Batumelebi | ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში – Batumelebi
RU | GE  

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული  მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების გადამზადება მაღალმთიან რეგიონებში.

2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5 პროცენტს აღენიშნება. „საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 000 ბავშვია დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.

განვითარების შეფერხება არ გულისხმობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. განვითარების შეფერხება შესაძლოა გამოხატული იქნას კომუნიკაციური უნარის ან მეტყველების პრობლემით, ასოციალურობით, ყურადღების დეფიციტით და სხვა ქცევითი დარღვევით.  განვითარების შეფერხების დადგენა ხდება სხვადასხვა გამოკვლევით, რომლის შემდეგ ბავშვი ადრეულ  ჩარევას საჭიროებს. ადრეული ჩარევის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი ან ნებისმიერი დარღვევა, რომელიც იწვევს განვითარების შეფერხებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე წყაროს ცნობით, ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით 520-მდე  ბავშვის მომსახურება ხერხდება.

„ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.“

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება თბილისსა და რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქობულეთში, თელავში და ლაგოდეხში ხორციელდება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com