დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, 6 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს და ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს. ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ.

ზურაბ პატარაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილებს ოქროს სამკაული გადასცეს
ზურაბ პატარაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილებს ოქროს სამკაული გადასცეს

ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პერიოდში, შუამთობის დღესასწაულზე ახლადდაქორწინებული წყვილისთვის პარტიული თანამდებობის პირების მიერ ფასიანი საჩუქრების გადაცემა მოხდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევდა, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდის გადაცემის ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.

ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 8 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საჭოს, მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრები, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა სკვერში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ადლიის მე-3 ქვეთი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, შინდისის ომში დაღუპული მეომრებისა და აჭარის რეგიონის მასშატაბით ომი დაღუპულთა ოჯახის წევრები.

აჭარის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
აჭარის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

8 აგვისტოს ომში აჭარიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა.

„რვა წელი გავიდა იმ მძიმე ბრძოლების შემდეგ, სადაც  ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლები მათ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და მე ამაყი ვარ და მადლობას ვუხდი მათ მშობლებს ასეთი ჯარისკაცების გაზრდისთვის.

სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს / როინ გუნდაძის ფოტოები

მინდა მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო“- განაცხადა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა.

„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)

დღეს 8 აგვისტოს,  ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“,  აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“.  სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ.

აქცია - „დახატე შენი გმირი“. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმი.
აქცია – „დახატე შენი გმირი“. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმი.

კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ  სამშობლოს იცავენ.

კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს.  აქცია – „დახატე შენი გმირი“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო. ღონისძიებას  ჯარისკაცები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  ზურაბ პატარაძის მეუღლეც ესწრებოდა.

„დახატე შენი გმირი“- აქცია რომელიც 8 აგვისტოს ომს მიეძღვნა
„დახატე შენი გმირი“- აქცია რომელიც 8 აგვისტოს ომს მიეძღვნა
აქცია - „დახატე შენი გმირი“ ბათუმი.
აქცია – „დახატე შენი გმირი“
ბათუმი.

ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ აუქციონზე არ გაიყიდა

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს.

ტერიტორია, 15 070 კვ/მ  ფართობი, ზღვის პირას, მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. როგორც „ბათუმელებს“ იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, ტერიტორიის დასათვალიერებლად აქ ხშირად მოდიან: „ბოლოს 10 დღის უკან იყვნენ. ხშირად ირანელები მოჰყავთ, არაბებიც იყვნენ, მაგრამ ვის მოჰყავს და რას უპირებენ ამ ადგილს, ზუსტად არ ვიცით“.

აუქციონის პირობის მიხედვით ტერიტორია 3 მილიონ ლარად იყიდება, სადაც შემსყიდველი დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აქ უნდა აშენდეს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები: სასტუმროს ტიპის დასასვენებელი სახლი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სარეკრიაციო ზონა, ავტოსადგომი და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს.

არშემდგარი აუქციონის პირობების მიხედვით, ახალ ობიექტში მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმებაა აუცილებელი, რომელთა შორის არანაკლებ  90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონს, სავარაუდოდ, მესამედაც გამოაცხადებს, თუმცა თარიღი და შეიცვლება თუ არა პირობები, ჯერ უცნობია.

სანატორიუმი „მზიური“, სხვა 20 ობიექტთან ერთად, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს მიჰყიდა. მყიდველმა 21-პროექტიდან მხოლოდ ერთი განახორციელა – „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ ააშენა.

10 წლის შემდეგ კომპანიასთან გაფორმდა მორიგი შეთანხმება და სახელმწიფომ გარკვეული ქონება დაიბრუნა, მათ შორის ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაც. ყოფილი სანატორიუმის შენობა კი დანგრეულია.

ყოფილი პანსიონატი „მზიური“
ყოფილი პანსიონატი „მზიურის“ ეზო / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ქობულეთში პარაშუტი ხეს გამოედო [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთში, 7 აგვისტოს, ზღვაზე პარაშუტით გასეირნებისას, პარაშუტი სანაპიროზე, თამარ მეფის ქუჩაზე, ხეებს გამოედო. თვითმხილველების თქმით, მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. ადამიანის დასახმარებლად „სანდასუფთავების“ მანქანა გამოიყენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები შეტყობინების მიღებიდან 5 წუთში ინციდენტის ადგილზე იყვნენ.

13957496_1146463282062350_1623083035_n
ფოტო: ქეთი ვერულიძის ფეისბუქ გვერდიდან

 

3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს  3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო.

ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით  კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კითხვები და პასუხები გენდერულ თანასწორობაზე

ნაწილი პირველი
[იხ. ნაწილი მეორე]

რა არის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი?

უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობისას?

კანონის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელია: პირის დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ასევე, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის. დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვის შრომის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც გამორიცხავს მათ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან გარემოში, აგრეთვე ღამის საათებში საქმიანობას.

რა გარანტიები არსებობს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში?

კანონის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიისა და სპეციალობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში მონაწილეობის ჩათვლით.

როგორ ხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში უზრუნველყოფილია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.
დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.

არსებობს თუ არა თანასწორი საარჩევნო უფლებების გარანტიები?

ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თანასწორი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.
წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან.

2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს ბათუმიდან სამ-სამი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ. აჭარაში მოქმედი პარტიების უმრავლესობა `ბათუმელებთან~ საუბარში ამბობს, რომ კანდიდატებს ყველა ოლქში დაასახელებენ.

პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბათუმში, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ კანდიდატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის: „კანდიდატები გვეყოლება ბათუმიდან სამივე ოლქში, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ კანდიდატზე არ არის მიღებული.

მაქსიმუმ ათ დღეში გვეცოდინება, ოფიციალური წარდგენა გვექნება აგვისტოში.“

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმის საკრებულოს „ოცნების“  წევრებიც ვიხილოთ.

„არის საუბარი ჩემზეც, ირაკლი მიქელაძეზეც, მაგრამ ვის რა პოზიცია გვექნება, დავრჩებით საკრებულოში თუ წავალთ, ცოტა ხანში იქნება ცნობილი,“ –  ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

მთავარი კრიტერიუმი, როგორც ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, არის პარტიულობა და „სუფთა წარსული“:  „შეიძლება დასახელდეს ისეთი ადამიანიც, რომელიც უპარტიო იყოს, მაგრამ უნდა იყოს ქალაქელი, ბათუმელი, გამოჩენილი ადამიანი და წესიერი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იგულისხმება „სუფთა წარსულში“, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს: „ამაში არ იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყოს სხვა პარტიაში ნამყოფი, ასეთი მეც არ ვარ. ასეთი ადამიანი  – იშვიათად. სუფთა წარსულში იგულისხმება მისი წარსული პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე, არ იყოს კრიმინალი და რაღაც-რაღაცებში შემჩნეული და იყოს განათლებული“.

2016 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს კანდიდატების დასახელებას „ნაციონალური მოძრაობაც“.

„ესენი არიან კანდიდატები, რომლებიც მოიგებენ ამ არჩევნებს,“ –  გვეუბნება გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატები უკვე ცნობილია. აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე, საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად კი გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და თემურ დუმბაძე იბრძოლებენ.

ერთადერთი პარტია, რომელიც კანდიდატების დასახელებას სტრატეგიული ნიშნით აპირებს, „რესპუბლიკური პარტიაა“. „ჩვენ ავირჩევთ სტრატეგიულ წერტილებს და იქ გადავისვრით ძალებს,“- გვეუბნება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი,  „რესპუბლიკელი“  გიორგი მასალკინი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია ისევ უმაღლეს საბჭოში.

13931430_10210706515245703_1276125421_o

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც გიორგი მასალკინი გვეუბნება, არც მათ აქვთ მიღებული: „აჭარის უმაღლეს საბჭოში დავასახელებთ სამ კანდიდატს, ჩემი და დავით ბერძენიშვილის კანდიდატურები გადაწყვეტილია, საქართველოს პარლამენტში კი _ ერთს ან ორს. ეს საკითხი უახლოეს კვირაში გადაწყდება,,“ –  ამბობს ის. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ერთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. სავარაუდოდ ის ხათუნა სამნიძე იქნება, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მეორე კანდიდატის დასახელების საკითხი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ადამიანურ რესურსებთან, გიორგი მასალკინი ამბობს, რომ კი. „ბუნებრივია, ღირსეული კანდიდატების შერჩევა არის რთული. ჩვენ ძალიან მაღალი მოთხოვნები გვაქვს კანდიდატების მიმართ. დასახელება მარტივია, მთავარია ეყოფა თუ არა გამარჯვების რესურსი,“  –  ამბობს გიორგი მასალკინი.

„რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, კანდიდატების დასახელებას ყველა ოლქში აპირებს ყოფილი „ნაციონალის“ , გიორგი ვაშაძის მიერ ახალშექმნილი პარტია „ახალი საქართველო“. თუმცა ვინ იქნებიან ეს კანდიდატები, ამაზე „პარტიაში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან“.

პარტიაში ჯერჯერობით მხოლოდ ორი კანდიდატის ვინაობაა დადასტურებული, ესენი არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნინო ტავლალაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნება წარდგენილი ბათუმის მაჟორიტარად და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი მალხაზ ნაკაშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში იქნება ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი.

„მთავარი კრიტერიუმი შერჩევისას არის პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები, ღირსებები და უნარები და წარსული. პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ყველა ოლქში აპირებს  „ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩიც“, თუმცა ამ ეტაპზე მაჟორიტარობის ვერც ერთ კანდიდატს ვერ ასახელებენ. „ბათუმელების“  კითხვაზე, იქნება თუ არა დასახელებული თვითონ მაჟორიტარობის კანდიდატად? _ პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელი ჯემალ ბერიძე ამბობს:  „არ ვიცი, შევხედავთ“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მთავარი პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა. „აქცენტს ძირითადად ეკონომისტებზე გავაკეთებთ, არიან იურისტებიც“.

ჯემალ ბერიძე ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში, მხოლოდ მინიშნებით საუბრობს და ამბობს, რომ კანდიდატი „არასამთავრობო ორგანიზაციიდან იქნება“.

„თავისუფალი დემოკრატები“  ბათუმის მაჟორიტარად სამივე კანდიდატის დასახელებას აპირებენ როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე წარსადგენი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები, ესენი არიან: ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბერაძე, ნუგზარ ვარშანიძე და სოსო ნოღაიდელი. ბათუმიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მაჟორიტარობის კანდიდატებად ჯერჯერობით ბათუმის საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე და ხელვაჩაურიდან იურისტი პაატა ზაქარაძე განიხილებიან.

მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ყველა ოლქში აპირებს „პატრიოტთა ალიანსიც“, თუმცა უცნობია კანდიდატთა ვინაობა. პარტიის წარმომადგენელი მერაბ ნაგერვაძე მხოლოდ საარჩევნო სიის პირველ და მეორე ნომრებს ასახელებს: „პირველი არის დავით თედორაძე, მეორე ვარ მე. მაჟორიტარებს პრეზენტაციაზე წარვადგენთ“.

„პატრიოტთა ალიანსი“  ამბობს, რომ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად კანდიდატების წარსული სახელდება: „ავტორიტეტი თავიანთ უბნებში, რაიონებში და კვალიფიკაცია“. პროფესიებიდან კი აქცენტს აკეთებენ ეკონომისტებზე, იურისტებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატები უსკოსა და ცესკოში 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

42 ათასი ლარი ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 12 სეანსი გაიმართება – 9 ბათუმში, ხოლო თითო სეანსი ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანიმაციური ფილმების ფესტივალის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტროს ფესტივალისთვის 42 373 ლარი აქვს გამოყოფილი.

ფესტივალის ფარგლებში ანიმაციური ფილმების კონკურსი, ჩვენებები და ვორკშოფები მოეწყობა.

როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, ფესტივალის ორგანიზატომა უნდა უზრუნველყოს, კონკურსის შესარჩევ ნაწილში, 40 ქვეყნის, არანაკლებ 200 ანიმაციური ფილმის მიღება-განხილვა. შესარჩევი ნაწილიდან საკონკურსოდ უნდა აირჩეს მინიმუმ ოცი ქვეყნის საშუალოდ 80 ფილმი, ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში. საკონკურსო ფილმები გადაღებული უნდა იყოს 2015-2016 წლებში.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 25 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა დაწყების თარიღი ჯერ უცნობია. გასულ წლებში ფესტივალი, ოქტომბრის დასაწყისში ტარდებოდა.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ ორი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზების გამოცდილება და თითოეული, არანაკლებ 20 უცხო ქვეყნის ანიმაციური ფილმების მონაწილეობით.

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 აგვისტო.

ვანესა მეის კონცერტი ბლექ სი არენაზე [ფოტო, ვიდეო]

ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
DSC_0184
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
33
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
28
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
15
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
24
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
27
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
10
ბლექ სი არენა, შეკვეთილი

პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის ბათუმის ოფისში შეკრებილებს ჩვენ პარტიის ხედვებზე ვესაუბრეთ.

„აქამდე არასდროს მქონია ინტერესი, ვყოფილიყავი პოლიტიკაში…“ – გვითხრა ნინო ტავლალაშვილმა, რომელიც ჩვენი მისვლის დროს თანამოაზრეებთან ერთად ქალაქის პრობლემებით ავსებდა ცარიელ დაფას. ის აქამდე, წლების განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. ნინო ამბობს, რომ რკინის ფარდა უნდა გაირღვეს და უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოუსმენს: „დადგა ეს ეტაპი, როცა დამკვირვებლობიდან და რეკომენდაციების გაცემის ნაცვლად, უშუალოდ პროცესის შიგნით მინდა ვიყო ჩართული. დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ასე უფრო ეფექტურად შეიძლება შეცვალო გარემო“.

კითხვაზე, რატომ მიიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად პარტიაში ყოფნა უფრო ეფექტურია, ვიდრე სამოქალაქო აქტიურობა, ნინო ტავლალაშვილმა კონკრეტულად არ გვიპასუხა. ის და პარტიის სხვა წევრებიც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ახალი სახეები არიან და თან სუფთა პოლიტიკური წარსულით: „ხშირად ერთი და იგივე სახეები მოძრაობენ სხვადასხვა პარტიაში, შეუსრულებელი რჩება დაპირებები და საბოლოო ჯამში ქვეყანა მიდის კრიზისამდე. ამ პარტიაში ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ საშუალებას, შემოგვთავაზოს იდეები და იბრძოლოს იდეებისთვის ჩვენთან ერთად“, – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

„ადამიანებს უნდა გავუჩინოთ სწორი ხედვები, რა მოითხოვონ სწორად, რომ მიიღონ ის,“ – ეს „ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთმა სახემ, რეზო შავაძემ გვითხრა. ასე წარმოუდგენია მას პარტიის როლი, თუკი სახელისუფლებო ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. რეზო შავაძეც სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა პოლიტიკაში. ის მოქმედი ადვოკატია და ამბობს, რომ იბრძოლებს შეიქმნას ისეთი სასამართლო სისტემა, სადაც ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული: „სასამართლო პრაქტიკა იქნება უმთავრესი და ქვეყანაში მივიღებთ შერეული სამართლის ქვეყანას… პროკურორებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ცუდად იქცევიან”. კითხვაზე, რატომ არის საჭირო ამ მიზნისთვის ბრძოლა უშუალოდ პოლიტიკური ტრიბუნიდან, გვპასუხობს: „სამწუხაროდ ვერ შევძელი ადვოკატის პოზიციიდან დამერწმუნებინა რომელიმე პროკურორი, რომ ის ცუდად იქცეოდა. პროკურორს მე კი არ დავარწმუნებ, რომ ცუდად იქცევა, სისტემა დაარწმუნებს, რომელსაც ჩვენ კანონის მიხედვით შევქმნით. ეს ჩემი პირადი ხედვებია ჯერჯერობით. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს. მთავარი ფაქტორი, რის გამოც თანამოაზრეები აღმოვჩნდით აქ შეკრებილები, თავისუფლებაა. გვინდა, ადამიანები უფრო თავისუფლები ვიყოთ და ასატანი გავხადოთ ერთმანეთისთვის ცხოვრება. თვითმიზანი არ არის პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში მოხვედრა“.

„ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთი სახე მალხაზ ნაკაშიძეა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი. ის 2007-2008 წლებში უნივერსიტეტის კანცლერი იყო. ამბობს, რომ „კანონების წერა“ იცის და „შემთხვევითი ადამიანი“ არ იქნება პოლიტიკაში. არჩევის შემთხვევაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის კონსტიტუციაზე ექნება და ავტონომიის სტატუსის შეცვლაზე: „ჩემი პირადი აზრია, რომ 2004 წელს აჭარის სტატუსის შეზღუდვა გამოწვეული იყო იმ დროს არსებული რეალობით, რაც დღეს გადახედვას საჭიროებს. მექნება ინიციატივა, რომ აჭარის ხელისუფლების კომპეტენციები გაიზარდოს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო გადაწყვეტილებაუნარიანი გახდეს“.

პარტიის წარმომადგენლების ხედვების გასაგებად, მალხაზ ნაკაშიძეს ქობულეთის მედრესეს ინციდენტზე და ბათუმში მეჩეთის აშენებაზეც ვკითხეთ. მან გვითხრა, რომ ღორის თავის მიჭედება სრულიად მიუღებელია, ხოლო მეჩეთის აშენება ბათუმში მოსახლეობამ საჯარო განხილვის გზით უნდა გადაწყვიტოს. „საკითხი უნდა განიხილოს მუსლიმმა მრევლმა. დისკუსია უნდა გაიმართოს თემის გარეთაც, მაგრამ თუკი მეჩეთის საჭიროება არსებობს, მუსლიმ თემს ამაში ხელი არ უნდა შეუშალონ“.

მართვის კუთხით პარტიაში ლიდერის გიორგი ვაშაძის მაგალითი მოჰყავთ: „როცა აკეთებ არჩევანს, ყოველთვის იხსენებ, როგორი იყო იგი წარსულში. მე იშვიათად მახსენდება ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიც იყო იუსტიციის სახლები. ამას მიაღწია გიორგი ვაშაძემ,“ – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

გადასახადების შემცირებას სოფლის მეურნეობაში აპირებს რეზო შავაძე. მისი ხედვით, დაბეგვრისგან უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ პირველადი წარმოება, არამედ გადამუშავებაც. ფიქრობს, რომ ეს სოფლის მეურნეობის ბიზნესში რისკებს შეამცირებს. რის საფუძველზე მიიჩნიეს პარტიაში, რომ ამ გზით რისკები სოფლის მეურნეობაში შემცირდება, ან რა ჩაანაცვლებს ბიუჯეტში სოფლის მეურნეობიდან მიღებულ გადასახადებს? – „ახლა სოფლის მეურნეობიდან ბიუჯეტში ხვედრითი წილი არის მინიმალური… უახლოეს პერიოდში შევჯერდებით ამაზე და დეტალურად გავაცნობთ ჩვენს შეთავაზებას საზოგადოებას,“ – გვიპასუხა რეზო შავაძემ. გადასახადების შემცირებას ტურიზმის სექტორში აპირებს მალხაზ ნაკაშიძეც, თუმცა ეკონომიკური გათვლები მისგანაც ვერ მოვისმინეთ.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ მემარჯვენე-ლიბერალურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარზე და ინოვაციურ მიდგომებზე, საგარეო მიმართულებით კი, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. კითხვაზე, რას ეტყვით ამომრჩევლის იმ ნაწილს, ვინც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, პარტიის წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატი, რეზო შავაძე გვპასუხობს: „ჩვენი ამომრჩეველი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ ვყოფთ ამომრჩეველს პრორუსად, პრომედასავლეთელად და ასე შემდეგ. ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს მიწა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, მეზობელი და საკუთარი ოჯახის წევრი უყვარს. ეს სადღეგრძელოსავით ჟღერს, მაგრამ ქართველები ასე ვიმარჯვებთ ყოველთვის. ჩვენ დოგმატურად არ ვაზროვნებთ…“

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ კანდიდატების დასახელებას და კონკრეტული პროგრამის წარდგენას ოფიციალურად 25 აგვისტოს აპირებს.

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის.

არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ აღების იმედად არიან და რთულ საბანკო პირობებზე ზოგადად, ან საერთოდ არ საუბრობენ.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები მურად ბერიძე ბოსტნეულს აწარმოებს. მან სასათბურე მეურნეობა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული გრანტით მოაწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა თავის დროზე ვერ მოახერხა.

„ერთ-ერთ ბანკში მითხრეს, დაიწყე ბიზნესი და შემდეგ მოდიო, არადა, სესხი სწორედ ბიზნესის დასაწყებად მინდოდა. სხვა ბანკში 25%-იან სესხზე იყო საუბარი, მაგრამ პირობებს რომ გავეცანი, 30-ზე მეტი გამოდიოდა საპროცენტო განაკვეთი და არ ღირდა საქმის წამოწყება,“ – ამბობს მურად ბერიძე. ის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა დაბალპროცენტიანი სესხის აღებას, თუ ასეთი იქნება, თავისი ბიზნესის გასაფართოებლად არ გამორიცხავს.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ სახელმწიფო პროექტია და ის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას გულისხმობს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებზე, როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისთვის. რეგიონების მიხედვით დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალიც. აჭარაში ეს არის: კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროექტის ფარგლებში შეღავათიან აგროკრედიტებს გასცემენ მონაწილე კომერციული ბანკები. ამ პროექტში არ არიან ჩართულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

სესხი გაიცემა 20 ათასი ლარი და მეტი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ბანკებისთვის დაწესებულია საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 15%. აქედან, 11%-ს ფარავს სახელმწიფო, დანარჩენს კი, იხდის თვითონ მსესხებელი.

ვისაც პროექტის ფარგლებში სესხის აღება სურს, პირველ რიგში უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე ბანკებს. რაც შეეხება სააგენტოს, ის არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავებისა თუ კრედიტის გაცემის პროცესში. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც, ფერმერი, პირისპირ რჩება ბანკთან. ანუ მთავარი მოთამაშე სახელმწიფო პროექტში ბანკია.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში სესხად ბანკი საკუთარ თანხას გასცემს: „ჩვენ ძირითად ფულს არ ვიხდით, თანამონაწილეები გამოვდივართ – ბენეფიციარს ვუხდით სესხის 11%-ს. ძირი თანხა, რაც ბენეფიციარმა უნდა დააბრუნოს, ბანკის საკუთარი სახსრებია, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს განაცხადი, თვითონ განიხილოს პროექტი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცება-არდამტკიცების შესახებ. თუ კონკრეტული სესხის პირობები შეესაბამება ჩვენსა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ბანკი დაამტკიცებს სესხს და ჩვენ ამის შემდეგ ავტომატურად ვიწყებთ პროცენტის გადახდას. ბენეფიციარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მოდის ჩვენთან ინფორმაცია, როცა სესხი გაიცემა“.

ეკონომისტი დავით არძენაძე ამბობს, რომ პროექტი გარკვეულწილად საშუალებას აძლევს მეწარმეებს აგროსექტორში განახორციელონ თავიანთი იდეები: „წინგადადგმული ნაბიჯია იმ მხრივ, რომ იძლევა საშუალებას მეწარმემ შეიძინოს, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებებიც. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი – ის, თუ რამდენად მარტივია ამ პროექტებში მონაწილეობა, რამდენად ვრცელდება ინფორმაცია. ვფიქრობ, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არც თუ ისე მაღალია“.

დავით არძენაძე ამბობს, რომ არსებობს პროგრამები, მაგრამ ამ პროგრამების პიარისთვის ბანკები არ მუშაობენ: „ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არის შემთხვევები, როცა რეკავ ბანკში, პროექტში მონაწილე ბანკია და ზუსტ ინფორმაციასაც ვერ გაწვდიან. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ინფორმაცია მიიღო. ჩემი აზრით, კარგი იქნება ბანკები დაავალდებულონ, რომ პროგრამის პიარი გასწიონ“.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან 2016 წლის ივნისამდე აჭარაში სულ 5,3 მილიონი ლარი და 7,4 მილიონი აშშ დოლარი სესხია გაცემული, როგორც საბრუნავ, ასევე ძირითად საშუალებებზე.

სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი შეღავათიანი კრედიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტშია გაცემული, თუმცა ბენეფიციარების ვინაობა სააგენტომ არ მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში კრედიტი ლარში გაცემულია 62 ბენეფიციარზე, ხოლო დოლარში – 27 ბენეფიციარზე. სულ აჭარაში გაცემულია 102 სესხი, ანუ, მთლიანად ქვეყანაში გაცემული სესხების რაოდენობის 3,8%.

Untitled

საქართველოს მასშტაბით კი, 2013 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 300 სესხი, საერთო თანხით – 693 960 821 ლარი [24 426 სესხი] და 202 557 257 აშშ დოლარი [1 874 სესხი]. აღსანიშნავია, რომ ერთ ბენეფიციარს შეუძლია სამომხმარებლო სესხის პარალელურად აიღოს სესხი ძირითადი საშუალების შესაძენადაც. აქედან გამომდინარე, უნიკალური მომხმარებელი პროექტში 16 500 სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირია.

ნებისმიერ ბანკს სესხების, მათ შორის აგროსესხის, გაცემის პირობები და საპროცენტო განაკვეთები, სხვადასხვა აქვს. საქართველოს ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ისინი ასეთ ინფორმაციას არ აგროვებენ და „ამასთან, ეროვნული ბანკი არ ერევა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არ განუსაზღვრავს მათ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს და აღნიშნული ორგანიზაციები სახელშეკრულებო ურთიერთობებში საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად“.

დავით არძენაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკაა და ბანკი, რა თქმა უნდა, იზღვევს თავს, თავისი გადასახედიდან უყურებს და აქვს თავისი შეფასების პირობები: „ზოგადად, თუ ბენეფიციარს არ აქვს გარანტირებული შემოსავლები, ბანკებს უჭირთ სესხის გაცემა, რაც ლოგიკურია. აღნიშნულ პროექტშიც ბანკებს იგივე მიდგომა აქვთ. ამასთან, პროექტში გარკვეულწილად მსხვილ თანხაზეა საუბარი – 20 ათასი ლარიდან იწყება და ასე ვთქვათ, რიგითი ფერმერისთვის რთულია ამ სესხის მიღება. მითუმეტეს, თუ ვთქვათ, 200 ათასი გჭირდება, 200 ათასის გირაო უნდა ჩადო, რაც მცირე ფერმერებისთვის რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელიც“.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

რამდენი ფერმერი ითხოვს სესხს პროექტის ფარგლებში და რამდენს ეუბნება უარს ესა თუ ის ბანკი, რამდენად რეალურია უარის საფუძველი, ამის შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ აქვს. პროექტი ასეთი მონაცემის შეგროვებას და კონტროლს ამ კუთხით, არ ითვალისწინებს. სახელმწიფო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ატარებს მონიტორინგს, თუ რამდენად დანიშნულებისამებრ იყენებს მსესხებელი სესხს.

„აჭარაში აგრობიზნესი ზოგადად, ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. უმჯობესია, თუ სახელმწიფო გააკონტროლებს რამდენი ადამიანი მიმართავს ბანკებს აგროსესხის მისაღებად. ამ ინფორმაციის ქონა კარგი იქნებოდა, ვთქვათ პროგრამებისა თუ პროექტების დასახვეწად, შესაცვლელად… სახელმწიფოს კონტაქტი რომ ჰქონდეს ამ ხალხთან, კარგი იქნება,“ – აცხადებს დავით არძენაძე.

„ბათუმელებმა“ ვერ იპოვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აგროსექტორში კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგს ახორციელებს – თუ რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ სახსრებს, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე უცხოური ორგანიზაციებისგან მიღებულს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს საქართველოში 21 კომერციული ბანკი და 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ბანკების უმრავლესობა ჩართულია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს [მისო], ისინი ამ პროექტში ჩართულები არ არიან, თუმცა ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციით, 71-დან 21 მისო გასცემს სესხებს სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებზე. 2013-2015 წლებში ამ კუთხით მათ მიერ ჯამში გაცემულია 588 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიმდინარეობის პარალელურად, მარტო მისოების მიერ 251 253 სესხია გაცემული სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგზე, როცა, ზემოაღნიშნულ პროექტში გაცემულია მხოლოდ 26 300 სესხი [ანუ მისოების მიერ გაცემული სესხის რაოდენობაზე თითქმის ათჯერ ნაკლები].

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ არ ჩართეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პროექტში? – სააგენტოში გვიპასუხეს, რომ „ბანკის ფული უფრო იაფი ღირს, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ საკუთარი ფული, რომ ჩადონ ამ პროექტში. მათი აგროკრედიტების საპროცენტო განაკვეთი 20-დან იწყება და ადის ზევით, ჩვენ კი 15% გვაქვს დაწესებული“.

დავით არძენაძის თქმით, არის პროგრამები, თუმცა სტრუქტურები, სადაც ამომწურავად მიაწვდიან დაინტერესებულ პირს ინფორმაციას, არ არსებობს: „ბანკებშიც კი რთულად გიწევს ინფორმაციის მიღება. მეწარმეს დღეს, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტის პარალელურად, შეუძლია აიღოს გადამამუშავებელი საწარმოების გრანტი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ გრანტი ან სესხი და სინთეზი გააკეთოს – ანუ, რამდენიმე კომპონენტით სარგებლობ, მაგრამ რესურსი უნდა გქონდეს – ბიზნესგეგმა, შემოსავლები და თანხის მოცულობის გირაო. თუმცა, ამ რესურსის არსებობის შემთხვევაშიც კი სესხის აღება მაინც დროში გაწელილი პროცესია“.

შეკვეთილში ვანესა მეის კონცერტი იწყება

დღეს, 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლეს სი არენაზე” ვირტუაზი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ბლექ სი არენაზე“ ამბობენ, რომ ვანესა მეი სცენაზე სავარაუდოდ 21:30 საათზე გამოვა.

კონცერტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

tkt.ge-ს მონაცემებით, კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ვანესა მეი  ბრიტანელი მუსიკოსია, რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს იგი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად დაასახელეს. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მან გინესის რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მევიოლინე, რომელმაც ბეთჰოვენისა და ჩაიკოვსკის კონცერტები ჩაწერა.

 

ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი

ეს Black Sea Arena-ს საზაფხულო სეზონის რიგით მეორე კონცერტია, კრისტინა აგილერას კონცერტის შემდეგ.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200-მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა.

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 6 აგვისტოს, გაავრცელა.

საია მოუწოდებს –

პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს: პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, თავისუფლების ქარტიით დადგენილი მოთხოვნები; არ წარმოადგინონ ისეთი საარჩევნო  პროგრამა, რომელიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას; უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებზე; თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის აგრესიული ქმედებისაგან, პროვოკაციისაგან და მსგავს ქმედებებში პარტიის აქტივისტების ჩართვისაგან; მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

სამართალდამცავ ორგანოებს: ეფექტურად უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; მოახდინონ შესაძლო სამართალდარღვევათა პრევენციული ღონისძიებების გატარება; სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება; შესაბამისი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

ქუჩის თეატრის ფესტივალი ბათუმში

5 აგვისტოს ბათუმში ქუჩის თეატრის ფესტივალი გაიხსნა და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას.

საზღვარგარეთიდან მოწვეული დასების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სლოვაკეთი (BIG NAMES);
  • საფრანგეთი (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS);
  • რუსეთი (პატარა ისტორიები – ჯამბზის შოუ);
  • ესპანეთი (CAMUT BAND);
  • დიდი ბრიტანეთი (FRANTIC, SPARK).

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ქართული თეატრალური დასებიც.

დღეს, 6 აგვისტოს 21 საათზე, ქუჩის თეატრის ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან თელავის თეატრი წარმოადგენს „ჰორაციოს“.

ფოტო: Street Theatre Project – ქუჩის თეატრის პროექტი ფეისბუქგვერდიდან

ბეშუმში დოღზე ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს ბეშმობაზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ  უთხრა, ორივე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, რომლებიც დოღზე ცხენებით ასპარეზობისას მიიღეს.

„ორივე მათგანი პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს ბათუმში“, – თქვა ხულოს გამგებელმა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ავტობუსი ზაფხულში

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით თუ გიმგზავრიათ, ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „გაახლოვებს“ ავტობუსი სრულიად უცხო ადამიანებთან. მთელი გზა უხერხულად დგახარ, ცდილობ ისუნთქო და ასეთივე მონდომებით ცდილობ, შენ გვერდით არსებულ სავარძლის ნარჩენს ტანსაცმელი ან საკუთარი კანი არ შესწირო. ერთი დამუხრუჭება, მოსახვევი და უცნობ ადამიანს შეიძლება ჩაეკრა. წაქცევაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხზე მდგომი ხალხის მასა ამ საფრთხეს თითქმის სრულიად ანეიტრალებს. მთავარი გამოწვევა კვლავ სავარძლის ნარჩენებია გასაგები მიზეზების გამო – იქ ვერავინ ჯდება, სამაგიეროდ მარტივად შეიძლება დაეცე და დამტვრეული პლასტმასის ბასრ ზედაპირზე რაიმე დაიზიანო.

დამტვრეული სკამი ავტობუსშიგაჩერებიდან გაჩერებამდე შესაძლოა შენსავით შეწუხებულ მგზავრებს გამოელაპარაკო კიდევაც, უხერხული მდგომარეობა რომ დასძლიო. №12 ავტობუსით თუ მგზავრობ და წინ დიდი გზა გიდევს, ამის შანსი კიდევ უფრო დიდია. გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, გეტყვით, მესამედ, რომ დაგიჭერს ადამიანი და მის მხარს ხარ ჩაბღაუჭებული, შემდეგ აუცილებლად იწყება საუბარი. მგზავრების დიალოგი ძირითადად ავტობუსში შექმნილი უხერხულობის დაძლევის საშუალებაა. უხერხულობისა, რომელიც თანაბრად აწუხებთ ფეხზე მდგომ და სავარძელზე მჯდომ მგზავრებსაც, რომლებიც უმეტესწილად, ფეხზე მდგომთა მცირე ბარგს იჭერენ. „ნუ გერიდება, მომეჭიდე…“, „გუშინ დავეცი, კიდევ კარგად გადავრჩი…“, – ამ და სხვა ფრაზებით ამხნევებენ დარცხვენილი მგზავრები ერთმანეთს.

მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით არ მგზვრობს, ეს სურათი რომ მხოლოდ ერთი რეპორტიორის გამოცდილება არ არის, ამის დასადასტურებლად საკმარისია ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, პაატა დუმბაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ „ბათუმში, ავტობუსებში დაზიანებულია 500-მდე სავარძელი“.

ეს პრობლემა ბათუმის ავტოტრანსპორტს ახლა არ აღმოუჩენია, მაგრამ ზაფხულის სეზონისთვის სავარაუდოდ ვერ მოესწრება მისი მოგვარება. ტენდერი ახალი სავარძლების შესაძენად 13 მაისს გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „კონტროლ-ა“-სთან ხელშეკრულება კი 23 ივნისს გაფორმდა. კომპანიამ 23 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს სავარძლები, მათ დამონტაჟებას ასევე დრო სჭირდება. ასე, რომ პაატა დუმბაძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეცვლიან სავარძლებს.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის კონდიცირებას, პაატა დუმბაძის თქმით, ბათუმში ე.წ. „მწვანე ავტობუსებს“ ქარხნულად არ გააჩნიათ კონდიცირება. „რომ შეიძლებოდეს კონდიციონერის ისე დამონტაჟება, როგორც ოთახში, კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ“, – ამბობს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი.

პაატა დუმბაძე ასევე ამბობს, რომ ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, ბათუმში ავტობუსები შუაღამემდე, ხანდახან ღამის 2-ის ნახევრამდეც იმოძრავებენ.

როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს?

თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის გარდა ადგილზეა მობილიზებული ერთი სასწრაფოს მანქანაც, რომელიც გამოძახების შემთხვევაში ადგილზე გადის. ბრიგადაში სამი ადამიანი – სასწრაფოს ექიმი, ექთანი და მძღოლია. ბრიგადასთან დაკავშირება მხოლოდ 112-ში დარეკვით არის შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ბულვარში დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე მუშაობს.

DSCN0792„პირველი საათია და უკვე ექვსი გამოძახება გვაქვს. ყველაზე ხშირად წნევის კონტროლი სჭირდებათ, არის დამწვრობის შემთხვევებიც, ტრავმების გამო გამოძახება ძირითადად დღის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ დროისთვის ხშირდება გამოძახება ალკოჰოლის გამოც,“ – გვეუბნება ექიმი ნინო გურგენიძე.

მედპერსონალის ინფორმაციით, ალკოჰოლის მიღების შემდგომი პრობლემები უფრო მეტია საღამოს საათებში. „მინიმუმ 7-8 შემთხვევა,“ – ამბობს ექიმი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფი ბულვარის გარდა მიმდებარე უბნებსაც ემსახურება. `როცა ჯგუფი გადის, ამბულატორიაში ერთი ექთანი მაინც რჩება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას მოქალაქეს,“ – გვეუბნება ნინო გურგენიძე. მისი თქმით, ხშირია გამოძახება სასტუმროებიდანაც. „ძირითადად საკვებით გამოწვეული პრობლემები აქვთ დამსვენებლებს“.

112-ში შესული ზარის შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა ბრიგადის ოპერატორს და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ჯგუფი დანიშნულების ადგილზე. `ჩვენ ვინიშნავთ პაციენტის ნომერს და ასე ვაგნებთ მას. ძალიან გვეხმარება სამაშველო სამსახური გამოძახების ადგილამდე მისვლაში. გვქონდა გამოძახება, რომ ბავშვი იხრჩობოდა, მაგრამ მაშველებმა მოახერხეს მისი გადარჩენა და აღარ დასჭირდა ჩვენი დახმარება,“ – ამბობს ნინო გურგენიძე.

DSCN0794სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, დამსვენებლებს შუადღის საათებში ხშირად მზის ქვეშ ყოფნის გამო სჭირდებათ დახმარება. ექიმი ამბობს, რომ მოქალაქეებს აძლევენ რეკომენდაციებს, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ: „ცოტა ხნით როცა ჩამოდიან, ცდილობენ მოასწრონ „ზაგარის“ მიღება და არ ასრულებენ ჩვენს მითითებებს,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ დაფიქსირებულა ბავშვის მზისგან დამწვრობის შემთხვევები: „ბავშვებს უფრო უფრთხილდებიან, ქოლგის ქვეშ ჰყავთ, მაგრამ უფროსები არ იცავენ წესებს. ცოტა ხნის წინ ერთი გოგონა გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ჩასძინებოდა მზეზე და ძალიან ცუდად იყო, დამწვრობა და მზის დაკვრა  მიიღო.“

სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამბობს, რომ მოძრავი ამბულატორია კარგად არის აღჭურვილი, თუმცა ამბულატორიაში, სადაც ჯგუფის წევრებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ ყოფნა, არ ფუნქციონირებს ბიოტუალეტი.

ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრები ასახელებენ, გადატვირთული მოძრაობაა, რაც ხშირად ხდება მინიმუმ 20-30-წუთიანი დაგვიანების მიზეზი. „სტუმრიანობაც იზრდება ტურისტულ სეზონზე და ზოგადად ქალაქის მოსახლეობაც გაზრდილია, შესაბამისად ძალიან გადატვირთული გვაქვს დღის რეჟიმი. საცობები გვიქმნის სერიოზულ პრობლემას და მძღოლები, რომლებიც სასწრაფო მანქანის სირენაზეც კი არ ათავისუფლებენ გზას“.

ექიმის თქმით, სასწრაფო დახმარების დროული მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია დაჭრის ან უგონო მდგომარეობის შემთხვევის დროს. ექიმის ინფორმაციით, წინა ზაფხულთან შედარებით, წელს იკლო დაჭრის შემთხვევებმა, „თუმცა 5-6 ფაქტი ამ სეზონზეც დაფიქსირდა“.

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ტურისტული სეზონის დასრულებამდე იფუნქციონირებს.

ვარსკვლავებზე დაკვირვება ფიჭვის ტყეში

თუ ზაფხულის სიცხესა და ქალაქის ხმაურს გინდათ გაექცეთ და წიწვოვანი ტყეების ჩრდილსა და რამე მაგიურს ეძებთ – დროა კურორტ აბასთუმნის, უფრო ზუსტად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებაზე დაფიქრდეთ.

კურორტი აბასთუმანი ბათუმიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები წიწვოვანი ტყით არის დაფარული და რაც მნიშვნელოვანია – ზაფხულის სიცხე აქ შემაწუხებელი არ არის, საღამოს კი მუდამ გრილა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წელს დაარსდა, ყანობილის მთაზე მდებარეობს. იგი აბასთუმნიდან 5 კმ-ით არის დაშორებული. ობსერვატორიის ადმინისტრაციის ცნობით, ყანობილის მთა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ატმოსფერული პირობებით ხასიათდება, რადგან ატმოსფერო მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. ყანობილის მთაზე მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 300-ს, მოწმენდილი ღამეებისა კი 250-ს შეადგენს. 2007 წლიდან აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია და ამ დროიდან ობსერვატორია თავისი პირველი ხელმძღვანელის, მეცნიერ ევგენი ხარაძის სახელს ატარებს.

ობსერვატორიაში უკვე ათეული წელია ტარდება ექსკურსიები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ისე ინტერაქტივის ნაწილს:

„ექსკურსიაში შედის 45-წუთიანი ლექცია, რომელიც მოიცავს ობსერვატორიის დაარსების ისტორიასა და ჩვენი ცნობილი ასტრონომების შესახებ ინფორმაციას, ასევე ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის – 40 სმ-იანი რეფრაქტორისა და ტელესკოპის შენობაში განთავსებული მუზეუმის დათვალიერებას. ღამის საათებში ტელესკოპის შენობაში გუმბათი გაიხსნება და მოწმენდილი ცის შემთხვევაში, სტუმრები შეძლებენ ცის დათვალიერებას,“ – გვითხრეს ილიაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ერთ მნახველს ტელესკოპთან რამდენიმე წუთით გაჩერების შესაძლებლობა აქვს.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში არსებული სხვა ინსტრუმენტები [მენისკური ტელესკოპი, 40-სმ ფართოველიანი ორმაგი ასტროგრაფი და ORI- 22 ფართოველიანი ტელესკოპი] კვლევითი პროექტებისთვის გამოიყენება და ექსკურსიების დროს მათი დათვალიერება არ არის შესაძლებელი დამსვენებლებისთვის.

როგორც ობსერვატორიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ზაფხულში ექსკურსიები ყოველდღე, 11:00-დან ღამის 3:00-მდე ტარდება. კონკრეტული სეზონი ან თვე, თუ როდის არის ყველაზე კარგი ხილვადობა, განსაზღვრული არ არის. „განსაზღვრულია მხოლოდ დღის მონაკვეთი, შებინდების შემდეგ (ზაფხულში ეს 9 საათია), 12 საათამდეა ყველაზე კარგი დრო. უფრო ზუსტად კი ამას ექსკურსიის მორიგე გეტყვით, იმ დღის განმავლობაში რა დროს სჯობს, რომ ადგილზე იყოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზები, თუ რომელ ფაზაში ჩანს მთვარე, ან თუნდაც რომელიმე პლანეტა კარგად,“ – ამბობენ კვლევით ცენტრში.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური ექსკურსიები. დღის საათებში ინდივიდუალური ექსკურსიის მინიმალური ღირებულება 10 ლარია. ექსკურსიაში ორ ადამიანზე მეტი მსურველის შემთხვევაში ღირებულება 4 ლარით განისაზღვრება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელესკოპით ციური სხეულების დათვალიერება მხოლოდ ღამის საათებშია შესაძლებელი, რადგან ობსერვატორიას დღის ტელესკოპი არ აქვს. ღამის საათებში ექსკურსიის ფასი მატულობს და მისი მინიმალური ღირებულება 20 ლარია, იმ შემთხვევაში თუ ექსკურსიის მსურველთა რაოდენობა 3 ადამიანზე მეტია, ღირებულება ერთ პირზე 6 ლარს შეადგენს. ნაშუაღამევს ექსკურსიის ღირებულება ერთ ადამიანზე 20 ლარია.

იმისთვის, რომ ჯგუფური ექსკურსია ჩატარდეს, საჭიროა არანაკლებ 10 მსურველი მოგროვდეს. ჯგუფის თითოეული წევრისათვის დღის საათებში ექსკურსიის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია, ღამის საათებში – 4 ლარი, ნაშუაღამევს კი – 10 ლარი, მაგრამ ამ დროს მსურველთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5 ადამიანზე ნაკლები. ადმინისტრაციის ცნობით, ექსკურსიები უფასოა იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ობსერვატორიისა, აბასთუმანი ისტორიული ძეგლებითაც არის მდიდარი. აქ მდინარე ოცხეზე არის თამარის ხიდი, თამარის ციხე, ახალი ზარზმა, დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის ზამთრისა და ზაფხულის სასახლე, თერმული წყლების აბაზანების შენობა-ნაგებობა, სწორედ ამ წყლების გამო აბასთუმანი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს – Green Hotel-ის ხელმძღვანელი ლაშა ჭაღიაშვილი ამბობს, აქ სახლების ქირის ფასი ერთი დღით საშუალოდ 30-40 ლარიდან იწყება და კომფორტის მიხედვით იზრდება. უშუალოდ Green Hotel-ში გაჩერება თითოეული სტუმრისთვის 60 ლარი ღირს.

გაჩერება შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტუმრო „აბასთუმანშიც“, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, დაბურულ წიწვოვან ტყეში მდებარეობს. სასტუმრო ორი ტიპისაა – დიდი და პატარა, განსხვავებული ნომრებითა და ინფრასტრუქტურით. დიდ სასტუმროში 20 ნომერია, ფასები 50-დან 140 ლარამდეა, პატარა სასტუმროში კი 14 სამ და ოთხადგილიანი ნომერია, რომელთა ფასიც 105 და 140 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუ აგვისტოში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, სასტუმროში ნომერი არ იქნება თავისუფალი, შეგიძლიათ სასტუმროს ტერიტორიაზე გაშალოთ კარავი, შეუიარაღებელი თვალით დააკვირდეთ ციურ სხეულებს და ერთ-ერთ ყველაზე უხვვარსკვლავიანი ცის ქვეშ იძინოთ, საამისოდ ერთ ღამეში 15-20 ლარის გადახდა მოგიწევთ.

562 დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით 17:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 562 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 504 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 18 – ნიშანში დგომის გამო,  13 – ტროტუარზე დგომისთვის, 11 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო,  15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მხოლოდ 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

13898761_10210679491290121_186434599_o 13901929_10210679492370148_1379874948_o13940224_10210679496490251_1072814616_oP_20160805_13031513932026_10210679491330122_1628854131_o13940078_10210679491250120_105558012_o

კომისიამ “იაფი სახლის” კრიტერიუმების საბოლოო დოკუმენტი მიიღო

დღეს მერიაში, სოციალური პროექტის -“იაფი სახლის” სხდომაზე კომისიამ  კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბოლოო დოკუმენტი მიიღო. იმ კრიტერიუმებს შორის, რომელიც “შვეიცარიის განვითარების ფონდმა” განსაზღვრა და წარუდგინა კომისიას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ბინების იმ ადამიანებისთვის მიყიდვას გულისხმობს, რომელთაც სტაბილური შემოსავალი აქვთ, ანუ გადახდისუნარიანები არიან. დოკუმენტის მიხედვით,  პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენად და ვერ ახერხებს საცხოვრებელი ფართობის შეძენას, არსებულ საბაზრო ფასად.

კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტით, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნებია, ოჯახის ერთ წევრს მაინც  ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი; ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მინიმალურ ყოველთვიურ გადასახადზე მინიმუმ ორჯერ მეტი; ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს; ორსულიანი ოჯახის – 1800 ლარს; სამსულიანი ოჯახის – 2400 ლარს; ოთხ და მეტსულიანი ოჯახის – 3000 ლარს. თუ ოჯახი ამჟამად ქირით ცხოვრობს, ეს ქირა არ უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტი. თუ ოჯახი გირაობს საცხოვრებელს, მაშინ გირაობის თანხა არ უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამით გათვალისწინებული ბინის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტი და ა.შ.

“იაფი სახლის” კომისია 25 წევრისგან შესდგება, მასში არიან როგორც საკრებულოს დეპუტატები, ისე მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კრიტერიუმები საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე: „იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით 

ეკლესიის მიმდებარე სკვერში ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებენ

“მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებს – “ამ ადგილზე უახლოეს მომავალში (ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან აჭარის განთავისუფლების და  დედა–სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისთვის თავდადებულ) გმირთა მემორიალი უნდა დაიდგას.  ასევე ეს ადგილი ძალიან ახლოს არის ტაძართან და აქვეა განთავსებული ბავშვთა  გასართობი ადგილიც, ამიტომ მიგვაჩნია რომ აქ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა დაუშვებელია. საზოგადოებრივი ტუალეტი აუცილებელია და რაც შეიძლება მეტი ოღონდ სხვაგან სადაც შესაძლებელი იქნება,“– ამბობს ის. ობელისკის აღმართვა, თავიდან სწორედ “მამულიშვილთა კავშირის” ინიციატივა იყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტუალეტის მშენებლობას მოქალაქეების ნაწილიც აპროტესტებს, მათი განმარტებით იქვე ახლოს უკვე არის განტავსებული ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი რომელიც ფასიანია –  „ჩვენ ვაპროტესტებთ აქ ტუალეტის მშენებლობას, რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაქზე არის ბავშვების სათამაშოები, აქვე 30 მ–ში არის ფასიანი ტუალეტი. რა საჭიროა  მეორე ტუალეტის გაკეთება, ჩემი აზრით ეს ყოვლად მიუღებელია,“ –  ამბობს გურამ კაკაბაძე.

ამავე თემაზე:

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. ინტერაქტივი ძირითადად ჯგუფურია, ჯგუფი ჩვეულებრივ 4-5 ადამიანისგან შედგება, ისინი მწვრთნელთან ერთად ჩადიან აუზში დელფინებთან სათამაშოდ.

„ეს არის ნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა,“ – ამბობს თენგიზ წეროძე, ბათუმის დელფინარიუმის მენეჯერი, „ინტერაქტივის დროს არის ელემენტები, როცა წყალში ჩასული ადამიანი ისე გრძნობს თავს, თითქოს მწვრთნელია, მას იქვე ასწავლიან რაღაც ჟესტებს, რომელსაც აჩვენებს დელფინს და დელფინიც შესაბამის ქცევებს ასრულებს. ადამიანს შეუძლია მოეფეროს ან ჩაეხუტოს დელფინს.“
რატომ სურთ ადამიანებს დელფინებთან ახლოს ყოფნა და რატომ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ დელფინებთან ურთიერთობა? თენგიზ წეროძე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი დადებითი ემოციებია: „ემოცია, როცა ხედავ, რომ ასეთი კეთილი არსება შენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია, გეხუტება, გაძლევს საშუალებას შეეხო, იწვევს ძალიან დადებით იმპულსებს. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს დადებითი ემოციის გამო ცრემლებიც კი ერევათ“.

სწორედ ძლიერი დადებითი ემოციების გამო მიიჩნევა დელფინი ერთ-ერთ ისეთ ცხოველად, რომელთან ურთიერთობასაც თერაპიული ეფექტი აქვს, ისევე როგორც ადამიანის ურთიერთობას ძაღლთან, კატასთან და სხვა შინაურ ცხოველთან. დელფინოთერაპიას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა, თუმცა ტრადიციული მედიცინა დელფინოთერაპიას არ განიხილავს როგორც მკურნალობის საშუალებას.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის დელფინარიუმში ხაზგასმით ამბობენ, რომ მათთან არსებული სერვისი ინტერაქტივია და არა დელფინოთერაპია, რომელიც სხვა პროგრამას საჭიროებს.

„დელფინოთერაპია რთული პროცესია. რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, სამედიცინო შტატი უნდა გყავდეს, დაავადებები ხომ სხვადასხვაა და ამის მიხედვით უნდა მოხდეს დელფინოთერაპია. რადგან ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ უარი ვთქვით დელფინოთერაპიაზე და გვაქვს ინტერაქტივი,“ – განმარტავს თენგიზ წეროძე.

დელფინებთან ინტერაქტივი საკმაოდ ძვირადღირებულია. 15-წუთიანი ინტერაქტივის ღირებულება ერთი ადამიანისთვის 150 ლარია, 16 წლამდე ბავშვებისთვის კი 100 ლარი. მიუხედავად მაღალი ფასისა, დელფინარიუმში ამბობენ, რომ ზაფხულში დელფინებთან ინტერაქტივის ბევრი მსურველია, მათ შორის უცხოელები სჭარბობენ, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

„ძირითადად ბავშვები არიან, არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ჩუქნიან დელფინებთან ინტერაქტივს. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი – თუ ბავშვს არ უნდა, ეშინია წყალში ჩასვლა, არ შეიძლება დააძალო. გასაგებია მშობლების სურვილი, რომ მათ უნდათ ბავშვი ჩავიდეს წყალში, მაგრამ სტრესის მიყენება არ შეიძლება,“ – ამბობს თენგიზ წეროძე და დასძენს, რომ ასეთი შემთხვევებიც არის, როცა ბავშვს მშობელი აძალებს წყალში ჩასვლას.

დელფინებთან ინტერაქტივი ძირითადად ზაფხულშია შესაძლებელი, როცა წყალი თბილია, თუმცა, დელფინარიუმის მენეჯერის თქმით, მსურველები ზამთარშიც არიან:

„მაგალითად, ტურისტი ისლანდიიდან თუ ჩამოვა ზამთარში, მისთვის თბილა. ჩვენ აუზში ტემპერატურას არ ვუშვებთ 15 გრადუსზე ქვემოთ, ასე რომ ზოგიერთისთვის ეს მისაღებია. მაგალითად, ბალტიისპირეთში 14 გრადუსზე უკვე სეზონია გახსნილი,“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

დელფინებთან ურთიერთობის შედეგებს მედიცინა არ ცნობს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დელფინს „მკურნალად“ მიიჩნევენ, მისი განსაკუთრებული უნარია:

„დელფინები გვხედავენ როგორც რენტგენის აპარატი. ევოლუციის პროცესში მათ გამოუმუშავდათ მთელი სისტემა, რომელსაც ჰქვია სონარი, რომლითაც ისინი ხედავენ და აქვთ სისტემა, რითაც ისინი საუბრობენ. არსებობს ხატოვანი გამოთქმა, რომ ისინი ხედავენ ყურებით, სმენით იღებენ ინფორმაციას. დელფინს შეუძლია აბსოლუტურად ბნელ გარემოში, მღვრიე წყალში, ფეხბურთის მოედნის ტერიტორიის ფართობზე იპოვოს ტენისის ბურთი, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ის არამარტო პოულობს, არამედ მთლიან ფორმას შეიცნობს, რბილია თუ მაგარია, შიგნით თუა სიცარიელე და ა.შ. ძალიან ჭკვიანები არიან, ადამიანებივით არიან, ყველას თავისი ხასიათი აქვს, ზოგს მალე ბეზრდება თამაში, ზოგი ეშმაკია, ზოგი – დამყოლი. ჩვენ მათ არაფერს ვაძალებთ. ჩვენ ვთხოვთ, თუ მას უნდა და სიამოვნებს – აკეთებს, თუ არადა – არა,“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

ამჟამად ბათუმის დელფინარიუმში 14 დელფინი ცხოვრობს, შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის აფალინები. ახალდაბადებულების გარდა ყველა მათგანს თავისი სახელი აქვს.

….

უკვე დღის ექვსის 15 წუთია. ინტერაქტივი დელფინებთან დასრულდა. ინტერაქტივის ერთ-ერთი მონაწილე, 13 წლის დავით ჩიჩუა ამბობს, რომ ძალიან დადებითი ემოციები მიიღო და კარგად გაერთო, 11 წლის სონია კი დასძენს, რომ ყველაზე მეტად მას დელფინთან ჩახუტება მოეწონა.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

დეტექტივები სარფის საბაჟოდან

ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი.

აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და ოთხი ბელგიური მალინუა მუშაობს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად. მათი მოვალეობაა გარკვეული რისკ-ფაქტორების მქონე ბარგის, მსუბუქი თუ სატვირთო მანქანების შემოწმება ნარკოტიკის არსებობაზე. როგორც კინოლოგიურ სამსახურში ამბობენ, ამ დროის მანძილზე, ძაღლების მეშვეობით, საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანის 20-მდე შემთხვევა აღიკვეთა.

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო
სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

შემოსავლების სამსახურის კინოლოგიური სამმართველოს ექვსივე ძაღლი მამრობითი სქესისაა. ყოველი მათგანი 3-4 წლისაა. კინოლოგ-ოფიცრის, დავით თურმანიძის განმარტებით, მსგავსი სამუშაოსთვის ეს ყველაზე კარგი ასაკია ძაღლისთვის. ძაღლები საშუალოდ რვა წლის ასაკამდე მსახურობენ. როგორც კინოლოგიური სამმართველოს თანამშრომლები განმარტავენ, მოსამსახურე ძაღლი შეიძლება იყოს მდედრიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მუშაობის პერიოდში, მათ ერთმევათ დედობის უფლება, სხვა მხრივ კი არანაირი სხვაობა არ არის მათ შესაძლებლობებში – თუ ლეკვი თავიდანვე აქტიური და მოთამაშეა, ამ საქმისთვის გამოდგება.

კინოლოგიურ სამმართველოში ამბობენ, რომ ძაღლების სახელების დასახელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება ამ ინფორმაციით ვინმემ მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს.

შემოსავლების სამსახურის კინოლოგიური სამმართველოს ექვსი ძაღლი თავიანთ მეწყვილეებთან – კინოლოგ-ჰენდლერებთან ერთად მუშაობენ. კინოლოგ-ოფიცერი ომარ ქუჩლიშვილი, რომელიც ორი წელია თავის მეწყვილე ძაღლთან ერთად მუშაობს, ამბობს, რომ ცვლის დროს, ისინი მთელი დღის განმავლობაში ერთად არიან: `ჩვენ გვაქვს მოწოდებული რისკები საბაჟოს მხრიდან, დეპარტამენტის მხრიდან, რისკები ჩვენი შეხედულების მიხედვით ბარგზე, მსუბუქ თუ სატვირთო მანქანებზე… დოკუმენტებთან შეხების გარდა, ვასრულებთ იმავე მოვალეობას, რასაც მებაჟეები,“ – ამბობს ის.

კინოლოგიური სამმართველოს ძაღ¬ლები 24-საათიანი ცვლებით მუშაობენ. როგორც დავით თურმანიძე ამბობს, ცვლაში ორი ძაღლი მორიგეობს და ისინი სამ ცვლაში არიან გადანაწილებული, ანუ ყოველ მესამე დღეს უწევთ მორიგეობა. მისივე განმარტებით, ძაღლების სამუშაო გრაფიკი განსხვავდება ადამიანების გრაფიკისგან. „განსაზღვრულია, რომ როცა ძაღლი 10-15 წუთს მუშაობს, მან ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოს, შესაბამისად ხდება დროის გადანაწილება,“ – ამბობს დავითი.

ძაღლები სარფში განთავსებულ სპეციალურ ვოლიერებში ისვენებენ, გამოძახების დროს კი გამოდიან სამუშაოზე. როგორც კინოლოგიურ სამმართველოში განგვიმარტეს, სამუშაო ძაღლების კვების რაციონიც სპეციფიკურია და მათ კვებას ვეტერინარი აკონტროლებს: „გამოკვება ხდება ერთხელ – დილით, ან ზოგიერთი ძაღლის შემთხვევაში, ორჯერ დღეში,“ – ამბობს დავით თურმანიძე.

90-იანი წლების ტელესერიალის ოთხფეხა გმირის – კომისარი რექსისგან განსხვავებით, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით თავის მეწყვილესთან სახლშიც კი რჩებოდა, კინოლოგიური სამმართველოს ძაღლები საბაჟოს ტერიტორიიდან არ გაჰყავთ. ისინი ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კინოლოგიურ ბაზაში არიან დაბინავებულები და მათი გადაყვანა მხოლოდ სხვა საბაჟოზე გამოძახების შემთხვევაშია შესაძლებელი. დავით თურმანიძის განმარტებით, ბათუმის კინოლოგიური დეპარტამენტის ექვსი ნაგაზი ძირითადად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არის მიმაგრებული. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ისინი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ბათუმის აეროპორტში, ბათუმის პორტსა და ფოთის პორტშიც კი გადაჰყავთ ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის მცდელობის დასადგენად.

„რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური იქნებოდა, მეტი ძაღლი რომ ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყოფნის სხვა საბაჟოებსაც, თუ ცვლის ძაღლები გადაღლილი არიან, სხვა ძაღლები ისვენებენ და სხვა კინოლოგი წაიყვანს მას სატრანსპორტო საშუალებით,“ – განმარტავს დავით თურმანიძე.

დასვენების დღეებში ძაღლები ბაზაზე სპეციალურ წვრთნებს გადიან. ომარ ქუჩლიშვილის თქმით, მათ სასამართლოსგან გადაცემული აქვთ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალების იმიტატორები, რომლებსაც მსუბუქ და სატვირთო ავტომანქანებში მალავენ, რის შემდეგაც ძაღლებს ამუშავებენ სუნის დადგენასა და მათ პოვნაზე: „ამასთან ერთად ხდება შეგუება, რომ მუშა პროცესში ჩვენც ვიყოთ ყოველთვის ძაღლებთან ერთად,“ – ამბობს ის.

სპეციალურად გაწვრთნილი, ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიურ დეპარტამენტებს, აშშ-ს ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში გადმოეცა. ძაღლები აშშ-ში არიან გაწვრთნილი, რის შემდეგაც მათ ჰენდლერებთან ერთად გაიარეს წვრთნები საქართველოში, რომ ერთმანეთს შეჩვეოდნენ მუშაობის პროცესში. როგორც კინოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები ამბობენ, ეს სამსახური ჯერ კიდევ ვითარდება, ისინი სხვა ქვეყნების კინოლოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობენ და სამომავლოდ რამდენიმე ახალი ძაღლის დამატებასაც გეგმავენ.

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო
სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

ბსუ-ს ხუთი პროექტი Erasmus+ -ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

წელს Erasmus+ Capacity Building in Higher Education-ის (შესაძლებლობების განვითარება  უმაღლეს    განათლებაში) საგრანტო კონკურსში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით  ცხრა ახალი ინტერ-რეგიონალური პროექტი დაფინანსდა, მათ შორის  5 პროექტი  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით განხორციელდება.

ბსუ-ს მონაწილეობით   2016 წელს  დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:

“საინჟინრო  განათლებაში ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლების პროეტი”, რომლის ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში გიზო ფარცხალაძე იქნება. პროექტის კოორდინატორი – შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტია (Royal Institute of Technology (KTH), საქართველოში პროექტში ჩართულია: საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებთა სამინისტრო და არასამთვრობო ორგანიზაცია SMART Consulting – ი.

ასევე დაფინანსდა “უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობის პროექტი”, რომლის ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში ნანა მაკარაძე იქნება. საქართველოში პროექტის კოორდინატორია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია:  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – GIPA, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები Georgian Portage Association და Step Forward-ი.

“ინტერ-რეგიონალური მობილობისთვის გზის გაკვალვის და აქტუალობის, ხარისხისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროგრამის” ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში ლელა თურმანიძეა. ამ პროექტის კოორდინატორია – აკილას სახელმწიფო უნივერსიტეტი (იტალია). პროექტში ჩართულია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებთა სამინისტრო.

ასევე დაფინანსებულია “კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითრების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში”. ამ პროექტის ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში ნანა მაკარაძე იქნება. პროექტის კოორდინატორი – გორდონის აკადემიური კოლეჯია (ისრაელი). პროგრამაში ჩართულია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთვრობო ორგანიზაცია CIVIC DEVELOPMENT INSTITUTE

 Erasmus+ -ის საგრანტო კონკურსში დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია “კვლევითი აქტივობა მეცნიერების სწავლების ინოვაციისთვის და კარიერის ორიენტაციისთვის”, რომლის ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში რუსუდან ხუხუნაიშვილია. პროექტის კოორდინატორია – ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია). საქართველოში პროგრამას ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და     ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში  აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც  უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა.

„ეს არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა, ასე ვთქვათ, ძველ საფლავებს ყიდიან და სხვას ასაფლავებენ“, – გვიყვება ადვოკატი ედიშერ მახარაძე, რომელიც აქამდე პროკურატურის პასუხს ელოდებოდა, რაც საფლავის მიტაცების საქმეზე დღემდე მიმდინარეობს: „პროკურატურა ამ ფაქტის გამოძიებას ვერ ახერხებს იმის მიუხედავად, რომ მოქალაქემ არაერთხელ მიმართა პოლიციას. 2011 წელს სხვა არ იყო დასაფლავებული, მაგრამ საფლავი ოლიას განადგურებული დახვდა. ეს გამოიხატება იმაში, რომ აღარ იყო საფლავის ქვა. მოსწორებული იყო ტერიტორია. მაშინ საფლავების მართვას შპს „თანადგომა~ ახორციელებდა. არსებობს 2011 წლის 19 აგვისტოს წერილი, რომელიც ამ ორგანიზაციამ ოლია ჩერნიშოვას მისწერა.“

წერილში აღნიშნულია, რომ დადგენილია იუცკევიჩების საფლავების ადგილი და იგი ცენტრალური შესასვლელის მარცხნივ მდებარეობს. „თანადგომას~ გაუცია განკარგულებაც, რომ საფლავის აღდგენასა და ხელახლა მოწყობაში ოლიას, როგორც იუცკევიჩების შთამომავალს, ხელი არ უნდა შეშლოდა. ოლიამ მაშინ საფლავის სავარაუდო მითვისების მცდელობა პოლიციასაც აცნობა, საფლავი აღადგინა, საფლავის ქვაც და ბელორუსიაში დაბრუნდა. 2014 წელს ჩამოსულ ოლია ჩერნიშოვას ნაცნობ ადგილას სრულიად უცნობი ქალის საფლავი დახვდა. საფლავის ქვა იუწყებოდა, რომ იგი ვინმე ნინა კაშოიანს ეკუთვნოდა.

„ეს არის მიცვალებულის მიმართ უპატივცემულობა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. საფლავის მიტაცების გამო ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, რადგან პროკურატურისგან უკვე მივიღეთ წერილი, რომ იუცკევიჩების საფლავი საერთოდ არ იძებნება ფერიის სასაფლაოზე და გამოძიებამ სხვა ვერაფერი გაარკვია… ჩემთვის უცნობია რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ნებართვას მიცვალებულის კონკრეტულ ადგილას დაკრძალვაზე გასცემს მერიას დაქვემდებარებული „ბათუმის სასაფლაო“. ფერიის სასაფლაოზე ადგილი ოფიციალურად აღარ არის და დახურულია. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, რის საფუძველზე მისცეს ნებართვა პირს დაესაფლავებინათ მიცვალებული სხვის საფლავზე,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

„ჩვენთვის უცნობია, სად მდებარეობს ფერიის სასაფლაოზე ზემოთ აღნიშნული პირების სასაფლაო,“ – ეს პასუხი პროკურატურისთვის ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ 2015 წლის 11 ნოემბერს მიუწერია. წერილში ასევე აღნიშნულია: „დაცული საარქივო ჩანაწერების 1987 წლის გარდაცვლილთა სარეგისტრაციო წიგნში ვლადიმერ აპოლონის ძე იუცკევიჩის მაგივრად მოიძებნა ვლადისლავ იუცკევიჩი, რომლის საფლავის ნომერია 18 365. ამ საფლავის მეპატრონედ გატარებულია მოქალაქე ნ.კ. …რაც შეეხება 1953 წელს გარდაცვლილ ოლეგ ნიკოლოზის ძე იუცკევიჩს, მასზე საარქივო ჩანაწერები ვერ მოიძებნა.“ ოლეგ იუცკევიჩი ვლადიმერის მამა იყო და ისიც იმავე სასაფლაოზე ყოფილა დასაფლავებული.

წერილს „ბათუმის სასაფლაოების~ დირექტორი, ავთანდილ ბურკაძე აწერს ხელს. მან გვითხრა, რომ საფლავების მითვისებას ძირითადად წინა წლებში ჰქონდა ადგილი, ვიდრე ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“ ჩამოყალიბდებოდა: „მსმენია, რომ ბევრი იყო ასეთი შემთხვევა. საარქივო მასალის და ჩანაწერების დიდი ნაწილი აღარ არსებობს, განადგურდა. შესაბამისად, დღეს იმის გარკვევა, თუ რა მოხდა წლების განმავლობაში, რთულია. ჩვენ არ ვიცით იუცკევიჩების საფლავი სად იყო. ამის გარკვევა გამოძიების საქმეა. ჩვენი ორგანიზაცია 2012 წლის ბოლოს შეიქმნა“.

რის მიხედვით შეიძლება გაცემულიყო ნებართვა იგივე იუცკევიჩების საფლავზე სხვა ცხედრის დაკრძალვის დროს? – კითხვაზე ავთანდილ ბურკაძემ გვითხრა, რომ თავისუფალი ადგილი ფერიის სასაფლაოზე აღარ არსებობს და ძირითადად იმ შემთხვევაში გასცემენ ნებართვას, როცა დგინდება გარდაცვლილის დასაფლავებულთან ნათესაური კავშირი: „თუკი გვაჩვენებენ დოკუმენტს, მაგალითად, დაბადების მოწმობას და დადასტურდება, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დასაფლავებულის ახლო ნათესავია, მისი დაკრძალვის უფლებას გავცემთ. იშვიათია, როცა მცირე ასეთი თავისუფალი ადგილები იყოს და ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახი 100 ლარს იხდის.“

ავთანდილ ბურკაძემ გვითხრა, რომ ასევე 100 ლარი უნდა გადაიხადო, თუკი ადასტურებ, რომ დასაფლავებულის ნათესავია გარდაცვლილი და ზემოდან დასაფლავებას ითხოვ: „ზემოდან დასაფლავების ანუ ძველი საფლავის გაუქმების ნებართვას მაშინ გავცემთ, თუკი საფლავი დაახლოებით 30-40 წლისაა. აუცილებელი პირობაა აქაც ნათესაური კავშირის დადგენა.“

ადვოკატის, ედიშერ მახარაძის თქმით, დღემდე ვერ მოხერხდა გარდაცვლილის ოჯახთან დაკავშირება, ვისი საფლავიც ახლა იუცკევიჩების საფლავის ადგილზეა.

 

№9 ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 4 აგვისტოს რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ №9 ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი თქმით დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ბათუმელებს“ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მოაწოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, შეტყობინება აღნიშულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

„საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობია“ – პრინციპით, უჩვეულოდ ადრე ვიღვიძებ და ვემზადები, რომ ვნახო „მწვანე სამოთხე“, რომელზეც ამდენს ყვებიან. დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკში მივდივარ. ფოტოებს დიდი ხანია ნაკლებად ვენდობი, თან მაღალმთიან აჭარაში დაბადებულ-გაზრდილს მთებით გააკვირვებ?!

ბათუმიდან ორმოცი წუთი მანქანით და სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ხარ. ეროვნული პარკი წელს პირველად მასპინძლობს ვიზიტორებს, შესაბამისად ინფრასტრუქტურაც ჯერ კიდევ მოწესრიგების პროცესშია, პარკს ბევრი სერვისი [მაგალითად, გიდის მომსახურება, საპიკნიკე მაგიდები, კარვების გაქირავება, მაყალი და სხვა] არ აქვს, ამიტომ ვიზიტორებს ხშირად ენთუზიასტი რომელიმე რეინჯერი ან ვიზიტორთა სპეციალისტი უწევს მეგზურობას.

ჩემი მეგზურები დღეს ერთ-ერთი უბნის უფროსი რეინჯერი მალხაზ ქონდარიძე და ვიზიტორთა სპეციალისტი ნანა ბაუჟაძე არიან. მალხაზი და ნანა გასვლამდე პარკზე მიყვებიან: „მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი 8733 ჰექტარია. ტერიტორიის 95% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. უმაღლესი წერტილი მთა კილდიკიკვინაზეა, რომელიც ზღვის დონიდან 2151 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს“.

როგორც მიხსნიან, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკის მოწესრიგება მოხერხდა. ბილიკი სოფელ სინდიეთიდან იწყება, იქამდე კი მაჭახელას ხეობის მთავარი გზიდან 5 კილომეტრი სამანქანო გზა უნდა გავიაროთ.

ამ მარშრუტისთვის მთავარანგელოზის ბილიკი დაურქმევიათ. ბილიკს ამავე სახელწოდების მთაზე ავყავართ. სწორედ ამ მთიდან მოჩანს მდინარე ჭოროხის შესართავი შავ ზღვასთან, საოცარ ფერთა გამას რომ ქმნის. ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოსა და მაჭახელას ხეობის ერთი წერტილიდან დანახვა რომ შეგიძლია, ამ მთისთვის მთავარანგელოზის სახელის მისანიჭებლად საკმარისი მიზეზი იქნებოდა, მაგრამ ხეობაში სხვადასხვა ლეგენდა არსებობს ამ ამბავზე.

საუბარში გართულები უკვე ბილიკის დასაწყისთან მოვედით. „ბოლო მოსახლის ეზოში ვართ“, – მიხსნიან ნანა და მალხაზი და დასძენენ, რომ ზევით უკვე პარკის ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. ბოლო მოსახლეს ორსართულიანი ქვის სახლისთვის მესამე სართულზე ხის კოტეჯის ტიპის სართული დაუშენებია. ეზოდან ჩანს, რომ ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: „გესთჰაუსი უნდა მოაწყოს, ერთხელ სკოლიდან გვყავდა ვიზიტორები ტურზე და დარჩენის სურვილი გაუჩნდათ. კარვების გაქირავების სერვისი სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ამ ოჯახში იკითხეს. მანამდე ამ ოჯახს ამაზე არც უფიქრია. პირველი სტუმრები იყვნენ და შემდეგ გადაწყვიტეს გესთჰაუსის მოწყობა“, – ამბობს უფროსი რეინჯერი და თან გვემშვიდობება:„ახლა ნახავთ ჩვენს „მწვანე სამოთხეს“, მე აქ დაგხვდებით“.

ნანა ხის პატარა ჭიშკარს აღებს და უკვე ბილიკზე ვართ. ბილიკზე კონტურები, რომლებიც ქვეითთა ნაკვალევს მოუხაზავს, ისე უწყვეტად მიიკლაკნება, მაგულიანებს, რომ შემდეგში მარტო თუ წავალ, გზას არ დავკარგავ, მაგრამ მაინც ვეკითხები ნანას, შესაძლებელია თუ არა, რომ პირდაპირ მიუყვებოდე ბილიკს და მაინც დაიკარგო. ამასობაში უკვე ტყის მასივში შევდივართ. ნანა ერთ-ერთ ხესთან ჩერდება და ხეზე აღნიშნულ ყვითელ საღებავზე მითითებს: „არა, ბილიკი ისეა, თვითონვე გაჩვენებს გზას, მაგრამ, თუ მაინცადამაინც დაეჭვდით, შეგიძლიათ ასეთი ნიშანი მოძებნოთ. ეს მარკირებაა, მიუთითებს, რომ სწორ გზაზე ხართ. მარკირება არის ხეებზე, ქვებზე, გარკვეული ინტერვალით. ასე, რომ მარტო ან გიდის გამოყოლის გარეშე წამოსვლის შემთხვევაშიც არ დგას დაკარგვის საფრთხე“, – მიხსნის ნანა და დასძენს, რომ გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს მარკირებისას გამოყენებული საღებავის ფერსაც. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მარტივ ბილიკზე მივდივართ, რაზეც ყვითელი ფირი მიუთითებს. შემდეგი ვიზიტებისთვის მეცოდინება, რომ თუ პარკის ტერიტორიაზე წითელი მარკირება შევნიშნე, საშუალო სირთულის ბილიკზე ვიმყოფები, ხოლო თუ ლურჯ მარკირებას მოვკრავ თვალს – რთულ ბილიკზე ვდგავარ.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და ცამდე აზიდული ხეების, ათასნაირი ბუჩქნარისა და ფერადი სოკოებით მოხატული მინდვრის სამყაროში ვართ. ნანა ამბობს, რომ ეს შერეული წიფლნარ-წაბლნარის ტყეა. იგი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებზე მიყვება, რომლებიც მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს: „კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა, – ესენი უნიკალური, რელიქტურ მცენარეთა სახეობებია. გარდა ამისა, ჩვენთან ბინადრობენ ასევე წითელი ნუსხით დაცული მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში არსებულ ხუთ ფოტოხაფანგს ასევე დაფიქსირებული ჰყავს შველი, კვერნა, მგელი, ტურა, მაჩვი, ციყვი და გარეული ღორი“.

წყაროებთან ახლოს, ვაკე ადგილებში, დასვენებაა შესაძლებელი. ჩვენც ერთ-ერთ წყაროსთან გვაქვს შემდეგი გაჩერება. გზის მესამედი უკვე გავლილია. შემდეგისთვის უნდა გავითვალისწინო, რომ უკეთესი მოჭიდების ფეხსაცმლით წამოვიდე. მოსასხამი რომ წამოვიღე, ეს სწორად გავთვალე, სიგრილეა ტყეში.

წახემსების შემდეგ პატარა ბილიკით გადავდივართ მურყანის ხეივანში. ფართო ბილიკის ორივე მხარეს მურყნის ხეებია განლაგებული. ეს ის კადრია, რომელიც გონებიდან არასდროს იშლება. აქ დრო ჩერდება. მაღლა აიხედავ და მაღალი, ტანწვრილი მურყნის შეფოთლილი ტოტებითაა ცა გამწვანებული, დაბლა დაიხედავ და მრავალფეროვანი მწვანე საფარია ყველგან და ლამაზი, ფერადი სოკოები.
„წინ კიდევ ერთი ამდენი მანძილია გასავლელი – ამაღლებული ბექობი, ვაკე [სადაც საკარვე ადგილია] და ვაკის ცენტრში ამოზიდული მთავარანგელოზის მთა“, – მიყვება ნანა.

ამასობაში მაჭახელას ხეობამ კიდევ ერთხელ მასწავლა ჭკუა – გაწვიმდა. გადასახედ კიდესთან მივდივარ, მინდა ვნახო, რომ ღრუბლები მალე დაშლას აპირებენ, ბოლომდე ასვლას ვგეგმავ, მაგრამ ნისლისა და შავი ღრუბლების მეტი ხეობაში არაფერი მოჩანს. ადმინისტრაციაში გამაფრთხილეს, რომ შესაძლო იყო ეწვიმა. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ „შესაძლო“ მართლა ხდება. ჯერ ძლიერად არ წვიმს, ამიტომ უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას ვიღებთ და დაბლა ვეშვებით.

აქ კიდევ ერთხელ ჩამოვლის სიხარული ანეიტრალებს იმას, რომ მთავარანგელოზის მთაზე ვერ ავედი. თან ყველაფერი წინაა. ამ სეზონზე თუ არა, მომავალ წელს ხომ აუცილებლად დავბრუნდები. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იმ დროისთვის უკვე მეორე ბილიკიც იმუშავებს და შესაბამისი საინფორმაციო აბრები განთავსდება მთელ ბილიკზე, საპიკნიკე ადგილებში კი დადგამენ სკამებსა და მაგიდებს, მაყალს. საკარვე ადგილზე კარვების გაქირავების სერვისიც ამოქმედდება, მათთვის, ვისაც კარავი არა აქვს. ასე, რომ ბათუმიდან ნახევარ საათში, „მწვანე სამოთხე“ დავიგულე. ნახეთ თქვენც.

ბათუმში მზიანი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არ გაუარესდება, დღისით შენარჩუნებული იქნება ძირითადად მშრალი ამინდი, ხოლო ღამით, პერიოდულად, მცირე ნალექია მოსალოდნელი.

დღეიდან, 4 აგვისტოდან, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით 28-29, მაქსიმუმ 30 გრადუსი, რაც ობსერვატორიის განცხადებით აგვისტოს თვისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშოდ მაღალ ტემპერატურას ამდღეებში არ უნდა ველოდოთ.

ზაფხულში, ბათუმში, მაქსიმალური ტემპერატურა 1981 წლის 29 ივლისს დაფიქსირებულა: +41 გრადუსი. „ეს იყო პიკი“ – გვითხრეს ობსერვატორიაში.

ფოტორეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან

რეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან: ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

მაჭახელა
ხედი მაჭახელას ეროვნული პარკიდან / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
მაჭახელა
მაჭახელას ეროვნული პარკი / ფოტო: ირმა დიმიტრაძე

პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია

სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს.

ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა.

„მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში“ – ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან.
„პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. მაგრამ ნაგვის ურნა გადავსებულია, ხალხმა არ იცის სად ჩაყაროს ნაგავი“ – ამბობს კიდევ ერთი დამსვენებლი, ვიქტორია კრავჩენკა, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა ბათუმში.
ზღვის სანაპირო ზოლის და და ბულვარის ტერიტორიაზე დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმდებიან.

ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაგვიანების სხვადასხვა კატეგორიაზე ჯარიმებიც სხვადასხვაა, რომელიც წელს კიდევ უფრო გამკაცრდა.

ბულვარის და პლაჟის ტერიტორიაზე ორ კილოგრამამდე ნაგვის დაყრის შემთხვევაში პირი ოთხმოცი ლარით ჯარიმდება, ხოლო მეტი მოცულობის ნაგვის დაყრისათვის ფიზიკური პირები ხუთასი ლარით, იურიდიული პირები კი ათას ხუთასი ლარით ჯარიმდებიან. რაც შეეხება სამშენებლო ინერტული ნარჩენებით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ორასი ლარით, იურიდიული პირი კი ხუთასი ლარით ჯარიმდება.

ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დანაგვიანებას მონიტორინგს უწევს შვიდკაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც ბულვარის მთლიან ზოლს და სანაპიროსაც აკონტროლებს.

როგორც ბულვარის პრესსამსახურში გვითხრეს, სანაპირო დაყოფილია სექტორებად. მოიჯარეები რომლების მფლობელობაშიც არის სექტორი, მათ ხელშეკრულებაში წერია რომ უნდა დაიცვან სისუფთავის ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება დასუფთავებას, ბულვარსა და პლაჟს „სანდასუფთავება“ ალაგებს.

ბათუმის ბულვარის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს დანაგვიანებაზე 104 საჯარიმო ოქმი გამოიწერა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის შედეგების ნახვა სეზონის დასრულების შემდეგ გვექნება.

ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს.

ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა  გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის და წითელაშვილის მობილიზება მოახდინეს თბილისიდან, ჩამოიყვანეს. ასევე შუახევიდან, მახოდან და სხვადასხვა სოფლებიდან.“

დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გააკეთეს.

13936732_10210670218138298_1603930702_n
ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის აქცია ბათუმში / როინ გუნდაძის ფოტო

13918552_10210670218178299_394988227_o

უმაღლეს საარჩევნო კომისიას ახალი ლოგო 590 ლარი დაუჯდა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის 2006 წლიდან მოქმედი ლოგო გააუქმა და ახალი დაამტკიცა.

კომისიას ახალი ლოგოს შეძენა 590 ლარი დაუჯდა. ლოგო კომპანია “Look Production”-მა დაამზადა. ახალი ლოგოს შესაქმნელად უსკოს კონკურსი არ გამოუცხადებია. ლოგო უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა.

logo 2
უსკოს ყოფილი ლოგო
logo-akhali-e1470307498863
უსკოს ლოგო

 

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს [ფოტო-ვიდეო]

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია დილით, 11 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადმოინაცვლა. მონაწილეთა მოთხოვნა „ენმ-ს აკრძალვა, ხოლო მისი წარმომადგენლების, როგორც სისხლისმღვრელი რეჟიმის შემქმნელების დასჯა“ იყო.

აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, მათ შორის ისიც, რომ აქციის მონაწილეები  გეგმავდნენ ენმ-ს ბათუმის ოფისის წინ მიხეილ სააკაშვილისა და ფეტულა გიულენის ფიტულების დაწვას. როგორც ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, მათ 12 საათისთვის გააფრთხილეს საპატრულო პოლიცია. შსს-ში კი ამბობენ, რომ საპატრულო პოლიცია აქციის შესახებ ბათუმის მერიამ გააფრთხილა.

ენმ-ს ოფისთან შეკრებილები იყვნენს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც. „ჩვენი სამშობლოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, თუმცა არ არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის და ფეტულა გიულენის ფიტულები დემონსტრაციულად დაწვეს და ენმ-ს წევრებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით ცეცხლი საპატრულო პოლიციამ ჩააქრო.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინსტრაციული წესით [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები].

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ენმ-ს მხარდამჭერთა მხრიდან არ არიან დაკავებულები.  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „ჩვენი სამშობლო“ კი ადასტურებს, რომ დაკავებულია პარტიის ერთი მხარდამჭერი გია მახარაძე.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. აქციას ესწრებოდა ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ყოფილი სამხედროა. პოლკოვნიკი წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მან ციხე დატოვა.

DSCN1216
აქცია ევროპის მოედანზე / ფოტო: როინ გუნდაძე

DSCN1223

აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია ენმ-ს ბათუმის ოფისთან / ფოტო: როინ გუნდაძე
Exit mobile version