მთავარი,სიახლეები

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

03.10.2016 •
ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა.

კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს?

ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – 2012 წლისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ მხრივ.

რაღაც წვრილმანი სოციალური პრობლემებია, რომლებიც პრაქტიკულად გამოსწორებადია.

როცა მიდიხართ კარდაკარ რამდენად გცნობენ?

ძალიან ძალიან მცნობენ. ყველა სადარბაზოში სამი-ოთხი ოჯახი მაინც არის, რომ მეცნაურობა.

როგორ ხედავთ დასაქების პრობლემის მოგვარების გზებს?

ჩვენი, „ოცნების“ 2016-2020 წლების პროგრამით შეიქმნება 200 ათასი სამუშაო ადგილი. აქედან სადღაც 10%-ი ალბათ უნდა ვიანგარიშოთ აჭარაზე, სადღაც 20-25 ათასი სამუშაო ადგილი, როგორც მინიმუმი, შეიქმნება აჭარის რეგიონში.

ეს რეალისტური გგონიათ?

ეს რეალისტურია, რადგან დამყარებულია მეცნიერულ გათვლაზე. ეს არ არის ისე, ჰაერიდან აღებული ციფრები. ჩვენს პროგრამაში გაშიფრულია ყველა სამუშაო ადგილი რა რას მოგვცემს.

ისეთმა ცნობილმა ექიმმა, როგორიც თქვენ ხართ, რატომ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება?

მინდა ჩემი ძალა ვსინჯო პოლიტიკაში. სწორია, აქამდე არ ვყოფილვარ პოლიტიკაში, მაგრამ მე მოსახლეობასთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. პრაქტიკულად ყველა ექიმს აქვს ეს გამოცდილება. მე 35 წელი ვიყავი ექიმი და ვიცი მოსახლეობის პრობლემები, ვიცი მისი სატკივარი. ჰო და ასე რომ, გავდავწყვიტე წამოვსულიყავი აქეთ.

ექიმებს პოლიტიკური პარტიები ძალიან ხშირად იწვევენ მაჟორიტარებად. თქვენი აზრით, ექიმობა თავისთავად გულისხმობს, რომ კარგი პოლიტიკოსი გახდეს ადამიანი?

რა არის იცით? – ბევრი სოციალური პრობლემები აქვს პარტიას დასახული, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური მიმართულებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ექიმების გამოცდილება კარგი იქნება, ალბათ.

ხელისუფლება თავის ჯანდაცვის პოლიტიკას მიიჩნევს საუკეთესოდ, მაშინ როდესაც სხვა მიმართულებით ხარვეზებს თავადაც აღარებს. თუ მართლაც ასეა, რომ კარგი ჯანდაცვის პროგრამა აქვს ხელისუფლებამ, მაშინ ახალი ექიმები აღარ უნდა სჭირდებოდეს, არა?

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არის საკითხები, რომლებიც დახვეწას და უფრო ღრმად ჩაწვდომას საჭიროებს. იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სოციალურად დაუცველი კატეგორიის შეფასების კრიტერიუმები დასახვეწია. დასახვეწია კითხვარი. არის შემთხვევები, როცა პიროვნებას შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მხრივ.

ჯანდაცვის პოლიტიკაში რა არის ისეთი, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ რეფორმა უნდა ჩატარდეს?

გაფართოება, თორემ შესაცვლელი არაფერია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღიარებული პროგრამაა. თუ გაფართოვდება ეს საკითხები, თორემ შემცირებაზე არ არის ლაპარაკი.

თუმცა საყოველთაო დაზღვევის პროგრამას ჰყავს ბევრი კრიტიკოსი. თქვენ იზიარებთ ამ კრიტიკას?

რა მხრივ გულისხმობთ თქვენ ამ კრიტიკას, რომ სახელმწიფო ვერ აუვა… ერთ-ერთი კრიტიკა ოპონენტების ისაა, რომ ეს არის ერთობ ძვირადღირებული პროგრამა და სახელმწიფო ვერ გაქაჩავს ამ პროგრამას. სახელმწიფო ქაჩავდა, ქაჩავს და გაქაჩავს კიდეც ამ პროგრამას და უფრო დიდ პროგრამებსაც სფეროში.

ანუ თქვენთვის მისაღებია, რომ სოციალურად უზრუნველყოფილი ადამიანები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააზღვიოს?  

ერთ-ერთი ეგ საკითხია, რომ გადაიხედება. ვისაც გარკვეული შემოსავალი აქვს, შეიძლება იმაზე მოქმედება. თუმცა ესეც დასამუშავებელია.

ზოგ დეპუტატს, ოთხი წელი ისე გადის, არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ აქვს. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ მოხდება – საკანონმდებლო ინიციატივებზე გაქვთ ნაფიქრი?

ბევრი საკითხია. ერთ-ერთია ჯანდაცვის მოსარგებლის დაცვის მომენტია, პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში ექიმი დაუცველია. მისი უფლებები შეზღუდულია.

საავადმყოფოებში დასაქმებულ პერსონალს, ექიმების გარდა, მიზერული ანაზღაურება რომ აქვთ, ეს არის თუ არა შესაცვლელი?

ეს რეალური საკითხია და ჯანდაცვას არ ეხება მარტო. სხვათა შორის, ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ვილაპარაკეთ ამ საკითხზე იგივე ეკონომისტებთან. ერთ-ერთი დასამუშავებელი საკითხია საშუალო და დაბალი პერსონალის ანაზღაურების საკითხი.

არსებობს ვარაუდები და ასევე ოფიციალური დოკუმენტებიც, როცა სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული თაღლითური სქემებით ექაჩებიან ბიუჯეტიდან ფულს თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ გსმენიათ ამის შესახებ და რა არის მექანიზმი, რომელიც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად გადაქაჩვას გამორიცხავს?

საყოველთავო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებულია, რომ დაწესებულება, რომელიც ამას ახორციელებს, იქ გათვალისწინებულია ეგ საკითხები. დარღვევის შემთხვევაში ეს სამედიცინო დაწესებულება ჯარიმდება, სეგმენტის სამმაგი ღირებულებითაც. ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო აკონტროლებს ამ საკითხებს. ასე რომ, ეს ნაკლებად რეალურია.

პოლიტიკოსების, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ  კრიტიკული განწყობა არსებობს საზოგადოებაში. თქვენ მზად ხართ კრიტიკისთვის?

მზად ვარ იმიტომ, რომ მე არ ვყოფილვარ არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ მე დავინახე ადამიანიური სახის პარტია, რომლის ქვაკუთხედი არის ადამიანის ბედი. ამაზე ლაპარაკობს ეს პროგრამები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, შემომთავაზეს თუ არა არ მიფიქრია, ეგრევე დავთანხმდი. ვცდილობ პარტიას მაქსიმალურად ამოვუდგე გვერდზე და განვახორციელოთ ის სიკეთეები, რასაც პარტია გვპირდება ჩვენ.

უშუალოდ ვისგან გქონდათ შემოთავაზება?

შემომთავაზა ბატონმა ზურა პარატაძემ. პიროვნულად პირველად გავიცანით ერთმანეთი.

თქვენი ოპონენტები და თქვენი პარტიიდანაც ფიქრობენ, რომ აჭარის სტაუსი გასაფართოებელი. თქვენ რას ფიქრობთ?

პარტიას თავიდანვე და ასევე ბატონ ივანიშვილსაც ჰქონდა ერთ-ერთი საკითხი დეცენტრალიზაცია, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მომდევნო წლებში. დეცენტრალიზაცია, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საჭიროებს დამუშავებას და დანერგვას. დეცენტრალიზაცია რეგიონის განვითრებისთვის უკეთესია და აი ამ საკითხით უფრო დაინტერესებული ვარ.

თქვენ გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საზოგადოებრივად არასოდეს ყოფილხართ აქტიური. თუნდაც ბათუმის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ არასოდეს გაგიპროტესტებიათ, მაგალითად, რეკრიაციული ზონების განადგურების პრობლემები, ადამიანის უფლებების დარღვევა. რას ფიქრობთ, ეს ხელს ხომ არ შეგიშლით არჩევნების პროცესში?

არ ვავრცელებდი საჯაროდ, ეს სულ სხვა საქმეა, არ ვმონაწილეობდი, ეს სულ სხვა საქმე. მე ყოველთვის ვმონაწილეობდი და შეიძლება ითქვას, რაც ეხებოდა ბათუმს, ყოველთვის ვიყავი აქტიური. მე არ ვცდილობდი არასოდეს ამის გაპიარებას და არ ვთვლიდი საჭიროდ ამ საკითხს. ბათუმში თუ რამე ხდებოდა, მე ყოველთვის იმ ჯგუფთან ერთად მოვიაზრებოდი. ჩემი მეგობრები იყვნენ ხშირ შემთხვევაში, კონსულტაციურად ვიღებდით ამ გადაწყვეტილებებს და მერე ჩანდა ეს. იგივე ბულვარის სკითხები. შეიძლება იქ სხვა ჩანდა და მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი.

სამოქალაქო სექტორი აქტიურად აკრიტიკებს ბათუმში ხელისუფლების პოლიტიკას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. თქვენ თუ გაწუხებთ ეს სფერო და როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემის დარეგულირების საკითხში?

გარკვეული არეულობაო არ ვიტყვი, მაგრამ ამ საკითხს უნდა სისტემატიზაცია. ზოგ შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ისეთ შენობებს მიენიჭა, რომ გასარკვევია ეგ. სისტემატიზაცია და მიხედვა უნდა ამ სფეროს. მაგაში გეთანხმებით.

თქვენ წლების განმავლობაში იყავით ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი. ამ დაწესებულებას ფინანსური პრობლემები და სხვა სახის პრობლემებიც ჰქონდა. რას ფიქრობთ თქვენ…

სამშობიარო სახლი დღევანდელ მოთხოვნებს აღარ პასუხობს. აუცილებელია გადაკეთდეს მრავალპროფილურ დაწესებულებად. ეს მოთხოვნები, სხვათა შორის, აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. სამი დონე იქნება ეს დაწესებულება – პირველ დონეზე ლაპარაკია ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, მეორე დონე სამეანეო დახმარების აღმოჩენაა და მესამე დონეს უნდა ჰქონდეს მრავალფუნქციური დაწესებულების სტატუსი, სადაც იქნება ქირურგიული განყოფილება და იქნება სხვადასხვა სერვისები მიწოდებული.  ამიტომაც ცალკე როგორც სამშობიარო სახლი უკვე აღარ განიხილება. ამაზე მუშაობა ჩემი დირექტორობის პერიოდში დავიწყეთ, ხოლო გუშინ მთავრობიდან მოეწერა ხელი და სამშობიარო სახლს არენდის ვადა გაუგრძელდა 10 წლით.

რას ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური ოპონენტი ვინ არის რეალურად?

მე 14 ოპონენტი მყავს, ყველა ჩემი ოპონენტია. შანესები რასაკვირველია აქვთ სამნიძეს [ხათუნა] და კირთაძეს [გიორგი] – რესპუბლიკელები და ნაციონალები.

თუ ვერ გაიმარჯვებთ არჩევნებში, სად წახვალთ?

სად უნდა წავიდე, ექიმი ვარ. გავაგრძელობ მუშაბას ექიმად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: