მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმოძრავებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ რამდენიმე დღის წინ დაადგინა.

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი:

avto

ზაფხულში ავტოტრანსპორტი განსხვავებული გრაფიკით მოძრაობდა.

რაც შეეხება ავტობუსების გრაფიკიდან ამოვარდნას, ანუ დაგვიანებას, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ბესიკ დათიაშვილის განმარტებით, მიზეზი ქალაქის ქუჩებში არესებული საცობებია.

კითხვაზე, გადაწყდა თუ არა ახალი ავტობუსების დამატება, ბესიკ დათიაშვილმა განმარტებით „პარკის განახლება იგეგმება, თუმცა როგორ და რამდენი ავტობუსით განახლდება, არ ვიცი.“

მუნიციპალურ ავტობუსებში ორგანიზაციამ წელს დამტვრეული სავარძლები შეცვალა.

მუნიციპალური ტრანსპორტი საცობში მაიაკოვსკის ქჩაზე / 1.10.2016 / თედო ჯორბენაძის ფოტო
მუნიციპალური ტრანსპორტი საცობში მაიაკოვსკის ქუჩაზე / 1.10.2016 / თედო ჯორბენაძის ფოტო

არმაზ ახვლედიანი: ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან

„ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ბათუმელებისგან პარლამენტარის მანდატის მოპოვებას ის დამოუკიდებლად ცდილობს. თვლის, რომ პარტიების კუთხით არჩევანი გართულდა. ბოლო პარტია, რომელსაც დაუპირისპირდა „ქართული ოცნება“ იყო, სადაც იგი აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა. მანამდე ის ორგზის იყო პარლამენტარი. იყო ასლან აბაშიძის თანაშემწეც. არმაზ ახვლედიანი არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დირექტორი.

თქვენს მიერ წინასაარჩევნო გარემოს მწვავე შეფასებები ხშირად განხვავდება იმისგან, რასაც ექსპერტები ამბობენ. მათი თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გარემო…

აშკარად შეცლილია გარემო და რაღაც თვალსაზრისით უკეთესობისკენაც. დღეს არ აქვს ადგილი ღია ძალადობის ფაქტებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემთხვევები არსად გაგვიგია… მე შემიძლია ვისაუბრო ღიად, რამდენ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ ამას ტენდენციის ხასიათი ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს წინასაარჩევნო გარემოს დემოკრატიულობა. სინამდვილეში ეს არის ფასადური დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო, როდესაც ერთი მხრივ, “ოცნება” გაიძახის, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მეორე მხრივ, ის არაა მზად, მაგალითად, დებატებისთვის. რამდენჯერმე შევთავაზე 69-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, ნუკრი ბეჟანიძეს დებატში მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ის ყოველთვის გარბის… შესაბამისად, ამომრჩეველი ვერ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს.

ინფორმირებული არჩევნის გარეშე არჩევნებს პრაქტიკულად აზრი არ აქვს. დღეს “ოცნება” ამ საფრთხის წინაშე აყენებს საზოგადოებას. „ოცნება“ ასევე იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს შეუზღუდავად, იყენებს ისე, რომ ბევრი დაკვირვებული თვალიც კი ვერ ხვდება ამას, რას იყენებს და როგორ იყენებს.

რა ფაქტები გაქვთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების?

„ქართული ოცნება“ ამრავლებს საკუთარ კოორდინატორებს ისე, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები მრავლდებიან. ჩემი ინფორმაციით, 4 ათასამდე კოორდინატორია დასაქმებული ბათუმში. ამ ადამიანების სრული შემადგენლობა ანაზღაურებით მუშაობს და არავინ იცის, საიდან მოდის ეს ანაზღაურება. მეორე მხრივ, ხელისუფლება საერთოდ ვერ ხედავს, რომ არსებობს ზღვარი ადმინისტრაციულ, სახელისუფლებო მანდატს და წინასაარჩევნო პარტიულ ჩართულობას შორის. ამ ზღვარს ვერ ხედავს ვერც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 2 ოქტომბერს, ჩემს ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა სხვადასხვა უცნაურობის ფონზე მიმდინარეობდა. ერთი იყო ის, რომ შეხვედრა სამ საათზე იყო დანიშნული. ვინც აპირებდა მოსვლას, ურეკავდა სხვადასხვა უცნობი ადამიანი და ატყობინებდა, რომ შეხვედრა გადაიდო ოთხი საათისთვის. ამან გამოიწვია დაბნეულობა. ის, ვინც გამოჩნდა ამ შეხვედრაზე და არის საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი, ზიგიერთმა გვითხრა, რომ სამსახურებში მეორე დილით მათ მიიღეს საყვედური… ვხედავდი ადამიანებს, როცა სცენიდან მიმყავდა ეს შეხვედრა, თუ კამერა ვინმეს მიმართ მიბრუნდებოდა, ცდილობდნენ, რომ დაემალათა საკუთარი სახეები…. ადამიანებს აქვთ ეს განცდა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს განცდა აღარ იყოს. ხელისუფლების აწყობს ეს განცდა, რადგან თუკი ადამიანები ბოლომდე გათავისუფლდებიან, მაშინ იქნებ ბოთლიდან ჯინიც ამოვიდეს….

რამდენად გაიგო ამომრჩეველმა დამოუკიდებელი კანდიდატის როლი და რა უპირატესობა შეიძლება გქონდეთ პარტიულისგან განსხვავებით?

არ ველოდი, რომ ასეთი სიხარულით და სიმშვიდით შეხვედებოდნენ ადამიანები ამ ფაქტს, რომ ვარ უპარტიო. მეჩვენება, რომ ადამიანებს საერთოდ პარტიების მიმართ აქვთ იმედგაცრუება.ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებელი კარგია, მაგრამ მარტო რა გამოვა?… გულახდილად ვეუბნები ყველას, რომ ვერავის ვპირდები, ვერც საყოფაცხოვრებო, მატერიალური, ვერც სოციალური, შრომითი ურთიერთობების მოგვარებას. მე ბათუმელებს ვპირდები იმას, რომ თუ ამირჩევენ, ვიცხოვრებ ბათუმელების ჩვეულებრივი ცხოვრებით და ვიქნები მათი საზოგადოებრივი, სამოქალაქო, უანგარი, უფასო დამცველი პარლამენტში და ყველა სხვა სახელისუფლებო სივრცეში, ალბათ, უპირველესად ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში.

უფასოს რატომ უწოდებთ ამ სამსახურს? პარლამენტის დეპუტატის ხელფასი საკმაოდ მაღალია.

იმიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ მაღალია ხელფასი და ამ ხელფასის მიღმა არაფერს არ უნდა დაეძებდეს პარლამენტარი. დღეს არსებული ხელფასების ფონზე, რაც ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქვთ, მით უმეტესს, პენსიების ფონზე, ნამდვილად უხერხულობას უნდა უქმნიდეს პარლამენტარს თავისი ხელფასი. უანგარო მსახურებაზე თუ მიდგება საუბარი, ეს ძალიან რუტინული, შრომატევადი საქმეა და ასეულობით ადამიანი შეიძლება არც დათანხმდეს იმ მანდატის სრულად და პატიოსნად შესრულებას, რაც პარლამენტარს აქვს… კარდაკარ როცა ვხდები ბათუმელებს, კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რა ცოტა უნდა ამ საზოგადოებას. იშვიათია, რომ ვინმემ იწუწუნოს გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო, არადა ასეთი არაერთია. ადამიანები ძირითადად წუხან იმის გამო, რომ მათ მწარედ ივიწყებენ არჩევნების შემდეგ. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომლის გარშემო ჩვენ ვბრუნავთ უკვე რამდენიმე წელია და ამ წრიდან გამოსავალი პრაქტიკულად არც არსებობს, თუ არ ვცადეთ და დავარღვიეთ. ეს წრე პოლიტიკოსებმა კი არა, ადამიანებმა, მოქალაქეებმა, ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ. მე მაქვს სურვილი, რომ ბათუმელებმა მოახერხონ თავად მოიპოვონ ეს უფლება და მერე აღარავის არ გადასცენ არც ერთი არჩევნების დროს.

თქვენს მიმართ არ აქვს იგივე საყვედური ამომრჩეველს? თქვენ იყავით აბაშიძის ხელისუფლებაში, „მოქალაქეთა კავშირიდან“ პარლამენტის წევრი. იყავით „ქართულ ოცნებაშიც“…

შეიძლება არა მარტო აბაშიძის და შევარდნაძის ხელისუფლების დროს მუშაობდე, არამედ ასაკი თუ ხელს გიწყობს, შეიძლება მუშაობდე 60-იან წლებშიც. მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ მუშაობდი, როგორ იქცეოდი, შეგეძლო თუ არა დინების წინააღმდეგ სვლა. გულახდილად გეტყვით: როცა ვფიქრობ საკუთარ შეცდომებზე, ერთ რამეს ვაცნობიერებ – შეცდომა ბევრი ყოფილა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ წავსულვარ კომფორმისტის გზით. მე დავპირისპირებივარ ისეთ მძლავრ მანქანას, როგორიც არსებობდა აბაშიძის დროს… მე საერთოდ არ მქონდა არანაირი კავშირი სააკაშვილის მმართველობასთან. რაც შეეხება, „ოცნებას“ მივედი და მისვლისთანავე მქონდა დაპირისპირება, თანაც ისეთი, რომ ვერ მპატიობენ დღემდე.

თქვენ ახსენეთ შეცდომები. რა შეცდომა დაუშვით, როცა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყავით?

ზოგადად, პირველი ვამბობდი ხშირად „არას“. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ იყო შემთხვევები, როცა შემეძლო ეს გამეკეთებინა უფრო მწვავედ და გაცილებით უფრო ადრე და არ მოვრიდებოდი არაფერს. „ოცნების“ შემთხვევაში მე მქონდა ასეთი გზა არჩეული – მიმაჩნდა, რომ ყველა რესურსი უნდა ამომეწურა შიგნით დ ამას ვცდილობდი 2013 წლის აპრილიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით. მხოლოდ ამ პერიოდში ვიყავი აღმასრულებელი მდივანი…

რა ბერკეტი გექნებათ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ პოლიტიკური მოცემულობა შეცვალოთ?

მთავარია საზოგადოების მხარდაჭერა… მე სულაც არ ვაძაგებ პარტიას და მიმაჩნია, რომ პარტიული დემოკრატია არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. უბრალოდ, დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გართულდა. დამოუკიდებელი დეპუტატობა მე მომცემს საშუალებას, რომ მთლიანად ვიყო თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, წნეხისგან და ყოველ კონკრეტულ შემთვევაში, თავისუფლად დავუჭირო მხარი ადამიანებისთვის სასარგებლო და სწორ გადაწყვეტილებას, გავემიჯნო ყველას, ვინც ამ გზით არ მიდის.

მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა.

ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეალურად პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და მეტნაკლებად გამოცდილი ადამიანის პარლამენტში ყოფნა, რომელიც შეძლებს და ყველა საჭირო მომენტში იტყვის „არას“. ყველა საჭირო შემთხვევაში ამხელს უმრავლესობის ნებისმიერ მზაკვრობას. ეს თანდათან გააჩენს განცდას, რომ აზრი აქვს ამ ბრძოლას. ჩვენ ხომ ვიცით სხვადასხვა შემთხვევა, როცა მთქმელი არავინ ყოფილა. ზოგჯერ თქმა იმაზე მწარეა, ვიდრე რაღაცის გაკეთება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებს, ვისაც ირჩევენ და ამომრჩეველს შორის ჩატეხილი, უნდობლობის ხიდი აღდგეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ხმას აზრი აქვს.

 

საარჩევნო პლაკატების კანონდარღვევით გაკვრის ასამდე ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის განცხადებით, საარჩევნო პლაკატების გაკვრის, სამართალდარღვევათა ასამდე შემთხვევა გამოვლინდა. საარჩევნო პლაკატების ნაწილი გამოკრულია ქალაქის ისტორიულ უბნებში, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რაც კანონით აკრძალულია.

ევროპის მოედანზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განთავსებულია დიდი ზომის საარჩევნო ბანერი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კი  ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის ასევე დიდი საარჩევნო ბანერია გამოკრული.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ჩამოხსნება თუ არა ბანერი, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჯარიმის ოდენობასაც სასამართლო წყვეტს.

„სამართამდარღვევათა ასამდე შემთხვევა გამოვავლინეთ, შვიდი ოქმი გადაგზავნილია სასამართლოში. დაავალდებულებს თუ არა სასამართლო ბანერის ჩამოხსნას, თუ მხოლოდ დააჯარიმებს, ამაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს. ჩვენს სამსახურს ბანერის ჩამოხსნის უფლება არ აქვს“.

საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე სამი დღეა დარჩენილი. არჩევნები შაბათს, 8 ოქტომბერს იმართება.

მდინარე აჭარისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე, ჭალახმელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი დაკვირვებით მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ის ჰოლანდიელი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მახუნცეთში თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარეში ჩავარდა.

ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი უკვე პროზექტურაშია. მაშველები მდინარე აჭარისწყალში დაკარგულ ტურისტს ექვსი დღის განმავლოვაში ეძებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

14614477_1782793658658958_579019884_o
ჭალახმელის ხიდი მდინარე აჭარისწყალზე

ბათუმში მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვლის ქუჩაზე, მე-15 საჯარო სკოლასთან საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. ადგილზე მყოფი პოლიციელების თქმით, მას გარეგნული დაზიანებები არ ეტყობოდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმს ის გარდაცვლილი დახვდა: „ერთი საათის გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ამომრჩეველი აღარ არის მესიის მოლოდინში”

რა არჩევანს გააკეთებს ქვეყანა 8 ოქტომბერს, ქვეყნის პარლამენტი მულტიპარტიული იქნება თუ ორპარტიული? – 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოლოდინებსა და რისკებზე „ბათუმელებს“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

ბატონო კორნელი, ოთხი წლის წინ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეაფასეს როგორც ნაბიჯი დემოკრატიისკენ. მაშინ ოპოზიციის მთავარი შეთავაზება რეპრესიული რეჟიმის შეცვლა იყო. რით განსხვავდება ეს არჩევნები, ანუ ამ არჩევნების განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე რომ გვითხრათ?

2012 წლის არჩევნები იყო რეჟიმის ცვლილებისთვის და რაც მთავარია, ეს უნდა მომხდარიყო მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება ამჟამინდელ არჩევნებს, ახლა აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო მულტიპარტიული გარემოს შექმნას, რათა თავი დააღწიოს ორპარტიულ დისკუსს, რომელიც დღეს გვაქვს.

დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ორი პარტია ახერხებს არამარტო პოლიტიკური ველის, არამედ მედიისა და საზოგადოების პოლარიზებას. აქედან გამომდინარე ყველას აინტერესებს, რამდენად მოხერხდება სხვა პარტიების შესვლა პარლამენტში. მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ თანდათანობით მოხდეს ბმა, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, რაც, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებით ვერ მოხერხდება. საქართველომ უნდა დაადასტუროს, რომ ის სწორ გზაზე დგას. მშვიდობიანი გზით ჩატარებული მხოლოდ ერთი არჩევნები არ არის საკმარისი, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ დამოკრატიული წინსვლა არის შეუქცევადი.

თითქოს ეს პირველი არჩევნებია, სადაც გამარჯვებული წინასწარ არ არის ცნობილი. ეს მართლაც ასეა?

დიახ, ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, განსხვავებით წინა არჩევნებისგან არავინ იცის ზუსტად, რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს ან რომელი პოლიტიკური პარტიები შევლენ პარლამენტში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკურენტიანი გარემო არსებობს. ეს კარგია ქვეყნის სტაბილურობის თვალსაზრისით.

დეკლარირებულად საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად ძალაუფლება დამყარებული უნდა იყოს არა ხისტ ძალაზე, არამედ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე. თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა. ახლა ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმის შანსი არის?

ამ არჩევნებით საქართველო ვერ გახდება კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. შეიძლება ბევრი იყოს 25 წელი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გავიდა, მაგრამ დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურებისთვის ეს არაფერია. მოლოდინი, რომ ამ არჩევნების შემდეგ გვექნება კონსოლიდირებული დემოკრატია, ალბათ, არასწორია. სწორედ ამის გამოხატულებაა არჩევნების წინა პერიოდი, კონფრონტაციული გარემო, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია და მხოლოდ მივისწრაფვით. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველგან არის არჩევნები, მაგრამ იქ არასდროს ხდება ქუჩაში დაპირისპირება. კიდევ დაგვჭირდება დრო, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა გახდეს ნორმა. ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინა არჩევნებში, მაგრამ საჭიროა მინიმუმ ორი ნაბიჯი, ორი ასეთივე არჩევნები, რომელიც გაამყარებდა საქართველოს იმიჯს, რომ ის არის მეტ-ნაკლებად შემდგარი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც პროგრესირებს და ინარჩუნებს სტაბილურობას.

მიუხედავად რიგი დარღვევებისა, რომლებზეც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, არის იმედი, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება – ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც საუბრობენ. ხედავთ ამ მიმართულებით რაიმე რისკებს?

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი. ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო არის სამაგალითო რეგიონში, მაგრამ ჩვენი თამასა არის მაღალი. სამეზობლოს ნუ შევედარებით, სანამ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი. აქედან გამომდინარეობს ის მოლოდინებიც, რომელიც გააჩნიათ დასავლეთში საქართველოსთან მიმართებაში.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები მეტწილად ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება ვთქვათ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს პარტიებს აქვთ, ასე ვთქვათ, იდეებით პაექრობის მცდელობა?

ალაგ-ალაგ, გარკვეულ დებატებში იყო ამის მცდელობა, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიები, ჯერჯერობით, არ არიან მზად შემოგვთავაზონ საკითხების გარშემო პოლიტიკური პლატფორმის, იდეოლოგიის გარშემო კამათები. ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს. ამომრჩეველს ამის გამო უხდება არჩევანი არა პლატფორმებსა და პროგრამებს შორის, არამედ პიროვნებებს შორის. თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, ყოველთვის გვაქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს მთლიანობაში ქსაქსავს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას, რაც ხელს შეუწყობდა მთლიანად პარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესს. ასევე უარყოფითია ის, რომ რაც უფრო ჭრელი იქნება პარლამენტი, მით უფრო გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის რეფორმები. თუ ჩვენ გადავხედავთ იმ პარტიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ, მათ ძალიან გაუჭირდებათ კონსესუსის გამონახვა. ეს არის ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ, სავარაუდოდ, გვექნება. თუმცა, ორპარტიულ პარლამენტს რომ გავცდეთ, ეს არ იქნება ცუდი ქვეყნისთვის.

თუ რაღაც საოცრება არ მოხდა, ჩვენ გვექნება მულტიპარტიული პარლამენტი, რომელიც ძალიან კარგია ქვეყნის დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის.

არსებობს საფრთხე, რომ მრავალპარტიული მთავრობის პირობებში ვერ შესრულდეს გარკვეული ამოცანები, რაც სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი?

ამის რისკი არსებობს. ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დიდი მანდატი მოსახლეობისგან, გარღვევებს ვერ განახორციელებს ვერც ერთ სფეროში. ის იძულებული იქნება ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან _ დაახლოებით ასე იმოქმედოს, მაგრამ პლუსიც აქვს ამას. გამომდინარე იქედან, რომ გვახსოვს წინა პერიოდში, როდესაც მმართველ პარტიებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა და ისინი ამას ბოროტად იყენებდნენ, ასეთი ჭრელი პარლამენტი, რაც არ უნდა დისკომფორტი შექმნას მან, მთლიანობაში უფრო სასურველია.

და თუ ასე იქნება, შეიძლება თუ არა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში პოზიტიურად იცვლება?

რა თქმა უნდა. გარკვეული რისკები ამასთან დაკავშირებით მაინც არსებობს. პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებულმა ამბებმა ცოტა არ იყოს არია სიტუაცია. მაგრამ თუ მულტიპარტიული პარლამენტი მივიღეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამომრჩეველი მეტ-ნაკლებად გაიზარდა და ის აღარ არის მესიის მოლოდინში, რომელსაც ექნება აბსოლუტური ძალაუფლება, რასაც მივყავართ გაუთვალისწინებელ შედეგამდე _ თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, ასეთი მაგალითი ბევრი გვქონდა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალაუფლების გადანაწილება, მათ შორის პარლამენტში. რაც უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი, მით უფრო გამოხატავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

მომრავლდნენ პარტიები, რომელთაც პრორუსული ნიშა უჭირავთ და ურთიერთშორის მაღალი კონკურენციაც აქვთ. როგორია მათი შანსები ამ არჩევნებში?

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით არსებობს შანსი, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც შევა პარლამენტში. ეს მნიშვნელოვანია, ალბათ, თვითონ რუსეთისთვის, რადგან თუ აქამდე პრორუსული ძალები იყვნენ არასაპარლამენტო ძალები და მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ ჰქონდა, ამჟამად ისინი მოახერხებენ პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანონ პრორუსული მესიჯები. ეს იავნანასავით ჩაესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც იცის, რომ დღეს შეუძლებელია პრორუსული ხელისუფლების მოსვლა საქართველოში, მაგრამ თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი მოხვდება პარლამენტში, ეს, ალბათ, მათთვის მნიშვნელოვანია – ის ცდილობს დაკარგული პოზიციების აღდგენას ქართულ პოლიტიკაში, რაც 2008 წლის ომის შედეგად დაკარგა.

“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ნუკრი ბეჟანიძე დებატებში არ მონაწილეობს

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ნუკრი ბეჟანიძე საჯარო დებატში არ მონაწილეობს. ხვალ, 6 ოქტომბერს ბათუმის ცენტრალური უბნის მაჟორიტარი კანდიდატების დებატს არასამთავრობო ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის” აწყობს. წინასაარჩევნო დებატი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში, საღამოს 6 საათზე დაიწყება.

“ქართულმა ოცნებამ დღეს უარი გვითხრა დებატში მონაწილეობაზე, თუმცა მათ აქვთ საშუალება შეცვალონ გადაწყვეტილება დღის ბოლომდე. დებატებში 8 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას,” – უთხრა “ბათუმელებს” შეხვედრის კოორდინატორმა, რატი რატიანმა.

“ნუკრი ბეჟანიძე ვერ მიიღებს ამ დებატში მონაწილეობას, რადგან ხვალ სხვა შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი,” – გვითხრეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურში. კითხვაზე, რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა “ოცნების” კანდიდატმა გუშინდელ სატელევიზიო დებატში, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თეონა ლალიაშვილმა ამის მიზეზად ასევე შეხვედრა და მოუცლელობა დაგვისახელა.

„ოცნების“ კანდიდატს გუშინ, 4 ოქტომბერს წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობისკენ მოუწოდა არმაზ ახვლედიანმა, ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა. ნუკრი ბეჟანიძეს დღემდე საჯარო ან სატელევიზიო დებატში მონაწილეობა არ მიუღია.

ორგანიზაციაში “შენ დემოკრატიისთვის” გვითხრეს, რომ ხვალინდელ დისკუსიაზე კანდიდატები ბათუმის 69-ე ოლქიდან პარლამენტში წინასაარჩევნო პროგრამებს წარმოადგენენ, რომლის შემდეგაც მკაცრად რეგლამენტირებულ დროში ისინი ერთმანეთს დაუსვამენ შეკითხვებს. შეხვედრა ღიაა და კანდიდატები უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებსაც. წინასაარჩევნო დებატს მოდერაციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუწევს.

საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღსაზრდელების მშობლები „ოცნებასთან“ შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებში აცხადებენ, მმართველ პარტიასთან შეხვედრა მათ ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ შესთავაზა, რომელიც ბათუმის მერიის ა(ა)იპია.

„საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თუ წამოხვალ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, გვავალებენ მშობლების შეკრებასო. მე უარი ვუთხარი, სხვებმა არ ვიცი რა ქნეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

„ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია სხვა საბავშო ბაღებშიც დაუდასტურეს. საბავშვო ბაღებში აცხადებენ, რომ ეს იყო შეთავაზება და არა მოთხოვნა.

„კი, მივდივართ, ვისაც სურვილი აქვს, იძულებით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ. ვისაც უნდა – წავა, ეს არის ნებაყოფლობით, მე არა მაქვს არანაირი უფლება ვინმეს დავაძალო. მშობლებისთვის არ შეგვითავაზებია. ჩვენ შემოგვთავაზა ჩვენმა ხელმძღვანელმა, ვინც ხართ მხარდამჭერი, მობძრანდითო. ადრე ნამდვილად იყო [იძულება]“, – ამბობს ნანა ერემაშვილი, ბათუმის მე-2 ბაღის გამგე.

„მე მშობლებისთვის არ შემითავაზებია, მე მივდივარ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – ამბობს ნინო ბაბაკიშვილი, #8 ბაღის გამგე. „მშობლებსაც შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით“, – აღნიშნა მე-11 ბაღის გამგემ,  ია ტაკიძემ  „ბათუმელებთან“.

მმართველი პარტიის შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში დღეს, 4 ოქტომბერს, არასამუშაო საათებში შედგა, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, მალხაზ ჭკადუა ამბობს,  ეს გარემოება ფაქტის შეფასებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს და სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:

„აშკარაა, რომ სახეზეა  საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირების და ამ ორგანიზაციის სერვისებით მოსარგებლე, ანუ ბაღის აღსაზრდელების მშობლების მობილიზაცია. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ არა ერთხელ. ეს ხდება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო ოლქში. საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, არამედ ისიც, რომ ზემდგომს ეკრძალება დაქვემდებარებული პირისთვის მითითება, მოწოდება და ჩართვა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონდამრღვევები არიან, როგორც ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ის პირები, რომლებმაც მიიღეს მითითება და დაავალეს უშუალოდ ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას, ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ თავის ქვეშევრდომებს დაავალა. ანუ კომპლექსური საკითხია და არა მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობის თემა“.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებს, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს პირდაპირ ან ირიბად მოუწოდებენ მმართველი პარტიის შეკრებებში მონაწილეობისკენ, ადგილი აქვს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

„პირად საუბარში ისინი ამბობენ, რომ მიიღეს გარკვეული მითითება, რომ მისულიყვნენ ამ აქციებზე, თუმცა საჯაროდ ერიდებიან ამის თქმას, რადგან შესაძლოა მათ შეექნათ გარკვეული პრობლემები საჯარო სამსახურში. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს არ მიეთითოთ მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეკრებაზე მისვლა. ეს ადამიანები არიან პოლიტიკურ არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს ხელისუფლებამ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ხმები ავტომატურად არის მმართველი პარტიის ანგარიშზე. ეს იყო მანკიერი პრაქტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ეს არის მანკიერი პრაქტიკა „ქართული ოცნების“ პირობებშიც“,  – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მმართველი პარტიის შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარტიის ხელმძღვანელობისა და ბათუმის მერიის კომენტარს აღნიშნულ თემაზე „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მმართველი პარტიის შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში, საზაფხულო თეატრში. როინ გუნდაძის ფოტო
მმართველი პარტიის შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში, საზაფხულო თეატრში. როინ გუნდაძის ფოტო

წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასი იანვრიდან იზრდება, პრაქტიკოსების – არა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება. ხელფასები მხოლოდ წამყვან და უფროს მასწავლებლებს გაეზრდებათ, პრაქტიკოს მასწავლებლებს კი _ არა. იზრდება მენტორი მასწავლებლის ხელფასიც, თუმცა ამ კატეგორიის პედაგოგი საქართველოში არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული დატვირთვა აქვს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასწავლებელთა ხელფასები 2017 წლის იანვრიდან უნდა გაიზარდოს, თუმცა ხელფასების გაზრდა საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს [პარლამენტი ბიუჯეტს 2016 წლის ბოლოს, დეკემბერში დაამტკიცებს].

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“  მონაცემებით, ამ დროისთვის საჯარო სკოლებში სრული დატვირთვით წამყვანი და უფროსი, მთლიანობაში, 7 965 პედაგოგი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა, მაღალი საფეხურის მიუხედავად, მაინც გარკვეულ რაოდენობას შეეხება.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლისთვის წამყვანი მასწავლებლის ხელფასი 965 ლარია, უფროსი მასწავლებლის – 800 ლარი, სრული განაკვეთის შემთხვევაში, პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი კი, 600 ლარს აღწევს.

განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის  უფროსის, ლაშა საღინაძის განცხადებით, წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 2017 წელს „230 ლარით იზრდება, რაც მთლიანობაში 1195 ლარი გამოდის.“

მისივე ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის დანამატი იყო 180 და ხდება 320 ლარი, „შესაბამისად 140-ლარიანი ზრდაა და ახლა თუ 800 ლარია ხელფასი, მომავალ წელს 940 ლარი გახდება“, –  ამბობს ლაშა საღინაძე. თუმცა ეს ციფრებიც არის დაქვითვის გარეშე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებულ მასწავლებელს სრულ განაკვეთად (I-IV კლასების) 15 საათიც ეთვლება, არასერტიფიცირებულს კი – 18 საათი. შესაბამისად, ზემოთ მოცემული ოდენობის ხელფასს მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული განაკვეთი აქვთ.

„ბათუმელების“  კითხვაზე, თუ რატომ არ იზრდება პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი, ლაშა საღინაძე ამბობს:  „პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე უფროსი ან წამყვანი მასწავლებლების (წამყვანი და უფროსი, ჯამში არის 18 ათასი) სკოლაში.  გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები 2017 წელს გადადიან ზედა კატეგორიაში, ანუ იღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მათი საშუალო ხელფასის მარჟაც იწევს“.

ოფიციალური ინფორმაციით, მენტორის დანამატიც 300 ლარით იზრდება „1100 ლარის  ნაცვლად, მენტორი 1400 ლარს აიღებს“.

ლაშა საღინაძის თქმით, ხელფასების გაზრდის შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, „ხელფასების და სხვა ვალდებულებების გათვალისწინებით, 75 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისთვის მხოლოდ წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასის ზრდა იგეგმება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისთვის მხოლოდ წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასის ზრდა იგეგმება.

ბათუმში სპორტის სასახლე აშენდება

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით: „სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი. დღეს, 4 ოქტომბერს,  მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება. სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდება“.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ქ.ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვა.

ქართველ მძღოლებს ბათუმში თურქეთის კონსული შეხვდა

დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე, თურქულმა მახარემ გახსნა ავტოპარკი, სადაც ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 24-საათიანი ლოდინი და 25 ლირამდე თანხის გადახდა.

მათივე განმარტებით აღნიშნულ ავტოპარკში თურქული მხარის არც სამგზავრო ავტობუსი ჩერდება და არც სატვირთო. აქციის მონაწილეები თურქეთის კონსულს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებას სთხოვენ.

„პრობლემები გვექმნება საბაჟოზე, იმიტომ, რომ გამოიგონეს რაღაც ავტოსადგომი. ჩვენ, ქართველი მძღოლები მოვდივართ მგზავრებით  და გვაჩერებენ პარკში, გვეუბნებიან – მგზავრები დაცალეთ  და დადექით რიგში, თურქეთის ავტობუსები რიგის გარეშე გადმოდიან საქართველოში.“ – გვითხრა აქციის მონაწილე თემურ სურმანიძემ. მისი თქმით, ქართველი მძღოლები სარფის საზღვართან ტოვებენ მგზავრებს და ისევ ხოფაში უწევთ ჩასვლა პარკირებისთვის: „მაგალითად, წუხელ 11 საათზე მოვედი სარფში, მყავდა 7 მგზავრი, გადავსვი ისინი თურქულ ავტობუსში და გამოვაყოლე სარფიდან ბათუმში, მე კი დილის 6 საათამდე  ვიდექი რიგში, თურქი მძღოლებისთვის ასეთი პრობლემა არაა. სარფში იმასაც გვეუბნებიან, რომ „შევსებულია და ვერ გახვალთ“, როცა ჩაუდებ 10 ლირას ან მეტს, მერე გაგვიშვებენ.“

„ვთხოვ კონსულს რომ, ქართულმა და თურქულმა მხარემ, შეთანხმდნენ, როგორმე და ერთხელ და სამუდამოდ საზღვარზე და საბაჟოზე დამყარდეს ისეთი წესრიგი, რომ ადამიანური დამოკიდებულება იყოს, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეების მიმართ“ – ამბობს ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეებს საკონსულოს შენობაში შეხვდა თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი. კონსულის განცხადებით, ავტოსადგომი არის ქალაქ ხოფის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში და ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იცავდეს რიგს: „ეს გაკეთდა იმისათვის, რომ განიტვირთოს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ყველა სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა შევიდეს ავტოსადგომზე, აიღოს რიგის ნომერი და შემდეგ უკვე გააგრძელოს გზა. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადმოყავთ მგზავრები, ურიგოდ უნდა გადავიდნენ საზღვარზე, როგორც გავიგე სისტემაში პრობლემა არ არის, ალბათ პრაქტიკაში არ იყენებენ აღნიშნულ წესებს.“ კონსულის ინფორმაციით, მან დაავალა საკონსულოს წარმომადგენელს აღნიშული საკითხის შესწავლა.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა განმარტება გააკეთა თურქი მებაჟეების მხრიდან ქრთამის აღების შესაძლო შემთხვევაზეც: „რაც შეეხება ქრთამის აღებას მებაჟეების მხრიდან, ეს არის უკანონო ქმედება, რომელიც თურქეთში დასჯადია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ოფიციალურად მოვახდინოთ რეაგირება, გვჭირდება მტკიცებულება, ანუ თარიღი, სახელი და გვარი, ამის შემდეგ აუცილებლად მივიღებთ საჭირო ზომებს“.

ზოგადად, რიგებთან დაკავშირებით, გენერალურმა კონსულმა განაცხადა: „არსებობს როგორც კადრების სიმცირის პრობლემა, ასევე ტერიტორიის სიმცირის პრობლემაც. ასევე მოგეხსენებათ, ბოლო დროს თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამკაცრებულია შემოწმებები, რაც იწვევს აღნიშნულ რიგებს, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ტერიტორიის გაფართოებაზეც და კადრების მომატებაზეც, რის შემდეგაც მოგვარდება გამტარობის პრობლემაც.“

მძღოლები თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში. 04.10.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
მძღოლები თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში. 04.10.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

ამავე თემაზე:

თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი: მე არ ვარ წინააღმდეგი თურქეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა

რუსუდანი სიხარულიძე არის „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ის კენჭს ბათუმის 69-ე უბანზე იყრის. პროფესიით ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე არის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

ქალბატონო რუსუდან, სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

მე ადრე  – 1996-2003 წლებშიც ვიყავი აჭარის დეპუტატი. განათლება, კუტურა სპორტის ქვეკომიტეტში ვიყავი „აღარძინების“ [ასლან აბაშიძის პარტია]დროს. ორი მოწვევის დეპუტატი ვიყავი მაშინ. ის პერიოდი როგორ დამთავრდა იცით – იყო ლანძღვა, უბედურება. დამნაშავეთა პარლამენტი დაერქვა იმ პარლამენტს. მე არ მიმაჩნია, რომ ეგ ეგრე იყო, რადგან ჩემს საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში დამნაშავეობის ვერაფერი დავინახე, პირიქით, იმ პერიოდში სიდნეის ოლიმპიადაზე 5 ოლიმპელი გვყავდა [აჭარის ოლიმპიურ კომიტეტშიც ვმუშაობდი მაშინ]. საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული რეგიონული ორგანიზაციით დამთავრებული, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ამდენად ვთვლი, რომ ჩემი მუშაობა  იყო წარმატებული.

იმ დიდი ტკივილის მერე არც მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ ამჟამად იყო შემოთავაზება  [შემოთავაზება მქონდა აპატრიოტთა ალიანსის აჭარის საორგანზაციო კომიტეტიდან] და ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, იმდენად, რამდენადაც ჩემთვის ეს პარტი მაინც გაუსვრელი პარტიაა, არ ყოფილა პარლამენტში, აქვს ძალიან დიდი დამსახურება იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდი პროცესი, რაც ციხის კადრებთან არის დაკავშირებული, აღმოფხვრეს, სიმართლე დაანახვეს ხალხს. მე რაღაცნაირად ვარ ამ პარტიის გვერდში. მათ პროგრამაში ხალხისთვის საჭირო საკითხებია.

პარტიული ხართ?

კანდიდატი ვარ ამ პარტიიდან, მაგრამ პარტიაში გაწევრიანებული არ ვარ.

სპორტულ საქმიანობას ჩამოშორდით?

თუ გავხვდები დეპუტატი, ალბათ მივეშველები, რომ სპორტისტისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.  მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვიყო სპორტთან ახლოს, მაგრამ გარკვეული პერიოდი შეიძლება პრაქტიკული მუშაობიდან გამოვეთიშო. მაგრამ უკვე ასაკიც ისეთია ჩემი, რომ შეიძლება არის დრო ახალგაზრდებმა ჩამანაცვლონ, რასაც უშუალოდ მწვრთნელის პოზიცია, დარბაზში მუშაობა ჰქვია. მე მგონი ჩემი მაქსიმალურად შევასრულე ტანვარჯიშში. ჩვენ ჩვენი ადგილები ახალგაზრდებს უნდა გადავცეთ.

რა არის შესაცვლელი, მაგალითად, რეგიონიდან გამომდინარე სპორტის მიმართულებით?

მარტო სპორტი არ იქნება ალბათ ჩემს პროგრამაში, მაგრამ მარტო სპორტზე თუ ვილაპარაკებთ, ბათუმში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. კანონმდებლობის დონეზე მე მაგალითად გავაკეთებდი, რომ ბავშვების მიღება სპორტულ სკოლებში იყოს უფასო. აუცილებლად გავაკეთებდი იმას, რომ მწვრთნელთა ხელფასები იყოს გადახედილი, ძალიან დაბალი აქვთ ჩვენს მწვრთნელებს [ხელფასი]. და მათ, ვისაც პენსიამდე ჯერ კიდევ 20 წელი უკლია, მიიღონ შესაბამის ანაზღაურება.

ვაუჩერიზაცია იყო წამოწყებული და ეს უნდა გაგრძელდეს, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს, ვაუჩერი ისეც არსებობს. ზოგიერთ სკოლაში არის უფასო სწავლება, მაგრამ ეს უნდა მოექცეს სისტემაში. უნდა აშენდეს სპორტის სასახლე. არის ამაზეც ლაპარაკი, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს არ მოხერხდა. სასახლეში დიდი მასშტაბის ტურნირები უნდა ჩატარდეს. სპორტული სკოლები ვატარებთ ამას, მაგრამ შესაბამისობაში ვერ მოდის, ანუ გაფართოებაა საჭირო. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს რიგ სახეობაში, არ გვაქვს სტადიონი, კი ამბობენ რომ აშენდება, მაგრამ… არ გვაქვს აუზი. ფასიან აუზები გვაქვს, მაგრამ სპორტულ სისტემას ფასიანზე ვერ ააწყობ, ამიტომ უნდა იყოს ისეთი აუზები… არ ვარ წინააღმდეგი იყოს ფასიანიც, მაგრამ ბავშვებისთვის უნდა იყოს უფასო სწავლება.

სხვა მიმართულებით როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტში თქვენი მუშაობა?

ჩვენს პროგრამაში ძალიან ბევრი ჩამონათვალია. ჩემი ადგლი იქნება იქ, სადაც ხალხის სატკივარია. ნამდვილად ვეცდები, რომ ყველა იმ საკითხში ვიყო ბათუმელების გვერდით და ყველა საკითხს მივიტან იქ, სადაც ეს პრობლემები  უნდა გადაიჭრას.  აუცილებლად გავაკონტროლებ მათ შესრულებას. ჩვენ შეიძლება ჩვენი ხელით ვერ ავაშენოთ რაღაცა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეს პრობლემა, თუ ამისთვის საკანონმდებლო ბაზა იქნება საჭირო, ამაზე უნდა ვიმუშავოთ, თუ ადგილობრივად გადაწყდება, მაშინ შესაბამისად ვიმოქმედოთ…

ბათუმში პრობლემაა დავიწროებული ქუჩები, სანიაღრვე სისტემა, რა დღეშია ქალაქი, როდესაც წვიმა მოდის. თურქებს უჭირავთ უმეტეს ნაწილი ყველა ბიზნესის. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს ჩვენთან ბიზნესი, მაგრამ არ უნდა იყოს ჩვენი ხალხის დაჩაგვრის ფონზე. გამოვარდება კაცი მაღაზიიდან და ჩვენი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, აქ მანქანა არ გააჩეროო, აქ არ გაიაროო…

ამის კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ, რომ გადავამოწმოთ?

ხშირად ხდება ასე და მე მარტო ჩემი თავიდან გამომდინარე არ ვლაპარაკობ. ეს ხდება ძველ ბათუმში, სადაც დავიწროვებულია  ქუჩები და უმეტესად რესტორნები და კაფეები არის თურქული მხარის. მე დიდი მომხრე ვარ მეგობრობის, ჩვენი მეზობლები არიან. რასაკვირველია უნდა იყოს ურთიერთგაცვლა კულტურული, სპორტული, სავაჭრო, ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენივე ქალაში ჩვენი ხალხი არ უნდა იყოს დაჩაგრული.  იმათ ეძლევათ საშუალება მათი ქვეყნიდან, რომ აწარმოონ ბიზნესები. როგორც ეძლევათ თანხა ჩინელებს, რომ წადი ქვეყნიდანო.

მე არ ვიცნობ დოკუმენტს, რითაც დადასტურდება, რომ ეგ ინფორმაცია სწორია. თქვენს პარტიას აქვს მსგავსი დოკუმენტი მოძიებული?

მე მაქვს ინფორმაცია ჩინელებთან დაკავშირებით. აქ კიდევ თურქეთი ეხმარება თავის მოქალაქეებს თანხობრივად, აქ რომ აწარმოოს ბიზნესი.

რადგან ახსენეთ თურქები, აქვე გკითხავთ, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო გაზეთში წერია, რომ ბათუმში რეგისტრირებულია 40 ათასი თურქი.  ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმში ყოველი მეორე თუ არა მესამე არის ეთნიკურად თურქი ამომრჩეველი. ეს რეალისტური გგონიათ?

მე როგორც ვიცი 30 ათას თურქზე არის გაცემული მოქალაქეობა. 40 ათასი ალბათ ახალია. მე ამის გადამოწმების ფაქტები როგორ გავაკეთო. ინფორმაცია არის ამოღებული საჯაროობიდან ხომ? ამდენად ვეყრდნობით ამ ინფორმაციას. ალბათ გადასახედი იქნება. მე არ მითქვამს და ვერ გიდასტურებთ იმას, რომ მე მოვიარე ბათუმი და ეს ყველაფერი აღმოვაჩინე 30 ათასი, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა და აღმოჩნდა, რომ 30 ათასს აქვს მოქალაქეობა. და რამდენი პროცენტი გამოდის ყოველი მესამე, ეს უკვე ძნელი სათქმელი აღარ არის. ამიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება მოქალაქეობა ჰქონდეს ამ ხალხს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2005 წლიდან დღემდე თურქეთის მხოლოდ 5 802 მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობა მიღებული. თქვენ რა წყაროებზე საუბრობთ?

ძალიან კარგი იქნება თუ იქნება გამოკვლეული და მართლა დაიდება ეს ციფრი… ალბათ არჩევნების პერიოდში ეს გამოჩნდება.

„პატრიოტთა ალიანსი“ გამოირჩევა ანტითურქული რიტორიკით. თქვენ ემხრობით ამ რიტორიკას?

არა, მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ თურქეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა. მე სწორედ მაგას ვლაპარაკობ, მაგრამ ყველაფერში უნდა იყოს ქართული ინტერესი დაცული. ქართველი ადამიანი და ქართული ინტერესი. ჩვენ ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველასთან, თურქეთთან, ამერიკასთან, იგივე რუსეთთან, მაგრამ ჩვენი ინტერესი უნდა გავატარებინოთ მათ. აი, ეს არის მთავარი პრინციპი. რასაკვირეველია მეც ძალიან ბევრი ამხანაგი, მეგობარი მყავს თურქეთში, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, თუნდაც სპორტული მხრიდან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ვაჭრობაში, სპორტულ შეჯიბრებებში, კულტურულ სფეროში. ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. რასაკვირველია, ჩვენ არ გვჭირდება ურთიერთობის დაძაბვა თურქეთთან.

თურქეთი არის ოკუპანტი, ისე როგგორც რუსეთი – მიაჩნიათ თქენს პარტიაში. თქვენ რა აზრის ხართ ამ შეფასებაზე?

მე ვთვლი, რომ სიმართლე უნდა იყოს დაფიქსირებული. ის, რომ 33% ჩვენი ტერიტორიის არის თავის დროზე თურქეთის მიერ მითვისებული, ამას დამალვა არ სჭირდება. ჩვენ დღეს ხომ ვაფიქსირებთ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ სიმართლე.

თუმცა, ალბათ იცით, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს აღიარებულია აქვს თურქეთის სახელმწიფოს დღევანდელი საზღვრები და აფხაზეის შემთხვევაში ეს ასე არ არის. განსხვავებას ხედავთ ამ ორ საკითხში?

მართალი ხართ, არ არის ერთი და იგივე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ რომ დავივიწყოთ… ისტორია აბა რისთვის არის. ისტორიულად უნდა ვიცოდეთ რა იყო. ჩვენ არ ვაფიქსირებდით იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან ბევრ საკითხში მერე თურქეთისგან გვჭირდებოდა გვერდზე დგომა, რაღაც რაღაცეები. შეიძლება გარკვეულწილად მიჩუმდა – წარსულ წლებზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა იყო ჩვენი.

ანუ ეს უნდა ისწავლებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში თუ პოლიტიკური პარტიები უნდა აცხადებდნენ, რომ თურქეთი ოკუპანტია, ისე როგორც რუსეთი?

იცით რა, ყველა პარტია არ იძახის ამას ხომ. არის პარტია, რომელიც… ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს აზრთა სხვაობა. ზოგიერთი პარტია ამჟღავნებს რაღაც საკითხებს, ზოგიერთი პარტია არ ლაპარაკობს ამაზე. ჩვენი პარტია ამჟღავნებს და ამბობს, რომ თურქეთს აქვს ჩვენი ტერიტორია მიტაცებული. და რატომ ამახვილებს ამაზე ყურადღებას? – იმიტომ, რომ პროცესი განახლდა. თურქეთის მოქალაქეებს ძალიან ბევრი უფლებები ეძლევათ თუნდაც ბათუმში, მათ ძალიან ბევრი ტერიტორიები დაიკავეს. ამიტომ განახლდა ეს საკითხი, რომ არ გაგრძელდეს ეს პროცესი და არ აღმოვჩნდეთ უმცირესობაში ბათუმში, გადამოწმება ამ ციფრების უნდა მოხდეს.

ბოლო კითხვა – პრობლემები ხომ არ გექმნებათ საარჩევნო კამპანიის პროცესში?

არა. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა კარგად გვხვდება, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაც პრობლემები იყო შექმნილი. ერთადერთია, ხალხი დაიღალა ამ ყველაფრისგან.  ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი პროგრამა უნდა წარადგონოს… მმართველ პარტიას პრივილეგია რომ მეტი აქვს, ამას ვერავინ დამალავს. ფინანსურად, პლაკატებით, მთავრობა დადის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად. ეს არის მართველი პარტიის ძალა.

მე ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდება არჩევნები და არავინ არ უნდა დავუშვათ ექსცესები და ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ისე უნდა იყოს. არავინ არ აპირებს გაბრძოლებას და იარღით ხმების მოპოვებას. ვფიქრობ, ქართველები ამ მხრივ ცოტა გავიზარდეთ.

 

სამზარეულო რეცეპტების კონკურსი ჰილტონ ბათუმისგან

გადაფურცლეთ დედიკოს სამზარეულო რეცეპტების წიგნი, შეარჩიეთ ყველაზე კრეატიული და გემრიელი რეცეპტი და მოგვაწოდეთ.

ყველაზე გამორჩეული რეცეპტის „ავტორი“ საჩუქრად მიიღებს ოჯახურ სადილს 6 ადამიანზე რესტორან „პელიონში“, „ჰილტონ ბათუმში“.

რეცეპტები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ: batumi.info@hilton.com ან მოგვიტანოთ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #40, „ჰილტონ ბათუმი“

pelion

ბათუმის მერია 2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავს

დღეს, ბათუმის მერიაში „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის“ პროექტის განხილვა გაიმართება. დოკუმენტის განხილვა მოხდება ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი – პროექტის შემუშავების პროცესში საბჭოს წევრების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებაა.

„შეხვედრას მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე გაუძღვება. მონაწილეობას მიიღებენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები. განიხილავენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების პროექტს, მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ პრიორიტეტების შესაბამისად შემუშავებული პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტს“- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის განვითარებულმა მოვლენებემა, თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ამომრჩეველზე? მოახერხეთ სიცხადის შეტანა, თუ პირიქით, უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა ამ ბლოკის მისამართით?

იყო გარკვეული პრობლემები, საარჩევნო პროცესია. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ პოლიტიკური სისტემა იყოს ორპოლუსიანი და რეალურად მათ აწყობთ ერთმანეთი. ეს დარტყმები და შემოტევა მოსალოდნელიც იყო. კონკურენცია მაღალია და კონკურენტუნარიანი კანდიდატები გვყავს. ვაგრძელებთ ბრძოლას. მე ისეთივე შემართებით ვარ, როგორც ადრე.

ამომრჩევლისგან რას გრძნობთ, ახერხებთ მათ დარწმუნებას ბლოკში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ?

არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა რაღაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. პაატა ბურჭულაძეს საკმაოდ კარგად ხვდება ხალხი, იგრძნობა ნდობა. ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, აქვს შეკითხვები, ეს ადრეც იყო. ნაწილი ამბობდა, რომ ვართ „ნაციონალების“ სატელიტი, სხვები ამბობდნენ, რომ ივანიშვილის პროექტი ვართ. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ხალხი, პროფესიონალები და ეს პარტიული დაყოფა უნდა დასრულდეს. ამომრჩეველი რეალურად აფასებს პროცესს.

როცა საუბრობთ პროფესიონალიზმზე, თქვენ პირადად რა ფაქტორის გამო ენდეთ პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება საერთოდ არ აქვს?

არიან ადამიანები, ვისაც არ ჰქონიათ გამოცდილება, მაგრამ შეიძინეს. პაატა ბურჭულაძე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და ხალხს მის მიმართ აქვს რწმენა, ნდობა. პარტიებიც გავერთიანდით მის გვერდით [მალხაზ ნაკაშიძე არის პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრი]. ბლოკის გაერთიანება გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ რაღაც რესურსები გაგვეერთიანებინა. აქ იყო საერთო ხედვები ეკონომიკის, თუ სოციალური პროგრამების კუთხით.

გაერთიანების ნაცვლად დაშლის პროცესი გააქტიურდა – ძალიან ბევრმა თანამებრძოლმა დაგტოვათ. 

ადამიანები სხვა პარტიებსაც ტოვებენ… მე ისეთი პარტიები ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი. მხოლოდ თვითონ და საკუთარი ოჯახის წევრები არიან. ნორმალურია, როცა ვიღაცა შედის, ვიღაც – გადის.

ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია?

ნორმალური არ არის, მაგრამ საარჩევნო პერიოდია. ჩვენ საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში მოგვიხდა მოძრაობის ჩამოყალიბება. შეიძლება არ იყოს ეს პროცესი სასიამოვნო, მაგრამ მოხდა ასე… შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა გარედან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენზე ხდება ზეწოლა.

თქვენი საარჩევნო სიის პირველ ნომერს, გიორგი კალაძეს თუ იცნობდით არჩევნებამდე?

არ ვიცნობდი, აქ გავიცანი.

რატომ თვლით, რომ მისაღებია ამგვარი მიდგომა, როცა საარჩევნო სიის პირველი ნომრად სახელდება პოლიტიკური წრეებისთვისაც კი უცნობი ადამიანი? 

ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება… ჩვენ ვართ ერთ საარჩევნო ბლოკში და გარკვეული პრინციპით მოხდა საარჩევნო სიის ფორმირება. ეს ადამიანი არის თავისი საქმის სპეციალისტი, მუშაობდა საარჩევნო შტაბში, აქვს განათლება მიღებული უცხოეთში, აქვს სხვადასხვა მიღწევა, პროექტები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ერთობლივ საქმიანობას…

თქვენ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო, სრულიად არაკომპეტენტური ორგანო…. წარმოიდგინეთ, იურისტი არ ყოლიათ და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეც არ იყო იურიდიული განათლების მქონე. შემთხვევით მოხვედრილი ხალხი იბრძოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების გადაანაწილებით. ამას რომ ვუყურებდი, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ გავმხდარიყავი დეპუტატი და ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისად მოვამზადო კანონპოროექტები, მივმართო პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით…

რა გაქვთ კონკრეტული ინიციატივა, რაც შეიძლება აისახოს ბათუმზე?

პირველი ის, რომ აჭარის ავტონომიის სტატუსი უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს აჭარის კონსტიტუცია. მაგალითად, აღმასრუბელი ხელისუფლების კონტროლი – დაიბარებენ მინისტრს და ის არც კი მიდის, საერთოდ არ აინტერესებს უმაღლესი საბჭო. საბჭოს მხრიდან მთავრობის კონტროლის მექანიზმი რეალურად არ არსებობს. იგივე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, უმაღლესი საბჭო ამ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. რომ დადიან დეპუტატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩამოდიან და ფოტოებს დებენ, ფორმალურ ანგარიშს წერენ ერთგვერდიანს, ეს ხომ არაფერს ცვლის. მაგათი ჩამოყვანილი ინვესტორი არ მინახავს მე…. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კომისიის შექმნა, რომელიც იმუშავებს აჭარის კონსტიტუციის შეცვლისთვის, უფლებამოსილებები უნდა გაიზარდოს.

თქვენი პოლიტიკური ძალა აქცენტირებს ბიუროკრატიის შემცირებაზე. უფლებამოსილების გაზრდა არ გაზრდის ადმინისტრაციულ რგოლებს და ხარჯებს ამ კუთხით?

პირიქით, შემცირდება რაც არის, იმას უნდა მიენიჭოს რეალური ფუნქცია. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია – თავის დროზე არაკონსტიტუციურად შექმნეს ეს კომისია ერთი ადამიანისთვის. ამ კომისიისთვის რაც იხარჯება, ზედმეტი ბიუროკრატიაა. მითხარით, რა საქმე გააკეთა ამ კომისიამ?… თანაც ანალოგიური საქმის გაკეთება შეუძლია იურიდიულ კომისიას, რომელიც უმაღლეს საბჭოში არსებობს.

მოითხოვთ ამ კომისიის გაუქმებას, თუ დეპუტატი გახდებით?

შეიძლება დავუჭიროთ მხარი, არ გამოვრიცხავ… ცუდად ჟღერს ცოტა ადამიანის უფლებათა კომისიის გაუქმება, მაგრამ ფაქტია, რომ დამატებითი ბიუროკრატიაა… მე მოვითხოვ ამ ხარჯით განათლების პროგრამა გაძლიერდეს. რეალურად ძალიან ცოტა სტუდენტს უფინანსებენ უცხოეთში სწავლას. ეს უფრო მიზნობრივი საქმე მგონია.

ბათუმის რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს თქვენგან, კონკრეტულად ბათუმისთვის რა შეიძლება შეცვალოთ უმაღლესი საბჭოდან?

ძირითადი პრობლემები არის სოციალური. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შემცირდეს ან გაუქმდეს გადასახადების ნაწილი. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესის, ამას კი სჭირდება წახალისება… ვფიქრობ, ჩვენი პროგრამა ამ კუთხით არის რეალური და შედეგზე ორიენტირებული. გარდა ამისა, პრობლემაა მშენებლობები, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეგულაციები და ამ კუთხითაც მექნება საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში. ხშირად გვესმის დეპუტატებისგან, არ აქვს უმაღლეს საბჭოს მეტი უფლებამოსილება და რა უნდა გვექნაო. რის უფლებაც აქვთ, ისიც არ გამოუყენებიათ. მაჩვენეთ რეალური ინიციატივა, რომლითაც, მაგალითად, უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს მიმართა.

ვისთან შეიძლება ითანამშრომლოთ უმაღლეს საბჭოში?

ნებისმიერი ძალასთან შეიძლება ვითანამშრომლო… მაგალითად, უბლოკო სტატუსიო, ვინც იძახის, ან „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ანტითურქული განცხადებები აქვს, ამას არ ვეთანხმები და ამ ნაწილში ვერ ვითანამშრომლებთ. ცალკეულ საკითხებზე შესაძლებელია მსჯელობა და თანამშრომლობა.

თქვენი პარტიული სია გამორჩეული აღმოჩნდა იმითაც, რომ არ გყავთ არც ერთი ქალი. ამას აღიქვამთ თუ არა პრობლემად?

კი, პრობლემაა. ძალიან ბევრი ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა…. მოკლე დროში მოგვიხდა კანდიდატების შერჩევა და ეს დრო არ იყო საკმარისი.

მამაკაცების შესარჩევად საკმარისი იყო?

როგორ გითხრათ… როგორც ჩანს, ქალები ძალიან რთულად იღებენ გადაწყვეტილებას, როცა საქმე პოლიტიკას ეხება.

აჭარლობაზე მინდა გკითხოთ. ეს თემა თქვენმა ლიდერმა გააქტიურა, აჭარაში ადგილობრივები უნდა ინიშნებოდნენო. თქვენ თავი აარიდეთ ამ თემაზე დისკუსიას, რაც „ბათუმელებმა“ შემოგთავაზათ. ვინ მიაწოდა ამ თემაზე ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს და თვლით თუ არა, რომ ეს იყო შეცდომა? 

არ ვიცი, ვინ მიაწოდა პაატა ბურჭულაძეს ეს ინფორმაცია. არ მქონია მე მასთან ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ მაინც სხვანაირად იყო ნათქვამი. მან იგულისხმა ის, რომ თანამდებობებზე ბათუმში მცხოვრები ადამიანებიც უნდა ინიშნებოდნენო… ეს გზავნილიც არ იყო სწორი. არ ვფიქრობ, რომ უნდა დავყოთ ადამიანები, ამოსავალი უნდა იყოს პროფესიონალიზმი.

ენმ: აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნოს საინვესტიციო პროექტების სია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს და აცხდებს, რომ 3 ოქტომბერს ზურაბ პატარაძემ „რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაიწყო საინვესტიციო პროექტი; ასევე  ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ აშენდა 170 სასტუმრო, იქნებ გამოაქვეყნონ იმ ობიექტებისა და საინვესტიციო პროექტების სია.“

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ქობულეთში კინტრიშობას ესწრება და კომენტარს ენმ-ს წევრის განცხადებაზე, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, ბათუმში გააკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე დღეს, ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრება.

„ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება 4 ოქტომბერს, ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. კაფსულას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ქ.ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვებს“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

გასაიდუმლოებული ინვესტორები

ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ

მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა  პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბატონო მირდატ, მოდით დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე, რომელთაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში განახორციელებთ… 

ინიციატივები, რასაც ჰპირდება გუნდი და მეც უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა, ეს არის გადასახადების შემცირება დაუყოვნებლივ. ამ კუთხით უნდა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილება. მაგალითად, 90 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ინდმეწარმე რომ არ დაიბეგროს, მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები დაიბეგრონ,  ნავთობზე აქციზის ფასი შემცირდეს დაახლოებით 25 პროცენტამდე, რაც ნავთობის ფასის გაიაფებასაც გამოიწვევს. ეს არის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაუყონებლივ უნდა გაკეთდეს. მათ შორის ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს დაუყონებლივ, რაც ბიზნესს მისცემს თავისუფლებას და გარანტიას, რომ გაფართოვდეს. გაფართოებული ბიზნესი კი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

68-ე ოლქის ამომრჩეველს რას ჰპირდებით შეხვედრებზე?

რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ამ ოლქზე ცალსახად აისახება, რადგან დიდი ტერიტორიაა, ზღვისპირა ზონაა და აქ ცხოვრობენ მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანები. მათ აქვთ პატარა კაფეები, პატარა ოთახები – ზუსტად ამ სეგმეტს შეეხება, ანუ ეს ადამიანები აღარ დაიბეგრებიან. ტურისტული სეზონი მაინც და მაინც სახარბიელო არ გვქონდა. ქვეყნის და ხელისუფლების მთავარი ამოსავალია გვყავდეს მდიდარი მოქალაქე. ეკონომიურად ძლიერი და ჯანსაღი ქვეყანა იყოს, სადაც მოქალაქეებს ფინანსური პრობლემები არ ექმნებათ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, რაც შეხვედრების დროს გამოიკვეთა. აწუხებთ დასაქმების პრობლემა და ფინანსური პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა არის ეს. ჩაქვის მოსახლეობისთვის გვაქვს ციტრუსის პროგრამა. ეს პარლამენტარის ფუნქცია არ არის, ციტრუსის პროგრამა მთავრობამ უნდა განახორციელოს, მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ ეს პარლამენტი აკომპლექტებს დღეს ქვეყანაში მთავრობას და ამ კუთხით ხელშეწყობა იქნება ჩვენი მხრიდანაც.

საკუთრების უფლებაზე მინდა გკითხოთ…

საკუთრების უფლება არის საქართველოს კონსტიტუციით, უზენაესი კანონით გარანტირებული უფლება და კონსტიტუციის მეორე თავში არის მოცემული, რომ საკუთრების უფლება არის დაცული და ხელშეუხებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთრება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უფლება და ღირებულებაა ამ ქვეყანაში და უნდა იქნას დაცული, ამაში სახელმწიფო უხეშად არ უნდა ერეოდეს.

რაც შეეხება ექსპროპრიაციის საკითხს, საჯარო და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი ასევე კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. მიგვაჩნია, რომ თუ სახელმწიფო იყენებს ექსპროპრიაციას, ადამიანებმა უნდა მიიღონ ღირსეული კომპენსაცია. ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტის, როგორც მოქალაქის და როგორც კანდიდატის – არის ის, რომ ექსპოპრიაციის დროს კომპენსაციის საკითხი როცა დგება, კომპენსაციაზე ვისაუბროთ საბაზრო ფასით და არ დავუშვათ თვითღირებულებიდან გამომდინარე. ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ერთმევათ საკუთრება, რაც კანონმდებლობით არის დაშვებული, მათ უნდა მიიღონ ღირსეული კომპენსაცია – ეს ჩემი, მირდატ ქამადაძის პოზიციაა და ამ საკითხს მე დავიცავ აუცილებლად.

2007 წელს, არჩევნების წინ ასობით საკუთრების უფლების ცნობის გაცემა და შემდეგ ჩამორთმევა არასწორი იყო? 

ეს ზოგადი საკითხია. როდესაც საკუთრების უფლების გადაცემის ან ჩამორთმევის უფლებაზე და მის კანონიერებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებებით საუბარი, ეს არის ინდივიდუალური, წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამაზე ინდივიდუალურად უნდა ვისაუბროთ.  ჩემგან, როგორც იურისტისგან, ზერელე პასუხი, არ ვფიქრობ, რომ სწორი და კომპეტენტური იქნება, ამიტომ თქვენს შეკითხვას კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემ. თუ კონკრეტულ ქეისს მომცემთ, რომელსაც შემიძლია გადავხედო, როგორც იურისტმა, მაშინ შემიძლია ჩემი მოსაზრებები გითხრათ ამასთან დაკავშირებით.

მაშინ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი საკუთრების უფლების მოწმობა გადასცეს არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ კი ჩამოართვეს, კონკრეტულ ქეისი რატომ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი?

გონიოს ტერიტორიაზე ვიცი… და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ვიღაცას მიწები გადაეცა, გამოიცა ადმინისტრაციული აქტი, შეიძლება მოხდა ამ ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, რამდენადაც მიწები, რომლებიც გაიცა, არის არქეოლოგიური სამუშაოებისთვის განკუთვნილი თუ სწორად მახსოვს, ამიტომ ასე ზოგადად პასუხის გაცემა ძნელია.

ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებით რეგულაციების უგულებელყოფას როგორ შეეწინააღმდეგებით?

იმას, რაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ეხება და არა მარტო, ყველაფერში ვიქნები ჩართული. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობასა და ქალაქის განაშენიანების საკითხს – მე სულ ვამბობ, რომ დიახ, ჩვენ გავქვს პრეტენზია და ჩვენი გუნდიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ბოლო 4 წლის განმავლობაში ე.წ. K2-ისთვის გაცემაზე. იცით, ალბათ, რასაც ნიშნავს კოეფიციენტების გაზრდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ შეიძლება. თან ერთპიროვნულად თავმჯდომარეს მხრიდან და განსაკუთრებით ხაბაძის დროს იყო ეს აქტუალური. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა ქალაქის, რაც უნდა დასრულდეს. K2 იქცა სავარაუდო კორუფციის წყაროდ და დიდი ეჭვები არსებობს ამ კუთხით. ვფიქრობ, ქალაქში 4-სართულიან შენობას 3 სართულ დაედგას თუ არ დაედგას, ამას არ უნდა წყვეტდეს ხაბაძე ან პატარაძე.

როდესაც ძეგლებს ვეხებით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა. უნდა შევუნარჩუნოთ ისეთი იერსახე, როგორიც აქვს [ქალაქს] დღესდღეობით. თუ სადმე ვინმემ რაიმე წესი დაარღვია და არსებობს დარღვევა, შესაბამისი ზომები უნდა გატარებულიყო და უნდა გატარდეს. ამ საკითხზეც კონკრეტული ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. თუ იყო რაიმე დარღვევა წარსულში, უნდა მომხდარიყო რეაგირება, თუ ხდება დღეს, უნდა მოხდეს შესაბამისად რეაგირება.

თუნდაც ეს თქვენი პარტიის წევრებს შეეხოს?
მე ცალსახა პოზიცია გამაჩნია ერთი რაღაცის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი პარტიის წევრი იქნება თუ ვიქნები პირადად მე. თუ ვინმე ამ ქვეყანაში დაარღვევს კანონს, მათ შორის მეც, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

როდის გახდით პარტიის წევრი?
2014 წელს გავხდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მანამდე პარტიაში არ ვყოფილვარ და პოლიტიკისგანაც შორს ვიყავი. პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. ზოგადად, ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელიც ჩემთვის იყო მისაღები, გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დასავლური კურსი. ქვეყნის განვითარების გეგმა გააჩნია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემთვის ეს იდეოლოგია და ხედვა იყო მისაღები. ყველაზე მთავარი პროდასავლური მიმართულებაა. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიური კრიზისიდან გამოყვანის ხედვა გააჩნია ამ პარტიას.

ამ პარტიის მიმართ იყო ბევრი კითხვა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. თქვენ თუ გქონდათ ეს კითხვები, თუ მოგეცათ საშუალება რომ დაგესვათ ეს კითხვები და რა პასუხები მიიღეთ? ვთქვათ, 7 ნომებრის აქციასთან დაკავშირებით, ასევე ციხის კადრებისა თუ ქონებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით…

ქონებების ჩამორთმევის საკითხებზე არ ვიცი რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს სამართლებრივი მექანიზმები და სამართლებრივი გზებით უნდა ვიმსჯელოთ. ფაქტებს ბევრი ასახელებს, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ასეთი ერთი რეაბილიტირებული ადამიანიც ვერ აჩვენა საზოგადოებას.

რაც შეეხება 2007 წლის ნოემბრის ფაქტებს, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი იქნება ცალსახა და ნათელი, ეს იყო ამ ხელისუფლების შეცდომა და ამ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღო და საქართველოს პრეზიდენტი გადადგა თავისი ნებით. ეს იყო პასუხი. ლიდერმა, ქვეყნის მეთაურმა აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე და გადადგა, გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება ციხის კადრებთან დაკავშირებით მომხდარს, ჩვენი პოზიციაა დღესაც, რომ საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ და რაღაც კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე აღარ ვსაუბრობთ. სისხლის სამართლის დანაშაული არის დანაშაული, რომელსაც ჩადის კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი. ვინც ადამიანებს აწამებდა ყველამ უნდა აგოს პასუხი. გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როცა ვლადიმერ ბედუკაძე გამოგვიცხადა გმირად. ჩვენი სიის პირველი ნომერია ბაქრაძე, რომლის ცალსახა განცხადებაა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ჩადიოდა ასეთ ქმედებას, არ აქვს მნიშვნელობა ვის სახელთან და გვართან მივა ეს გამოძიება, ყველამ უნდა აგოს პასუხი. სხვათა შორის როცა საჯარო გახდა ეს კადრები, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, 2012 წლის სექტემბერში და მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ბედუკაძეზე ძებნა გამოცხადდა. ის ამ ხელისუფლებამ გაუშვა. ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადიოდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ არა ისე, კომუნიზმში დაბრუნებას რომ გვიპირებს ბევრი და კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი უნდა გასამართლდეს, რადგან ასეთ რაღაცებს ჩადიოდნენ. თუ არ დაუმტკიცე ადამიანს დანაშაული, არა აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა მოძრაობა, შეუძლებელია ვისაუბროთ, პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფრომაციით 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, დაზუსტებული მონაცემებით ამ დროისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა.

ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა მაჟორიტარული ოლქების მიხედვით:

  • ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი – 53 062 ამომრჩეველი;
  • ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი – 53 035 ამომრჩეველი;
  • ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი – 52 866 ამომრჩეველი;
  • ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი 49 319 ამომრჩეველი;
  • ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი – 48 109 ამომრჩეველი;
  • ქედა,შუახევი,ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი – 52 115 ამომრჩეველი.

აჭარაში ამომრჩევლები ოთხ, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ

2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლები 4, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ. მწვანე და ყვითელი ბიულეტენი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური ვიდეო-რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა, რაზეც დატანილია ბიულეტენების ფერები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს უფლება-მოვალეობების მცირე ჩამონათვალი, რისი მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირება და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მნიშვნელობის გაზრდაა.  საინფორმაციო ბუკლეტები, აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში ვრცელდება. დღეს, 4 ოქტომბერს, უსკოს თანაშრომლებმა საინფორმაციო მასალა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაავრცელეს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარის ტერიტორიაზე, 6 მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში 347 საარჩევნო უბანია გახსნილი.

დღეის მდგომარეობით აჭარაში გახსნილი 347 საარჩევნო უბნიდან ბათუმის ოლქში 119 უბანია, ქობულეთში – 48, ხელვაჩაურში – 50, ქედაში – 27, შუახევში – 49 და ხულოში – 54.

გასაიდუმლოებული ინვესტორები

აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, თუმცა მსხვილი ინვესტორების სიას არ ასაჯაროებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  „ინვესტორების უმრავლესობა სამინისტროსთან ვალდებულების არმქონე კომპანიებია და ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“.

აჭარის რეგიონში განხორციელებული უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში გაზრდილია უცხოური ინვესტიციები, თუმცა შემცირებულია ადგილობრივი ინვესტიციები. მაგალითად, 2013 წელს განხორციელდა 69 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია, 2015 წელს კი – 279 მილიონი აშშ დოლარის. რაც შეეხება ადგილობრივ ინვესტიციებს, შესაბამისად, 126 მილიონი და 87 მილიონი.

ის დარგები, რომლებზეც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოდის რეგიონში 2013-2016 პერიოდში, არის:

  • ტურიზმი [383,9 მლნ. აშშ დოლარი],
  • ენერგეტიკა [311 მლნ.], მშენებლობა [303,6 მლნ.],
  • სოფლის მეურნეობა [18 მლნ.],
  • მრეწველობა [14,3 მლნ.],
  • დანარჩენი დარგები ერთად აღებული – 14,8 მლნ აშშ დოლარი.

2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში 7 მილიონი დოლარით შემცირდა, ენერგეტიკაში კი თითქმის 100 მილიონით გაიზარდა; 4 მილიონი დოლარით შემცირდა იმავე პერიოდში ინვესტიციები მშენებლობის დარგშიც.

2016 წლის იანვრიდან დღემდე, რა ღონისძიებები გაატარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით? – ამ კითხვაზე სამინისტროს პასუხი ასეთია: „2016 წელს მოხდა ახალი საინვესტიციო საპრომოუშენო მასალების შემუშავება და ბეჭდვა, მასალები გამოიცა 2 ენაზე [ინგლისურად და რუსულად]; განახლდა/მომზადდა პრეზენტაციები რეგიონის წამყვანი სექტორების შესახებ; „საერთაშორისო საინვესტიციო ტურების ორგანიზების“ ფარგლებში რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის მიზნით მოეწყო ბიზნესფორუმი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, სადაც ჩატარდა პრეზენტაციები 100-ზე მეტი პოლონელი ბიზნესმენისთვის; მოეწყო ბიზნესფორუმი უკრაინაში ქალაქ ნიკოლაევში, სადაც ჩატარდა პრეზენტაციები 120-ზე მეტი უკრაინელი ბიზნესმენისთვის; მიმდინარეობს მუშაობა ორი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების მიზნით და ასევე რეგიონის საინვესტიციო ვიდეოს განახლებაზე“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ კუთხით, სამინისტროში აცხადებენ, რომ „2017 წელს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის იგეგმება 295 ათასი ლარის გამოყოფა. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ბიზნესფორუმები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. დაგეგმილია ბიზნესფორუმის ჩატარება, როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად. 2017 წელს მომზადდება და დაიბეჭდება ახალი საინვესტიციო საპრომოუშენო მასალები, განახლებული ინფორმაციით“.

მომავალ წელს, სავარაუდოდ, სამინისტრო „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამასაც“ განახორციელებს, რისთვისაც დაახლოებით 320 400 ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალიც გამოითხოვა, რომელთა განხორციელება სამომავლოდ იგეგმება აჭარაში. იმ ხუთ პროექტში, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს „სამომავლო გეგმებშია“, არის „ბათუმის სტადიონი“, „მეტრო სითი 2“ და გმირთა ხეივანსა და ახალ ბულვარში მიმდინარე მშენებლობები:

  • „20 000 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონი – პროექტის ღირებულება 33 მლნ დოლარი; უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტები; ტერიტორიის ფართობი 8 ჰა.
  • შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“, სასტუმრო „მეტრო სითი 2“ – აღნიშნული პროექტით რეგიონში 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელდება. 23-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი მინიმუმ 800-ნომრიანი იქნება. აღნიშნული ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
  • შპს „ჯეო დეველოპმენტი“ [სასტუმრო გმირთა ხეივანში] – 21 მლნ ლარის ინვესტიცია. არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, გასართობი ცენტრი.
  • შპს „ეიჩ გრუპი“ [სასტუმრო გმირთა ხეივანში] – პროექტით  არანაკლებ 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. არანაკლებ 60-ნომრიანი სასტუმრო.
  • შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმი“ [სასტუმრო ახალ ბულვარში] – 40 მლნ დოლარის ინვესტიცია. 300 მოქალაქე დასაქმდება“.

„ბათუმელებმა“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა 2013-2016  წლების მიხედვით, იმ პირველი ათი კომპანიისა თუ ფიზიკური პირის ჩამონათვალი [მსხვილი ინვესტორების ნუსხა], რომლებმაც ამ წლებში რეგიონში განახორციელეს:

  • ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია;
  • ყველაზე მეტი კერძო ადგილობრივი ინვესტიცია.

სამინისტროს ვთხოვდით მიეთითებინა თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა და საინვესტიციო პროექტები.

სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ „ინვესტორების უმრავლესობა წარმოადგენს სამინისტროსთან სახელშეკრულებო ვალდებულების არმქონე კომპანიებს, რომელთაგან მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია… უფლებამოსილებას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად“.

სამინისტრომ აჭარაში მსხვილი ინვესტორების ჩამონთვალიც არ მოგვაწოდა [ინვესტიციების მოცულობის გარეშე].

აჭარაში მსხვილი ინვესტორების ნუსხის მოპოვება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშიც შეუძლებელი აღმოჩნდა. „მართალია, ჩვენ ყველა სახის ინფორმაცია გვაქვს, ვინაიდან კვლევას ვატარებთ – გამოვიკითხავთ ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპანიას, რომლებსაც არარეზიდენტი დამფუძნებელი ჰყავს, მაგრამ ინვესტორების სიას რეგიონულ ჭრილში არ ვამუშავებთ. აქ კონფიდენციალობის მომენტიც იქმნება, რადგან საქართველო ერთიანობაშია პატარა ქვეყანა და მითუმეტეს რეგიონულ ჭრილში… რაც შეეხება ინვესტიციის კონკრეტული ოდენობის შესახებ მონაცემების გაცემას, ეს ისედაც აკრძალულია,“ – გვითხრეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

„ოღონდ ინვესტიცია ჩაიდოს და პროექტი განხორციელდეს“, – ამ ლოგიკით მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა „ვალდებულების მქონე“ ინვესტორების მიმართ არაერთგვაროვანია – ზოგი ხელშეკრულება უქმდება, იცვლება, ხდება ვადების გადაწევა, ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლება და ა.შ. ზოგი ინვესტორის ვინაობას კი, შეძლებისდაგვარად მალავს კიდეც.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ობიექტებზე ვალდებულებები წელს 13-მა კომპანიამ ვერ შეასრულა. ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა ასევე იმ 17-მა კომპანიამ, რომლებმაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეისყიდეს ობიექტები. ზემოაღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე შეიცვალა, ზოგიერთთან ახლა უნდა შეიცვალოს.

Untitled

2013 წლიდან დღემდე პერიოდში კი, 33 კომპანიასთან და ინდმეწარმესთან ხელშეკრულება სამინისტრომ მოშალა:

  • 2013 წელს მოიშალა 8 ხელშეკრულება,
  • 2014 წელს – 10 ხელშეკრულება,
  • 2015 წელს – 11 ხელშეკრულება,
  • 2016 წელს – 4 ხელშეკრულება.

მოშლილი ხელშეკრულებებით 13 შემთხვევაში არ იყო განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების მოცულობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ინვესტიციის მოცულობა, რაც უნდა განხორციელებულიყო რეგიონში, ჯამში იყო 4 მილიონ 133 ათასი ლარი, 101 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარი და 6 მილიონი ევრო.

არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატში იწვევს

“მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის დებატში, ოღონდ ბატონმა ნუკრი ბეჟანიძემ გაგვაგონოს საკუთარი ხმა და გავიგოთ მისი სათქმელი,” – აცხადებს არმაზ ახვლედიანი. ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. თვლის, რომ დემოკრატიული არჩევნების პრინციპი ირღვევა, რადგან მმართველი გუნდის კანდიდატი არა მხოლოდ მასთან, საერთოდ წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს.

“არჩევენებამდე დარჩა ოთხი დღე და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი 69-ე ოლქში უარს ამბობს დებატებზე. ის უარს ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. მინდა, მოვუწოდო ნუკრი ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ, რომ ჩაერთოს დებატებში, გვითხრას მისი აზრი და სათქმელი. კატეგორიულად მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”, რომ გახსნას ეს ჩაკეტილი კარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვანდ დავასკვნათ, რომ „ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი და მის კანდიდატს არაფრის შეთავაზება ბათუმელებისთვის არ შეუძლია,”- ამბობს არმაზ ახვლედიანი.

“მაგასთან დებატის სურვილი არ მაქვს და არ არის საჭირო,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნუკრი ბეჟანიძემ. კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს ზოგადად დებატებში, სადაც სხვა კანდიდატები მონაწილეობენ, ნუკრი ბეჟანიძემ თქვა, რომ ის და მისი პარტია საკმარისად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას: “როგორ არ ვაწვდით ინფორმაციას ხალხს, 24 საათი მაგას ვაკეთებთ… ხვალ მივიღებ მონაწილეობას დებატებში ცენტრალურ ტელევიზიაში, რომელში კონრეტულად არ მახოვს”.

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს იდეები; რას მოუტანს ალექსანდრე ჯეჯელავას იდეები სისტემას, ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ ისაუბრა.

ბატონო შალვა, ის ინიციატივები, რაც ალექსანდრე ჯეჯელავამ გააჟღერა, შექმნის თუ არა რაიმე ტიპის პრობლემებს განათლების სისტემაში?

ფაქტია, რომ ეს ინიციატივები საარჩევნოდ არის გაჟღერებული, მაგრამ იმის თქმა, რომ სამომავლოდ აღარ განხორციელდება, გამიჭირდება. პირდაპირ გეტყვით, მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია. დანაშაულებრივია ის ქმედება, რასაც ის განათლების სისტემას უკეთებს. თუ გამოცდები არ არის სავალდებულო, მაშინ საერთოდ რატომ არის საჭირო მასწავლებლის შეფასება. თუკი მასწავლებლებს ვაფასებთ იმაში, რაც იციან და ამით მივანიჭებთ კრედიტებს, გადავიყვანთ საფეხურიდან საფეხურზე, ეს ფორმალური პროცედურა იქნება. მაშინ რად გვინდა ეს ბიუროკრატიული პროცედურები?

დღეს მინისტრს აქვს ასეთი პოზიცია, რომ რაც იციან მასწავლებლებმა, მოდი, იმაში შევამოწმოთ. მისი ამოსავალი 21-ე საუკუნის მოსწავლის საჭიროებები არ არის. როცა ასეთ ცვლილებას გეგმავ, ამოსავალი უნდა იყოს რა განათლების ხარისხს აძლევ მოსწავლეს და ამ ხარისხის მისაცემად როგორი ტიპის მასწავლებელი გჭირდება. ჩვენ გვაქვს განათლების სტანდარტი და ვიცით, რა ტიპის მასწავლებელი გვჭირდება. სწორედ ამ სტანდარტთან მიმართებაში უნდა მოხდეს მასწავლებლის ეფექტურობის გაზომვაც და შეფასებაც.

მინისტრი არ ეთანხმება ამ სტანდარტს და ამბობს, რომ სქემაში მუდმივად შეიძლება რაღაც შეიცვალოს…

სისტემა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის, რომ მასწავლებელს არ აქვს კომპეტენცია და მოუგონო რაღაც მისადაგებული მეთოდები, ეს იდიოტიზმია – სახელმწიფო თანხებს ხარჯავ იმაში, რაც არაფერს გაძლევს. ამბობს კიდეც, არჩევანი არ გვაქვსო, მაგრამ არჩევანიც არის და პერსპექტივებიც. თუმცა მინისტრი ამოდის იმ პოზიციიდან, რომ ახლა რა კვალიფიკაციის მასწავლებელიც გვყავს, იმ ტიპის შეფასების სისტემა მოვარგოთ. მიზანია არასწორი და პოლიტიკაც არასწორად მიდის. მინისტრი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ გვყავდეს ისეთი მასწავლებლები, როგორიც სჭირდება მოსწავლეს.

მაგრამ მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო იმაზე მეტს მოითხოვს პედაგოგისგან, ვიდრე მათ უნივერსიტეტმა მისცა.

როგორ შეიძლება ასეთი შეფასება. ვინ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში იმის სწავლებას, რაც შემდგომ მასწავლებელს პრაქტიკაში გამოადგება? ეს არარეალურია, რადგან მასწავლებლის პროფესიული განვითარება ყოველდღიურია.

მინისტრი ასევე საუბრობს, რომ ეროვნული გამოცდების ბარიერი უნდა აიწიოს. გამოდის, მოსწავლეებს უნდა მოსთხოვონ ის, რასაც არაკვალიფიციური მასწავლებლები ვერ აწვდიან სკოლაში?

ეს ცალკე პრობლემაა, როცა გამოაცხადა, რომ უმაღლესი განათლება მხოლოდ ელიტარულმა ნაწილმა უნდა მიიღოსო. მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მაშინ ისე, რომ მაღალი სტანდარტის აბიტურიენტი გამოუშვას. მაგრამ მინისტრი განათლების სისტემაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმაზე, კმაყოფილი ჰყავდეს საარჩევნო ხმების მქონე მასწავლებლები, რაც ბევრად იოლია, ვიდრე გამოცდების ჩაბარება. აი, ეს არის არასწორი. მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, არმცოდნე, არაკვალიფიური მასწავლებლების გაფეტიშება, აზარალებს განათლების სისტემას.

ის პირები, ვისაც ჩაბარებული აქვთ საგნობრივი გამოცდები და აღიარებული არიან კვალიფიციურ კადრებად, აპროტესტებენ სისტემას, რომელიც მათ პროფესიაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან დირექტორს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, სკოლიდან გაათავისუფლოს არაკვალიფიცური კადრი. თუკი საგნობრივი გამოცდა აღარ იქნება სავალდებულო და კრედიტებსაც ფორმალური სახე ექნება, ეს კიდევ უფრო არ ჩაკეტავს კარებს ახალი კადრებისთვის?

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვაქვს პროფესიაში შესვლის სისტემა, მაგრამ პროფესიიდან გასვლის სისტემა არ გვაქვს. პროფესიიდან გასვლა არავის უნდა, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს. მინისტრის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარიც ჩაიკეტება და კონკურენცია აღარ იქნება. სახელმწიფომ ვერ გაბედა და ვერ განახორციელა სერიოზული რეფორმები. არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, ჩვენ რა გვინდა, – გვყავდეს მაღალკვალიფიური მასწავლებლები, მასწავლებლის პროფესიის დაუფლება უმაღლეს სასწავლებელში იყოს რთული, შემდგომ პროფესიაში შესვლა და ამ პროფესიის შენარჩუნება მოითხოვდეს მაღალ კვალიფიკაციას, თუ 65 ათასი არაკვალიფიციური პედაგოგი, რომელიც ვერ ვითარდება. მინისტრი თან იძახის, რომ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული უნდა გახადოს, თან ამის საპირიპიროს აკეთებს.

მინისტრი ამბობს, რომ პრესტიჟი ხელფასების გაზრდის ხარჯზე ამაღლდება.

ხელფასი არის კარგი სტიმულატორი, თუმცა პრესტიჟულობა მოაქვს კონკურენციას, როცა ამ პროფესიაში შესვლა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან მაღალ უნარებს, კარგ ცოდნას და მაღალ კომპეტენციებს ითხოვს. სხვა შემთხვევაში, როცა ყველა არაპროფესიონალი, აქვს თუ არა მას სწავლებისა და საგნობრივი კომპეტენცია, მაინც რჩება სკოლაში, ამ პროფესიას პრესტიჟულს ვერ გახდის. როცა ასეთი ბევრი გვყავს სისტემაში, ეს აზარალებს კარგ პედაგოგებს და მათ პრესტიჟსაც.

ჩვენთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ კრედიტქულები უნდა დაიწეროს ღონისძიებების ჩატარებაში და ექსკურსიებშიც. ვინ უნდა შეაფასოს ღონისძიების ხარისხი ან ის, ექსკურსია იმსახურებს ქულას თუ არა?

ექსკურსია ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე ჩატარებული გაკვეთილი, მაგრამ ექსკურსიასაც შეიძლება ჰქონდეს უკუშედეგი და არ ჰქონდეს შემეცნებითი ან ღირებულებითი სახე. ჩვენთან ექსკურსიები არ არის სასწავლო გეგმის ნაწილი, დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. არ არის ორიენტირებული სოციალური უნარების განვითარებაზე და ა.შ. ექსკურსიები ჩვენთან პრობლემაა რელიგიური უმცირესობებისთვისაც, რადგან როცა მასწავლებელს მიჰყავს ბავშვები ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად, შემეცნებითის ნაცვლად, გადადის რელიგიურ რიტუალებში, ლოცვებში და სხვა რელიგიის აღმსარებელ ბავშვს აიძულებენ ლოცვას.

შეფასების სისტემის ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს ექსკურსიის დაგეგმვა, მაგრამ ამ ექსკურსიის შედეგიც უნდა შეფასდეს. კრედიტების მინიჭების სისტემა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. ისიც შესაძლებელია, რომ შეფასება საერთოდ გადავიდეს სკოლის სისტემაში, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება კარგი სკოლის დირექტორის პირობებში. არსებულმა სისტემამ კი ვერ მოახდინა სკოლის დირექტორების კვალიფიცირება.

ბოლო რამდენიმე თვეში ბევრი იდეა გაჟღერდა, თუმცა არც მინისტრი და არც სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, როგორ უნდა შეიტანონ ეს იდეები სქემაში და პრაქტიკაში დანერგონ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მიდიოდეს პროცესი, როცა ასეთ ძირეულ ცვლილებებზეა საუბარი?

2012 წლიდან დღემდე ვისმენთ იმას, რომ ვიღაც წერს სტრატეგიებს, მერე ვიღაც იხილავს, შემდეგ იმას ვიღაც იწუნებს და ისევ წერენ… მე ასეთი ბიუროკრატიის მომხრე არ ვარ. მინისტრს სისტემის ყველა რგოლის ხედვა უნდა ჰქონდეს. ის ჯერ ინიციატივას გააჟღერებს და შემდეგ ცდილობენ რაღაც ჩარჩოში მოაქციონ, ეს არ არის დალაგებული სისტემა.
დღეს მინისტრი მხოლოდ წერტილოვან ინიციატივებს აჟღერებს, რომელსაც სისტემასთან ბმა არ აქვს. თუნდაც კომპიუტერული პროგრამების შექმნაზე რომ საუბრობს, ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს დღევანდელ სკოლაში, სადაც დარიგებული `ბუქები~ ფორმალურად უდევთ პედაგოგებს, როგორ მოახერხებს კომპიუტერული პროგრამებით გაკეთებული თანამედროვე სასწავლო რესურსების გამოყენებას ფიზიკის ან ქიმიის მასწავლებელი, რომელმაც კომპიუტერი, საგანი არ იცის. ამიტომ, ეს ინიციატივები არ არის სტრატეგიული ხედვის ნაწილი.

ფოტო: რადიო „თავისუფლება” 

ვინ ვის უპირისპირდება ბათუმში [ინფოგრაფიკა]

აჭარის უმაღლესი საჭოს არჩევნებში სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი 76 მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას [უსკოს ინფორმაციით, საკუთარი განცხადებების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმდათ: “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-ს მიერ ხულოში დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს – თამაზ ხმალაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატს ხელვაჩაურში – ზურაბ ფუტკარაძეს].

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მანდატებისთვის იბრძოლებს სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი 67 და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი [დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზაურ გოგიტიძემ, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარი კანდიდატურა 3 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ მოხსნა].

147 მაჟორიტარი კანდიდატიდან აჭარაში ამომრჩეველმა 12 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს: 6 – აჭარის უმაღლეს საბჭოში და 6 – საქართველოს პარლამენტში.
უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის არჩევნები ერთდროულად, 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკოს მონაცემებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში სულ 304 ათას 930 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული; მიმდინარე წლის არჩევნებისთვის კი, სიებში სულ 306 ათას 91 ამომრჩეველი, ანუ წინა არჩევნებთან შედარებით 1161-ით მეტია რეგისტრირებული.

[უსკოს მონაცემებით ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა აჭარაში არის 308 506. სიების გადამოწმება დღეს, 3 ოქტომბერს დასრულდა.]

archevnebi.indd

„ბათუმის წყალი“: წყალმომარაგება ღამის 12 საათისთვის აღდგება

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, „წყლის მაგისტრალური 110 მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანების გამო, სასმელი წყლის მიწოდება ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს და ფერაძის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდა“.

სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდულია ასევე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მამია კომახიძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას მელიქიშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე.

კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგება ღამის 12:00 საათისთვის აღდგება.

ოთარ ცეცხლაძე: ჰოლივუდსა და ბოლივუდში მილიარდებს ხარჯავენ, რომ ხულოს, ქედისა და შუახევის მსგავსი ბუნება შეიქმნას

პროფესიით ექიმი, ბიოლოგი, ხულოს ყოფილი გამგებელი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე მაღალმთიან აჭარაში, 73- ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელა.

რა სამუშაო გამოცდილებით მოდიხართ?

სხვადასხვა სფეროში მაქვს მუშაობის გამოცდილება, ვიყავი ხულოს გამგებელი, სამეცნიერო ინსტიტუტის დეკანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების მეტყველებისა და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივრსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარ.

 „თავისუფალი დმოკრატები“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციაზე ამახვილებთ ყურადღებას. როგორ ფიქრობთ, სამთავრობო პროგრამა რადენად უზრუნველყოფს  მიწების სრულყოფილ რეგისტრაციას?

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ნაბიჯები გადაიდგა. სახელმწიფო პროგრმით მიწების რეგისტრაცია 1-ელ აგვისტოსთვის უნდა დაწყებულიყო, შემდეგ რეგისტრაციის თარიღი გადაიდო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი პარლამენტში მტკიცდებოდა, იმ დღეს პარლამენტში საჯარო რეესტრის შესახე ცვლილებები გადიოდა, რომლის მიხედვითაც დაურეგისტრირებელი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა. პარლამენტის ამ სხდომაზე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ ქედიდან თემურ ავალიანის მიერ გაგზავნილი კორესპოდენცია წაიკითხა, რითაც თემურ ავალიანი ამბობდა, რომ მიწების ავტომატური რეგისტრაცია გლეხებისთვის მიწის წართმევაa, რის შემდეგაც კვირიკაშვილი ინიციატივით გამოვიდა ასეთი ფორმით ცვლილება არ შესულიყო და დაურეგისტრირებელი მიწები გლეხს არ წართმევოდა. კარგია, რომ ჩვენი მოTხოვნა გაიზიარეს, მაგრამ ამის  შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ კუთხით არ გადადგმულა.

თქვენი აზრით, როგორ უნდა განხორციელდეს მიწების რეგისტრაცია ისე, რომ ნაკვეთები არ გადაიფაროს?

მე მიმაჩნია, რომ ზემო აჭარაში ეს საკითხი დიდი ხანია გარკვეულია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა მის პაპისეულ მიწას დაეუფლა, სარგებლობაში არსებული მიწების საზღვრები გარკვეულია, ის მიწები, რასაც სარგებლობენ და მათ მოდავეები არ ჰყავთ, უნდა მოხდეს დარეგისტრირება.

საარჩევნო ოლქი, სადაც კენჭს იყრით დღემდე მოუგვარებლ პრობლემად ეკომიგრანტების საკითხი რჩება. როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას?

პარტიების წარმომადგენლები იძახიან მთიდან მოსახლეობა ქვევით ჩავასახლოთ, მე ჩასახლების წინააღმდეგი არ ვარ. ვფიქრობ, იაფი სესხი უნდა მიეცეთ ან მოხდეს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება.

რა პრობლემების მოგვარებას გთხოვთ მოსახლეობა და რის მოგვარებას ჰპირდებით?

მოსახლეობა ცხოვრების გაუმჯობესებას, ხელშეწყობას, გზების მოწესრიგებას, უმუშევრობის დაძლევას, ტურიზმისა და მცირე საწარმოებისთვის ხელშეწყობას ითხოვს. ჩვენ მათ გვერდით დგომას და დახმარებას ვპირდებით, ჩვენ ვპირდებით რომ ტელეფონებს არ გამოვურთავთ, ჩვენ ვიქნებით შუამავლები ხელისუფლებასთან, მთავრობას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ თუ არ გადაწყვეტენ და დავინახავთ, რომ ხელოვნურ ბარიერს ქმნიანა, ჩვენს ამომრჩევებთან ერთად მათი უფლებების დაცვისთვის ვიბრძოლებთ.

დღევანდელი ბიუჯეტის პირობებშიც კი შესაძლებელია მინიმალური ხელსაფი იყოს 500 ლარი. მე როგორც უმაღლესი სკოლის პროფესორი შოკირებული ვარ ჩემი წარჩინებული სტუდენტები კერძო სტრუქტურებში 200-300 ლარზე რომ მუშაობენ. ჩვენ ვპირდებით, რომ დასაქმებულის მინიმალური ანაზღაურება 500, პენსია 300 ლარი, საარსებო მინიმუმი 160 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. ეს არის რეალობა, დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში კი შესაძლებელია ეს განხორციელდეს.

ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რას ფიქრობთ როგორ შეიძლება მაღალმთიან სოფლებში სამუშაო ადგილების შექმნა?

ტურიზმის განვითარება, მცირე საწარმოების შექმნა ხელს შეუწყობს ადამიანის დასაქმებას მთაში. აქ უამრავი კულტურული თუ  ველური კენკროვანი მცენარეა, რომლის წაღება აქ მცხოვრებ მოსახლეობას შორეულ ბაზარზე არ უღირს. ადგილზე თუ იქნება გადასამუშავებელი საწარმოები, სახელმწიფო თუ იზრუნებს თანადაფინანსებით მოაწყოს საწარმოები, ამ პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, არის სხვა რესურსებიც.

როგორ წარმოგიდგენიათ ტურიზმის განვითარება აჭარის მთაში?

უნიკალური პირობები არსებობს, გადასარევი ჰავა, მშრომელი ხალხი, პეიზაჟი, ამას ათვისება სჭირდება, ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ჰოლივუდსა და ბოლივუდში მილიარდებს ხარჯავენ, რომ ხულოს, ქედისა და შუახევის მსგავსი ბუნება და ბუტაფორია რამდენიმე საათით შეიქმნას. ჩვენ ეს გვაქვს, ამას გამოყენება უნდა, შესაბამისი კომუნიკაციების მოწყობა. მოსახლეობას ვპირდებით, რომ გრანტის სახით 5000 ლარს მივცემთ, რომ მოაწესრიგონ სანიტარული პირობები ტურისტების მოსაზიდად.

აჭარის მთიანეთში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა. შესაბამისად, ყოველწლიურად ხორცელდება სოციალური ჭრები, ამავდროულად არის უკანონო ჭრის ფაქტებიც. თქვენ როგორც სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ეკოლოგიური საფრთხის წინაშე ხომ არ დავდგებით?

ხე -ტყის ჭრა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ტყეში საერთოდ არ უნდა შევიდეთ. ტყიდან კანონზომიერად და მიზანმიმართულად უნდა მოხდეს ხის გამოტანა, თუნდაც იმისთვის, რომ ახალი აღმონაცენი გაიზარდოს, საჭიროა სანიტარული ჭრებიც. წაბლისა და წიწვოვნების ხეების 20-30 % ხმება, განსაკუთრებით ეს შეინიშნება ქედაში, მათი მიზნობრივი ჭრა არის საჭირო, მაგრამ არა ისე, რომ გავანადგუროთ.

ეკოლოგიური კატასტროფის აცილების ერთადერთი საშუალება გიზიფიცირებაა, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემმა ხაზმა, რაც აჭარის მთიანეთში გაჰყავთ, ძალიან დიდი ელექტრული ველი გააჩნია. ჩვენი პარტია ნებისმიერ ინვესტიციას მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ფარგლებში.

ის, რომ გვირაბების გაყვანამ გამოიწვია წყლების დაკარგვა, ეს რეალობაა.

არაერთი გეოლოგიური დასკვნა დაიდო იმასთან დაკავშირებით რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები წყლების დაკარგვასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ ყოფილა…

წყლების დაკარგვა გვირაბის მშენებლობას უკავშირდება, უნიკალური სამკურნალო წყლები დაიკარგა, აღარ არსებობს, სოფლებში მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. კომპანიის მესვეურები ეშმაკობენ,  გვირაბიდან ჩუმად გაჰყავთ წყალი და უერთებენ მდინარეს, რომელიც სათანადოდ არ არის გაფილტრული.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში სკოლებს პედაგოგები არ ჰყავთ. თქვენ როგორც პროფესორს როგორც წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება?

ხულოში 70-ზე მეტი სკოლაა და პოფესიით ინგლისურის პედაგოგი თითზე ჩამოსათვლელი იქნება. მე მასწავლებლის  5-6 თვიანი გადამზადება არ მწამს, მასწავლებელი ან არის, ან არ არის, საშუალო მასწავლებელი არ არსებობს. ვფიქრობ, ის დანამატი, რაც მასწავლებლებმა მიიღეს, კარგია და არ უნდა ვიყოთ უმადურები.

ვფიქრობ, მუნიციპალიტეტების ცენტრებში სკოლა-პანსიონები უნდა გაიხსნას, სადაც მოსწავლეები უფასო საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილი, ექნებათ სპორტული დარბაზი, მთავარ საგნებთან ერთად მოსწავლეები ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეზიარებიან.

საშუალო და უმაღლესი სკოლის მიახლოება და მაქსიმალური ადაპტირებაა საჭირო, მეტი გასაქანი უნდა მიეცეს კოლეჯებს, ტექნიკურ სასწავლებლებს.

რაც შეეხება კანონს, ის დასახვეწია, რეფორმებია გასატარებელი განათლების სისტემაში, სოფლებში ბიბლიოთეკები უნდა აღდგეს.

ხშირად საუბრობენ კოოპერატივის ჩამოყალიბებაზე. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივმა სოფლის მეურნეობა განავითაროს?

მე კოოპერაციულ გაერთიანებას პერსპექტიულად აღვიქვამ, მხარს ვუჭერ და მივესალმები, მაგრამ საჭიროა სახელმწიფოს თანამონაწილეობა და შესაბამისი სერვისების შექმნა.

ჩემი უპირველესი ამოცანაა მიწების რეგისტრაციის გამარტივება. გლეხი ვერ გახდება ფერმერი თუ არ იქნება მიწის მფლობელი. ამ საკითხებზე ვიმუშავებ, გაზიფიკაციის პრობლემაზე ვიზრუნებ, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების შექმნას და ეს გაუიაფებს  მოსახლეობას გათბობის საშუალებას. ვიზრუნებთ მრავალშვილიანი ოჯახების საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა.

კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს?

ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – 2012 წლისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ მხრივ.

რაღაც წვრილმანი სოციალური პრობლემებია, რომლებიც პრაქტიკულად გამოსწორებადია.

როცა მიდიხართ კარდაკარ რამდენად გცნობენ?

ძალიან ძალიან მცნობენ. ყველა სადარბაზოში სამი-ოთხი ოჯახი მაინც არის, რომ მეცნაურობა.

როგორ ხედავთ დასაქების პრობლემის მოგვარების გზებს?

ჩვენი, „ოცნების“ 2016-2020 წლების პროგრამით შეიქმნება 200 ათასი სამუშაო ადგილი. აქედან სადღაც 10%-ი ალბათ უნდა ვიანგარიშოთ აჭარაზე, სადღაც 20-25 ათასი სამუშაო ადგილი, როგორც მინიმუმი, შეიქმნება აჭარის რეგიონში.

ეს რეალისტური გგონიათ?

ეს რეალისტურია, რადგან დამყარებულია მეცნიერულ გათვლაზე. ეს არ არის ისე, ჰაერიდან აღებული ციფრები. ჩვენს პროგრამაში გაშიფრულია ყველა სამუშაო ადგილი რა რას მოგვცემს.

ისეთმა ცნობილმა ექიმმა, როგორიც თქვენ ხართ, რატომ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება?

მინდა ჩემი ძალა ვსინჯო პოლიტიკაში. სწორია, აქამდე არ ვყოფილვარ პოლიტიკაში, მაგრამ მე მოსახლეობასთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. პრაქტიკულად ყველა ექიმს აქვს ეს გამოცდილება. მე 35 წელი ვიყავი ექიმი და ვიცი მოსახლეობის პრობლემები, ვიცი მისი სატკივარი. ჰო და ასე რომ, გავდავწყვიტე წამოვსულიყავი აქეთ.

ექიმებს პოლიტიკური პარტიები ძალიან ხშირად იწვევენ მაჟორიტარებად. თქვენი აზრით, ექიმობა თავისთავად გულისხმობს, რომ კარგი პოლიტიკოსი გახდეს ადამიანი?

რა არის იცით? – ბევრი სოციალური პრობლემები აქვს პარტიას დასახული, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური მიმართულებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ექიმების გამოცდილება კარგი იქნება, ალბათ.

ხელისუფლება თავის ჯანდაცვის პოლიტიკას მიიჩნევს საუკეთესოდ, მაშინ როდესაც სხვა მიმართულებით ხარვეზებს თავადაც აღარებს. თუ მართლაც ასეა, რომ კარგი ჯანდაცვის პროგრამა აქვს ხელისუფლებამ, მაშინ ახალი ექიმები აღარ უნდა სჭირდებოდეს, არა?

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არის საკითხები, რომლებიც დახვეწას და უფრო ღრმად ჩაწვდომას საჭიროებს. იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სოციალურად დაუცველი კატეგორიის შეფასების კრიტერიუმები დასახვეწია. დასახვეწია კითხვარი. არის შემთხვევები, როცა პიროვნებას შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მხრივ.

ჯანდაცვის პოლიტიკაში რა არის ისეთი, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ რეფორმა უნდა ჩატარდეს?

გაფართოება, თორემ შესაცვლელი არაფერია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღიარებული პროგრამაა. თუ გაფართოვდება ეს საკითხები, თორემ შემცირებაზე არ არის ლაპარაკი.

თუმცა საყოველთაო დაზღვევის პროგრამას ჰყავს ბევრი კრიტიკოსი. თქვენ იზიარებთ ამ კრიტიკას?

რა მხრივ გულისხმობთ თქვენ ამ კრიტიკას, რომ სახელმწიფო ვერ აუვა… ერთ-ერთი კრიტიკა ოპონენტების ისაა, რომ ეს არის ერთობ ძვირადღირებული პროგრამა და სახელმწიფო ვერ გაქაჩავს ამ პროგრამას. სახელმწიფო ქაჩავდა, ქაჩავს და გაქაჩავს კიდეც ამ პროგრამას და უფრო დიდ პროგრამებსაც სფეროში.

ანუ თქვენთვის მისაღებია, რომ სოციალურად უზრუნველყოფილი ადამიანები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააზღვიოს?  

ერთ-ერთი ეგ საკითხია, რომ გადაიხედება. ვისაც გარკვეული შემოსავალი აქვს, შეიძლება იმაზე მოქმედება. თუმცა ესეც დასამუშავებელია.

ზოგ დეპუტატს, ოთხი წელი ისე გადის, არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ აქვს. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ მოხდება – საკანონმდებლო ინიციატივებზე გაქვთ ნაფიქრი?

ბევრი საკითხია. ერთ-ერთია ჯანდაცვის მოსარგებლის დაცვის მომენტია, პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში ექიმი დაუცველია. მისი უფლებები შეზღუდულია.

საავადმყოფოებში დასაქმებულ პერსონალს, ექიმების გარდა, მიზერული ანაზღაურება რომ აქვთ, ეს არის თუ არა შესაცვლელი?

ეს რეალური საკითხია და ჯანდაცვას არ ეხება მარტო. სხვათა შორის, ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ვილაპარაკეთ ამ საკითხზე იგივე ეკონომისტებთან. ერთ-ერთი დასამუშავებელი საკითხია საშუალო და დაბალი პერსონალის ანაზღაურების საკითხი.

არსებობს ვარაუდები და ასევე ოფიციალური დოკუმენტებიც, როცა სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული თაღლითური სქემებით ექაჩებიან ბიუჯეტიდან ფულს თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ გსმენიათ ამის შესახებ და რა არის მექანიზმი, რომელიც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად გადაქაჩვას გამორიცხავს?

საყოველთავო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებულია, რომ დაწესებულება, რომელიც ამას ახორციელებს, იქ გათვალისწინებულია ეგ საკითხები. დარღვევის შემთხვევაში ეს სამედიცინო დაწესებულება ჯარიმდება, სეგმენტის სამმაგი ღირებულებითაც. ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო აკონტროლებს ამ საკითხებს. ასე რომ, ეს ნაკლებად რეალურია.

პოლიტიკოსების, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ  კრიტიკული განწყობა არსებობს საზოგადოებაში. თქვენ მზად ხართ კრიტიკისთვის?

მზად ვარ იმიტომ, რომ მე არ ვყოფილვარ არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ მე დავინახე ადამიანიური სახის პარტია, რომლის ქვაკუთხედი არის ადამიანის ბედი. ამაზე ლაპარაკობს ეს პროგრამები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, შემომთავაზეს თუ არა არ მიფიქრია, ეგრევე დავთანხმდი. ვცდილობ პარტიას მაქსიმალურად ამოვუდგე გვერდზე და განვახორციელოთ ის სიკეთეები, რასაც პარტია გვპირდება ჩვენ.

უშუალოდ ვისგან გქონდათ შემოთავაზება?

შემომთავაზა ბატონმა ზურა პარატაძემ. პიროვნულად პირველად გავიცანით ერთმანეთი.

თქვენი ოპონენტები და თქვენი პარტიიდანაც ფიქრობენ, რომ აჭარის სტაუსი გასაფართოებელი. თქვენ რას ფიქრობთ?

პარტიას თავიდანვე და ასევე ბატონ ივანიშვილსაც ჰქონდა ერთ-ერთი საკითხი დეცენტრალიზაცია, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მომდევნო წლებში. დეცენტრალიზაცია, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საჭიროებს დამუშავებას და დანერგვას. დეცენტრალიზაცია რეგიონის განვითრებისთვის უკეთესია და აი ამ საკითხით უფრო დაინტერესებული ვარ.

თქვენ გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საზოგადოებრივად არასოდეს ყოფილხართ აქტიური. თუნდაც ბათუმის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ არასოდეს გაგიპროტესტებიათ, მაგალითად, რეკრიაციული ზონების განადგურების პრობლემები, ადამიანის უფლებების დარღვევა. რას ფიქრობთ, ეს ხელს ხომ არ შეგიშლით არჩევნების პროცესში?

არ ვავრცელებდი საჯაროდ, ეს სულ სხვა საქმეა, არ ვმონაწილეობდი, ეს სულ სხვა საქმე. მე ყოველთვის ვმონაწილეობდი და შეიძლება ითქვას, რაც ეხებოდა ბათუმს, ყოველთვის ვიყავი აქტიური. მე არ ვცდილობდი არასოდეს ამის გაპიარებას და არ ვთვლიდი საჭიროდ ამ საკითხს. ბათუმში თუ რამე ხდებოდა, მე ყოველთვის იმ ჯგუფთან ერთად მოვიაზრებოდი. ჩემი მეგობრები იყვნენ ხშირ შემთხვევაში, კონსულტაციურად ვიღებდით ამ გადაწყვეტილებებს და მერე ჩანდა ეს. იგივე ბულვარის სკითხები. შეიძლება იქ სხვა ჩანდა და მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი.

სამოქალაქო სექტორი აქტიურად აკრიტიკებს ბათუმში ხელისუფლების პოლიტიკას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. თქვენ თუ გაწუხებთ ეს სფერო და როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემის დარეგულირების საკითხში?

გარკვეული არეულობაო არ ვიტყვი, მაგრამ ამ საკითხს უნდა სისტემატიზაცია. ზოგ შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ისეთ შენობებს მიენიჭა, რომ გასარკვევია ეგ. სისტემატიზაცია და მიხედვა უნდა ამ სფეროს. მაგაში გეთანხმებით.

თქვენ წლების განმავლობაში იყავით ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი. ამ დაწესებულებას ფინანსური პრობლემები და სხვა სახის პრობლემებიც ჰქონდა. რას ფიქრობთ თქვენ…

სამშობიარო სახლი დღევანდელ მოთხოვნებს აღარ პასუხობს. აუცილებელია გადაკეთდეს მრავალპროფილურ დაწესებულებად. ეს მოთხოვნები, სხვათა შორის, აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. სამი დონე იქნება ეს დაწესებულება – პირველ დონეზე ლაპარაკია ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, მეორე დონე სამეანეო დახმარების აღმოჩენაა და მესამე დონეს უნდა ჰქონდეს მრავალფუნქციური დაწესებულების სტატუსი, სადაც იქნება ქირურგიული განყოფილება და იქნება სხვადასხვა სერვისები მიწოდებული.  ამიტომაც ცალკე როგორც სამშობიარო სახლი უკვე აღარ განიხილება. ამაზე მუშაობა ჩემი დირექტორობის პერიოდში დავიწყეთ, ხოლო გუშინ მთავრობიდან მოეწერა ხელი და სამშობიარო სახლს არენდის ვადა გაუგრძელდა 10 წლით.

რას ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური ოპონენტი ვინ არის რეალურად?

მე 14 ოპონენტი მყავს, ყველა ჩემი ოპონენტია. შანესები რასაკვირველია აქვთ სამნიძეს [ხათუნა] და კირთაძეს [გიორგი] – რესპუბლიკელები და ნაციონალები.

თუ ვერ გაიმარჯვებთ არჩევნებში, სად წახვალთ?

სად უნდა წავიდე, ექიმი ვარ. გავაგრძელობ მუშაბას ექიმად.

ხულოში, თონეში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

დღეს, 3 ოქტომბერს, ნაშუადღევს დაბა ხულოში თონეში აფეთქების შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს საწარმოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

„თონე დამწვარი არ არის, რაღაც აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი“-გვეუბნებიან შსს-ს პრესცენტრში.

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  თონეში მომხდარის შესახებ დეტალებს არ ფლობს: „შემთხვევა დაახლოებით ნაშუადღევს მოხდა. დაღუპულის ვინაობა არ ვიცი“.

გამგებლის ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი თონეში მარტო იყო.

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში?

„ქართული ოცნების“ მიზანია უმოკლეს ვადებში საქართველოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა. ამის საფუძველი, რა თქმა უნდა, არის ძლიერი ეკონომიკაა, რაც განაპირობებს სამუშაო ადგილებს და ხალხის დასაქმებას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა  მომავალ თაობაზე,  მათ განათლებაზე, მათი ნიჭის რეალიზებაზე ზრუნვა.

როცა ამბობთ – „განათლებაზე ზრუნვა“, რა გაქვთ მხედველობაში კონკრეტულად?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი. იცით, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და მინდა, რომ ახალი თაობა უფრო მეტად იყოს ჩართული სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი როცა ვიყავი, იქაც ვმუშაობდით ასეთ პროექტებზე, რადგან, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მასობრივი სპორტის განვითარებას. ჩვენ შევიმუშავეთ  პროექტი, ადრე იყო მოსწავლეთა „სპარტაკიადები“, ქუჩის სტადიონები, რაც შეიძლება ბევრი და ხალხს როცა ვხვდებოდით, ხშირად გვქონდა ამაზე საუბარი.  ათასი ბავშვიდან   5-6  რომ გაიზარდოს პროფესიონალი სპორტსმენი, ეს ჩვენი რეგიონისთვის დიდი წარმატება იქნება.

საპარლამენტო დონეზე  როგორ, რა ფორმით  წარმოგიდგენიათ ამ  იდეის განხორციელება?

მთავარია გული გულობდეს და ყველგან  შეიძლება კაი საქმის გაკეთება და მე ვიქნები ამის ერთ-ერთი ინიციატორი. დეტალურად მე ეს არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან ერთად ხშირად გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად.

კიდევ რა სფეროში გინდათ რომ იყოთ ინიციატივების ავტორი, რა არის თქვენთვის აქტუალური,  სპორტის გარდა?

მარტო სპორტით, რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ჩვენს ოლქში მარტო სპორტსმენები არ ცხოვრობენ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ დარჩა კიდევ გასაკეთებელი. თუნდაც სანიაღვრე არხები  და იყო ამაზეც საუბარი და ეს არის ძირითადი პრობლემა.

სანიაღვრე არხები კეთდება  კონკრეტული პროექტის ფარგლებში და ეს არის მიმდინარე პროცესი, რა იქნება სიახლე, რაც შეიძლება გააკეთოთ ამომრჩევლისთვის?

ამაზეც ვისაუბრე, სტადიონზეც ვისაუბრე, რა ვიცი აბა, ყველაფერს ვაკეთებთ.  მაშინ ისევ სპორტს უნდა დავუბრუნდე.  სტადიონის ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერიც გამოცხადდება და ძალიან მალე ბათუმს სანატრელი სტადიონი ექნება.

ეს არის მიმდინარე  ამბები, ჩვენ გვაინტერესებს სამომავლოდ  რას გააკეთებთ პირადად თქვენ  პარლამენტში?

სიახლეებზე  ვისაუბრე. მინდა რომ ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად იყოს აქტიურად სპორტში ჩართული. იყო ხალხის  რჩეული ეს არის უდიდესი პატივი და ჩემი მიზანია ხალხის გვერდში ვიყო.

გენდერულ საკითხებზე ვისაუბროთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი  პარლამენტში ქალთა კვოტირება და საჭიროების შემთხვევაში დაუჭერთ თუ არა მხარს ამ კანონის მიღებას?

გუნდური პრინციპები თქვენ კარგად იცით, სახელმწიფოს წინსვლისთვის რაც იქნება საჭირო და რა მიმართულებასაც აიღებს „ქართული ოცნება“, მეც მათ გვერდით დავდგები და ჩემი აზრიც ის იქნება.

ანუ, უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს იმ აზრს დაეთანხმებით?

რა თქმა უნდა.

ამ პარლამენტმა ჩააგდი ფემიციდის შესახებ კანონპროექტი. ამაზე თუ გსმენიათ და თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ამ კანონის მიღება აუცილებელი?

ქალთა მკვლელობის ფაქტები რა თქმა უნდა ცუდია, ქალს ვფიქრობ პატივისცემა სჭირდება გინდა ოჯახში, გინდა გარეთ. თუ შეამცირებს ეს კანონი ქალთა მიმართ აგრესიას, ვფიქრობ კანონის მიღება საჭირო იქნება.

რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად თუ არის რაიმე საკანონდებლო ნორმა მისაღები და კონკრეტულად რა მიმართულებით?

მე ქრისტიანი, მართლმადიდებელი კაცი ვარ, მაგრამ ყველა სარწმუნოებას პატივისცემა სჭირდება. რაც არ უნდა იყოს…

სხვა უმცირესობების უფლებები თუ უნდა იყოს დაცული და რა ფორმით?

არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ  სპორტსმენები პარლამენტში  ხშირად ჩხუბობენ და არგუმენტების ნაცვლად ხდება  ფიზიკური ანგარიშსწორებები.  რას ფიქრობთ  ამაზე და თქვენც ხომ არ აღმოჩნდებით იგივე მდგომარეობაში?

საკანონმდებლო ორგანოს ნამდვილად სჭირდება უფრო მეტი პატივისცემა, თავდაჭერილობა. ქართული მენტალიტეტი თქვენც იცით ალბათ, მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ თავშეკავება აუცილებელია. სპორტსმენი კაცი, ძლიერი კაცი ყოველთვის თავმდაბალია, თუ მართლა შენს ღირსებას და ოჯახს არ შეეხებიან…

თქვენს ღირსებას რომ შეეხონ, ცემთ თქვენს კოლეგას?

ზუსტად მაგას ვამბობ, რომ თავდაჭერილობა არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი აგრესიული კი არა, ძალიან თავმდაბალი და თავდაჭერილია. თუმცა არის ფაქტები. რომ უცხოეთის პარლამენტებშიც კი, ჩხუბობენ პარლამენტარები და არ არიან სპორტსმენები.

უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი  „აბაშიძის ზონდერს“ გიწოდებდათ და ამბობდა, რომ თქვენ იმ დროს მაშინდელი ოპოზიციის მიტინგებს არბევდით.  რას იტყვით  ამ ბრალდებაზე?

მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე ამბობდა მაგას. „ქართული ოცნება“,  ნებისმიერი ზონდერი იქნება თუ მსოფლიო ჩემპიონი, ერის და ქვეყნის წინაშე რაიმე დანაშაული თუ მიუძღვის,  ჩემი აზრით, არავის არ აიყვანდა. მე ერთი რამ ვიცი, ვისაც ერის და ქვეყნის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი  გინდა ოლიმპიური ჩემპიონი იყოს, გინდ ნებისმიერი სტატუსის ადამიანი, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პროვოკაციებს გეგმავს. იყო საუბარი იმაზე რომ, ზუგდიდის ინცინდენტში სპორტსმენები, კერძოდ მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. არის საუბარი იმაზეც, რომ  მოჭიდავეები თქვენს მაჟორიტარულ ოლქშიც  გყავთ აყვანილი. ხომ არ აღმოჩნდება ისე რომ  სწორედ ისინი  იაქტიურებენ პროვოკაციების შემთხვევაში?

მე ვარ მოჭიდავე კაცი, იცით ჩემი სპორტული მიღწევები და ჩემი 95 პროცენტი სამეგობრო წრის არიან სპორტსმენები. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ამ ხალხის შრომა დაფასდეს. მე ჩემს ოპონენტებს პატივს ვცემ და სპორტსმენებმა განსაკუთრებით ვიცით მოწინააღმდეგის პატივისცემა, ასე რომ მყავს ჩემი მეგობრები და ჩემს გვერდით დგანან.  მე არ მჯერა. რომ რაიმე პროვოკაციები იქნება ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ ანალოგიურად იქნება სხვა პარტიების მხრიდანაც. ჩემი აზრით ეს გამორიცხული თემაა.

რუსთაველის უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო წელი დღეს, 3 ოქტომბერს განახლდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან სასწავლო გრანტი 58-მა მიიღო, ხოლო  10  უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 419 ახალგაზრდა ისწავლის.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით,  წიგნის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა მწერლებთან, დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან.

უნივერსიტეტის ინფორმაციით,   განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. „სრულად გარემონტდა ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსი, აგრარული და მემბრანული  ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა, სპორტული მოედანი და სტუდენტთა ყოფილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსად გადაკეთდა.

ბსუ
ბსუ

ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FAB-LAB BSU) და განახლდა მინერალოგიის, ზოოლოგიის კაბინეტები. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოემსახურება თხევადი და მყარი ნივთიერებების ექსპრეს-დიაგნოსტიკის ლაბორატორიით განახლებული ფიზიკის კაბინეტები.

სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტომატოლოგიური კლინიკა “BSU DENTI”. ასევე გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია და ფსიქოლოგიური კლინიკა. გამოცდებისა და უნარ-ჩვევების ცენტრისთვის შეიქმნა ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ერთიანი სივრცე“.

ოფიციალური ინფორმაციით, უნივერსიტეტში 9 ფაკულტეტზე 6 500-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

საარჩევნო უბნების მისამართები აჭარაში

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარის ტერიტორიაზე, 6 მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში 347 საარჩევნო უბანია გახსნილი [სავარაუდოდ, ერთი სპეციალური უბანი დამატებით გაიხსნება ბათუმის მე-3 საპყრობილეში].

საარჩევნო უბნების მისამართები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

დღეის მდგომარეობით აჭარაში გახსნილი 347 საარჩევნო უბნიდან ბათუმის ოლქში 119 უბანია, ქობულეთში – 48, ხელვაჩაურში – 50, ქედაში – 27, შუახევში – 49 და ხულოში – 54.

რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები?

ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა მიიჩნევს, რომ პრობლემა სახელმძღვანელოებზე მეტად, სისტემაშია.

რა განაპირობებს უცხო ენის წარმატებულად სწავლას და რატომ ვერ აღწევენ მოსწავლეები შედეგს დამხმარე კურსის გარეშე? „პირველი, რაც წარმატებულ სწავლას განაპირობებს, სწავლის პროცესში მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაა. სწავლებაში გადაჯაჭვული უნდა იყოს ოთხივე უნარი: წერა-კითხვა, მოსმენა და საუბარი, რის შესაძლებლობასაც საჯარო სკოლა არ იძლევა“.

ქეთი პაპავა მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში მეტ-ნაკლებად მოგვარდა წიგნების პრობლემა, „თუმცა, შავი ხვრელები მაინც არსებობს“.

პედაგოგის აზრით, ერთ-ერთი ასეთი შავი ხვრელი დაწყებითი საფეხურის წიგნებია, რომელიც ინგლისურენოვან გარემოზეა გათვლილი.

„ამ წიგნებით უცხოელები სწავლობენ, მაგრამ ის უცხოელები, რომლებიც უშუალოდ არიან ინგლისურენოვან გარემოში“.

შემდეგი პრობლემა, პედაგოგის აზრით, მოსწავლის განსხვავებული უნარებია. „ზოგმა კარგად იცის ენა, ან ადვილად შეუძლია შეითვისოს, ზოგს ნაკლებად. მასწავლებლის გაკვეთილიც ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეზე. რეალურად, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან კლასში 36 და ზოგჯერ 40 მოსწავლეც კი უზის მასწავლებელს“, – გვეუბნება ქეთი პაპავა.

პედაგოგის აზრით, ასეთ გარემოში მასწავლებელს ვერ მოსთხოვ, ყველა მოსწავლის შესაძლებლობა გაითვალისწინოს.

„გარდა იმისა, რომ კლასები გადატვირთულია, საათების რაოდენობა არ შეესაბამება სტანდარტს. როცა კლასში არის 35 მოსწავლე და არ იყოფა კლასი, ეს პრობლემაა. რეალურად ჯგუფში უნდა იყოს მაქსიმუმ 15 ბავშვი. ამას ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმაც. შესაბამისად, ეს ნორმაც დარღვეულია“, – გვეუბნება ქეთი პაპავა. მისი თქმით, ცუდი წრეა შეკრული, – ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგს ავალებს, რომ გაყოს კლასი უცხო ენაში, მათემატიკაში, ქართულში, რადგან ეს არის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე აგებული საგნები, სკოლას კი ამის ფიზიკური და ფინანსური რესურსი არ აქვს.

აზრს იმის შესახებ, რომ უცხო ენის სწავლების დროს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა პრობლემებს ქმნის, ინგლისური ენის კიდევ ერთი პედაგოგი, ათინა თოიძეც იზიარებს.

„მოსწავლისგანაც და პედაგოგისგანაც ვითხოვთ მაქსიმუმს, დატვირთულია სასწავლო გეგმა, ამ დონის მასალის მიწოდება ორ საათში წარმოუდგენელია, რადგან ინგლისურ ენას მხოლოდ ორი საათი ეთმობა კვირაში“, – გვეუბნება ის.

„მოსწავლესთან ვერ მიგვაქვს იმდენი, რამდენიც გვევალება“, –  ამბობს ათინა თოიძე. ინგლისური ენის ცენტრებში კი ერთ გაკვეთილს მინიმუმ 2 საათი ეთმობა. „გარდა მოსწავლეთა სიჭარბისა, კლასები არ არის ტექნოლოგიურად აღჭურვილი. რომ იყოს შესაძლებლობა მოსასმენი დავალებების გაკეთების, მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა“.

პედაგოგების აზრით, რადგან დღევანდელი სკოლები ვერ აგვარებენ ფინანსურ და მატერიალურ პრობლემებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხო ენების სწავლების სტანდარტი საჯარო სკოლებში კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

silk-ipn

„თუმცა, ის მიდგომა, რომ სკოლაში ენას ვერ ისწავლი, მცდარია. ისიც მცდარია, რომ   კერძო სკოლაში უკეთ ისწავლიან, რადგან ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია“, – გვეუბნება ქეთი პაპავა.

„ბათუმელების“  კითხვაზე, რატომ გადიან მე-10-კლასელები დაბალი საფეხურით ინგლისურს? – ქეთი პაპავას თქმით, „მეათე კლასი არის ახალი საფეხური, ანუ ერთგვარი სტარტაფი, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ენის სწავლა თავიდან დაიწყოს. მეათე კლასში შეიძლება დაჯდეს მოსწავლე, რომელიც საერთოდ არ სწავლობდა ან ცუდად სწავლობდა ენას. ამიტომ A2 ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლემ ამ ეტაპზეც აითვისოს ენა.

მე-11 კლასი არის B1 და მე-12 კლასი B1+, რომელიც თუ ტესტირებას დავაკვირდებით, აძლევს ცოდნას მოსწავლეს, რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდებიც“.

თუმცა, ათინა თოიძის თქმით, აბიტურიენტის დონე ინგლისური ენის საშუალო საფეხურს არ მიესადაგება. „ვერანაირად ვერ იქნება ეს UPPER-ინტერმედიატე, ძლივს აღწევს უფრო დაბალ, ანუ  ინტერმედიატე-ს საფეხურს, რომელსაც მინიმუმ აკმაყოფილებენ ისინი, ვისაც მაღალი ქულები სჭირდება“.

რამდენად შესაძლებელია შეიცვალოს სასწავლო ბადე და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მიესადაგოს ევროპულ სტანდარტს? – პედაგოგების აზრით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

„ამის რესურსი არ არის, რადგან ევროპაში მოსწავლეს შეუძლია გარკვეული დროის შემდეგ ჰქონდეს ლანჩი, გარეთ გავიდეს, შეისვენოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვები არ გადაიღალონ. საკლასო ოთახები არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს, ის, რომ მოსწავლეს საკლასო ოთახში სჭირდება თავისი სივრცე, დადგენილი სტანდარტია. სივიწროვე, უჰაერობა იწვევს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. ჩვენთან კერძო სკოლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს“, –  ამბობს ქეთი პაპავა.

გარდა ამისა, როგორც პედაგოგები ამბობენ, ყოველი მოდულის შემდეგ სასწავლო გეგმა ტესტირებას ითვალისწინებს, რასაც პედაგოგები ვერ ახერხებენ.

„შემაჯამებელს რამდენიმე მოდულის შემდეგ ვაკეთებთ. არ ყოფნის საათები. ორი ძალიან ცუდი ფაქტორი, – საათობრივი ბადე და მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა განაპირობებს  იმას, რომ ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე გაკვეთილზე ვერ აკეთებს იმას, რაც გათვალისწინებულია. ეს არის გაკვეთილი გაკვეთილისთვის“, –  გვეუბნება ქეთი პაპა.

ათინა თოიძის აზრით, სასურველია ის მაინც შეიცვალოს, რომ მე-12 კლასში დაემატოს უცხო ენის საათები და აბიტურის საათი ფორმალური აღარ იყოს.

მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.

ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“.

ზაურ გოგიტიძე თვითმმართველობის არჩევნებში, ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“ სახელით მონაწილეობდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თვითონ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ პარტიის წევრობა და კანდიდატურის მოხსნა, თუ პირიქით? – ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ  ეს მისი ინიციატივა იყო: „აქ არის კიდევ ერთი მომენტი, მუხრანთან ვმეგობრობ და პატივს ვცემ“.

ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია. მისი თქმით, დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პროექტზე – „ქართველთა მსოფლიო ცენტრი“.

კითხვები და პასუხები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე

რა ფორმით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება?

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია:

  1. აუქციონი;
  2. პირდაპირი მიყიდვა: პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ან იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის გზით.

რას ნიშნავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება?

აუქციონზე ქონების განკარგვა წარმოადგენს ქონების გასხვისების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომლის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის მეშვეობით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე: www.privatization.ge და ვებგვერდზე: www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

რა დოკუმენტებია წარმოსადგენი დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე შესაძენად?

დაინტერესებულმა პირმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს მის დაინტერესებაში არსებული ქონების ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და წარმოადგინოს აზომვითი ნახაზი. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან დაამზადონ და სამინისტროს წარმოუდგინონ მიწის (მიწების) ნაკვეთის დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები) და მათ მიერ მოკვლეული ინფორმაცია მიწის კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე.

რა ფორმით და როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა აუქციონში მონაწილეობა? რა დროს ნახევრდება ქონების საწყისი ფასი აუქციონის განმეორებითი გამოცხადების შემთხვევაში?

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, როცა მისი შემძენი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.eauction.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციასთან და კონკრეტულ ლოტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია.

თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების სრული საპრივატიზებო საფასური და რა ვადაში ახდენს სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას?

ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს იმ ვადაში, რომელიც მითითებულია კონკრეტულ საპრივატიზებო ლოტზე.

აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება

მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.

მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს. სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე – ამზომველი.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე – www.napr.gov.ge – არის განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომონ ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.

მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.

უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი – ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები – მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318-მა ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე: 2 405 405, ელექტრონული ფოსტით – info@napr.gov.ge და საჯარო რეესტრის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.

14513744_1105163569574492_422823128_o

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული  მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების გადამზადება მაღალმთიან რეგიონებში.

2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5 პროცენტს აღენიშნება. „საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 000 ბავშვია დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.

განვითარების შეფერხება არ გულისხმობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოხატული იქნას კომუნიკაციური უნარის ან მეტყველების პრობლემით, ასოციალურობით, ყურადღების დეფიციტით და სხვა ქცევითი დარღვევით.  განვითარების შეფერხების დადგენა ხდება სხვადასხვა გამოკვლევით, რომლის შემდეგ ბავშვი ადრეულ  ჩარევას საჭიროებს. ადრეული ჩარევის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი ან ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს განვითარების შეფერხებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე წყაროს ცნობით, ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით 520-მდე  ბავშვის მომსახურება ხერხდება.

„ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.“

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება თბილისსა და რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქობულეთში, თელავში და ლაგოდეხში ხორციელდება.

 

 

Exit mobile version