კვირის ამბები

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

12.02.2014 • 2342
რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

ბიძინა აფხაზავამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ შესაძლოა განიხილოს სააგენტოსთან არსებული საბჭოდან თქვენი დათხოვნის საკითხი, რადგან არ მიაჩნია სწორად ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ბათომიდან“ – ორი წარმომადგენლის ყოფნა საჭიროდ. თქვენ როდის გაიგეთ ამის შესახებ და ესაუბრეთ თუ არა სააგენტოს დირექტორის?

მე გავიგე ორი დღის წინ. ჭორებისთვის რომ არ მესმინა, დავურეკე ბიძინა აფხაზავას და მან დაადასტურა, რომ კი, ასე აპირებდა. მხოლოდ მას არ უხსენებია საზოგადოება „ბათომი“. მიზეზი რომ ვკითხე, მან თქვა, რომ არ მინდა იყოს ორი ადამიანი არასამთავრობოდან. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა რატომ არის დამაბრკოლებელი გარემოება –  ეს ვერ ახსნა. თან, იმ შემთხვევაში, თუ გამიშვებს, მაინც არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი რჩება საბჭოში. რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი რეჟისორი ვიყავი აჭარის ტელევიზიაში და არავითარი დაბრკოლება ამას არ შეუქმნია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვიყავი, როცა ბიძინა აფხაზავამ ამ კომისიაში მიმიღო თავისი ინიციატივით. აქვე ვიტყვი, კი არ გიშვებ, უკეთეს ადგილზე გადაგიყვანო, ასე მითხრა.

რამდენი ხანია ხართ საბჭოს წევრი და ვისი რეკომენდაციით მოხვდით საბჭოში?

დაახლოებით ერთი წელია საბჭოს წევრი ვარ. არ ვიცი, ბიძინამ რატომ ჩათვალა, რომ სადმე უნდა გადავეყვანე, სამსახურის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, არაერთ პროექტში ვარ დაკავებული. მითხრა, შენ ამოგიღებ და არქიტექტორს ჩავსვამო. არაფერი უშლის ხელს, არქიტექტორიც იყოს, ეს კომისიას არანაირი დამატებითი ხარჯი არ უჯდება, თუ არ ჩავთვლით ერთი ზედმეტი ფურცლის ამობეჭდვას.

საბჭოს წევრობა გულისხმობს პრივილეგიებს? გაქვთ ხელფასი?

არავითარი პრივილეგიები არ გვაქვს, ჩვენ არ ვიღებთ ხელფასს. საბჭო არის სარეკომენდაციო, ამ რეკომენდაციას სააგენტოს თავმჯდომარე შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს. თუ რამე უარყოფითი აქვს საბჭოში ყოფნას, აქვს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადავიმტერე ამის გამო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბათუმი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ერთი ადამიანის ინტერესი. ხან მელანდება კიდეც აგურმომარჯვებული ხალხი სადარბაზოში. პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როცა გამომიტოვებია სხდომა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვარ ქალაქში. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რამე შეიცვალოს. მეჩვენება, რომ ადრე უფრო ჰარმონიული იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში, ახლა მეჩვენება, რომ დისონანსი შემაქვს.

თქვენ რას უკავშირებთ სააგენტოს ხელმძღვანელისგან საკითხის ასე დასმას, რეალურად რა მიზეზით შეიძლება დატოვო საბჭო?

ეს ერთი ამბავია, რომელსაც თან ახლავს თავისი შლეიფები. მე ვარ რეჟისორი და ვიცი, დრამატურგიას აქვს თავისი კანონები. ადამიანებმა, რომლებიც ამ ამბავში მონაწილეობენ, არ იციან ეს კანონები და უნებურად იცავენ წესებს. აქ ძალიან ადვილია დასკვნის გამოტანა, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხელწერა. რატომ, არ ვიცი, მაგრამ შურისძიების სუნი მცემს, თუმცა არგუმენტაცია ფანტაზიის კრიზისს ნამდვილად განიცდის, ისევე როგორც მე მექნებოდა ფანტაზიის კრიზისი, რომ წარმომედგინა ცოტა ხნის წინ, ბიძინა აფხაზავა თუ ძეგლთა დაცვის კომისიიდან გამიშვებდა, როცა ერთად ვაპროტესტებთ ძეგლების ხელყოფას.

ბოლო ხანებში საუბრობდი რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. ეს იყო ზუბალაშვილის ქუჩაზე სახლის მშენებლობა, კლდიაშვილის ქუჩაზე სახლს დანგრევის საკითხი და წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო რესტავრაცია. თუ ხედავთ კავშირს ამ საქმეებსა და თქვენ შესაძლო გათავისუფლებას შორის?

კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის საკითხი ჩვენს საბჭოში არ განხილულა, რადგან სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს,  არ განხილულა წმ. ბარბარეს ეკლესიის საკითხიც, რადგან საკულტო ნაგებობაა და ეს საკითხი პირდაპირ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეროგატივაში შედის. ზუბალაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან კი კავშირს ვერ ხედავ.

თქვენ მიმართეთ შს სამინსიტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბარბარეს ეკლესიის ხელყოფის გამო. როგორ მოხდა ეს?

გავიგე ძეგლის ხელყოფის შესახებ. სამსახურში ვიყავი, აჭარის ტელევიზიაში, ჩავედი საინფორმაციო სამსახურში და პროდიუსერს ვაცნობე. მაშინვე გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან ჯგუფი და მეც გავედი ადგილზე. მუშები ანგრევდნენ ეკლესიის ფასადს. გამოვიდა ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც სხვათა შორის ძალიან თავაზიანად მესაუბრა და ვუთხარი, რომ ამას სჭირდებოდა ნებართვა. ვიღაცები აგრესიულადაც იქცეოდნენ, მოგზავნილი მეძახეს, ვთხოვე დაეკონკრეტებინათ, ვისი მოგზავნილი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ვერ მიპასუხეს. მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, საქმე გვქონდა დანაშაულთან და გავაჩერე ქუჩაში პატრული. ვუთხარი, რომ დანაშაულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა და იქნებ როგორმე შეაჩეროთ-მეთქი. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. არ სჭირდება ამას არანაირი კომისია და არასამთავრობო ორგანიზაცია. პატრულმა გამოიძახა მერიის ზედამხედველობის სამსახური, მოვიდა უბნის პოლიციის უფროსი, მერე  დაუკავშირდნენ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ტელეფონით და ყველა ცალ-ცალკე ამბობდა, რომ არ აქვთ უფლება ამ პროცესის გაჩერების. მე ვამბობდი, რომ ეს არის შემთხვევა, როცა დანაშაული ხდება ჩვენ თვალწინ და ეს უნდა გაჩერდეს. მოგვიანებით შეჩერდა სამუშაო, არ ვიცი ცვლა დამთავრდა, თუ პოლიციამ გააჩერა. ბოლოს მითხრეს, რომ საქმე უნდა აღიძრას, რადგან ეს არის გამოძახება. წამიყვანეს პოლიციაში და მოვყევი ის, რაც ახლა გიამბეთ. ჩემი მოთხოვნა იყო, შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა და აღდგენილ იქნას თავდაპირველ მდგომარეობაში.

ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ, ჩვენთან აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ ნებართვა, მაგრამ ჰქონდათ ეპისკოპოსის კურთხევა. თქვენთან თუ ისაუბრა მან ამ თემაზე?

იყო ასეთი საუბარი. რამდენიმე დღის მერე ქუჩაში მიცნო წინამძღვარმა და დამიძახა. შემდეგ კიდევ ერთხელ დამიბარეს პოლიციაში სასაუბროდ.

პოლიციაში მეორედ მისვლის შემდეგ თქვენს ჩვენებაში რამე შეიცვალა?

არ ვიცი, დეტალებზე საუბრის უფლება მაქვს თუ არა, მაგრამ გეტყვით, ჩემი პოზიცია არ შემიცვლია.

თუ კი დატოვებთ საბჭოს, რა შეიცვლება თქვენთვის და რა შეიცვლება თავად საბჭოში?

ვფიქრობ, ბევრი რამ არ შეიცვლება, ბევრ რამეს ვერ ვახერხებდი, როცა იყო ხელისუფლების სურვილი მომხდარიყო ძეგლის გადაკეთება-მიშენება – მაინც კეთდებოდა, შეიძლება ითქვას, რაღაც დაბრკოლებებს ვქმნიდი. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ საკონტროლო წერასავით ვიწერ დასკვნებს გია რამიშვილისგან. მე უბრალოდ არ შემიძლია გავჩერდე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ვიცი, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. საბჭომდეც ყველგან ვამბობდი რაც შემეძლო და სადაც ვწვდებოდი, ამ მხრივ არც წამოსვლის შემდეგ შეიცვლება რამე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: