სიახლეები

საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში

04.10.2016 • 2226
საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღსაზრდელების მშობლები „ოცნებასთან“ შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებში აცხადებენ, მმართველ პარტიასთან შეხვედრა მათ ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ შესთავაზა, რომელიც ბათუმის მერიის ა(ა)იპია.

„საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თუ წამოხვალ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, გვავალებენ მშობლების შეკრებასო. მე უარი ვუთხარი, სხვებმა არ ვიცი რა ქნეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

„ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია სხვა საბავშო ბაღებშიც დაუდასტურეს. საბავშვო ბაღებში აცხადებენ, რომ ეს იყო შეთავაზება და არა მოთხოვნა.

„კი, მივდივართ, ვისაც სურვილი აქვს, იძულებით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ. ვისაც უნდა – წავა, ეს არის ნებაყოფლობით, მე არა მაქვს არანაირი უფლება ვინმეს დავაძალო. მშობლებისთვის არ შეგვითავაზებია. ჩვენ შემოგვთავაზა ჩვენმა ხელმძღვანელმა, ვინც ხართ მხარდამჭერი, მობძრანდითო. ადრე ნამდვილად იყო [იძულება]“, – ამბობს ნანა ერემაშვილი, ბათუმის მე-2 ბაღის გამგე.

„მე მშობლებისთვის არ შემითავაზებია, მე მივდივარ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – ამბობს ნინო ბაბაკიშვილი, #8 ბაღის გამგე. „მშობლებსაც შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით“, – აღნიშნა მე-11 ბაღის გამგემ,  ია ტაკიძემ  „ბათუმელებთან“.

მმართველი პარტიის შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში დღეს, 4 ოქტომბერს, არასამუშაო საათებში შედგა, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, მალხაზ ჭკადუა ამბობს,  ეს გარემოება ფაქტის შეფასებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს და სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:

„აშკარაა, რომ სახეზეა  საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირების და ამ ორგანიზაციის სერვისებით მოსარგებლე, ანუ ბაღის აღსაზრდელების მშობლების მობილიზაცია. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ არა ერთხელ. ეს ხდება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო ოლქში. საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, არამედ ისიც, რომ ზემდგომს ეკრძალება დაქვემდებარებული პირისთვის მითითება, მოწოდება და ჩართვა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონდამრღვევები არიან, როგორც ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ის პირები, რომლებმაც მიიღეს მითითება და დაავალეს უშუალოდ ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას, ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ თავის ქვეშევრდომებს დაავალა. ანუ კომპლექსური საკითხია და არა მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობის თემა“.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებს, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს პირდაპირ ან ირიბად მოუწოდებენ მმართველი პარტიის შეკრებებში მონაწილეობისკენ, ადგილი აქვს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

„პირად საუბარში ისინი ამბობენ, რომ მიიღეს გარკვეული მითითება, რომ მისულიყვნენ ამ აქციებზე, თუმცა საჯაროდ ერიდებიან ამის თქმას, რადგან შესაძლოა მათ შეექნათ გარკვეული პრობლემები საჯარო სამსახურში. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს არ მიეთითოთ მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეკრებაზე მისვლა. ეს ადამიანები არიან პოლიტიკურ არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს ხელისუფლებამ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ხმები ავტომატურად არის მმართველი პარტიის ანგარიშზე. ეს იყო მანკიერი პრაქტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ეს არის მანკიერი პრაქტიკა „ქართული ოცნების“ პირობებშიც“,  – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მმართველი პარტიის შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარტიის ხელმძღვანელობისა და ბათუმის მერიის კომენტარს აღნიშნულ თემაზე „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მმართველი პარტიის შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში, საზაფხულო თეატრში. როინ გუნდაძის ფოტო

მმართველი პარტიის შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში, საზაფხულო თეატრში. როინ გუნდაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: