აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს.
დავით თამარაშვილი
შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო.
„მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის დაყენების ტრადიციული წესი. ძირითად პრობლემას აჭარაში ვაზის ჰიბრიდული ჯიშები ქმნიან. ჰიბრიდული ჯიშების ნაცვლად კულტურული ჯიშები უნდა გაშენდეს, რომ გვქონდეს ღვინის მაღალხარისხოვანი წარმოება აჭარაში და მან კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ღვინოს,“ – აღნიშნა დავით თამარაშვილმა.
დავით თამარაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შხამ-ქიმიკატების გამოყენებაზეც. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატები მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის ფერმერებისთვის ღვინის წარმოებაში.
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ეხმაურება წერილს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს.
„ბოლო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნით, რომელსაც დართული აქვს 12 000-მდე ხელმოწერა.
ჩვენი ვალდებულებაა, მიღებული გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს საზოგადოებრივ ინტერესს.
საკითხის შესწავლის პროცესში ჩვენ გვექნება კონსულტაციები ავტონომიის ხელისუფლებასთან, ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.
მხოლოდ საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, გონივრულ ვადებში, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობება როგორც საინიციატივო ჯგუფს, ასევე, ფართო საზოგადოებას,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ბათუმის მერიამ გაავრცელა.
„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ 2016 წლის რვა თებერვალს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიასა და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა. ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით კი, 4 მარტს აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს 5 მილიონ 192 ათასი ლარის შესყიდვა განახორციელა – გამოცხადდა 117 ელექტრონული ტენდერი, ხოლოა 55 შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული წესით. ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, გივი დევაძის თქმით, მიმდინარე წლის ქედის გამგეობის შესყიდვების გეგმა 3 მილიონ 354 ათას 540 ლარია.
2015 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 15 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილა. სხდომაზე წარმოდგენილ შესყიდვების ანგარიშს დამსწრე 20 დეპუტატიდან მხარი ოთხმა არ დაუჭირა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, ტენდერები ქედაში არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების გამო ვარდება, მაგალითად კი სოფელ პირველ მაისში ჩავარდნილი ელექტრონული ტენდერი მოიყვანა: „ტენდერი, რომლითაც სოფელ პირველ მაისში წყლის ავზი უნდა მოწყობილიყო, ჩავარდა, მოსახლეობა კი წყლის გარეშე დარჩა“.
დეპუტატის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და განაცხადა, რომ „იქ სადაც ბევრი რამე კეთდება, გადაცდომაც შეიძლება იყოს“.
2015 წლის შესყიდვების ანგარიშთან ერთად საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალისიწნებულ მეორე საკითხს, რომლითაც მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღება და განაკვეთების განსაზღვრა დაწესდა.
დღეს გამართულ სხდომას ქედაში საკრებულოს 24 წევრიდან 20 დეპუტატი ესწრებოდა.
ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმში არაერთხელ დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრის ფაქტი მაშინ, როცა სანაგვე ურნებს შორის მანძილი მხოლოდ 50-100 მეტრია. ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია ურნების გაცლის პროცესი შეფერხდეს, თუმცა, გრაფიკით გათვალისწინებული შემოვლები ჩავარდნის გარეშე ხორციელდება. ქალაქის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დაცლა დღეში სამჯერ, დილის 5-დან 7 სთ-მდე, 12-დან 14სთ-მდე და 18-დან 23 სთ-მდე ხორციელდება.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, არ დაანაგვიანონ ქუჩები და თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა ქალაქის შენარჩუნების საქმეში“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით არჩევა შესაძლებლად მიიჩნია.
დავით კვაჭაძე, რომლის კანდიდატურაც პირველ კონკურსზე უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ჩააგდო, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისევ დარეგისტრირდა. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დარეგისტრირდა დავით ქარცივაძეც, ის ერთ-ერთი იყო პირველ კონკურსზე სამ კონკურსანტს შორის, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. და საარჩევნო გამოცდილებაც აქვს.
2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.
ამჯერად კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს კომისიის მიერ პირველ კონკურსზე კიდევ ერთი შერჩეული – მთავრობის აპარატის წევრი პარმენ ჯალაღონია.
უსკოს თავმჯდომარეობის მსურველთა შორის ამჯერად ხულოს ყოფილი გამგებელი (2010-2011წწ) რამაზ ბოლქვაძეცაა. გამგებლობამდე ის ხულოს საარჩევნო ოლქს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ხულოში არჩევნები არ ყალბდებოდა და ამის დასადასტურებლად მაგალითიც მოჰყავს: „გაუქმდა გადასატანი ყუთის შედეგები, რის შედეგადაც გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა. თუმცა, ყალბდებოდა თუ არა არჩევნები, ეს ყოველთვის სამსჯელო თემა იყო და ისევ სამსჯელო თემა იქნება.“
ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ის პარტიული არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა და არც ახლაა, თუ აირჩევენ, ობიექტური და მიუკერძოებელი თავმჯდომარე იქნება.
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოფიო დიასამიძე, რომელსაც საარჩევნო ოლქში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, „რესპუბლიკელია“. ბათუმის საარჩევნო ოლქში დროებით წევრადაც „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. კითხვაზე, პარტიულობა ხომ არ შეგიშლით ხელს? – სოფიოს პასუხი არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ თუ უსკოს თავმჯდომარე გახდება, ხმებს „რესპუბლიკელების“ სასარგებლოდ არ დათვლის.
კანდიდატი ზებურ იაკობაძე პროფესიით იურისტია. მისი თქმით, ის 2003-2004 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. საკუთარი საარჩევნო გამოცდილების შესახებ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – ჯუმბერ კახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო- „პირველად რომ კენჭს იყრიდა, მაშინ“. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციაში დახურული საარჩევნო უბნის კომისიას ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, პარტიული ხომ არ ხართ ან ხომ არ ყოფილხართ? _ პასუხობს: „ერთხელ კენჭი ვიყარე რესპუბლიკური პარტიის ეგიდით, წევრი არ ვიყავი.“
სოფიო კახაძე თეატრმცოდნეა, ამ დროისთვის ის ბათუმის კულტურის ცენტრში მუშაობს. 2008 წლის არჩევნებზე „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქობულეთის საარჩევნო ოლქში წევრად წარადგინა. „2012 წელს კოალიციის წარდგენით გადამამზადა NDI-მ ტრენერად და შემდეგ უკვე ტრენინგებს ვატარებდი. ამჟამად პარტიის წევრი არ ვარ.
2013 წლამდე უმაღლეს საბჭოში საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვლადიმერ მამულაძე. ის პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე დავით კვაჭაძე გახდება, „რადგან ოცნებას ის უნდა“. მას მიაჩნია, რომ დიდი გამოცდილება აქვს: „მაგენი რას ეძახიან საარჩევნო გამოცდილებას, მე ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი, ხუთი წელი აღმასკომის თავმჯდომარე ვიყავი, ერთი წელი _ პირველი მდივანი. 12 წელი მინისტრის პირველი მოადგილე, ეს იყო სოციალური დასაქმებისა და ჯანმრთელობის სამინისტრო. ორჯერ ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი. 2006 წელს კენჭს ვიყრიდი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად…“
„ათუმელებმა“ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან – მიხეილ კიკაბიძესთან, დავით ფარტენაძესთან და ნარგიზ ძირკვაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
უსკოს წევრობის კანდიდატია უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილი – მამუკა ჯაშიც. სწორედ ირაკლი ჯაშს ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოდან კანდიდატს მხარს 7 დეპუტატი დაუჭერს (მოქმედი კანონით 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო). მამუკა ჯაში ამ დროისთვის კერძო კომპანიაში მუშაობს. მიიჩნევს, რომ მამის ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს: „მამას თავისი გზა აქვს, მე – ჩემი. მამაჩემი არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მე უსკოს წევრად ვმუშაობდი.“
უსკოს წევრის ერთ ვაკანსიაზე 19 განაცხადია შესული, მათ შორის რვას ან თავმჯდომარეობა სურს, ან წევრობა. უსკოს წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: თემურ ბერიძე, ირაკლი გვარამია, ნერიმან დიასამიძე, სოფიო დიასამიძე, ზაალ ზაალიშვილი, ზებურ იაკობაძე, სოფიო კახაძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, რუსუდან მიქელაძე, ემმა ნაკაშიძე, დავით ფარტენაძე, დავით ქარცივაძე, ნინო შაქარაძე, ნარგიზ ძირკვაძე, თამარ ხოზრევანიძე, კახაბერ ჯაიანი, მამუკა ჯაში და ქეთევან ჯიქია.
არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს.
16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“.
„ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში.
ბევრ ქვეყნაში ეს საკითხი მოგვარებულია მუნიციპალური კინოთეატრების არსებობით. ამ ეტაპზე გასაგებია, რომ მუნიციპალური კინოთეატრის პროექტი ბათუმში დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული და შესაბამისად ნაკლებად რეალურია. ამის სანაცვლოდ შესაძლებელია ალტერნატიული სივრცეების მოწყობა კინოჩვენებებისთვის შემდეგი ფორმით:
_ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის გათვლილი მობილური კომპლექსის (ეკრანი, პროექტორი, აუდიო სისტემა) შეძენა – დაფინანსების წყარო/მოთხოვნის ადრესატი: ქ. ბათუმის მერია
_ თოჯინების თეატრისთვის კინოეკრანის და ციფრული პროექტორის შეძენა – დაფინანსების პოტენციური წყარო/მოთხოვნის ადრესატი: აჭარის არ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ორივე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე დაანონსდება მათი რეალიზაციისთვის საჭირო პეტიციაზე ხელმოწერების (ფიზიკური და ონლაინვერსია) შეგროვების კამპანიის დაწყება.
BIAFFკინოფესტივალის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს ბათუმისთვის ძალიან მნიშნველოვანი პროექტია და მისი რეალიზაცია იქნება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას.
დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში გათოვდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კი, გარკვეულ სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საღამოს, 18 საათამდე, მთლიანად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა, რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია ამ დროსთვის, ვერ დაგვისახელეს.
ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის შტორმის სიძლიერე 5 ბალს აღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შტორმი და უამინდობა მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ხვალ, 16 მარტს კი, ამინდის გაუარესების გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ხოლო სანაპირო ზოლში ნალექი წვიმის, ან შესაძლოა თოვლჭყაპის სახით მოვიდეს.
„ჩვენს საკანში საერთოდ არ არსებობს ფანჯარა, საიდანაც შემოვა ელემენტარული, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰაერი. საკანში არის საშინელი უჰაერობა, რასაც ხშირად მოჰყვება ჩვენი გონების დაბინდვა, თავბრუს ხვევა, ცუდად გახდომა“, – ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც სამმა პატიმარმა ბათუმის მე-3 საპყრობილედან „ბათუმელებს“, ასევე უფლებადამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნა.
პატიმრები ე.წ. „ვანდალური საკნის“ პირობებს აღწერენ, სადაც დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაჰყავთ ის პატმრები, ვინც თვითდაზიანებას იყენებს: „საკანში საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება, ასევე სერთოდ არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს სრულიად ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით.. . საკანი არის მთლიანად სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქდოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – წერენ პატიმრები.
პრობლემებს ე.წ. „ვანდალური საკნებში“ რამდენიმე წელია აფიქსირებს სახალხო დამცველი. თეიმურაზ ქორიძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ამ კუთხით არ სრულდება. „ჩვენი წარმომადგენლები მოინახულებენ ამ პატიმრებს და გვეტყვიან, რამდენად შეესაბამება მათ მერ აღწერილი პირობები რეალობას. არამხოლოდ ბათუმის, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებელებების „ანტივანდანდალურ საკნებში“ ინფრასტრუქტურის სერიოზული პრობლემებია. მართალია, საწოლი და სხვა ისეთი ნივთები ამ ტიპის საკნებში ვერ იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რაც პატიმრის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. თუ პატიმრებს იატაკზე იმიტომ სძინავთ, რომ საწოლით შესაძლოა თვითდაზიანება მიიღონ, კედელიც რისკია. ევროპული სტანდარტით, სხვაგვარად არის განსაზღვრლი პატიმრის უსაფრთხოება და ამ ტიპის საკნების კედლებიც რბილი მასალითაა დამზადებული“, – ამბობს თემურ ქორიძე.
გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას წესები) მიხედვით: „ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკურებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ჰაერის კუბურ მოცულობას, მინიმალურ ფართობს, განათებას, გათბობას, ვენტილაციას.
ამავე წესების მიხედვით, ფანჯარა უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისთვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე და უნდა იყოს ისე კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა“.
პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელიც ახლა უკვე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ არსებობდა. რატომ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედებული პარტიული ოფისი პარტიის განვითარებას ემსახურება და არა მოახლოვებული არჩევნების მოგებას? – კითხვებზე პასუხის გასაცემად ირაკლი ჭეიშვილი მზად არ არის. პარტიის აქტივისტების მოლოდინი კი, წინააღმდეგობრივია.
ირაკლი ჭეიშვილი პარტიულ კონფერენციაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. „მისი ცნობადობა იძლევა ამის საშუალებას, რომ 200-დან 200-ვეს მხარი დაეჭირა. ვიცი, შიგნიდან რა ხდება და დამერწმუნეთ, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო. ირაკლი ჭეიშვილი იყო ერთადერთი, ვისაც პოლიტსაბჭოც და დელეგატებიც უყურებდნენ, როგორც ნათელ წერტილს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, როცა გასული წლის ნოემბერში მოულოდენელად თამაზ თურმანიძე ფრაქციის ლიდერობიდან გადააყენეს. „მოლოდინი იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც ერთხმად აირჩიეს ირაკლი ჭეიშვილი. ჩემი ხედვები რომ არ ემთხვეოდა ჭეიშვილისა და ხაბაძის ხედვებს, ამიტომაც გამათავისუფლეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ თურმანიძემ, რომელიც ახლა პარტიის რიგითი წევრია და ბათუმის პარტიულ კონფერენციაში მონაწილეობა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო ვეღარ შეძლო.
„კანდიდატების სიმრავლე პარტიის შიგნით ჯანსაღ კონკურენციაზე მიუთითებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია: „პარტიას უნდა ჰყავდეს რამდენიმე კანდიდატი და ლიდერი. ეს აჩვენებს იმას, რომ პარტიის შიგნით არის დემოკრატია და კონკურენცია, რაც აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქარული ოცნება“ მმართველი პოლიტიკური პარტიაა, ფაქტია, რომ ის არ არის ჩამოყალიბებული, როგორც ხედვით, ისე – სტრუქტურით და რეგიონული ორგანიზაციები განსაკუთრებით სუსტია“.
პარტიას განახლება რომ სჭირდება, ამაზე პარტიის ლიდერებიც ღიად საუბრობენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაცია ისევ გახსნის ოფისს – ორწლიანი პაუზის შემდეგ. „ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან. პარტია იმუშავებს არჩევნების შემდეგაც,“ – ირწმუნება ლაშა სირაბიძე, ჭეიშვილის წინამორბედი. ის ახლა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ბიუროს წევრია.
ლაშა სირაბიძე ცდილობს ახსნას, რა განაპირობებდა პარტიის უმოქმედობას მისი თავმჯდომარეობის დროს: „პრაქტიკულად ბოლო სამი წლის განმავლობაში პარტია არ არსებობდა. პარტია ცენტრალიზებულად იმართება, ცენტრიდან კი არ მოდიოდა დაკვეთა და ბათუმი ვერ იქნებოდა მოწინავე ამ კუთხით. რაც შეეხება პარტიულ კონფერენციას, მიდგომა იყო ასეთი, რომ უნდა ყოფილიყო ერთი კანდიდატურა და დაპირისპირებას ასე სჯობდა. ირაკლის კანდიდატურა უფრო მოიწონეს, რადგან მისი პოლიტიკური შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, როცა იგი შტაბს ხელმძღვანელობდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლაშა სირაბიძემ.
პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ დაჯგუფებები პარტიის შიგნით დასრულდება. „ამ კონფერენციამ ეს დაადასტურა,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე. პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს – ჯუმბერ კობალაძეს კი, ძველი აქტივისტების გააქტიურების იმედი აქვს: „ხალხისა და ჩემი უკმაყოფილებაც უკავშირდებოდა იმას, რომ პარტია პორტირებული ნაციონალებით ივსებოდა და ისინი საქმდებოდნენ სხვადასხვა უწყებაში. ვინც იგებს არჩევნებს, ის უნდა მოსულიყო. ამის ნება აქამდე არ იყო. პარტიის თავმჯდომარის არჩევით ცვლილება ვერ მოხდება, მაგრამ ველოდები, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხალხში გავა“.
დასაქმებისა და დაწინაურების ამბიციამ პარტიაში ქაოსი რომ შექმნა, ადასტურებს ირაკლი მიქელაძეც: „მართვის პრობლემა იყო და ირაკლი ჭეიშვილი ამას მოაგვარებს, დაალაგებს ქაოტურ სიტუაციას“.
პარტიის პრობლემებში ირაკლი ჭეიშვილის პასუხისმგებლობასაც ხედავს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი კოორდინატორი, თამაზ თურმანიძე: „პარტიის თავმჯდომარე გავხდი და ახლა გავაკეთებ, ეს მიდგომა არასწორია. ირაკლი ჭეიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სიით იყო წარდგენილი და, შესაბამისად, მეტი ვალდებულება ჰქონდა ხალხის წინაშე, როგორც მე, ლაშა სირაბიძეს, ან ავთანდილ ბერიძეს.“
აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად, თურმანიძე პარტიის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ დაელოდება, იქნება თუ არა პარტია არჩევნების შემდეგაც აქტიური.
ცვლილებების მოლოდინი, ოღონდ არჩევნებამდე, აქვთ პარტიის სხვა აქტივისტებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა იცვლება პარტიაში წინასაარჩევნო სამზადისისა და სიაში მოხვედრის ორთაბრძოლის გარდა.
ამ ვითარებაში რამდენად შეიძლება დამაჯერებელი იყოს საზოგადოებისთვის პარტიის გააქტიურება? „მაგ კითხვას პასუხს გასცემს აჭარის ამომრჩეველი. აქამდეც უნდა გამოჩენილიყო, რომ ხალხი პარტიისთვის იყო მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას ისევ მარტივად წარმოუდგენია ნდობის მოპოვება. როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახსენდება ამომრჩეველი, ეს ჩრდილქვეშ აყენებს პარტიის რეპუტაციას, გაუცხოვებას იწვევს და აუცილებლად აისახება არჩევნებზეც. უკვე ჩანს სოციოლოგიურ კვლევებშიც, რომ ამომრჩევლის 60 პროცენტი, და ეს ძალიან დიდი ციფრია, ამბობს, რომ საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამ ნიჰილიზმში მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პოლიტოლოგმა, კორნელი კაკაჩიამ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები დაცულია გამხელისგან და ის არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავად მოქალაქის თანხმობის გარეშე,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში. ინსპექტორს ვთხოვეთ განემარტა, აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების შესახებ არსებული ინფორმაციის, სამართალდამცველებისთვის მიწოდების უფლება.
საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა კანონი შეიცვლა და ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებზე პოლიციას აცნობონ. ბათუმის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ კანონს არაფერი შეუცვლია. მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მისაღებში პოლიცია მუდმივად მორიგეობს, პაციენტის ისტორიას კი, სადაც კონკრეტული დიაგნოზი იწერება, პოლიციელებს კლინიკის ხელმძღვანელობა აწვდის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განმარტავს: „ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების (მათ შორის გაცემის) დროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ინფორმაციის გაცემამდე სამედიცინო დაწესებულება უნდა დარწმუნდეს, რომ ამისთვის არსებობს სასამართლოს შესაბამისი დადგენილება, პროკურორის განჩინება, ან მონაცემების გამჟღავნებისთვის სხვა, კანონით გათვალისწინებული საფუძველი. სწორედ სამედიცინო დაწესებულებას, როგორც მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას, აქვს მონაცემების უკანონო გამჟღავნებისგან დაცვის ვალდებულება.
საკითხის დეტალურად შესწავლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ცალსახად შევაფასოთ აქვს თუ არა სამართალდარღვევას ადგილი. თუმცა მოგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახით ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს გაფრთხილება ან ჯარიმა. დარღვევის ხასიათიდან და ჩადენის სიხშირიდან გამომდინარე, ჯარიმების ოდენობა განსხვავებულია.
მონაცემთა საფუძვლის გარეშე გამჟღავნებისთვის კი, ჯარიმა მერყეობს 500-2000 ლარის ფარგლებში. თუ მონაცემების მოპოვება, ან გამჟღავნება განხორციელდა დანაშაულებრივი გზით, შესაძლოა, დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და მოითხოვენ, ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს. აქციაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადდგენლები და სტუდენტების მშობლებიც მონაწილეობენ.
„ჩვენ, სტუდენტები, ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც დგას თითქმის ყველა უნივერსიტეტში. ეს არის ავტონომიურობის პრობლემა და გარე ძალების მიერ საუნივერსიტეტო პროცესების მართვა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტები გათავისუფლდნენ პოლიტიკური პარტიების გავლენისგან და უშიშროებისგან,“- აცხადებს უნივერსიტეტის სტუდენტი დიანა ბაუჟაძე.
აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტის თვითმმართველობაზეც, რომელიც მათი აზრით, დღეს სტუდენტთა უფლებებს არ იცავს:
„თვითმმართველობა ძალიან დიდ თანხა ხარჯავს არამიზნობრივად და არ არის ორიენტირებული განათლების ხარისხის ამაღლებაზე. მთელი საგანმანათლებლო სისტემა დღეს არის კრიზისში და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას ერთობლივად,“-ამბობენ სტუდენტები.
უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას ავტონომიურობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია.
„რაც შეეხება ოდეერებს, ისინი ჩვენ არ გვყავს. ენრიკო დევაძეს როცა ასახელებენ, ის ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტია და ოდეერი არ არის. რაც შეეხება თვითმმართველობას, მეც მიმაჩნია რომ ცვლილებები საჭიროა, თუმცა ამას საკანონმდებლო დონეზე სჭირდება გადაწყვეტა,“-აცხადებს მერაბ ხალვაში.
სტუდენტების საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ შეუერთდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას თქმით, უნივერსიტეტი და ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე უშიშროების წარმომადგენლებისგან უნდა გათავისუფლდეს.
„ერთ-ერთი პირველი ჩვენი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მოკვლევა დაიწყო უშიშროების მიერ ჩანერგილ თანამშრომლებზე. ჩვენ ვუერთდებით სტუდენტების ბრძოლას ამ ნაწილში. ბათუმის უნივერსიტეტში ოდეერის არსებობაზე არ გვიმუშავია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ჩანერგილ ოდეერებზე და მათი სახელები გამოქვეყნებულია,“-ამბობს მალხაზ ჭკადუა.
„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ბულვარს ახალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები შეემატა.
„ფიჭვის, სოჭის, ნეკერჩხლის, მუხის, მაგნოლიას, კიპარისისა და სხვადასხვა ჯიშის 2 100-მდე ახალი ნერგები ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრზე ეტაპობრივად დაირგვება, ამასთანავე დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდება. გამწვანების სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება“-ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას აკონტროლებს.
მალხაზ ნაკაშიძე ჯერჯერობით ერთადერთი აკადემიური თანამდებობის პირია ბათუმის უნივერსიტეტიდან, ვინც სტუდენტების მსგავსად აცხადებს, რომ ბსუ-ში არიან ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва). მალხაზ ნაკაშიძე ასევე იზიარებს სტუდენტების შეხედულებას, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ბსუ-ში არის ვინმე ენრიკო დევაძე.
იმავეს ადასტურებს ათეულობით სტუდენტი, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა და ასევე რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. სტუდენტები ამას ღიად ამბობენ, ხოლო უნივერსიტეტის თანამშრომლებს არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა.
ენრიკო დევაძე
თავის მხრივ, „ბათუმელებმა“ ენრიკო დევაძესთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მოძიება მოახერხა: ის არის 32 წლის, დაიბადა და ცხოვრობს ბათუმში. დაამთავრა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით 2006 წელს. ამ დროისთვის არის ბათუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით.
ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, იცის ენრიკო დევაძის შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ ვერ დაადასტურებს ოდეერთან ამ პირის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას. `მე პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ამ სამსახურში.
მაგრამ მე ზუსტად ერთი რამის თქმა შემიძლია – ბათუმის უნივერსიტეტში ოდეერის შტატი არ არსებობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერაბ ხალვაშმა.
იგივე დაუდასტურეს „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა – რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტიდან ანაზღაურებას არ იღებს, შესაბამისად, არ არის ამ დაწესებულების თანამშრომელი. არც მათ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს პირი წარმოადგენს ძალოვან უწყებას, შესაბამისად, არ შეუძლიათ თქვან, რომ ის ოდეერი, ანუ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია.
„ბათუმელებმა“ სცადა თავად ენრიკო დევაძესთან გადაემოწმებინა არაერთი სტუდენტური ჯგუფისა და პროფესორ-მასწავლებლის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სმს-ს შეტყობინებებს.
სტუდენტების თქმით, ენრიკო დევაძე დაახლოებით 2013 წლიდან არის მივლენილი ბათუმის უნივერსიტეტში. ის, ძირითადად, ახლო ურთიერთობაშია სტუდენტურ თვითმმართველობასთან და მათთან ერთად მუშაობს სტუდენტების მობილიზაციაზე, როცა ამის საჭიროება აქვს სახელისუფლო პოლიტიკურ ძალას. არაერთი სტუდენტი ასევე ერთხმად ადასტურებს, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მრავალგზის შეუნიშნავთ ცეცხლსასროლი იარაღით.
ცხადია, ენრიკო დევაძე არ არის ერთადერთი პირი, რომელიც შეიძლება ძალოვან უწყებას წარმოადგენდეს საუნივერსიტეტო დაწესებულებაში. წესით, ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს გუნდი, რომლის წევრებზეც ასევე საუბრობენ ბსუ-ს სტუდენტები. თუმცა, ამ გუნდთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არის ურთიერთგამომრიცხავი, შესაბამისად, „ბათუმელები“ მათ ვინაობას არ დაასახელებს.Set featured image
ბსუ-სგან განსხვავებით ძალოვანების წარმომადგენლების არსებობა დაადასტურა თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ, მას შემდეგ, რაც თსუ-ს სტუდენტებმა გააპროტესტეს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის შესაძლებლობა. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გაფრინდაშვილს თსუ-ს ოდეერი ივა კავსაძე ლობირებს. სტუდენტები 7 მარტიდან მართავენ საპროტესტო აქციებს და სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული უნივერსიტეტში, კანცლერი არასათანადო საათებში რომ არ აირჩიოს თსუ-ს სენატმა.
სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტის პირველ ეტაპზე სისტემამ პროტესტულად განწყობილი ჯგუფების გახლეჩასთან ერთად სცადა სტუდენტების ოჯახების დაშინება. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ერთ-ერთმა ბათუმელმა სტუდენტმა – ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ირაკლი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ს სტუდენტებს შორის.
ირაკლის თქმით, 20 წლის განმავლობაში არც ერთხელ მომხდარა, რომ მასთან სახლში ძალოვანები მისულიყვნენ. „გასულ კვირას კი, რაც საპროტესტო მოძრაობაში ვარ, ერთ დღეში ორჯერ მივიდნენ სახლში. წარმოიდგინეთ, როგორი სისტემური მობილიზაცია გამოაცხადეს – მე ოთხი წელია ბათუმში არ ვცხოვრობ, ამის მიუხედავად, იპოვეს ჩემი ოჯახი და მოახერხეს დედაჩემის შეშინება“.
ირაკლი კუპრაძის 41 წლის დედა დღემდე შიშობს, რომ სუს-ის თანამშრომლები მისი შვილის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. „ამით მათ იმას მიაღწიეს, რომ დედამ მთხოვა შემეწყვიტა პროტესტი“, – ამბობს ირაკლი.
თუმცა, ირაკლი კუპრაძის დედასთან სუს-ს თანამშრომლების მისვლა „ბათუმელებს“ სუს-ში არ დაუდასტურეს.
სტუდენტებისა და ოდეერის ინსტიტუტის დაპირისპირებას 11 მარტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა სთხოვა გიორგი გაფრინდაშვილს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა თსუ-ს კანცლერის პოსტიდან.
ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა ოდეერს საჯაროდ მოუწოდა `წაიყვანოს თავისი კადრი“, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან.
გიორგი გაფრინდაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას დღეს, 14 მარტს, მიიღებს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, შესაბამისად, პატივს ვცემ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეგულაციების დაცვით. აუცილებელია, მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
თბილისში სტუდენტების ერთკვირიანი პროტესტი კვირის ბოლოს ცოტა ხნით ჩრდილში მოექცა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. არსებობს მოსაზრება, რომ კადრები სწორედ უნივერსიტეტის მოვლენების გადასაფარად გავრცელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ბოლო კომენტარში „რუსთავი 2“-თან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არ იმართებიან და სწორედ მათ გაავრცელეს ეს კადრები:
„ეს არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ასევე შეიძლება, მისი ცოდნის, მისი ყურადღების მიღმა არაფორმალური დავალება სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ, მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი არც ყოფილიყო საქმის კურსში და არც შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ ვამბობ, რომ მოვალეობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა მოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის, რომ არა მარტო სერიოზული სახით გააკეთონ განცხადებები და მკაცრი ტონით, არამედ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. რომ მოინდომონ, ამ დანაშაულის გამოძიება შესაძლებელია და მე მოვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ.
მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში და მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებში არიან ძალები, რომლებიც არ იმართებიან პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს და დიდი ალბათობით აქედან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადადგმული“.
ოდეერის, ანუ საბჭოთა კგბ-ს დროინდელი ინსტიტუტის გაუქმება საქართველოში ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილისა და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ამის მცდელობა იყო. ოდეერის გაუქმებას კატეგორიულად არ დაეთანხმა შს სამინისტრო.
თავის დროზე ამ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა – ზვიად ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ოფიცრების მივლინების შენარჩუნების პრაქტიკა შსს-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა“.
ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი/ოფიცერი უშიშროების საკითხებში დაწესებულებაში ინიშნება “სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში”.
არაოფიციალურად კი, ეს ინსტიტუტი, უსაფრთხოების დაცვის ეგიდით, ცდილობს ყველგან ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, სიტუაცია ბოლომდე რომ აკონტროლოს და ახერხებს კიდეც ამას. ოდეერს თავისი წარმომადგენლები ჰყავს, მაგალითად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, ბათუმის მერიაში… საქართველოს მთავრობის ბევრ უწყებაში; ოდეერები ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში.
ცხადია, დრო გამოაჩენს, ნიშნავდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილის თხოვნა გიორგი გაფრინდაშვილისადმი ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებაზე მსჯელობის დაწყებას საკანონმდებლო დონეზე. მანამდე კი დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ ბსუ-ს 20-მდე სტუდენტით (და არც მათი ოჯახის წევრებით), რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოუცხადეს თსუ-ს სტუდენტებს, სუს-ი არ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, „ბათუმელებში“ ამის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
გასულ კვირას ბსუ-ს სტუდენტების ნახევარსაათიანი აქციის ძირითადი მესიჯი სწორედ ოდეერისგან თავისუფალი უნივერსიტეტი იყო. სტუდენტები მორიგ აქციას დღეისათვისაც აანონსებენ.
სასწრაფოდ! ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, მშენებარე სახლში, მე-5 სართულზე იყიდება 35.6 კვ. მეტრი ბინის თეთრი კარკასი, მშენებლობა დასრულდება ივლისში. ფასი: 23 140 აშშ დოლარი (შესაძლებელია ფასდაკლება).
ბათუმში, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩაზე იყიდება სახლი (487კვ.მ გარემონტებული, უზრუნველყოფილი ტექნიკით,ბუნებრივი აირითა და ცენტრალური ბოილერით. ფასი: 850 000 აშშ დოლარი.
დღეს, 14 მარტს, 18:00 საათზე, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტებმა ფეისბუქში გაავრცელეს ტექსტი აქციის შესახებ, სადაც ნათქვამია:
„ბათუმელ სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტები დღეს არ არის ავტონომიური, თავისუფალი სივრცე, სადაც მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესები. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ გარე ძალების მიერ პროცესების მართვის მცდელობებს, ჩარევებს, რისთვისაც იყენებენ სტუდენტურ თვითმმართველობას და ადმინისტრაციას როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითმმართველობა როგორც პრივილეგირებული ინსტიტუტი ხარჯავს არამიზნობრივად ძალიან დიდ თანხებს, რომელიც არ ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს, რაც ერთიანობაში ქმნის უთანასწორო და არასამართლიან გარემოს.
იმისთვის, რომ დაიწყოს ჯანსაღი პროცესების წარმოება უნივერსიტეტებში, აუცილებელია საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან და არამხოლოდ, მოხდეს პრობლემური საკითხების დღის წესრიგში შემოტანა. სწორედ ამიტომ ჩვენ ხვალ ვაპირებთ შევუერთდეთ თსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების როგორც კონკრეტულ მოთხოვნებს: გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით , ასევე იმ ზოგად, სისტემური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართულ მოთხოვნებს, რომლებიც დგას ყველა სახელმწიფო უნევრსიტეტში, ესენია:
1.დაუყონებლივ მოხდეს უშიშროების გავლენებისგან უნივერსიტეტების გათავისუფლება;
2. თვითმმართველობის პრივილეგიების აღკვეთა, თანასწორი გარემოს შექნა ყველა სტუდენტისათვის;
3. მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მოგიწოდებთ ბსუ-ს სტუდენტებსა და ლექტორებს, რომ შემოურთდეთ აქციას, თსუ -ში არსებული პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა,“-ნათქვამია განცხადებაში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს საბიუჯეტო პროგრამას „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ორგანიზებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა.
„ფორუმები ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობის ფორმატს. კერძოდ, აჭარის რეგიონში მოქმედ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პირდაპირი შეხვედრები გამართონ სამიზნე ქვეყნების კომპანიებთან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მოეწყო ბიზნეს ფორუმები: აზერბაიჯანში, უკრაინაში,ყაზახეთში, თურქეთში, ბელორუსსა და პოლონეთში.
სამინისტრო ატარებს გამოკითხვას, რათა განისაზღვროს, თუ რა სახის ინტერესი აქვთ რეგიონში მოქმედ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე“-ნათქვამია, სამინისტროს განცხადებაში.
„ბიზნეს ფორუმების დაგეგმვას და ორგანიზებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს, ფორუმებში მონაწილე კომპანიები კი მხოლოდ საკუთარი ხარჯებს ფარავენ“.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე, დღეს 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები, კვლავ პარტიული ნიშნითაა შერჩეული.
„რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა ახალი კანდიდატების სია, სადაც კვლავ არიან ის პირები, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და არიან „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი არტიების წევრები. მე მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, რომ კვლავ არ გაიმეოროს ის შეცდომები, რაც წინა პერიოდში დაუშვა და არ წარმოადგინოს პოლიტიკური პარტიის წევრები უმაღლეს საბჭოში ასარჩევად“.
პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უსკოს კანდიდატთა ახალ სიაში მყოფი პირები, პირდაპირ არიან გაიგივებული ხელისუფლებასთან.
„დავით ქარცივაძე, დავით კვაჭაძე, ირაკლი გვარამია, მამუკა ჯაში, დღემდე პარტიის წევრები არიან. დავით ფარტენაძე სახელისუფლებო კანდიდატია, რადგან დღესაც ფინანსთა სამინისტროში მუშაობს და რაც სამწუხაროა, ამ სიაში აღარ არის ის პირი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო როგორც არასამთავრობო სექტორისთვის, ასევე უმაღლესი საბჭოსთვისაც. თუ არჩილ ხაბაძე არ გაითვალისწინებს ჩვენს რჩევას, ამის შემდეგ ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნით რომ გადააყენოს ის მთავრობა, რომელიც თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს და მხოლოდ პარტიული ბოსებით დავალებით იღებს გადაწყვეტილებას“.
პეტრე ზამბახიძის განცხადებით, პარტიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატების არჩევას, უმაღლესი საბჭო შეეწინააღმდეგება.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მხარი არ დაუჭირა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე აჭარის მთავრობის მიერ ორჯერ წარდგენილ დავით კვაჭაძის კანდიდატურას, რის შემდეგაც აღნიშნული პოსტის დასაკავებლად ახალი კონკურსი გამოცხადდა.
ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე არასწორია და მისი განკარგვა ბათუმის მერიის მიერ უნდა მოხდეს.
„ეს პრაქტიკა წინა წლებშიც იყო, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ეკონომიკის სამინისტრო პლაჟებს ექვსთვიანი იჯარით გასცემს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არ არის მომგებიანი. ბარცხანიდან მოყოლებული ჩაქვამდე, ჩემი მაჟორიტარული უბანია, სადაც დიდი წილი პლაჟებზე მოდის. მოსახლეობა დაინტერესებულია იმით რომ პლაჟები მრავალწლიანი იჯარით გაიცეს, რადგან ექვსთვიანი იჯარა ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო არ არის“.
ჯაბა ბერიძის თქმით, პერიფერიულ ზონებში – გონიო, სარფი, კვარიათში, ასევე ჩაქვში, მახინჯაურში პლაჟები მერიამ მრავალწლიანი იჯარით უნდა გასცეს.
„ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის პლაჟების გაქირავებით 800 ათასი ლარი მიიღო მოგება. ვფიქრობ, პლაჟების განკარგვა მერიის მიერ უნდა მოხდეს და შემოსავალიც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა შევიდეს. არ მესმის რატომ იცილებს პლაჟების მართვის პასუხისმგებლობას მერია. მათი გადაწყვეტილება, თვითმმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“-ამბობს საკრებულოს წევრი.
ჯაბა ბერიძის აზრი, ქალაქი ფაქტობრივად არ ემზადება ტურისტული სეზონისთვის:
„რუსეთ-თურქეთ გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ბათუმში შემოვიდეს. ამის მიუხედავად, ამ ქალაქში ვერანაირ ტურისტულ სამზადის ვერ ვხედავ. ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვით და იმითაც, რომ მოქალაქეებმა მომგებიანი ბიზნესი აწარმოონ“.
საკრებულოს წევრის თქმით, პლაჟების გაქირავებასთან ერთად მერიამ უნდა აკონტროლოს გაქირავებულ პლაჟებთან მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებაც, რადგან წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა მოიჯარეები ადამიანებს პლაჟზე გადაადგილების და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ.
ბათუმის საკრებულო, ქალაქის პლაჟების ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემის საკითხის განხილვას, 16 მარტს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე აპირებს.
,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი“
ნანა ცხადაძე იმერეთის პატარა სოფელში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა, სწავლა კი სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის დასრულების შემდეგ მომავალი ჯარისკაცი, 5 წლის განმავლობაში, თავისი პროფესიით სამოქალაქო მიმართულებით, კათედრაზე მუშაობდა.
ნანა ცხადაძე: „როდესაც კარიერის სამხედრო მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ამის მიუხედავად, ოჯახი გაგებით მოეკიდა ჩემს არჩევანს. გადაწყვეტილება დიდწილად ჩემივე ოჯახის წევრებმა განაპირობეს, ძმამ და ბიძაშვილმა, რომლებიც ასევე სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ“.
ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა. ამისთვის ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია. ფორმა ჩაიცვა და მუშაობა კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბრიგადაში დაიწყო.
ნანა ცხადაძე: „გაცნობიერებული მქონდა, რომ სამხედრო ცხოვრება სამოქალაქოსგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რაც მჭირდებოდა და მინდოდა – მთელი ჩემი კარიერა სამხედრო სამსახურისთვის მიმეძღვნა…
თავდაპირველად, კოჯრის დანიშნულების ბრიგადაში, სამედიცინო პუნქტში აფთიაქის უფროსი ვიყავი, შემდეგ მთელი 6 წლის განმავლობაში ბატალიონის ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. პერიოდულად ვემზადებოდით სამშვიდობო მისიებისთვის, ერაყისთვის…“
ნანა ცხადაძე აგვისტოს ომის ვეტერანია. ომამდე სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში. შემდეგ 7 თვის განმავლობაში ცხინვალში, მესამე სამშვიდობო ბატალიონის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.
ნანა ცხადაძე: „გავყურებდი დაკარგულ ტერიტორიებს. რთულია როდესაც უყურებ შენს ტერიტორიებს, სადაც გადასვლის უფლებაც კი არ გაქვს. ეს ერთგვარ სინანულსაც იწვევს და გიჩნდება სურვილი, რომ ცვლილებაში ჩაერთო, შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის გამთლიანების საქმეში. ეს უმთავრესია, როდესაც შენი ქვეყნის ჯარიკაცი ხარ…“
…2008 წლის ექვს თუ შვიდ აგვისტოს, ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. მოსამზადებელი წვრთნიდან დაბრუნდნენ. მომქანცველი სამუშაო დღის დასასრულს მოულოდნელად ბაზაზე გამოიძახეს. აგვისტოს ომამდე სამშვიდობო მისიებში მყოფ ნანა ცხადაძეს, დაჭრილ სამხედროებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა.
ნანა ცხადაძე: „იქაც მოჰყავდათ ადგილობრივი დაჭრილები, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთ რთულ და მძიმე სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი. იმ დღესვე ომი დაიწყო. უცებ გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე….
…დილით ქვედანაყოფი ხეთაგუროვოში შევიდა.
პირველივე საბრძოლო სიტუაციაში ძალიან მალე აღმოვჩნდით. უმცროსმა ლეიტენანტმა, ზურაბ ბეგიაშვილმა, რომელიც 1 თვის მოსული იყო, ჩასაფრება შენიშნა…“
ჩასაფრების მოგერიება, გადარჩენა, დაჭრილთა მოვლა-პატრონობა გზაში და მათი ევაკუაცია…ექიმები ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ, ცხინვალის ყველაზე ცხელი წერტილისკენ საიდანაც გამოძახება მიიღეს…
ნანა ცხადაძე
ნანა ცხადაძე: „ოთხნი ვიყავით – ორი მამაკაცი და ორი ქალი. რომ გვითხრეს, ერთი ექიმი ჩამოვიდესო, ერთმანეთს გადავხედეთ. ცხელი წერტილისკენ წასვლა, რა თქმა უნდა, ოთხივეს გვინდოდა. სამივეს გადავხედე, ერთი მარტოხელა დედა იყო, ავთოს თვეების ბავშვი ელოდებოდა სახლში, ზურა დედისერთა იყო, ჩემს მშობლებს კი, ჩემ გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს და ის, ვინც წინა ხაზზე უნდა გასულიყო – მე უნდა ვყოფილიყავი…“
მარტო არ გაუშვეს… ცხინვალში ერთად ჩავიდნენ…. ამბობს, რომ „იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ძალიან ბევრი დაჭრილი ჰყავდათ. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როდესაც საქმეში რუსული საჰაერო ძალები ჩაერთნენ…
…ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად, ტყეში შესული ნანა ცხადაძე თავადაც მძიმედ დაიჭრა.
ნანა ცხადაძე: „ცა განათდა, ცეცხლის ალი დავინახე… წამიერად… სანამ აფეთქების ტალღამ შემატორტმანა, უამრავი დაღუპული და დასახიჩრებული ჯარისკაცის სურათი დამიდგა თვალწინ, შემდეგ უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. მხარსაც ვერ ვამოძრავებდი, ტკივილისგან გონებას ვკარგავდი…“
დაჭრილი ექიმი გორის ჰოსპიტალში ჩაიყვანეს, მარცხენა მხრის სახსარი მთლიანად დაუზიანდა. გორშივე ჩაუტარდა ოპერაცია. ბოლო წუთამდე ზრუნავდნენ, რომ მისთვის ხელი შეენარჩუნებინათ…
ნანა ცხადაძე: „სამკურნალო შვებულება ერთი წლის შემდეგ შევწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ ვადა კიდევ მაქვს… სახლში ჯდომა ფსიქოლოგიურად რთულია. თავს უფუნქციოდ გრძნობ. მე მიყვარს ჩემი საქმე, სამხედრო ფორმა და ჯარი. მაშინაც კი, როცა დაჭრილი სახლში რეაბილიტაციას გავდიოდი, ჯარში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ტკივილები სულ მაწუხებს, მაგრამ ჩემი სამსახური ჩემთვის ყველაფერია, ისევ ფორმა ჩავიცვი. მას შემდეგ ავღანეთშიც ვიყავი.
ქალისთვის სამხედრო სამსახური რთულია თუ არა, ამაზე ნანა ცხადაძეს საუბარი უჭირს. მაგრამ, აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმის სიყვარულისა და საკუთარი თავის რწმენის შემთხვევაში, ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლში ქალაქის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეები დაირგო. „მთავარ მაგისტრალზე პალმის, მაგნოლიას, დრაცანას და სხვა დეკორატიული მცენარეები, სულ 7 სახეობის 100-მდე ნერგი განთავსდა“-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აქციაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის და მერიის წინააღმდეგ. ორგანიზაცია დელფინარიუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, მომსახურების განსხვავებულ ტარიფებს ასაჩივრებდა.
„ჯერ არ ჩაგვბარებია სასამართლოს გადაწყვეტილება. უნდა გავეცნოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას, გავასაჩივრებთ, თუ არა. იურიდიულად სწორად უნდა მოვიქცეთ“ -უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის დელფინარიუმის დირექტორმა – დავით ლეკვეიშვილმა. მანამდე, სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია ფასთა შორის სხვობას შშმ პირებისთვის ინდივიდუალური მომსახურების აუცილებლობით ხსნიდა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი – ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ დელფინარიუმი იძულებული გახდება შეცვალოს დისკრიმინაციული პოლიტიკა: „სასამართლომ დაადასტურა დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის დელფინარიუმში. დადგინდა, რომ ფასთა შორის სხვაობა დისკრიმინაციულია. სასამართლოს მივმართეთ ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე“.
ბათუმის დელფინარიუმში 100 პროცენტიან წილს ბათუმის მერია ფლობს. შესაბამისად, ამ სასამართლო დავაში დელფინარიუმთან ერთად, მოპასუხე ბათუმის მერიაც იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1 მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, შემდეგ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციები, შემდეგ აშშ და სხვა ქვეყნები.
შმაგი ბოლქვაძემ (66) საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლატვიელი ნიკიტა მასიუკი 6-4 დაამარცხა.
ფედერაციის ინფორმაციით „საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი (85) დაეუფლა, ბრინჯაოს კი შმაგი ბოლქვაძე (66). საქართველოს ნაკრებმა კი საერთო გუნდურ ჩათვლაში 33 ქვეყანას შორის 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა“.
გაზეთ „ბათუმელების“ 7 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას 6 თქვის ბარბარეს შესახებ, მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთ “ბათუმელებს” უკავშირდებოდნენ როგორც საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც პატარა ბარბარეს ოჯახთან სურდათ დაკავშირება და დახმარება.
ექვსი თვის გოგონას დახმარების სურვილი გამოთქვეს სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში არსებული ჯგუფის: „ქართველი დედების კლუბის“ წევრებმა. მათ თბილისში შეაგროვეს საჩუქრები, რომლებიც დღეს, 13 მარტს, დილით გამოუგზავნეს ბარბარეს და მის ოჯახს.
საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევდა თეონა წიქარიშვილი. მის მიერ მოწოდებულ წერილში ვკითხულობთ:
„პატარა ბარბარეს შესახებ გაზეთ „ბათუმელებიდან“ შევიტყვეთ. სტატიის ავტორი, 7 მარტის ნომერში აღწერდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლაში რვასულიანი ოჯახის გასაჭირს, სადაც ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზეა. სამწუხაროდ ოჯახს დახმარებას სახელმწიფო არ უწევს. „ქართველი დედების ჯგუფი“ ფეისბუქზე არაოფიციალური სოციალური ერთობაა, სადაც დიდწილად დედები არიან გაერთიანებულნი. ამიტომაც, ერთ-ერთი დედის მიერ დადებული ამ სტატიის ბმულს დიდი შეშფოთებით შევხვდით. ისიც გაგვახსენდა, რომ 2013 წელს, 23 მარტს ბათუმში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილით გარდაიცვალა(!). ამიტომ, ყველანი ვეცადეთ რითაც შეგვეძლო დავხმარებოდით 6 თვის ბარბარეს და მის დას -წლინახევრის ანიტას. ზოგმა ტანსაცმელი მოიტანა, ბევრმა ფაფა და საკვები. ჩვენი ამანათი დღეს დილას გავაგზავნეთ იმ იმედით, რომ პატარებს მცირედით მაინც დავეხმარებით. თუმცა ამით არ ვაპირებთ დავასრულოთ ჩვენი აქტივობა. გვინდა გავაკეთოთ პეტიცია, რომელსაც ჩვენც მოვაწერთ ხელს და სოციალურ ქსელშიც დავაგზავნით. ამგვარად ვეცდებით მივაწვდინოთ ხმა სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ ამ ოჯახის მდომარეობით და კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარონ მათ. კიდევ ერთ ტრაგედიას ჩვენ ვერ დავუშვებთ და ვეჭვობთ მთავრობასაც სურდეს მსგავსი მორალურ-პოლიტიკური მარცხის განმეორება”.
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
თბილისელი მოხალისეების მიერ შეგროვებული საჭმელი და ნივთები ბარბარესათვის; 13 მარტი; თბილისი
ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს ის.
მთავრობამ ცვლილება „რეპრესიული ნარკოტიკული პოლიტიკის“ შეცვლის სახელით განახორციელა. მოთხოვნას წლების განმავლობაში აჟღერებდა „ზიანის შემცირების ქსელი“, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. არასამთავრობოებს მიაჩნდათ, რომ სწორედ იმის გამო, რომ საავადმყოფოდან ინფორმაცია პოლციას მიეწოდებოდა, ახლობლები ზედოზირებული პაციენტის საავდმყოფოში გადაყვანას ერიდებოდნენ.
დღეს ამ ორგანიზაციის წევრები იმ მიზეზებს ხსნიან, რის გამოც ცვლილებამ ვერ იმუშავა. „მთავარი ფაქტორი არის 112, საიდანაც აქვს წვდომა პოლიციას“, – ამბობს დალი უშარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ ხელმძღვანელი:
„ზედოზირების დროს ნარკოტიკის მომხმარებელი ძირითადად უგონო მდგომარეობაშია. მის გვერდით მყოფი ან შემხვედრი პირი რეკავს 112-ში და იძახებს სასწრაფო დახმარებას, ოპერატორი აუცილებლად სვამს კითხვას: სად არის პაციენტი. თუ ნარკოტიკის მომხმარებელი ამ დროს ქუჩაშია ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურის პარალელურად ეგზავნება პოლიციასაც, იმის მიუხედავად ზედოზირებით თუ სხვა მიზეზით არის ადამიანი უგონო მდგომარეობაში. თუ 112-ში შევა ინფორმაცია, რომ კომაშია ნარკოტიკის მომხმარებელი, მით უმეტეს გადაეცემა ინფორმაცია პოლიციას“.
იმავეს გვიყვება ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე: „თუ თავად პაციენტმა ან მისმა ახლობელმა არ დააფიქსირა 112-თან დაკავშირების დროს ნარკოტიკოს შესახებ, ჩვენ არაფერს ვამბობთ. თვეში დაახლოებით 2-3 გამოძახება გვაქვს ზედოზირებაზე, წლების წინაც ასე იყო“.
მიმართვიანობის მაჩვენებელი ვერც გაიზრდებოდა, რადგან ინფორმაციას ნარკოტიკის მომხმარებელ პირზე სამედიცინო დაწესებულებებიც გასცემენ. კლინიკაში მისვლის შემთხვევას, მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მისაღებში, თავად პოლიციელი დააფიქსირებს, რომელიც იქ მუდმივად იმყოფება. ინტოქსიკაციის დროს, პაციენტების დიდი ნაწილი სწორედ ამ კლინიკაში მიჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს.
„როდესაც ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, ვატყობინებთ პოლიციას. მაგ დროს გაურკვეველია, რისგანაა ინტოქსიკაცია. ვიძახებთ ნარკოლოგს, ასევე ტოქსიკოლოგს. ნარკოლოგმა უნდა დაადგინოს, არის თუ არა ინტოქსიკაცია ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული. შეიძლება სხვა შემთხვევა იყოს“, – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.
ნარკოლოგს ან ტოქსიკოლოგს არ აქვთ უფლება მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცველებს პაციენტის შესახებ. „არც ვაწვდი“, – ამბობს ნარკოლოგი მაია კონცელიძე. ტოქსიკოლოგმა ეკა სანიკიძემ კი, რომელიც გამოძახებით რამდენიმე სამედიცინო კლინიკას ემსახურება, გვითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატყობინებს პოლიციას, თუკი ნარკოტიკის მოხმარების ზედოზირების შემთხვევაში თვითმკვლელობის მცდელობა ფიქსირდება.
რატომ არ მიმართავენ კლინიკებს ნარკოტიკის მომხმარებლები, თუკი პოლიცია ამის შესახებ ვერ იგებს? – ექიმებს არ აქვთ ვერსია. მაია კონცელიძე, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთადერთი ნარკოლოგია, ამბობს, რომ გასულ წელს ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით ინტოქსიკაციის მხოლოდ 16, ხოლო წელს – ერთი შემთხვევა დაფიქსირდა:
„მქონია შემთხვევა, როცა რეანიმაციულ განყოფილებასთან მოსულა პოლიციელი და უცდია ინფორმაციის მიღება პაციენტის დიაგნოზის შესახებ. ვუხსნი, რომ ამის უფლება არ მაქვს. მახსენდება პაციენტიც, ვისაც უთქვამს, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასთან უბნის ინსპექტორი მივიდა და გამოძიება დაიწყო. პაციენტის დიაგნოზის შესახებ ჩანაწერს ვაკეთებ პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც არ ვიცი შემდეგ ვისთვისაა ხელმისაწვდომი“.
„ხელმისაწვდომია პროკურატურისთვის, თუკი გამოძიება ამას მოითხოვს“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. გამოდის, რომ ექიმის მხრიდან პაციენტის პირადი ინფორმაციის დაფარვა აზრს კარგავს. ეწინააღმდეგება თუ არა კლინიკის ეს მიდგომა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს?- ამ კითხვით ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართეთ, მაგრამ აქ გვითხრეს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვთ და პასუხს რამდენიმე დღეში მოგვწერენ. კონკრეტული პოზიცია ამ თემაზე ჩამოყალიბებული არ აქვს არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ .
პაციენტის დიაგნოზის შესახებ პოლიციას წვდომა რომ აქვს, დაგვიდასტურა სამედიცინო კლინიკა „მედინას“ დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემაც: „ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევა იშვიათია ჩვენთან. ინტოქსიკაციის დროს, ზუსტი დიაგნოზისთვის პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. სამხარაული აწვდის მერე ინფორმაციას პოლიციას“.
კიდევ ერთი კლინიკა, სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს მიჰყავს ზედოზირებით პაციენტი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოა. აქ „ბათუმელების“ კითხვებს საერთოდ არ უპასუხეს.
სამედიცინო კლინიკებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ძირითადად ნარკოტიკის იმ მომხმარებელს სჭირდება, რომელიც ნარკოტიკს პირველად იღებს, ტურისტია, ან ინფორმაცია არ აქვს იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მათ ანონიმურად დაეხმარება. ეს ორგანიზაციები (აჭარაში ასეთი ორგანიზაციაა კავშირი „იმედი“) პრეპარატ „ნალოქსონს“ ნარკოტიკის მომხმარებელს უფასოდ აძლევენ – „გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. „სამედიცინო პერსონალის გარეშე ნალოქსონის გამოყენება ბოლომდე უსაფრთხო არ არის, მაგრამ საუბარია ადამიანის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენაზე. ეს მედიკამენტი არის ტოქსიკური შოკიდან გამომყვანი. ნარკოტიკის ზედოზირება სწორედ ტოქსიკურ შოკს იწვევს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ პრეპარატი არ გვაქვს საკმარისი, ყველა მომხმარებელს რომ მივცეთ“, – გვითხრა „ახალი გზის“ ხელმძღვანელმა დალი უშარიძემ.
არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს სტატისტიკას ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების, ამ მიზეზით გარდაცვალების მაჩვენებლებზე. შეჯერებული ინფორმაცია ასევე არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური მზად იყო, „ბათუმელებისთვის“ ელექტრონული ფოსტით გადმოეგზავნა ინფორმაცია ზოგადი და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის (აქ ერთიანდება ნარკოტიკული ზედოზირება) შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც უწყების პრესსამსახურმა ჩვენი თემის შესახებ შეიტყო, ინფორმაციის დაუყონებლივ მოწოდებაზე, რაც კანონის მოთხოვნაა, უარი გვითხრეს.
ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს.
რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება: მთავრობა, კერძოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, ოფიციალური წერილით სთხოვს კონკრეტულ ქონებას, მისი განკარგვის ან გაყიდვის მიზნით. მერია ამზადებს შესაბამისი შინაარსის განკარგულებას საკრებულოს სხდომაზე გასატანად და წარმომადგენლობითი ორგანოც თანხმობას გასცემს.
კონკრეტული პროექტისა და ინვესტორის პარტნიორად აჭარის მთავრობა გამოდის: შესაბამისი უწყებების პირველი პირები, ხშირად, სამშენებლო პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალში მონაწილეობენ და მისი დასრულების შემდეგ, არც წითელი ლენტის გაჭრის შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან. ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები ამგვარ ცერემონიალებზე სტუმრების სტატუსს ჯერდებიან.
ამ ტენდენციის საილუსტრაციო ბოლო ფაქტი ერთი თვის წინ დაფიქსირდა – მთავრობამ ე.წ. ჭაჭის კოშკისა და საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის განვითარების პროექტის შესყიდვა დაგეგმა და მერიას ტერიტორია სთხოვა. თუმცა, ფინასთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის შესაბამის წერილში კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.
დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰექტარია, მათ შორის 0,93 ჰექტარი არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინისტრი დავით ბალაძე მერისთვის მიწერილ წერილში წერს, რომ ტერიტორია ფუნქციურად არ არის დატვირთული და არც კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩატარებული. არადა, ტერიტორია ტურისტების სამარშრუტო კონტურში მოქცეულია.
ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა და მას შემდეგ ამოიღო, რაც მისით საკრებულოს ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ და შეეწინააღმდეგენ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკრებულომ მთავრობის მოთხოვნის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღო. ეს უარს არ ნიშნავს.
„გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე და თქვა – 15 მეტრი სიმაღლის შენობებზე გვაქვს გათვლა და ჭაჭის კოშკის მიმდებარე კვარტალურ დაგეგმარებას ვაპირებთო, ბუტიკებს გავხსნიო. ხაბაძეს ბუტიკი მონაპოვარი ჰგონია და ფიქრობს, რომ ბუტიკს თუ გახსნის, ამით ყველაფერი მოგვარდება. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? – ქონება, რომელსაც მთავრობა ჭაჭის კოშკის მიმდებარედ თავის საკუთრებად ასაღებს, მთავრობისთვის ქალაქს გადაცემული აქვს პირობით. დოკუმენტში წერია, რომ თუკი პირობით გასხვისება არ მოხდება, ის უნდა დაბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში“, – ამბობს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე.
მისთვის მთავრობის პოლიტიკა თვითმმართველი ქალაქის მიმართ მიუღებელია: “ამ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებდით დეცენტრალიზაციის პროცესს, სადაც თვითმმართველობები იქნებოდა რეალური, მაგრამ საბოლოო სახე, რაც მისცეს კანონს, არის სასაცილო იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური თვითმმართველობა. მივიღეთ საკრებულო, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. მივიღეთ მერი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე უამრავი რამ შეუძლია და მათ შორის არის ქონების განკარგვაც… მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს უამრავი ქონება, რომელიც წაიღო ლევან ვარშალომიძემ (აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე) და ვერ განკარგა. ამ ქონებებს აჭარის მთავრობას აძლევდნენ კონკრეტული პირობით და ახლაც იმავე ქონების განკარგვა სურს აჭარის მთავრობას“.
პირობა, რაც 2010 წელს ბათუმის საკრებულომ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ განკარგულებაში ჩაწერა, აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ მისი პირდაპირი წესით გასხვისებას ითვალისწინებდა. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში ქონება თვითმმართველ ქალაქს უნდა დაბრუნებოდა.
რატომ არ შეიძლება, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კონცეფცია შეისყიდოს ბათუმის მერიამ და არა მთავრობამ? – მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი გოგა ლომაძე პასუხობს, რომ საუბარია ერთიანი კონცეფციის შემუშავებაზე, რასაც მერია ვერ გააკეთებს: „ეს ტერიტორია ერთიანად უნდა განვითარდეს. იქ ნახევარზე მეტი ფართობი აჭარის ქონებაა“. ქონების უკან დაბრუნებას (იმ მიზეზით, რომ მთავრობამ ვალდებულება ვერ შეასრულა და ის პირდაპირი მიყიდვის წესით ვერ განკარგა) გოგა ლომაძე არც კი განიხილავს. მიზეზი – განკარგულებაში ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული.
ამ დოკუმენტს ხელს აწერს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. დღეს ის ისევ საკრებულოშია `ნაციონალური მოძრაობიდან~, მაგრამ ჭაჭის კოშკის ტერიტორიის განვითარების კონცეფციის მთავრობის მიერ შესყიდვას ახლა მხარს არ უჭერს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით კი, რეესტრის მიხედვით ქონება ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მთავრობის საკუთრებაა, ყოველგვარი პირობის გარეშე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ მთავრობის დამოკიდებულება და მერიის, ასევე საკრებულოს პასიური როლი მუნიციპალური ქონების განკარგვისა და სხვა საკითხების მიმართ თვითმმართველობის როლს აკნინებს:
„ის, რომ აჭარის მთავრობა დიდი სიხშირით მიმართავს მერიას ქონების მისაღებად, კანონის ჩარჩოებში ჯდება. ცხადია, შეიძლება კითხვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მერიასაც აქვს უფლება განკარგოს თავისი ქონება, რატომ არ სარგებლობს ამ უფლებით? – ალბათ უპრიანი იქნება, თუ ამ კითხვას მერიის შესაბამისი სამსახური უპასუხებს“.
კითხვებს ბათუმის მერი არ პასუხობს, ძირითადად მოუცლელობის მიზეზით, საკრებულოს უმრავლესობა კი, ქონების გადაცემას ხშირად კითხვების გარეშე თანხმდება.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუ ბათუმის თვითმმართველობა რეალურად შეასრულებს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება “მთავრობა ჰაერში ჩამოკიდებული აღმოჩნდეს“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ მოხელეებს, სავარაუდოდ, მფარველები ჰყავდათ სამინისტროშიც.
მოხელე, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში და ამის მიუხედავად ხელფასთან ერთად დანამატსაც უხდიდნენ, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ზაზა ცეცხლაძეა. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზაზა ცეცხლაძისთვის დანამატის გაცემაზე უშუალოდ აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ღოღობერიძე ზრუნავდა. ფაქტი 2015 წლის მაის-ივნისში დაფიქსირდა, ხოლო იმავე წლის აპრილში ზაზა ცეცხლაძე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. მისთვის დანამატის გაცემაზე შუამდგომლობა ვახტანგ ღოღობერიძემ ამ პერიოდშიც გასცა. გარემოს დაცვის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვახტანგ ღოღობერიძემ თავისი ქცევა აუხსნა როგორც „გამოუცდელობა“ და „უყურადღებობა“~.
საქმე იმაშია, რომ ზაზა ცეცხლაძე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში – ის არც მეტი არც ნაკლები, ვახტანგ ღოღობერიძის დეპარტამენტის ხელმძღვანელად „ხელახლა დანიშვნას“ აპროტესტებდა (ვახტანგ ღოღობერიძეს დეპარტამენტის მართვა მეორედ 2015 წლის გაზაფხულიდან ჩააბარეს).
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დანიშვნას წინ უსწრებდა ერთი გაუხმაურებელი სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივლისში: მაშინ სწორედ ზაზა ცეცხლაძის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე გადააყენეს ვახტანგ ღოღობერიძე (მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვახტანგ ღოღობერიძე ორჯერ დაინიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად).
პირველჯერზე, ანუ 2014 წლის 21 მაისის ღამეს, მორიგე ჯგუფმა – ზაზა ცეცხლაძემ და გიორგი ტაკიძემ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთში შპს „გზის“ მიერ ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სპეციალისტებმა იმავე ღამეს ამის შესახებ აცნობეს გიგა ბლიაძეს, რომელიც იმ დროისთვის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი იყო. თავის მხრივ, გიგა ბლიაძემ მიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვახტანგ ღოღობერიძეს, რომელმაც ბლიაძეს განუმარტა, რომ შპს „გზა“ ასრულებდა არა მოპოვებით, არამედ ნაპირგამაგრებით სამუშაოებს მდინარე კინკიშაზე (დოკუმენტის მიხედვით, სინამდვილეში შპს „გზა“ სწორედაც რომ მოპოვებით სამუშაოებს ატარებდა უკანონოდ)… ანუ ხელმძღვანელმა ძალღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ შეცდომაში შეეყვანა მასზე დაქვემდებარებული პირი, ამ შემთხვევაში გიგა ბლიაძე, რომელიც სიტუაციას კარგად იმიტომ არ იცნობდა, რომ თბილისიდან იყო მოვლენილი.
ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დაპირისპირება მხარეებს შორის 21 მაისის ღამით არ დასრულებულა – თანამშრომლებმა ქობულეთში გამოვლენილ ფაქტზე შეადგინეს დოკუმენტები, გადაიღეს ფოტომასალები და ფაქტის შესახებ აცნობეს მონიტორინგის სამსახურს. თანამშრომლებს მხარს უჭერდა გიგა ბლიაძეც. აღნიშნული მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი მაინც იმით დასრულდა, რომ 21 მაისის ფაქტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება განადგურდა.
აი, რა წერია ამ სკანდალის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში: „ზემოაღნიშნული დოკუმენტები ინახებოდა ერთ-ერთი თანამშრომლის კომპიუტერში, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ მასალებს [გარემოსდაცვით] სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარადგენდა არაუგვიანეს 2015 წლის 14 სექტემბრისა… აუდიოფაილების წარდგენა არ განხორციელებულა… გარდა ამისა, სასამართლოში გადაგზავნილ მასალებში არ იძებნება 2014 წლის 21 მაისს, შემთხვევის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებისგან მიღებული ახსნა-განმარტება, ხოლო შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა, ასევე თანამშრომლის განმარტებით განადგურდა, ვინაიდან ელმატარებელი, რომელზეც ინახებოდა ფოტომასალა, დაიწვა“.
სწორედ ამიტომ მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამ დარღვევის დეტალებს სწავლობდა, იძულებული გახდა მხოლოდ სამართალდამრღვევი კომპანიის თანამშრომლების ახსნა-განმარტებას დაყრდნობოდა, „რომლითაც უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა განისაზღვრა 500 მ3-ით“. არადა, სპეციალისტები, რომლებმაც ეს დარღვევა გამოავლინეს, ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ 1000 მ3 ქვიშა-ღორღი ჰქონდა კომპანიას უკანონოდ მოპოვებული და გატანილი.
კანონით, წიაღისეულის აღნიშნული ოდენობით უკანონოდ მოპოვება შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე სწორედ იმიტომ არ მოხდა, რომ დოკუმენტი შედგა არა 1000 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ინერტულ მასალაზე, არამედ – 500 მ3-ზე. შესაბამისად, საქმე იმით დასრულდა, რომ დააჯარიმეს კომპანია, მაგრამ არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
ფაქტიდან მალევე ვახტანგ ღოღობერიძემ თქვა, რომ ის „დაიღალა“ და „დასვენებას“ აპირებდა, ანუ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. გიგა ბლიაძე კი თბილისში გადაიყვანეს.
თუმცა, ამ სკანდალიდან რამდენიმე თვეში, გარემოსადმცველი ზოგიერთი მოხელისთვის მოულოდნელად, ვახტანგ ღოღობერიძე ისევ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია თანამშრომელთა ერთი ჯგუფის გაღიზიანება, მათ შორის იყო ზაზა ცეცხლაძეც, რომელმაც პროტესტის ფორმად სამსახურში მისვლაზე უარის თქმა აირჩია.
ბანაკებად გაყოფილ საჯარო უწყებაში მორიგი გაუხმაურებელი სკანდალი ვახტანგ ღოღობერიძის დანიშვნიდან მალევე მოხდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარემოს დაბინძურების ფაქტს. თანამშრომლებმა ხელმძღვანელი ამჯერადაც ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულეს.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 9 ივლისს მდინარე ჭოროხზე გარემოსდამცველებმა დააფიქსირეს ფაქტი, როცა ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანები მდინარე ჭოროხს აბინძურებდა. ამის შესახებ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ხელმძღვანელს აცნობა. დოკუმენტში წერია, რომ ხელმძღვანელის მითითებით ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს სამართალდამრღვევები და ოქმი შეადგინეს, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ: „სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა 2015 წლის 09 ივლისს, რა დროისთვისაც შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა სამართალდარღვევის მასალებს მსვლელობა არ მიეცა და არც საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა. ფაქტი დარჩა რეაგირების გარეშე მანამდე, ვიდრე სამართალდარღვევის მასალები 2015 წლის 17 აგვისტოს არ აღმოაჩინა აჭარის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდის დალაგების პროცესში.
სამმართველოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ, აჭარის სამმართველოს უფროსთან შეთანხმების გარეშე, შეატყობინა შიდა აუდიტის დეპარტამენტს 19 აგვისტოს და საქმის მასალები ატვირთა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში“.
ხელმძღვანელი, ვისი მაგიდიდანაც დოკუმენტები აიღო თანამშრომელმა და სისტემაში ატვირთა, ამჯერადაც ვახტანგ ღოღობერიძე იყო.
მასალები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულით გათვალისწინებულ ნიშნებს, გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში. ეს მასალები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიუწოდებია პროკურატურისთვის. მთავარი პროკურატურა იძიებს თუ არა ამ ფაქტს, „ბათუმელებისთვის“ უცნობია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის მიღება მთავარი პროკურატურიდან შეუძლებელია.
რაც შეეხება ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ტენდენციას – იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ ინერტული მასალების უკანონო მოპოვების პროცესში არც თუ იშვიათად ჩართულნი არიან სახელმწიფო მოხელეები. თუმცა იმის გამო, რომ ეს სპეციპიკური სფეროა, სამართალდარღვევის გამოვლენა თუ დადასტურება ძალიან ჭირს.
ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით ჩატარდა ბსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს შორის. კვლევის შედეგები უკვე ცნობილია: სულ გამოიკითხა ოთხივე კურსის 203 სტუდენტი. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი დათო ფარტენაძე ამბობს, კვლევის შედეგები ცნობილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კი კვლევას მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის შეფასებით, აღნიშნული კვლევა „აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატურია არსებულ სიტუაციასთან“, ხოლო ადმინისტრაციისთვის მინიჭებული 5.98 ქულა 10-დან შეიძლება დადებითად შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვას – „შეაფასეთ ამ სტრუქტურების მუშაობა ათბალიანი სისტემით: ადმინისტრაცია; თვითმმართველობა“ – მერაბ ხალვაში ბუნდოვნად მიიჩნევს. „მე ხომ არ ვიცი 5.98 ქულაში რა იგულისხმება, არ ვიცი ამ მინუს 4.02-ით ვინ ფასდება: ფაკულტეტის სამდივნოს მუშაობა, ფაკულტეტის დეკანატის მუშაობა, ფაკულტეტის ხარისხი, უნივერსიტეტის ლექტორატი თუ ვინ. აი, ეს არ ჩანს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
კვლევის ამ შედეგის დადებითად შეფასების საფუძველს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს წინა წლების გამოცდილება აძლევს. იგი ამბობს, რომ სტუდენტები ხშირად აგრესიულადაც კი იყვნენ განწყობილი ადმინისტრაციის მიმართ, რაც, ძირითადად, გაუმართავი ინფრასტრუქტურით იყო გამოწვეული. მისი თქმით, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, ტექნიკისა და ლაბორატორიების გამართვამ შეცვალა ძველი დამოკიდებულება და შედეგზეც აისახა. მერაბ ხალვაშმა ასევე იმსჯელა ანკეტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა შეცვლილი შეფასების სისტემის მუშაობას:
„წარმოიდგინეთ კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, შეფასების არსებულ სისტემას (იგულისხმება ახალი სისტემა) შეუძლია თუ არა თქვენი რეალური ცოდნის მაქსიმალურად ასახვა“, 10%-მა უპასუხა, რომ მაქსიმალურად შეუძლია ასახვა, ხოლო 57%-მა ნაწილობრივ შეუძლიაო. ანუ 67%-მა გასცა დადებითი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, უკვე კარგი შედეგია, რადგან თავდაპირველად სტუდენტების დიდი ნაწილი ამ სისტემის წინააღმდეგი იყო“, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ, როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს [მიუხედავად იმისა, რომ შეფასების სისტემაში შეტანილია მრავალფეროვანი მეთოდოლოგიით სასწავლო პროცესების წარმართვა], ზოგიერთი ლექტორი კვლავ ე.წ. ზეპირი გამოკითხვის მეთოდით სარგებლობს, რაც, მერაბ ხალვაშის თქმით, მოძველებულია. მერაბ ხალვაშის თქმით, სწორედ ამ საკითხის მონიტორინგს განახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მიმდინარე სემესტრიდან, რათა პრობლემა აღმოიფხვრას და ყველა ის მეთოდი გამოიყენონ, რაც სილაბუსშია მითითებული.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტების ამ აქტივობით კმაყოფილია. მისი თქმით, უკვე დროა ახალი სტუდენტური თვითმმართველობისგანაც წამოვიდეს მსგავსი საინიციატივო თუ სარეკომენდაციო კვლევები. მერაბ ხალვაში სტუდენტური თვითმმართველობის შეფასებასაც პროგრესულს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს პრობლემებზეც, – რომ, მაგალითად, დეკანები ჩივიან ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე უფლებამოსილი სტუდენტების დაუსწრებლობის გამო.
„მე ვაპირებ ეტაპობრივად შევხვდე მათ, ფაკულტეტების მიხედვით და ვესაუბრო პრობლემებზე, იმ ხარვეზებზე, რაც არის ჩვენთან და მოვისმინო მათი ხედვები, ასევე შემდეგ წარვუდგინო ჩვენიც, რომ შევაჯეროთ“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მეორე ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ჯინჭარაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში თვითმმართველობაც დაიწყებს მსგავს კვლევებზე მუშაობას. კვლევის შედეგებზე კი ამბობს, რომ ყველას თავისი აზრი აქვს. „ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხუთიანზე არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ სტუდენტის ინტერესებზე იყოს ორიენტირებული, რომ ეს ინტერესები დავიცვათ ადმინისტრაციასთან მიმართებაშიც. ამისთვის ვართ თვითმმართველობა, რომ ნებისმიერ საკითხში სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ და მათი ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს გიორგი ჯინჭარაძე.
კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, ირაკლი ჯაფარიძის თქმით, საინიციატივო ჯგუფმა წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაწყვიტა კვლევის ჩატარება. კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში.
2015 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 43 კომპანია დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია გამგეობამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაატარა. გარდა ჯარიმისა, ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წელს ხულოს გამგეობამ ორ კომპანიასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი ორივე კომპანია შავ სიაში გადაიყვანა. კომპანიების ჯარიმის საერთო რაოდენობამ გასულ წელს ხულოში 85 866 ლარი შეადგინა.
ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძე“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის შავ სიაში 5 იანვრიდან ირიცხება. ინდმეწარმის შავ სიაში მოხვედრის მიზეზი ის შეუსრულებელი სამუშაო გახდა, რაც გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით აიღო და არ განახორციელა.
ხულოს გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძეს“ 2015 წელს ხულოში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ჰქონდა აღებული, მათ შორის ერთ-ერთი ძვირადღირებული, 299 731-ლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტი – სანიაღვრე არხების მოწყობა იყო.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს სანიაღვრე არხები 15 ნოემბრამდე უნდა გაეკეთებინა, თუმცა სამუშაოები საერთოდ არ დაიწყო – ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ხულოში გასულ წელს ჩავარდა. ზაზა აბულაძის თქმით, სანიაღვრე არხების გარდა მას სოფელ განახლების მიმართულებით კიბეები უნდა მოეწყო, რაც ნაწილობრივად შეასრულა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 ნოემბერს აცნობა, რომ „ბაჩი ბოლქვაძემ“ 2015 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და მეწარმესთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამის საფუძველზე შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ინდმეწარმე შავ სიაში შეიყვანა.
ხულოს გამგეობამ ხელშეკრულება 2015 წელს შპს „Aრცჰიტეცტურალ Hოუსე“-საც შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ამ კომპანიასთანაც ტენდერით აღებული სამუშაოების შეუსრულებლობა გახდა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 18 ნოემბერს 7 779 ლარზე გამოაცხადა. პროექტების მოსამზადებლად ხელშეკრულება ხულოს გამგეობასა და შპს „Aრცჰიტეცტურალ Hოუსე“-ს შორის 4 718 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულებით კომპანიას სოფლებში: საციხურში, უჩხოში, ქედლებში, ბეღლეთსა და ხიხაძირში სპორტულ მინიმოედნებზე ხელოვნური საფარის მოსაწყობად, სოფელ ვერნებში წყალსადენის რეაბილიტაციისა და სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციული შენობის ბაგა-ბაღად გადაკეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 25 დეკემბრამდე უნდა მოემზადებინა. კომპანიამ პირობა არ შეასრულა. ამიტომ სააგენტომ ის შავ სიაში გადაიყვანა.
2015 წელს ხულოში 21 შპს და 22 ინდმეწარმე დააჯარიმეს. დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა: შპს „დიოკნისი“, რომელმაც გასულ წელს სოფელ ღურტაში საბავშვო ბაღი ააშენა; შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“, რომელმაც სოფელ ქედლებში საბავშვო ბაღის მშენებლობა და დაბის წყალსადენების რეაბილიტაცია დააგვიანა; 2015 წელს 1360 ლარით დაჯარიმდა შპს „თამუნა“, რომელმაც სოფელ ვერნებში მოსაცდელი გააკეთა. დაჯარიმდნენ ინდმეწარმეები: ბექა აბაშიძე, ვაჟა ქამადაძე, ვახტანგ სურმანიძე, თემურ ჯაიანი, მურმან ჯორბენაძე, ნოდარ ზოიძე… სულ 22 ინდმეწარმე.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხით – 12081.63 ლარით შპს „ლაპოტი 2012“ დაჯარიმდა, რომელსაც მოსდევს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ – 10244.88 ლარით. ყველაზე ნაკლები – 13 ლარითა და 11 თეთრით ინდმეწარმე ვახტანგ სურმანიძე დაუჯარიმებიათ; 17 ლარით და 30 თეთრით კი ინდმეწარმე იგორ ხალვაში დაჯარიმდა.
რატომ ვერ ასრულებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კომპანიები ხულოში დროულად? – დაჯარიმებულ კომპანიათა დირექტორების უმრავლესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. დაჯარიმებულ შპს „ტერა“-ს დირექტორი თემურ ცეცხლაძე კი ამბობს, რომ ერთადერთი ხელშემშლელი ფაქტორი კლიმატური პირობებია. კომპანიის დირექტორის თქმით, სხვა ბარიერი არ არსებობს.
„გასულ წელს რამდენიმე ობიექტი მქონდა ხულოში ტენდერით აღებული, მათ შორის სოფელ დიდაჭარაში სტადიონის მოწყობა. ამ ობიექტზე დავჯარიმდი, ჯარიმის მიზეზი ვადაგადაცილება იყო. მშენებელმა, ვინც დაქირავებული მყავდა, დროულად არ ვერ შეასრულა სამუშაო, ჯარიმა 1000 ლარამდე იყო“, – ამბობს თემურ ცეცხლაძე.
ზაზა აბულაძე გასულ წელს შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით შესრულების ხარისხი გაზრდილია: „მართალია, წინა წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესრულების ხარისხი მაღალია, მაგრამ არ არის კარგი, როცა 82 შემსრულებლიდან 43 ჯარიმდება. 2015 წელს ზოგიერთმა კომპანიამ სამი დღით, ზოგიერთმა ერთი კვირით, ზოგიერთმაც ერთი თვის დაგვიანებით დაასრულა ობიექტი. კომპანიები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ დააჩქარებენ სამუშაოებს და უხარისხოდ შეასრულებენ. ყოველ შემთხვევაში, ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესრულების ხარისხზე დაწერილ დასკვნას ვითხოვთ, რის საფუძველზეც მიმღები კომისია ობიექტს იბარებს“.
ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 2010 წელს კომპანიების დაჯარიმებით მიღებული თანხა ხულოს მუნიციპალიტეტში 419 ლარი იყო, 2011 წელს – 416.22, 2012 წელს – 10 729.34, 2013 წელს – 6450.26, ხოლო 2014 წელს – 72 105.87 ლარი.