კვირის ამბები,მთავარი

ვარსკვლავებზე დაკვირვება ფიჭვის ტყეში

06.08.2016 • 5162
ვარსკვლავებზე დაკვირვება ფიჭვის ტყეში

თუ ზაფხულის სიცხესა და ქალაქის ხმაურს გინდათ გაექცეთ და წიწვოვანი ტყეების ჩრდილსა და რამე მაგიურს ეძებთ – დროა კურორტ აბასთუმნის, უფრო ზუსტად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებაზე დაფიქრდეთ.

კურორტი აბასთუმანი ბათუმიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები წიწვოვანი ტყით არის დაფარული და რაც მნიშვნელოვანია – ზაფხულის სიცხე აქ შემაწუხებელი არ არის, საღამოს კი მუდამ გრილა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წელს დაარსდა, ყანობილის მთაზე მდებარეობს. იგი აბასთუმნიდან 5 კმ-ით არის დაშორებული. ობსერვატორიის ადმინისტრაციის ცნობით, ყანობილის მთა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ატმოსფერული პირობებით ხასიათდება, რადგან ატმოსფერო მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. ყანობილის მთაზე მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 300-ს, მოწმენდილი ღამეებისა კი 250-ს შეადგენს. 2007 წლიდან აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია და ამ დროიდან ობსერვატორია თავისი პირველი ხელმძღვანელის, მეცნიერ ევგენი ხარაძის სახელს ატარებს.

ობსერვატორიაში უკვე ათეული წელია ტარდება ექსკურსიები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ისე ინტერაქტივის ნაწილს:

„ექსკურსიაში შედის 45-წუთიანი ლექცია, რომელიც მოიცავს ობსერვატორიის დაარსების ისტორიასა და ჩვენი ცნობილი ასტრონომების შესახებ ინფორმაციას, ასევე ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის – 40 სმ-იანი რეფრაქტორისა და ტელესკოპის შენობაში განთავსებული მუზეუმის დათვალიერებას. ღამის საათებში ტელესკოპის შენობაში გუმბათი გაიხსნება და მოწმენდილი ცის შემთხვევაში, სტუმრები შეძლებენ ცის დათვალიერებას,“ – გვითხრეს ილიაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ერთ მნახველს ტელესკოპთან რამდენიმე წუთით გაჩერების შესაძლებლობა აქვს.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში არსებული სხვა ინსტრუმენტები [მენისკური ტელესკოპი, 40-სმ ფართოველიანი ორმაგი ასტროგრაფი და ORI- 22 ფართოველიანი ტელესკოპი] კვლევითი პროექტებისთვის გამოიყენება და ექსკურსიების დროს მათი დათვალიერება არ არის შესაძლებელი დამსვენებლებისთვის.

როგორც ობსერვატორიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ზაფხულში ექსკურსიები ყოველდღე, 11:00-დან ღამის 3:00-მდე ტარდება. კონკრეტული სეზონი ან თვე, თუ როდის არის ყველაზე კარგი ხილვადობა, განსაზღვრული არ არის. „განსაზღვრულია მხოლოდ დღის მონაკვეთი, შებინდების შემდეგ (ზაფხულში ეს 9 საათია), 12 საათამდეა ყველაზე კარგი დრო. უფრო ზუსტად კი ამას ექსკურსიის მორიგე გეტყვით, იმ დღის განმავლობაში რა დროს სჯობს, რომ ადგილზე იყოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზები, თუ რომელ ფაზაში ჩანს მთვარე, ან თუნდაც რომელიმე პლანეტა კარგად,“ – ამბობენ კვლევით ცენტრში.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური ექსკურსიები. დღის საათებში ინდივიდუალური ექსკურსიის მინიმალური ღირებულება 10 ლარია. ექსკურსიაში ორ ადამიანზე მეტი მსურველის შემთხვევაში ღირებულება 4 ლარით განისაზღვრება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელესკოპით ციური სხეულების დათვალიერება მხოლოდ ღამის საათებშია შესაძლებელი, რადგან ობსერვატორიას დღის ტელესკოპი არ აქვს. ღამის საათებში ექსკურსიის ფასი მატულობს და მისი მინიმალური ღირებულება 20 ლარია, იმ შემთხვევაში თუ ექსკურსიის მსურველთა რაოდენობა 3 ადამიანზე მეტია, ღირებულება ერთ პირზე 6 ლარს შეადგენს. ნაშუაღამევს ექსკურსიის ღირებულება ერთ ადამიანზე 20 ლარია.

იმისთვის, რომ ჯგუფური ექსკურსია ჩატარდეს, საჭიროა არანაკლებ 10 მსურველი მოგროვდეს. ჯგუფის თითოეული წევრისათვის დღის საათებში ექსკურსიის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია, ღამის საათებში – 4 ლარი, ნაშუაღამევს კი – 10 ლარი, მაგრამ ამ დროს მსურველთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5 ადამიანზე ნაკლები. ადმინისტრაციის ცნობით, ექსკურსიები უფასოა იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ობსერვატორიისა, აბასთუმანი ისტორიული ძეგლებითაც არის მდიდარი. აქ მდინარე ოცხეზე არის თამარის ხიდი, თამარის ციხე, ახალი ზარზმა, დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის ზამთრისა და ზაფხულის სასახლე, თერმული წყლების აბაზანების შენობა-ნაგებობა, სწორედ ამ წყლების გამო აბასთუმანი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს – Green Hotel-ის ხელმძღვანელი ლაშა ჭაღიაშვილი ამბობს, აქ სახლების ქირის ფასი ერთი დღით საშუალოდ 30-40 ლარიდან იწყება და კომფორტის მიხედვით იზრდება. უშუალოდ Green Hotel-ში გაჩერება თითოეული სტუმრისთვის 60 ლარი ღირს.

გაჩერება შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტუმრო „აბასთუმანშიც“, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, დაბურულ წიწვოვან ტყეში მდებარეობს. სასტუმრო ორი ტიპისაა – დიდი და პატარა, განსხვავებული ნომრებითა და ინფრასტრუქტურით. დიდ სასტუმროში 20 ნომერია, ფასები 50-დან 140 ლარამდეა, პატარა სასტუმროში კი 14 სამ და ოთხადგილიანი ნომერია, რომელთა ფასიც 105 და 140 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუ აგვისტოში, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, სასტუმროში ნომერი არ იქნება თავისუფალი, შეგიძლიათ სასტუმროს ტერიტორიაზე გაშალოთ კარავი, შეუიარაღებელი თვალით დააკვირდეთ ციურ სხეულებს და ერთ-ერთ ყველაზე უხვვარსკვლავიანი ცის ქვეშ იძინოთ, საამისოდ ერთ ღამეში 15-20 ლარის გადახდა მოგიწევთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: