მთავარი,რეკლამა

ნანა ცხადაძე, სერჟანტი, აგვისტოს ომის ვეტერანი

14.03.2016 •
ნანა ცხადაძე, სერჟანტი, აგვისტოს ომის ვეტერანი

,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი“

ნანა ცხადაძე იმერეთის პატარა სოფელში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა, სწავლა კი სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის დასრულების შემდეგ მომავალი ჯარისკაცი, 5 წლის განმავლობაში, თავისი პროფესიით სამოქალაქო მიმართულებით, კათედრაზე მუშაობდა.

ნანა ცხადაძე: „როდესაც კარიერის სამხედრო მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ამის მიუხედავად, ოჯახი გაგებით მოეკიდა ჩემს არჩევანს. გადაწყვეტილება დიდწილად ჩემივე ოჯახის წევრებმა განაპირობეს, ძმამ და ბიძაშვილმა, რომლებიც ასევე სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ“.

ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა. ამისთვის ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია. ფორმა ჩაიცვა და მუშაობა კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბრიგადაში დაიწყო.

ნანა ცხადაძე: „გაცნობიერებული მქონდა, რომ სამხედრო ცხოვრება სამოქალაქოსგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რაც მჭირდებოდა და მინდოდა – მთელი ჩემი კარიერა სამხედრო სამსახურისთვის მიმეძღვნა…

თავდაპირველად, კოჯრის დანიშნულების ბრიგადაში, სამედიცინო პუნქტში აფთიაქის უფროსი ვიყავი, შემდეგ მთელი 6 წლის განმავლობაში ბატალიონის ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. პერიოდულად ვემზადებოდით სამშვიდობო მისიებისთვის, ერაყისთვის…“

ნანა ცხადაძე აგვისტოს ომის ვეტერანია. ომამდე სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში. შემდეგ 7 თვის განმავლობაში ცხინვალში, მესამე სამშვიდობო ბატალიონის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

ნანა ცხადაძე: „გავყურებდი დაკარგულ ტერიტორიებს. რთულია როდესაც უყურებ შენს ტერიტორიებს, სადაც გადასვლის უფლებაც კი არ გაქვს. ეს ერთგვარ სინანულსაც იწვევს და გიჩნდება სურვილი, რომ ცვლილებაში ჩაერთო, შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის გამთლიანების საქმეში. ეს უმთავრესია, როდესაც შენი ქვეყნის ჯარიკაცი ხარ…“

…2008 წლის ექვს თუ შვიდ აგვისტოს, ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. მოსამზადებელი წვრთნიდან დაბრუნდნენ. მომქანცველი სამუშაო დღის დასასრულს მოულოდნელად ბაზაზე გამოიძახეს. აგვისტოს ომამდე სამშვიდობო მისიებში მყოფ ნანა ცხადაძეს, დაჭრილ სამხედროებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ნანა ცხადაძე: „იქაც მოჰყავდათ ადგილობრივი დაჭრილები, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთ რთულ და მძიმე სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი. იმ დღესვე ომი დაიწყო. უცებ გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე….

…დილით ქვედანაყოფი ხეთაგუროვოში შევიდა.

პირველივე საბრძოლო სიტუაციაში ძალიან მალე აღმოვჩნდით. უმცროსმა ლეიტენანტმა, ზურაბ ბეგიაშვილმა, რომელიც 1 თვის მოსული იყო, ჩასაფრება შენიშნა…“
ჩასაფრების მოგერიება, გადარჩენა, დაჭრილთა მოვლა-პატრონობა გზაში და მათი ევაკუაცია…ექიმები ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ, ცხინვალის ყველაზე ცხელი წერტილისკენ საიდანაც გამოძახება მიიღეს…

nana cxadadze

ნანა ცხადაძე

ნანა ცხადაძე: „ოთხნი ვიყავით – ორი მამაკაცი და ორი ქალი. რომ გვითხრეს, ერთი ექიმი ჩამოვიდესო, ერთმანეთს გადავხედეთ. ცხელი წერტილისკენ წასვლა, რა თქმა უნდა, ოთხივეს გვინდოდა. სამივეს გადავხედე, ერთი მარტოხელა დედა იყო, ავთოს თვეების ბავშვი ელოდებოდა სახლში, ზურა დედისერთა იყო, ჩემს მშობლებს კი, ჩემ გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს და ის, ვინც წინა ხაზზე უნდა გასულიყო – მე უნდა ვყოფილიყავი…“

მარტო არ გაუშვეს… ცხინვალში ერთად ჩავიდნენ…. ამბობს, რომ „იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ძალიან ბევრი დაჭრილი ჰყავდათ. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როდესაც საქმეში რუსული საჰაერო ძალები ჩაერთნენ…

…ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად, ტყეში შესული ნანა ცხადაძე თავადაც მძიმედ დაიჭრა.

ნანა ცხადაძე: „ცა განათდა, ცეცხლის ალი დავინახე… წამიერად… სანამ აფეთქების ტალღამ შემატორტმანა, უამრავი დაღუპული და დასახიჩრებული ჯარისკაცის სურათი დამიდგა თვალწინ, შემდეგ უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. მხარსაც ვერ ვამოძრავებდი, ტკივილისგან გონებას ვკარგავდი…“

დაჭრილი ექიმი გორის ჰოსპიტალში ჩაიყვანეს, მარცხენა მხრის სახსარი მთლიანად დაუზიანდა. გორშივე ჩაუტარდა ოპერაცია. ბოლო წუთამდე ზრუნავდნენ, რომ მისთვის ხელი შეენარჩუნებინათ…

ნანა ცხადაძე: „სამკურნალო შვებულება ერთი წლის შემდეგ შევწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ ვადა კიდევ მაქვს… სახლში ჯდომა ფსიქოლოგიურად რთულია. თავს უფუნქციოდ გრძნობ. მე მიყვარს ჩემი საქმე, სამხედრო ფორმა და ჯარი. მაშინაც კი, როცა დაჭრილი სახლში რეაბილიტაციას გავდიოდი, ჯარში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ტკივილები სულ მაწუხებს, მაგრამ ჩემი სამსახური ჩემთვის ყველაფერია, ისევ ფორმა ჩავიცვი. მას შემდეგ ავღანეთშიც ვიყავი.

ქალისთვის სამხედრო სამსახური რთულია თუ არა, ამაზე ნანა ცხადაძეს საუბარი უჭირს. მაგრამ, აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმის სიყვარულისა და საკუთარი თავის რწმენის შემთხვევაში, ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი