კვირის ამბები

შოთა გუჯაბიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: ხელისუფლება წინა მთავრობის პოლიტიკას აგრძელებს

26.01.2015 • 2375
შოთა გუჯაბიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: ხელისუფლება წინა მთავრობის პოლიტიკას აგრძელებს

შოთა გუჯაბიძე

 

შოთა, როგორ შეაფასებ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შენობა-ნაგებობის მიშენების ფაქტს?

 

ყველა კანონში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ბუნებაში რაიმე კანონი თუ არსებობს, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, სარეკრეაციო ზონაზე, ძველი შენობის შენარჩუნება – გადარჩენაზე აბსოლუტურად ყველა კანონი დარღვეულია.  თუმცა კანონი აქ მეორეხარისხოვანია. კანონს მანდ არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ეს ხელისუფლება, იქცევა ისე, როგორც წინა. მეტნაკლებად ხარჯავენ ტვინს, თუ როგორ შემოუარონ კანონს. არავინ კანონს არ იცავს. პირიქით,  იციან, რომ კანონი არის ერთადერთი, რაც შეიძლება დაარღვიო და მერე ამაზე არავინ პასუხს არ მოგთხოვს.

ათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ახალი შენობა ცალკე საკადასტრო ერთეულზე აშენდა, ხოლო შუქურა სხვა საკადასტრო ერთეულზეა …

 

თანავუგრძნობ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ნაწვალები პასუხი იყო მისი ეს განცხადება. ჩემთვის მტკივნეული თემაა, თორემ ვიტყოდი, რომ სასაცილოა. 

რა პოლიტიკაც ჰქონდა წინა  მთავრობას, დღეს იგივე პოლიტიკა აქვს ახალს. რასაც აკეთებდნენ ნაციონალები, ზუსტად იგივეს აკეთებენ ესენიც. იმიტომ რომ იციან, რა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძეგლი უნდა დაანგრიო, იმიტომ რომ ძეგლს პატრონი არ ჰყავს, თვითონ ხმას ხომ ვერ ამოიღებს. ერთი და იგივე საქმიანობით არიან დაკავებული.  კანონი აქ არაფერ შუაში არაა. ნამუსის საკითხია, ღირსების.  როცა თანამდებობაზე ინიშნებიან, კანდიდატურებს ისეთ ადამიანებს შორის არჩევენ, რომლებსაც ღირსების განცდა არ აქვთ. შემდეგ მათ შორის კიდევ უფრო უღირსს ნიშნავენ თანამდებობებზე.  შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ ისეთ სისულელეს, რომელსაც არ შეიძლება უბრალოდ პასუხი გასცე. უბრალოდ შედეგია  საშინელი, ინგრევა და ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა.

რის გაკეთებას გეგმავთ?

 

იძულებული ვართ კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ.  ვიპოვოთ სამართლებრივი გზა სიტუაციის გამოსასწორებლად. აშკარად სამართლებრივი დარღვევაა. მოხდა ძეგლის ხელყოფა, დარღვეულია ძეგლის მთლიანობა, დარღვეულია ძეგლის მოცულობა, მასშტაბი, აღქმადობა და ა.შ.  რაც პირველივე გვერდზე წერია კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონში.

ბათუმისთვის შუქურას რა კულტურულ-ისტორიული ღირებულება აქვს?

 

ყველაზე ძველი შუქურაა, რომელიც  ბათუმში ფიქსირდება. 1851 წელსაა აშენებული. შემდეგ იყო მაგ ადგილას 1863 წელს აშენებული დროებითი ნაგებობა, თუ არ  ვცდები ლითონის იყო, თუჯის, როგორც ისტორიაში წერია. დღევანდელი შენობა-ნაგებობა აშენებულია 1882 წელს, შეარჩიეს იმ დროისთვის ფრანგული კომპანია, რომელმაც ააშენა ეს შუქურა. ცნობილი კომპანია იყო იმ დროისათვის.

ეს ნაგებობა ყველასგან განსხვავებულია, იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ორი ერთნაირი შუქურა ბუნებაში. როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი განსხვავდება, ისე განსხვავდება ყველა შუქურა ერთმანეთისაგან. როგორც სიმაღლის, ისე შუქის ინტენსივობით, სიბნელეში წვდომით, წუთში ბრუნვის რაოდენობით და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ  ბათუმმა ბოლო საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრი უბედურება გამოიარა, ერთი დღე და ერთი ღამეც კი არ არის დაფიქსირებული, მუშაობა შეეზღუდოს. გამუდმებით მუშაობდა  და თავის ფუნქციას ასრულებდა.

გადაბეჭდვის წესი