კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

13.03.2016 • 3185
როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ მოხელეებს, სავარაუდოდ, მფარველები ჰყავდათ სამინისტროშიც.

მოხელე, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში და ამის მიუხედავად ხელფასთან ერთად დანამატსაც უხდიდნენ, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ზაზა ცეცხლაძეა. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზაზა ცეცხლაძისთვის დანამატის გაცემაზე უშუალოდ აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ღოღობერიძე ზრუნავდა. ფაქტი 2015 წლის მაის-ივნისში დაფიქსირდა, ხოლო იმავე წლის აპრილში ზაზა ცეცხლაძე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. მისთვის დანამატის გაცემაზე შუამდგომლობა ვახტანგ ღოღობერიძემ ამ პერიოდშიც გასცა. გარემოს დაცვის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვახტანგ ღოღობერიძემ თავისი ქცევა აუხსნა როგორც „გამოუცდელობა“ და „უყურადღებობა“~.

საქმე იმაშია, რომ ზაზა ცეცხლაძე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში – ის არც მეტი არც ნაკლები, ვახტანგ ღოღობერიძის დეპარტამენტის ხელმძღვანელად „ხელახლა დანიშვნას“ აპროტესტებდა (ვახტანგ ღოღობერიძეს დეპარტამენტის მართვა მეორედ 2015 წლის გაზაფხულიდან ჩააბარეს).

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დანიშვნას წინ უსწრებდა ერთი გაუხმაურებელი სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივლისში: მაშინ სწორედ ზაზა ცეცხლაძის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე გადააყენეს ვახტანგ ღოღობერიძე (მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვახტანგ ღოღობერიძე ორჯერ დაინიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად).

პირველჯერზე, ანუ 2014 წლის 21 მაისის ღამეს, მორიგე ჯგუფმა – ზაზა ცეცხლაძემ და გიორგი ტაკიძემ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთში შპს „გზის“ მიერ ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სპეციალისტებმა იმავე ღამეს ამის შესახებ აცნობეს გიგა ბლიაძეს, რომელიც იმ დროისთვის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი იყო. თავის მხრივ, გიგა ბლიაძემ მიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვახტანგ ღოღობერიძეს, რომელმაც ბლიაძეს განუმარტა, რომ შპს „გზა“ ასრულებდა არა მოპოვებით, არამედ ნაპირგამაგრებით სამუშაოებს მდინარე კინკიშაზე (დოკუმენტის მიხედვით, სინამდვილეში შპს „გზა“ სწორედაც რომ მოპოვებით სამუშაოებს ატარებდა უკანონოდ)… ანუ ხელმძღვანელმა ძალღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ შეცდომაში შეეყვანა მასზე დაქვემდებარებული პირი, ამ შემთხვევაში გიგა ბლიაძე, რომელიც სიტუაციას კარგად იმიტომ არ იცნობდა, რომ თბილისიდან იყო მოვლენილი.

ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დაპირისპირება მხარეებს შორის 21 მაისის ღამით არ დასრულებულა – თანამშრომლებმა ქობულეთში გამოვლენილ ფაქტზე შეადგინეს დოკუმენტები, გადაიღეს ფოტომასალები და ფაქტის შესახებ აცნობეს მონიტორინგის სამსახურს. თანამშრომლებს მხარს უჭერდა გიგა ბლიაძეც. აღნიშნული მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი მაინც იმით დასრულდა, რომ 21 მაისის ფაქტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება განადგურდა.

აი, რა წერია ამ სკანდალის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში: „ზემოაღნიშნული დოკუმენტები ინახებოდა ერთ-ერთი თანამშრომლის კომპიუტერში, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ მასალებს [გარემოსდაცვით] სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარადგენდა არაუგვიანეს 2015 წლის 14 სექტემბრისა… აუდიოფაილების წარდგენა არ განხორციელებულა… გარდა ამისა, სასამართლოში გადაგზავნილ მასალებში არ იძებნება 2014 წლის 21 მაისს, შემთხვევის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებისგან მიღებული ახსნა-განმარტება, ხოლო შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა, ასევე თანამშრომლის განმარტებით განადგურდა, ვინაიდან ელმატარებელი, რომელზეც ინახებოდა ფოტომასალა, დაიწვა“.

სწორედ ამიტომ მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამ დარღვევის დეტალებს სწავლობდა, იძულებული გახდა მხოლოდ სამართალდამრღვევი კომპანიის თანამშრომლების ახსნა-განმარტებას დაყრდნობოდა, „რომლითაც უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა განისაზღვრა 500 მ3-ით“. არადა, სპეციალისტები, რომლებმაც ეს დარღვევა გამოავლინეს, ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ 1000 მ3 ქვიშა-ღორღი ჰქონდა კომპანიას უკანონოდ მოპოვებული და გატანილი.

კანონით, წიაღისეულის აღნიშნული ოდენობით უკანონოდ მოპოვება შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე სწორედ იმიტომ არ მოხდა, რომ დოკუმენტი შედგა არა 1000 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ინერტულ მასალაზე, არამედ – 500 მ3-ზე. შესაბამისად, საქმე იმით დასრულდა, რომ დააჯარიმეს კომპანია, მაგრამ არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
ფაქტიდან მალევე ვახტანგ ღოღობერიძემ თქვა, რომ ის „დაიღალა“ და „დასვენებას“ აპირებდა, ანუ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. გიგა ბლიაძე კი თბილისში გადაიყვანეს.

თუმცა, ამ სკანდალიდან რამდენიმე თვეში, გარემოსადმცველი ზოგიერთი მოხელისთვის მოულოდნელად, ვახტანგ ღოღობერიძე ისევ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია თანამშრომელთა ერთი ჯგუფის გაღიზიანება, მათ შორის იყო ზაზა ცეცხლაძეც, რომელმაც პროტესტის ფორმად სამსახურში მისვლაზე უარის თქმა აირჩია.

ბანაკებად გაყოფილ საჯარო უწყებაში მორიგი გაუხმაურებელი სკანდალი ვახტანგ ღოღობერიძის დანიშვნიდან მალევე მოხდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარემოს დაბინძურების ფაქტს. თანამშრომლებმა ხელმძღვანელი ამჯერადაც ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულეს.

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 9 ივლისს მდინარე ჭოროხზე გარემოსდამცველებმა დააფიქსირეს ფაქტი, როცა ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანები მდინარე ჭოროხს აბინძურებდა. ამის შესახებ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ხელმძღვანელს აცნობა. დოკუმენტში წერია, რომ ხელმძღვანელის მითითებით ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს სამართალდამრღვევები და ოქმი შეადგინეს, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა 2015 წლის 09 ივლისს, რა დროისთვისაც შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა სამართალდარღვევის მასალებს მსვლელობა არ მიეცა და არც საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა. ფაქტი დარჩა რეაგირების გარეშე მანამდე, ვიდრე სამართალდარღვევის მასალები 2015 წლის 17 აგვისტოს არ აღმოაჩინა აჭარის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდის დალაგების პროცესში.

სამმართველოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ, აჭარის სამმართველოს უფროსთან შეთანხმების გარეშე, შეატყობინა შიდა აუდიტის დეპარტამენტს 19 აგვისტოს და საქმის მასალები ატვირთა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში“.

ხელმძღვანელი, ვისი მაგიდიდანაც დოკუმენტები აიღო თანამშრომელმა და სისტემაში ატვირთა, ამჯერადაც ვახტანგ ღოღობერიძე იყო.

მასალები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულით გათვალისწინებულ ნიშნებს, გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში. ეს მასალები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიუწოდებია პროკურატურისთვის. მთავარი პროკურატურა იძიებს თუ არა ამ ფაქტს, „ბათუმელებისთვის“ უცნობია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის მიღება მთავარი პროკურატურიდან შეუძლებელია.

რაც შეეხება ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ტენდენციას – იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ ინერტული მასალების უკანონო მოპოვების პროცესში არც თუ იშვიათად ჩართულნი არიან სახელმწიფო მოხელეები. თუმცა იმის გამო, რომ ეს სპეციპიკური სფეროა, სამართალდარღვევის გამოვლენა თუ დადასტურება ძალიან ჭირს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: