა.

სასამართლო ჯერ არ გადასულა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, სადაც ერთ-ერთი – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იქნება. „დასტურდება, რომ რეზო ტაკიძეს ჰქონდა სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმაც ხაზი გაუსვეს თავიანთ ჩვენებაში იმას, რომ თითქოს რეზო თავისით წაიქცა. არადა, მას მთელი სახის მიდამოები ჩალურჯებული ჰქონდა, ასევე მუხლის მიდამოები“, – ამბობს მერი ცინარიძე, რეზო ტაკიძის ადვოკატი. ის დაკავების დღეს იხსენებს, როცა რეზო ტაკიძის სახლი პოლიციელებმა ისე დაათვალიერეს, რომ ბრალდებულის დაკავების შესახებ ოჯახს არაფერი გაუგია:

„ოჯახმა იცოდა, რომ ის თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა. სახლის დათვალიერების დროს პოლიციელებმა თქვეს, რომ სოფელ გვარაში მომხდარ ყაჩაღობას იძიებდნენ, მაგრამ არ უთხრეს ოჯახს, რეზო დაკავებული რომ იყო. დაკავებამდე პროცედურები ადვოკატის გარეშე ჩატარდა. რეზო რეალურად სარფის საბაჟოზე დააკავეს, მაგრამ ეს კადრები ჩვენ არ მოგვაწოდეს. პოლიციას სურდა სწრაფად გაეხსნა ყაჩაღობის ფაქტი და უკანონოდ დაკავებულ პირს აიძულებდნენ ჩვენების მიცემას“.

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, რეზო ტაკიძეს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებიან. საუბარია კომპიუტერზე, რომელიც პოლიციელების ჩვენებით, ბრალდებულმა დაამტვრია. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. სასამართლო დარბაზიდან იგი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა გაათავისუფლა – დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

ბსუ-მ პოლონეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

30 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სილეზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაs ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი.

მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში [კატოვიცეში] ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტს დაიწყო და პირველ აპრილს დასრულდება.

პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს

„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმის განხილვა. ბრალდებულები არიან გირაოთი გათავისუფლებული ციხის ყოფილი უფროსი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე (რეჟიმის უფროსი) ზაზა ჯიქია. მათ პატიმრების წამებასა და არაადამინურ მოპყრობაში ედებათ ბრალი.  პროკურატურამ ამ საქმეზე 116 პირის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით 40-მდე მოწმეა დაკითხული, საქმე ვერც წელს დასრულდება.

პატიმრების წამების საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი 2014 წლის 4 მარტიდან განიხილავს.

ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი მთელი საათის განმავლობაში უყვებოდა სასამართლოს წამების სხვა შემთხვევების შესახებაც: „გიორგი ვეკუა 2009 წლიდან დაინიშნა ციხის უფროსად. პაემანი ერთი საათიდან 15 წუთამდე შეზღუდა, სატელეფონო საუბრები კი პატიმრებისთვის საერთოდ აიკრძალა“; „გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია უშუალოდ უსწორდებოდნენ ფიზიკურად პატიმრებს“; „სამედიცინო მომსახურებაზე ნათქვამი იყო, რომ პატიმრებს ხშირად არ უნდა მოეთხოვათ. ვინც ამას არ ემორჩილებოდა, ისეთს უზამდნენ, მერე საერთოდ აღარ ითხოვდა“; „ერთი ვინმე თუ დააშავებდა რამეს, მაგალითად, თუ ხმამაღლა რაღაცას წამოიძახებდა, მთელ საკანს უსწორდებოდნენ, სცემდნენ“.

„მეტსახელები ჰქონდათ ციხის უფროსებს?“ – ეს კითხვა მოწმეს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დაუსვა?

„კი, ნინძას და ჯეკი ჩანს ეძახდნენ ზაზა ჯიქიას პატიმრები. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფი იყო“, – აღნიშნა ზაზა მოფინაძემ.

პროკურორს მოწმემ ასევე უპასუხა კითხვაზე, იდგა თუ არა საჩივრების ყუთი ციხის დერეფანში. „იყო, მაგრამ ჯერ არ დამინახავს კაცი, მაგაში წერილი ჩაეგდოს“. ზაზა მოფინაძე სასამართლოს მოუყვა იმასაც, რომ თვითონ მხოლოდ ერთ პატიმარს სცემა გინების გამო.

ზაზა მოფინაძის თქმით, პატიმრებზე სასტიკი მოპყრობა მაშინვე შემცირდა, როგორც კი ციხის ადმინისტრაცია შეიცვალა. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან სამუშაო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ პატიმრებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს პროკურატურას. მიმართვიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ უკვე ყოფილი თუ ამჟამინდელი პატიმრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.

„წიგნის კუთხე“ – ახალი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში [ვიდეო]

გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში [რეგიონალურ დონეზე] იწყებს პროექტს – „წიგნის კუთხე“. პროექტი წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას.

„წიგნის კუთხეში“ ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. თითოეულ გუნდში, საჯარო განათლების მესამე საფეხურის [IX-XII კლასები] სამი მოსწავლეა.

გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს შაბათ-კვირას. მონაწილე გუნდები ყოველ კვირა საღამოს, 22:00 საათზე იგებენ იმ ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების ჩამონათვალს, რომლის ირგვლივაც დაისმება შეკითხვები მომდევნო შაბათისა და კვირის თამაშებზე. თუმცა, თუ რომელი ორი გუნდი ითამაშებს ამა თუ იმ კონკრეტულ გადაცემაში, ამას მონაწილეები თამაშამდე ერთი დღით ადრე იგებენ, გუნდები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდებიან.

თამაშში ასევე შედის ბლიც-ტური, სადაც შეკითხვები არამარტო შერჩეული ხუთი წიგნიდან, არამედ სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ისმება.

საბოლოოდ, ფინალური თამაშის მონაწილე გუნდები ითამაშებენ მანამდე გამოცხადებული 35 ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ.

გადაცემები იწერება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში და ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება batumelebi.ge-ზე.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია და ზოგადად, ახალგაზრდა მკითხველების წახალისება.

 „წიგნის კუთხის“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში უკვე გაიმართა. მონაწილეები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: 

  • ევრიპიდე -„მედეა“; 
  • ნოდარ დუმბაძე – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“;  
  • ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“;  
  • დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“; 
  • „ანა ფრანკის დღიური“.

პირველი მერვედფინალური თამაში, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლისა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე] და კავკასიის ბიზნესის სკოლის [ლაშა ბაზიაშვილი; ანა კახიძე; თათია ნაგერვაძე] გუნდებს შორის გაიმართა. ამ თამაშის შედეგებით, „წიგნის კუთხის“ მეოთხედფინალში ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა, ანგარიშით – 7:4.

მეორე მერვედფინალური თამაში, რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისა [გვანცა ძიძიგური; რუსუდან დავითაძე; თამუნა ქათამაძე] და ბათუმის #2 საჯარო სკოლის გუნდებს [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] შორის გაიმართა. ამ თამაშის შედეგით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა, ანგარიშით – 18:5, გადაცემის მეოთხედფინალში გადავიდა.

„წიგნის კუთხეს“ ყოველ თამაშზე ჰყავს კვირის სტუმარი, ერთი ძირითადი კითხვით. პირველი კვირის თამაშების სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე. 

გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით [წიგნები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.].

 

საიას განცხადება შს სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. სამინისტროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზეთ „ბათუმელებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ, რომლის გაცემაც სამინისტროს დაევალა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას.
საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე მიღებული პრემიის თანხის ოდენობას, პრემიის მიმღები თანამდებობის პირის სახელის, გვარისა და თანხის ოდენობის მითითებით.

ეჭვის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სურს საჯარო გახდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორია სამინისტროში თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, სამინისტრო გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას გასცემს ჯამურად, მაგრამ არ გასცემს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ცალკეულმა თანამდებობის პირებმა (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და ა.შ.) რა ოდენობის პრემია მიიღეს 2013 წელს.

აღნიშნულს ადასტურებს გაზეთ „ბათუმელების“ საქმეზე განვითარებული მოვლენები. კერძოდ, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ჯერ კიდევ 2013 წლის 25 ნოემბერს. მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულიად უკანონოდ არ გასცა საჯარო ინფორმაცია, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს.

მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ, სამინისტრომ სასამართლო პროცესზე წარადგინა 2014 წლის 15 იანვრის წერილი, რომლითაც გასცა პრემიების შესახებ ინფორმაცია ჯამურად და არა თანამდებობის პირების მითითებით, ცალ-ცალკე.
სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა როგორც თბილისის სააპელაციო ისე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 29 სექტემბერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით, დაევალა გასცეს ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაცია.

მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არათუ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, 2015 წლის 29 სექტემბრიდან დღემდე არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას.

აღნიშნულის გამო გაზეთი „ბათუმელები“ და საია გამოიყენებენ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმს და ამისათვის მიმართავენ სააღსრულებო ბიუროს, რაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო გააჭიანურებს მედიასაშუალების მიერ იმ საჯარო ინფორმაციის მიღებას, რომელიც კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 5 დეკემბრამდე უნდა გაეცა“.

ასწლოვანი ხის მოგზაურობა – 100 მეტრი დარგვამდე [ფოტო, ვიდეო]

„ციხისძირიდან შეკვეთილში ხის გადატანის პროცესი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს და შესაძლოა ერთ დღეში ხის დარგვაც დავიწყოთ“ – აცხადებს კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელი ირაკლი შანავა, ინჟინერი. „ტიტას გზით“ ციხისძირიდან შეკვეთილში კიდევ ორ ძირ ხეს – ჭაობის კიპარისს გადმოიტანენ.

ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე ტრანსპორტირებისას პლაჟთან ფიჭვის ხეს გამოედო და ტოტი მოატეხა. შეკვეთილი, 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
შეკვეთილი. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხის გადასაადგილებლად გზას ბეტონის ფილებით ამაგრებენ. კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლის თქმით, ციხისძირიდან გადმოტანილი ასწლოვანი ტიტას ხე ამ ადგილიდან 100 მეტრში დაირგვება. შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხეს შეკვეთილში ამ ადგილზე დარგავენ. ხის ჩასარგავად ორმოს ამოთხრა დაწყებულია, ტერიტორიაზე უცხო პირებს არ უშვებენ. დაცვის თანამშრომლის თქმით, სწორედ აქ აშენებს დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერი. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში, ხედი ავტომაგისტრალიდან. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო

აჭარის მთავრობამ ექვს ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის ინფრომაციით, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განკარგულებით და შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, 6 ეკომიგრანტ ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში 6 ბინა საკუთრებაში გადაეცა.

აღნიშნული ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალდნენ.

ბინები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა.

ეკომიგრანტთა ბინები
ეკომიგრანტთა ბინები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით 2013-2015 წლებში აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს გადასცა.

2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა „ეკომიგრანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.

16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შოთა გუჯაბიძის მხარდასაჭერად სააგენტოს მიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა წერილით, სააგენტოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად სარეკომენდაციო საბჭოს წევრის სტატუსი შეუნარჩუნდეს შოთა გუჯაბიძეს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს.

„ჩვენი ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს რეორგანიზაციის მიზნით იგეგმება ბ-ნ შოთა გუჯაბიძისთვის საბჭოს წევრობის სტატუსის შეწყვეტა.

მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ცნობილი და მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ აქტიური წევრი, რომელიც წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

მისი საქმიანობა მიმართულია ბათუმის ისტორიული ქალაქის დაცვისკენ, მისი ღვაწლი საყოველთაოდ არის ცნობილი და სწორედ ასეთი პიროვნებების ყოფნა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი საბჭოს ლეგიტიმაციისა და სანდოობის ფაქტორს.

ამასთანავე, გვინდა შეგახსენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მონაწილეობა გახლავთ ხელისუფლების ვალდებულება, რაც გამყარებულია ეროვნული კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული უმნიშვნელოვანესი კონვენციებით.

ამდენად, ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვშუამდგომლობთ თქვენ წინაშე და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინებთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში მუშაობის გამოცდილებას, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის პროფესიულ ცოდნას და რაც მთავარია მის შეუბღალავ რეპუტაციას და დადებითად გადაწყვეტთ ამ ადამიანის საბჭოში ყოფნის საკითხს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს:

„ტფილისის ჰამქარი”, „პარტიზანული მებაღეობა”, „სამოქალაქო ინიციატივა”, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის”, „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი”, მოძრაობა „მწვანე მუშტი”, „თბილისის არქიტექტურული ფორუმი”, „მწვანე ალტერნატივა”, „კამპუსი”, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი”, „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი”, „საყდრისის დაცვის კომიტეტი“, „იარე ფეხით“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი” და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი“.

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე პროფესიით რეჟისორია. იგი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან და წლებია ყველაზე ხშირად აკრიტიკებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოლიტიკას.

ამჟამად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი სააგენტოსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს განახლებას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

კორუფციულ გარიგებად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მერიის მიმდინარე ტენდერს მიიჩნევენ, რომელიც ბათუმში მინისტადიონების შესაკეთებლად არის გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულება მილიონ 400 ათასი ლარია.

„ტენდერი მხოლოდ სამშენებლო მასალის შესყიდვაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ 25 კვალიფიციური თანამშრომელი დაემატა შესაბამისი სახელფასო ფონდით. ეს მუშახელი მუშაობს სტადიონების შეკეთებაზე და ისმის კითხვა: თუ „ბათუმის კორპუსის“ ფუნქციებს განახორციელებს მერია, მაშინ რა საჭირო იყო შტატებისა და სახელფასო ფონდის გაზრდა, ან ორგანიზაციის ამ სახით შენახვა?“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გელა დეკანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, გელა დეკანაძე მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და გიორგი ერმაკოვმა სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიებს მოარგო.

სად ჩანს „პირობების მორგება?“ – დეკანაძეს კოკნკრეტული პასუხი არ აქვს: „ეჭვები მაქვს, რომელიც დადასურდება ტენდერის დასრულების შემდეგ“.

25 მუშახელის დასაქმების შესახებ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელი ზურაბ ნაკაიძე. მისი თქმით, სტადიონის შეკეთებაზე სულ 4 ადამიანი მუშაობს „ისინი მიმდინარე შეკეთებაზე მუშაობენ. იმ სტადიონებზე გამოცხადდა ტენდერი, რომლებსაც კაპიტალური რემონტი სჭირდება. ქალაქში სულ 92 მინისტადიონია. თუ სწორად მახსოვს, ტენდერი 37 სტადიონის კაპიტალურ შეკეთებაზეა გამოცხადებული,“ – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

 

დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება 14 ხმა. ამის მზაობა  უმაღლეს საბჭოში რომ არ არის, კარგად იციან ინიციატორებმაც. ჩვენი ფრაქციისგან იმპიჩმენტის მოთხოვნა ცალსახად არ იქნება გაზიარებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრი.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ იწყებს ხელმოწერებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად და კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ გაივლის. იმპიჩმენტის მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობა“ უსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურის ხელახლა წარდგენას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მასალკინი საჯაროდ აფიქსირებს უსკო-ს კანდიდატების არჩევის პროცესის მიმართ კრიტიკას, ამბობს: იმპიჩმენტის საფუძველი ეს არ არის. გარდა ამისა, არსებობს კოალიციური დისციპლინა, რომელსაც ზოგჯერ იძულებული ხარ, მხარი დაუჭირო.“

ფრაქცია „დემოკრატიული აჭარას“ მდივანი, „თავისუფალი დემოკრატი“ თემურ კახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა გასული წლის გაზაფხულზე თვითონ დაიწყეს. „,მაშინ იმპიჩმენტს არავინ დაუჭირა მხარი. იმ ფურცელზე, რომლითაც ჩვენ არჩილ ხაბაძის გადადგომას მოვითხოვდით, მხოლოდ ჩემი და სულხან ღლონტის ხელმოწერაა“, – ამბობს თემურ კახიძე. ფრაქცია „დემოკრატიული აჭარას“ პოზიცია მორიგ იმპიჩმენტზე, მოტივების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი.

პოზიცია ასევე არ აქვს ფრაქცია „თანასწორობას“. ფრაქციის თავმჯდომარემ,  ასმათ დიასამიძემ გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. ასმათ დიასამიძე და ამ ფრაქციის წევრი მურმან ბერიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. ფრაქციის მესამე წევრი მედეა ვასაძეა, რომელიც მანამდე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავენ ფრაქციებში – „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება თავისუფლება“. „ეს მხოლოდ პოლიტიკური სვლაა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ამით ახალი პოლიტიკური თემა შექმნას. არაფრის მომტანი იქნება ეს პროცესი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე ჩიტიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.

ენერგო-პრო: გაზის გათიშვის შედეგად ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ხაზები დაზიანდა

ბათუმში დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ბონი-გოროდიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის განცხადებით, გაზის გათიშვის გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

„ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და მოკლე ხანში ელექტორენერგიის მიწოდება აღდგება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი სურმავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება  300-მდე აბონენტს.

ქობულეთი-ბათუმის ახალ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო 29 მარტიდან აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. გაზის მიწოდებას ეტაპობრივად  აღადგენენ. რეგიონს ბუნებრივი აირი სრულად 3 აპრილს მიეწოდება.

პუშკინის ქუჩაზე სპეცტექნიკა გამოჩნდა [ფოტო]

დღეს, 30 მარტს, დილიდან ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სპეცტექნიკა გამოჩნდა, თუმცა ორმოების ამოვსებისა და მოშანდაკების სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები განაახლა. ორმოების ამოვსებას კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც წვიმის შედეგად დაგუბებული წყალი დაშრება.

ორმოების ამოვსებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ გაზეთმა ბათუმელებმა” გუშინ, 29 მარტს, გამოაქვეყნა ფოტო პუშკინის ქუჩიდან.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე.“

ქუჩების საკანალიზაციო სისტემი რეაბილიტაციისა და შემდგომ მოასფალტების სამუშაოებისთვის წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის მიუხედავად, ღრმა ორმოები პუშკინისა თუ სხვა ქუჩების იმ მონაკვეთებზე ჯერ კიდევ არ არის ამოვსებული, სადაც სამუშაოები ასე თუ ისე უკვე დასრულდა. შესაბამისად, არც მოშანდაკებითი სამუშაოები ჩატარებულა აქ.

სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ აწარმოებს.

12914813_712724958864266_428050714_o

ბათუმი, პუშკინის ქუჩა. ლერი ზოსიძის ფოტო.
ბათუმი, პუშკინის ქუჩა.
ლერი ზოსიძის ფოტო.

12903578_712724972197598_1900280013_o

12914813_712724958864266_428050714_o (1)

ბათუმი, პუშკინის ქუჩა. ლერი ზოსიძის ფოტო.
ბათუმი, პუშკინის ქუჩა.
ლერი ზოსიძის ფოტო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება.

აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – ის პროფესიით ისტორიკოსია.

მირანდა ჩარკვიანი სააგენტოსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს განახლებასაც გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელი პროფესიონალებს სამთავრობო სტრუქტურებში [ბათუმის მერია, თვითმმართველობა, აჭარის ფინანსთა სამინისტრო] და ბათუმში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ეძებს. სააგენტომ უკვე მიმართა ამ ორგანიზაციებს თხოვნით, გაუწიონ რეკომენდაცია არქიტექტორებს, ინჟინრებს, არქეოლოგებს, კონსტრუქტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, გეოლოგებს და ა.შ.

ცვლილებების შედეგად საბჭოს სავარაუდოდ დაატოვებინებენ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, ძველი ბათუმის ყველაზე აქტიურ დამცველს, შოთა გუჯაბიძეს. ის პროფესიით კინორეჟისორია და წლებია, ყველაზე ხშირად აკრიტიკებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პოლიტიკას.

„მე მჭირდება აკადემიური, პროფესიულად გამართული არგუმენტები სარეკომენდაციო საბჭოზე. შოთა გუჯაბიძე ხშირად ამბობს საბჭოზე, რომ არ არის პროფესიონალი“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ის, რომ შოთა გუჯაბიძე წლებია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს და ასევე იკვლევს ძველ ბათუმს, მირანდა ჩარკვიანისთვის სუბიექტური არგუმენტია.

„საბჭოს ყველა სხდომა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასწრება და პოზიციის გამოხატვა… გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიით ფილოსოფოსია, თუმცა დებულებით მას შეუძლია პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭოს მოსაზრება არ გაიზიაროს და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. „მე არ ვარ წინააღმდეგი დებულების ეს ნაწილი გადაიხედოს, სჯობს გადაწყვეტილება პროფესიონალებმა მიიღონ“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მისი საბჭოდან გაშვების საკითხი დგება, პირველად ამის მცდელობა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა აფხაზავას ჰქონდა, რომელიც ამბობდა, რომ საბჭო ან გუჯაბიძეს ან ნინო ინაიშვილის უნდა დაეტოვებინა, თუმცა მაშინ შოთა გუჯაბიძე საბჭოში დარჩა.

სარეკომენდაციო საბჭოში კანდიდატის წარსადგენად სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ მიუმართავს. მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ფიქრობენ კრიტერიუმებზე, რა ნიშნით შეარჩიონ ორგანიზაციები: „ჩვენთან ერთადერთი ორგანიზაცია „ბათომია“, რომელიც აქტიურობს ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც არ არის იმ დონეზე ფორმირებული სპეციალისტებითა და ექსპერტებით, როგორიცაა, მაგალითად, თბილისში „ტფილისის ჰამქარი“.

„ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოება „ბათომის~ დამფუძნებლის საბჭოში არ ყოფნის მიზეზი არ არსებობს:

„შოთა გუჯაბიძის და საზოგადოება „ბათომის“ შესახებ იცის არა მხოლოდ აჭარამ, არამედ სრულიად საქართველომ. იმ ადამიანის ადგილი, რომელიც წლებია იცავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ბათუმში, ვერ დაინახო საბჭოში – ეს ძალიან დიდი ტყუილია, რომელიც ჩინოვნიკმა შეიძლება თქვას. ყველამ იცის, რომ არსებობს „ბათომი“ ნინო ინაიშვილის, მაია ჭიჭილეიშვილისა და შოთა გუჯაბიძის სახით, რომელიც ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მკვლევარია. თუ საბჭო დაკომპლექტდება მოქმედი ჩინოვნიკებით, მათი თავისუფლების ხარისხი გადაწყვეტილების მიღების დროს იქნება დაბალი. საბჭოში უნდა იყვნენ პროფესიონალები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

ცირა ელისაშვილს შენიშვნები აქვს სააგენტოს მოადგილის დანიშვნის შესახებ დებულებაში შესულ ცვლილებაზეც: „სააგენტოში არსებობს განყოფილებები, სადაც ეს ადამიანები [ეკონომისტი, არქიტექტორი, იურისტი] შეიძლება გადანაწილდნენ და არ არის აუცილებელი მაინცადამაინც მოადგილე იყოს კონკრეტული პროფესიის“.

თუ რატომაა აუცილებელი სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყოს პროფესიით იურისტი, არქიტექტორი ან ეკონომისტი, ამაზე მირანდა ჩარკვიანს თავისი არგუმენტები აქვს. იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიმართულებებით სჭირდება სააგენტოს მეტი მუშაობა: „რეაბილიტირებული ძეგლებისგან უნდა შევქმნათ ეკონომიკური აქტივობები და გავაჩინოთ პრეცედენტი, რომ თემს შეუძლია შემოსავალი მიიღოს კულტურული მემკვიდრეობიდან“.

ცირა ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ გაყიდვაზე ფიქრი არ ევალება სააგენტოს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობა უნდა დაიცვას: „სააგენტოს ხელმძღვანელის პირდაპირი ვალდებულებაა ისეთი პროექტების მომზადება, რომელიც იცავს კულტურულ მემკვიდრეობას. არსებობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვები, რომლებიც ამ მიმართულებით [გაყიდვაზე] ისედაც მუშაობენ. ვურჩევდი სააგენტოს, ამ ტვირთს ნუ აიღებს საკუთარ თავზე“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოლიტიკის შედეგები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად მირანდა ჩარკვიანი ერთი წლის წინ დაინიშნა. მის ამ პოზიციაზე დანიშვნას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ახსოვდა ჩარკვიანის აქტიურობა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ოპტიმისტურად შეხვდა, თუმცა ამ ერთი წლის მანძილზე სააგენტოს ხელმძღვანელის პოლიტიკა არაერთხელ გახდა არასამთავრობოების, საზოგადოების კრიტიკის საგანი. ბოლო, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, როცა სააგენტო კულტურული მემკვდრეობის ძეგლის ხელყოფაში დაადანაშაულეს, ბათუმის ბულვარი იყო.

ვაჟა-ფშაველას 13

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 სააგენტოს პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს თვეების მანძილზე ანგრევდა კომპანია „სლავა 2015“ ქალაქის ცენტრში. შენობა ძეგლის სტატუსმაც ვერ დაიცვა და ამჟამად დანგრეულია. ნგრევის ფაქტს გასული წლის დეკემბრიდან იძიებს პროკურატურა. საქმის ირგვლივ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან ამ სახლის ყოფილი ბინადრებიც, რომლებსაც ახლა არც სახლი აქვთ და არც ის იციან, შეასრულებს თუ არა კომპანია „სლავა 2015“ პირობას, შეძლებს თუ არა სახლის აშენებას. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ მეპატრონესთან დაკავშირება უჭირთ.

„ბოლო ხანია აღარ ჩანს ეს ადამიანი. არ ვიცი, რა გვეშველება. სახლი ერთი წელია არ არსებობს, ეს კაცი აქამდე ყველას გვივლიდა, ვის გირაო მოგვცა, ქირას იხდიდა… ქირასაც აღარ იხდის ბოლო ხანია. სულ 11 ოჯახთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ურიგდებოდა ჩვენს ინვესტორს და აგულიანებდა, რომ ააშენებინებდნენ სახლს. როცა აპრილში სახლი, ფაქტობრივად, დანგრეული იყო, ივლისში სტატუსი რატომ მიანიჭეს? მესმის, რომ ისეთი შენობა იყო, არ შეიძლებოდა დანგრეულიყო, მაგრამ მაშინ ვიღაცას ხომ უნდა ეფიქრა შენობის გამყარებაზე?“ – ამბობს მანანა ვერძაძე. იმავეს ამბობენ ვაჟა-ფშაველას #13-ს სხვა მცხოვრებნიც.

რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს? – „სლავა 2015“-ის დამფუძნებელმა მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას #13 იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ დააზარალა არასწორმა პოლიტიკამ ყველა მხარე:

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ დააზარალა როგორც სახელმწიფო, ასევე მოქალაქეები.

სააგენტოს უნდა მიემართა ყველა ზომისთვის, რასაც კანონი ავალდებულებს ძეგლის მოვლისა და დაცვის თვალსაზრისით. სააგენტოს მკაცრი პოლიტიკა იქნებოდა სიგნალი ინვესტორებისთვის. სააგენტოს განცხადებებს თუ დავეყრდნობით, მათ იცოდნენ, რომ ძეგლს შვიდი თვის მანძილზე ანგრევდნენ, მაგრამ ეფექტური დაცვის ღონისძიებები არ გაუტარებიათ. შედეგია ის, რომ დაზარალდნენ მოქალაქეები, დაზარალდა ინვესტორი და ქალაქი, რადგან მას აღარ აქვს კულტურული მემკვდრეობის ძეგლი. ჩვენ ვერ ვნახეთ ძეგლის დაცვის რეალური შედეგი“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლში. შენობა, რომელიც კულტურული   მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ამჟამად დანგრეულია. შოთა გუჯაბიძის ფოტო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლში. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ამჟამად დანგრეულია. შოთა გუჯაბიძის ფოტო.

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ იღებს სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, რომელმაც არაერთგზის აღნიშნა, რომ სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი გამოიყენა ძეგლის დასაცავად.

„ჩვენ მოგვმართა კომპანიამ წერილით, წერილზე იყო პროექტის ესკიზი დაკრული – რას ფიქრობთ, რომ ასეთი პროექტი შემოვიტანოთო. საქმეს იძიებს პროკურატურა და ამ საკითხის განხილვა არ მოხდება ძიების დასრულებამდე… გამოძიების შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ კონკრეტული წინადადება, ეს წინადადება შეიძლება იყოს დავალება კომპანიისთვის, რომ მაქსიმალურად იმავე შენობასთან მიახლოებული შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდეს“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

საგამოძიებო სტრუქტურების არაეფეტურ მუშაობაზე საუბრობს გიორგი ხიმშიაშვილი: „პერიოდი, რაც გავიდა ძეგლის დანგრევიდან დღემდე, გონივრული შეფასებით იყო საკმარისი იმისთვის, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება ჩატარებულიყო და დანაშაულში მონაწილე სუბიექტების ბრალეულობა დადგენილიყო… თუ ვაჟა-ფშაველას #13-თან დაკავშირებულ შემთხვევას შევაფასებთ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ჭრილში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოს და მის ხელძღვანელობას“, – აცხადებს ის.

კლდიაშვილის 25

ბათუმში, მწერალთა კავშირის შენობის გვერდით, XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი აღარ არსებობს. მის ადგილას სივრცე ყვითელი ლენტითაა მონიშნული. აქ 8-სართულიან კოპუსის აშენებას შპს „აჭარა სითი“ გეგმავს.
კლდიაშვილის #25-ში მდებარე სახ¬ლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ორგანიზაცია „გეოგრაფიკმა“ სააგენტოს ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია სააგენტოს დაკვეთით გასულ წელს ჩაატარა; ბიუჯეტიდან ამისათვის 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.
კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.

მირანდა ჩარკვიანი ქალაქის ზონალური საბჭოს წევრიცაა. სწორედ ამ საბჭომ გადაწყვიტა კლდიაშვილის #25-ის ბედი, თუმცა იგი ამ სახლს ვერ იხსენებს. „კვირის განმავლობაში ბევრი პროექტი შემოდის, ამიტომ ზეპირად ვერ ვიტყვი“, – ამბობს ის. მისი თქმით, „გეოგრაფიკმა“ სამუშაოები დეკემბერში დაასრულა და სააგენტო ამჟამად მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამუშავებს, შესაბამისად, როდის და რა პირობებში გაიცა სახლის დემონტაჟის უფლება, მოსაკვლევია.

ისტორიული ბელეტაჟების, ერთსა¬რთულიანი ბათუმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – მიიჩნევს ცირა ელისაშვილი. იგი ფიქრობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის მსგავსი პოლიტიკა არათუ იცავს, არამედ ანგრევს კულტურულ მემკვიდრეობას: „ესაა სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ შეიცვალოს ქალაქის ისტორიული სახე, რომ მივიღოთ ახალი ბათუმი. ახალი ბათუმის წინააღმდეგი არავინაა, საუბარია იმაზე, თუ რისი ნგრევის ხარჯზე უნდა აშენდეს. ბათუმი კარგავს იმას, რისი დაბრუნების საშუალებაც არ იქნება“.

 კლდიაშვილის #25-ში ასაშენებელი სახლის პროექტი. ფოტო „აჭარა სითის“ ფეისბუქგვერდიდან
კლდიაშვილის #25-ში ასაშენებელი სახლის პროექტი. ფოტო „აჭარა სითის“ ფეისბუქგვერდიდან

ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა სახლს გადახადეს სახურავი და დაიწყეს დემონტაჟის პროცესი. პროცესები ამჟამად შეჩერებულია, თუმცა ტენდენციას სახიფათოდ მიიჩნევს ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე: „ეს არის იმავე პროცესის გაგრძელება, რაც მოხდა ვაჟა-ფშაველას #13-ში. ეს ნიშნავს, რომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა არ მუშაობს“.

ვაჟა-ფშაველას 27
ვაჟა-ფშაველას 27

პეტრე ზამბახიძე: არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ

დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს 7 წევრის თანხმობა, ხოლო უნდობლობის გამოცხადებას 14 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

„არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ის ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და არსებული უსაქმურობისა და უუნარობის ფონზე, ისევ ცენტრალური ხელისუფლებისგან თავსმოხვეული კანდიდატი – დავით კვაჭაძე წარმოადგინა უსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძემ. ის არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ეტაპობრივად სხვადასხვა მონაცემის გამოქვეყნებასაც გეგმავს. „ეს დაადასტურებს, რომ არჩილ ხაბაძის მსგავსი უუნარო თავმჯდომარე აჭარის რეგიონს აქამდე არ ჰყოლია“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ბრიფინგს ჯერ არ გამოხმაურებია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

Exit mobile version