კვირის ამბები,კვირის ამბები

სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

13.03.2016 • 1710
სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით ჩატარდა ბსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს შორის. კვლევის შედეგები უკვე ცნობილია: სულ გამოიკითხა ოთხივე კურსის 203 სტუდენტი. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი დათო ფარტენაძე ამბობს, კვლევის შედეგები ცნობილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კი კვლევას მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის შეფასებით, აღნიშნული კვლევა „აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატურია არსებულ სიტუაციასთან“, ხოლო ადმინისტრაციისთვის მინიჭებული 5.98 ქულა 10-დან შეიძლება დადებითად შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვას – „შეაფასეთ ამ სტრუქტურების მუშაობა ათბალიანი სისტემით: ადმინისტრაცია; თვითმმართველობა“ – მერაბ ხალვაში ბუნდოვნად მიიჩნევს. „მე ხომ არ ვიცი 5.98 ქულაში რა იგულისხმება, არ ვიცი ამ მინუს 4.02-ით ვინ ფასდება: ფაკულტეტის სამდივნოს მუშაობა, ფაკულტეტის დეკანატის მუშაობა, ფაკულტეტის ხარისხი, უნივერსიტეტის ლექტორატი თუ ვინ. აი, ეს არ ჩანს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

კვლევის ამ შედეგის დადებითად შეფასების საფუძველს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს წინა წლების გამოცდილება აძლევს. იგი ამბობს, რომ სტუდენტები ხშირად აგრესიულადაც კი იყვნენ განწყობილი ადმინისტრაციის მიმართ, რაც, ძირითადად, გაუმართავი ინფრასტრუქტურით იყო გამოწვეული. მისი თქმით, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, ტექნიკისა და ლაბორატორიების გამართვამ შეცვალა ძველი დამოკიდებულება და შედეგზეც აისახა. მერაბ ხალვაშმა ასევე იმსჯელა ანკეტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა შეცვლილი შეფასების სისტემის მუშაობას:

„წარმოიდგინეთ კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, შეფასების არსებულ სისტემას (იგულისხმება ახალი სისტემა) შეუძლია თუ არა თქვენი რეალური ცოდნის მაქსიმალურად ასახვა“, 10%-მა უპასუხა, რომ მაქსიმალურად შეუძლია ასახვა, ხოლო 57%-მა ნაწილობრივ შეუძლიაო. ანუ 67%-მა გასცა დადებითი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, უკვე კარგი შედეგია, რადგან თავდაპირველად სტუდენტების დიდი ნაწილი ამ სისტემის წინააღმდეგი იყო“, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ, როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს [მიუხედავად იმისა, რომ შეფასების სისტემაში შეტანილია მრავალფეროვანი მეთოდოლოგიით სასწავლო პროცესების წარმართვა], ზოგიერთი ლექტორი კვლავ ე.წ. ზეპირი გამოკითხვის მეთოდით სარგებლობს, რაც, მერაბ ხალვაშის თქმით, მოძველებულია. მერაბ ხალვაშის თქმით, სწორედ ამ საკითხის მონიტორინგს განახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მიმდინარე სემესტრიდან, რათა პრობლემა აღმოიფხვრას და ყველა ის მეთოდი გამოიყენონ, რაც სილაბუსშია მითითებული.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტების ამ აქტივობით კმაყოფილია. მისი თქმით, უკვე დროა ახალი სტუდენტური თვითმმართველობისგანაც წამოვიდეს მსგავსი საინიციატივო თუ სარეკომენდაციო კვლევები. მერაბ ხალვაში სტუდენტური თვითმმართველობის შეფასებასაც პროგრესულს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს პრობლემებზეც, – რომ, მაგალითად, დეკანები ჩივიან ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე უფლებამოსილი სტუდენტების დაუსწრებლობის გამო.

gaz 6#581 2016 +.indd

„მე ვაპირებ ეტაპობრივად შევხვდე მათ, ფაკულტეტების მიხედვით და ვესაუბრო პრობლემებზე, იმ ხარვეზებზე, რაც არის ჩვენთან და მოვისმინო მათი ხედვები, ასევე შემდეგ წარვუდგინო ჩვენიც, რომ შევაჯეროთ“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მეორე ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ჯინჭარაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში თვითმმართველობაც დაიწყებს მსგავს კვლევებზე მუშაობას. კვლევის შედეგებზე კი ამბობს, რომ ყველას თავისი აზრი აქვს. „ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხუთიანზე არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ სტუდენტის ინტერესებზე იყოს ორიენტირებული, რომ ეს ინტერესები დავიცვათ ადმინისტრაციასთან მიმართებაშიც. ამისთვის ვართ თვითმმართველობა, რომ ნებისმიერ საკითხში სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ და მათი ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს გიორგი ჯინჭარაძე.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, ირაკლი ჯაფარიძის თქმით, საინიციატივო ჯგუფმა წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაწყვიტა კვლევის ჩატარება. კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: