კვირის ამბები,მთავარი

ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას

13.03.2016 • 1478
ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას

ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს.

რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება: მთავრობა, კერძოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, ოფიციალური წერილით სთხოვს კონკრეტულ ქონებას, მისი განკარგვის ან გაყიდვის მიზნით. მერია ამზადებს შესაბამისი შინაარსის განკარგულებას საკრებულოს სხდომაზე გასატანად და წარმომადგენლობითი ორგანოც თანხმობას გასცემს.
კონკრეტული პროექტისა და ინვესტორის პარტნიორად აჭარის მთავრობა გამოდის: შესაბამისი უწყებების პირველი პირები, ხშირად, სამშენებლო პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალში მონაწილეობენ და მისი დასრულების შემდეგ, არც წითელი ლენტის გაჭრის შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან. ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები ამგვარ ცერემონიალებზე სტუმრების სტატუსს ჯერდებიან.

ამ ტენდენციის საილუსტრაციო ბოლო ფაქტი ერთი თვის წინ დაფიქსირდა – მთავრობამ ე.წ. ჭაჭის კოშკისა და საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის განვითარების პროექტის შესყიდვა დაგეგმა და მერიას ტერიტორია სთხოვა. თუმცა, ფინასთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის შესაბამის წერილში კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰექტარია, მათ შორის 0,93 ჰექტარი არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინისტრი დავით ბალაძე მერისთვის მიწერილ წერილში წერს, რომ ტერიტორია ფუნქციურად არ არის დატვირთული და არც კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩატარებული. არადა, ტერიტორია ტურისტების სამარშრუტო კონტურში მოქცეულია.
ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა და მას შემდეგ ამოიღო, რაც მისით საკრებულოს ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ და შეეწინააღმდეგენ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკრებულომ მთავრობის მოთხოვნის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღო. ეს უარს არ ნიშნავს.

„გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე და თქვა – 15 მეტრი სიმაღლის შენობებზე გვაქვს გათვლა და ჭაჭის კოშკის მიმდებარე კვარტალურ დაგეგმარებას ვაპირებთო, ბუტიკებს გავხსნიო. ხაბაძეს ბუტიკი მონაპოვარი ჰგონია და ფიქრობს, რომ ბუტიკს თუ გახსნის, ამით ყველაფერი მოგვარდება. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? – ქონება, რომელსაც მთავრობა ჭაჭის კოშკის მიმდებარედ თავის საკუთრებად ასაღებს, მთავრობისთვის ქალაქს გადაცემული აქვს პირობით. დოკუმენტში წერია, რომ თუკი პირობით გასხვისება არ მოხდება, ის უნდა დაბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში“, – ამბობს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე.

მისთვის მთავრობის პოლიტიკა თვითმმართველი ქალაქის მიმართ მიუღებელია: “ამ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებდით დეცენტრალიზაციის პროცესს, სადაც თვითმმართველობები იქნებოდა რეალური, მაგრამ საბოლოო სახე, რაც მისცეს კანონს, არის სასაცილო იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური თვითმმართველობა. მივიღეთ საკრებულო, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. მივიღეთ მერი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე უამრავი რამ შეუძლია და მათ შორის არის ქონების განკარგვაც… მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს უამრავი ქონება, რომელიც წაიღო ლევან ვარშალომიძემ (აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე) და ვერ განკარგა. ამ ქონებებს აჭარის მთავრობას აძლევდნენ კონკრეტული პირობით და ახლაც იმავე ქონების განკარგვა სურს აჭარის მთავრობას“.

პირობა, რაც 2010 წელს ბათუმის საკრებულომ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ განკარგულებაში ჩაწერა, აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ მისი პირდაპირი წესით გასხვისებას ითვალისწინებდა. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში ქონება თვითმმართველ ქალაქს უნდა დაბრუნებოდა.

რატომ არ შეიძლება, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კონცეფცია შეისყიდოს ბათუმის მერიამ და არა მთავრობამ? – მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი გოგა ლომაძე პასუხობს, რომ საუბარია ერთიანი კონცეფციის შემუშავებაზე, რასაც მერია ვერ გააკეთებს: „ეს ტერიტორია ერთიანად უნდა განვითარდეს. იქ ნახევარზე მეტი ფართობი აჭარის ქონებაა“. ქონების უკან დაბრუნებას (იმ მიზეზით, რომ მთავრობამ ვალდებულება ვერ შეასრულა და ის პირდაპირი მიყიდვის წესით ვერ განკარგა) გოგა ლომაძე არც კი განიხილავს. მიზეზი – განკარგულებაში ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული.

ამ დოკუმენტს ხელს აწერს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. დღეს ის ისევ საკრებულოშია `ნაციონალური მოძრაობიდან~, მაგრამ ჭაჭის კოშკის ტერიტორიის განვითარების კონცეფციის მთავრობის მიერ შესყიდვას ახლა მხარს არ უჭერს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით კი, რეესტრის მიხედვით ქონება ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მთავრობის საკუთრებაა, ყოველგვარი პირობის გარეშე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ მთავრობის დამოკიდებულება და მერიის, ასევე საკრებულოს პასიური როლი მუნიციპალური ქონების განკარგვისა და სხვა საკითხების მიმართ თვითმმართველობის როლს აკნინებს:

„ის, რომ აჭარის მთავრობა დიდი სიხშირით მიმართავს მერიას ქონების მისაღებად, კანონის ჩარჩოებში ჯდება. ცხადია, შეიძლება კითხვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მერიასაც აქვს უფლება განკარგოს თავისი ქონება, რატომ არ სარგებლობს ამ უფლებით? – ალბათ უპრიანი იქნება, თუ ამ კითხვას მერიის შესაბამისი სამსახური უპასუხებს“.

კითხვებს ბათუმის მერი არ პასუხობს, ძირითადად მოუცლელობის მიზეზით, საკრებულოს უმრავლესობა კი, ქონების გადაცემას ხშირად კითხვების გარეშე თანხმდება.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუ ბათუმის თვითმმართველობა რეალურად შეასრულებს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება “მთავრობა ჰაერში ჩამოკიდებული აღმოჩნდეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: