კვირის ამბები,მთავარი

როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

06.08.2016 • 2311
როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს?

თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის გარდა ადგილზეა მობილიზებული ერთი სასწრაფოს მანქანაც, რომელიც გამოძახების შემთხვევაში ადგილზე გადის. ბრიგადაში სამი ადამიანი – სასწრაფოს ექიმი, ექთანი და მძღოლია. ბრიგადასთან დაკავშირება მხოლოდ 112-ში დარეკვით არის შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ბულვარში დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე მუშაობს.

DSCN0792„პირველი საათია და უკვე ექვსი გამოძახება გვაქვს. ყველაზე ხშირად წნევის კონტროლი სჭირდებათ, არის დამწვრობის შემთხვევებიც, ტრავმების გამო გამოძახება ძირითადად დღის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ დროისთვის ხშირდება გამოძახება ალკოჰოლის გამოც,“ – გვეუბნება ექიმი ნინო გურგენიძე.

მედპერსონალის ინფორმაციით, ალკოჰოლის მიღების შემდგომი პრობლემები უფრო მეტია საღამოს საათებში. „მინიმუმ 7-8 შემთხვევა,“ – ამბობს ექიმი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფი ბულვარის გარდა მიმდებარე უბნებსაც ემსახურება. `როცა ჯგუფი გადის, ამბულატორიაში ერთი ექთანი მაინც რჩება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას მოქალაქეს,“ – გვეუბნება ნინო გურგენიძე. მისი თქმით, ხშირია გამოძახება სასტუმროებიდანაც. „ძირითადად საკვებით გამოწვეული პრობლემები აქვთ დამსვენებლებს“.

112-ში შესული ზარის შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა ბრიგადის ოპერატორს და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ჯგუფი დანიშნულების ადგილზე. `ჩვენ ვინიშნავთ პაციენტის ნომერს და ასე ვაგნებთ მას. ძალიან გვეხმარება სამაშველო სამსახური გამოძახების ადგილამდე მისვლაში. გვქონდა გამოძახება, რომ ბავშვი იხრჩობოდა, მაგრამ მაშველებმა მოახერხეს მისი გადარჩენა და აღარ დასჭირდა ჩვენი დახმარება,“ – ამბობს ნინო გურგენიძე.

DSCN0794სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, დამსვენებლებს შუადღის საათებში ხშირად მზის ქვეშ ყოფნის გამო სჭირდებათ დახმარება. ექიმი ამბობს, რომ მოქალაქეებს აძლევენ რეკომენდაციებს, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ: „ცოტა ხნით როცა ჩამოდიან, ცდილობენ მოასწრონ „ზაგარის“ მიღება და არ ასრულებენ ჩვენს მითითებებს,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ დაფიქსირებულა ბავშვის მზისგან დამწვრობის შემთხვევები: „ბავშვებს უფრო უფრთხილდებიან, ქოლგის ქვეშ ჰყავთ, მაგრამ უფროსები არ იცავენ წესებს. ცოტა ხნის წინ ერთი გოგონა გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ჩასძინებოდა მზეზე და ძალიან ცუდად იყო, დამწვრობა და მზის დაკვრა  მიიღო.“

სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამბობს, რომ მოძრავი ამბულატორია კარგად არის აღჭურვილი, თუმცა ამბულატორიაში, სადაც ჯგუფის წევრებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ ყოფნა, არ ფუნქციონირებს ბიოტუალეტი.

ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრები ასახელებენ, გადატვირთული მოძრაობაა, რაც ხშირად ხდება მინიმუმ 20-30-წუთიანი დაგვიანების მიზეზი. „სტუმრიანობაც იზრდება ტურისტულ სეზონზე და ზოგადად ქალაქის მოსახლეობაც გაზრდილია, შესაბამისად ძალიან გადატვირთული გვაქვს დღის რეჟიმი. საცობები გვიქმნის სერიოზულ პრობლემას და მძღოლები, რომლებიც სასწრაფო მანქანის სირენაზეც კი არ ათავისუფლებენ გზას“.

ექიმის თქმით, სასწრაფო დახმარების დროული მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია დაჭრის ან უგონო მდგომარეობის შემთხვევის დროს. ექიმის ინფორმაციით, წინა ზაფხულთან შედარებით, წელს იკლო დაჭრის შემთხვევებმა, „თუმცა 5-6 ფაქტი ამ სეზონზეც დაფიქსირდა“.

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ტურისტული სეზონის დასრულებამდე იფუნქციონირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: