მთავარი,სიახლეები

წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასი იანვრიდან იზრდება, პრაქტიკოსების – არა

04.10.2016 • 5380
წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასი იანვრიდან იზრდება, პრაქტიკოსების – არა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება. ხელფასები მხოლოდ წამყვან და უფროს მასწავლებლებს გაეზრდებათ, პრაქტიკოს მასწავლებლებს კი _ არა. იზრდება მენტორი მასწავლებლის ხელფასიც, თუმცა ამ კატეგორიის პედაგოგი საქართველოში არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული დატვირთვა აქვს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასწავლებელთა ხელფასები 2017 წლის იანვრიდან უნდა გაიზარდოს, თუმცა ხელფასების გაზრდა საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს [პარლამენტი ბიუჯეტს 2016 წლის ბოლოს, დეკემბერში დაამტკიცებს].

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“  მონაცემებით, ამ დროისთვის საჯარო სკოლებში სრული დატვირთვით წამყვანი და უფროსი, მთლიანობაში, 7 965 პედაგოგი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა, მაღალი საფეხურის მიუხედავად, მაინც გარკვეულ რაოდენობას შეეხება.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლისთვის წამყვანი მასწავლებლის ხელფასი 965 ლარია, უფროსი მასწავლებლის – 800 ლარი, სრული განაკვეთის შემთხვევაში, პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი კი, 600 ლარს აღწევს.

განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის  უფროსის, ლაშა საღინაძის განცხადებით, წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 2017 წელს „230 ლარით იზრდება, რაც მთლიანობაში 1195 ლარი გამოდის.“

მისივე ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის დანამატი იყო 180 და ხდება 320 ლარი, „შესაბამისად 140-ლარიანი ზრდაა და ახლა თუ 800 ლარია ხელფასი, მომავალ წელს 940 ლარი გახდება“, –  ამბობს ლაშა საღინაძე. თუმცა ეს ციფრებიც არის დაქვითვის გარეშე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებულ მასწავლებელს სრულ განაკვეთად (I-IV კლასების) 15 საათიც ეთვლება, არასერტიფიცირებულს კი – 18 საათი. შესაბამისად, ზემოთ მოცემული ოდენობის ხელფასს მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული განაკვეთი აქვთ.

„ბათუმელების“  კითხვაზე, თუ რატომ არ იზრდება პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი, ლაშა საღინაძე ამბობს:  „პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე უფროსი ან წამყვანი მასწავლებლების (წამყვანი და უფროსი, ჯამში არის 18 ათასი) სკოლაში.  გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები 2017 წელს გადადიან ზედა კატეგორიაში, ანუ იღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მათი საშუალო ხელფასის მარჟაც იწევს“.

ოფიციალური ინფორმაციით, მენტორის დანამატიც 300 ლარით იზრდება „1100 ლარის  ნაცვლად, მენტორი 1400 ლარს აიღებს“.

ლაშა საღინაძის თქმით, ხელფასების გაზრდის შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, „ხელფასების და სხვა ვალდებულებების გათვალისწინებით, 75 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისთვის მხოლოდ წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასის ზრდა იგეგმება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისთვის მხოლოდ წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასის ზრდა იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: